მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
საინგილოში მოკლული ქართველი ძმები! - 11 მაისი 2014

primerinfo.ge

წესით და რიგით, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მომხდარი ქართველი ძმების მკვლელობას ყველაზე მეტად ქართული მხარე უნდა შეეშფოთებინა, მაგრამ, რატომღაც, სომხური მხარე აღშფოთდა და მკვლელობიდან რამდენიმე დღეში სომხეთის ყველა წამყვანი საინფორმაციო სააგენტო საზარელი ფაქტის შესახებ იუწყებოდა. ამან გვარიანად შეაფუცხუნა აზერბაიჯანელი სამართალდამცველები. ისინი ძალიან შეეცადნენ, რომ ეთნიკურ-რელიგიური მოტივი გამოძიების მსვლელობისას გამორიცხულიყო. რაც შეეხება ქართულ მხარეს, კერძოდ, საქართველოს საელჩოს აზერბაიჯანში, გენერალურ საკონსულოს და ჰერეთის წარმომადგენლობებს, ისინი დღემდე ისე იქცევიან, როგორც პარტიზანები დაკითხვაზე, _ არაფერი სმენიათ, არაფერი გაუგიათ და, საერთოდ, ისინი რა შუაში არიან?!.

თითქმის ყველა ქართული საინფორმაციო საშუალება (რამდენიმეს გამოკლებით) დუმდა კახში მომხდარი მკვლელობის შესახებ. 20 მარტს ვაგიფ ეივაზოვის ქუჩაზე საკუთარ სახლებში მოკლეს ორი ძმა _ იასე ისააკის ძე როსტიაშვილი (1958 წელს დაბადებული) და ბესარიონ ისააკის ძე როსტიაშვილი (1960 წელს დაბადებული). ძმების ცხედრები ნათესავმა აღმოაჩინა. ორივე ერთ ეზოში ცხოვრობდა, მაგრამ სხვადასხვა სახლში. კრიმინალისტების აზრით, ძმებს უკნიდან დაესხნენ თავს, ვინაიდან ჭრილობები ყელისა და კეფის არეშია მიყენებული. საქმეს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის კლასიფიკაცია მიენიჭა.

იასე და ბესარიონ როსტიაშვილების სახლებიდან არაფერი გამქრალა. მოსაპარი არც არაფერი იყო, ვინაიდან ძმები ღარიბულად ცხოვრობდნენ. სწორედ ამან ჩააგდო საგონებელში საგამოძიებო-ოპერატიული ჯგუფი. რატომ და ვის დასჭირდა ამ ორი ადამიანის სიკვდილი?! მეზობლების ჩვენებით, ორივე უცოლო იყო, ცხოვრობდნენ წყნარად და მშვიდად.

კახის რაიონის ოპერატიული სამმართველოს გამომძიებლის, ილგარ საფაროვის განცხადებით, მკვლელობამდე ორი დღით ადრე, 54 წლის ბესარიონმა და 58 წლის იასე როსტიაშვილმა მიწის ნაკვეთი 18 ათას აზერბაიჯანულ მანათად გაყიდეს (1 აშშ დოლარი უდრის 1,27 მანათს). როგორც კი გაიგეს რომ, ოჯახში გარკვეული თანხა ინახებოდა, დამნაშავეებმა მისი მოპარვა განიზრახეს. შეიპარნენ ჯერ ერთი ძმის სახლში, სადაც ფული ვერ იპოვეს და სახლის პატრონს ყელი და კეფა გადაუჭრეს, შემდეგ გადავიდნენ იმავე ეზოში მდებარე მეორე ძმის სახლში და იქაც რომ ვერ იპოვეს ფული, ანალოგიური ხერხით გაუსწორდნენ მეორე ძმასაც.

აი, ასეთი გახლავთ ოფიციალური ვერსია, რომელსაც ავრცელებს და ჯიუტადაწვებააზერბაიჯანული მხარე. სომხური მხარეც იგივეს აცხადებს, ვინაიდან მას ვერსიები სულაც არ ანაღვლებს. მთავარია, რომ აზერბაიჯანში ქართველები დახოცეს, თანაც მხეცურად! რაც შეეხება ქართულ მხარეს, მისთვისსულერთია.

ძმების მკვლელი დღემდე არ არის დაკავებული. მკვლელობის მოტივად უკვე გამოცხადებულია ყაჩაღობა. მიუხედავად იმისა, რომ ძმების სახლებიდან არც არაფერი მოუპარავთ და არც ის 18 ათასი მანათი უპოვიათ მკვლელებს, ძიება დღემდე ძარცვა-ყაჩაღობისა და ორმაგი მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ძმებს განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდნენ. ორივეს იდენტური ჭრილობა აქვს მიყენებული _ კეფა და ყელი ღრმად არის გადაჭრილი ბლაგვი სამართებლით. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ, თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, ორივეს ვითომდა თავები მოაჭრეს. ძმების თავები ადგილზეა, მხოლოდ სანახევროდ.

იმდენად, რამდენადაც კახის რაიონი პრობლემურ ზონად მიიჩნევა, ძალიან გაგვიჭირდა ამ საქმესთან დაკავშირებით დამატებითი და გაუხმაურებელი დეტალების მოძიება, თუმცა მაინც მოვახერხეთ. ასე მაგალითად, როდესაცქრონიკა+-“მაჰერეთის რადიოსჟურნალისტ გიორგი ალადაშვილს მიმართა, იგი შეგვპირდა, რომ შეეცდებოდა დავეკავშირებინეთ კახის რომელიმე მკვიდრთან, რომელიც ისურვებდა ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკს. რესპონდენტს სრული ანონიმურობა აღვუთქვით, მაგრამ ასეთი მსურველი კახში არავინ აღმოჩნდა. საბოლოოდ, მაინც მოვახერხეთ ინგილო ჟურნალისტთან გასაუბრება.

თემო სუყაშვილი _ ადგილობრივი მკვიდრი, ორგანიზაციაჰერეთის სიყვარულით“:

_ რას ამბობენ ადგილობრივი მკვიდრები, რატომ მოკლეს ძმები?

_ როგორც აქაური სამართალდამცველები ირწმუნებიან, ყაჩაღობის ფაქტი მოხდა. ამბობენ, რომ რამდენიმე დღით ადრე ძმებმა კახში მიწის ნაკვეთი გაყიდეს. ერთ-ერთი ქეიფის დროს მათ ძმაკაცს გაუგია მიწის გაყიდვის ამბავი და ძმებისთვის ფული მოუთხოვია. ამის მეტი ჩვენ არაფერი ვიცით და ვერც ვერაფერს გეტყვით.

ზურაბ როსტიაშვილი _ ადვოკატი (წარმოშობით კახის რაიონიდან):

_ ბატონო ზურაბ, როგორც ერთ-ერთი ადგილობრივი მკვიდრისგან შევიტყვეთ, მოკლული ძმების ძმაკაცს მათგან ფული მოუთხოვია. დააკავეს ეს ადამიანი?

_ რამდენიმე კაცი დააკავეს, მაგრამ მერე ისევ გაუშვეს. როგორც გავარკვიე, მეორე ძმას ხელში თმის ბღუჯა შერჩაო, სავარაუდოდ, მკვლელის თმები უნდა იყოს.

_ გამოძიებამ რამე კონკრეტული დაადგინა?

_ ვერ ვიტყოდი.

_ ვისზე აქვთ ეჭვი, აზერბაიჯანელზე თუ ქართველზე?

_ იქ თავისუფლად შეიძლება ჩააწყონ საქმე და მკვლელი გარეთ დარჩეს. გამოძიებამ უკვე გამორიცხა ეთნიკური ფაქტორი და ყაჩაღობაზე მიდის საქმე. პირადად მე არ მგონია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ მაინცდამაინც თავი გამოიდოს მაგ საქმის გახსნით. შეიძლება, მერე მიზეზად მოიდონ, რომ, აი, ქართველმაც ხომ მოკლა აზერბაიჯანელი რამდენიმე ხნის წინათო. მართლაც მოხდა ასეთ რამე, ჩხუბის დროს მუშტი ჩაარტყა და მოკლამაგრამ ის იყო გაუფრთხილებლობით მომხდარი მკველობა, აქ კი განზრახ მკვლელობასთან გვაქვს საქმე.

_ ამბობენ, რომ ყელის ასეთი ღრმა გამოჭრა მუსლიმანურიაო!

_ კი, კიიმათი წესია, მართალია.

_ ქართული მხარე ამ საქმეში არ ჩართულა?

_ არა.

საინგილოს საკითხებზე მომუშავე ყოფილ პოლიტპატიმარს, საზოგადოებრივი მოძრაობაქართული იდეისთავმჯდომარეს, ლევან ჩაჩუას, ამ საქმესთან დაკავშირებით თავისი მოსაზრება აქვს:

_ თავს ლამის აჭრიან, მერე ეძებენ ფულს, ვერ პოულობენ. ამ ერთ სახლს რომ მოითავებენ, შემდეგ გადადიან მეორე ძმის სახლში, იქაც ჯერ ეძებენ, მერე მეორე ძმასაც სანახევროდ ჭრიან თავს. ნებისმიერი კრიმინალისტი და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი გეტყვით, რომ ადამიანი, რომელიც დანაშაულის სჩადის, ცდილობს, დროზე მიატოვოს დანაშაულის ადგილი. თქვენ ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ერთ ეზოში ცხოვრობს ორი ძმა და დამნაშავეები ფულს ეძებენ ორივე სახლში და მერე სათითაოდ სჩადიან მკვლელობას? ჯერ ეს პროცესი როგორია თავად, ისიც სამართებლით და თანაც ორ სახლში? ეს არის აბსურდი.

_ თქვენი ვერსია?

_ რომ ამას რელიგიური დატვირთვაც ჰქონდა და ეთნიკურიც. ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ამაზე არ გაამახვილებს ყურადღებას, იმიტომ რომსოკარსუყურებენ. არ არის გამორიცხული, რომ ძმები სხვაგან არიან მოკლულები და მერე გადმოიყვანეს თავ-თავიანთ სახლებში, თორემ ისე სრული აბსურდი გამოდის. ინფორმაციას რატომ უნდა ვგებულობდეთ სომხური საიტებიდან? გასაგებია, სომხები ინფორმაციას აზერბაიჯანელებთან დასაპირისპირებლად და პროვოცირებისთვის გვიქვეყნებენ და დებენ ასე ოპერატიულად, მაგრამ ჩვენი საინფორმაციოები და საგარეო უწყება რატომ აგვიანებს ყოველთვის? დავუშვათ, პოლიტიკური და ეთნიკური კუთვნილების ფაქტორი ამ მკვლელობაში არც გამოიკვეთოს, მაგრამ ჩვენი მხრიდან რეაგირება და კონტროლი ხომ უნდა იყოს?! ჩვენს ძმებს საინგილოში შიშის, მიტოვებულობისა და დათრგუნვის განცდა არ უნდა დაეუფლოთ.

ქრონიკა+“-მა გაარკვია, რომ ძმები იასე და ბესარიონ როსტიაშვილები ქრისტიანული წესით დაკრძალეს და ადგილობრივმა მოძღვარმა აუგო წესი.

მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსი:

_ მეუფე მელქისედეკ, რა მოხდა კახში?

_ როგორც მითხრეს, თავიდან რომ გავრცელდა ინფორმაცია, თავები მოკვეთილი არისო, მასე არ არის. რთული სიტუაციაა.

_ ძმები ქრისტიანები იყვნენ და ეთნიკურ ფაქტორს ხომ არ ჰქონდა ადგილი?

_ არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით. ამას როგორ დაადასტურებს ვინმე, ან როგორ უარყოფს? გამოძიება მიდის და რეალურად ვერაფერს გეტყვით. მთავარია, რომ მოძღვარი მისული იყო იქ და წესიც აუგო.

დასასრულს, გვინდაქრონიკა+“-ის მკითხველს მცირე ისტორული ექსკურსი შევთავაზო. ამის წაკითხვა არც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს აწყენთ, თავისი ხალხი უცხო ტერიტორიად გამხდარ საკუთარ მიწაზე რომ არ მიატოვონ.

მაშ, ასე! ცოტადენი რამ ოდესღაც საქართველოს კუთვნილებაში მყოფი, დღეს კი აზერბაიჯანის ადმინისტრაციულ ერთეულად მიჩნეული ისტორიული ჰერეთის, ე. წ. საინგილოს გარშემო. თვითონ ტერმინი „საინგილო“ მე-19 საუკუნეში დამკვიდრდა ინგილოებით დასახლებული მხარის აღსანიშნავად. გამაჰმადიანებულ ქართველს ინგილოს ეძახდნენ, რაც თურქულად „ახლად მორჯულებულს“ ნიშნავს. საინგილოს ტერიტორია ადრინდელ საუკუნეებში ძველი ქართული პროვინციის, ჰერეთის შემადგენელი ნაწილი იყო (ჰერეთში მოიაზრება მაჭისა და ხორნაბუჯის საერისთავოები). მე-11 საუკუნიდან ადმინისტრაციულად იგი მაჭის საერისთავოს ფარგლებში მოექცა. მე-16-17 საუკუნეებში ოსმალეთისა და სპარსეთის გამუდმებულმა აგრესიამ ქართველი მოსახლეობის გამაჰმადიანება გამოიწვია. 400 წლის წინათ შაჰ-აბასმა სასტიკად ააოხრა კახეთი და მას ჰერეთის ნაწილი (ელისენი, სხვაგვარად ენისელი) ჩამოაჭრა. ამ ამბიდან 100 წლის შემდეგ ჰერეთის დარჩენილი ნაწილი ოსმალეთის სულთანმა წაართვა საქართველოს და ჭარელ ლეკებს უბოძა. კახეთის მეფეების მრავალი ცდა, გაეთავისუფლებინათ აღმოსავლეთ კახეთის მიწები, უშედეგოდ მთავრდებოდა, რადგან ჩამოსახლებულ ლეკებს დიდ დახმარებას უწევდნენ ირანი და ოსმალეთი. მას შემდეგ ამ მხარეში ლეკი მოსახლეობა გამრავლდა, მიწებს დაეპატრონა და მძარცველურ ლაშქრობებს აწყობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ადგილობრივ ქართველ გლეხობას იმ შემთხვევაში აძლევდნენ მიწებს, თუ ისინი ისლამს მიიღებდნენ. გლეხობის დიდი ნაწილი, მშობლიურ კუთხეს რომ არ მოსწყვეტოდა, იძულებული გახდა, რჯული გამოეცვალა. შემდგომ ამ ხალხს, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, `ინგილო~ შეერქვა. 1803 წელს ჭარ-ბელაქანი და ელისუს სასულთნო რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შევიდა. 1830 წელს ცარიზმმა გააუქმა მათი პოლიტიკური დამოუკიდებლობა და შექმნა ჭარ-ბელაქნის ოლქი, მის ბაზაზე კი 1840 წელს _ ბელაქნის მაზრა, რომელიც საქართველოს დაუბრუნა და ადმინისტრაციულად ისევ თბილისის გუბერნიაში შევიდა. 1921 წლიდან აზერბაიჯანის სსრ ფარგლებშია(!!!). დღევანდელი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით საინგილო მოიცავს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ბელაქნის, ზაქათალისა და კახის რაიონების ტერიტორიას. კახის რაიონში 60 ათასი მართლმადიდებელი ქართველი ცხოვრობს!

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია