მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,ექვსი ,,სუ-25’‘-ის გაყიდვა დიდი დანაკლისი იქნება საქართველოს სამხედრო ძლიერებისთვის’‘ - 27 ივნისი 2014

რა კითხვებსა და ეჭვებს უჩენს სამხედრო ექსპერტებს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება მოიერიშე თვითმფრინავების გაყიდვის თაობაზე 

myrights.ge   

თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებაში არსებული 12 ერთეული ,,სუ-25’‘ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავიდან, ხუთის გაყიდვას გეგმავს. გენერალური შტაბი ამტკიცებს, რომ ხუთივე ,,სუ-25’‘ „შეკეთებასა და რემონტს არ ექვემდებარება“: „შეიარაღებული ძალების საავიაციო პარკი საჭიროებს განახლებას. მათ შორის არის ხუთი ერთეული ,,სუ-25’‘ მოიერიშე თვითმფრინავი. მათი გაყიდვა იგეგმება, რადგან ისინი ამორტიზირებულია და გარემონტებას არ ექვემდებარება. რამდენიმე წელია მათი ექსპლუატაცია სიძველის გამო ვერ ხერხდება. ,,სუ-25’‘-ის გაყიდვის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ზუსტი დრო განსაზღვრული არ არის. მოიერიშეების გაყიდვით მიღებული თანხები მოხმარდება საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებას. თავდაცვის სამინისტროს ამოცანაა, საქართველოს ჰქონდეს თანამედროვე შეიარაღება და საავიაციო პარკის განახლებაც ამ მიზანს ემსახურება“.

წინა ხელისუფლების წარმომადგენლები თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას მკაცრად აკრიტიკებენ. ჯერჯერობით, პასუხგაუცემელი კითხვები აქვთ სამხედრო ექსპერტებსაც.

სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, ანდრო ბარნოვის განცხადებით: „როცა ჯერ კიდევ წინა გაზაფხულზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, მთავრობადელტასკომპლექსის ეკონომიკის სამინისტროზე გადაცემასა და გაყიდვას აპირებსო, გამოვარდნენ მინისტრები, მეოცნებე დეპუტატები და პრეზიდენტი ტყუილში დაადანაშაულეს. წელიწადზე ნაკლებ დროში, მთავრობამ მართლაც გადასცა ,,დელტა’‘ ეკონომიკის სამინისტროს და საწარმოს მუშაობა სრულად გააჩერეს. ვერ გაყიდეს, თავიდანვე უნდა სცოდნოდათ, მისი გაყიდვა, სპეციფიკიდან გამომდინარე, მარტივი არაა, მაგრამ მცდელობა გრძელდება, საწარმო კი უქმადაა. ასეა თუ ისე, მთავრობის უტიფარმა ტყუილმა ისე ჩაიარა, ბევრმა ვერ შეამჩნია. კრემლში მშვიდად არიან, ჩვენი თავდაცვის მრეწველობა კი იძირება. თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ საწარმოს გაჩერებას არ დასჯერდნენ და ახლა ,,სუ 25’‘-ების გასხვისებას აპირებენ. სისულელე და ტყუილია, თითქოს თვითმფრინავები ამორტიზებულია და ვერ შეკეთდება. ჯერ ერთი, თუ რომელიმე ხომალდს ფრენის რესურსი ამოეწურა, შესაბამისი სერვისის შემდეგ მისი განახლება შესაძლებელია. და თუ მართლაც აღარ კეთდება და გამოუსადეგარია (რაც წარმოუდგენელია), ვის უნდა მიყიდონ ეს ჯართი? სამწუხაროა, რომ გონივრული ტყუილის მოსაგონებლადაც კი არ იწუხებენ თავს. თავდაცვაში ასევე განაცხადეს, ფლოტის განახლებას ვაპირებთო. ახალი ფრანგული ვერტმფრენების გაყიდვაც ამ მიზანს ემსახურება?“

თავდაცვის ექსმინისტრი, ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბაჩო ახალაია ერთ-ერთ სააგენტოსთან აცხადებს: „მოიერიშე თვითმფრინავები კარგ მდგომარეობაში დავტოვე. მათი გამოყენება დაახლოებით კიდევ 20 წელი იქნებოდა შესაძლებელი და მტკიცება, თითქოს ისინი უვარგისია, მხოლოდ თეთრის შავად წარმოჩენაა. მეტიც, ჩვენ არათუ ამ ,,სუ-25’‘-ების მოვლა- პატრონობა, არამედ ახლის წარმოებაც შეგვიძლია. საქართველო კი არ უნდა ყიდდეს, არამედ ყიდულობდეს თუნდაც ამორტიზებულებს, რადგან შეგვიძლია მათი გარემონტება და საბრძოლო ფორმაში მოყვანა. ეს მაგონებს იმ მოვლენას, როცა აფხაზეთში 1992 წლის ომის დროს საქართველომ რაღაც გაუგებარი მოტივით გაყიდა სწორედ ასეთი ,,სუ-25’‘-ები. ეს შეიძლება, მხოლოდ ერთ რამეს ემსახურებოდეს _ ჩვენი ისედაც შეზღუდული თავდაცვისუნარიანობის საკმაოდ მსუყედ შესუსტებას. როგორც ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს უბრალოდ სახელმწიფო ღალატის ტოლფასია. საქართველოს თვითმფრინავის კი არა, ტყვიის გაყიდვის უფლებაც არ აქვს“.

სამხედრო ექსპერტ გიორგი თავდგირიძის შეფასებით, ,,სუ-25’‘-ების გაყიდვა ბევრ კითხვას ბადებს და საქართველოს საავიაციო პარკის განახევრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მსჯელობასმოკლებულია. მისივე თქმით, საკითხი საკმაოდ პრობლემურია _ 2008 წლის შემდეგ, რუსეთმა ემბარგო გამოაცხადა და ყველა ქვეყანას, რომელიც ამა თუ იმ ფორმით დაკავშირებულია საბჭოთა თუ რუსული საბრძოლო ტექნიკის წარმოებასთან, საქართველოსთვის საბრძოლო ტექნიკის მიყიდვა აუკრძალა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პრობლემა შეექმნებათ, რუსეთიდან მარაგ ნაწილებს ვერ მიიღებენ: „თუ ისინი მართლაც მწყობრიდან გამოვიდა, ამის ორი მიზეზი შეიძლება არსებობდეს: საბრძოლო დაზიანება ან არასწორი ექსპლუატაცია. უნდა გვითხრან, რომელი მინისტრის პერიოდში გამოვიდა ისინი მწყობრიდან და რა მიზეზით. ამორტიზაციაასეთი თემა ბუნებაში არ არსებობს, ამაზე უფრო ხანდაზმული თვითმფრინავებია მწყობრში’‘.

სამხედრო ექსპერტი ირაკლი ალადაშვილი მიიჩნევს, რომ, როცა ქართული სამხედრო ავიაცია ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, ,,სუ-25’‘-ების გაყიდვა მიზანშეწონილი არ არის: „სავარაუდოდ, გასაყიდად ყველაზე მოძველებულ და კაპიტალური რემონტის მომლოდინე მოიერიშეებს შეარჩევდნენ, რომელთა ფასი 2-3 მლნ დოლარიც კი არ იქნება. ექვსი თვითმფრინავის გაყიდვით, თავდაცვის სამინისტრომ შეიძლება 15 მლნ დოლარიც კი ვერ აიღოს, არადა, დაახლოებით ამდენი ღირს ერთი ახალი ,,სუ-25’‘ ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი. სამაგიეროდ, ქართულ სამხედრო ავიაციას ექვსი მრისხანე საბრძოლო თვითმფრინავი დააკლდება, რაც მნიშვნელოვანი დანაკლისი იქნება საქართველოს სამხედრო ძლიერებისთვის. თუ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროს არ აქვს სახსრები, ისინი გაარემონტოს და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანოს, შესაძლებელია ამ საფრენი აპარატების დაკონსერვება- შენახვა გარემონტებამდე“.   

მერაბ ბერიძე

წყარო: versia.ge

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია