მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ ჯაფარიძე: სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ეკონომიკა რამდენიმე წელია გაჩერებულია - 31 მაისი 2016

„გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, თანამოქალაქეებს მომავლის იმედი აღარ აქვთ“ 

myrights.ge

რატომ არ აგვარებს ხელისუფლება გამომცემლობების პრობლემებს, რომლებსაც 2013 წლიდან მილიონობით სახელმძღვანელო დასაწყობებული აქვთ და ამ მდგომარეობაში შეიძლება გაუფუჭდეთ, რა აუცილებელი დასკვნები უნდა იქნეს გამოტანილი სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედიიდან, რასაც ჩვენი ახალგაზრდა მოქალაქე ემსხვერპლა, - გალის შეხვედრების აღდგენა რა შედეგებს მოიტანს, სოფელ კორცხელში ფიზიკური შეურაცხყოფა  რა ტენდენციაზე მიანიშნებს და ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია ამაზე რა უნდა იყოს, როგორია ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობა, რა ფორმით გადის „გირჩი“ არჩევნებზე და რა შედეგის მიღწევას იმედოვნებს, ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა პლუსი“ ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს ესაუბრება:

- ბატონო ზურაბ, გამომცემლობების პრობლემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულება ხომ არ გაირკვა?

- არა, არაფერი არ გარკვეულა. ხელისუფლებას ამ პრობლემაზე პასუხი არ გაუცია. ვიმეორებ, რომ დაახლოებით 15-მდე გამომცემლობას სულ ახალთ-ახალი წიგნები აქვთ დაბეჭდილი. ისინი ავტორიზებულ-გრიფირიებულია, ანუ ყველა წესის დაცვით არის გაკეთებული.  

უბრალოდ, საწყობებში ულაგიათ და ხელისუფლება უარს ამბობს აღნიშნული წიგნების შესყიდვაზე, მათ შორის მინიმალურ ფასადაც. რეალურად, გამომცემლობებს ამ წიგნების გადაყრა მოუწევთ, თუკი რამე გზას არ მოვიფიქრებთ. 

სამაგიეროდ, ბიუჯეტიდან საკმაოდ ბევრ ფულს ხარჯავენ ამ წიგნების დაბეჭდვაზე.

- გამომცემლობებთან თუ მოილაპარაკეთ, რას აპირებთ? 

- ახლა კონსულტაციები გვაქვს და მოვიფიქრებთ გზას, რომ ეს წიგნები არ გაფუჭდეს და მივიდეს იმასთან, ვისაც სჭირდება; მივიდეს სკოლის მოსწავლეებთან. უბრალოდ, საჭიროა კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გავაფორმოთ ისე, რომ ვთქვათ, საგადასახადო კუთხით პრობლემა არ იყოს. 

გამომცემლობების პრობლემა გიორგი მარგველაშვილის განათლების მინისტრობის დროს შეიქმნა. 2013 წელს მან განაცხადა, რომ იყო პრობლემა, მოქალაქეები ხარჯავდნენ დიდ თანხებს სახელმძღვანელოებისთვის და სახელმძღვანელოები უფასო უნდა ყოფილიყო. ეს ინიციატივა წინასაარჩევნო საპრეზიდენტო კამპანიის დროს მთავარი სლოგანი გახდა. 

პროექტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ 2011 წელს, მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამომცემლობებთან გააფორმა ხელშეკრულება, რომელშიც სამინისტროს დაჟინებული მოთხოვნით ჩაიდო ერთი კონკრეტული მუხლი, რომელიც გულისხმობდა იმას, რომ აუცილებელი საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს ეძლეოდა შესაძლებლობა ცალმხრივად გაეწყვიტა ხელშეკრულება და გამომცემლობების საკუთრება მიეთვისებინა. 

ამის შემდეგ მოხდა ის, რომ მარგველაშვილმა ეს რეალურად განახორციელა. მან მოტივად ის მოიშველია, რომ აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება იყო, რათა ოჯახებს ხარჯები შემცირებოდათ და ამის შემდეგ სახელმძღვანელოები უფასო გახდებოდა. 

სამინისტრომ ცალმხრივად გაწყვიტა ხელშეკრულებები გამომცემლობებთან და მათ საკუთრება ჩამოართვა. გამომცემლობებმა არ იცოდნენ თამაშის წესები და მათ მილიონზე მეტი ოდენობით უკვე დაბეჭდილი სახელმძღვანელოები დარჩათ. მათ სამინისტრომ განუცხადა, რომ უკვე შესრულებული სამუშაო არ ანაზღაურდებოდა. აღნიშნული წიგნები გამომცემლობებს 2013 წლიდან დღემდე დასაწყობებული აქვთ. 

ხაზს ვუსვამ, საუბარია მილიონამდე სახელმძღვანელოზე. გამომცემლობების ხელმძღვანელებმა იჩივლეს სასამართლოში, ყველა ინსტანცია გაირეს, თუმცა სახელმწიფოს წინააღმდეგ ვერაფერს გახდნენ და ახლა ისინი სტრასბურგში გეგმავენ სარჩელის შეტანას. 

მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს ხელისუფლების კეთილგონიერების იმედი, ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩი“ კიდეც ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას დროულად აუნაზღაუროს გამომცემლობებს უკვე გაწეული სამუშაო; და თუ ეს არ მოხდება, ჩვენ სხვა გზებს მივმართავთ. როგორც აღვნიშნე, ვმუშაობთ ამ გზებზე. 

საუბარია სრულიად ახალ ხარისხიან სახელმძღვანელოებზე და ვცდილობთ ეს სახელმძღვანელოები მივიდეს მათამდე, ვისთვისაც აუცილებელია. თუ ამას სახელმწიფო არ გააკეთებს, ჩვენ ამას აუცილებლად მივაღწევთ. 

- სხვა აქტუალურ პრობლემატიკაზე გადავიდეთ. სოფელ ხურჩაში დატრიალებული ტრაგედია შევაფასოთ, რადენად ადეკვატური რექაცია აქვს ხელისუფლებას? 

- ეს ყველაფერი ოკუპაციის პირდაპირი განსახიერებაა. ჩვენი ტერიტორია ოკუპირებულია და დამპყრობელი ქვეყანა ძალიან თავხედურად იქცევა. სამწუხაროდ, სანამ ჩვენი ტერიტორიები ოკუპანტებისგან არ გათავისუფლდება, ასეთი ქმედებები ყოველთვის მოსალოდნელი იქნება. 

რაც შეეხება ხელისუფლების ქმედებებს, ამ მთავრობას დასაწყისიდანვე მცდარი პოლიტიკა ჰქონდა. იმაზე საუბრობდნენ, რომ ერთი მხრივ რუსეთთან ურთიერთობაში ოქროს შუალედს იპოვიდნენ და რაღაც დაბალანსებულ ურთიერთობას ააწყობდნენ.  მეორე მხრივ, ეცდებოდნენ რუსეთი არ გაეღიზიანებინათ. 

შესაბამისად, საქართველოს პრობლემები საერთაშორისი დღის წესრიგიდან უნდა გამქრალიყო. რასაც, პრინციპში, მიაღწიეს კიდეც. 

გასაგებია, რომ დღეს მსოფლიოში უამრავი, არანაკლებ მნიშვნელოვანი პრობლემა არსებობს. მაგალითად, როგორიცაა ყირიმის ოკუპაცია, უკრაინაში საომარი მოქმედებები, „აისისი“ თუ სირიაში მიმდინარე მოვლენები. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ამ პრობლემებთან ერთად საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი დასავლელი პარტნიორები ასევე აუცილებლად უნდა აყენებდნენ საქართველოს პრობლემებს. 

განსაკუთრებით ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ გამოწვევებს.

ამ ხელისუფლების არასწორი პოლიტიკის გამო, რეალურად, ამ დღის წესრიგიდან ჩვენ გამქრალი ვართ. ეს ჩემი აზრით, მთავარი პრობლემაა. 

რაც შეეხებ რეაქციას - როდესაც ასეთი საზარელი მკვლელობა ხდება, რაღაც განცხადებების დონეზე სწორ აქცენტებს აკეთებენ, მაგრამ ეს საქმეს არ შველის. 

თვითონ მკვლელობის მომენტში, კადრებიდან ძალიან ნათლად ჩანს, რომ ამ საოკუპაციო ხაზთან ქართული სპეცდანაყოფები თუ უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და ა.შ. საერთოდ არ არიან. იქ ადგილზე მათგან ქართულ სახელმწიფოს არავინ წარმოადგენდა. ანუ პატრონი არავინ იყო, გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ.

ესეც სერიოზული პრობლემაა. პოლიტიკის პრობლემაა, რომელიც ამ ხელისუფლებას აქვს. 

- გალის შეხვედრების აღდგენა რა შედეგებს მოიტანს?

- გალის შეხვედრების აღდგენა ცუდი არ არის. კარგია მათ შორის იმისთვის, რომ საოკუპაციო ხაზთან არსებული რეალური პრობლემები წამოიჭრას და მათი გადაჭრა მოხდეს. ცხადია, ეს მთავარი ფორმატი ვერ იქნება. 

ზოგადად პოზიტიური მოვლენაა. მაგრამ ცხადია, რაღაც განსაკუთრებული მოლოდინები არ უნდა გვქონდეს, რომ ამით სერიოზულ პრობლემებს გადავჭრით. რაღაც მცირე ინციდენტების თავიდან აცილებისთვის ეს შეიძლება კარგი იყოს - იმ პრობლემების დღის წესრიგში დასაყენებლად, რაც ამ საოკუპაციო ხაზთან არსებობს. 

ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მექანიზმი არსებობდეს და ეს ნებისმიერ შემთხვევაში პოლიტიკურად წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. 

- სოფელ კორცხელში ცემა-ტყეპა რა ტენდენციაზე მიანიშნებს და ამაზე ხელისუფლების ადეკვატური რეაქცია რა უნდა იყოს? 

- რეაქცია ერთ საკითხია და რაც იქ ადგილზე ნათლად ჩანდა, ისაა, რომ ხელისუფლებას კუნთმაგარი ადამიანები ჰყავდა მობილიზებული; რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ მოსახლეობასა და ოპოზიციური პარტიების პოლიტიკურ ლიდერებს. ჩემი აზრით, ეს კატასტროფაა.

თუ ხელისუფლება აპირებს ასე გააგრძელოს და ამ რეჟიმში ჩაატაროს წინასაარჩევნო პერიოდი, ეს ნიშნავს, რომ ზოგადად არჩევნების ლეგტიმურობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. ვგულისხმობ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც 8 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. 

 არც ერთი საერთაშორისო ინსტიტუტი და დემოკრატიული ქვეყანა ასეთ პირობებში ჩატარებულ არჩევნებს ლეგიტიმურად არ ცნობს. რაც სერიოზული პრობლემაა. იმედი მაქვს გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ ეს რაღაც მცირე მნიშვნელობის საკითხი არ არის. 

საბოლოო ჯამში, ამ არჩევნებზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ბედი, უსაფრთხოება და ევროპული მომავალი. ამ მხრივ, ძალიან ბევრი რამ საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული. და ასევე იმაზე, თუ რა შეფასებას მიიღებს ეს არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობიდან და ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. 

ინციდენტში რაც ასევე ჩანდა ის იყო, რომ სახელმწიფო იქ საერთოდ არ იყო წარმოდგენილი. ანუ პოლიცია ძალიან მცირე რაოდენობით იყო ადგილზე და ცხადია, ისინი თავს ვერ გაართმევდნენ. ოლიმპიადის მონაწილეები დარბოდნენ და ხალხს ურტყამდნენ. 

ამიტომ ცხადია იქ გაცილებით სერიოზული ძალები უნდა ყოფილიყო მობილიზებული. მათ შორის იმის გათვალისწინებით, თუ კუნთმაგარი ხალხის მობილიზება ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა. ეს ჩვენი სამწუხარო რეალობაა. 

ვიმეორებ, იმედი მაქვს გონს მოეგებიან და მიხვდებიან, რომ ეს რაღაც თამაში და პატარა ამბავი არ არის. ამას შეიძლება სერიოზული გამოხმაურება მოყვეს. ისევე როგორც ცუდი შედეგები ჩვენი ქეყნის მომავლისთვის.

-    როგორია თქვენი პოზიცია ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით? 

- ცხადია, ამასთან დაკავშირებით დეტალური მონაცემები არ გვაქვს. მხოლოდ ის მონაცემები გვაქვს, რომელსაც საჯაროდ ვაკვირდებით. მათ შორის ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებები, მოვისმინეთ ადვოკატების შეფასებები და სხვ.

ძალიან ცალსახაა, რომ ეს პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია. კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები რეალურად დამნაშავეები არ არიან, მგონი აღარავის დარჩა. მათ შორის ეს კითხვები არ აქვს სამოქალაქო საზოგადოებას. 

თუ იქ რაიმე დანაშაულს ჰქონდა ადგილი, ამ შემთხვევაში ვიღაც გაცილებით უფრო მაღალჩინოსანი უნდა ყოფილიყო გარეული. თუ ასეთ რაღაც ვერ მტკიცდება, ესე იგი ეს ადამიანები სრულიად უდანაშაულოდ ციხეში არიან გამომწვდეულები. 

ასევე გასაგებია, რომ ეს ადამიანები არც გადაწყვეტილებებს იღებდნენ. გადაწყვეტილება მთავრობას აქვს მიღებული და ამაზე ხელს ღარიბაშვილი აწერს. და არც ამ ფულის განმკარგავები იყვნენ, რომ  თვითონ დაეხარჯათ. 

ფული თუ გაიფლანგა, გასაგებია, რომ ეს ვიღაც ზემდგომმა გააკეთა. მაგრამ ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ, ესეც ვერ მტკიცდება. საერთოდ არ ჩანს, რა მოტივი იყო. მათ შორის არ ჩანს მეორე მხარე, ვინც ეს ფული აიღო და სადღაც სახლში წაიღო. არაფერი ასეთი არ ჩანს და ამიტომ გასაგებია, რომ ამ ყველაფერში პოლიტიკური მოტივაციაა.

- ქვეყანაში წინასაარჩევნო მდგომარეობას როგორ აფასებთ, ვგლისხმობ როგორც საერთო პოლიტიკურ, ასევე სოციალურ მდგომარეობას...

- ქვეყნის ზოგადი სოციალური მდგომარეობა ძალიან მძიმედაა. ჩვენი ეკონომიკა, პრაქტიკულად, რამდენიმე წელია უკვე გაჩერებულია. რის გამოც ცხადია, რომ ქვეყანაში ყველაზე გაჭირვებული მოსახლეობის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა; და ასევე ცხადია, ეს რეალობა მოსახლეობის საერთო განწყობაზეც მოქმედებს. 

მე რასაც ვუყურებ (ძალიან ბევრი შეხვედრები გვაქვს რეგიონებში და თბილისშიც), ძალიან ცალსახად ჩანს ადამიანების იმედგაცრუება. სამწუხაროდ, ჩვენ თანამოქალაქეებს მომავლის იმედი აღარ აქვთ და არც მოქმედი პოლიტიკოსების, პოლიტიკური ძალების აღარ სჯერათ. 

ამ ფონზე, რთულია ადამიანებში გააჩინო მოტივაცია, რომ ისინი წავიდნენ და არჩევნებზე საკუთარი ხმა რომელიღაც პარტიას მისცენ. ეს სამწუხარო რეალობა ნამდვილად არის და ეს მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევებშიც ჩანს; სადაც მოსახლეობის ორი მესამედი პრაქტიკულად გადაუწყვეტელია. ჯერ კიდევ გადაწყვეტილი არ აქვს, არჩევნებზე ხმა ვის მისცეს. 

ზოგადად, წინასაარჩევნო გარემოს რაც შეეხება - ერთი, რომ საარჩევნო სისტემა არის უსამართლო და ვერ უზრუნველყოფს, რომ მომავალ პარლამენტში მოსახლეობის განწყობები სამართლიანად და ზუსტად იყოს წარმოდგენილი. 

თავის დროზე, ეს სისტემა ნაციონალურმა მოძრაობამ იმიტომ არ შეცვალა, რომ  ხელისუფლებაში ყოფნისას აწყობდა. ახლა არ ცვლის ქართული ოცება, რადგან ეს აწყობს პოლიტიკურ ძალას, რომელიც სადღეისოდ ხელისუფლებაშია. 

მოკლედ, ეს სისტემა მომგებიანია ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალისთვის და ეს ერთი პრობლემა. 

მეორე პრობლემა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაა. უამრავი პროფესიონალი ადამიანი ამ კომისიებიდან გაუშვეს. მე უბრალოდ არ ვიცი, რა რესურსებით აპირებენ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას. გასაგებია, ალბათ, საკუთარი პოლიტიკური კადრებით დააკომპლექტებენ ამ კომისიებს. მაგრამ მათი კვალიფიკაცია ისეთი არ იქნება, რომ არჩევნები დარღვევების გარეშე ჩაატარონ. 

ამიტომ მოლოდინი მაქვს, რომ არჩევნების დღეს ბევრი პროცედურული დარღვევა იქნება, რომელმაც ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დააყენოს მისი ლეგიტიმურობა. რაც არ მგონია ხელისუფლებას აწყობდეს. მაგრამ მგონი გონიერება არ ყოფნით, რომ ამ მხრივ სწორი ნაბიჯები გადადგან. 

მესამე არის ადმინისტრაციული რესურსი. ჩვენი ბიუჯეტი თერთმეტი მილიარდია. ამ ბიუჯეტიდან უდიდესი თანხები ე.წ. ადმინისტრაციული რესურსის შენახვაზე მიდის. აქ იგულისხმება, უპირველესად, გაბერილი სახელმწიფო ბიუროკრატია. ანუ სახელმწიფო მოხელეები ცენტრალური ხელისუფლების თუ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. 

რომლებიც უნდა მოვიდნენ არჩევნებზე, მოიყვანონ საკუთარი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, ნათელ-მირონობით  მათთან დაკავშირებული ხალხი და ხმა მიაცემინონ ხელისუფლებისთვის.

მეორე მხრივ, უამრავი ფულია, რომელიც ვითომ რაღაც ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებაზე იხარჯება. ვითომ ამაზე და ვითომ იმაზე. სინამდვილეში, ეს ყველაფერიც ასევე ელექტორატის მოსყიდვის გარკვეული გზაა, რომ რამენაირად ქართულმა ოცნებამ ხელისუფლებაში ყოფნა შეინარჩუნოს. 

ჩემი აზრით,  ეს არის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რასაც ვხედავ - თვითონ საარჩევნო სისტემა, ადმინისტრაციულ რესურსი და მესამე - საარჩევნო კომისიები. 

ასევე კორცხელის მსგავსი ინციდენტები თუ გაგრძელდება, ეს საერთო კატასტროფა იქნება  მთელი სახელმწიფოსთვის. 

- რას აპირებს „გირჩი“, ცალკე გადიხართ თუ შეიძლება პოლიტიკურ ბლოკში გიხილოთ? 

- ჩვენ ვაპირებთ, რომ საპარლამენტო არჩევნებში ცალკე მივიღოთ მონაწილეობა. ძალიან კონკრეტული ხედვები გვაქვს. ვართ პარტია, რომელსაც კონკრეტული ღირებულებები,  ფასეულობები და პრინციპები აქვს, რომლებზეც ვდგავართ. 

ამ წუთში ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვერ ვხედავთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც შეიძლება ამ მხრივ რაღაცაზე ვითანამშრომლოთ. ვისაც ვხედავთ, განცდა ისეთია, რომ ისინი მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლებას შენატრიან და ნაკლებად აინტერესებთ კონკრეტული ღირებულებები და პრინციპები. 

შევეცდებით იმ მოქალაქეების ხმები მოვიპოვოთ, რომლებიც მხარს დაუჭერენ ჩვენს ხედვებს, პროგრამას, პრინციპებსა და ღირებულებებს. გვაინტერესებს, რამდენია ასეთი მოქალაქე. 

მგონია, რომ ამ გზაზე წამატებას მივაღწევთ. 

- მაინც რა საარჩევნო შედეგს იმედოვნებთ? 

- ჩვენ გვაქვს პროგრამა მაქსიმუმი - საქართველოს პარლამენტში ისეთი დიდი ფრაქციით შევიდეთ, რომ უჩვენოდ მთავრობის დაკომპლექტება ვერავინ შეძლოს. რადგან ეს შანსს მოგვცემს, რომ ჩვენი ხედვები რეალურ ცხოვრებაში გავატაროთ. ამაზე ვმუშაობთ. 

დანარჩენს დრო გვიჩვენებს. წინ ჯერ კიდევ ბევრი დროა, ძალიან ბევრი სამუშაოა. 

ასევე ბევრი რამე იმაზე იქნება დამოკიდებული, თავად როგორ ვიმუშავებთ. ამიტომ წინასწარ კონკრეტული პროგნოზებისგან თავს შევიკავებ.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია