მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ბაჩუკი ქარდავა: „ტროიკამ“ გვამცნო, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა - 21 ივნისი 2016

„ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მისი სტრატეგიული კურსისთვის“

myrights.ge

„ეროვნულ დემოკრატიული პარტია“ წინასაარჩევნოდ დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ძალებთან ალიანსს ქმნის, როლის მიზანიც ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოშორება იქნება. პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს, რომ ხელისუფლება თავისი პოლიტიკით ქვეყანას ლომის ხახისკენ (პუტინის რუსეთისკენ) მიაქანებს.   

მიმდინარე პრობლემატიკასა და პერსპექტივაზე, „ქრონიკა პლუსი“ „ეროვნულ დემოკრატიული პარტიის“ ლიდერს, ბაჩუკი ქარდავას ესაუბრება:

- ბატონო ბაჩუკი, როგორ აფასებთ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას „რუსთავი 2-ის“ საქმეზე?

- სააპელაციო სასამართლოს კოლეგიის ე.წ. ტროიკამ მთელი ეს მრავალთვიანი სპექტაკლი დაასრულა, რომელიც ქვეყანაში იმართებოდა. სულ რაღაც ოთხ წუთში გვამცნო, რომ ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, იგი დღესაც ხელისუფლებისგან იმართება. 

მართულმა სასამართლომ (რომელსაც სახელი აქვს, თორემ სამართალწარმოების პრინციპებთან არაფერი საერთო არ აქვს) ასევე გვაუწყა, რომ მათი სურვილი ქვეყანაში თავისუფალი სიტყვის ჩახშობაა. მთავარი მიზანი კრიტიკული ტელევიზიის, „რუსთავი 2-ის“ დადუმებაა. ეს არის რეალობა, რომელიც სააპელაცო სასამართლოს კოლეგიის მოსამართლეების მხრიდან მოვისმინეთ. 

ეს გზა დამღუპველია ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მისი სტრატეგიული კურსისთვის. ვგულისხმობ ევროინტეგრაციას და სწრაფვას დასავლეთისკენ, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. 

- როგორ გაგრძელდება ეს პროცესი და რა კონკრეტული შედეგები შეიძლება დადგეს?

- სამწუხაროდ, ჩემი განწყობა და მოლოდინები აბსოლუტურად ნეგატიურია. ამ ვითარებაში,  წარმოუდგენელია პოზიტიური დამოკიდებულება გქონდეს. 21-ე საუკუნის ქვეყანას ნატოს წევრობის ამბიცია აქვს (ქვეყანას ვგულისხმობ და არა მის ხელისუფლებას), დასავლური სამყაროსკენ მიისწრაფვის, სურს ევროპის ნაწილი გახდეს და ამ დროს ჩვენ თვალწინ სუფთა პოლიტიკური პროცესი იმართება. ეს ხდება ყველაზე სახიფათო ინსტიტუტის წინააღმდეგ და ეს ინსტიტუტი თავისუფალი მედიაა.

ეს არის ყველაზე ნეგატიური ამბავი, რაც კი დღეს საქართველოში შეიძლებოდა მომხდარიყო. ჩვენი მთავარი გეზი და არჩევანი (რომელიც ერმა დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან გააკეთა), რომ ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი ნაწილი უნდა გავხდეთ, დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან წითელი ხაზით გადახაზული იქნა. 

ეს იმიტომ, რომ თავისუფალი მედიის წინააღმდეგ ღია პოლიტიკური პროცესი იმართება. ამ პირობებში, ქვეყანას არანაირი განვითარების პერსპექტივა არ აქვს. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვერ ჩამოვყალიბდებით როგორც დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო და პირდაპირი გზით ლომის ხახაში აღმოვჩნდებით. ამ ხახას პირობითად დღევანდელ რუსეთს ვუწოდებ. 

სწორედ კორუფცია, შეზღუდული მედია, დიქტატურა და დემოკრატიის არარსებობა არის მახასიათებელი ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც რუსეთია. სხვა არჩევანი საქართველოს, უბრალოდ, არ ექნება. 

ახლა სხვა საკითხია, ამ ნაბიჯებს ხელისუფლება შეგნებულად დგამს (შეხედულებების გამო), თუ ამას შეუგნებლად აკეთებს. ნებისმიერ შემთხვევაში, შედეგი ერთია და ეს დამღუპველია ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. 

- რამდენად შესაძლებელია „რუსთავი 2-ის“ „დადუმება“ საპარლამენტო არჩევნებამდე განხორციელდეს?

- ძალიან რთულია განსაზღვრო და პროგნოზი გააკეთო, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ბიძინა ივანიშვილი. ახლა ჩვენ რომ ვსაუბრობდეთ პოლიტიკურ ოპონენტთა გუნდზე, სადაც შეიძლება ანალიზი გაკეთდეს გარკვეულ ტაქტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით, ბევრად მარტივი იქნებოდა ვითარების პროგნოზირება და უკვე შემდგომი ნაბიჯების მოფიქრება. 

მაგრამ საუბარია ადამიანზე, რომელიც  თვითონ ფიქრობს, გადაწყვეტილებებს იღებს და მას თვითონვე ახორციელებს. ძალიან რთულია ამ ადამიანის პროგნოზირება, როდესაც იცი, რომ მზად არის სასწორზე ძალიან ფასეული რამ დადოს. ამ შემთხვევაში ფასეული ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სტრატეგიული ინტერესებია. ამიტომ ძალიან რთულია კონკრეტული პროგნოზი გააკეთო, როგორ განვითარდება მოვლენები. 

ერთი რამ ზუსტად ვიცი, ქართული საზოგადოება ნამდვილად ვერ შეეგუება და არც უნდა შეეგუოს ქვეყანაში თავისუფალი მედიის ჩახშობას. დღევანდელ მსოფლიოში და თანამედროვე ცხოვრების პირობებში ცოტა რთულია ინფორმაციის წყაროების ჩახშობა და დახურვა. არსებობს უამრავი ალტერნატიული საშუალებები და ამ შემთხვევაში ნებისმიერი მცდელობა ისევ ხელისუფლების საზიანოდ მოქმედებს.

ყოველ შემთხვევაში, რასაც ხელისუფლება „რუსთავი ორთან“ დაკავშირებით სჩადის, დარწმუნებული ვარ საზოგადოება ამას ვერ შეეგუება. განსხვავებით ხელისუფლებისგან, ქართველმა ხალხმა კარგად იცის, თუ რას ნიშნავს და რა მონაპოვარია ძალიან მყიფე, მაგრამ ის დემოკრატიული ჩანასახები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. 

ამ მიმართულებით სვლის შეჩერება, ფაქტობრივად, უკუსვლას ნიშნავს, რასაც ამ ქვეყანაში არავინ დაუშვებს. 

ამიტომ მე მწამს ქართველი ხალხის, ჩვენი საზოგადოების. მე, უბრალოდ, არ ვიცი დღევანდელ ხელისუფლებას ამის რატომ არ სჯერა. რადგან პროცესი სწორედ ამ ხელისუფლებისთვის ძალიან საზიანო იქნება. 

- რაც შეეხება ზიანს; თავისუფალი მედიასაშუალების ჩახშობის შემთხვევაში არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობის პრობლემა თუ დადგება?

- საკითხი ასე დგას, - რა მნიშვნელობა აქვს არჩევნებამდე დაიხურება „რუსთავი 2“, თუ მის შემდეგ? უფრო მეტიც, ვფიქრობ, რომ ხელისუფლებას ცოტა გონიერება მაინც თუ ექნება, ეს არჩევნების შემდეგ უნდა განახორციელოს. თუმცა ეს ცალკე საკითხია, სადავო და სასამართლო თემაა. 

ამ დროს საუბარია ხელისუფლებაზე, რომელიც ცუდს აკეთებს და ამას არცთუ ჭკვიანურად სჩადის. და თუ ხელისუფლება ტელეარხს რეალურად არჩევნებამდე დახურავს, უკვე არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს ამ პერიოდში მოხდება თუ შემდეგში. 8 ოქტომბრის კენჭისყრის შედეგებს არათუ ლეგიტიმაციის პრობლემა ექმნება, არამედ, ფაქტობრივად, ეს მთლიანობაში აღარ იქნება ლეგიტიმური არჩევნები. 

ხელისუფლებამ რა გააკეთა საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით? რეფორმები, ფაქტობრივად, არ განახორციელა და პირიქით, გააურესა ის, რაც ისედაც კარგი არ იყო საარჩევნო კანონმდებლობაში. ეს ყველაფერი ისედაც კითხვის ნიშნებს აჩენდა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით. 

მაგრამ სასამართლოსთან დაკავშირებით რაც ვიხილთ, ის უკვე აბსოლუტურად ხელისუფლების მხრიდან იმართება. რაც გავიგეთ, რომ შეიძლება არ გვქონდეს თავისუფალი მედია (ამ შემთხვევაში კრიტიკული ტელევიზია რუსთავი 2), ეს რაღაც კითხვის ნიშნებს კი არ აჩენს; ეს არის დიაგნოზი, რომ არჩევნები არც ერთ შემთხვევაში ლეგიტიმური არ იქნება. თუ, რასაკვირველია, ყველაფერი ისე დასრილდა, როგორც ეს ბოლოს სააპელაციო კოლეგიის ე.წ. ტროიკამ მოისურვა.

- საარჩევნო კანონმდებლობა ახსენეთ, როგორი საარჩევნო სისტემით მივდივართ ოქტომბრის არჩევნებზე?

- მივდივართ ისეთი სისტემით, სადაც არა გამარჯვებულს, არამედ პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ სუბიექტს (პირველი ადგილი შეიძლება აბსოლუტურად არ გამოხატავდეს საზოგადოების ფართო ნდობის მანდატს, ამისგან ძალიან შორს იყოს), შესაძლებლობა ექნება მიიტაცოს ხელისუფლება. სიტვა მიიტაცოსს შემთხვევით არ ვხმარობ. როდესაც საზოგადოების მხოლოდ 30% მხარს დაგიჭერს, მაგრამ მახინჯი სისტემით, ბონუსად მიღებული მაჟორიტარების ხარჯზე შეგიძლია უკიდურეს შემთხვევაში საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი მოიპოვო, ეს ის თემაა, რომელიც ხელისუფლების სრული უზურპაციის საშუალებას იძლევა.

ასეთი სისტემის პირობებში, არჩევნებად წოდებული რაღაც ღონისძიება შეიძლება მივიღოთ, ხელისუფლება, რომელსაც საზოგადოების ნდობის მანდატი საერთოდ არ ექნება. როდესაც ასეთი ხელისუფლება გყავს, იქ უკვე დროის საკითხია, თუ რა დონის ნეგატივები შეიძლება დაგროვდეს ქვეყანაში. ამან პროცესი შეიძლება ძალიან ცუდი მიმართულებით განავითაროს. რაც საბოლოო ჯამში, არა მხოლოდ ამ ხელისუფლების, ყველას პრობლემა და ქართული სახელმწიფოს სერიოზული გამოწვევა ხდება. 

რასაკვირველია, ამაზე პასუხისმგელობა დღევანდელ ხელისუფლებას დაეკისრება. 

- ამ მხრივ, მცირე გაუმჯობესებისთვის მაინც რაიმე რესურსი თუ არის დარჩენილი?

- გერმანული მოდელის მიღება ვერ ხერხდება, რადგან ოპოზიციას ამისთვის რესურსი არ ყოფნის. თორიულიად ამის შესაძლებლობა არის, მაგრამ პრაქტიკულად ამისთვის ალტერნატიული უმრავლესობა ვერ ყალიბდება. ამ ვითარებაში ცვლილებებთან დაკავშირებით იმედები ყოველდღიურად მცირდება. 

სხვა მხრივ ხელისუფლებას (რომელმაც ეს რეფორმა უნდა განახორციელოს) არანაირი სურვილი არ აქვს, რომ პროგრესის გზით წავიდეს. რა ნაბიჯებიც გადადგა, ეს მხოლოდ იმიტაციებია აღნიშნულ გზაზე. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლება რასაც გვთავაზობს (იგივე საარჩევნო აგიტაციის დროს თუ ავიღებთ), მხოლოდ ქართული ოცნებისთვის მისაღები პროცესია, მეტი არავისთვის.  

- ამ ფონზე, ქვეყანაში არსებული ზოგადი წინასაარჩევნო მდგომარეობა შევაფასოთ...

- ამ ნაწილში ისევ „რუსთავი ორის“ საქმეს დავუბრუნდები. მესმის სხვადასხვა მოსაზრებები ტელეკომპანიასთან დაკავშირებით, რაც მის მიმართ სხვადასხვა განწყობაზე მიუთითებს. შეიძლება ქვეყანაში ძალიან ბევრს უყვარს რუსთავი ორი, მაგრამ ნაწილს არა. მაგრამ მე არ მესმის, მედიასაშუალებასთან მიმართებაში ისეთი შეფასება, როგორიც სიყვარულია.

ერთი, რა დამოკიდებულებაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას ტელეკომპანიასთან დაკავშირებით ქვს, - ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო არის „რუსთავი ორი“. განსაკუთრებით ახალი ხელისუფლების პირობებში (ტელეკომპანიას უახლოს წარსულში თავისი ცოდვები, რასაკვირველია, ჰქონდა), დღევანდელ ვითარებაში რეალურად ეს არის ტელევიზია, რომელიც ადამიანის სოციალურ პრობლემებს, თითოეული ქართველის გასაჭირს წინა პლანზე სწევს.

ალბათ, ეს იყო მთავარი პრობლემა, რაც დღეს ხელისუფლებას და მის ფაქტობრივ მმართველ, ბიძინა ივანიშვილს აღიზიანებს. 

„რუსთავი 2“ თითოეულ ოჯახში, ბაზრობებზე და სხვაგან  დადიოდა, გაჭირვებას აჩვენებდა. ამით ყველას ნათლად ანახვებდა, თუ რა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება ქვეყანა და რა დუხჭირ ყოფაშია ჩვენი ხალხი. და ეს მიუხედავად იმ დაპირებებისა, რაც ფოჩიანი კამფეტების სახით ჩამორიგებული იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. ამ დროს ქვეყანაში სულ სხვა რეალობაა. 

ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მავანთა აზრით, უნდა დაიხუროს „რუსთავი ორი“, ასე ფიქრობს ხელისუფლება. მაგრამ ასეთი ტელევიზიის დახურვას, უბრალოდ, არავინ შეეგუება. ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს ფული, ძალიანაც უჭირდეს, მაგრამ მისთვის ღირსების ხელყოფა ხდება, როდესაც იმის საშუალებასაც აღარ აძლევ, რომ მიიღოს ობიექტური ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ამით ადამიანები ინფორმაციულ შიმშილში ამყოფო. 

აი ეს ყველაფერი ერთობლიობაში ქმნის იმ პრობლემას, რასაც ხელისუფლებისთვის  თავისუფალი სიტყვის მიუღებლობა ჰქვია. მაგრამ მას პრობლემა აქვს ქართველ ხალხთან და არა ვთქვათ, თავისუფალ მედიასთან. ეს მედია აშუქებს იმას, რაც ამ ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხდება.

- რას აპირებს „ედპ“ საარჩევნოდ, მარტო გადიხართ თუ შეიძლება ბლოკში იყოთ?

- ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ საარჩევნო ბლოკის ჩამოყალიბებაზე. არ დაგიმალავთ, ამ ბლოკთან დაკავშირებით პროცესი რამდენიმე მიმართულებით მზადდებოდა. ორი მთავარი ვარიანტი იყო - ჩამოყალიბებულიყო საერთო ოპოზიციური ტექნიკური ერთობა, სადაც იდეოლოგიურად და პროგრამული შეხედულებებით განსხვავებული პოლიტიკური ძალები გაერთიანდებოდნენ. შევეცდებოდით თავი მოგვეყარა მთელი ოპოზიციური რესურსისთვის, რათა უკან დაგვეხია დღევანდელი ხელისუფლება ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად. 

რადგან დღეს ის ვითარებაა, როდესაც ხელი ხელს ბანს და ეს ორი ძალა სწორედ ამ თამაშს თამაშობს. მათ ერთმანეთი უფრო აწყობთ, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოლიტიკური ძალა.  

მეორე გზა - იდეური, საგარეო-პოლიტიკურ ორიენტაციაში თანხვედრაა.  

მოკლედ, პირველი, ტექნიკური ბლოკის ჩამოყალიბების მცდელობა იყო, თუმცა საბოლოო ჯამში, ჩვენი და სხვა პოლიტიკური ძალების მხრიდან არჩევანი გაკეთდა, რომ იდეოლოგიური თანხვედრების გაერთიანება ბევრად უფრო ეფექტურია ბლოკებად ჩამოყალიბების დროს. და ახლა, სწორედ ეს პროცესი მიმდინარეობს დასავლური ორიენტაციის პოლიტიკურ ორგანიზაციებთან. 

ჯერჯერობით, აღნიშნულ პარტიებს ვერ დაგისახელებთ, რადგან არ ვიცით, ამ პროცესის შედეგად საბოლოოდ ვინ დარჩება ამ კოალიციაში. ამდენად, წინასწარი საუბრისგან თავს შევიკავებ. 

რეალურად, იქნება ერთობა, რომელიც მკაფიოდ ევროატლანტიკურ არჩევანზე ორიენტირებული იქნება. ჩვენი უმთავრესი სტრატეგია არა მარტო საპარლამენტო არჩევნებისთვის ჩამოყალიბებაა. დღეს უკვე ვსაუბრობთ პოლიტიკურ კოალიციაზე, რომელიც ბევრად გრძელვადიანი იქნება, ვიდრე 8 ოქტომბრის არჩევნებზე ორიენტირებული ერთი საარჩევნო ბლოკია. 

- თუ ასეთი გაერთიანება შედგება, რა შედეგი შეიძლება მიიღოთ არჩევნებზე?

- ყოველ შემთხვევაში, პროცესი რითაც დავიწყეთ, თუ იგივე ტემპითა და შემადგენლობით გაგრძელდება, დასავლური ფრონტი მინიმუმ იმ დონეზე მაინც უნდა გავაძლიეროთ, რომ ხელისუფლების მყიფე მხარდაჭერა კიდევ უფრო დაეცეს. არ ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩვენ შევძლებთ მის დამარცხებას და ხელისუფლებიდან ჩამოცილებას. მაგრამ ეს იქნება ძალა, რომელიც დასავლეთზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ძალებს სერიოზულად გააძლიერებს და წარმატებას მოუტანს.        

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია