მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება პროფესიული განათლების დანგრევას ნიშნავს" - 29 მაისი 2014

გელა მამულაშვილი

edu.aris.ge

"მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემოღება პროფესიული განათლების დანგრევას ნიშნავს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პროფესიული განათლების კუთხით სულ უფრო მეტ აქტივობებს გვთავაზობს. ბოლო მნიშვნელოვანი ცვლილება ამ მხრივ ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებაა, თუმცა აღმოჩნდა, რომ დარგის ექსპერტები სამინისტროს პოლიტიკას კრიტიკულად უყურებენ და მიიჩნევენ, რომ უწყების გადაწყვეტილება მოდულური პროგრამების დანერგვასთან დაკავშირებით სრული აბსურდია.

კერძოდ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფარგლებში არსებული პროექტით – "საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში პროფესიული განათლებისა და გადამზადების საკონსულტაციო მომსახურების სისტემის მოდერნიზაცია", სოფლის მეურნეობის მიმართულებით რვა პროფესიაში ახალი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა.

მინისტრ თამარ სანიკიძის შეფასებით, "ეს არის ძალიან მაღალი ხარისხის, სრულიად თანამედროვე, შედეგებზე ორიენტირებული მოდულური პროგრამები, რომელიც საბოლოო ჯამში აამაღლებს ხარისხს და მივაღწევთ იმ დონეს, რაც პროფესიულ განათლებაში გვჭირდება.

რამ განაპირობა დარგის სპეციალისტების კრიტიკა და რაში ხედავენ ისინი სუსტ რგოლს? Aris.ge-განათლებას ამ თემაზე პროფესიული განათლების პროფკავშირის ხელმძღვანელი, დარგის ექსპერტი, დენის დავითაშვილი ესაუბრა.

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება, პროფესიულ განათლებაში შეიმუშაოს და დანერგოს . მოდულური პროგრამები, სრული აბსურდია. უპირველესად, არასერიოზული ნათქვამია, რომ ამაზე გადაწყვეტილება არის მიღებული, მანამდე სამინისტროს სულ ცოტა ამ 8 რვა სასოფლოსამეურნეო პროფილის პროგრამისთვის პროფესიული სტანდარტები აქვს შესამუშავებელი. ჯერ ეს სტანდარტები გადამუშავებული სახით არ არსებობს, თუნდაც 8 დასახელებული სპეციალობისთვის. (ფერმერი, მეღვინე-მევენახე, მემცენარე, მეხილე, მეცხოველე, ვეტერინარული მომსახურების სპეციალისტი, ხილისა და ბოსტნეულის გადამმუშავებელი, რძის გადამმუშავებელი. აღსანიშნავია, რომ ფერმერობა, როგორც პროფესია, პროფესიული კოლეჯების პროგრამაში პირველად დამკვიდრდება.)

ბატონო დენის, რას ითვალისწინებს ეს მოდულული პროგრამა?

თუ დღეს ერთი პროფესიულსაგანმანათლებლო პროგრამა არსებობს, რომელიც ვთქვათ 60 ან 90 კრედიტს შეიცავს, ეს რაოდენობა დაიყოფა სხვადასხვა ნაწილებად, თითოეულს მოდული დაერქმევა და ცალკე დაახლოებით 2–3 კრედიტის შემცველი იქნება.

აქ საქმე გვაქვს განათლების სამინისტროს არაკომპეტენტურ თანამშრომლებთან, რომლებიც ხელმძღვანელობას თავს აწონებენ და ურჩევენევროპულ მიდგომაზე გადავიდეთ, მოდულური პროფესიული განათლება შემოვიღოთო. მათ და ვერც ხელმძღვანელობას ვერ შეუსწავლიათ, ევროკავშირის რომელ ქვეყნებშია შემოღებული ეს პროგრამები, რას ემსახურება მისი შემოტანა, დადებითი თუ უარყოფითი მხარეები და .. ასევე, საქართველოსნაირ პატარა ქვეყანაში რამდენად გაამართლებს, მოვა თუ არა ახალგაზრდობა ცალკეული მოდულების შესასწავლად და მისი გავლის შემდეგ, რას გასცემენ კოლეჯები კურსდამთავრებულებზე? რასაკვირველია, არა ჩვეულებრივ დიპლომს, რასაც ახლა გასცემენ, ისინი ცნობას ან სერტიფიკატს აძლევენ; ამისთვის, ახალგაზრდები ან ზრდასრულები კოლეჯში არ მოვლენ.

ამას გარდა, არც ერთი სერიოზული დამსაქმებელი საქართველოში, ვთქვათ კალატოზის საქმეზე არ მიიღებს ისეთ კურსდამთავრებულს, რომელმაც მარტო ერთი, ქვის წყობის მოდული იცის, ან აგურის და ცალკე ბლოკის. მშენებელს სრულყოფილი კალატოზი სჭირდება, რომელმაც იგივე აგურის წყობის უამრავი ხერხი იცის, რაც საერთოდ არსებობს. როცა ახალგაზრდას დაეკითხებიან და იტყვის, რომ მხოლოდ ერთი მოდული, აგურის წყობა იცის, სამსახურში არ მიიღებენ. იგივე შეიძლება იყოს მსუბუქი მრეწველობის მუშაკისთვის, ვთქვათ მკერავისთვის. ისედაც არ გვაქვს ბევრი საწარმო და დამსაქმებელი არ მიიღებს ისეთ კურსდამთავრებულს, რომელმაც მარტო შარვლის მარცხენა ჯიბის კერვა იცის ან ხალათის მარჯვენა მკლავის. შსსთვის ან ჯარისთვის დაკვეთას რომ მიიღებენ, ეს სრულყოფილმა მკერავმა უნდა განახორციელოს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ პრობლემატიკაზე კვლევა, გამოკითხვა, შეჯერება დამსაქმებლებთან არავის გაუკეთებია.

თავად თქვენ თუ გაგიკეთებიათ მსგავსი კვლევა?

ჩვენ გვაქვს ასეთი კვლევები და ყველა გაოცებულიაეს რა სიახლეებს იგონებს სამინისტრო და ჩვენ ამისთანა კურსდამთავრებულებს ვერ მივიღებთო. არ არის შეჯერებული საფრთხეები, რომელიც უამრავია. ამით პროფესიული კოლეჯები დაინგრევა, მსურველებით ვერ დაკომპლექტდება, რადგან სერტიფიკატისთვის და ცნობისთვის არ მოვლენ. ამას გარდა, ცალკეული მოდულებიდან ერთს რომ დაასრულებენ და შემდეგ მსურველები არ იქნებიან, მასწავლებლები არ გაჩერდებიან, კოლეჯებს მყარი პედაგოგიური კოლექტივები დაენგრევა. ამიტომ, მისი შემოღება საქართველოში პროფესიული განათლების დანგრევას ნიშნავს. ასევე, ცალკეულ მოდულებს სახელმწიფო ბიუჯეტი არ დააფინანსებს, სერტიფიკატისთვის და ცნობისთვის მოსულ სტუდენტში ფულს არ გადაიხდის. არ გამოვრიცხავ, რომ შესაძლებელია, ცალკეული პროგრამებიდან ნაწილი შეისწავლონ, მაგრამ ეს ცალკეულმა დამსაქმებელმა უნდა დაუკვეთოს, ანდა ვინც მსურველია, მშობელმა თვითონ უნდა გადაიხადოს თანხა.

ამიტომ, სამინისტროს განცხადება, რომ უკვე გადავდივართ და მოდულების პილოტირებას ვაკეთებთო, პროფგანათლების სწორი გზიდან გადაყვანაა. ეს სისტემის 37 წლის "ფეზეოს" დონეზე დაყვანას ნიშნავს, როდესაც თვითონაც არ იცოდნენ რას ასწავლიდნენ. თავი რაღაც გაუგებარი ექსპერიმენტის მონაწილე მგონია.

რამდენად არის სამინისტრო ინფორმირებული დარგის ექსპერტთა პოზიციის შესახებ?

სამინისტროში ამ საკითხის განხილვისას, კოლეჯების უმეტესობამ გადაწყვეტილება დაიწუნა და აღნიშნული საფრთხეებიც გამოიკვეთა. ამის შემდეგ არავითარი შეხვედრა არ ყოფილა, შეჯერება არ მომხდარა და სამინისტრო ჯიუტად იმეორებსჩვენ ყველაზე მეტი ვიცით, რა სჭირდებათ დამსაქმებლებს, ახალგაზრდებს, მათ მშობლებს და რაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. ამ დროს, საკითხი დამსაქმებლებთან და სოციალურ პარტნიორებთან შეუჯერებელია, პროფგანათლების პროფკავშირი კი როგორც პედაგოგების, ასევე სტუნდეტების ინტერესებს იცავს. საზოგადოება სისტემის მოდულურ პროფესიულ განათლებაზე გადაყვანას ვერ მიიღებს და სრული კრახით დასრულდება. ისევე, როგორც შარშან, აბსოლუტურად მოუმზადებელ პირებს ვაუჩერული დაფინანსების გათვლა დაავალეს და დღეს მოყვანილია ექსპერტი, რომელმაც დაფინანსების ახალი მოდელი უნდა შეუმუშავოს სამინისტროს. იგივე ხდება ერთიანი ეროვნული პროფესიული ტესტირების ჩატარებისასშარშან, 5 ნოემბერს ისეთი ტესტირება ჩაატარეს, კოლეჯებში მხოლოდ ნახევარი ჯგუფები დაკომპლექტდა, 3–6 სტუდენტის ოდენობით; ეს ნიშნავს, რომ ერთ ჯგუფზე ვაუჩერული დაფინანსება, პედაგოგების ხელფასის ანაზღაურებას ყოფნიდა, 5–6 ათასის გარღვევა იყო. მაისში ხელმეორე ტესტირებები ჩატარდა და კოლეჯებში 5 ათასი მსურველის მაგვრად, მაქსიმუმ 1500 ირიცხება.

თქვენი შეფასებით, რამ განაპირობა ამგვარი შედეგის დადგომა და რაშია გამოსავალი?

იმის შედეგია, რომ განათლების სამინისტრო არ არის გამჭვირვალე, საზოგადოებასთან შეჯერებული, არ სურს წინასწარ ისაუბროს ხარვეზებზე, რაც არასწორმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მოუტანოს პროფგანათლების სისტემას.

ერთი წელია დავადგინეთ, რომ 26 ახალი პროფესიული კოლეჯი უნდა აღდგეს და არც ერთი არ არის აღდგენილი, სამართლიანობა კვლავ იგვიანებს. 4 საუკეთესო კოლეჯი, შაშკინის ხელშეწყობით ბენდუქუიძემ მიითვისა, უკან არ არის დაბრუნებული, უამრავი პრობლემებია. უმაღლეს სასწავლებლებში ვითომ ტარდება პროფესიული პროგრამები, მაგრამ არც ერთი კურსდამთავრებული არ საქმდება, შედეგი ნულია. სამაგიეროდ, თითოეულ სტუდენტზე 2250 ლარიანი ვაუჩერია გამოყოფილი, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა მიმდინარეობს. პროფესიული განათლების უმთავრესი პატრონი განათლების სამინისტროა, რომლის წარმომადგენლები ტრაბახის გარდა, არაფერს აკეთებენ. სანამ სამინისტროს მესვეურები არ ჩამოყალიბდებიან, რომ არც ერთი საკითხი დამოუკიდებლად არ უნდა გადაწყვიტონ და ყველაფერი ეროვნული პროფესიული საბჭოს ფორმატში უნდა იყოს შეჯერებული დამსაქმებლებთან, პროფკავშირებთან, კოლეჯებთან და ექსპერტებთან, მანამდე არაფერი გამოვა. მყარი გარანტიით შემიძლია გითხრათ, რომ მოდულურ სისტემაზე გადაყვანის მცდელობაზე დრო და მით უფრო სახსრები არ უნდა დაიხარჯოს. გაეროს პროგრამა უნდა გაერკვეს მაინც რაში ებმება, რადგან ქვეყანაში პროფესიული განათლების დამტკიცებული სტანდარტი არ არსებობს. ამის გარეშე, მათ მიერ შემუშავებული პროგრამის პილოტირება კანონიერი არ იქნება, მით უფრო მოდულური მეთოდიკის სწავლება პედაგოგებისთვის აბსურდის თეატრია, მათ თავბოლოს აურევენ. სამინისტროს აბსოლუტურად გამოუცდელი და არაკომპეტენტური აპარატი აქვს და რა ქნას უბედურმა ქვეყანამ? თანამშრომლები ბრმად უფროსების დავალებას ასრულებენ, ხოლო ხელმძღვანელობა მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ტრაბახობს სიახლეებით, რაც თავის მოტყუებაა, მეტი არაფერი.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია