მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქიზიყელი გლეხის მიმართვა ქიზიყელ პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს - 22 ივნისი 2014

myrights.ge

ქართულ პოლიტიკაში სიმბოლოდ იქცა გირგვლიანი, როგორც ძალადობის მსხვერპლი. ძალადობა მრავალგვარია და სამწუხაროდ, ყველა ქალაქსა და სოფელს თავისი გირგვლიანი ჰყავს“, _ ესაა ამონარიდი ,,ვერსიის' ერთგული მკითხველის, სიღნაღის რაიონის სოფელ ზემო ბოდბეში მცხოვრები სოსო კოჭლამაზაშვილის წერილიდან. წერილის ადრესატები, ასევე ქიზიყელები _ პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე არიან. „ვერსიაწერილს უცვლელად იმ იმედით აქვეყნებს, რომ სათანადო გამოხმაურება მოჰყვება:         

როცა ანტიდისკრიმინაციულ კანონზე საუბარი დაიწყო, იმედი მქონდა, ამ მიმართულებით რეალურ ნაბიჯებს გადადგამდით. სამწუხაროდ, მივიღეთ ტრაგიკომიკური სიტუაცია, სადაც არასაპარლამენტო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ადამიანის უფლებები კონსტიტუციით ისედაც დაცულია და დამატებით კანონებს აღარ საჭიროებს. ხელისუფლება კი, საპარლამენტო უმცირესობასთან ერთად, მიიჩნევს, რომ ამ კანონის მიღებით პრობლემა მოაგვარა. ერთი ჩვეულებრივი მოქალაქის თვალით დანახულ დისკრიმინაციის ფაქტებს მოგიყვანთ და თავად გააკეთეთ დასკვნა, როგორ იცავს კონსტიტუცია ადამიანებს და თუ არ იცავს, გათვალისწინებულია თუ არა არსებული მდგომარეობა ახალ კანონში. რამდენი ქვეყანა იცით, სადაც მასობრივად აიძულებენ მოსახლეობას, ფული გადაიხადოს პროდუქციაში, რომელიც არ უყიდია და არ მოუხმარია? მეზობელი მყავს, რომელიც 7 წელია სოფელში არ ჩამოსულა. ამ დროს, „კახეთის ენერგოდისტრიბუციამორ წელში 610 ლარის დავალიანება დააკისრა და დენიც ჩაუჭრა. ამ ადამიანმა ახლახან გაიგო, რომ ელექტროენერგიის აღსადგენად რამდენიმე ასეული ლარის გადახდა მოუწევს, იმის მიუხედავად, რომ აღნიშნულ პერიოდში 1 კილოვატიც არ მოუხმარია. თუნდაც ეს შემთხვევა კარგად აჩვენებს აბსურდსა და ძალადობას, რაც ამ სფეროშია. როგორც ვიცი, მარტო სიღნაღის რაიონში, 4,5 მლნ ლარიშეაწერესმოსახლეობას (განაწილებული ნაშთის სახით ანუ მოსახლეობა მრიცხველის დაწერილი დენის საფასურის გარდა, დამატებით იხდიდა ამ .. განაწილებულ ნაშთს). მართალია, ამ თანხების დარიცხვა 2012 წლის იანვრამდე მოხდა, მაგრამ მათი ამოღება დღესაც გრძელდება და ეს უმეტესად, ძალადობით და უკანონოდ ხორციელდება. იმის მიუხედავად, რომ სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, უფლება არ აქვთ, ძველი დავალიანების გამო შეჭრან დენის მოწოდება, გადახდას სწორედ ამ მეთოდით აიძულებენ. მე პირადად, სხვადასხვა გზით ვცადე პრობლემის მოგვარება, ახლა უკვე სასამართლოს გზას დავადექი. მსურს, სასამართლომ დაადასტუროს, რომ კომპანია, სახელმწიფოსთან ერთად, ცდილობს ფულიშემაწეროს“. მსგავსი ძალადობა უცხო არც წყლის კომპანიისთვისაა: ჩვენს სოფელში (ზემო ბოდბე) წყლის მრიცხველები დაგვიყენეს 100 ლარად, რომელიც მაღაზიაში 28-32 ლარი ღირდა. აღმოჩნდა, რომ ეს მრიცხველები მუდმივი წყლის პირობებში უნდა გამოიყენო. ასევე, გაირკვა, რომ სანამ წყალი წამოვა, მას ჰაერი ატრიალებს და შეიძლება, 100-150 ლიტრიც კი დაწეროს. რა თქმა უნდა, ამას უკმაყოფილება მოჰყვა და ზოგმა მრიცხველის საფასურის გადახდა შეწყვიტა, რის გამოც წყლის შეჭრით ემუქრებიან. სხვათა შორის, ბევრ უბანში მოსახლეობას საკუთარი ხარჯით აქვს გაყვანილი წყალი. მგონი, გასაგები სიტუაციაა _ ერთი მხრივ, დენის მრიცხველის გამართულობის მიუხედავად, გაიძულებენ ასობით ლარის გადახდას, მეორე მხრივ, უვარგის მრიცხველს სამმაგ ფასად გაყიდვინებენ. ასეთივე ქაოსია გაზთან დაკავშირებითაც _ „სოკარიორმაგ ფასში აყენებს მრიცხველებს (2011 წელთან შედარებით), თან მხოლოდ ფოლადის მილებით შეყავთ გაზი, რაც გაცილებით ძვირი ჯდება. ახლა კი, უფრო მძიმე ფაქტებს გეტყვით: 2014 წლის 1 იანვარს, სოფელში მიცვალებული მოასვენეს, 42 წლის კაცი, 4 შვილის მამა, ახალ წელს სამსახურში გარდაიცვალა _ ერთ ობიექტს იცავდა, სადაც, ფაქტობრივად, ღია ცის ქვეშ უწევდა ყოფნა. სიცივემ და მძიმე პირობებმა ჯანმრთელობა შეურყია, მკურნალობის დაწყება ვერ გაბედა, იცოდა, თუ სამსახურს გააცდენდა, გამოაგდებდნენ; არადა, 1 წელი აკლდა საპენსიო სტაჟამდე და გადაწყვიტა, მოეთმინა. სახლში დაბრუნებული საათობით იჯდა ღუმელთან და სიცივისგან კანკალებდა, მაგრამ ოთხი შვილის მამა იყო და ყველაფერს იტანდა, იტანდა სიცოცხლის ბოლო წუთამდე, სანამ შეეძლო. ქართულ პოლიტიკაში სიმბოლოდ იქცა გირგვლიანი, როგორც ძალადობის მსხვერპლი. ძალადობა მრავალგვარია და სამწუხაროდ, ყველა ქალაქსა და სოფელს თავისი გირგვლიანი ჰყავს. დღეს, ჩემს სოფელში 20 წლის ბიჭის სიცოცხლე სასწორზე დევს _ მკურნალობისთვის 15 ათას ევრომდე სჭირდება, ოჯახს კი საშუალება არ აქვს _ რამდენი ხანია, უშედეგოდ ცდილობს მკურნალობისთვის საჭირო სახსრების მოძიებას. სათქმელი ბევრი მაქვს, მაგრამ ერთ წერილში ვერ ჩავტევ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ კარგად მესმის, დემოკრატია თავისუფლების პრინციპია, რომლის თანამედროვე გაგებაც ადამიანის თავისუფალ არჩევანს გულისხმობს რელიგიური, სექსუალური თუ სხვა მიმართულებით, მაგრამ ისიც კარგად ვიცი და თქვენც შეგახსენებთ, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კანონიერების პრინციპია, რომელიც ადამიანის ბუნებით უფლებებს ეფუძნება და რომელიც 18 საუკუნის ბოლოდან გახდა ის ფუნდამენტი, რაზეც თანამედროვე დასავლური დემოკრატია დგას. სანამ ეს უფლებები შელახულია, ყოველგვარი საუბარი დემოკრატიაზე და თავისუფლებაზე, მხოლოდ თავის მოტყუება იქნება. მნიშვნელობა არ აქვს, რა ფორმით და რა სახელის კანონით დარეგულირდება, მთავარია, შინაარსით რეალურად ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკა გაატაროთ. დღეს ეს საკმაოდ ღრმა და რთული პრობლემა სექსუალური უმცირესობის საკითხად იქცა, რეალობა კი გაცილებით მძიმეა და თქვენგან კონკრეტულ ნაბიჯებს ითხოვს'.

 

თავისუფალი ტრიბუნა

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია