ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) "გადაუდებელ მოსაზრებას" აქვეყნებს. დოკუმენტი "ქართული ოცნების" მიერ ოქტომბერში დაჩქარებული წესით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს შეეხება.
"2025 წლის ოქტომბრის ცვლილებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიერ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით და უნდა გაუქმდეს...სისხლის სამართლის სასჯელის დაკისრება ისეთი ქმედებებისთვის, რომელიც შესაძლოა, იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით, გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, რაც არღვევს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს" ,- ვკითხულობთ.
ოცნების მიღებული ცვლილებები ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში შევიდა, რომლის მიხედვითაც საპროტესტო აქციაზე, გზის „ხელოვნურად გადაკეტვა“ ან აქციაზე „პირბადით ყოფნა“ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება. ამასთანავე თუ პოლიცია ადამიანს იმავე ბრალდებით განმეორებით დააკავებს, მაშინ მას ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"მთავარი არხი"