მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
2008 წლის შემდეგ პირველად საინგილოში სკოლებს ქართული სახელმძღვანელოები გადაეცა - 10 დეკემბერი 2013

(myrights.ge)

საინგილოში (ისტ. ჰერეთი) კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში, ქართველებით კომპაქტურად დასახლებული სოფლების ითითალას, ალიაბადისა და კახინგილოს ქართული  სკოლების მოსწავლეებს ქართული სასკოლო სახელმძღვანელოები და დამხმარე სასწავლო მასალები გადაეცათ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ ქართველ მოსახლეობასთან. სამწუხაროა, რომ წიგნები მხოლოდ სამ სკოლას გადაეცა და დანარჩენი სოფლები ისევ ყურადღების მიღმა რჩება.

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში სულ 7 ქართულენოვანი სკოლაა, 4 აზერბაიჯანულენოვან სკოლაში კიქართული სექტორი ფუნქციონირებს. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ყველა ამ სკოლის მოსწავლისთვის ქართული ენისა და მათემატიკის ის სახელმძღვანელოები შეიძინა, რომლითაც მათი თანატოლები საქართველოში სწავლობენ“.

სამინისტროს ინფორმაციითვე, აღნიშნულ სკოლებს 2008 წლამდე, სახელმძღვანელოებითა და პროგრამებით საქართველოს განათლებისა უწყება ამარაგებდა, შემდეგ კი მათი წიგნებით უზრუნველყოფა შეწყდა. მათივე ცნობით, რეგიონის ქართულენოვანი სკოლების მოსწავლეების მშობლების მხოლოდ მცირე ნაწილი ახერხებდა საქართველოში სახელმძღვანელოების ცალობით შეძენას, რამაც საგრძნობლად შეამცირა ამ რაიონებიდან საქართველოში ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების რაოდენობა და გამოცდებზე მიღწეული შედეგებიც.

ხანგრძლივი შუალედის შემდეგ, მხოლოდ 2013 წლიდან გახდა შესაძლებელი საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამის ფარგლებში, მშობლიური ენის შესწავლის ხელშეწყობისა და ისტორიულ სამშობლოსთან კავშირების შენარჩუნებას მიზნით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების ჩატანა. პროგრამის განხორციელებაში აქტიურადაა ჩართული დიასპორის საკითხებში საქართველოს მინისტრის სახელმწიფო აპარატი, რომელიც სამინისტროს ეხმარება ბენეფიციარებთან ურთიერთობაში, მონაწილეობს მონიტორინგისა და შეფასების პროცესში, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ვიზიტის საორგანიზაციო საკითხებში.

დიაპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის კონსტანტინე სურგულაძის ინფორმაციით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების, დიასპორული ორგანიზაციების, ქართული საკვირაო სკოლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების მხარდასაჭერად მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ლარი დაიხარჯა.

საინგილოს სკოლებისთვის ქართული სახელმძღვანელოების ჩატანაში საკუთარი წვლილი შეიტანაჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურმუხელმა“. თავის დროზე, ორგანიზაციის წარმომადგენლები ჯერ კიდევ განათლების მინისტრ გიორგი მარგველაშვილს შევხდნენ და ამ საშვილიშვილო საქმეში თანადგომა სთხოვეს:

ერთი სასიხარულო ამბავი უნდა გაცნობოთ, რომელიც ყველა თქვენგანს აუცილებლად გაახარებს. დაახლოებით ორი წელიწადია, საზოგადოებაქურმუხელიცდილობდა ჰერეთის სკოლებში წიგნებით უზრუნველყოფის საკითხი მოეგვარებინა, საინტერესო შეხვედრებმა და მოლაპარაკებამ, როგორც იქნა, შედეგი გამოიღო. საგულისხმოა ჩვენი შეხვედრა (06.12.2012 ) განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან, ამჟამად პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. საუბრის მთავარი თემა იყო აზერბაიჯანში ქართველებით კომპაქტურად დასახლებულ კახის, ზაქათალისა და ბელაქნის რაიონებში მოქმედ ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული პრობლემები და გამოწვეული შედეგები. შეხვედრას სამივე რაიონის რეგიონური წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შედგა შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საზოგადოება ქურმუხელი აქტიურად ითანამშრომლებს განთლებისა და მეცნიერების სამინისტოროსთან, არსებული პრობლემების სამთავრობო დონეზე მოგვარების მიზნით. ასევე დიდ მადლობას მოვახსენებთ დიასპორის სამინისტროს, რომელმაც ეს ინიციატივა დააგვირგვინა და დაგვეხმარა აზერბაიჯანში მცხოვრები ქართველებისთვის სასკოლო წიგნები მიგვეწოდებინა. ჰერებს ვულოცავთ ამ სასიხარულო ამბავს და ვუსურვებთ წარმატებული თაობები გამოეზარდოთ“.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე, აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საქართველოდან საინგილოში ქართულენოვანი სასკოლო სახელმძღვანელოების შეტანის ბრალდებით თბილისი-ზაქათალა-კახის მიკროავტობუსის მძღოლი დააკავეს. ის საბაჟო წესების დარღვევაში დაადანაშაულეს, ხოლო თანხის გადახდის შემდეგ იმავე დღეს გაათავისუფლეს:

ერთ-ერთი რეისის შესრულების დროს მგზავრებმა თბილისიდან ქართულენოვანი სასკოლი წიგნები წამოიღეს. მძღოლმა ამის შესახებ იცოდა, თუმცა როცა საბაჟოზე ჰკითხეს, ხომ არ შემოჰქონდა აკრძალული საქონელი, აზერბაიჯანელი მებაჟეებისთვის არაფერი უთქვამს. ეს წიგნები აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებიდან რამდენიმე დღის წინ ამოიღეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო გამოძიება იმის გასარკვევად, თუ როგორ მოხვდა აღნიშნული წიგნები კახის და ზაქათალას რაიონებში“, - იუწყებოდა ქართული მედია.

აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა საინგილოს ქართული სექტორის სკოლებში ჩხრეკა, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ჩაატარეს. ჩხრეკის შედეგად უშიშროების თანამშრომლებმა 200-ზე მეტი ქართული სახელმძღვანელო ამოიღეს.

მანამდე, ზაქათალის რაიონის სოფელ ალიაბადის პირველი საშუალო სკოლის ქართული სექტორის დაწყებითი კლასების მასწავლებელს ელინათა საფაროვას საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, ლაგოდეხთან აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვეს. როგორც მაშინ საფაროვამ განაცხადა, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა მას მეორე კლასის ქართული სახელმძღვანელოები, მათემატიკის სახელმძღვანელოს 54 ეგზემპლარი და ქართული სამუშაო რვეულები წაართვეს.

საინგილოში ქართული სახელმძღვანელოების ჩატანა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია, რამაც ჰერებს ისტორიული სამშობლოს მიმართ რწმენა უნდა დაუბრუნოს და გაუძლიეროს. ალბათ სიმბოლურია, რომ ძირძველ ქართულ კუთხეში წიგნების ჩატანა 2008 წელს აკრძალეს, ცოტა არ იყოს, ამოუცნობია მეზობელი და მეგობარი სასხელმწიფოს დამოკიდებულება. ამავე დროს, ქვეყანა ლიტონი განცხადებების იმედად არ უნდა დარჩეს და საინგილოში იმავე პირობების შექმნა მოითხოვოს, რაც ქვემო ქართლში ეთნიკურ აზერბაიჯანელებს აქვთ შექმნილი. ტაო-კლარჯეთსა და ფერეიდანში იგეგმება ქართული სკოლების გახსნა და აქვე, საზღვრის პირას მცხოვრებ ჰერებს, მშობლიური ენის კბილებით შენარჩუნება არ უნდა უწევდეთ. იმედია, უახლოეს მომავალში, მონატრებულ ქართულ სახელმძღვანელოებს საინგილოს დანარჩენი სოფლებიც (კახისთავი, ალიბეგლო, მოსული, ალათემური, ქოთოქლო...) მიიღებენ.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია