მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ქართველი ერი გადაშენების პირას მყოფი ერების ხუთეულშია - 11 ივლისი 2014

რატომ არის საქართველოში შვილის ყოლის მოთხოვნილება დაბალი და როგორ დავძლიოთ დემოგრაფიული კრიზისი

myrights.ge

ქართველი ერი იმ ხუთეულშია, რომელიც გაქრობას იწყებს. გაერო- სოციოლოგიური კვლევის ცენტრის ინფორმაციით, 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობამ შეიძლება 9,5 მილიარდ ადამიანს მიაღწიოს, რაც 37%- იან მატებას ნიშნავს. დემოგრაფიული მატება ყველა ქვეყანას არ შეეხება. რამდენიმეწლიანი დეტალური კვლევის შედეგად გამოიკვეთა ხუთი ქვეყანა, რომელთა ნაცია სოციალური რეგრესის გზას ადგას და შესაძლოა, მომავალში, საერთოდ გაქრეს. საქართველოს მოსახლეობა ამ დროისთვის 4.340 მილიონია. კვლევის თანახმად, 2050 წლისთვის, ჩვენი სოციუმი 3.591 მილიონამდე შემცირდება.    

საერთაშორისო ექსპერტთა აზრით, საქართველოში შობადობა საკმაოდ მომატებულია, თუმცა სიღარიბის მაღალი დონე, რომელმაც 22%- მიაღწია, მოსახლეობის რაოდენობრივ ზრდას ხელს უშლის; ასევე ნეგატიურად მოქმედებს მიგრაციის დონის ზრდაც, განსაკუთრებით ახალგაზრდებში. ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ზრდა ხელს უშლის ნორმალური სოციალური ფენის ჩამოყალიბებას.

საქართველოს გარდა, ქვეყნებს შორის, რომლებსაც გაქრობა ემუქრება, მოხვდა: იაპონია, უკრაინა, ბოსნია- ჰერცეგოვინა და ბულგარეთი. ამ ქვეყნებში მოსახლეობის რაოდენობა დღეს და 2050 წლისთვის ციფრებში ასე გამოიყურება: იაპონია _ დღეს 126 მილიონი, 2050 წლისთვის _ 95.152 მილიონი, უკრაინა _ დღეს 45. 864 მილიონი, 2050 წლისთვის _ 35.273 მილიონი, ბოსნია- ჰერცეგოვინა _ დღეს 3.826 მილიონი, 2050 წლისთვის – 3.075 მილიონი, ბულგარეთი _ დღეს 7. 210 მილიონი, 2050 წლისთვის – 5. 894 მილიონი.

იმის გასარკვევად, როგორ ავიცილოთ თავიდან ქართველი ერის გადაშენების საფრთხე და როგორ უნდა გამოსწორდეს არსებული დემოგრაფიული პრობლემა, დემოგრაფიის ინსტიტუტის ხელმძღვანელს, ავთანდილ სულაბერიძეს დავუკავშირდით:

,,მოსახლეობის შემცირება გლობალური ტენდენციაა. მიგრაციის შედეგად, განსაკუთრებით, განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობა იკლებს. ამაზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს. პირველი შობადობის შემცირებაა, მეორემიგრაცია (საქართველოს და ზოგადად, პოსტსაბჭოთა სივრცის შემთხვევაში) და მესამესიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი. გაერო და ევროკავშირი ატარებს დემოგრაფიულ კვლევებს, რომელშიც 32 ქვეყანაა ჩართული. სამწუხაროდ, საქართველო მასში არ მონაწილეობს, რადგან ევროსაბჭო ითხოვს გარანტიას, მეორე, მესამე და შემდგომი კვლევა საქართველომ დააფინანსოს.

ზოგადად, დემოგრაფიული პოლიტიკა სპეკულაციისთვის კარგი თემაა. რეკომენდაციები სურვილების დონეზეა და რეალური მდგომარეობა შესწავლილი არ არის. ჩვენთან მესამე ბავშვის გაჩენის შემთხვევაში მშობლებს 200-ლარიანი დაფინანსება ეძლევა. მეოთხე შვილზე კი მაღალმთიანეთში 200 ლარს იღებენ, ბარში 150-. ეს რას გვაძლევს, როცა ქვეყანაში მესამე შვილზე მოთხოვნილება არ არის და ზოგადად, ბავშვის ყოლის მოთხოვნილებაც ძალიან დაბალია. როცა დაბადებულებში განსაკუთრებით მცირდება პირველი და მეორე ბავშვის ხვედრითი წილი, გამოდის, ქორწინება ნაკლებია, ოჯახები არ იქმნება. ეს 20-25 წლისწინანდელმა დემოგრაფიულმა ტალღამ განაპირობა, როცა ნაკლები ბავშვი დაიბადა. საქართველოს პატრიარქს პირადად ვთხოვე, მძიმე ჯვარი აეღო და მოეწოდებინა მესამე შვილის გაჩენისკენ. მისი მხრიდან, საოცარი წინადადება იყო, როცა ბრძანა, მესამე და მეოთხე ბავშვს მოვნათლავო. სტატისტიკური მაჩვენებლით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში (2008-2012 წლები. 2013 წლის მონაცემი ჯერ არ დამუშავებულა), მესამე და შემდგომი ბავშვის ხვედრითი წილი სულ სამასი ბავშვით გაიზარდა, არადა 6 600-ით შემცირდა პირველ და მეორე ბავშვთა რაოდენობა. მარტივი არითმეტიკაა _ რეალურად, არაფერი მოვიგეთ, პირიქით. მესამე და შემდგომ ბავშვზე მოწოდებას სხვა დატვირთვა ჰქონდა.

ზოგადად, ბავშვის ყოლის მოთხოვნილება რომ გაიზარდოს, სხვა ღონისძიებები უნდა გატარდეს. მაგალითად, ახალგაზრდებში აგიტაცია- პროპაგანდა უნდა გატარდეს. პარალელურად, აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მათ შესაბამისი ხელშეწყობა. დემოგრაფიული პოლიტიკა მარტო მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება არ არის. ეს სოციალური პოლიტიკაცაა. ანუ, სოციალურ- დემოგრაფიული და საოჯახო პოლიტიკის გატარებაა საჭირო“.

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს, ერთი მხრივ, გააჩნია დაბალგანვითარებული ქვეყნებისთვის დამახასიათებელი პრობლემები და, მეორე მხრივ, ხასიათდება განვითარებული ქვეყნისთვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევით, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს უფრო აღრმავებს. მდგომარეობას ართულებს ის, რომ დღეისთვის ერთდროულად დგას როგორც მოსახლეობის შემცირების, ისე დაბერების ზრდის პრობლემა. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკის მსგავსი ქვეყნებისთვის დამახასიათებელია მოსახლეობის სიჭარბე, ხოლო დაბერება განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების მახასიათებელია.

ექსპერტთა აზრით, ქართულ საზოგადოებას დემოგრაფიული კრიზისის მოგვარება შეუძლია შემდეგი გზით: 1. ბუნებრივი შობადობის წახალისება-ზრდა. უშუალოდ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტს. კერძოდ, რელიგიურ ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, ბიზნესჯგუფებს, ოჯახის ინსტიტუტს, საშუალო და უმაღლეს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს და. .; 2. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ათეულ ათასობით ქართველი ემიგრანტის საქართველოში რეპატრიაცია, რაც პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს მიერ მათი დაბრუნებისთვის ხელსაყრელი სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შექმნას მოითხოვს.

საქართველოში ყველაზე მეტი ბავშვი 1961 წელს დაიბადა – 104 ათასი. 1960-1990 წლებში ყოველწლიურად საშუალოდ 93 ათასი ბავშვი იბადებოდა, ხოლო 1991-2010 წლებში – 55 ათასი. შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს კი, საქართველოში 46 ათასი ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა. შობადობის აბსოლუტური მაჩვენებელი უკანასკნელ წლებში საგრძნობლად შემცირდა. შეფარდებითი მონაცემებიც ნათლად გვიჩვენებს ქვეყანაში არსებულ დემოგრაფიულ კრიზისს. მაგალითად, 1960-1969 წლებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება ყოველ ათას კაცზე 14,8 კაცს უდრიდა, ხოლო 2000-2009 წლებში – 1,2 კაცს.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია