მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზაქარია ქუცნაშვილი: ჩვენ გვყავს ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს - 18 ივლისი 2016

„თუ ვაჩვენებთ კონტრასტს 2003-2012 წლების საქართველოსა და 2012-16 წლების საქართველოს შორის, ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ“

myrights.ge

„ქართული ოცნება“ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას გეგმავს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ამისთვის ოცნებამ  უნდა შეძლოს და მოსახლეობას დაანახოს ის კონტრასტი, რაც 2003-2012 წლების საქართველოსა და 2012-16 წლების საქართველოს შორისაა. მისივე თქმით, ოპონენტი გაკეთებული საქმით და არგუმენტებით უნდა დამარცხო და არა შეურაცხყოფის მიყენებით. 

„ქრონიკა პლუსი“ „ქართული ოცნების“ წევრს, ზაქარია ქუცნაშვილს ესაუბრება:

- ბატონო ზაქარია, როგორ შეაფასებთ „ქართული ოცნების“ დაკვეთით შესრულებულ კვლევას, რომლის მიხედვით „ოცნებას“ გამოკითხულთა დაახლოებით 35%, ხოლო „ნაციონალურ მოძრაობას“ 13-14% მხარს უჭერს?

- არ მივიჩნევ, რომ ეს დამაკმაყოფილებელი შედეგია. ჩვენ 35%-ზე მეტისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ასე რომ, ჩემთვის გამოკითხვის ეს შედეგები თვითკმაყოფილების საფუძველი არ არის. 

- რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ მაჩვენებელს?

- ნაციონალურ მოძრაობას მაქსიმუმ 15-20 კაცის არჩევას ვუწინასწარმეტყველებ. თუ ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში შევძლებთ საზოგადოებას დავანახოთ ის კონტრასტი, რაც შეიქმნა 2012 წლის დროინდელ და 2016 წლის საქართველოს შორის, ჩათვალეთ, რომ ნაციონალურ მოძრაობას ამ 15- 20 კაცის გაყვანაც გაუჭირდება. 

- კონკრეტულად რას მოიაზრებთ დასახელებულ კონტრასტში?

- მოვისაზრებ ადამიანის თავისუფლებებისთვის მიღწეულ იმ შედეგებს, რაც საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს ეხება. დაწყებული განათლების მიღების უფლების ხელმისაწვდომობიდან, ჯანმრთელობის დაცვის უფლების ხელმისაწვდომობით დამთავრებული. 

ასე რომ, კონტრასტში ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის განათლების მიღების უფლება, ჯანმრთელობის დაცვის უფლება, ბიზნესის წარმოების თავისუფლება, გადასახადების კანონიერად გადახდის უფლება და ბევრი სხვა რამ, უფლება თუ თავისუფლება, დეკლარირებულიდან რეალურად მოქმედ, ფუნქციონირებად უფლებად გადავაქციეთ. ეს და ბევრი სხვა თავისუფლება რეალურ ცხოვრებაში მოქალაქეებისათვის შეზღუდული იყო. 

ჩვენ თუ შევძელით და ვაჩვენეთ ეს კონტრასტი, თუ რა იყო და რა არის, საზოგადოებას კარგად დავანახეთ, რომ ნაციონალური მოძრაობა წარსულია და წარსულისკენ მხოლოდ სულელები მიისწრაფვიან, დამაჯერებლად გავიმარჯვებთ.

- რის გაკეთება ვერ შეძლო ამ ოთხი წლის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“?

- რასაკვირველია, ყველა ხელისუფლების სურვილია გაჭირვებისა და უმუშევრობის, როგორც მცირე ეკონომიკის თანმდევი შედეგების დამარცხება. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს 25-წლიანი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. 

ასევე, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის 25-წლიანი სურვილია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზებსა და ოსებს გარდაუვალი ომისა თუ ძალადობის შიში დიდწილად გაუქარწყლდათ, ასევე ისინი ვაქციეთ ყველა წარმატებული სახელმწიფო თუ მუნიციპალური პროგრამის თანასწორუფლებიანი ბენეფიციარებად, აღდგენა დაიწყო ადამიანურმა და საქმიანმა ურთიერთობებმა, ამ კუთხით მაინც სერიოზული პრობლემები არსებობს. 

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მოქალაქეებს ცხოვრების ტვირთი მნიშვნელოვნად შევუმცირეთ, გაჭირვება და უმუშევრობა დამარცხებული არ არის. 

- თითქმის ყველა გამოკითხვაში ეს პრობლემები წინა პლანზე არის წამოწეული. რატომ ვერ მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“ ამ სოციალური პრობლემების სათანადოდ გადაწყვეტა?

- გაჭირვება და უმუშევრობა მიზეზი არ გახლავთ, ეს არის მცირე ეკონომიკის თანმდევი შედეგი. ჩვენ ქართული ეკონომიკის მასშტაბები გავზარდეთ. მარტო, ვთქვათ, ამოღებული ფულის ნაწილში (ამას ჩვენ ბიუჯეტის შემოსულობებს ვუწოდებთ) 25%-ით გავზარდეთ სახელმწიფო ბიუჯეტი. იყო 8 მილიარდი და დღეის მდგოარეობით, 10 მილიარდია. 

მარტო ამოღებული თანხების სახით, 25%-ით გაიზარდა სახელმწიფოს შემოსავლები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალო ევროპულზე ორჯერ და ზოგ შემთხვევაში სამჯერაც მეტი იყო, ეს მაინც ვერ ძლევს იმ კეთილდღეობის ჩამორჩენილობას, რაც დღეს ევროპასთან გვაქვს. 

მანძილი საკმაოდ დიდია და აღნიშნული ჩამორჩენილობის დაძლევისთვის საერთო ევროპულ ეკონომიკურ ზრდაზე 1.5%-ზე ორმაგი და სამმაგი მაღალი მაჩვენებელიც კი არ არის საკმარისი საქართველოსთვის. ჩვენ გვჭირდება ხუთმაგი და შვიდმაგი ეკონომიკური ზრდა საშუალო ევროპული ზრდის მაჩვენებელთან მიმართებაში, რათა 5-10 წელში ჩამორჩენილობა დავძლიოთ და მათ გავუთანაბრდეთ.

- არსებული რეალობის გათვალისწინებით, მსგავსი ზრდის მიღწევა რამდენად შესაძლებელია?

- ღია ეკონომიკის წარმოების  და ასევე საქართველო მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრობის პირობებში, ჩვენ ვალდებული ვართ ღია და თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის ერთგულები ვიყოთ. ეს რასაკვირველია, ქართულ შიდა ბაზარზე მთელი რიგი პროტექციული ღონისძიებების დაწესების უფლებას გვიზღუდავს. 

ეკონომიკურ ზრდაზე განმსაზღვრელ გავლენას რეგიონულ ბაზრებზე შექმნილი მდგომარეობაც ახდენს. 

თქვენ წარმოიდგინეთ, თუ წინა წლებში მთელი რეგიონიდან მხოლოდ საქართველოში იყო ომი (2008 წლის ომი მაქვს მხედველობაში), აღმოჩნდა, რომ 2014-15-16 წლებში ომია რუსეთ-უკრაინას შორის, სირია-თურქეთის საზღვრებთან, ომია ერაყის ტერიტორიაზე და ომია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ანუ, ფაქტობრივად, ყველგან, ჩვენგან ჩრდილო-დასავლეთით იქნება, სამხრეთ-აღმოსავლეთით თუ სამხრეთ-დასავლეთით. საქართველო ყველა მიმართულებით რეგიონული კონფლიქტების ეპიცენტრში აღმოჩნდა. 

ამას გარდა, თვისობრივად გადასახედია ის სავაჭრო ხელშეკრულებები, რომლებიც ჩვენ მეზობელ ქვეყნებთან გვაქს დადებული. არის ეჭვი, რომ მთელი რიგი ქვეყნები, ამ კუთხით ყველაზე მეტად თურქეთი არის შემჩნეული, რომ დემპინგური ფასებით გვევაჭრება საქართველოს. სწორედ დემპინგური ფასებით საქართველოსთან ვაჭრობა მკვეთრად უშლის ხელს  ქართული წარმოების განვითარებას.

მთელ რიგ პროდუქციაზე ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ არათუ თვითღირებულების არამედ მასზე ნაკლებ ფასად შემოაქვთ საქართველოში. რომ აღარ ჩავთვალოთ საქონლის ტრანსპორტირებისა და დაბეგვრის ხარჯები, რაც იმპორტირებული ნებისმიერი პროდუქციის ფასს ბუნებრივად ზრდის. 

ასე რომ, ჩვენ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით ქართული ეკონომიკის ზრდისკენ. როგორც გითხარით, მარტო შემოსავლების მობილიზების კუთხით, ჯამში  25%-იანი ზრდა გვაქვს ამ სამწელიწადნახევარში. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, საკმარისი არ არის გაჭირვებისა და უმუშევრობის დასამარცხებლად. 

- სოციოლოგიური კვლევა „რუსთავი 2-ის“ დაკვეთით ასევე ორგანიზაცია „ჯიეფკეიმ“ ჩაატარა. იქ პარტიებს, „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალებს“ შორის თითქმის თანაბარი მაჩვენებელია და კიდევ ერთი მომენტია, - გამოკითხულთა 51% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება; მსგავსი მაჩვენებელი იყო „ენდიაისა“ და „აირაის“ კვლევებში. ასეთი ტენდენციის საფუძველი სად არის?

- ამაზე ზუსტი პასუხის გაცემა გამიჭირდება. რადგან ეს შეკითხვა, ქვეყანა სწორი გზით ვითარდება თუ არასწორით, კომპლექსური ხასიათისაა. არ ვიცი, თითოეული რესპონდენტი  რამდენად კომპლექსურად იაზრებს ამ კითხვის შინაარსს. 

რატომ არის კითხვა კომპლექსური? განვითარება მრავალმიმართულებიანია და მისი ერთ-ერთი კომპონენტია ეკონომიკა, მასში შემავალი ძალიან მნიშვნელოვანი დარგებით, რომლებიც ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. კერძოდ, ეკონომიკის ისეთი დარგები, როგორიცაა: ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ვაჭრობა, ფინანსები და ა.შ. 

განვითარების ნაწილია თავისუფალი საზოგადოების მშენებლობის პროცესიც. მისი ნაწილია დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, ადამიანის თავისუფლებების დამკვიდრება,  მათ შორის, ინფორმაციის მიღების თუ გავრცელების, ასევე ბნიზნესსაქმიანობის თავისუფლება.  

ამიტომ მე არ ვიცი, ჩვენი რესპონდენტები ამ კითხვაზე როცა პასუხობდნენ, ასე კომპლექსურად ჰქონდათ გააზრებული ეს საკითხი თუ არა. ისევე როგორც არ ვიცი, ქვეყნის განვითარება-არგანვითარებაზე შეკითხვა რომელი შეკითხვის შემდეგ ისმებოდა. რადგან ინტერვიუს აღების დროს, ამასაც მნიშვნელობა აქვს.

შეკითხვა დასვა, არის თუ არა საქართველოში გაჭირვება და მერე მას მიაყოლო, შემდეგი შეკითხვის სახით ქვეყანა სწორი გზით ვითარდება თუ არა, რასაკვირველია, რესპოდენტი იტყვის რომ ქვეყანაში გაჭირვება და უმუშვრობაა. ჩვენ გვყავს ოფიციალურად ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამის უარყოფას არავინ ვაპირებთ. ღარიბი კიდევ უფრო მეტი გვყავს, ვიდრე ეს ნახევარი მილიონი ადამიანია. 

ამ შეკითხვის შემდეგ რომ დაისვას კითხვა, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არაო, რასაკვირველია, რესპონდენტი პასუხს ქვეცნობიერად მიაბამს ამ გაჭირვებულთა თემას. პასუხი რა თქმა უნდა უარყოფითი იქნება. ამიტომ საკითხავია ეს ბოლო კითხვა როგორი თანმიმდევრობით იყო დასმული.

ასევე „რუსთავი ორის“ ჟურნალისტები რომ ეკითხებიან აგრარული ბაზრის მოვაჭრეებს, არის თუ არა ვაჭრობაო, დამანახეთ ერთ მოვაჭრე საქართველოში, რომელიც თავისი ნავაჭრით, ანუ გაყიდული საქონლის რაოდენობით კმაყოფილი იყოს და საჯაროდ გამოთქვამდეს ამას. ეს ხომ თავად ვაჭრობის წესს ეწინააღმდეგება. ერთი ასეთი დამანახეთ და მერე ვისაუბროთ ამ თემაზე.

- ბიძინა ივანიშვილი ღია წერილის გამოქვეყნების შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურ ჩართვას გეგმავს. თქვენ როგორ ხედავთ მის როლს აღნიშნულ პროცესში, რა შედეგს მოუტანს ეს „ოცნებას“?

- ცალსახად დადებითს, რადგან ბატონმა ბიძინამ ხელისუფლებიდან წასვლის მიუხედავად, განვითარებულ პროცესებზე პასუხისმგებლობა არ მოიხსნა. მან გადადგომის დღესაც თავის საჯარო ინტერვიუში თქვა, რომ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ქართველი ხალხის წინაშეო. 

ამიტომ ეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანი თუ სინდისიერი და პატრიოტია, საზოგადოების წინაშე პასუხისმგებელია მაშინაც, როდესაც ხალხის წარმომადგენელია, მათი ხელისუფალია და მაშინაც, როცა არის მოქალაქე ანუ  საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების მთავარი დამკვეთი. 

ასე რომ, მისი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება ჩემი აზრით წაადგება ქართულ ოცნებას. მით უმეტეს, ბიძინა ივანიშვილი იყო და რჩება პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლად. აქედან გამომდინარე, მასთან აფილირებულ პირად.

- ოპოზიცია ხშირად ივანიშვილის მხრიდან ქვეყნის არაფორმალურ მართვაზე საუბრობს, თქვენი დამოკიდებულება როგორია?

- ვფიქრობ, რომ ყველა თანამდებობის პირი თავის უბანზე პასუხს დამოუკიდებლად აგებს. ის, რომ ვიღაცისგან (თუნდაც ეს იყოს ყოფილი პრემიერი) რჩევას იღებ, ეს შენ პასუხისმგებლობას არ გიხსნის. 

აქედან გამომდინარე, საკითხი ასე დგას, რომ ყველა კონსტიტუციური თანამდებობის პირი,   ხელისუფლების ყველა განშტოება თავისი უფლებამოსილების ფარგლებში პასუხიმგებელია საზოგადოების წინაშე. 

ეს დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელია, რომ ვიღაცამ ისრები ან პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანოს. რადგან თუ გინდა პასუხისმგებლობას თავი აარიდო, მაშინ უარი უნდა თქვა იმ კონსტიტუციურ თანამდებობაზე, რომლიც გიკავია და თავი დაანებო კეკლუცობას. 

თანამდებობაზე თუ ხარ, მიუხედავად იმისა, რჩევას იღებ თუ არა, მას ითხოვ თუ არა, შენ დამოუკიდებლად ხარ პასუხიმგებელი საზოგადოებისა და ხალხი წინაშე. ვერც დღეს და ვერც მომავალში, ის პოზიცია, რომ ეს მირჩიეს ან ამაზე მესაუბრენო, არავის გასასამართლებლად არ გამოადგება. 

- რა პოზიცია გაქვთ თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც საყოველთაო სამხედრო გაწვევის გაუქმებას გულისხმობს?

- ეს პროფესიული თემა გახლავთ. ორი მიდგომა არსებობს, - რომ ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ იაფ შეიარაღებაზე უფლება და არის მეორე მიდგომაც, რომ ღარიბ ქვეყნებს არ აქვთ შეიარაღებასა და თავდაცვაზე დიდი ფულის ხარჯვის უფლება. ასე რომ ეს ორი შეხედულებაა ყველაზე მეტად გავრცელებული.

ჩემი აზრით, მაინც სამხედრო დოქტრინიდან უნდა გამომდინარეობს ეს ყველაფერი და არა ფილოსოფიური შეხედულებიდან, თუ ვინ როგორ ფიქრობს მოაწყოს საქართველოს თავდაცვისუნარიაობა . 

- პრემიერმა ოპოზიციურ პარტიებს „ქცევის კოდექსზე“ ხელმოწერისკენ მოუწოდა, ეს რისთვის გახდა საჭირო?

- ალბათ იმისთვის, რომ პრემიერმა შემაჩნია ის, რაც სამწუხაროდ დამკვიდრებულია.  შეურაცხყოფა ლამის ნორმად არის ქცეული საქართველოში წინასაარჩევნო კამპანიის დროს. მას სურს, რომ შეურაცხყოფა ქცევის ნორმიდან გამონაკლისად იქცეს და ის ეთიკური კოდექსით დადგენილი გაკიცხვის საგანი გახდეს. 

თავიდან ბოლომდე ვიზიარებ ამ მიზანს და მიმაჩნია, რომ ოპონენტი გაკეთებული საქმით და არგუმენტებით უნდა დამარცხო და არა შეურაცხყოფის მიყენებით. 

- რამდენადაც ცნობილია, „ქართული ოცნება“ ცალკე პარტიის სახით გადის არჩევნებზე, რომელი პარტიის წარმომადგენელთა შეყვანა მოხდება საარჩევნო სიაში?

- მე ამ პროცესში ჩართული არ გახლავართ. არ ვმუშაობ პარტიული სიის ფორმირებაზე. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ინფორმაციას არ ვფლობ. 

- თქვენ რა ფორმით გეგმავთ კენჭისყაში მონაწილეობას?

- ცოტა ხანი მოვითმინოთ და საზოგადოება გაიგებს ამის შესახებ. ამ ეტაპზე კონკრეტულ საუბარს მოვერიდები. 

- რა შედეგს მიაღწევს „ქართული ოცნება“ საპარლამენტო არჩევნებზე?

- ინტერვიუს თავშიც ვთქვი და ეხლაც გავიმეორებ, თუ ვაჩვენებთ კონტრასტს 2003-2012 წლების საქართველოსა და 2012-16 წლების საქართველოს შორის, ჩვენ არჩევნებს მოვიგებთ. მთავარია ეს განსხვავება ვაჩვენოთ, რადგან ბევრი და რაც მთავარია, კარგი საქმეები გვაქვს გაკეთბული მიუხედავად  ხელისუფლებაში ყოფნის ხანგრძლივობის თითქმის სამჯერ სიმცირისა. დარწმუნებული ვარ საზოგადოება  სწორ არჩევანს გააკეთებს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია