მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დარიალის ხეობის შემდეგ საფრთხე სტეფანწმინდას ემუქრება? - 23 მაისი 2014

გეოლოგ სანდრო თვალჭრელიძის რეკომენდაცია სტიქიის თავიდან ასაცილებლად   

myrights.ge

გარემოს დაცვის სამინისტრო 17 მაისს დარიალის ხეობაში მომხდარი სტიქიური მოვლენის შესახებ გეოლოგების დასკვნას ავრცელებს. დოკუმენტის მიხედვით, ხეობაში წარმოქმნილი სტიქია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთანაა დაკავშირებული:

,,დარიალის ხეობაში გველეთი- ცდოს მონაკვეთზე თერგისა და ამალი- დევდორაკის შეერთების უბანზე თერგის ხეობა ვიწრო კანიონია. მყინვარწვერის (5033 ) ჩრდილოაღმოსავლეთ ციცაბო ფერდობზე, მთის წვერიდან დაახლოებით 400 მეტრის დაშორებით, 4602 მეტრ აბსოლუტურ სიმაღლეზე, 2014 წლის 17 მაისს დილის საათებში წარმოიშვა გრანდიოზული მოცულობის კლდეზვავი მყინვარულ- თოვლიან მასასთან ერთად. ჩამოზვავებული გრავიტაციულ- მყინვარული მასალა განაწილდა 3 ნაკადად, რომელთაგან მარცხენამ დინამიკურ ზონაში მოიქცია დევდორაკის მყინვარის ენა. პროცესი განვითარდა უხვი ატმოსფერული ნალექის (წვიმა) ფონზე, რამაც დამატებითი კატალიზატორის როლი შეასრულა. ატმოსფერული ნალექების თანხვედრის გარეშე, მყარი მასა ამ მოცულობით თერგამდე ვერ მიაღწევდა. გრავიტაციულ- ღვარცოფულმა ნაკადმა გადაკეტა თერგის კალაპოტი და შეაგუბა მდინარე 15-20 მეტრის სიღრმეზე. ვითარება კვლავ დაძაბულია, თუმცა დევდორაკის კალაპოტსა და ღვარცოფის კერის ზონაში დარჩენილი მყარი ნატანის ერთჯერადი ამოქმედებისა და ანალოგიური მოცულობის ნაკადის გამოტანა თერგის ხეობაში ნაკლებსავარაუდოა. მიუხედავად ამისა, სტიქიის გავრცელების არეალში მოქმედებს მუდმივი მონიტორინგული საგუშაგოები, სადაც გეოლოგები აკვირდებიან პროცესის დინამიკას. ამალი- დევდორაკის ხეობაში წარმოქმნილი სტიქიურ- გეოლოგიური მოვლენა დაკავშირებულია მხოლოდ ბუნებრივ ფაქტორებთან“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, „სპეციალისტების შეფასებით, სტიქია 5047 მეტრი სიმაღლის მწვერვალის _ მყინვარწვერის ჩრდილო- აღმოსავლეთ კალთაზე განლაგებული დევდორაკის მყინვარის ინტენსიური მოძრაობის შედეგია“.

რაც შეეხება კატასტროფასთან დარიალის ხეობაში ჰესის მშენებლობის კავშირს, უწყებაში აცხადებენ, რომ სპეციალისტების შეფასებით, ეს ორი ზონა გეოლოგიურად სრულიად განსხვავებულია: „ჰესის მშენებლობის ადგილი 20 კილომეტრითაა დაშორებული სტიქიის ზონასთან და ამ მშენებლობას კავშირი არ აქვს კატასტროფასთან“.

მწვანე ალტერნატივააცხადებს, რომ დევდორაკიდან სტიქიის შემოტევა, შესაძლოა, განმეორდეს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების მტკიცებით, დარიალჰესისა და ლარსიჰესის მშენებლობის ნებართვისა და ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემისას, გარემოს დაცვის არაერთი საკითხი უგულებელყვეს. იმ პრობლემების გარდა, რომლებიც შეექმნება ქვეყნის ბიომრავალფეროვნებას, ბუნებრივ და სოციალურ გარემოს, ჰესების დაპროექტებისას არ გაითვალისწინეს საფრთხე, რომელიც გეოლოგიური პროცესის შედეგად ენერგეტიკულ ობიექტებს და იქ დასაქმებულ ადამიანებს მოელის:

„2006 წელს დევდორაკიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა ადამიანი იმსხვერპლა. ამ საშიშროების შესახებ მხოლოდ ახლა საუბრობენ ჰესის მშენებელი კომპანიისა და გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელებიც. არადა, საკითხს ყურადღება არ მიაქციეს ნებართვის გაცემამდე და ამ ნებართვის გაუქმების მოთხოვნით წარმართულ სასამართლო პროცესებზე“. ,,მწვანე ალტერნატივის’‘ წარმომადგელების თქმით, ჰესის მშენებლობისთვის შერჩეული მონაკვეთის ჰიდროლოგიური თავისებურებები ქმნის ისეთი საშიში პროცესებისა და სტიქიური მოვლენების განვითარების რისკს, როგორიცაა კლდეზვავი, ზვავი, ეროზია, შვავი, ღვარცოფი, წყალმოვარდნა, მდინარის ნაპირების ჩარეცხვა, შესაბამისად, საავტომობილო გზისა თუ ხიდების დაზიანება:

ჰესის პროექტის შემუშავებისას, არ გაითვალისწინეს კლიმატის ცვლილების შედეგად მყინვარების დნობით გამოწვეული წყლისა და მყარი ნატანის ხარჯის ცვლილების საკითხიც. სამწუხაროდ, შესაძლებელია დევდორაკიდან სტიქიამ კვლავ შემოგვიტიოს, თუმცა ეს არ არის ერთადერთი ღვარცოფული მდინარე, რომელიც საფრთხეს წარმოადგენს ამ პროექტის განხორციელებისთვის. ანალოგიური საშიშროებაა მოსალოდნელი ყუროსა და ჩხერისგან _ ამ მდინარეების შეერთების ადგილასაა დაგეგმილი დარიალჰესის კაშხლის, სალექარისა და სათავე ნაგებობის აშენება“.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, პროექტის დამტკიცებული სახით განხორციელების შემთხვევაში, შესაძლოა, ასეთი შედეგი მივიღოთ:

თერგის შენაკადებიდან წამოღებული ნატანი დაგროვდება ყუროსა და ჩხერეს შესართავებთან და თერგის კალაპოტი აიწევს. ღვარცოფული მდინარე ყურო თავის ჩამოტანილ მასალას ვეღარ გაატანს თერგს, დაგროვდება და გაავსებს ისედაც ვიწრო ყუროს ხეობას, შედეგად კი, საფრთხე შეექმნება დაბა სტეფანწმინდას. მსგავსი პროცესი შეიძლება განმეორდეს მდინარე ჩხერზეც, რომელიც თერგს იმავე ადგილას მარცხნიდან უერთდება“.

შესაძლებელი იყო, დარიალის ხეობის კატასტროფა თავიდან აგვეცილებინა? „ვერსიამამ კითხვით პროფესიონალ გეოლოგს, 2004 წელს გაუქმებული გეოლოგიის დეპარტამენტის ბოლო თავმჯდომარეს, სანდრო თვალჭრელიძეს მიმართა:

კატასტროფის სრულად აცილება შეუძლებელი იყო. კონტროლი და ღვარცოფის დაგეგმილი ჩამოსვლა კი შეიძლებოდა _ გზა უნდა გადაგვეკეტა, რათა მის ქვეშ ხალხი არ მოქცეულიყო, ამის შემდეგ შეიძლებოდა მისი აფეთქება. მოკლედ, სტიქიის პრევენცია თუ არა, ხუთი საათით ადრე ხალხის გაფრთხილება მაინც შეიძლებოდა“.

რა უნდა გაკეთდეს, მსგავსი უბედურება რომ არ განმეორდეს? სანდრო თვალჭრელიძის თქმით, უნდა შეიქმნას საქართველოს გეოლოგიური სამსახური, რომელსაც ცხელი წერტილების პერმანენტული მონიტორინგი დაეკისრება:

ღვარცოფული საშიშროების 3 000-ზე მეტი ადგილია საქართველოში. მათი კლასიფიკაცია უნდა მოხდეს და 24-საათიან რეჟიმში მონიტორინგი უნდა მიმდინარეობდეს. ამას მხოლოდ მთავრობის დადგენილება სჭირდება’‘. 

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია