მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სახალხო დამცველის წლიური ანგარიში ადამიანის უფლებებისა დათავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ-2014 - 21 აპრილი 2015

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2014 წელს ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ და მიმოიხილავს სამოქალაქო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა ფართო სპექტრს. ასევე, ყურადღებას ამახვილებს საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა სფეროში გამოვლენილ დადებით და უარყოფით ტენდენციებზე და თავს უყრის სახალხო დამცველის მიერ ხელისუფლების სხვადასხვა შტოების მისამართით შემუშავებულ ძირითად უმნიშვნელოვანეს რეკომენდაციებს.

2014 წელი რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით აღინიშნა, რასაც შეუძლია ადამიანის უფლებათა  სტანდარტების არსებით გაუმჯობესებაზე მოახდინოს გავლენა. 2014 წლის 27 ივნისს  ხელი მოეწერა საქართველოს ევროკავშირთანასოცირების შესახებ შეთანხმებასდა მოხდა მისი რატიფიკაცია. ევროკავშირთან პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება ასევე გულისხმობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზაციას, მათ შორის ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში.

საქართველოს პარლამენტის მიერ 30 აპრილს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია (2014-2020), რომლის მომზადების ინიციატივა სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2012 წლის ბოლოს  დააყენა.

მთავრობის მიერ ასევე დამტკიცდა 2015-2016 წლების შესაბამისი სამოქმედო გეგმა. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოხსენებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურ იმპლემენტაციაზე მეტწილად იქნება დამოკიდებული საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება.

2014 წლის 2 მაისს მიღებული იქნა კანონიდისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობის განხორციელების ორგანოდ საქართველოს სახალხო დამცველი განისაზღვრა. აღნიშნული კანონის მიღება უდავოდ წინგადადგმული ნაბიჯია და ხელს შეუწყობს ქვეყანაში სხვადასხვა უმცირესობების  მიმართ არსებული შეუწყნარებლობის აღმოფხვრას, ტოლერანტობის კულტურის ჩამოყალიბებასა და თანასწორობის მიღწევას.

2014 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ გაეროს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგის სტრუქტურად სახალხო დამცველის აპარატი დაასახელა. ასევე მიღებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფის 2014-2016 სამთავრობო სამოქმედო გეგმა.

მისასალმებელია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ევროპის საბჭოს 2011 წლისქალთა  მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებკონვენციის (სტამბულის კონვენცია) ხელმოწერა.

მისასალმებელია 2014 წელს ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის აღმოფხვრისა და პრევენციის სფეროში ევროპის საბჭოს  „სექსუალური ექსპლოატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებკონვენციაზე საქართველოს შეერთების ფაქტი.

ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით დადებითად უნდა შეფასდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დაინტერესებულ მხარეთა მონაწილეობით შემუშავებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პროექტი, რომლის მიღებაც 2015 წელს არის დაგეგმილი.

გასულ წელს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად რჩება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაცია, რომლის თანმიმდევრული იმპლემენტაცია უკვე აისახა პროპორციულ და გონივრულ სასჯელებზე, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გამოყენების პროცენტული მაჩვენებლის შემცირებაზე.

2014 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში და საქართველოს უახლოეს ისტორიაში პირველად თბილისში, ისევე როგორც საქართველოს არაერთ რეგიონში მერებისა და გამგებლების ასარჩევად გაიმართა მეორე ტური, რაც დადებითად უნდა შეფასდეს.

საქართველოს პარლამენტმა 2014 წელს, მსგავსად 2013 წლისა, გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილი და შესაბამისი დადგენილებით სახელმწიფო უწყებებს კონკრეტული ღონისძიებების გატარება დაავალა ამ მიზნით, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი ახორციელებს. დადგენილებაში მითითებული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში შესაბამისმა უწყებებმა კომიტეტს 2015 წლის 1 მარტამდე წარუდგინეს;

კვლავ მაღალი იყო მოქალაქეთა მომართვიანობა სახალხო დამცველის ოფისში. 2014 წელს 7 ათასამდე განცხადება იქნა დასაშვებად მიჩნეული, რაც საგრძნობლად გაზრდილი მაჩვენებელია და მეტყველებს ოფისისადმი გაზრდილ მოლოდინებზე, დარღვეული უფლებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და ქვეყანაში თავისუფალი გარემოს არსებობაზე.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლის სექტემბერში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კადრების გავრცელების შემდეგ პრობლემის აღმოსაფხვრელად გამოვლენილი პოლიტიკური ნებისა და გატარებული რეფორმების წყალობით, პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობის ფაქტები მთავარ გამოწვევას აღარ წარმოადგენს, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის შესახებ მსჯავრდებულთა ათასობით საჩივარი კვლავ გამოძიების რეჟიმშია და ერთეული საქმეების გარდა, შედეგი ადამიანის უფლებათა ამ სისტემური დარღვევის ფაქტებზე არ დამდგარა.

მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის კუთხით განხორციელებული ინსტიტუციონალური რეფორმა, სასამართლოსადმი ნდობის გასაზრდელად ჯერ კიდევ მრავალი გამოწვევაა დასაძლევი. წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა არაერთხელ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, დაეწყო დისციპლინური დევნა იმ მოსამართლეთა მიმართ, რომელთა მხრიდანაც იკვეთებოდა საქმეების განხილვის დროს პროცედურული ნორმების უხეში დარღვევები. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყველა წინადადების განხილვისას შემოიფარგლა შაბლონური პასუხით, რომ მოსამართლეების მხრიდან არ დასტურდებოდა შესაბამისი გადაცდომები.

გაუმჯობესდა და შედარებით მრავალფეროვანი გახდა მედია გარემო. ხელისუფლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია მედია საშუალებების სარედაქციო პოლიტიკასა და ჟურნალისტების გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევას; 2014 წლის განმავლობაში გამართული აქციების უმეტესობა ექსცესების გარეშე ჩატარდა, თუმცა, იყო გამონაკლისებიც, სადაც სახელმწიფომ ვერ შეძლო მშვიდობიანი აქციის მონაწილეებისთვის კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლების უზრუნველყოფა ან/და მოხდა შეკრების თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა.

ძალაში შევიდასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა შესახებსაქართველოს ახალი კანონი, რომელიც მეტად შეესაბამება აღნიშნულ სფეროებში მოქმედ საერთაშორისო სტანდარტებს;

მიღწევად უნდა ჩაითვალოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის მიერ კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში სოციალურ/ეკონომიკური რეაბილიტაციისათვის გაწეული სამუშაოები.

მიუხედავად ზემოაღნიშნული პოზიტიური ნაბიჯებისა, საქართველოს პარლამენტმა ძალაში დატოვა მოწმეთა დაკითხვის დროებითი წესი, მაშინ როდესაც, სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ამოქმედების ერთ-ერთ მთავარ დადებით მხარედ სწორედ, მოწმეთა მხოლოდ სასამართლოში დაკითხვა ითვლებოდა.

საქართველოს სახალხო დამცველი არადამაკმაყოფილებლად მიიჩნევს ფართომასშტაბიანი ამნისტიის შემდეგ ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებსპოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და პოლიტიკური ნიშნით სისხლის სამართლებრივი წესით დევნილ პირებთანდაკავშირებით. სამართლიანობის აღდგენის პროცესი შეუძლებელია შემოიფარგლოს ამნისტიის ერთჯერადი აქტის განხორციელებით, ვინაიდან აღნიშნული კატეგორიის პირთა სრული სამართლებრივი რეაბილიტაციისათვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ღირსებისა და რეპუტაციის აღდგენა, არამედ, სახელმწიფოსაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სამართლიანი ანაზღაურებაც. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2015 წლის 13 თებერვალს, საქართველოს მთავარ პროკურატურაში შეიქმნა სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთი ფუნქციაა სამართალწარმოების მიმდინარეობისას შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტების, მათ შორის ქონების იძულებით დათმობისა და სხვა იძულების ფაქტების გამოძიების წარმოება და სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ ამ დეპარტამენტის საქმიანობა იქნება ეფექტური.

საზოგადოების ლეგიტიმური მოლოდინის მიუხედავად, ამ დრომდე არ შექმნილა სამართლებრივი მექანიზმი, რომელიც დაინტერესებულ პირებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გადასინჯვის შესაძლებლობას მისცემს, მათ შორის ქონების რესტიტუციას და მორალური ზიანის ანაზღაურებას უკანონო მსჯავრდებისათვის, ასეთის არსებობის შემთხვევაში. 2014 წლის განმავლობაში, მსგავსად 2013 წლისა, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა მსჯავრდებულმა/ყოფილმა მსჯავრდებულმა მიმართა, რომლებიც თავს უკანონო პატიმრებად მიიჩნევენ. ერთეული საქმეების გარდა, საგამოძიებო ორგანოების მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული ან/და სასამართლო განხილვები კვლავ გრძელდება ადამიანის უფლებების დარღვევის წლების განმავლობაში აღიარებულ საქმეებზე; .. კორტების სპეცოპერაციის საქმის გამოძიების გაჭიანურებას იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ახალი ტრაგედია დაემატა. საგამოძიებო ორგანოების მხრიდან ეფექტიანი და დროული გამოძიები წარმოებაა აუცილებელი ეროსი კიწმარიშვილისა და ბესო ხარძიანის მკვლელობის საქმეებზე. ამ შემთხვევებთან დაკავშირებულ ყველა კითხვას გამოძიების შედეგებით დამაჯერებელი და გონივრული პასუხები უნდა გაეცეს.

არაერთი ყოფილი თანამდებობის პირი იყო დაპატიმრებული სხვადასხვა ბრალდებით. პოლიტიკური ოპოზიცია, რამდენიმე ორგანიზაცია და ექსპერტი სვამდა კითხვებს შერჩევითი სამართლის შესაძლო გამოყენებისა და იმის შესახებაც, თუ რატომ ინტერესდებოდა გამოძიება სწორედ ყოფილი თანამდებობის პირების საქმეებით. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა სპეციალური სადამკვირვებლო მისიამ დაასრულა ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების შესწავლა. წარმოდგენილ ანგარიშში პროცედურულ დარღვევებთან ერთად საუბარია უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევის არაერთ ფაქტზე. აღმოჩენილი პროცედურული დარღვევების შესახებ სახალხო დამცველს შეფასებები წარმოდგენილი ჰქონდა 2012 და 2013 წლების საპარლამენტო ანგარიშებში.

2014 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემური რჩებოდა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა მხრიდან ადამიანის უფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის საკითხი. ერთი წლის განმავლობაში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი შემთხვევები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ამ კუთხით არსებობს როგორც საკანონმდებლო ხარვეზები, ასევე კანონმდებლობის პრაქტიკაში იმპლემენტაციის პრობლემა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია გადაიხედოს არსებული კანონმდებლობა და შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც მსგავსი შემთხვევების მიუკერძოებელ გამოძიებას უზრუნველყოფს. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს ადამიანის უფლებათა სამთავრობო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საკითხის განხილვის დაწყება.

2014 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს არაერთმა პირმა მიმართა სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადგილი ჰქონდა დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენების ტენდენციას. პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ასეთი ფაქტები უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. სამწუხაროდ, აღნიშნული დანაშაულების გამოძიების და დამნაშავე პირთა პასუხისგებაში მიცემის კუთხით საქართველოს პროკურატურის საქმიანობა არაეფექტურია.

2014 წელს გარემონტდა და გაიხსნა სასჯელაღსრულების ცენტრალური საავადმყოფო, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სამედიცინო მომსახურება. ასევე გარემონტდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-16 დაწესებულება. ხორციელდება ვირუსულიჰეპატიტის სამკურნალო და სუიციდის პრევენციის პროგრამები; მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა პენიტენციალურ სისტემაში, საქართველოს სახალხო დამცველისთვის საგანგაშო იყო რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები, როდესაც ხელისუფლებამ ვერ უზრუნველყო მისი კონტროლის ქვეშ მყოფ პირთა სიცოცხლისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების ეფექტური დაცვა. საზოგადოებისთვის კვლავ უცნობია ფარტენაძის და სხვა რამდენიმე პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებული გარემოებები და გამოძიების შედეგები. დაწესებულებებში გარდაცვლილ პატიმართა რაოდენობა 28 შეადგენდა, საიდანაც 7-მა სიცოცხლე სავარაუდოდ სუიციდით დაასრულა.

2014 წლის განმავლობაში იმატა განცხადებებმა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, რის შესახებაც 28 წინადადება გაიგზავნა მთავარ პროკურატურაში გამოძიების დაწყების მოთხოვნით. პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების კვალიფიკაცია. აქტუალურია არასათანადო მოპყრობის შესაძლო მსხვერპლთა დაცვის საკითხი. მნიშვნელოვანია პატიმართა სხეულზე არსებული დაზიანებების ხასიათისა და წარმომავლობის სათანადო დოკუმენტირება და შესაბამისი რეაგირება. პრობლემურია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროული ჩატარება, სათვალთვალო კამერებიდან ჩანაწერების ამოღება და სხვა მტკიცებულებების მოპოვება. შესაბამისად, აუცილებელია პრევენციის ეროვნულ მექანიზმს ჰქონდეს დახურულ დაწესებულებებში ფოტო და ვიდეო გადაღების უფლება და წვდომა ვიდეოკამერების ჩანაწერებზე. ხაზგასასმელია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლის მიერ პატიმრის არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის საკითხი. რიგ დაწესებულებებში პრობლემად რჩება არასათანადო პირობები. ამ მხრივ, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა  #7 დაწესებულებაში და აუცილებელია მისი გაუქმება.

დღემდე უცნობია 2013-2014 წლებში გახმაურებული საქმეების გამოძიების შედეგები, მათ შორის, თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის, ივანე მერაბიშვილის საპატიმრო დაწესებულებიდან სავარაუდო უკანონო გაყვანასთან დაკავშირებული ქმედებებისა და დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტებზე. კანონის მოთხოვნათა სავარაუდო დარღვევის შესახებ ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა ასევე, .. „ტრაქტორების საქმეზე“, რაც გამოძიების სრულყოფილად ჩატარებას საჭიროებს, თუმცა ამ საქმეებთან დაკავშირებით რაიმე პროგრესი არ შეიმჩნეოდა. ლეგიტიმური კითხვები რჩებოდა პროკურატურის, როგორც სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის შეფასებით, პროკურატურის მხრიდან აუცილებლობას არ წარმოადგენდა .. „კაბელების საქმისთვისსაიდუმლო გრიფის მინიჭება მთლიანი საქმისთვის, რამაც გამოძიების საწყის ეტაპზე ხელი შეუშალა დაცვის მხარის შეუფერხებელ წვდომას საქმის მასალებისადმი. მოგვიანებით პროკურატურამ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და საქმის მასალების მნიშვნელოვან ნაწილს მოხსნა გრიფი.

ამ დრომდე უცნობია სოფელ ლაფანყურთან, მდინარე ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე ოფიციალური გამოძიების შედეგები. კვლავ გრძელდება გამოძიება 2012 წლის 28 აგვისტოს ლოპოტას ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ ინფორმაცია არ არის ხელმისაწვდომი დაზარალებული ოჯახების, დაინტერესებული პირებისა თუ ფართო საზოგადოებისათვის.        

ქვეყანაში პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა. შემაშფოთებელია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მასშტაბები. განსაკუთრებულ პრობლემას ფემიციდი წარმოადგენს, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ რამდენიმე შემთხვევაში მსხვერპლს რეაგირების თხოვნით ინციდენტამდე ჰქონდა მიმართული სამართალდამცავი ორგანოებისადმი. დაბალია ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. ნიშანდობლივია ქალთა ჯანმრთელობის დაცვის ხელმისაწვდომობისა და ადრეულ ასაკში ქორწინების მაღალი მაჩვენებლები.

გამოწვევად რჩება ჰომოფობიური დამოკიდებულება ლგბტ პირთა მიმართ და სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულების დროული და ეფექტური გამოძიება.

ვითარება კვლავაც საგანგაშო და შემაშფოთებელია ბავშვთა უფლებების დაცვის მდგომარეობის კუთხით. განხორციელებულმა მონიტორინგმა გამოავლინა ბავშვთა უკიდურესი სიღარიბე და არასრულწლოვანთა ცხოვრების არასათანადო დონე, მიუწვდომელი სახელმწიფო ჯანდაცვის მომსახურება. ბავშვთა სიკვდილიანობისა და სიღარიბის მაღალი მაჩვენებელი, ბავშვთა მიმართ ძალადობისადმი საზოგადოების ტოლერანტული დამოკიდებულება, ბავშვთა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა მაღალმთიან რეგიონებში ხელისუფლების განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა გახდეს. პრობლემას წარმოადგენს განათლების დაბალი ხარისხი, პედაგოგთა არასაკმარისი კვალიფიკაცია, ინკლუზიური განათლების არასათანადო დანერგვა და ფიზიკური გარემოს უხარისხო ადაპტაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებისთვის. მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლებში არსებობს აღსაზრდელთა მიმართ არასათანადო მოპყრობის, განათლების უფლების სათანადოდ განხორციელების და ბავშვთა ძალადობისგან დაცვის პრობლემებიკვლავ აქტუალურია არასრულწლოვან ბრალდებულთა განცალკევების საკითხი სრულწლოვანი პატიმრებისგან.

პრობლემად რჩება ფსიქიკური დახმარების თავშესაფრების და მედიკამენტების მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის გამცემი დაწესებულებების ხელმისაწვდომობა, ბიო-ფსიქო-სოციალური საჭიროებების მიხედვით თემზე დაფუძნებული სერვისების განვითარება, ინკლუზიური განათლების სისტემა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა მიმართ ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირების, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირთა   დასაქმება, ფიზიკური გარემოსადმი ხელმისაწვდომობა.

პრობლემას წარმოადგენს რელიგიის თავისუფლებით სრულყოფილად სარგებლობა, რელიგიური ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაო რელიგიურ ნაგებობათა კუთვნილება, საჯარო სასკოლო განათლების სივრცეში რელიგიური დისკრიმინაციისა და ზოგადი განათლების შესახებ კანონის მოთხოვნათა იმპლემენტაციაასევე პრობლემური იყო რელიგიურ ნიადაგზე მომხდარი შესაძლო დანაშაულებების ეფექტური გამოძიების საკითხი.

დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობისა და ჩართულობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. პრობლემას კვლავ წარმოადგენს სასკოლო განათლების ფარგლებში მშობლიური ენის შესწავლის საკითხი და ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებულობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი, რომლითაც ფარული მიყურადებისა და პერსონალური მონაცემების დაცვისათვის ახალი რეგულაციები დაწესდა, რაც უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს, „ელექტორნული კომუნიკაციების შესახებსაქართველოს კანონში კვლავ რჩება ნორმა, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს აძლევს უფლებას, ჰქონდეთ მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირების და კომუნიკაციის შინაარსის რეალურ დროში მიღების უწყვეტი შესაძლებლობა, არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები პრობლემურია იმ მხრივაც, რომ მიუხედავადპერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორისინსტიტუტისადმი ნდობის მაღალი ხარისხისა, უწყება წარმოადგენს როგორც ფარული მიყურადების პროცესის მონაწილე მხარეს, ასევე ამ პროცესზე მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოს.

2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩვენების შემდეგ, ადგილი ჰქონდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმებულ მოხელეთა მასიურ გათავისუფლებას რამდენიმე თვითმმართველ ორგანოში.

შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების არარსებობა და სამუშაო ადგილზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა საგანგაშო რიცხვი კვლავ სახეზეა. სამწუხაროდ, სახელმწიფო დონეზე არ გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები შრომის უფლებების დაცვის მონიტორინგზე პასუხისმგებელი ორგანოს - შრომის ინსპექციის შესაქმნელად. შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში შექმნილი შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა ვერ ჩაითვლება შრომის უსაფრთხოების გაუმჯობესებისა და სამუშაო პირობების ინსპექტირების მექანიზმად.

პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მონაცემთა ერთიანი ბაზის არარსებობა, რის გამოც უცნობია საქართველოს მასშტაბით თავშესაფრის საჭიროების მქონე პირთა რაოდენობა. ერთერთ მთავარ პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა მიზნობრივი დახმარებისათვის როგორც ადგილობრივ, ასევე ცენტრალურ ბიუჯეტში გამოყოფილი ფინანსური სახსრების ნაკლებობა. სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზების მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა ხელვაჩაურში, ბათუმთან მდებარე .. „მუყაოს დასახლებაში“.

საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში სახალხო დამცველის პირადი ვიზიტების შედეგად კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აწუხებს. განსაკუთრებით მძიმეა მათი სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობამათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის კუთხით და საცხოვრებელი გარემო/პირობები. საქართველოს მთავრობამ უმოკლეს ვადებში უნდა შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მაღალმთიან რაიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აუცილებელია მთის კანონის მომზადებაზე დაჩქარებული რეჟიმში მუშაობა და მისი მიღება.

კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების კუთხით კვლავ გამოწვევად რჩება დასაქმება, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის განხორციელება და მიგრაცია. აქტუალურია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებასა და გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემები. სამწუხაროდ, ვითარება არც პატიმართა გათავისუფლების მიმართულებით შეცვლილა.

სერიოზულ გამოწვევად დევნილთა განსახლება და სიცოცხლისათვის საშიშ გარემოში ცხოვრება რჩება.

საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით კვლავ აქტუალურია მიწის ნაკვეთების ზედდების, .. გადაფარვის პრობლემა.

სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოში ცხოვრების უფლება ასევე დაბალია მოსახლეობის ადეკვატური, დროული და ეფექტური ინფორმირების ხარისხი, ასევე გარემოს დაცვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების საწყის ეტაპზე დაინტერესებულ პირთა ჩართულობის დონე. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა ბუნებრივ გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე.

გასულ წელს დაფიქსირდა არაერთი შემთხვევა, როდესაც პირებს შეეზღუდათ მიმოსვლის თავისუფლება, როგორც საქართველოში შემომსვლელ უცხოელ მოქალაქეებს, ასევე საქართველოს მოქალაქეებს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას. აღნიშნულ შემთხვევებში სახალხო დამცველმა არაერთგზისი მოთხოვნის მიუხედავად შესაბამისი უწყებიდან ვერ მიიღო ინფორმაცია შემოსვლაგასვლაზე უარის თქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლების შესახებ.

წინა წლების მსგავსად კვლავაც საგანგაშოა სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ათი ათასობით ოჯახის მდგომარეობა. სახელმწიფოს მიერ არ ხორციელდება ის პროგრამები, რომლებმაც უნდა უზრუნველყოს ეკომიგრანტის განსახლებულ პუნქტში ადაპტაცია და რეგიონში დამკვიდრება;

ანგარიში ასევე მიმოიხილავს ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელ პირთა და უცხოელთა სამართლებრივ მდგომარეობას საქართველოში, ასევე 1944 წელს რეპრესირებულ რეპატრიანტთა უფლებრივ მდგომარეობას.

ცალკე თავი ეძღვნება საქართველოში ხანდაზმულთა უფლებრივი მდგომარეობის საკითხს. ამ მხრივ გასულ წელს დაფიქსირდა სერიოზული გამოწვევები.

იხილეთ ანგარიშის ელექტრონული ვერსია

ასევე იხილეთ ვიდეობმული: 

https://www.youtube.com/watch?v=T-VZXR8-3s8

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია