მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხათუნა ლაგაზიძე: „რეალური გამარჯვების შანსი გვაქვს, თუ ჩამოუყალიბებელ ელექტორატში უიმედების დაძლევას შევძებთ“ - 25 ივლისი 2016

„საქართველოს, როგორც არასდროს,  გონიერი, მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება სჭირდება“

myrights.ge

პაატა ბურჭულაძის „სახელმწიფო ხალხისთვის“, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მოპოვებისთვის იბრძვის. პოლიტიკური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, ხათუნა ლაგაზიძის განცხადებით, ამის რეალური შანსი იმ შემთხვევაში იქნება, თუკი პარტია მოსახლეობასთან მაქსიმალურად ბევრ შეხვედრას ჩაატარებს და ქართულ საზოგადობაში გამეფებული უიმედობის დაძლევას მოახერხებს. მისივე შეფასებით,  2012 წლის არჩევნების მერე „ოცნების“ მთავრობამ თავისივე ხელით ჩატეხა ის ხიდი, რომელიც მას საზოგადოებასთან ჰქონდა გაბმული და რომლის წყალობითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. 

"ქრონიკა პლუსი" პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრება:

- ქალბატონო ხათუნა, რა ხდება თურქეთში და არ გავლენას ახდენს ეს პროცესები საქართველოზე?

- ის, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან გვქონდა საქმე, ამაზე მთელი მსოფლიო შეჯერებულია. თუმცა ვინ იდგა მის უკან, ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს, დღეს ამაზე კონკრეტულად საუბარი ძალიან რთულია. 

უამრავ ვერსიას ვისმენთ, დაწყებული თვითონ თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ვერსიიდან, რომ ამის უკან კარგად ცნობილი, ფატულა გიულენის ოპოზიციურ დაჯგუფებაა, რომელიც კარგა ხანია ამერიკის შეერთებულ შტატებშია. 

ასევე ვნახეთ თურქეთის ოფიციალური სააგენტოს ინფორმავია, რომ აჯანყებულების მხარეს სამხედრო ოპერაციაში რუსი მფრინავი მონაწილეობდა. 

თავად თურქეთის ოპოზიციასაც აქვს ვერსია და, ამ შემთხვევაში, ხელს ქვეყნის ხელისუფლებისკენ იშვერს. თითქოსდა, ეს ყველაფერი იმას ემსახურება, რომ თურქეთის ხელისუფლებაში ავტორიტარული ტენდენციები გაძლიერდეს. 

ამ გადასახედიდან ძნელია (ცხელია ეს ყველაფერი), რომ რომელიმე ამ ვერსიის ან სხვა ვერსიების რეალური წონა შევაფასოთ. მაგრამ ფაქტი ერთი გახლავთ, დღეს დასავლეთი საფრთხეს ხედავს, რომ ამ უმძიმესი ტრაგედიის შედეგად, თურქეთის ხელისუფლებამ შესაძლოა უფრო გაამკაცროს ქვეყანაში არსებული კანონები და შეზღუდოს ის თავისუფლებები, რაც ქვეყნის კონსტიტუციით არის გარანტირებული.

თუმცა საქართველოსთვის ყველაზე მძიმე, რაც შეიძლება მოხდეს, ეს არის სავარაუდო სცენარი, რომლის ფარგლებშიც თურქეთისა და შეერთებული შტატების ინტერესთა სერიოზული შეჯახება შეიძლება ვიხილოთ. 

საუბარი იმაზეა, რომ თუ თურქეთი მოითხოვს ფატულა გიულენის გადმოცემას და შტატებმა გადმოცემაზე უარი თქვა, ასეთ შემთხვევში შეიძლება სერიოზულად დაიძაბოს ანკარისა და ვაშინგტონის ურთიერთობები. რამაც, სავარაუდოდ, შეიძლება გამოიწვიოს თურქეთის პოლიტიკურ წრეებში იმ ვერსიის ლობირება, რომ ქვეყანა კვლავ უნდა დაუახლოვდეს რუსეთს. და ეს საქართველოსთვის ყველაზე მძიმე სცენარი იქნება, თუ ამ ეტაპზე თურქეთისა და რუსეთის ინტერესების დაახლოება მოხდება. 

კიდევ ერთი, რაც საქართველოსთვის რისკებს ზრდის, ეს არის თურქეთში შესაძლო არეულობის ფონზე ტერორიზმის საფრთხის ზრდა. მოსაზღვრე ქვეყანაა და იქ ტერორიზმის აფეთქება, თავად განსაჯეთ, რამხელა რისკების შემცველია თავად საქართველოსთვისაც. 

ამ ეტაპზე საქართველოსთვის, ხელისუფლებისთვის, პოლიტიკური ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შეინარჩუნოს თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები თურქეთის ხელისუფლებასთან. 

ასევე, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, შენარჩუნდეს და გაძლიერდეს აზერბაიჯან-საქართველო-თურქეთის კვანძის გავლით არსებული ენერგეტიკული, სატრანზიტო და სხვა სახის ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროექტები, რაც საქართველოს როლსა და ადგილს დასავლეთისთვის მიმზიდველს და განუმეორებელს ხდის. 

მოკლედ, რომ ვთქვათ, უდიდესია სტაბილური თურქეთის როლი ჩვენი ეკონომიკისთვის და სტრატეგიული ფუნქციისთვის. დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს.

თუმცა, როგორც გითხარით, განსაკუთრებით ნიშანდობლივია თავად რუსეთის რეაქცია. მოსკოვის რეაქციები გადატრიალების პირველივე წუთებიდან ადასტურებს, რომ შედგების მაქსიმალურად თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება. 

ამ შემთხვევაში, სათავისოდ გამოყენებაში ვგულისხმობ რუსეთ-თურქეთის დაახლოების ახალი ეტაპის გაჩენას, რაც საქართველოს ინტერესებისთვის უკუპროპორციულია.

ანუ მთავარი ისაა, რომ აშშ-ს ინტერესების შემცირება (სავარაუდოდ, თუ ასეთი რამ მოხდა რეგიონში) ეს კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის საქართველოს რუსული საფრთხის წინაშე. ამიტომ ჩვენი სასიცოცხლო ინტერესია, რომ ამ გადატრიალების მცდელობას ყველაზე ნაკლებად მოყვეს თურქეთისა და აშშ-ს ურთიერთობების გაუარესება. პირიქით, ჩვენთვის იდეალური  ვერსია იქნება, თუ ამ გადატრიალების მცდელობის შედეგად, თურქეთ-ამერიკის ურთიერთობას ბზარი არ გაუჩნდება. 

ფაქტი ერთია, დღეს, როდესაც განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთი თურქეთს სტრატეგიულ პარტნიორობას სთავაზობს, საქართველოს, როგორც არასდროს, გონიერი, მოაზროვნე და პასუხისმგებლიანი ხელისუფლება სჭირდება, რომ მინიმუმადე შევამციროთ ის რისკები და გამოწვევები, რომლებიც სულ უფრო მეტი იქნება და გავზარდოთ საქართველოს როლი დასავლელ მეგობრებთან ურთიერთობაში. 

- შიდა პროცესებზე გადავიდეთ. რა დამოკიდებულება გაქვთ ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვების (რუსთავი 2-ის დაკვეტით ჯი-ეფ-კეის და პარტია ქართული ოცნების შიდა კვლევები) შედეგების, მათ შორის თქვენი რეიტინგების მიმართ?

- რთულია სხვადასხვა წყაროებით გამოყვეყნებული კვლევების შეფასება, რადგან ხშირ შემთხვევაში, ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან. მაგალითად, თქვენ მიერ მოყვანილ ორ შემთხვევაზე თუ ვიმსჯელებთ, რუსთავი ორის დაკვეთილ რეიტინგებში ჩვენ მესამე ადგილზე ვართ. რაც შეეხება ქართული ოცნების კვლევებს, ის ჩვენ ოფიციალურად არ გვიხილავს. მაგრამ ოცნების პიარსტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა, ზურაბ ბიგვავა გაზეთ „რეზონანსში“  წერდა, რომ მათი ხელ არსებული ახალი ტენდენციების მიხედვით, ნაციონალური მოძრაობა მეორე ადგილიდან დაბლა ინაცვლებს და ამ ადგილის დაკავების ყველაზე რეალური პრეტენდენტი, სწორედ, პაატა ბურჭულაძის ახალი პოლიტიკური მოძრაობა სახლმწიფო ხალხისთვის არისო. 

ასე რომ, აქაც კი განსხვავებაა, ერთი კვირის ინტერვალებით ჩატარებულ კვლევებსა თუ ინფორმაციებში. 

ჩვენთვის მთავარი ამოსავალი ის განწყობაა, რომელიც ჩვენ ხალხშია. სადღეისოდ, ჩვენ ვართ პარტია, რომელიც ყველაზე ინტენსიურად და ხშირად ხვდება მოსახლეობას მთელი საქართველოს ფარგლებში. და ეს შეხვედრები, იქ დანახული პრობლემატიკა, საზოგადოების განწყობა გვაძლევს იმის საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ჩვენთვის ამ არჩევნებზე დაუძლეველი ამოცანა არ არსებობს.

ვგულისხმობ, რომ ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. რადგან ჩვენ მესამე თუ მეორე ადგილიდან კიდევ უფრო ზემოთ აწევის რესურსი გვაქვს. ამის თქმის საფუძველს ორი რამ გვაძლევს, - ერთი, საზოგადოების დამოკიდებულება ჩვენი პოლიტიკური ძალის და, ბუნებრივია, ლიდერის, პაატა ბურჭულაძის მიმართ. და მეორე, - ის უზარმაზარი ჩამოუყალიბებელი ამომრჩეველი, რომლის პროცენტი, სხვადასხვა კლევების მიხედვით, 35-50%-მდე მერყეობს. 

მათი ჩამოუყალიბებლობის მთავარი იზეზი არის უიმედობა. და ამ შემთხვევში ჩვენი პარტიის მთავარი გამოწვევა და მთავარი ოპონენტი სწორედ ეს უიმედობაა. თუ ჩვენ შევძლებთ ამ ნიჰილისტური განწყობის ნიველირებას, ეს ხალხი აუცილებლად ჩვენ დაგვიჭერს მხარს. სხვა პოლიტიკურ ძალებს ამ დიდი ნაწილის მიმხრობის შანსი არ აქვთ.

ამიტომ ვამბობ, რომ ჩვენთვის ამ არჩევნებზე დაუძლეველი ამოცანა არ არსებობს. დანარჩენი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შევძლებთ არჩევნებამდე დარჩენილ ორთვენახევარში საარჩევნო კამპანიის გაშლას, მობილიზებას, სათანადოდ ღონისძიებების დაგემვა-წარმართვას და, რაც მთავარია, მოსახლეობის ინტერესების ასახვას. 

- ბრძანეთ, რომ მოსახლეობას ხვდებით, უიმედობის გარდა კიდევ რას ხედავთ დღვანდელ ქართულ საზოგადოებაში და რას სთავაზობს თქვენი პოლიტიკური მოძრაობა?

- მთავარი პრობლემები არის ის, რაც აღნიშნულმა უიმედობამ გააჩინა. თანმიმდევრობით რომ მივყვეთ, ეს არის სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მთელი რიგი, დაწყებული უმუშევრობიდან, დამთავრებული ამ ეროვნული ვალუტის კრიზისით, სამუშაო ადგილების არარსებობით, ეკონომიკური პერსპექტივის არარსებობით...

აქ მთავარი ის არის, რომ ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა საზოგადოებასთან ჩატეხილი ხიდის გამთლიანება. 2012 წლის არჩევნების მერე ხელისუფლებამ თავისივე ხელით ჩატეხა ის ხიდი, რომელიც მას საზოგადოებასთან ჰქონდა გაბმული და რომლის წყალობითაც ის ხელისუფლებაში მოვიდა. 

ხელისუფლებას, ქართულ ოცნებასა და საზოგადოებას შორის კომუნიკაცია ბოლო წლების განმავლობაში იყო მინიმალური. და, რაც მთავარია, ხელისუფლებამ ხალხი პროცესებიდან გაიყვანა. უცნაურია, მაგრამ საზოგადოება პროცესებში უფრო ჩართულად (სახელმწიფოს შენების პროცესში) და, ზოგადად, მოქალაქე უფრო დაფასებულად გრძნობდა თავს წინა ხელისუფლებისას, ვიდრე ახლა.

თვითონ ასე ხსნიან, რომ მაშინ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მაინც ბრძოლაში ჩართული ვიყავით და მოქალაქეობრივი ფუნქცია გვქონდაო; ვიღაცას მაინც ვებრძოდით და რაღაცისთვის მაინც ვიბრძოდითო. 

მერე ნაწილი, ვინც ნაციონალური მოძრაობის მომხრე იყო, ჰქონდა იმის განცდა, რომ შენების პროცესში მონაწილეობდა.

დღეს აქედან არც ერთია და არც მეორე. ანუ საზოგადოებას მოქალაქეობრივი ფუნქცია დააკარგვინეს და ეს ძალიან დიდ იმეგაცრუებასა და ფრუსტრაციას იწვევს. ეს ყველაფერი გვაძლევს იმას, რაც დღევანდელი ხელისუფლებისთვის დიაგნოზის ტოლფასია. ანუ უნდობლობა ხელისუფლების მიმართ და იმედგაცრუება საზოგადოებაში ძალიან მაღალია. ეს ძირითადი პრობლემებია.

ჩვენ რაც შეგვეხება, ძალიან სერიოზული პროგრამა გვაქვს ყველა მიმართულებით, რა საჭიროებებიც დღეს აქვს ჩვენ ქვეყანას. ეს არის ეკონომიკა, სოციალური სფერო, სამართალი, საგარეო პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემა, თავისთავად განათლება, კულტურა და სპორტი, ჯანდაცვა. ბუნებრივია, ცალკე მიმართულებაა ვეტერანები და შშმ პირები. 

თუ საშუალება გვაქვს, შემიძლია თეზისები ჩამოგიყალიბოთ ძირითად მიმართულებებზე.

- მოკლედ გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი...

- რადენიმე მიმართულებაზე მოგახსენებთ. ჩვენ ქვეყნის სივრცით მოწყობას და ქალაქდაგეგმარებას ვიწყებთ. და, აქედან გამომდინარე, ქვეყნის სატრანსპორტი კვანძისა და ტრანსპორტის უზრუნველყოფის პრობლემის მოგვარებას; ეკოლოგიური პრობლემის გადაწყვეტას. ქალაქდაგეგმარების პრობლემის მოგვარებას და განაშენიანების, ეს დიდ ქალაქებს რაც შეეხება. 

ამასთანავე, ქალაქებს შევძენთ ფუქნციას და დემოგრაფიული მიმართულებით ჩვენი მხრიდან ინოვაციური მიდგომები იქნება იმ კუთხით, რომ ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, ისევე როგორც ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს ყველა რეგიონში და თვითმმართველ ქალაქში გადანაწილდება. ჩვენ ამ გეგმას დეტალურად წარმოვადგენთ.

შემდეგი მსხვილი მიმართულება ადგილობრივი თვითმმართველობაა. ჩვენ ვუზრუნველყოფთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო დამოუკიდებლობას. ამ მხრივ საკანონმდებლო წინადადებით ძალიან მალე გამოვალთ. 

რაც შეეხება ეკონომიკურ მიმართულებას, აქ სოციალური დახმარების მხრივ ის ნოვაცია გვაქვს, რომ სოციალური დახმარებების დღეს არსებული ცხრილი ოთხი წელი არ გადაიხედება. ანუ დღეს ვისაც აქვს სოცდახმარება, მას ეს ოთხი წლის განმავლობაში მიეცემა და არავინ ჩამოართმევს. გარდა ამისა, აღნიშნული დახმარება გაორმაგდება. 

ისევე, როგორც პენსია 250 ლარის ოდენობით მიმატებს. ჯანდაცვის კუთხით ასევე საინტერესო რეფორმები გვაქვს. რაც იმას ითვალისწინებს, რომ მაღალშემოსავლიანმა მოქალაქეემმა აღარ ისარგებლონ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმით. ანუ დაბალშემოსავლიანი მოქალაქე ამას აღარ დააფინანსებს, მაღალშემოსავლიანების საყოველთაო ჯანდაცვას. 

სამაგიეროდ, აქედან გამოთავისუფლებული ფული, დაახლოებოთ 70 მილიონი ლარი მოსახლეობის მოწყვლად თემებს  წაადგება. ესენი არიან პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და არასრულწლოვანი ბავშვები, მათ ფინანსურად საყოველთაო ჯანდაცვის პაკეტი გაეზრდებათ. მაგრამ ეს დამატებითი თანხა მედიკამენტების უფასო შეძენისკენაც იქნება მიმართული. ესევ ჩვენი ნოვაციაა.

ისევე, როგორც სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრ სიახლეს ვთავაზობთ. მოხდება სოფლებისა და რაიონების უზრუნველყოფა ზოოვეტერინარებით, ქართული ბრენდების ხელშეწყობა. სოფლის მეურნეობის ერთიანი ქართული ბრენდის პოპულარიზაცია.

რა შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს, აქ ამოსავალი ის იქნება, რომ დღეს თავდაცვის ბიუჯეტის 91% მარტო ჯარის, ანუ პირადი შემადგენლობის შენახვაზეა მიმართული, ხოლო დანარჩენი ცხრა პროცენტი შეიარაღების შესყიდვაზე, განათლებაზე, პროფესიონალიზმის ამაღლებაზე, სამხედრო მრეწველობაზე და სხვ. 

ჩვენ ამ დისბალანსს მოვხნსით და თავდაცვის ბიუჯეტის მინიმუმ 25% შეიარაღებაზე წავა. ასევე დიდი პროცენტი განათლებასა და პროფესიული კადრების მომზადებას დაეთმობა, სამხედრო მრეწველობას, გადავალთ პროფესიულ ჯარსა და საყოველთაო რეზერვზე. 

ისევე, რ4ოგორც 1500-დან 500-მდე შევამცირებთ საერთაშორისო მისიებში ქართული ჯარის მონაწილეობას. რაც საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენ წვლილს არ შეამცირებს, მაგრამ, სამაგიეროდ, მოსალოდნელ მსხვერპლს შამცირებს.

სასამართლო სისტემის თვალსაზრისით ძალიან სერიოზული რეფორმები გვაქვს დაგეგმილი. განსაკუთრებით იუსტიციის საბჭოს მიმართულებით, რაც ითვალისწინებს დღეს არსებული შემადგებლობის დათხოვნას და სრულიად ახალი ტიპის საბჭოს დაკომპლექტებას. ისევე, როგორც პროკურატურის, შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უსაფრხოების მიმართულებით კონკრეტული რეფორმები გვაქვს დაგეგმილი.

- საბოლოოდ გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მარტო მონაწილეობის საკითხი?

- უდავოდ, ეს შემიძლია ერთი სიტყვით დაგიდასტუროთ.

- რა კონკრეტულ შედეგებს ელოდებით 8 ოქტომბერს?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენთვის ამ ეტაპზე დაუძლეველი ბარიერი არ არსებობს. რეალური გამარჯვების შანსი იმ შემთხვევში გვაქვს, თუკი ამ ჩამოუყალიბებელ ელექტორატში უიმედების დაძლევას შევძებთ. თუ შევძლებთ მოსახლეობის რაც შეიძლება დიდ რაოდენობასთან შეხვედრას, პროგრამით წარდგენას და მათ დარწმუნებას, რომ ეს ნამდვილად ინოვაციური, სიცოცხლიუნარიანი და ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამაა. 

ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. დღეს არსებულ პოლიტიკურ ძალთა შორის გამარჯვების რესურსი თუ ვინმეს აქვს, მათ შორის სწორედ ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი რესურსი. ყოველ შემთხვევაში, ეს შეგიძლიათ 9 ოქტომბერს გადაამოწმოთ, ჩვენ გარეშე მთავრობის ფორმირება ძალიან გაჭირდება, მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი სურვილის შემთხვევაში, ეს წარმოუდგენელი იქნება.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია