- წყალტუბოში, სადაც 10 ათასია მოსახლეობა, 6 ათას კაცზე გათვლილი სტადიონი შენდება. 40 მილიონი ლარი დაიხარჯება ბიუჯეტიდან და მერე ბიუჯეტიდანვე იქნება შესანახი. როცა ორმოც მილიონს იტყვიან, იქ რომ სამოცი ან მეტი დაიხარჯება, კი ვიცით კარგად. აბა როგორ უნდა მოიპარონ მოსაპარი.
ყველა საფეხბურთო კლუბი ადგილობრივი თუ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. კატასტროფულ მდგომარეობაშია ქვეყნის შიდა ჩემპიონატი. უეფას წევრ ქვეყნებს შორის საკლუბო რეიტინგში მხოლოდ ორ ქვეყანას ვუსწრებთ, ჯუჯა სახელმწიფოებიც კი ჩვენზე წინ არიან. ყველა კლუბი გაკოტრებულია და ბიუჯეტის ფულით ხდება სუბსიდირება. ქვეყანაში გამეფებულ კორუფციას ვერც სპორტის ამ სახეობამ აუარა გვერდი. ეს სტადიონიც ფულის მოტეხვის საშუალებაა, ზუგდიდის მსგავსად.
სანამ კლუბები ჯანსაღ ფინანსურ ბაზაზე არ აშენდებიან, დარჩებიან ბიუჯეტის მწოვ წურბელებად. ასეულ მილიონობით ლარი წაიღო ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფოსგან, საკლუბო ფეხბურთი კი სულს ღაფავს.
ათი წელია შენდება ზუგდიდის სტადიონი, რა მდგომარეობაშიცაა კი ვხედავთ, - წერს რომან გოცირიძე.