მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირმა ინაშვილი: დღეს ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის ქართველი ხალხი - 05 ივნისი 2016

"კონცერტებზე 29 მილიონი გამოყვეს, როცა ქვეყანაში 77 ათასი ბავშვი შიმშილობს, 500 ათას დედას საშუალება არ აქვს, რომ სრულფასოვანი საკვები მიიღოს"

myrights.ge

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ხალხი გაბრაზებულია "ნაციონალურ მოძრაობაზე", მაგრამ დღეს ორჯერ მეტად აკრიტიკებს "ქართულ ოცნებას". მისივე თქმით, ნორმალურ საარჩევნო გარემოშო "ოცნება" ვერ გაიმარჯვებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ქვეყნის დამღუპველი მორიგი რევოლუცია არის მოსალოდნელი. 

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და პერსპექტივაზე, „ქრონიკა პლუსი“ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს, ირმა ინაშვილს ესაუბრება: 

- ხურჩის მკვლელობა თითოეული ქართველის ტრაგედიაა. დაუშვებელია ჩვენს მიწაზე გვიკლავდნენ თანამოქალაქეს, ახალგაზრდა ადამიანს და ამაზე სახელმწიფო არ იყოს სრულად პასუხისმგებელი. ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს. მაგრამ არის მეორე კითხვა - როგორ ხდება, რომ ძალივანი სტრუქტურებიდან არავინ არის პასუხისმგებელი მსგავსი ტიპის ფაქტებზე? არ არის არც ერთი ძალოვანი სტრუქტურა, რომელიც ჩვენივე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაიცავს საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას. 

კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო ოთხოზორიას ოჯახს და ვთქვა, რომ სახელმწიფო არ ხარ, თუ თვითონ არ იქნები მოტივირებული, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დაიცვა. 

- რატომ არ იყვნენ ადგილზე პასუხისმგებელი სტრუქტურები?

- ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ არც უშიშრების სამსახური, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო საოკუპაციო ზოლებს, ხაზებს  არ აკონტროლებს, სრული ქაოსი და განუკითხაობაა. წარმოუდგენელია, სადაც საოკუპაციო ზოლი გადის, ჩვენი ძალოვანი სტრუქტურები წარმოდგენილი არ იყვნენ. და არ რეაგიერებდეს თუნდაც პოლიცია, როდესაც თანამოქალაქეს ასე პირდაპირ გვიკლავენ. 

ადგილზე მოსახლეობამ ვერავინ ნახა. არავინ დაიცვა ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე. ტრაგედია ზუსტად ეს არის. 

- ხელისუფლების წარმომადგენლებმა  საპროტესტო განცხადებები გააკეთეს...

- სტანდარტული განცხადებებია. აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე დაისაჯოს. მით უმტეს, იციან ვინ არის. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტყვარჩელის მცხოვრებია, მედიას აქვს კონკრეტული ინფორმაცია. იგივე მონაცემები უშიშროების სამსახურსაც უნდა ჰქონდეს. თავისუფლად შეიძლება მისი მოძიება და დასჯა. 

- გალის შეხვედრების აღდგენა ამ და სხვა მიმართულებით რამდენად შედეგიანი იქნება? 

- თავიდანვე, როცა ეს ფორმატი ამოქმედდა, თითქოს დიდი დატვირთვა არ ჰქონდა. მაგრამ დღეს უკვე ვნახეთ, თუნდაც ეს ფორმატი რომ ყოფილიყო, შეხვედრების ფარგლებში უფრო ადრე მოხდებოდა რეაგირება, მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა და ა.შ. თან ეს შეხვედრები ჟენევის და არც კარასინი-აბაშიძის ფორმატს ხელს არ უშლის. 

გალის ფორმატის აღდგენა ელემენტარული მიზნისთვის არის საჭირო, რომ მხარეებს შორის მუდმივად ინფორმაცია გაიცვალოს. თორემ ეს ფორმატი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას რომ ვერ აღადგენს, ეს ცხადი ამბავია. 

- ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლებები შევაფასოთ, როდესაც მოკავშირეები 26 მაისის აღლუმზეც გვერდიგვერდ გამოვიდნენ...

- ჯარის წვრთნა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც წვრთნიან ისეთი გამოცდილი სახელმწიფოების სამხედროები, როგორებიც არიან ბრიტანელები, ამერიკელები, ცხადია ეს ძალიან დასაფასებელია. 

მაგრამ თუ გეოპოლიტიკურ ვითარებას გავაანალიზებთ (რა ვითარებაა დღეს მსოფლიოში,  ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში), ვფიქობ, რომ ამ ფონზე ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე აღნიშნული წვრთნების ჩატარება მეზობლების, მათ შორის რუსეთის გამოწვევა იყო. რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. პირდაპირ ამბობს, რომ მის საზღვრებთან ნატოს მიახლოება არის დარტყმა რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებზე. 

ამ წვრთნებმა (რაც, ერთი მხრივ, პოზიტიური და აუცილებელია ჩვენი ჯარისთვის) მორიგჯერ გააღიზიანა ჩვენი მეზობელი. დაძაბა სიტუაცია და კიდევ ერთელ გააჩინა ძალიან მწვავე დაპირისპირება საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებებს შორის. ქვეყნის გარშემო წარმოებული პოლიტიკით კოცონი კი არ უნდა დაანთო, არამედ ის არსებული ცეცხლის ჩააქრობაზე უნდა იყოს მიმართული. 

ჩვენ ვნახეთ აგვისტოს ომი და ასევე ვნახეთ როგორ ჩაიხოცნენ ქართველი მეომრები. მაშინ არ იყო სათანადო მხარდაჭერა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. რასაც ქართული სახელმწიფო და ხალხი უცხოელი მოკავშირეებისგან ელოდა. 

დღეს ერთი მხრივ ასეთი რთული გეოპოლიტიკური ვითარებაა და მეორე მხრივ, ნატო გეუბნება, რომ თავის რიგებში არ გიღებს. და ეს ჩემი სიტყვები არ არის, თვითონ ნატოს უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებებია. მაგალითად, ნატოში შეერთებული შტატების ელჩის განცხადებაა. იგივე შეფასებებს აკეთებს ყველა მაღალი დონის საერთაშორისო ლიდერი, რომ საქართველოს ვარშავის სამიტზე ნატოში არ მიიღებენ. 

ამ ფონზე, ვფქირობ, რომ მსგავსი ტიპის წვრთნების ჩატარება მორიგჯერ მეზობლის გაღიზიანება იყო. ამ გაღიზიანებას რაც შეიძლება მოყვეს, ჩვენ ეს ნანახი გვაქვს და ამასაც გავუძლებთ. 

მაგრამ გარწმუნებთ, თუ ჩვენ ქვეყანას საფრთხე დაემუქრა რუსეთის მხრიდან, იმ ტანკების წინ ისევ ირმა ინაშვილისნაირი ხალხი დადგება. დღეს ვინც ნატო-ნატოს იძახის და ევროატლანტიკური კარის ღიაობაზე გაჰკივის (სინამდვილეში ეს კარი ჩვენთვის ღია არ არის), ეს ხალხი პირდაპირ რუსელ მხარესთან, როგორც მათი მოკავშირე აღმოჩნდება. 

ჩვენ ეს ისტორია და ფრაგმენტები ნანახი გვაქვს. 

ამიტომ ნატოსთან დაკავშირებით მკაფიო განცხადების გაკეთება მსურს. ხშირად ისმის კითხვა, ხართ თუ არა ნატოს მომხრეო. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ნატო უსერიოზულესი გაერთიანებაა, რომლის წევრობაც საქართველოსთვის ძალიან კარგი იქნებოდა. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, მხარს ვუჭერდით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას. 

მაგრამ მაპატიეთ, 25 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ჩავედი ბრიუსელში და მაშინ დაიწყო საუბარი საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე. ოცი წლის შემდეგ ნატო ამბობს, რომ კარი ღიაა და მაინც არ გაწევრიანებს. 

ეს მუდმივი დაპირებები ძალიან ნეგატიურად აისახა ქართველების განწყობაზე. ხალი ამ მოლოდინით დაიღალა. ამას მოყვა იმედგაცრუება. დღეს ნატო პირდაპირ გეუბნება, რომ არ გიღებს. თავი როდემდე უნდა მოიტყუოს ქართველმა ხალხმა? ყოველთვის სჯობს რეალობა უთხრა ხალხს და საკუთარ თავსაც. 

ნატო საქართველოში სხვადასხვა ტიპის პროექტებს რომ განახორციელებს, მაგალითად სამხედრო წვრთნებს და ა.შ. იმას არ ნიშნავს, რომ ალიანსის წევრი ხდები. ნატოს წევრობა სხვა მოვლენა, სტატუსი და დაცულობაა. 

ძალიან ცუდია, რომ ვარშავის სამიტზეც ალიანსში გავწერიანება არ მოხდება. რადგან ნატო ეს არის უახლესი ტექნოლოგიები, პროგრესი, განვითარება და ა.შ. ნატოს წევრი რომ გახდა თურქეთი, ძალიან დიდ ძვრებს მიაღწია იგივე მეცნიერების დარგში. ერთი ქაღალდის აეროპორტი ჰქონდა, დღეს თურქეთი წყალქვეშა გემებს აწარმოებს. ინდუსტრიული სახელმწიფოა, რაც ნატოს ტექნოლოგიებზე დაყრდნობით განახორციელა. 

მაგრამ ნატო ჩვენ ამ ტექნოლოგიებსაც არ გვაძლევს. გესმით რაშია საქმე? ვითარება ასეთია, რომ დღეს მთელ მსოფლიოში, იგივე ევროკავშირშიც არიან ნატოს სკეპტიკოსები და ნატორეალისტები. ვიტყოდი, რომ ჩვენ ნატორეალისტები ვართ. 

- ამ ფონზე, გამოსავალი სად არის. ვარშავის სამიტზე მაინც გარკვეულ პოზიტიურ სიგნალს გვპირდებიან, ევროკავშირის მიმართულებით ვიზალიბერალიზაცია იქნება...

- პოლიტიკა და დიპლომატია იმას ნიშნავს, რომ შენი სახელმწიფოს ინტერსებს ყველგან და ყველაფერში იცავდე. სამწუხაროდ, გვყავდა და გვყავს ხელისუფლება, რომელიც ხშირად საქართველოს ინტერესების დაცვაზე საუბრობს, მაგრამ რეალურად მას აზიანებს. 

მურს გაგახსენოთ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია, თუ როგორ გადაეცა 6 ჰექტარი მიწა თურქულ მხარეს. ეს სულ რაღაც ერთი თვის წინ, ართვინის ოლქში მოხდა. ეს ქართული მიწა იყო, 6 ჰექტარი, რომელიც მდინარის კალაპოტის შეცვლის მოტივით გადასცეს. 

ამის შესახებ ობიექტივის ჟურნალისტებმა საგამოძიებო სიუჟეტი მოამზადეს. ჩასულები იყვნენ ართვინის ოლქში, ჩაწერეს გუბერნატორი, ასევე ის კაცი, ვისაც ნაკვეთი გადაეცა. დღეს მე ვეკითხები საგარეო სამინისტროს, ბატონ კვირიკაშვილს, - ეს არის ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა? და ეს არის დასავლური ან ჩრდილოატლანტიკური ვექტორი, რომ შენი ქვეყნის მიწები ასე "უპრაგონოდ" დათმო? 

დღეს უმრავლესობის ზოგიერთი ლიდერი გამოდის და ამბობს, რომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს, 6 ჰექტარი იქნება თუ ათი. მერე რა მოხდა, ხან დავკარგავთ, ხან შევიძენთო. ერთი ამათი შეძენილი მიწები გამახსენეთ სად არის და დაკარგული კიდევ ბევრი გვახსოვს. 

ამიტომ იმ 6 ჰექტარი მიწისთვის (რომელიც თურქეთს საიდუმლო ვითარებაში გადაეცა), მთელი საზოგადოება ფეხზე უნდა დამდგარიყო. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ საზოგადოებისთვის ზუსტი ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის; რასაც საგარეო საქმეთა სამინისტრო მალავს.

ჩვენ ასევე გვაქვს ინფორმაცია, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარზე 10 ჰექტარი მიწა სომხური მხარისთვის არის გადაცემული. სად მიდის ეს ქართული მიწები? სრული უკონტროლობაა საქართველოს საზღვრებზე

სააკაშვილის დროს მამისონის სტრატეგიული უღელტეხილი პირდაპირ რუსებს ჩაბარდა და დღეს იქ რუსული დროშა ფრიალებს. ასევე 40-ზე მეტი სასაზღვრო პუნქტიდან არაერთი გადაცემულია რუსეთისთვის. ეს მოხდა სააკაშვილის პერიოდში, ხდება დღესაც. ასე ნაწილ-ნაწილ ნიავდება ქართული მიწები და ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, თუ როგორია საგარეო ორიენტაცია. 

ხელისუფლება შიდა მიწა-წყალს ვერ იცავს და რაზეა საუბარი? ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო, ამაზეა ნათქვამი. თუ შენი მიწა ვერ დაიცავი, რა საგარეო-პოლიტიკური ორიენტაციის დამცველი ხარ? ნებისმიერ მომენტში უცხო ქვეყანას ჩაბარდები.

ამიტომ თუ ჩვენ ორიენტაციაზე ვსაუბრობთ, ამოსავალი წერტილი საქართველოს ინტერესი უნდა იყოს. 

რასაკვირველია, მკაფიოდ უნდა ვთქვათ - საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ევროასოცირების ხელშეკრულება, რაც ძალიან მნიშნელოვანია. უკვე დაწყებულია ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესი და ამას ვეღარაფერი შეაჩერებს. 

ამიტომ სრული აბსურდია მოსაზრებები, რომ საქართველო შეიძლება ევრაზიის კავშირში გაწევრიანდეს. პოლიტიკური რეალობებიდან გამომდინარე ეს უკვე შეუძლებელია, რომც უნდოდეს საზოგადოების რაღაც ნაწილს. ჩვენ ვართ პარტია და ამომრჩეველი არ უნდა დავკარგოთ - ვმუშაობთ როგორც ევროკავშირის მომხრეებზე, ასევე ევრაზიული კავშირის მხარდამჭერებზეც. 

ევრაზიული კავშირის მომხრეებს ღიად ვეუბნებით - არ მოხდება საქართველოს გაწევრიანება აღნიშნულ კავშირში, რადგან ჩვენ უკვე ასოცირების ხელშეკრულებით ევროკავშირისკენ მიდივართ. შენ გინდა, რომ რუსეთთან უვიზო მიმოსვლა იყოს, რადგან ჩვენი ბევრი მოქალაქე იქ ცხოვრობს. გინდა, რომ რაღაც სავაჭრო ურთიერთობები იყოს, ეს პრობლემა არ არის. ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც რუსეთთან ამ ყველაფერს დაგილაგებს სწორედ ევროპელი პარტნიორების დახმარებით. და ეს საკითხი მოგვარებდია. 

ახლა აქეთ წამოვიდეთ - ევროკავშირი? ძალიან კარგი, ვინც ევროკავშირში ინტეგრაციის მოხრეა. ჩვენც ამის მიმდევრები ვართ და მოგვეცით ხმა. ამიტომ როდესაც პოლიტიკური პარტიის გენერალურ მდივანს ან თავმჯდომარეს ეკითხებით, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ამომრჩეველზეც ვმუშაობთ და არც ერთი ხმის დაკარგვა არ გვსურს. 

საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი ის არის, რომ საქართველო გადარჩეს. ქვეყნის ინტერესი ყველგან და ყველაფერში დაცული იყოს. თორემ ქართულ იდეაზე და საქართველოს ინტერესზე მაღლა არც ერთი ორგანიზაცია არ დგას. არც ნატო, ევროკავშირი და არც ერთი ორგანიზაცია დედამიწის ზურგზე. ყველასთან ურთიერთობა ჩვენი სახელმწიფოსთვის სასარგებლოდ უნდა გვქონდეს. 

- კორცხელში ოპოზიციის წარმომადგენლების ფიზიკურ შეურაცხყოფას ხელისუფლების მხრიდან როგორი დამოკიდებულება უნდა მოყვეს? 

- ძალადობა ყოველთვის მიუღებელი და დაუშვებელია. მაგრამ ის რაც კორცხელში მოხდა, მიზეზები ქართულმა ოცნებამ საკუთარ თავში უნდა მონახოს. ის დაპირება, რომლითაც ოცნება ხელისუფლებაში მოვიდა, რომ აღადგენდა სამართლიანობას, ადამიანებს კეთილდღეობას მოუტანდა, არავინ აღარ დაიჩაგრებოდა და სხვ. ცარიელ დაპირებად დარჩა. იმედგაცრუება ძალიან დიდია - ხალხი ხელისუფლებაზე გაბრაზებულია და სამართლიანადაც. 

ხალხი გაბრაზებულია ნაციონალურ მოძრაობაზეც. სრული მიუღებლობაა ნაცმოძრაობის, რადგან ამ პოლიტიკურმა ჯგუფმა უდიდესი ტკივილი და ზიანი მიაყენა ქართველ ხალხს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაც მაშინ ცუდი იყო, დღეს შენ იგივე გააკეთო.  

შენ ხომ პრეტენზია გაქვს, რომ უკეთესი ხარ? ამიტომ ხელისუფლებაა ყოველთვის პასუხისმგებელი, რომ შექმნას მშვიდობიანი ვითარება საარჩევნო უბნებთან, დაიცვას პოლიტიკური კონკურენტების უსაფრთხოება და თავისუფლად მიგვაღებინოს არჩევნებში მონაწილეობა. 

ახლა ბოკერია რომ დაპატიმრებული ყოფილიყო მთელი რიგი დანაშაულობისთვის, რაც ჩადენილი აქვს, ეს ინციდენტი საერთოდ არ მოხდებოდა. რადგან ქართულმა ოცნებამ პასუხი არ აგებინა ნაციონალური მოძრაობის კონკრეტულ ლიდერებს და დღეს ისინი პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ (სხვათა შორის, სწორედ ოცნებამ გააცოცხლა ნაცმოძრაობა ამ ოთხის წლის მაძილზე და პოლტიკურ ოპონენტად შეინარჩუნა), მაშინ გიგა ბოკერია საარჩევნო უბნის წინ აღარ უნდა სცემო. მას ამ პროცესში მონაწილეობა უნდა მოაღებინო. 

და თუ პროვოკაცია იგეგმება, უნდა აღკვეთო, რადგან შენ ხარ ხელისუფლება და შესაბამისად, პირდაპირი პასუხისმგებელი ამ ყველაფერზე. 

აქ კიდევ მეორე მომენტია - რატომ არის ბოკერიას ცემის ფაქტი განსხვავებული იმ ფაქტისგან, რომელიც საგარეჯოში მოხდა? ყველამ დაგმო ეს ფაქტი და რატომ არავინ დაგმო თარხან გასვიანის, ჩვენი პარტიის ერთ-ერთი წევრის და ახალგაზრდული მოძრაობის ლიდერის ცემის ფაქტი საგარეჯოში? იქ ხომ ასევე სპორცმენები ჰყავდათ ჩაყვანილი გიგლა აგულაშვილსა და თამარ ხიდაშელის მეუღლეს? იქ ხომ ასევე სპორცმენები გამოიყენეს ფიზიკური ანგარიშწორებისთვის? აღიძრა საქმე და მერე რა, ვინ მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე? 

თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ძალადობა ცუდია, ასეა ნებისმიერ ადამიანთან მიმართებაში.  ბოკერიას შემთხვევაში ძალადობა ცუდია და თუ ირმა ინაშვილს ეხება ეს კარგია, - სწორი, ზნეობრივი და რაც მთავარია, სამართლებრივი მიდგომა არ არის. 

მოვითხოვ, რომ ის დამნაშავეები დასაჯონ, ვინც საგარეჯოში თარხან გასვიანს სცემა, რასაც პოლიცია მშვიდად აკვირდებოდა. ყველას პასუხი აგებინონ. თუ დღეს საუბრობენ იმაზე, რომ კორცხელის ინციდენტის მონაწილეები უნდა დაისაჯონ, ვფიქრობ, რომ ასეც უნდა მოხდეს, ამასაც ღიად გეტყვით. რადგან სპორცმენის ადგილი არ არის საარჩევნო უბნის წინ, თუ ის უბანზე საარჩევნო ხმის მისაცემად მისული არ არის.

ყველა სპორცმენმა გაითვალისწინოს და პატივისცემით ვუზიარებ ამ მოწოდებას - თქვენი ძალა უნდა გამოიყენოთ მარტო რინგზე, ტატამზე და არა საარჩევნო უბნების წინ თუ მის შორიახლოს. თუ ამ ხელისუფლებას ჰგონია, რომ არჩევნები ცემა-ტყებაა, წინასაც ასე ეგონა... მაშინ ჩვენც მივალთ სპორცმენებთან ერთად და ვიჩხუბოთ - ვინ ვის სცემს, მაგასაც ვაჩვენებთ ოცნებესაც და ნაცონალებსაც. 

ანუ ყველაფერში სამართლიანი მიდგომა დაცული უნდა იყოს. 

- ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით გამოტანილ განაჩენზე თქვენი დამოკიდებულება როგორია. იმსახურებდნენ თუ არა ეს ადამიანები შვიდწლიან სასჯელს? 

- მას შემდეგ, რაც კანონმდებლობა შეიცვალა, ეს სასჯელები ერთი შეხედვით არაადეკვატურია ხოლმე. ჩვენ გვახსოვს საქმეები, როცა პატიმართა მწამებლებს 3 და 4 წელი მიუსაჯეს; და ძალიან არაადეკვატურია ეს სასჯელი იმ დანაშაულთან მიმართებაში, რაც მათ აქვთ ჩადენილი. 

ახლაც ვიმეორებ, კაბელების საქმეს სიღრმისეულად არ ვიცნობ. არ საქმეს ედო და მგონი ახლაც გრიფით საიდუმლო ადევს. ინფორმაცია, რაც ვრცელდება ადვოკატების მხრიდან, ასევე ძალოვანი სტრუქტურების, პროკურატურის მხრიდან, ერთადერთ განცდას ტოვებს - თუ ეს ხალხი დამნაშავე იყო, ამ საქმეს სამ-ოთხწლიანი ძიება არ სჭირდებოდა. როცა დააკავეს, მაშინვე უნდა წაეყენებინათ ბრალი, დაემაგრებინათ და პასუხი ეგოთ; და აღარ უნდა გაეთავისუფლებინათ. 

არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს, როდესაც აპატიმრებენ, ათავისუფლებენ, მერე არჩევნების წინ ისევ აპატიმრებენ. როდესაც ეს სწორედ არჩევნების წინა პერიოდში ხდება, ცხადია გაჩნდება ეჭვები პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებითაც. 

ამასთანავე, მინდა ვთქვა, რომ ამ დაკავებულ პირებთან მიმართებაში ძალიან პოზიტიური ინფორმაცია მაქვს. მათ შორის აფხაზეთის, სამაჩაბლოს თუ აგვისტოს ომის მონაწილეები არიან. მაგრამ ეს ერთი მომენტია. მეორეა, რა ხდეოდა ამ საქმეში სიღრმისეულად და ამაზე ხელი არ მიმიწვდება, რომ სწორი დსკვნები გავაკეთო.

- როგორია ქვეყანაში წინასაარჩევო სოციალურ-პოლიტიკური ვითარება?

- მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ და იცით რის თქმა მსურს - 29 მილიონი სახელმწიფო ბიუჯეტიდან რაღაც კონცერტების პროგრამაზე დახარჯეს. პრინციპში, ეს ხელისუფლების საარჩევნო პროექტია. ეს ხელისუფლება მოქალაქეთა კავშირისა და სააკაშვილის ხელისუფლების გზით წავიდა, რომლებიც წინასაარჩევნოდ კონცერტებზე ორიენტირებულები იყვნენ. 

დღეს კონცერტების ჩატარებისთვის 29 მილიონის გამოყოფა ძალიან დიდ დანაშაულად მიმაჩნია. რადგან 77 ათასი ბავშვი შიმშილობს შენს ქვეყანაში. 500 ათას დედას საშუალება არ აქვს, რომ სრულფასოვანი საკვები მიიღოს. ამ პირობებში რომელ დემოგრაფიაზე ვსაუბრობთ? რა გენდერზე, ქალთა უფლებებზე ვამახვილებთ ყურადღებას? დღეს ფიზიკური არსებობისთვის იბრძვის  ქართველი ხალხი. 

ამ ფონზე, სრულიად ბრმა, ყრუ და გაუმაძღარი ხელისუფლება ხარ, როდესაც მთელ 29 მილიონს კონცერტებზე ხარჯავ! მაპატიეთ, მაგრამ ეს სრული უსინდისობაა, მეტი არაფერი. და ასეთი ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. 

სულ ვამბობ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც თავისი ხალხი უყვარს. რომელსაც განუცდია ის, რასაც ქართველი ხალხი განიცდის. რომელიც გრძნობს, რომ ბიუჯეტიდან ფული კი არ უნდა მოიპაროს, პირიქით, მთელი საბიუჯეტი სახსრები ადამიანების ფიზიკურ გადარჩენას უნდა მოახმაროს. 

და დღეს საქართველოში რობი უილიამსის კონცერტით აღტაცებულ საზოგადოებას მინდა მივმართო - რაც ამ კონცერტზე დაიხარჯა, ამ თანხით ას ბავშვს მაინც გადავარჩენდით, რომლებიც დახმარებას, სასწრაფო ოპერაციებს ითხოვენ. 

რაც შეეხება წინასაარჩევო გარემოს, მოგეხსენებათ, როგორი პოლარული განწყობებია. ხალხი გაბრაზებულია ნაციონალურ მოძრაობაზე, მაგრამ ორჯერ მეტად აგინებენ ქართულ ოცნებას. ითვლება, რომ შუა ნაწილი არც ერთს აძლევს ხმას და არც მეორეს. სინამდვილეში ასე არ არის. ამ ამომრჩევლის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ ჩვენ პოლიტიკურ გუნდსა და ძალას მხარს უჭერს. ეს არ არის სამი და ხუთი პროცენტი. 

ასევე მაქვს კონკრეტული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ახალი გეგმა მუშავდება სააკაშვილის ლობისტების მხრიდან. ამ გეგმის თანახმად, ერთ პოლუსზე უნდა განთავსდნენ ისეთი პოლიტიკური პარტიები, როგორიცაა ნაცმოძრაობა და არენაზე კიდევ  სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები უნდა გამოიყვანონ. ამ ველზე მოიზარებენ სააკაშვილის ლობისტები რესპუბლიკურ პარტიას, იგივე ალასანიას პარტიას. მაგრამ ალასანია ცდილობს, რომ არ შევიდეს აღნიშნულ სივრცეში. 

შემდეგ მათ ერთადერთი მიზანი ექნებათ, არ მოხდეს არჩევნების შედეგების ლეგიტიმაცია. ამაზე უკვე მუშაობენ ევროსტრუქტურებთან, ამერიკაში. რადგან ნაცმოძრაობამ იცის, რომ მხარდაჭერა არ აქვს. ყველანაირი ტიპის კვლევები ტარდება, მარტო "ენდიაი" და "აირაი" არ ატარებენ აღნიშნულ კვლევებს. არაერთი უცხოური ორგანიზაცია აქტიურობს. და ამ კვლევების თანახმად, მთელ ამ სეგმენტს (რაც დაგისახელეთ), 10-15% რეიტინგი აქვს, მეტი არა.

არც ქართული ოცნების მდგომარეობა არის იდეალური. ოცნება ვერც ერთ შემთხვევაში უნივერსალურ უმრავლესობას ვერ ქმნის. ანუ ყველა ვარიანტში ვითარება ისეთია, რომ კოალიციური მმართველობა იქმნება. 30-35% პროცენტი მათი რეიტინგის მაქსიმუმია, რაც სადღეისოდ აქვთ. და ეს იმაზე მიგვანიშნებს, რომ აუცილებელია არჩევნების წინა პერიოდის მშვიდობიანად წარმართვა და ისე ჩატარება, რომ არ გამეორდეს ის, რაც საგრეჯოში მოხდა. 

თორემ ის თუ გაიმეორეს, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, უსინდისოდ ხმების წართმება და ამგვარი კრიმინალური ქმედებები, მაშინ ქვეყანაში რევოლუცია გარდაუვალია. რევოლუციას საქართველოს ცხოვრებაში სიკეთე არ მოუტანია, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს ნანახი. 

- "პატრიოტთა ალიანსი" ცალკე მიდიხართ არჩევნებზე თუ შეიძლება ბლოკში გიხილოთ?

- ჩვენ საჯაროდ ვსაუბრობთ ოპოზიციურ პარტიებთან. იდეაში ფართო ოპოზიციური გართიანების ფორმირება გვქონდა, სადაც ყველა მოკავშირე უნდა შემოსულიყო. მაგრამ საქართველოში ასეთი რამ არ გამოდის. ამიტომ პატრიოტთა ალიანსი ამ მომენტისთვის ვარაუდობს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღოს მონაწილეობა. თუმცა შესაძლო ბლოკის თემაზეც მუშაობა არ დაგვიმთავრებია. 

მაგრამ მკაფიოდ ვამბობ, რომ ამ ბლოკში ქართველი ხალხი არ და ვერ ნახავს ვერც ერთ ისეთ სახეს, რომელიც მისთვის მიუღებელია. მხოლოდ ის პარტიები და სახეები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც ხალხითვის მისაღება. არ იქნებიან ნაცმოძრაობასთან დაკავშირებული პარტიები და სახეები, ამას ღიად ვამბობ.

- რა შედეგს იმედოვნებთ არჩევნებზე? 

- როცა შედეგებზე ვსაუბრობთ, პოლიტიკური ოპონენტები ღიზიანდებიან ხოლმე. ამიტომ პროცენტებზე და რაღაც კონკრეტულ მაჩვენებელზე საუბარს გავურბივარ. ჩვენ სერიოზულ წარმატებას მივაღწევთ ამ არჩევნებში, თუ კენჭისყრის გაყალბება არ მოხდა. არჩევნების გაყალბებას ეს ქვეყანა ვეღარ გაუძლებას. მაშინ ქვეყანაში უკვე სულ სხვა რეალობა იქნება.

ამიტომ მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, ცოტა ტვინები გაანიავონ, დაძლიონ პოლიტიკური ეგოიზმი, ამაღლდნენ ამ ვიწრო პარტიულ ინტერესზე და ქვეყანაში ნორმალური საარჩევნო გარემო შექმნან. მოგვცენ წევრი ცესკოში, დაგვიმაგრონ საარჩევნო ნომერი რვა, რომელსაც ახლა გვართმევენ, ნუ წაგვართმევენ საეთერო დროს სხვა პარტიების ხარჯზე, რა კანონპროექტიც ახლა იხილება. 

და საერთოდ, შეასრულონ ის დაპირება, რასაც 2012 წელს აჟღერებდნენ - რომ დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებენ. ველოდებით, ჩაატარონ დემოკრატიული არჩევნები. ასეთი კენჭისყრის პირობებში ქართული ოცნება ვერ გაიმარჯვებს. ამ არჩევნებს ჩვენ, პატრიოტთა ალიანსი მოვიგებთ.                        

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია