მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
,,თუ ევროპულ სივრცეში გვინდა, ევროპულად ცხოვრებასა და ბევრ მუშაობას უნდა მივეჩვიოთ’‘ - 04 ივლისი 2014

რა მოლოდინი აქვთ მოქალაქეებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ  

myrights.ge

27 ივნისს, საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტს საქართველოს მხრიდან ხელი მოაწერა ქვეყნის პრემიერ- მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მხრიდან _ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რომპეიმ და ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის ლიდერებმა.

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულება 1 135-გვერდიანია. შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა მოახდინონ. პირველი ამ ნაბიჯს ლატვია გადადგამს, 3 ივლისს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების ძალაში სრულად შესვლა 2015 წლისთვისაა ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DFA _ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება. საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღესასოცირების დღის წესრიგი“, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს.

ჩვენ დავინტერესდით, როგორია ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისადმი ხალხის დამოკიდებულება და რა მოლოდინი აქვთ მათ 27 ივნისის შემდეგ. ამ მიზნით, რამდენიმე მოქალაქეს ვესაუბრეთ, რომელთა პოზიციებს, უცვლელად და უკომენტაროდ გთავაზობთ.

გიორგი გრიგალავა: „ნუ ვიჩქარებთ. მარტივად რომ ვთქვათ, ევროკავშირთან ინტეგრაცია ადვილი არ იქნება. დროთა განმავლობაში ყველაფერი ევროპული სტანდარტის გვექნება, მათ შორის პასუხისმგებლობაც. ბევრს არ მოეწონება, რადგან, პირველ რიგში, საკანონმდებლო ცვლილებები გველის. სავარაუდოდ, ყველაფერი შედარებით გაძვირდება, მაგრამ სხვა გზა არ არის. თუ ევროპულ სივრცეში გვინდა, ჩვენც ევროპულად ცხოვრებას, უპირველესად კი, ბევრ მუშაობას უნდა მივეჩვიოთ. ადვილი არ იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბარიერს გადავლახავთ“.

არჩილ მუშკუდიანი: „დღეს ქვეყანას რეალური სარგებელი სჭირდება და არა ტრალი- ვალი, თუნდაც გაევროპელებული შალახო. სახეზეა მხოლოდ ვალდებულებები, ახალი რეგულაციების თავსმოხვევა და არანაირი რეალური სარგებელი, რომელიც ხალხის კეთილდღეობასა და უსაფრთხოებაზე აისახება. თავდაცვით იარაღსაც კი არ გვაძლევენ, რაზეა საერთოდ საუბარი?“

გივი მეტონიძე: „რეალური სარგებელი იქნება იმ სტანდარტებთან მიახლოება, რაც ევროპაში მოქმედებს. მინდა, ევროპული სასამართლოს ანალოგი საქართველოში, იქაური პოლიციის მსგავსი ქართული სამართალდამცავი ორგანოები, ევროპულ განათლების სისტემასთან მიახლოებული განათლების სისტემა... ხალხის კეთილდღეობაზე პირდაპირ როგორ უნდა აისახოს, ფულს ხომ არ ჩაგვიდებენ ჯიბეში? ფულს არავინ მოგვცემს, ბევრი მუშაობა მოგვიწევს“.

ნათელა ჭანტურია: „ასოცირების ხელშეკრულებაზე თურქებს 1962 წელს აქვთ ხელი მოწერილი და მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცის ბაზრის გახსნის შემდეგ დადგნენ ფეხზე, ბოლო 20 წელიწადია. ჩვენივე საქონლის ბუნებრივ ბაზარს ვკარგავთ და იმის დაპყრობა გვინდა, რომელიც გაჯერებულია დასავლური სტანდარტების საქონლით. მასთან მიახლოებისთვისაც კი მილიარდობით ინვესტიციაა საჭირო. უფრო მეტად გაივსება ქართული ბაზარი დასავლური საქონლით. ხოლო ჩვენთან რაც მუშაობს, ისიც ბევრი გაჩერდება. ხალხს ისევ ილუზიებით კვებავენ, მაგრამ მალე მიხვდებიან ამ მორიგ აფერას“.

რეზო მინდიკაური: „ზოგადად, ევროპას ჯობია რუსეთსტექნოლოგიებით, მეცნიერულ- ტექნოლოგიური პროგრესით, პროდუქციის ხარისხის სტანდარტებით, განათლების დონით, არქიტექტურით, კულტურისა თუ ხელოვნების მიღწევებით და თუნდაც სპორტით. აღარაფერს ვამბობ, ევროპელების მაღალ სამოქალაქო წესრიგზე... ამიტომ ევროპასთან ინტეგრაციისათვის გადადგმული ყოველი ნაბიჯი მხოლოდ მისასალმებელია“.

სოსო კოჭლამაზაშვილი (სიღნაღის მკვიდრი): „ბოლო დროს ბევრს ვეკითხები, რას ფიქრობენ ასოცირების შეთანხმებაზე. პასუხების უმრავლესობა ასეთია: „რამე კარგი რო იყოი, ექამდე ტვინ მაიწამლიდნენ (ამას ცოტა სხვანაირად კი ამბობენ), აი გეშველებათ გლეხებ ან ვისმესო, მარტო იძახიან, შავდივართ და გიხაროდეთოშე მამაძაღლო, ის მაინც მითხარ, რა მაქ სასიხარულო, იქნება მართლა გამიხარდეი; ან ეგ რა არი, მა ევროპაში მაგრე შვრებიან, სადმე რო შადიან, ხალხ არ ეკითხებიან და ეგრე ჯოგივით ერეკებიან?“ მე, როგორც პროცედურული დემოკრატიის სულისკვეთებით გაჟღენთილი მოქალაქე, არ ვნებდები და ვცდილობ, აზრი შევაცვლევინო, რადგან ასოცირების მთავარი სიკეთეები, უვიზო მიმოსვლა და პროდუქციის ევროპის ბაზარზე გატანაა. არგუმენტებიც მომყავს. ვიცი, უვიზო მიმოსვლა აქ ნაკლებად აინტერესებთ, ამიტომ პროდუქციის გატანაზე ვაკეთებ აქცენტს. ვაქებ ევროპულ ბაზარს და დიდ პერსპექტივებს ვპირდები. ამაზე იცინიან, იგინებიან კიდეც. გინების მასშტაბები სხვადასხვაანიჭისა და უნარის მიხედვით. ვიცი, ინტელექტუალებს ეს საუბარი პრიმიტიულად და არასერიზულად მოგეჩვენებათ, მაგრამ შევეცდები, აზრი შეგაცვლევინოთ. ერთ მაგალითს მოვიყვან, რომ მათი დამოკიდებულების რეალურ მიზეზებს ჩაწვდეთ _ 1 ლიტრი ღვინის ფასი 2-2,5 ლარია. თავად გლეხები კი, ღვინოს 1,2_1,3 ლარად ყიდულობენ. თუ გაგიმართლა, შეიძლება 1,5 ლარიც მოგცენ. ამაზე მეტს არ იხდიან. ნაღდ ღვინოზე აღარაფერს ვიტყვი. როგორც კახეთში ამბობენ, „ნამუსიანად გაკეთებული“ (როცა შაქარსა და წყალს ასხამ ახლად დაწურულ ყურძენს) ღვინის თვითღირებულება დაახლოებით 1,5 ლარია. ასეთი გაკეთებული ღვინის ჩაბარებაც კი არ უღირთ ამ ფასებში. მაშ რას ყიდულობენ და რას ყიდიან სავაჭრო წერტილებში? ყიდულობენ რამდენჯერმე განაკეთებ ღვინოს, რომლის თვითღირებულებასაც მხოლოდ იმ შაქრის ღირებულება წარმოადგენს, რითაც გააკეთეს. ფაქტობრივად, ეს არის შაქრიანი წყალი, რომელსაც ფერიც კი თეთრი აქვს; ღვინის ფერს აძლევენ დამწვარი შაქრით. შეგიძლიათ ნებისმიერ ბაზარში იყიდოთ და ლაბორატორიაში შეამოწმოთ. არც ერთი მათგანი არ არის ღვინო! ნაღდი ღვინის გაყიდვის ერთადერთი ადგილი საკუთარი სახლია, სადაც თანასოფლელების სახით, კონკურენტი ბევრია, კლიენტი კი _ ცოტა. ამიტომ, ბოლო წლებია ყურძნად ჩაბარებას ამჯობინებენ და ცოტას წურავენ სახლისთვის. დღეს, ადგილობრივ ღვინის ბაზარზე ნამდვილი ღვინო კონკურენციას ვეღარ უწევს შაქრიან წყალს! ამ ფონზე, გლეხი, რომელსაც საკუთარი ქვეყნის აგრარულ ბაზრებზე ვერ გააქვს პროდუქცია, ევროპულ ბაზარზე გასვლას რომ დაპირდებით და გაეცინება, ადეკვატურია?“  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია