მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გოჩა ჯოჯუა: ოცნებას და ნაციონალებს შუას გაკრეფის გამეორება სურთ - 08 ივლისი 2016

„ივანიშვილი ილუზიაშია და საკუთარი წარმოდგენებით ხედავს როგორც მოსახლეობის ცხოვრების, ასევე ქვეყნის განვითარების დონეს“ 

myrights.ge

„ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ საპარლამენტო არჩევნებში „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა ძალებთან ერთად პოლიტიკური ბლოკის სახით მონაწილეობს. პარტიის ლიდერი გოჩა ჯოჯუა აცხადებს, რომ გაერთიანებას არამარტო საარჩევნო, არამედ მთლიანად პოლიტიკური გარემოს შეცვლა შეუძლია. მისივე თქმით, ისინი გამარჯვებაზე ორიენტირებულ პოლიტიკურ ბლოკს წარმოაგენენ.   „ქრონიკა პლუსი“ პარტია „ახალი ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერს, გოჩა ჯოჯუას ესაუბრება:

- ბატონო გოჩა, როგორ შეაფასებთ ბოლო სოციოლოგიური გამოკვლევების შედეგებს, რამდენად ასახავს არსებულ რეალობას?

- ზუსტი მეცნიერება სოციოლოგია ჩვენ ქვეყანაში (და არამარტო ჩვენთან) პროპაგანდის იარაღად იქცა. ამით მან რეალური ფუნქცია დაკარგა. 

ერთ შემთხვევაშიც და მეორეშიც, ქოცებთანაც და ნაცებთანაც ვნახეთ, რომ ორივე მაქსიმალისტურად მოსახლეობაზე ზემოქმედებას ცდილობს. მიზანმიმართულად, მხოლოდ ეს ორი ძალაა წინა პლანზე წარმოდგენილი. დანარჩენი პოლიტიკური ძალების არსებობაც კი მათ მიერ დახატულ პოლიტიკურ ლანდშაფტს არ ცვლის. მათი ამოცანა სწორედ ეს არის. 

მიუხედავად ამისა, ერთი რამ ჩანს - ორივე შემთხვევაში ეს პარტიები იძულებული არიან აღიარონ, რომ ჯამურად ჩვენი მოსახლეობის 50% მათ მხარს არ უჭერს. რეალურად, იმასაც ვხედავთ, რომ ქოცების ბოლო კვლევით, მოსახლეობის მხოლოდ ერთი მესამედი (ისიც უკეთეს შემთხვევაში) მხარს უჭერს ქართულ ოცნებას. 

ამიტომ მათი განაცხადი, რომ ერთი მესამედის მხარდაჭერით ჩვენ სრული და საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა ავიღოთო, ეს ნიშნავს, რომ მათი დამოკიდებულება,  რბილად რომ ვთვათ, მორალურად მართალი არ არის. 

ერთი მესამედით გსურს გააკონტროლო პარლამენტის ორი მესამედი, რაც მოსახლეობის განწყობის ადეკვატური ასახვა ნამდვილად არ იქნება. 

ფაქტობრივად, ასეთივე განაცხადი აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც თავის მხრივ ამბობს, რომ წარმოადგენს ძალას, რომელიც ხელისუფლებაში უნდა მობრუნდეს. მაგრამ მათი კვლევებიც გვაჩვენებს, ქართულ ოცნებასთან შეთამხმებული არიან, რომ მეორე ადგილი ანუ რეალური ოპოზიციური ფრთა მათი უნდა იყოს. 

დანარჩენში ორივეს შუას გაკრეფის პრინციპის გამეორება სურს. იმის, რაც 2012 წლის არჩევნებში მოხდა. ეს მათი ამოცანაა და ეს კვლევა სწორედ ამის განაცხადი შეიძლება იყოს. 

ამ ფონზე, ჩვენ ისევ იმ მდგომარეობში აღმოვჩნდით, როცა სოციოლოგიური კვლევის ველი, ფაქტობრივად, ისევ დაზიანებულია. გულწრფელობა ისევ სადღაც გადაკარგულშია. ყველა პოლიტიკური ძალა ცდილობს, რომ პროპაგანდისტულად დაანახოს ამომრჩეველს მხოლოდ და მხოლოდ ის ამოცანები, რაც კონკრეტულად მას აქვს დასახული. და არა ის, რომ სოციოლოგიურმა კვლევამ რეალური სურათი მოგვცეს, თუ რა ხდება ქვეყანაში და ზოგადად, რა მდგომარეობა გვაქვს. 

იგივე ეგზიტპოლების მეთოდის გამეორება ხდება წინასაარჩევნოდ. თან იმის გათვალისწინებით, რომ ისევ მახინჯ საარჩევნო გარემოში გვიწევს მუშაობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ხალხი, ვინც ხელისუფლებას ხმას აძლევს, ისევ და ისევ მოტყუებულია. მათი ხმის მიტაცება სურს ნებისმიერ იმ ხელისუფლებას, რომელიც ძალაუფლებას ხელში ჩაიგდებს. ამიტომ ამ ქვეყანაში არავის სურს სამართლიანი არჩევნების ჩატარება. ეს სამწუხარო ტრადიცია გრძელდება. 

უკვე ამ ტრადიციის ნაწილია ისიც, რომ შემდგომ მივმართავთ ხოლმე პროგრესულ საზოგადოებას, რომ აქ არ არის სამართლიანი არჩევნები. შემდეგ ისინი არბიტრის როლში გვევლინებიან. ოღონდ აქ განსხვავება ის არის, რომ დღეს ამ არბიტრსაც მოსახლეობა თუნდაც შეფასებებში უკვე მაღალ სტანდარტებს სთხოვს. 

თუ მსაჯული ხარ, მაშინ თავად შენი განსჯაც ხდება. დღეს საქართველოს მოსახლეობა, ფაქტობრივად, ასამართლებს იმ მსაჯულსაც, რომელმაც დიაგნოზი უნდა დასვას, რამდენად სამართლიანად ჩატარდა არჩევნები. ასევე რამდენად სამართლიანი გარემო იყო შექმნილი ამ ყველაფრისთვის.

სადღეისოდ იმასაც ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის პოლიტიკური კულტურა იმდენად გაზრდილია, რომ ისინი მსაჯულებს (ამ შემთხვევაში ევროპას) გაცილებით დიდ მოთხონებს უყენებს. 

მოგეხსენებათ, თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასასმბლეა იმართება, რაც მნიშვნელოვანი და ეპოქალური მოვლენაა. კერძოდ ის, რომ  ეუთოს ასამბლეა ჩვენთან სწორედ არჩევნების წინ ტარდება. 

იმასაც ვფიქრობ, რომ შედეგი იქნება - მოსახლეობა გამოვა, იაქტიურებს და ყველას ანახებს, რომ ჩვენ ცივილიზებული საარჩევნო გზით გვსურს ხელისუფლების შეცვლა, იმ გარემოს ცვლილება, რომელშიც ვართ. ვფიქრობ, რომ ეს გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს.  თავის მხრივ, ევროპელმა კოლეგებმაც თავიანთი ინსტრუმენტებით გავლენა უნდა მოახდინონ ამ ორ პოლიტიკურ ძალაზე. ისინი დომინანტურად და ყოველგვარი სამართლის ნორმების დარღვევით ცდილობენ მიზნების მიღწევას. რომ ერთმა ხელისუფლება შეინარჩუნოს და მეორე, მისთვის კომფორტული ოპოზიცია იყოს. აი ეს მოცემულობა და ფორმატი უნდა დაირღვეს, თუკი გვინდა, რომ პროგრესის გზით ვიაროთ. 

ვფიქრობ, რომ ჩვენ ამას შევძლებთ. მანამდე, ისინი იძულებული გახდნენ ჩაეწერათ, რომ ორივეს მხარდაჭერის ჯამი ნახევარზე ბევრად ნაკლებია. დაახლოებით, მოსახლეობის 52% გამოდის, რომელიც მათ ხმას არ აძლევს. ეს ხმები ისე არ უნდა განაწილდეს, რომ მესამე, მეოთხე ძალამ ვერ შეძლოს ბარიერის გადალახვა და პარლამენტში შესვლა. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ძალები შეძლებენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებების შეტანას. ამ შეთხვევაში, ვაიძულოთ როგორც ქოცები, ისე ნაცები ანგარიში გაგვიწიონ როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ სივრცეში.

- ბოლო კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით მიდის. უფრო მეტი უარყოფითი მაჩვენებელი „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევებში გამოვლინდა. ეს განწყობე რაზე მეტყველებს?

- ჩვენ პოლიტიკურ კულტურაზე ვსაუბრობდით და მოსახლეობის რეაქცია სავსებით გასაგებია. საერთო ჯამში, ჩვენი მოსახლეობა ხედავს, რომ მისი ინტერესები გატარებული არაა, პრიორიტეტები მართებულად გამოკვეთილი არ არის. 

ამ დროს, მონაცემების უტრირება ხდება და აქცენტი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ ვექტორზე გადააქვთ ხოლმე. ანუ ერთი მხარე ამბობს, - ხედავთ, ჩვენი ორიენტაცია, ევროპული გზა ასახულია მოსახლეობის შეფასებაშიო. სინამდვილეში, საქმის არსი ამაში არ არის და ამ ყველაფერს უფრო ღრმა ფესვები აქვს. 

აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ჩვენი მოსახლეობის 51% დასავლეთისკენ, ევროპისკენ სწრაფვას აფასებს. რეალურად, ის აფასებს იმას, თუ შედეგად რა გვაქვს ქვეყანაში. ჩვენ შიგნით არასწორად რომ ვვითარდებით, მოსახლეობა, უპირველესად, ამას ხედავს და ქვეცნობიერად გრძნობს, რო ეს ცუდი პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. 

უტრირება რომ გავაკეთოთ და ვთქვათ შემდეგი, - მერსედესი, იმის გამო, რომ აგერ რამდენიმე ადამიანმა ავარია მოახდინა და დაეჯახა, თურმე ცუდი მანქანაა. მაგრამ მერსედესი კი არ არის ცუდი მანქანა, არამედ მისი მძღოლი სათანადოდ ვერ მართავს და არაპროფესიონალია; რომელმაც ვერ შეძლო აღნიშნული შესაძლებლობები სწორად გამოეყენებინა, რომელიც ხელთ ჰქონდა. აქ ამაზეა საუბარი. 

ამიტომ ეს 51% იმას კი არ ამბობს, რომ დასავლური განვითარების მიმართულებაა ცუდი. რადგან ყველას სურს დაბანილ, დავარცხნილ და სამართლებრივ სივრცეში სახელმწიფოს არსებობა. საუბარია იმაზე, რომ აქ ეს ყველაფერი არასწორად მიყავთ, არასწორად აკეთებენ იმას, რაც ამ გზაზე რეალურად უნდა გააკეთონ. 

ამიტომ ჩვენი მოსახლეობა ამ რეალობას აფასებს და ამბობს, რომ ქვეყანა სწორად არ ვითარდება. მე ასე აღვიქვამ აღნიშნულ პროტესტს. 

ასევე ჩვენ ქვეყანაში ხომ ასე მიღებულია დაყოფა, პროდასავლელი და პრორუსი. სხვა არ არსებობს, ორად გაყვეს, შავად და თეთრად და არავის აწყობს, რომ შუაში არსებობდეს ქართული სახელმწიფო, სადაც მოსახლეობას უფლება და მოვალეობა აქვს თავად განსაზღვროს როგორ უნდა მოაწყოს ეს ქვეყანა. 

მახსოვს, ერთი პერიოდი, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს ვიღაცები ამბობდნენ, თუ ქართველი ხარ, ე.ი. შენ ამერიკელი ხარ, რადგან ეს ნიშნავს, რომ სსრკ-ს დაშლის მომხრე ხარო. ახლა, როცა ამბობ, რომ ქართველი ხარ, აჰა, შენ ესე იგი რუსი ხარ და ა.შ. ეს არის ავადმყოფური წარმოდგენა ქართული პოლიტიკური პროცესის განვითარებაზე. 

- ბიძინა ივანიშვილის ბოლო ღია წერილი რამდენად ასახავს ქვეყნის დღევანდელ რეალობებს?

- ვფიქრობ, ეს ადამიანი, გარკვეულწილად, პროფესიონალების შეფასებებს ეყრდნობოდა. მისი პირადი შეგრძნებების გამოხატვის ინსტრუმენტებად ის ადამიანები იყვნენ გამოყენებული, რომლებმაც ბევრ საკითხში არასწორი დიაგნოზები დაუსვეს.

ამის შედეგია ის, რომ ივანიშვილი აცდენილია იმ რეალობას, რომელიც დღეს ქვეყანაშია. ეს იმ ადამიანების, მრჩევლების პოლიტიკური გონების ნაჟურია, რამაც ის საერთოდ ააცილა სივრცეს, რომელიც ჩვენ რეალობაში არსებობს. 

მოგეხსენებათ, რომ ეს ადამიანი თავის დროზეც ქვეყნის სოციალურ ცხოვრებაში ჩართული არ ყოფილა. მას ინფორმაცია ნაკლებად ჰქონდა, გარედან შემოსდიოდა გარკვეული საინფორმაციო წყაროებით და ა.შ. თავისი ცხოვრების წესიდან, სოციალური სტატუსიდან გამომდინარე, რასაკვირველია, ის საზოგადოების ფართო ფენებს ვერ ეხება. ამიტომ ივანიშვილი ილუზიაშია და საკუთარი წარმოდგენებით ხედავს როგორც მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ასევე ქვეყნის განვითარების დონესაც. 

აი, ციფრებსაც ვერ ავცდით. ჩვენთან ხომ ხშირად ციფრებს ვეყრდნობით და არა რეალურ სიტუაციას. საუბარია მაკროეკონომიკური განვითარების ციფრებზე, თუ როგორ ხდება ქვეყანაში ეკონომიკის განვითარება და ა.შ. და ამ დროს ეს საერთოდ არ ჩანს მაცივარში, ტანსაცმლის კარადაში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში... 

ეს ციფრები რაც უნდა წინ მიდიოდეს, სინამდვილეში რეალობას არ ასახავს. რადგან, გარკვეულწილად, ვირტუალურად იწერება და ამით ილუზორულ სივრცეს ვაფასებთ. ეს წერილიც, ფაქტობრივად, ასეთ მიმდგომაზეა აგებული. ამიტომ მოსახლეობის დიდ ნაწილში შეფასება გამოიწვია, რომ ეს კაცი საერთოდ არ ცხოვრობს საქართველოში და ამ ვერც ხვდება ვერაფერს.

- ივანიშვილის აქტიური მონაწილეობა წინასაარჩევნო პროცესში „ქართულ ოცნებას“ რა შედეგს მოუტანს?

- ეს ბოლო სამაშველო რგოლია. ივანიშვილს მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეთი ფორმით თუ შეძლებს ოცნების მიწასთან გასწორებული, დავარდნილი რეიტინგის გადარჩენას. ამიტომ ის თავად იღებს პროცესში მონაწილეობას. 

სხვათა შორის, ეს თვითონ ივანიშვილისთვის საზიანოა, რასაკვირველია, ქართულ ოცნებას  წაადგება. მაგრამ კიდევ ვამბობ, ის პერსონალურ მსხვერპლს იღებს იმისთვის, რომ გადაარჩინოს ოცნება. რამენაირად, კატასტროფულად ძირს დავრდნილი რეიტინგი თავისი პიროვნული რეიტინგით გაასწოროს და რაღაცის საშუალება მისცეს. 

მას ნამდვილად შეეძლო ქართულ ისტორიაში სრულიად სხვა ლიდერად, პიროვნებად დარჩენილიყო. მან, ფაქტობრივად, ოცნებას, პოლიტიკურ გუნდს გადააყოლა თავისი რეიტინგი. 

თუკი საკუთარ მხარდაჭერას 30%-მდე აფასებენ, წარმოიდგინეთ, მოსახლეობის რეალური მხარდაჭერა როგორი იქნება და რეალურად, რა შედეგს მიიღებენ. ამიტომ ივანიშვილი მსხვერპლად ეწირება ნდობას, რომელიც დღეს ისედაც მინიმალურ ნიშნულზე არის ჩამოსული. 

- „რუსთავი 2-ის“ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია როგორია?

- აქაც ხომ ახალი და განსაკუთრებული არაფერია. თავის დროზე, ჩვენ ვცხოვრობდით საბჭოთა რალობაში, როცა ერთი ობიექტური ტელევიზია (მაშინდელი გაგებით)  მაუწყებლობდა. იყო „ვრემია“ და ეს გინდა თუ არ გინდა, ობიექტურობის მაშინდელი გამოხატულება იყო. არსებობდა „პირველი არხი“ და მეორე შემთხვევაში რესპუბლიკური მასშტაბის ასევე „ობიექტური ტელევიზია“. 

ობიექტური სივრცე არ ნისნავს, რომ ეს ობიექტურობა უნდა მოვთხოვოთ ნებისმიერ მედიასაშუალებას. სივრცის ობიექტურობას განსხვავებული არხების არსებობა ქმნის და არა რომელიმე ტელევიზია. რუსთავი ორი ჩემთვის ტენდენციური, პროპაგანდისტული მანქანაა, მაგრამ მისი არსებობა მედიასივრცეში აუცილებელია. მაგრამ მერე ჩემი გადასაწყვეტია, რუშთავი ორს შევხედავ, ობიექტივს, იბერიას თუ იმედს. 

როდესაც ქვეყანაში, თანაც არჩევნების წინ მივიღეთ ის, რომ ამ პროპაგანდისტულ მანქანას ხელისუფლება ასეთი ფორმით ებრძვის, ეჭვი მიჩნდება, რომ ეს ერთი ვერსიით, წინასწარ დაგეგმილია. რომ ხელისუფლება სწორედ ქოცებმა და ნაცებმა გაიყონ. ისინი ისეთ სვირცეს ქმნიან, რომ თითქოს აქ ქოცისა და ნაცის გარდა სხვა არაფერი არსებობს. 

ამასთან, რუსთავი ორთან ბრძოლა ნაცმოძრაობასთან ბრძოლას ნიშნავს, თანაც არჩევნების წინ, რომელიც უფრო მეტად ქვეყანას აზარალებს. თუმცა დღევანდელ ხელისუფლებას ქვეყნის დაზარალება ნაკლებად ადარდებს. მისთვის მთავარი ამოცანა ხელისუფლების შენარჩუნებაა.

ასე რომ, ეს არ არის სახელმწიფოებრივი ხედვა და ქმედება. უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, ხელისუფლება სახელმწიფოებრივად არ აზროვნებს, ის ზრუნავს მხოლოდ ერთ რამეზე, ძალაუფლება შეინარჩუნოს ყველა მეთოდით. ეს არის რეალობა, რომელიც ქვეყანას ძალიან ცუდ შედეგს მოუტანს. რადგან პროგრესული საზოგადოება ამ ბრძოლას, რასაკვირველია, ნეგატიურად შეაფასებს. 

-  ქვეყანაში წინასაარჩევნო რელობა შევაფასოთ, პრემიერმა პარტიებს ქცევის კოდექსის ხელმოწერისკენ მოუწოდა, თქვენი პოზიცია როგორია?

- პრემიერის იმედი გვქონდა, მის დაპირებებს და ურთიერთობებს თუ გავითვალისწინებთ. ვფიქრობდით, რომ ცივილიზებულ, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პიროვნებასთან გვქონდა საქმე. რეალურად აღმოჩნდა, რომ მას ენერგია, უნარი არ ეყო და ვერ შეძლო, რომ ქვეყანაში არსებული მდგომარეობ რეალურად შეეცვალა. 

რაღაც მეორად ქცევის კოდექსებზე, რაღაც ფორმებზე შეთანხმების მცდელობა იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში საქმე კარგად ვერ არის. თორემ ხელმოწერა არ სჭირდება იმას, რაზეც ადამიანებს ელემენტარული მორალური კანონი აქვთ. სახელმწიფოებრივად ხედვის შემთხვევაში, მას ასეთი პიარაქციების ჩატარება, რაღაც პროპაგანდისტული ნაბიჯების გადადგმა არ დასჭირდებოდა. 

ამიტომ ეს სისუსტეა და ნიშნავს, რომ ქვეყანაში არ არის ნორმალური საარჩვნო გარემო. იძულებული არიან, კორცხელი რომ არ გამეორდეს, რაღაც ვალდებულებები ავიღოთ და რაღაცას ხელი მოვაწეროთ. 

ამიტომ ეს არის ძალიან იაფფასიანი, პროპაგანდისტული ქმედება, რომლის გავლენა დიდი ხანია ყველამ მოიცილა. ამ მხრივ, ხელისუფლებას მეთოდები დაუძველდა. 

- რატომ გადაწყვიტეთ იმ გაერთიანებაში მოაწილეობა, სადაც ახლა ხართ, „პატრიოტთა ალიანსთან“ და სხვა პოლიტიკურ ძალებთან?

- ერთადერთი კვალიფიციური პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰქონდა და ახლაც მზარდი რეიტინგი აქვს, ეს არის პატრიოტთა ალიანსი, რომელმაც რეალურად შეაფასა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა და პოლიტიკურ ძალებს გაერთიანება შესთავაზა. ასეთ წინადადებაზე არც ერთ პოლიტიკურ ძალას პასუხისმგებლობა არ აუღია.

ამიტომ სახელმწიფოებივი აზროვნებიდან გამომდინარე  ჩავთვალეთ, რომ პატრიოტთა ალიანსს გვერდში უნდა დავდგომოდით. რითაც ამ ქვეყანაში არამარტო საარჩევნო გარემოს, არამედ მთლიანად პოლიტიკური გარემოს შეცვლა შეიძლებოდა. 

შეიძლება მოეჩვენოთ, რომ ჩვენ რაღაც ნაწილში განსხვავებული ხედვები გვქონდა. მაგრამ მთავარ ფასეულობებში ერთად ვართ, რასაც საქართველოში ქართული პოლიტიკის წარმოება ჰქვია. ამაზე ვინც შევთანხმდით, ეს ადამიანები ერთად დავდექით. 

დანარჩენები, ზოგი თავს პრორუსებს უწოდებს და ზოგი პროამერიკელებს, ღმერთმა ხელი მოუმართოთ. ჩვენ ვფიქობთ, რომ ქართული სახელმწიფოს ბედი საქართველოში უნდა წყდებოდეს. თბილისი უნდა იყოს განმსაზღვრელი, ბრიუსელში რა უნდა ვილაპარაკოთ, მოსკოვსა თუ ვაშინგტონში. 

ვინც დღეს ამბობს, რომ არა ბატონო, ჩვენ მარტო უნდა მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობაო, ამით ხელს უწყობს ნაცებისა და ქოცების პოლიტიკას და მათ წისქვილზე წყალს ასხამს. ამას ჩვენ სწორედ საკუთარი ალტერნატივა დავუპირისპირეთ. 

- რა შედეგს ელოდებით არჩევნებზე?

- ვფიქრობთ, რეალური შანსი გვაქვს არჩევნები ისე გადავტეხოთ, რომ  ჩვენ ვიყოთ ის ძალა, რომელიც ქვეყანაში პოლიტიკის შეცვლას შეძლებს. ასე რომ, ჩვენ გამარჯვებაზე ორიენტირებული პოლიტიკური ბლოკი ვართ.        

 

პოპულარული სტატიები
დღეს თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება
  ნონა ხიდეშელი: ჩვენმა მოქალაქემ საერთოდ არ იცის, რა უნდა ხელისუფლებისგან
რატომ არის დანაშაულის მაღალი რისკი ძალადობის მსხვერპლ ბავშვებში? 

 

 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2019 ყველა უფლება დაცულია