მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სექტემბრიდან სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება - 23 ივნისი 2014

რამდენ სკოლაში შევლენ და რა პრინციპით მოხდება ექიმთა არჩევა

myrights.ge

ახალი სასწავლო წლიდან საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტები აღდგება. როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, სკოლების უმეტესობა, წლების განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მომსახურებით სარგებლობდა და იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში ჩართული არ იყო; ამასთან, არ არსებობდა მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონაცემთა ბაზა და არ მოქმედებდა რეფერალის განხორციელების ადეკვატური მექანიზმი; სკოლებში ფიქსირდებოდა ეპიდემიოლოგიურად არაკეთილსაიმედო მდგომარეობა, ჰიგიენის საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულობისა და ცოდნის ნაკლებობა იყო.     

2014-2015 სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო საჯარო სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენის პილოტირებას იწყებს. პროექტის ფარგლებში, სკოლის ექიმი მოსწავლეებს დროულ პირველად სამედიცინო დახმარებას აღმოუჩენს; დაგეგმავს და განახორციელებს ჯანმრთელობის ხელშემწყობ ღონისძიებებს; განახორციელებს ქრონიკული დაავადებებისა და სასკოლო ტრავმატიზმის პრევენციას; გაავრცელებს ინფორმაციას იმუნიზაციისა და ინფექციური დაავადებების პრევენციულ მექანიზმებზე; სკოლის დირექციასა და დამრიგებლებს მისცემს რეკომენდაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ; სკოლები აქტიურად ჩაერთვებიან იმუნიზაციის ხელშემწყობ პროცესებში; მოხდება ჯანმრთელობისა და ჰიგიენის დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ინფორმირებულობისა და ცოდნის ამაღლება. სკოლის სამედიცინო კაბინეტი აღჭურვილი იქნება ინვენტარით, მედიკამენტებითა და სხვა საჭირო რესურსით.

აღნიშნულ პროექტზე განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროებმა მთელი წლის განმავლობაში ერთობლივად იმუშავეს. შედეგად, ახალი სასწავლო წლიდან, სკოლის ექიმებად დასაქმდებიან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შერჩეული პირები, რომლებიც ფლობენ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის დამადასტურებელ სახელმწიფო სერტიფიკატს საექიმო სპეციალობაში _ საოჯახო მედიცინა/ პედიატრია. ჯანდაცვის სამინისტრო შეარჩევს და გადაამზადებს სკოლის ექიმებს და განახორციელებს მათი საქმიანობის მონიტორინგს. განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს საპილოტე სკოლების შერჩევას, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ- ტექნიკური ბაზის მოწესრიგებას. სკოლის ექიმის ხელფასი განათლების სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყოფა, თუმცა ხელფასის ზუსტი ოდენობა ჯერ განსაზღვრული არაა.

განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის ინფორმაციით, ხელფასის ოდენობა იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ცვლაში იმუშავებს ექიმი. მხოლოდ პირველი ცვლის ბავშვებთან მომუშავე მედპერსონალის ხელფასი დაახლოებით 350-400 ლარით განისაზღვრება. რაც შეეხება ინვენტარს, რომლითაც ექიმის კაბინეტი უნდა აღიჭურვოს, განათლების მინისტრის თქმით, უახლოეს პერიოდში ინვენტარზე ტენდერი გამოცხადდება _ უკვე არსებობს მაკეტი, როგორ უნდა გამოიყურებოდეს სკოლის სამედიცინო პუნქტი. სანიკიძე ვარაუდობს, რომ ინვენტარის შესყიდვების პროცედურას ერთი თვე დასჭირდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის _ „გვახსოვდეს ჰიპოკრატეხელმძღვანელი მარინა ბერაძე სკოლებში სამედიცინო კაბინეტების აღდგენას კარგ და მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს:

სკოლებში სამედიცინო კაბინეტები ყოველთვის იყო და როცა მოისპო, ყველა უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რადგან ბავშვებისთვის ელემენტარული სამედიცინო დახმარების გაწევის შესაძლებლობა აღარ არსებობდა. თუ გვინდა, ჯანსაღი თაობა გავზარდოთ, აუცილებელია, ბავშვები ექიმის სტაბილური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ. არ ვიცი, კაბინეტის იდეა როგორ იქნება დაგეგმილი და განხორციელებული, როგორი სამედიცინო პერსონალი შევა, მაგრამ, თუ სკოლაში სტომატოლოგიც იმუშავებს, მისასალმებელი იქნება. უპირველესად, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ბავშვები მერხთან სწორად ისხდნენ, ესეც ექიმმა უნდა შეამოწმოს; ასევე სანიტარული მდგომარეობა უნდა გააკონტროლონ, მოვლის ელემენტარული უნარ-ჩვევები უნდა შეასწავლონ. სკოლებში, იცით, სტომატოლიგი აუცილებელი რატომაა? _ საერთოდ, ნებისმიერი დაავადების, მათ შორის, ინფექციურის გამოვლენის პირველი ნიშანი პირის ღრუშია და დასტაქარმა მშობელს მიმართულება უნდა მისცეს, რა კუთხით მიაქციოს ბავშვის ჯანმრთელობას ყურადღება. როცა სანიტარულ- ეპიდემიოლოგიური სამსახური არსებობდა და სკოლების სამედიცინო კაბინეტთან კავშირი ჰქონდა, მაგალითად, ტუბერკულოზზე, მანტუს სინჯზე ბავშვები მოწმდებოდნენ’‘.

2014 წლის სექტემბრიდან სამედიცინო კაბინეტი 100 საპილოტე სკოლაში განთავსდება...   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია