მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„უფასო წიგნები ერთჯერადი პიარაქცია იყო“‘ - 28 მაისი 2014

რამდენი მილიონი ლარია საჭირო სასკოლო სახელმძღვანელოების პროექტის გასაგრძელებლად და რა შემთხვევაში აღმოჩნდებიან მოსწავლეები არათანაბარ პირობებში    

მერაბ ბერიძე

„ვერსია“

სასკოლო სახელმძღვანელოების ირგვლივ საუბარი და განსხვავებული შეფასებები არ წყდება. საგანმანათლებლო კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, ტარას შავშიშვილის განცხადებით, 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისში სასკოლო სახელმძღვანელოების დარიგება ერთჯერადი პიარაქცია იყო და განათლების სამინისტროს კარგად არ ჰქონდა გააზრებულ- გათვლილი, პროცესი მომდევნო წლებში როგორ გაგრძელებულიყო:

„სამინისტრომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ მომდევნო სასწავლო წლის დასაწყისშიც სახელმძღვანელოები უფასოდ დარიგდეს. არსებობს დიდი რისკი, მოსწავლეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან _ მიმდინარე წლის ბოლოს ჩასაბარებელი სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი უვარგისია. ამ ფონზე, არაა გამორიცხული, სწორედ ეს უვარგისი წიგნები დაურიგონ მოსწავლეები ნაწილს. სამწუხაროდ, სახელმძღვანელოების საკითხი პირველივე წელს გაუთვლელი და დაუგეგმავი იყო’‘.

შავშიშვილის განმარტებით, განათლების სამინისტრომ რაც უნდა გააკეთოს, მოქალაქეები ან სახელმწიფო დაზარალდება. კერძოდ, სამინისტრო წლის ბოლოს იბარებს მხოლოდ ვარგის წიგნებს, დაზიანებულ სახელმძღვანელოებში კი მშობლებს ფულს ახდევინებს, რაც, შავშიშვილის აზრით, უსამართლობაა, რადგან წიგნები უხარისხოა:

„ბიუჯეტის ხარჯვის არამიზნობრიობის საკითხი დგება _ უხარისხო წიგნების ბეჭდვა არარენტაბელურია სახელმძღვანელოების ცირკულაციის უკვე დამკვიდრებული სისტემისთვის. სამინისტრო იბარებს ყველანაირ, მათ შორის დაზიანებულ წიგნს და მომდევნო წლის დასაწყისში ანაწილებს მოსწავლეებზე. ბუნებრივია, ამ დროს მოსწავლეთა ნაწილს დაზიანებული წიგნები შეხვდება, რაც მათ არათანაბარ პირობებში აყენებს და სწავლის მოტივაციას სპობს’‘.

აღმოჩნდებიან თუ არა მოსწავლეები ამ მხრივ არათანაბარ მდგომარეობაში? რა არის გამოსავალი და როგორ უნდა გაუმჯობესდეს სახელმძღვანელოების ცირკულაციის სისტემა? ამის გასარკვევად „ვერსია“ 53-ე სკოლის თანამდებობიდან სკანდალურად გათავისუფლებულ დირექტორს, განათლების დამოუკიდებელ ექსპერტს მარიამ რამინაშვილს დაუკავშირდა, რომლის სარჩელსაც სასამართლო ჯერ კიდევ განიხილავს. მისი განმარტებით:

„სასკოლო სახელმძღვანელოების მრავალჯერადი გამოყენების შეთავაზება მნიშვნელოვანი ინოვაციაა, თუმცა, იმავდროულად, შეიცავს გარკვეულ რისკებს და ამის ასაცილებლად აქტივობები თავიდანვე მკაცრად უნდა ყოფილიყო გააზრებული და გაწერილი. ერთ-ერთ პრევენციად შეიძლება განვიხილოთ სახელმძღვანელოების ჩაბარების კრიტერიუმები, თუმცა ეს არაა საკმარისი განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ინიციატივა მრავალწლიანი პაუზის შემდეგ გააქტიურდა. სახელმძღვანელოს მნიშვნელოვანი როლი აკისრია მოსწავლეთა სასწავლო მოტივაციის ამაღლებაში და ლოგიკურად, ამაზე წიგნის ხარისხი მოქმედებს. აქედან გამომდინარე, რისკი, რომ მოსწავლეები არათანაბარ პირობებში აღმოჩნდებიან, ნამდვილად არსებობს; მეორე მხრივ, სასკოლო სახელმძღვანელოების გადაცემა, მით უმეტეს, მძიმე სოციალური ფონის გათვალისწინებით, აუცილებელია. როგორ უნდა გაუმჯობესდეს სისტემა? ჩემი აზრით, არაერთ გამოსავალს შორის, ერთ-ერთია თავისუფალ ბაზარზე გამომცემლობების არსებობა“.

დეპუტატი სერგო რატიანი, „ქართული ოცნების“ პროექტს ,,უცნაურს’‘ უწოდებს, რადგან მშობლებს თანხის გადახდა ახალ კი არა, ძველ სახელმძღვანელოებში უწევთ. მისი თქმით, შკალა, რომლითაც ჩაბარებისას წიგნები ფასდება, ბუნდოვანია და არასამართლიანია. რატიანი განათლების სამინისტროს და ზოგადად, მთავრობას მიმართავს, უფასო სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით მიცემული დაპირება შეასრულოს:

,,მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოაცხადა, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. ახალი წიგნები მართლაც უფასოდ დარიგდა, მაგრამ მოგვიანებით, მიიღეს ბრძანება, რომ მშობლებმა გადაიხადონ დაზიანებული სახელმძღვანელოების საფასური. ექსპერტთა ვარაუდით, წლის ბოლოს ძალიან ბევრი დაზიანებული წიგნი დაგროვდება და თანხის გადახდა ბევრს მოუწევს, გარდა ამისა, გაისად ახალი წიგნებით მოსწავლეთა უმრავლესობა ვერ ისარგებლებს“.

ამ ფონზე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე აცხადებს, რომ სასკოლო წიგნები კვლავ უფასო იქნება და შარშან დაწყებული პროგრამა აუცილებლად გაგრძელდება. განათლების სამინისტროში ადასტურებენ, რომ მშობლებს თანხის გადახდა მოუწევთ იმ წიგნებში, რომლებიც სასწავლო წლის ბოლოს უვარგისი იქნება, სახელმძღვანელოს მკვეთრად დაზიანების შემთხვევაში კი, ვალდებული იქნება ახალი სახელმძღვანელო შეიძინოს და ჩააბაროს. 2013-2014 სასწავლო წლის სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა სახელმწიფოს 16 323 630, 30 ლარი დაუჯდა. რა თანხას გამოყოფს განათლების სამინისტრო წელს, უცნობია.

თამარ სანიკიძის განმარტებით: „სახელმძღვანელოების დასაბეჭდად, სავარაუდოდ, 18 მილიონი ლარია საჭირო, თუმცა ზუსტი თანხის დასახელება შეუძლებელია, რადგან სპეციალისტები ჯერ კიდევ ანგარიშობენ“.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია