მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არ რეაგირებს პროკურატურა საქმეზე, სადაც თაღლითობის ნიშნები იკვეთება? - 29 მარტი 2016

„გამომძიებლი მეუბნება, -  თქვენ გაგიმართლათ, ასეთი საქმეები უამრავი გვაქვს თაროებზე შემოდებულიო“

myrights.ge

(მოკვლევა)

ქალბატონმა მედა ქორიძემ, წლების წინ, 20 ათასი დოლარი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გაასესხა. მაშინ ხელშეკრულებები საჯარო რეესტრში არ დაურეგისტრირებიათ. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ქონება სხვა პიროვნებაზე მინდობილობით, მართვის უფლებით ყოფილა გადაცემული. გამსესხებელმა სრულად ვერც კუთვნილი პროცენტები მიიღო და ძირის თანხაც წლების განმავლობაში ვერ დაიბრუნა. ქალბატონი მედეა თაღლითობის შემთხვევაზე საუბრობს და საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი სახელმწიფო უწყებების უუნარობაზე ამახვილებს ყურადღებას. ის სამართლიანობის მისაღწევად მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ქრონიკა პლუსიმედეა ქორიძეს ესაუბრება:

- რადგან იმ პერიოდში მე და ჩემი მეუღლე არ ვმუშაობდით და ოჯახში არანაირი შემოსავალი არ გვქონდა, ერთ-ერთი ბინის (ხუთოთაახიანი ჩეხური) გაყიდვა გადავწყვიტეთ. ასევე თანხის ნაწილის, 20 ათასი დოლარის გასხვისება, სარგებლის მიღების მიზნით.

ეს ამბავი 2009 წლის ნოემბრის ბოლოს მოხდა. შუამავალ ჯული ბადოშვილის მეშვეობით (რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი) გაზეთსიტყვა და საქმიდანპოტენციურ მსესხებელს, გულიკო თოთიაურს  დავუკავშირდი. თბილისში, სანზონაში, ჩარგლის ქუჩაზე ოთხოთახიანი ბინა ვნახეთ. მითხრეს, რომ ეს ბინა დაყადაღებულია (ჯეოსელისგან) და ეს თანხა, 20 ათასი დოლარი აღნიშნულის მოსახსნელად სჭირდებოდათ.

ვიფიქრე, თუ მოვუხსნიდი ყადაღას, ეს ქალბატონი პროცენტის სახით აღებულ თანხას არ დამამადლიდა და საბოლოოდ მადლობელიც დამრჩებოდა. ამიტომ ეს საქმე იქვე გავუკეთეთ და წავედით ნოტარიუსში. პროცესს ესწრებოდა ჩემი მეუღლე, ასევე თოთიაურის შვილი ნათია თამაზაშვილი და ხელშეკრულება კონკრეტულად მასთან გავაფორმე.

ეს არის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მოხსენიებულია სოფელ მუხრანის ქონება, რომელიც ნათია თამაზაშვილზე ირიცხებოდა. ხაზს ვუსვამ, ხელშეკრულება პირადად მასთან დავდე. რადგან ამიხსნეს, რომ ხელშეკრულება პირდაპირ დაყადაღებულ ქონებაზე ვერ გაფორმდებოდა. ჯერ ეს ყადაღა 4-5 დღეში უნდა მოიხსნას და მერე ჩარგლის ქუჩაზე მდებარე ბინას ჩადებდნენ. წერილს დედა-შვილი ხელს აწერს.

სოფელ მუხრანში ორასი კვადრატული მეტრის ნაკვეთია და იქვე რაღაც პატარა ქოხია, თუ არ ვცდები 37 კვადრატული მეტრის. მოკლედ, 20 ათასი დოლარი ნათია თამაზაშვილის დედის თანხლებით გადავეცი. ასევე იყვნენ - ჩემი მეუღლე, შუამავალი ჯული ბადოშვილი და ნოტარიუს ელისო შიხიაშვილთან მოხდა აღნიშნული ხელშეკრულების გაფორმება.

- მასში კონკრეტულად რა წერია?

- მე, გულიკო თოთიაური და ნათია თამაზაშვილი ვიღებთ ვალდებულებას, რომ როგორც კი მოიხსნება ყადაღა ჩარგლის ქუჩა, ნომერი 48, ბინა 24-ზე, იპოთეკის ხელშეკრულება გადაგვაქვს მუხრანის ბინიდან. ამ ვალდებულებას ვიღებთ მედეა ქორიძესთან, რაზედაც ორივე ხელს ვაწერთ. 2009 წელი.

- რა ხდება ამის შემდეგ?

- ჯერ იქვე აღნიშნა თოთიაურმა, რომ მოდით, ამ ყველაფერს საჯარო რეესტრში ნუ გავაფორმებთ, ნუ დავარეგისტრირებთ, რაღაც ხუთ დღესი ყადაღა მოიხსნება და ეს 50 თუ 55 ლარი ტყუილად რატომ უნდა გადაიხადო, ბარემ ყადაღა მოიხსნება და იქ მერე შევიტანთო.

მე ნოტარიუსს შევხედე და მან მხრები აიჩეჩა. გულწრფელად ვამბობ, ჩემთვის ნოტარიუსს რომ ეთქვა, ეს აუცილებელი წესია და რეესტრში უნდა შეიტანოო, რასაკვირველია გავაკეთებდი. თუ 20 ათასს ვიხდიდი, იმ 50 ლარსაც გადავიხდიდი და როგოც წესია, ისე გაკეთდებოდა.

თურმე აქ სულ სხვა რამ ხდებოდა, რაზეც მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა. არც პროფესიონალი იურისტი ვარ და ამ სფეროსთან რაიმე შეხება არ მქონია. გადის ყადაღის მოხსნის პერიოდი და არავინ გვიკავშირდება. ვურეკავ თოთიაურს, რა ხდება, რაშია საქმე-მეთქი.

- არ ვიცი რატომ დაგვიანდა, მე ცუდად ვარ და .. ერთ დღეს ერთს მეუბნება და მერ სხვას. იქნება-იქნებაო და ავდექით მეუღლესთან ერთად ნოტარიუსთან წავედით. რეესტრიდან საბუთი ამოიღეს და... სოფელ მუხრანის ქონება ვინმე მაიზერ ჩანქსელიანზე გასხვისებულიაო.

ვურეკავთ შუამავალ ჯული ბადოშვილს, მოდის. არაფერი არ ვიციო და ჩარგლის ქუჩაზე, სახლში მივდივართ. იქ გვხვდება თოთიაური, მისი  ქმარი, ვიღაც ნათესავი და - ნურაფრის გეშინიათ, ეს ადვოკატი, მაიზერ ჩანქსელიანი ჩვენი ნათესავია, ნათელ-მირონობა გვაქვსო; ახლა რაღაცები საგადასახადოს დავუმალეთ, ყველაფერს ნუ გვათქმევინებთ და როცა გვინდა, ქონებას მაშინ დაგვიბრუნებსო; თქვენ ამაზე არ ინერვიულოთ, ყველაფერს მოგცემთ, დაგიბრუნებთო.

მაშინ რამე საშიშოროებაზე კიდევ არ გვიფიქრია და გამოვბრუნდით. მაგრამ ლამის ყოველდღე ვეუბნებით, რომ რახან ასე მოხდა, მაშინ მუხრანი სხვა ბინით ჩაგვინაცვლეთ ან ჩვენი ფული დაგვიბრუნეთო.

- ის მუხრანის ბინა როდის არის გადაცემული?

- მაიზერ ჩანქსელიანზე გასხვისებულია საკუთრებით უფლებით, შეუძლია გაასხვისოს. თურმე 21 ნოემბერს ბინა როგორც გულიკო თოთიაურს (ჩარგლის ბინა), ასევე ნათია თამაზაშვილს (სოფ.მუხრანში) მინდობილობით გადაუციათ. ხელშეკრულება 23 ნოემბერს რეალურად ამ გასხვისებულ ქონებაზე დაგვადებინეს. ეს მინდობილობები გაცემულია ერთსა და იმავე დღეს, კონკრეტულ ნოტარიუსთან და ერთსა და იმავე პიროვნებაზე, ჩანქსელიანზე.

- 21 ნოემბერს მთელი ქონება მინდობილობით გადაცემული რომ იყო, ეს თქვენთან 23-ში ხელშეკრულების გაფორმებას ხელს არ უშლიდა?

- ჩვენ ხომ ხელშეკრულება საჯარო რეესტრში არ გაგვიტარებია. მათ სპეციალურად ჩაგვიგდეს მაშინ ეს წინადადება, რომ ხელშეკრულებები რეესტრში არ გავატაროთო. ეს გამიზნულად მოხდა და რას ვიფიქრებდით, რომ საფრთხის წინაშე ვიდექით? ამიტომ ეს თაღლითური, წინასწარ გამიზნული მოქმედებაა.

- რა ხდება ამის შემდეგ?

- უკვე ვეხვეწები, ჩემი ფული დამიბრუნეთ-მეთქი. არ მინდა თქვენი პროცენტები, მაინც არაფერს მაძლევენ. დამიბრუნეთ ჩემი ფული, რომ თვითონ ვალის აღება და პროცენტები გადახდა არ მომიწიოს-მეთქი. ბინა კი იმიტომ გავყიდე, რომ ამ ფულით მესარგებლა...

- ჩარგლის ქუჩის ბინაზე (გადატანაზე) ამ დროს საუბარიც აღარ არის?

- რასაკვირველია, რადგან ყველაფერი უკვე გასხვისებულია. ამიტომ გთხოვთ, ჩემი ფული უკან დამიბრუნეთ-მეთქი.

- ვაიმე, ახლა მიშველეთ, არ დამღუპოთ, ჩანქსელიანმა დამღუპა, მისი ვალები მაქვსო (180 თუ 200 ათასი) და მას ლანძღავს თოთიაური.

მერე იძულებული გავხდი და მიკროსაფინანსოდან 2 ათასი ლარი ავიღე. ეს საკრედიტო ხაზით გავაკეთე. სამი წელი ვეხვეწე მომეცით, ჩემი ფული დამიბრუნეთ-მეთქი. აი ახლა მოგცემთ და აი ახლაო. შედეგი ნული. ამ დროს ქონება აქვთ. ეს შუამავალი ჯული ბადოშვილიც მებნება, - ნუ გეშინია, ქონება აქვთ და ისე არ დაგტოვებენო.

რეალურად, ბიზნესი აქვთ ლილოს ბაზრობაზე, მაღაზია, სადაც ვაჭრობენ. თოთიაური ჩინეთში დადის, რაღაცები ჩამოაქვს. თავის შვილსაც იქ ამუშავებდა. ვეუბნები, გიჩივლებთ-მეთქი. - ახლა ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ, ბიზნესი გვაქვს, ნახევარმილიონიან სესხზე გავდივართო, - მპასუხობენ.

მოიყვანეს მაია კუტუბიძე, რომელიც ჩემი ქმრის ძველი თანამშრომელია. ის გვეუბნება, - ისეთი კარგი ხალხია, არ დაგაღალატებენო; მისი ბუღალტერი ვარ, მაღაზიაში საქონელი ჩამოაქვს, იქაც ჩავუჯდები და ნუ გეშინიათ, ყველა კაპიკს გავაკონტროლებო; ყოველთვე ბუღალტერია ჩაწიკწიკებული მაქვს, ყველაფერში მე ვეხმარებიო.

კიდევ 40 ათასი დოლარი ამ მაია კუტუბიძისგან ნასესხები ჰქონია გულიკო თოთიაურს. აქ თურმე ცალკე მიდის სასამართლოები, რაც მოგვიანებით გამოჩნდა. კუტუბიძემ ჩვენთან ეს ამბავი დამალა. ფულთან ნათესაობა და ახლობლობა არაფერი ყოფილა. მთავარი კი სინდისია, რაშინ ხშირად ადამიანები მოიკოჭლებენ.

აღმოჩნდა, რომ თოთიაურს სასამართლო პროცესები აქვს. ნათია თამაზაშვილს ვურეკავ და ვეუბნები, - შვილო, ახალგაზრდა ხარ, თავს ნუ იღუპავ, გიჩივლებ და დაგიჭერენ-მეთქი. რაც მოსახდენია მოხდეს, დავიღალეო. ამ დროს მისი დედამთილი მეხვეწება, - არ დამღუპო, შვილები ყავს, ჩემი შვილი (ნათიას ქმარი) ამ ყველაფერს გაგისტუმრებთო.

მოკლედ, არაფერს არ იხდიან. მერე გავიგე, რომ გულიკო თოთიაური დაიჭირეს.

- ეს როდის ხდება?

- დაახლოებით 2012 წლის მარტში, ისევ თაღლითობასთან დაკავშირებით. ეს ჩარგლის ქუჩის ბინა ვიღაცისთვის უჩვენებია და იქ სარდაფი ჩაუდია. ბინა პირველ სართულზეა და მის ქვეშ რეალურად დანგრეული ადგილია, განა რამე გაკეთებული სარდაფია. ფართი ნათია თამაზაშვილის სახელზე, 130 კვადრატული მეტრია. აქაც, რასაკვირველია, თამაზაშვილი არის ჩართული, რაგან მისი ხელმოწერის გარეშე საქმე არ გაკეთდებოდა.

ამაზე თოთიაური დააკავეს, ორი თვე ციხეში იჯდა სააკაშვილის პერიოდში. ადგნენ და დიდი საპროცესო თანხები გადაიხადეს. შემთხვევით გავიგე, თორემ არაფერი უთქვიათ. მერე ჩემთან მოცვივდნენ, თამაზაშვილის ქმარი, მიშიკო ლებანიძე და ძმა, აკაკი თამაზაშვილი. მითხრეს, ჩვენ ყველაფერს ვყიდით, გაგისტუმრებთ, ოღონდ ახლა ბრალი არ დაგვიმძიმოთო; ამ საქმეში თქვენ რომ გამოჩნდეთ, ის ვეღარ გამოვაო.

ეს ჩანქსელიანი უნდა გენახათ, როგორ დარბოდა გამოსახსნელად. მანამდე ვითომ  მტრები იყვნენ. ნახეთ, საქმეზე როგორ დარბისო, თვითონვე მეუბნებოდნენ. ჩვენ ახლა მუხრანსაც ვყიდით, მარკეტს, ყველაფერს და აუცილებლად გაგისტუმრებთო.

აქაც კიდევ ერთხელ მომატყუეს. ხმა აღარ ამოვიღე, რადგან ვინმეს დაჭერა კი არა, ჩემი თანხის დაბრუნება მინდოდა. ის ხომ სხვა ფაქტზე იჯდა ციხეში. გამოვიდა ორი წლის პირობითი სასჯელით, საპროცესო გადაიხადა თაღლითობის საქმეზე. მერე დღევანდელმა მთავრობამ ამნისტიით ეს მუხლი მოუხსნა.

- თქვენი პროცესი როგორ გაგრძელდა?

- გამოვიდა და ვეუბნები, თქვენ ხომ შემპირდით, ამას-იმას გავყიდიო და გადამიხადეთ-მეთქი. ჯერ კი-კი- გაიძახოდა, - ცოტა ჭკუაზე უნდა მოვიდე, ცუდად ვარო. ერთი-ორი თვის მერე ისევ ძველებურად ალაპარაკდა. ეს ბუღალტერი კუტუბიძეც თურმე მიყენებს და რეალურად თავის საქმეს აკეთებს. იქ რომ ზის, ყველაფერს თავისთვის იცინცლავს, თავის 40 ათასიან ვალზე ზრუნავს თურმე.

ამის შემდეგ უკვე მეუბნებიან, რაც გინდათ ის ქენით, წადით და მიჩივლეთო. ეს თოთიაურმა გამომიცხადა. გაკუნტრუშდა და გავიდა. აღარაფერი მაქვს, ვერაფერსაც ვერ გადაგიხდითო. ჩვენ შევიტანეთ განცხადება პროკურატრაში, ავიყვანე ადვოკატი.

- როდის შეიტანეთ?

- 2012 წლის დეკემბერში, უკვე ახალი ხელისუფლების პირობებში. მანამდე მას უკავშირდება ჩემი ადვოკატი ნათია სირაძე, წინ უდებს მასალებს და ეუბნება, - თქვენ და თქვენ შვილს 180- თაღლითობის მუხლით ციხე გემუქრებათო.

ეს მთავრობა რომ მოვიდა, გამოაცხადეს, ვისაც ვინმეს ვალი გაქვთ, ეს თვითონვე იცით და მოაგვარეთ თქვენი საქმეებიო

- ვაიმე, მე რაღაცები გადახდილი მაქვს და კიდევ გადავუხდიო, - ასე უპასუხა ადვოკატს

- რა აქვს გადახდილი?

- არც ამას დავმალავ. ერთი წელი საერთოდ არაფერი გადაუხდიათ და მეორე წელს 200-300 ლარების გადახდა დაიწყეს. მთლიანობაში, ამ 8 წელიწადში გადახდილი 8 ათას დოლარს შეადგენს. ამის ქვითრებიც გვაქვს. ეს სესხის ძირის 20 ათას დოლარს არ ეხება. 1200 დოლარის პროცენტი უნდა ეხადა, მაშინ 6 პროცენტი იყო ხელშეკრულებაში ჩაწერილი. მთელი ეს მონაცემები, ჩანაწერები პროკურატურაში შევიტანეთ.

- რეაგირება როგორი იყო?

- პირველ შეტანილზე გვითხრეს, რომ აქ სისხლის სამართლის დანაშაულის არავითარი ნიშნები არ არისო. მერე საჩივრები შევიტანეთ პარლამენტში, სხვაგანაც. 2013 წლის 15 მარტს ძველი თბილისის პროკურატურაში ქვემდებარეობით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მე ერთმნიშვნელოვნად ხელს ვადებდი, რომ ამ საქმეში ორივე დედა-შვილი დამნაშავე იყო. აქ დევს ორი მინდობილობა, რაც დააშავა დედამ, იგივე გააკეთა შვილმა. ხელშეკრულება დავდე შვილთან და არა დედასთან.

ჯერ როგორც ხდება ხოლმე, მუდმივად იწელება პროცესი და არაფრისმთქმელი ქაღალდები მომდის. ვჩივი, რომ საქმე ჭიანურდება, ყოველდღიურად ვალი მემატება და .. რამდენჯერმე ვხვდები რაიონულ პროკურორ მიქაიას. და ბოლოს რა მოხდა - ამ საქმიდან საერთოდ გამოიყვანეს ნათია თამაზაშვილი და ბრალი აღიძრა გულიკო თოთიაურის მიმართ.

თანაც, ზედამხედველი პროკურორი მეუბნება, რომ მთავაზობენ მორიგებას, იმ 20 ათას დოლარს დაგიბრუნებთო. როცა მე ამხელა ვალს ვაჩვენებ, რომ თვეში უკვე 1800 დოლარს ვიხდი. და დღეს, 8 წლის შემდეგ 20 ათას დოლარს რომ მთავაზობ, ასეთ მორიგებაზე ვერ წავალ, მთელი ზარალი ამინაზღაუროს და მერე თანახმა ვარ-მეთქი. არავის დაჭერა არ მინდა, მხოლოდ ამ შემთხვევაში გავიტან საჩივარს-მეთქი. თორემ ორივეს ერთნაირი ბრალი ეკუთვნის.

ზედამხედველი პროკურორი მანანა მარტაშვილი მეუბნება, შენ იცი მას რა კარგი ადვოკატები ჰყავსო. ამას ჩემთვის მნიშვნელობა  არ აქვს, ჩემ მხარეს სიმართლეა და თქვენ, როგორც საქმეში ჩახედული, ზედამხედველი პროკურორი ამას როგორ მეუბნებით-მეთქი.

პირველ-მეორე პროცესზე შეიძლება ჯარიმით გამოიყვანონ და გაათავისუფლონო. მოკლედ, შვილი სრულად გამოიყვანეს საქმიდან და ახლა იმასაც ამბობენ, რომ თოთიაურიც შეიძლება გამოაძვრინონ.

როგორც იქნა, ბრალი წაუყენეს და გამომძიებლი მეუბნება, -  თქვენ გაგიმართლათ, ასეთი საქმეები უამრავი გვაქვს თაროებზე შემოდებულიო. და რატომ გამიმართლა-მეთქი. მინდობილობით გაგიმართლათო. ამ დროს საქმეში ერთი კი არა მეორეც იყო, რომელიც დამიმალეს. ეს მინდობილობა მერე ამოვარდა, როგორც დაზარალებულმა მოწმემ საბუთები რომ მოვითხოვე. რასაც მარტაშვილი დიდხანს არ მაძლევდა. მაგრამ ჩემი ადვოკატის მოთხოვნით აუცილებლად გვჭირდებაო, პროცესში ეს მეორე მინდობილობაც ამოვარდა.

მივედით მე და ჩემი ადვოკატი, ძველი თბილისის პროკურორ მიქაიას დავუდეთ და... ეს რა არის, ამის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცოდიო. მეორე კი, სწორედ ნათია თამაზაშვილის მინდობილობაა, რომელიც გააქრეს, ხოლო დედაზე საქმე აღიძრა; 5 ათასიანი გირაოთი  გამოიყვანეს და თავისუფალია.   

ვერ გავიგე - ზედამხედველი პროკურორი თავის უფროსს ატყუებს და ადამიანს ბრალს ისე უყენებს, რომ საქმეს არ კითხულობს? მიქაია მე მატყუებს თუ მას მარტაშვილი აცურებს? ეს თვითონ გაარკვიონ.

ამიტომ პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში შევიტანე განცხადება. ერთი წელი გადის და ინსპექციას პასუხი არ მოუცია. განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში შევიტანე . საიამ მომწერა, რომ გენინსპექცია ვალდებულია საქმე შეისწავლოს. იმ საჩივარში მარტაშვილის აცილებაც მოვითხოვე. საიამ, ესეც მათი ვალდებულება არისო.

- საქმე სადამდე მივიდა?

- ამდენი ხანია საქმე მიმდინარეობს და ორჯერ მხოლოდ მე და ჩემი მეუღლე ვართ დაკითხული, როგორც დაზარალებულები. ან მარტაშვილი არ ცხადდებოდა პროცესზე, რახან გავბედე და მასზე საჩივარი დავწერე.

- გამოძიება ობიექტურად ჩატარდა, ამდენი ვიმუშავე და თქვენ ჩემზე საჩივარი როგორ დაწერეთო. ხან არ ცხადდებოდა პროცესზე, ხან აგვიანებდა და ბოლოს დეკრეტში გავიდა. ალბათ, ასე ჰქონდა გამიზნული. ახალი ზედამხედველი პროკურორი, თამარ პაპავა არის დანიშნული.

ასევე დამატებით საჩივრებს ვწერ და მათზე სრულიად აბსურდული და სულელური პასუხები მომდის. უპასუხისმგებლო და შაბლონური დამოკიდებულებაა მთვარი პროკურატურის მხრიდან. ვითხოვ შეხვედრას გენინსპექციის უფროსთან, მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძესთან, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. თავად შოთაძემ განაცხადა დანიშვნისას, რომ ყველა მსურველს აუცილებლად შევხვდებიო, რეაქცია ნული.

ასევე მივმართე სახალხო დამცველის აპარატს. სამი თვის შემდეგ მას გენინსპექციამ სასაცილო პასუხი აცნობა, რომ მიმდინარეობს საქმე თოთიაურზე. არადა ვწერ თამაზაშვილზე, რომ საქმე ჩაფარცხეს და მასზე რეაგირებას არ ახდენენ. საერთოდ გააქრეს საქმიდან თამაზაშვილი და ამით თოთიაურსაც მდგომარეობა ნაწილობრივ შეუმსუბუქეს. იმედი აქვთ, რომ ადვოკატი მას ძალიან გალე გამოიყვანს ამ მდგომარეობიდან. გენერალური ინსპექცია ომბუდსმენს საქმის არაფრისმთქმელ ფაქტობრივ მონაცემებს აწვდის, მეტს არაფერს.

დავამატებ, რომ სანამ თამაზაშვილზე ახალ საჩივარს შევიტანდი, მათ აქეთ მიჩივლეს.

- და რაზე გიჩივლეს?

- ძველი თბილისის პროკურატურიდან გამომძიებელი კვარაცხელია მირეკავს და მეუბნება, - ქალბატონო მედეა, კარგად გიცნობთ, ეს საქმეც ვიცი და თოთიაურის მიერ საჩივარია შემოსული, უნდა მოხვიდეთ, საქმე დავამთავროთო. მივედი და თითქოს მე და ჩემი ქმარი ხალხს ბინებს ვართმევთ, ასეთი იპოთეკებით ქონებები გვაქვს წართმეული...

ბატონო გამომძიებელო, მერე ეს საქმე თქვენ შეისწავლეთ-მეთქი? მე ვიცი ეს რაც არის და შურისძიების მიზნით გააკეთესო; მათი ადვოკატები კი სულელები ყოფილანო; აქ კი არ უნდა მოსულიყვნენ და განცხადება დაეწერათ, საგადასახოდში უნდა წასულიყვნენ და იქ გაერკვიათ რაღაცებიო.

მომეცით ის საცივარი და მასზე საჩივრითვე ვუპასუხებ-მეთქი. არაო, - მითხრა, მე მათ პასუხი გავეცი (მიიღეს), რომ მედეა ქორიძეს და მის ქმარს არანაირი კრიმინალი არ ჩაუდენიათ და ეს საკმარისიაო.

მეორე სხდომაზე უკვე კითხვები წამოვიდა ჩემ მიმართ და პირდაპირ ამით დავიწყე, - ბატონო მოსამართლე, გაღმა შეედევე- გამოღმა შეგრჩებას პრინციპით აქეთ მიჩივლეს-მეთქი და ყველა მიყურებდა. ახლა ვითხოვ ადვოკატებმა წარმოადგინონ ის სამოცი იპოთეკა და მისთანები, მაგრამ მანამდე გამომძიებელმაც ამაზე პასუხი გასცა-მეთქი.

- ამ ეტაპზე, ვის მიმართავთ და რას ითხოვთ?

- მთავარ პროკურორ შოთაძეს მივმართავ. სადაც ზის, საპასუხისმგებლო სკამია. თუ ვერ ტვირთავენ იმ სკამს, ძირს ჩამობრძანდნენ და ვიღაც თაღლითებს ვერ შევაჭმევთ ჩვენს ნაშრომს. მე უკვე სამოცი წლის ვხები და აწი რის შეგროვება შემიძლია? თუ ჩიტი ვარ ხეზე ვიცხოვრო? სახლში 87 წლის დედა მყავს ავადმყოფი.

ამიტომ ვითხოვ ამ საქმის გადახედვას. უფროს სწორად, ეს საქმე გამოძიებულიც არის და დასრულებულიც. არაჩვეულებრივი ადვოკატი მყავს, დაიბარონ და ბრალი წაუყენონ თამაზაშვილს. ეს არის გადამწყვეტი ნაბიჯი აღნიშნულ საქმეში.

ვითხოვ მთლიანდ ვალის დაბრუნებას და ჩემი ქონებრივი ზარალის ანაზღაურებას. ამას ჩემთვის კოლოსალური მნიშვნელობა აქვს.

თუ ჩემს ზიანს ამინაზღაურებენ, ბოროტი ძალა კი არ ვარ ციხეში ჩაგდება მოვითხოვო. მაგრამ მე რას მერჩიან? რეალურად კი, თამაზაშვილს ვიღაც მფარველი გამოუჩნდა, ხელი დააფარეს და საქმიდან ამიტომ ამოაგდეს; ჩაფრცხეს ეს ამბავი. ეს რომ არ გაეკეთებინათ, დედამისი ადვილად ვერ გამოვიდოდა აქედან და გგონიათ ის გადამალული ქონება არ აქვთ? გამოაჩენდა მას და გადაიხდიდნენ ჩემს ვალს.

დიდი მორალური შეურაცხყოფაც მომაყენეს და დამაავადმყოფეს. ამიტომ აქ მარტო ფულზე არ არის საუბარი

რაც შეეხება მოლოდინებს, ახალი პროკურორი მეუბნება, - ჩვენ გენინსპენქცია გვეუბნება, მოდით ჯერ ეს თოთიაურის საქმე ჩამთავრდეს და მერე შეიძლება აღვძრათ ნათია თამაზაშვილზეო. სიცრუეს მეუბნებიან, რადგან თავიანთი ჩაფარცხული საქმეებით ვეღარ ძვრებიან. ამისთვის უნდა მატყუონ. მაგრამ ერთხელ რომ მოვტყუვდი, მერე რვა წელიწადი ერთი იურიდიული დავამთავრე. რვაში კი არა, ოთხ წელიწადში ამთავრებენ ფაკულტეტს. ახლა ჩემი მოტყუება ძალიან რთულია.

ვიყავი ერთ ძალიან კარგ პროკურორთან მთავარ პროკურატურაში. გაიცინა და მითხრა, აქ მე უფრო ის მიკვირს, რომ დედა დაიჭირეს და არა შვილიო. საშველი აღარ დარჩა. თუ ამ უსამართლობაში ჩვენი სხვაგან გადასახლება უნდათ, ესეც გვითხრან. ან ვიზა იხსნება და წავალთ სადმე. ამ დროს ერთადერთი შაბლონური პასუხები მოგვდის. შოთაძეს პირდაპირ ვწერ, რომ საქმე შეკერილი და ჩაფარცხულია, არანაირი გამოხმაურება, არ მღებულობს.

ამიტომ თქვენი გაზეთის საშუალებით კიდეც ერთხელ მივმართავ მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაზეს, რომ მიმიღოს და საქმეს გადამწყვეტი მსვლელობა მისცეს.

გულიკო თოთიაური სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდება და მანამდე, საქმესთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. 

ნათია თამაზაშვილი:

- მინდა გითხრათ, რომ ეს ქალბატონი იტყუება და ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არაფერ შუაში არ ვარ. ჩემი ტელეფონი რატომ მოგცათ, ამასაც ვერ ვხვდები.

- ქალბატონი მედეა ამბობს, რომ სოფელ მუხრანის ქონებაზე ხელშეკრულება სწორედ თქვენთან გააფორმა, რაც ხელმოწერებით არის დადასტურებული...

- მე, უბრალოდ, დედაჩემს დავეხმარე, მეტი არაფერი. ეს ყველაფერი პროკურატრამ იცის და არ მესმის რაში საჭირო იყო თქვენთან მოსვლა ან ჩემთან დარეკვა.

ამ საკითხში გარკვეული არ ვარ. დედას დავეხმარე და ეგ იყო. სამ თვეში უკანვე გადავაბარე, რაც მას ეხებოდაეს ყველაფერი პროკურატურაში გაირკვევა.

- ხელშეკრულება თქვენს ქონებაზე გაფორმდა?

- დიახ, მაგრამ მერე ეს დედაჩემმა აიღო, ჩვეულებრივად ოფიციალურად გადავუფორმე. აქ არაფერი თაღლითობა არ ყოფილა

- როგორ უნდა მოხდეს მედა ქორიძის ზარალის ანაზღაურება?

- ვერაფერს გეტყვით. ჩვენგან, პირადად ჩემგან იმდენი პროცენტი აქვს წაღებული, რომ ეს ყველაფერი სასამართლომ უნდა გაარკვიოს. სიმართლე გითხრათ, მე ჩემი ოჯახი მაქვს, დედაჩემს თავისი. საკითხში ბოლომდე ვერ ვერკვევი, მაგრამ, რასაკვირველია, დედაჩემს ვგულშემატკივრობ, რა სისულელეა.

ამიტომ ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.

"ქრონიკა პლუსი" მთავარი პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელს, ნათია სუხიაშვილს დაუკავშირდა და კითხა, თუ როგორ უნდა შეძლოს დაზარალებულმა მედეა ქორიძემ მთავარ პროკურორთან შეხვედრა:

- მთავარ პროკურატურაში ასეთი წესია: მთავარი პროკურორის სახელზე უნდა დაწეროს განცხადება, მიუთითოს თუ რა საკითხია და ჩააბაროს კანცელარიაში. ამის შემდეგ მას პროკურატურის წარმომადგენელი დაუკავშირდება, - განმარტავს ნათია სუხიაშვილი. 

მასალა გამოქვეყნდა გაზეთ "ქრონიკა პლუსში"

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია