მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,გამოიძიონ რატომ მიიღეს დაბალი ქულები წარჩინებულებმა და აგონ პასუხი დამნაშავეებმა’‘ - 14 ივნისი 2014

განათლების ექსპერტი მანანა ნიკოლაიშვილი საკანონმდებლო ხარვეზის გამოსწორებას, განათლების ცენტრის გაკონტროლებას ან გაუქმებას ითხოვს   

myrights.ge

საჯარო სკოლებში გამოსაშვებ გამოცდებთან (CAT) დაკავშირებით განსხვავებული შეფასებები კეთდება. გამოცდების ეროვნული ცენტრი მიღებული შედეგით კმაყოფილია და სისტემის გაუმართაობაზე ბრალდებას უარყოფს, რასაც ვერ ვიტყვით მოსწავლეებისა და ექსპერტთა ნაწილზე. „ვერსია“ „განათლების ლიგისხელმძღვანელს, მანანა ნიკოლაიშვილს ესაუბრა.     

_ ქალბატონო მანანა, როგორ ჩატარდა მე-12 კლასელთა გამოსაშვები გამოცდები?             

_ გამოსაშვებ გამოცდებთან დაკავშირებით, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს, მაია მიმინოშვილს არაადეკვატური პასუხები აქვს. ამბობს, ყველაფერი ჩვეულებისამებრ იყოო, რაც ტყუილია _ წარჩინებულ მოსწავლეებს მისმა პროგრამამ 6-დან 8 ქულამდე დაუწერა, იშვიათად წერდა ათიანებს. უცხო ენაშიც, ინგლისურენოვანმა ბავშვებმაც კი, დაბალი ნიშნები მიიღეს; მსოფლიო და ევროპულ ტურნირებზე თუ კონკურსებში გამარჯვებულებმა მიიღეს ამ ოთხ საგამოცდო საგანში ექვსი და შვიდი ქულა. რასაკვირველია, არიან ჩაჭრილებიც. ეს ბუნებრივია _ სადაც გამოცდაა, იქ ჩაჭრილებიც იქნებიან. იმაზე ვდავობ, რომ წარჩინებულმა მოსწავლეებმა ძალიან დაბალი ნიშნები მიიღეს.                 

_ თქვენი შეფასებით, წარჩინებულებს დაბალი ქულები რატომ დაუწერა პროგრამამ?                  

_ გამოცდების ეროვნულ ცენტრს სახელმწიფო არ აკონტროლებს. ეს ქართული კანონმდებლობის ხარვეზია. კანონში ცვლილება შეიტანეს, რომ პრემიერ- მინისტრთან უნდა შეთანხმდეს ცენტრის ხელმძღვანელის კანდიდატურა. თუ პრემიერს უთანხმებ დანიშვნა- გათავისუფლების საკითხს, რატომ არ შევიდა კანონში ცვლილება, პრემიერ- მინისტრის დონეზე მუდმივმოქმედი კომისია შექმნილიყო და პროფესიონალებით დაკომპლექტებულს ეს დარგი გაეკონტროლებინა? ამ კომისიაში უნდა ყოფილიყვნენ რვა საგნის ცნობილი ექსპერტები და ფსიქოლოგები, ასევე ტესტების ხარისხის დამდგენი სპეციალისტები. გამოსაშვები გამოცდები ისე ჩაატარეს, ტესტების ხარისხზე სახელმწიფოში დასკვნა არ დევს. არადა, არსებულ ტესტებზე სამინისტროს საგნობრივი ექსპერტების დასკვნები აუცილებლად უნდა იდოს.                 

_ და რატომ არაა ეს დასკვნები გაკეთებული?               

_ იმიტომ, რომ ესეც კანონმდებლობის ხარვეზია. პრემიერის დონეზე რომ შექმნილიყო მუდმივმოქმედი კომისია, მიმინოშვილი მას დაემორჩილებოდა, სამინისტროს კი, როგორც ფაქტობრივი მასალებიდან ჩანს, არ ემორჩილება, მაგრამ ვიმეორებ _ ეს საკანონმდებლო ხარვეზის შედეგია. მიმინოშვილი დასკვნებს არ იძლევა, ამბობს, კონფიდენციალურიაო. რას ჰქვია კონფიდენციალური? თვითონ ინახავს და სახელმწიფო, სამინისტრო, კონფიდენციალურ ინფორმაციას ვერ შეინახავს? ან როგორ შეიძლება, ასეთ ადგილზე, სადაც კორუფციის საფრთხე დიდია, ერთი და იგივე ადამიანები და ექსპერტთა ჯგუფი 14 წელი მუშაობდეს? როგორ, ამდენი დაბალი ნიშანი რომ დაიწერა, სახელმწიფო არ არის ვალდებული, კომისია დანიშნოს და გამოიკვლიონ საკითხი? წესით, ყოველთვის ასე ხდებოდა, წარჩინებული ბავშვი გამოსაშვებ გამოცდაზე დაბალ ნიშანს თუ მიიღებდა, სამინისტროში იბარებდნენ, სკოლას, დირექტორს, საგნის მასწავლებელს პასუხი უნდა ეგო, რატომ მიიღო ბავშვმა ასეთი დაბალი შეფასება. თუ ვერ დაასაბუთებდნენ, თანამდებობიდან ხსნიდნენ. ეს ხომ ელემენტარული პასუხისმგებლობის საკითხია _ ნიშნები გაყალბებულია, ან სკოლამ გააყალბა ან გამოცდების ცენტრმა, შუალედი არ არსებობს. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, ეს გამოცდები უხარისხოდ ჩატარდა. მიმინოშვილი ამბობს, რომ სკოლებმა გააყალბა ნიშნები. გამოარკვიონ, ვინაა მართალი. მეფე შიშველია, ჰა ბურთი და მოედანი. პრობლემაა ისიც, რომ არც მასწავლებელმა, არც დირექტორმა და არც მშობელმა იცის შეფასების კრიტერიუმები. მინისტრის ბრძანებით, ნორმატიული აქტი უნდა დაემტკიცებინათ, მაგრამ რეალურად, გამოცდა ამის გარეშე ჩატარდა, ამიტომ ეს გამოცდები საერთოდ გასაუქმებელია და უნდა დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. კეთილი ინებოს ხელისუფლებამ და, ეს საქმე გამოიძიოს. საბოლოოდ, თუ სახელმწიფო ვერ შექმნის გამოცდების ეროვნული ცენტრის კონტროლის სათანადო მექანიზმს, სჯობს, საერთოდ გააუქმოს ეს ცენტრი. ასე ბევრ უსიამოვნებას აიცილებს თავიდან და თანხებსაც დაზოგავს _ მარტო CAT-ის (გამოსაშვები) გამოცდები ათეულობით მილიონი ლარი ჯდება. ეს ფული ბიუჯეტიდან იხარჯება და სჯობს, სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას მოხმარდეს, რაც განათლების ხარისხს აამაღლებს.                

_ გამოცდებზე ჩაჭრილ მოსწავლეებს რა ბედი ელის?                 

_ უსამართლობაა, რომ საქართველოში, ჩაჭრილ მოსწავლეებს ერთ წელს აცდევინებენ, რატომ არ შეიძლება გონივრულ ვადაში დაინიშნოს გამოცდები? მაგალითად, ერთი ან ორი თვის შემდეგ. რა საჭიროა, ახალგაზრდა ერთი წელი მოვწყვიტოთ აქტიურ ცხოვრებას, წინსვლასა და პროგრესს? არ მესმის, ეს ვის რაში სჭირდება.                 

_ თქვენი პროგნოზით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც იქნება გარკვეული პრობლემები?             

_ ამ გამოცდებზე მოველი ურთულეს ტესტებს, უდაბლეს ნიშნებს და ბევრ ჩაჭრილ აბიტურიენტს. „ქათისგამოცდები ერთიანი ეროვნული გამოცდების შესავალი იყო და ხელისუფლებამ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციოს.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია