მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პაატა ჯიბლაძე: ხელისუფლებების დაპირებები ბევრი გახსოვს, შესრულება ნულოვანი - 01 ივლისი 2016

„ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა“

myrights.ge

„მემარცხენე ალიანსს“ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, საპარლამენტო არჩევნებზე მარტო გავა თუ პოლიტიკური კოალიციის სახით. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პაატა ჯიბლაძის განცხადებით, მთავარი მიზანი „ნაციონალური მოძრაობის“ ჩაძირვაა, მის სატელიტებთან ერთად. მისივე შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა.

„ქრონიკა პლუსი“ „მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა ჯიბლაძეს ესაუბრება:

- ბატონო პაატა, როგორ შეაფასებთ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდგომ პროცესს?

- ძალიან კარგად გვახსოვს სააკაშვილის ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდი, როდესაც სასამართლო პროკურატურის დანამატი იყო. რაც მიხეილ სააკაშვილს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს ჩაფიქრებული ჰქონდათ და პროკურატურას წინასწარ განსაზღვრული, გადაწყვეტილებაც იმის მიხედვით იდებოდა.

ამიტომ მიმაჩნია, რომ დღეს პოლიტიკოსის მხრიდან მიმდინარე სასამართლო პროცესში ჩარევა არ შეიძლება. რადგან სასამართლომ მართლმსაჯულება უნდა განახორციელოს და დადოს შედეგი, გადაწყვეტილება ამა თუ იმ საქმის მიმართ. 

მიმაჩნია, რომ ეს ორი კერძო ადამიანის დავაა და ქიბარ ხალვაში საქმეში როგორც „რუსთავი ორის“ ყოფილი მეპატრონე გამოდის. მისი განცხადებით, ტელეკომპანია ყოფილმა ხელისუფლებამ წაართვა. რადგან ეს კერძო ტელევიზიაა, მხარებმა უნდა იდავონ და რასაც სასამართლო გადაწყვეტს, ალბათ, უნდა დაემორჩილონ კიდეც.

ამიტომ „რუსთავი ორის“ პროცესში არ ჩავრეულვარ და არც რაიმე განცხადება მაქვს გაკეთებული. არც გავაკეთებ, სასანამ ეს პროცესი არ დამთავრდება და საქმეზე არ იქნება გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება.

რაც შეეხება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს. არჩევნები რაც უფრო ახლოვდება, პოლიტიკური ცხოვრების ტემპერატურა მატულობს. მაგრამ შევხედეოთ, ვინ ძაბავს დღეს ქვეყანაში სიტუაციას. ერთ მხარეს არის „ქართული ოცნება“ და მასთან კოალიციაში მყოფი ძალები, რომლებიც თითქოს გამოეყვნენ, მაგრამ მთავრობის შემადგენლობაში მაინც დარჩნენ. 

ამავე დროს, ისინი თავიანთ მოწინააღმდეგეებად მიიჩნევენ ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც აქამდე უნდა აკრძალული ყოფილიყო. იმ დანაშაულებისთვის, რაც ამ პარტიამ და მისმა ლიდერებმა, პრეზიდენტმა ჩაიდინეს. „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც პოლიტიკური პარტია უნდა აკრძალულიყო. ისევე, როგორც თავის დროზე აიკრძალა ფაშისტური პარტია, ცნობილი ნიურბერგის პროცესის შემდეგ. 

სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ ეს არ განახორციელა. მას, ასე ვთქვათ, პირიქით, მწვანე აუნთეს, როდესაც ე.წ. კოაბიტაცია მოიგონეს. რის შედეგად, „ნაციონალურ მოძრაობას“, მის ლიდერებს თავხედობა ყოფნით და დღეს გამოწვევას უგზავნიან საქართველოს მოსახლეობას, - თურმე ისინი მთავარ ოპოზიციურ პარტიას წარმოადგენენ. 

ეს მოცემულობა თვითონ ოცნებამ შექმნა, ხალხს რაღაცნაირად ეფიქრა, რომ მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ოპოზიციური ძალა. 

თუმცა ერთ-ერთ უპირველეს პოზიციებზე ჩვენი „მემარცხენე ალიანსია“, ეროვნული ძალა, რომელიც, რასაკვირველია, „ნაციონალური მოძრაობის“ სათანადოდ დასჯას ითხოვს. ისევე, როგორც ყოველთვის ვაკრიტიკებთ „ქართულ ოცნებას“ იმ დარღვევებისთვის, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. 

მთავრობის საქმიანობაში ძალიან ბევრი უარყოფითი მხარეა, რომელიც ხელის გულზე დევს და მოსახლეობა სამართლიანად ითხოვს მათ მიერ გაცემული უხვი დაპირებების შესრულებას. იმ დაპირებების ხორცშესხმას, რომელიც 2012 წელს ამ ადამიანებმა წერილობით თუ ზეპირად გაახმოვანეს.  

- ბიძინა ივანიშვილის ბოლო ღია წერილი რამდენად წარმოაჩენს ქვეყანაში შექმნილ რეალობას?

- მე მაგალითად ძალიან მძიმე შთაბეჭდილება დამრჩა აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით. თითქოს, ეს ადამიანი ბოლომდე ვერ ფლობს ქვეყანაში არსებულ რეალურ მდგომარეობს. 

კი ბატონო, ივანიშვილი აცხადებს, რომ გამდგარია პოლიტიკისგან, მასში არ ერევა, მაგრამ ცოტა ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს. გავიხსენოთ ივანიშვილის დამსახურება და ლომის წილი იმაში, რომ დღეს ქვეყანაში სისხლიანი რეჟიმი აღარ ბოგინებს. აგერ სააკაშვილი უკრაინაში არის გაქცეული. 

ივანიშვილი ამბობს, რომ სახელისუფლებო საქმეებში აღარ ვერევიო, მაგრამ ისიც კარგად მოგვეხსენება მის მიერ თავსმოხვეული პიროვნებები სად არიან წამოსკუპებული და რანაირი პოზიცია უჭირავთ ქვეყნის, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პრობლემებთან მიმართებაში. 

ავიღოთ თავის დროზე მის მიერ რეკომენდებული ბატონი მარგველაშვილი, რომელიც ამასწინათ ჩუმ ვითარებაში გიგა ბოკერიას შეხვდა. ბატონ ბოკერიას ადამიანი კი არ უნდა ხვდებოდეს, ის ვანო მერაბიშვილის გვერდში უნდა იჯდეს. 

ასევე გავიხსენოთ მის მიერ რეკომენდებული დავით ნარმანია, დედაქალაქის მერი, რომელიც თანამდებობაზე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. 

ასევე არიან მის შპს-ებში და სხვა კერძო კომპანიებში დაფრთიანებული, დღეს სხვადასხვა თანამდებობებზე მისვე მიერ მოვლინებული ადამიანები. ამ ტენდენციაზეა საუბარი, თორემ იქ არიან კომპეტენტური ადამიანებიც, რომლებიც პატიოსნად ემსახურებიან თავიანთ სამშობლოს. 

მაგრამ მოდით ვთქვათ, ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რაც ამ ხელისუფლებამ ვერ შეასრულა, სამართლიანობის აღდგენაა. ერთი ხელის თითები გვეყოფა ჩამოსათვლელად, თუ ვის მიმართ აღდგა ეს ამ ქვეყანაში. უამრავი, ათეულ ათასობით ადამიანი დღესაც სამართლიანობის აღდგენას ელის.  

ისევე, როგორც ჩვენ გვახსოვს მათი დაპირებები, რომ მაგალითად საწვავი გაიაფდებოდა. რომ არა ნავთობპროდუქტების საერთო გაიაფება, ჩვენ საწვავზე ფასების დაკლებას ვერ ვეღირსებოდით. მისი რეალური ღირებულება ლარზე ნაკლები უნდა იყოს, მათი გათვლებითაც რომ ავიღოთ. 

აგერ, ავტოგაზზე არსებული მდგომარეობა ავიღოთ. ჩვენ სულ ვაცხადებთ, რომ მასზე არაადეკვატურად მაღალი ფასებია და ამ კუთხით ხელისუფლება არავითარ მოძრაობას არ აკეთებეს, იგივე კონკურენციის სააგენტოსთან ერთად. 

არის კიდევ უამრავი სხვა პრობლემა, რომელსაც დროული რეაგირება, გადაწყვეტა სჭირდება. კი ბატონო, რაღაცები გაკეთდა, იგივე საყოველთაო დაზღვევის პროგრამა მოქმედებს, ის აუცილებელი მთის კანონი მისაღები იყო. თუმცა ძალიან ბევრი ამგვარი სოფელი გამორჩენილი იყო. და სწორედ ჩვენი ინიციატივით, დუშეთის რაიონის მთელი რიგი მაღალმთიანი სოფლები ამ სიაში დამსახურებულად შევაყვანინეთ.  

ამ დღეებში ბატონი ხადური გამოვიდა და განაცხადა, რომ 216 ლარი გაუხდებათ, ისიც მაღალმთიანი რეგიონების პენსიონერებსო. ასაკოვან ადამიანებს ეს მიღებული კანონიდან გამომდინარე ეზრდებათ და არა მათ მიერ გადადგმული სხვა ნაბიჯებით.

გახსოვთ, „მემარცხენე ალიანსის“ მოწოდება, როდესაც 2016 წლის ბიუჯტი მტკიცდებოდა, რომ პენსიონერებს პენსია 200 ლარი გახდომოდათ და ამას პლუს, 50-ლარიანი დანამატი მიცემოდათ. ანუ ჯამში 250 ლარი ყოფილიყო, რაც საარსებო მინიმუმთან გათანაბრებული იქნებოდა. 

ჩვენ ამის წყაროც წარმოვადგინეთ, - მთელი რიგი გაბერილი შტატები, გუბერნატორის ინსტიტუტი, გაზრდილი სამინისტროები (ქვეყანაში 18 სამინისტროა), მათი პრემიები- დანამატები, ტრანსპორტის მომსახურება, საწვავის ხარჯები, - ამ მხრივ უზარმაზარი ხვრელები არის დატოვებული. 

როგორც ჩვენ, „მემარცხენე ალიანსი“, „ქართული ოცნებაც“ ხომ მემარცხენე ცენტრისტულ ორგანიზაციად ითვლება (როგორც ვიცი, სოცინტერნშიც გაწევრიანდნენ), ამიტომ  მაქსიმალურად უნდა შეიმცირო ჩინოვნიკური აპარატის რიცხოვნობა და გამოთავისუფლებული თანხები გადაისროლო იმ სოციალური პროექტებისთვის, რაც ქვეყნის განვითარებაზე იქნება მიმართული.  

ჩინოვნიკური აპარატიდან გამოთავისუფლებული თანხები ასევე ბიზნესში წავა, შეიქმნება პროდუქცია, რაც ისევ და ისევ ქვეყნის განვითარებაზე და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იქნება მიმართული. 

თორემ, კორუფცია არ არისო და ქვეყანაში ამაზე  მეტი რა არის? კორუფცია არ არის ის უზარმზარი პრემიები, რომელიც ხშირად ეძლევათ? ანუ ის კეთდება, რასაც თავის დროზე აკეთებდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტები და თანამდებობის პირები. ამათ იგივე გადმოიღეს, თან წარმატებულად. 

მეცინება ხოლმე, როდესაც ასაკრძალი პარტიის ლიდერები გამოდიან და ოცნებას იმის შესახებ უკიჟინებენ, რასაც თვითონ უარესად აკეთებდნენ იმ ცხრა წლის განმავლობაში. ეს ხომ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს და პროცესი თითოეული ჩვენგანის თვალწინ მიმდინარეობდა.

- ივანიშვილის საარჩევნო კამპანიაში აქტიური მონაწილეობა „ქართულ ოცნებას“ რა შედეგს მოუტანს?

- მგონი, „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად სწორი ნაბიჯი გადადგა, როდესაც მათ საზოგადოებას განუცხადეს, რომ არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ამ გადაწყვეტილებით, ელემენტარულად, ჩახსნეს ის ორკაციანი თუ სამკაციანი პარტიები, რომლებიც კუს რომ მორიელი დააჯდება, ისე იყვნენ. 

ეს ადამიანები ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში იყვნენ. დავინახეთ, რომ მათ პრაქტიკულად არაფერი გაუკეთებიათ ქვეყნისთვის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლისთვის, ისევე, როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის და ა.შ. 

პირიქით, აგერ ვხედავთ, რომ მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, ე.წ. საზღვრისპირა რეგიონიდან ჩვენს მოსახლეობას ყოველდღიურად იტაცებენ.

ამიტომ 2016 წლის 8 ოქტომბერს, ალბათ, ყველა დაფიქრდება, ყველაფერს აწონ-დაწონის და იმ ძალას დაუჭერს მხარს, რომელიც მკვეთრ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა დაალაგოს, აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა, ბიუჯეტის შესაბამისი კორექტირება მოხდეს ხალხის კეთილდღეობის ამღლებისთვის, კონკრეტული შედეგების მიღწევისთვის. 

ეს ძალა „მემარცხენე ალიანსია“, რომელიც ყოველთვის ამ მიმართულებით იბრძოდა და ამ კუთხით აქტიურ მუშაობას გააგრძელებს. 

- დღევანდელიო საარჩევნო სისტემა შევაფასოთ, რითაც არჩევნებზე გავდივართ?

- ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს მათ მიერ მიღებული კანონპროექტი. გახსოვთ, „მემარცხენე ალიანსი“ ყოველთვის იბრძოდა იმისთვის, რომ არსებული მახინჯი სისტემა, როგორიც მაჟორიტარული სისტყმაა, გაუქმებულიყო და არჩევნები რეგიონულ პროპორციული წესით ჩატარებულიყო. 

ამით რეგიონების წარმოადგენლებიც იქნებოდნენ, მათი ხმაც გაჟღერდებოდა პარლამენტში, ისევე როგორც პარტიული წარმომადგენლების. 

მაგრამ რაოდენ ცინიკურია დღეს ნაციონალების განცხადება იმის თაობაზე, რომ თურმე ეს მაჟორიტარული სისტემა მახინჯი ყოფილა. ამ დროს, სწორედ ამ მაჟორიტარული სისტემით დარჩა მიხეილ სააკაშვილი თავის დროზე ხელისუფლებში. 

გაიხსენეთ 2003 წლის არჩევნები, როდესაც არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარტიები პარლამენტიდან გამოყარეს, მაგრამ იმავე ხალხის მიერ არჩეული მაჟორიტარი დეპუტატები დატოვა სააკაშვილმა. ეს აწყობდათ, რადგან მათ რასაც ჩასძახებდნენ, ისინი ხომ იგივეს უპასუხებდნენ, ე.წ. მაჟორიტარი დეპუტატები. 

მერე გავიხსენოთ 2008, 2010 წლის არჩევნები, ისევ იმ სისტემით ჩატარდა. თუ უნდოდათ, შეეცვალათ, მაგრამ მათაც იმედი ჰქონდათ, რომ ამ გზით ხელისუფლებაში ყოფნას გაიგრძელებდნენ.

ამიტომ მიგვაჩნია, რომ ეს სისტემა აბსოლუტურად მიუღებელი უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისთვის. თუ ჩვენ მოვალთ პარლამენტში, იმისთვის ვიზრუნებთ, რომ ეს მახინჯი სისტემა სასწრაფოდ შეიცვალოს. 

როგორც დღეს ოცნების ლიდერები აცხადებენ, ეს სისტემა 2020 წლისთვის შეცვლილი იქნებაო. მაგრამ ხელისუფლებების დაპირებები ბევრი გვახსოვს, ხოლო შესრულება თითქმის ნულოვანი. 

ამიტომ რაღაც თემებზე, იგივე მაჟორიტარ არჩევნებთან დაკავშირებით პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ვფიქრობთ, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. პარტია მალე მიიღებს გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას აუცილებლად ეცნობება. 

- რა ფორმით გადიხართ საპარლამენტო არჩევნებზე?

- სწორედ ამ თემატიკაზეც პარტიაში მსჯელობა მიმდინარეობს, თუ როგორ იქნება ეს ყველაფერი და რანაირად დავლაგდებით. მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი უპირველესი ამოსავალი იდეოლოგიური თვალთახედვა იქნება და ასევე ეროვნულობა. ეს ჩვენი ამოსავალი წერტილი იქნება, თუ არჩევნებში კოალიციის სახით მონაწილეობა გადავწყვიტეთ. 

ისევე, როგორც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მივიღებთ მაჟორიტარული წესით არჩევნებთან დაკავშირებით. 

ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ და წარმატების მოპოვებას ვგეგმავთ. ეს მთავარი მიზანია, რადგან გვსურს არჩევნებში მოანაწილეობით საბოლოოდ ჩავძიროთ „ნაციონალური მოძრაობა“, ეს პოლიტიკური ორგანიზაცია გაქრეს რუქიდან, მათ სატელიტებთან ერთად. 

იმ პარტიებთან ერთად, რომლებიც პირდაპირ მტრობენ საქართველოს. სხვადასხვა დაბეზღებებით ცდილობენ, რომ დაბრკოლებები შეუქმნან ქვეყნის განვითარებას.              

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია