მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ადვოკატი პროკურატურას ხონის დაკავებული გამგებლის წინააღმდეგ პოლიტიკურ ინტრიგაში ამხელს - 27 მაისი 2014

მერაბ ბერიძე  

„ვერსია“

მალე სასამართლო ხონის დაკავებული გამგებლისა და მოადგილის საქმის (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მითვისება და გაფლანგვა) არსებით განიხილავს დაიწყებს. ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე დარწმუნებულია, რომ ყველაზე სუბიექტური სასამართლოც კი იძულებული გახდება, ის უტყუარი მტკიცებულებები გაიზიაროს, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა. ადვოკატის შეფასებითვე, ზურაბ ჯიბუხაიას არჩევნებში გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა და გადაწყვიტეს, უმთავრესი კონკურენტი ჩამოეშორებინათ.     

_ 2014 წლის 10 თებერვალს, სამართალდამცავმა ორგანოებმა ხონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზურაბ ჯიბუხაია, მოადგილე ბესარიონ ჭელიძესთან ერთად დააკავეს. მათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლის მესამე ნაწილით (დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მითვისება და გაფლანგვა) წარუდგინეს. საქმე 4 წლის წინ, ფინანსური პოლიციის მიერ კერძო პირისთვის ჩამორთმეულ უკანონოდ მოჭრილ ხე-ტყეს ეხება, რომელიც ოფიციალურად, ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობას გადაეცა. პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა ხე-ტყე, სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაცვლად, საამქროებს გადასცეს. პროკურატურის მტკიცებით, ჯიბუხაიას .. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით გაიფლანგა ხონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზე რიცხული დიდი ოდენობით _ 12 580,69 ლარის ქონება, რითიც არსებითად შეილახა როგორც მოქალაქეთა, ასევე სახელმწიფოს კანონიერი ინტერესი. საინტერესოა, საიდან ადგენს პროკურატურა მიყენებული ზიანის ოდენობად იმ თანხას, რაც ბრალშია მითითებული მაშინ, როდესაც საქმის გარემოებები სულ სხვა ფაქტებსა და მტკიცებულებებზე მიუთითებს?                   

_ მაინც, რაზე მიუთითებს საქმის კონკრეტული გარემოებები?                    

_ დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულებების მიხედვით, თავიდან ბოლომდე ინგრევა პროკურატურის მტკიცება იმის თაობაზე, რომ ზურაბ ჯიბუხაიამ თითქოს მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგად, სახელმწიფოს დიდი ოდენობის ზარალი მიაყენა. ჯერ ერთი, სასამართლოზე ყველა დაინახავს, რომ პროკურატურა ვერ დაამტკიცებს ზურაბ ჯიბუხაიას მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ფაქტს; ამასთან, გვაქვს უტყუარი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფოს მიმართ მიყენებული სავარაუდო ზარალის ოდენობა უმნიშვნელოა.                   

_ რას გულისხმობთ?              

_ აღნიშნული ხე-ტყე 2009 წელს მოჭრეს და ერთი წლის განმავლობაში ტყეში, ღია ცისქვეშ, კანგაუცლელ მდგომარეობაში ეყარა. შესაბამისად, აღნიშნული ხე-ტყე საშეშე მერქანი იყო და ის ზიანის ოდენობის განსაზღვრისას საშეშე მერქნისთვის დადგენილი ფასის მიხედვით უნდა შეფასდეს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს ტრანსპორტირების ხარჯი, რადგან საბაზრო ფასს მისი მოჭრის, ტრანსპორტირებისა და სხვა არსებული ხარჯები აკლდება. ქუთაისის რეგიონული სავაჭრო- სამრეწველო პალატის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა დაცვის მხარის პოზიციას თავიდან ბოლომდე ადასტურებს. ამავე დასკვნით ირკვევა, რომ აღნიშნული საშეშე მორების ღირებულებამ 3615.1 ლარი შეადგინა, ტრანსპორტირებაზე გაწეულმა ხარჯმა კი 3098.7 ლარი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ზურაბ ჯიბუხაიას დანაშაული არ ჩაუდენია, ზიანის ოდენობად უნდა ჩათვალოს არა გამოძიებაში მითითებული თანხა, არამედ, 516,45 ლარი. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სწორედ 515,45 ლარი იყო სავარაუდო ზიანი, რომელიც სახელმწიფოს მიადგა. ასევე მოვიპოვეთ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, რომელიც სიტყვა- სიტყვით ამბობს, რომ აღნიშნული ხე-ტყემოჭრიდან მხოლოდ სამი თვის განმავლობაში ინარჩუნებს სამასალე მერქნის ფუნქციას ტენიან პირობებში, ხოლო აღნიშნული პერიოდის შემდეგ, მერქანი კარგავს სამასალე ფუნქციას და საშეშე მერქანს წარმოადგენს“. მოგეხსენებათ, ტენიან პირობებში ხე უფრო დიდხანს ძლებს, ვიდრე სიმშრალეში და, თუ ტენიან პირობებში ხე სამი თვის განმავლობაში დაკარგავდა სამასალე ფუნქციას, მშრალ პირობებში რა მოუვიდოდა? მით უმეტეს, თუ აღნიშნული ხე 12 თვის განმავლობაში ტყეში ეყარა? სხვათა შორის, გვაქვს ფოტოები, სადაც ნათლად ჩანს, რომ აღნიშნული ხე-ტყე იყო წვრილად დაჭრილი. წვრილად დაჭრილი ხე კი სამასალედ არ გამოდგება... ზემოაღნიშნულის გარდა, უამრავი სხვა მტკიცებულებაც გვაქვს, რომელიც ჩვენს ისედაც ძლიერ პოზიციას უფრო ამყარებს, თუმცა, ამ ეტაპზე, დაცვის მხარის ინტერესების გამო, მტკიცებულებებზე საუბრისგან თავს შევიკავებ. ისე, ჩვენს შუამდგომლობაზე, ზემოაღნიშნული საფუძვლის გამო შეცვლილიყო ზურაბ ჯიბუხაიას მიმართ წარდგენილი კვალიფიკაცია, პროკურატურამ დაუსაბუთებელი უარი განაცხადა. გამოძიებამ კარგად იცის, აღნიშნულის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მისი მტკიცება თავდაყირა დადგებოდა და, აქედან გამომდინარე, უარიც მოსალოდნელი იყო. პროკურატურამ არ გაიზიარა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც დიდი წვალებით მივიღეთ.               

რატომ წვალებით?               

აღნიშნული ექსპერტიზის ბიურო, გასაგები მიზეზების გამო, მაქსიმალურად შეეცადა, თავი აერიდებინა კითხვებისთვის. შეგახსენებთ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომლის დასკვნებს, როგორც უტყუარ მტკიცებულებებს, ისე იყენებს პროკურატურა ბრალდებულების საწინააღმდეგოდ. აღნიშნულ შემთხვევაში კი, როცა ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა გამოვიყენეთ, პროკურატურამ არ გაიზიარა, თუმცა გამოძიების კარგად მესმის _ ის ხომ ხავსს ეჭიდება და უდანაშაულო ადამიანისთვის არარსებული დანაშაულის დასამტკიცებლად ყველაფერზე მიდის. პროკურატურას შანსი ჰქონდა, კანონიერი, ღირსეული გადაწყვეტილება მიეღო და არათუ კვალიფიკაცია შეეცვალა, არამედ, ზურაბ ჯიბუხაიას ქმედებაში დანაშაულის არარსებობის გამო, სისხლის სამართლებრივი დევნა საერთოდ შეეწყვიტა, მაგრამ ამას სასამართლო აუცილებლად გააკეთებს! სირცხვილია, როცა სახელმწიფოსთვის ზარალის მიყენებას (თან დიდი ოდენობით!) იმ ადამიანს ედავებიან, რომელიც წლების განმავლობაში თავის რაიონსა და ხალხს თავდაუზოგავად ემსახურა. სახელმწიფო უნდა ამაყობდეს, რომ ჰყავდა ასეთი პატიოსანი და ღირსეული საჯარო მოხელე. ერთადერთი, ვისაც ზიანი მიადგა, სახელმწიფო კი არა, თვით ბრალდებული ზურაბ ჯიბუხაიაა, რომელიც თვეებია, უკანონო პატიმრობაშია.                

_ დაკავების რეალურ მიზეზად რას მიიჩნევთ?             

_ ჩემი აზრით, ვინაიდან არჩევნები ახლოვდებოდა, სადაც ბატონ ზურაბს გამარჯვების დიდი შანსი ჰქონდა, გადაწყვიტეს, უმთავრესი კონკურენტი ჩამოეშორებინათ.   

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია