მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რომან გოცირიძე: ჩვენი მთავარი ამოცანა დედოლარიზაცია კი არა დოლარების „შემოტანიზაციაა“ - 27 ივლისი 2016

„გამოცხადდა, რომ ომი დამთავრდა, მაგრამ დაავიწყდათ ეთქვათ, რომ გვეშინოდეს მშვიდობის“

myrights.ge

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტი ქართული ვალუტა უნდა იყოს. მისივე თქმით, ქვეყანაში, სადაც დაბალია ინფლაცია, კურსის ორმხრივი მერყეობა, ფინანსური განვითარების ტემპი, წესით დოლარიზაციის მაჩვენებელი ასეთი დიდი არ უნდა ყოფილიყო. გვენეტაძის განცხადებით, საქართველო ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად რთულია ამ სენის მოშორება.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ეროვნული ბანკის ყოფილ პრეზიდენტს, ექსპერტ რომან გოცირიძეს ესაუბრება:  

- ბატონო რომან, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის ინტერვიუმ საკმაო გაუგებრობა გამოიწვია საზოგადოებაში. ბევრმა გააკრიტიკა, მთავრობამ კი მხარი დაუჭირა. გვაინტერესებს თქვენი აზრი და ჩვენი საუბარი პირდაპირ მისი გამონათქვამით მინდა დავიწყოთ: „მოსახლეობა უნდა შეეჩვიოს დოლარის გარეშე ცხოვრებას და მისთვის პრიორიტეტული ქართული ვალუტა უნდა გახდეს“!  რას უნდა ნიშნავდეს ეს? გასაგებია, რომ ქართული ვალუტა პრიორიტეტული უნდა იყოს, მაგრამ დოლარის ქონას გვიზღუდავენ?  იმის არ იყოს, „ქართველობას გვართმევენო“, დოლარს გვართმევენ?  გარანტიას თუ  გვაძლევენ,  რომ ლარში გაკეთებული დანაზოგები არ აგვიორთქლდება ისე, როგორც ახლა მოხდა, როცა ლარი 40 პროცენტით გაუფასურდა? მოკლედ, მეხივით არ დაგვეცა თავზე ახალი თავსატეხი?

- არაფერი სანერვიულო არ არის, ისე არ წვიმს, როგორც ქუხს და მეხამდე ძალიან შორსაა. უბრალოდ, სიტყვა გაექცა. რისი თქმაც უნდოდა, იმას  მთლად ზუსტად ვერ ასახავს ეს სიტყვები.

ჩემი აზრით, იმაზე მეტი აჟიოტაჟი ატყდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ მიცემული ამ ინტერვუს გამო, ვიდრე საჭირო იყო. დედოლარიზაციის აუცილებლობაზე მრავალი წელია ყველა ლაპარაკობს, ეს პროცესი ნელ-ნელა მიდიოდა და რომ არა ლარის მკვეთრი გაუფასურება, კიდევ წავიწევდით წინ. 

- ეროვნული ბანკის წინა პრეზიდენტიც ხშირად ხაზს უსვამდა ხოლმე ამ საკითხს...

- წინაც და იმისწინაც. ერთია, შემცირდეს დოლარიზაციის სიდიდე ბუნებრივად, თანდათანობით, ეკონომიკური ზრდისა და ფინანსური სისტემის სტაბილიზების კვალობაზე და მეორეა, რაღაც ბერკეტები აამოქმედო მის დასაჩქარებლად. არც ეს უკანასკნელია გამორიცხული, მაგრამ გააჩნია, ეს რამდენად დროული  და ადეკვატურია. ბერკეტები ძალიან სუსტი აქვს მთავრობას და ეროვნულ ბანკს. აქ მთავარი პრიორიტეტების სწორად დადგენაა. 

დღეისათვის იმდენი პრობლემა დაგროვდა, როგორც საშინაო, ასევე საგარეო (აგერ, თურქეთიც დაგვემატა), რომ ამ თემის წინ წამოწევა, თანაც მაპროვოცირებელი ფორმით, აბსოლუტურად უადგილოა. 

ეროვნული ბანკის პრიორიტეტი არ არის დედოლარიზაცია. მისი მთავარი საზრუნავი ფასების სტაბილურობაა. იქნება სტაბილური ფასები და სტაბილური ეროვნული ვალუტა, არ გაჩნდება  ქვეყნის შიგნით უცხოური ვალუტის გამოყენების სურვილი.

- ბატონო რომან, განა არ მიგაჩნიათ დამაფიქრებლად ისეთი გამონათქვამები, როგორიცაა:

„მსესხებლებს, რომლებიც დაუცველნი არიან ვალუტის მერყეობის რისკებისაგან, უცხოურ ვალუტაში სესხების თავისუფლად აღების შესაძლებლობა არ უნდა ჰქონდეს“!  საითკენ მივდივართ, თურქმენული ეკონომიკური მოდელისაკენ?  ან „დიდი ტრანზაქციის შემთხვევაში, ეს იქნება ავტომობილების გაყიდვა თუ უძრავი ქონების რეალიზაცია, ფასი ლარში უნდა დასახელდეს“!  რა, დღემდე ეს ასე არ არის, ვინმემ გააუქმა კანონი? ან კიდევ, უფრო „ იდეოლოგიური“ ხასიათის ციტატა: „საქართველოს ფინანსურ სისტემაში მთავარი პრობლემა დოლარიზაციის ძალიან დიდი მაჩვენებელია“!  სხვა თავსატკივარი ნაკლები გვაქვს? გარდა ამისა, რას უნდა მივაწეროთ  მთავრობის ასეთი მყისიერი მხარდაჭერა ამ იდეისადმი, თუ შეთანხმებულად არ აპირებენ რაღაც ზომების გატარებას? ბოლო ოთხი წლის განმავლობაში  ჩვენ არ გვინახავს, რომ ეროვნული ბანკის მსგავს  ან სხვა სახის განცხადებას ასეთი მხურვალე მხარდაჭერა მოჰყოლოდა მთავრობის მხრიდან.

- ესეც ერთ-ერთი მიზეზია საზოგადოებაში ეჭვის გაჩენისა. პრემიერ მინისტრის გამოხმაურება, რომ დედოლარიზაციას ალტერნატივა არა აქვს, ასევე ფინანსთა მინისტრის მსგავსი კომენტარი წინათ არ გვახსოვს. აბსოლუტურად სწორია, რაც ითქვა მთავრობის მხრიდან, მაგრამ ზედმეტად იქნა აქცენტები გადატანილი ამ საკითხზე. ბევრმა არასწორად გაიგო. ჰგონიათ, რომ შეიძლება ამას რაღაც სახის სვალუტო შეზღუდვები მოჰყვეს. მთავრობის ზედმეტი აქტურობაც საეჭვოდ ჩათვალეს.  

პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ  რამდენჯერაც მთავრობამ და მისმა მომსახურე ექსპერტებმა რაღაც თქვეს, ყოველთვის უკუღმა ასრულდა. თუნდაც იგივე ლართან დაკავშირებით. გახსოვთ, სულ ცოტა ხნის წინათ რომ იძახდნენ, მალე ლარის კურსი 1,8-1, 9 გახდებაო. საიდან ასეთი სიზუსტე. რა იქნება, ეს  ხომ არავინ იცის. ჩვენ შეიძლება ტენდენციებზე ვისაუბროთ და არა ზუსტი პროგნოზები ვაკეთოთ, თანაც ისეთ სფეროში, როცა მარჩიელობა არასერიოზულია.

ქვეყნის ეკონომიკის დოლარიზებაზე აქცენტის გაკეთება ცუდად ენიშნა ხალხს. ამაში ქვეტექსტებიც იკითხებოდა: თურმე დამნაშავე არის ხალხი, რომ ანაბრების უდიდეს ნაწილს დოლარებში ინახავს, რომ ბანკებიც ცუდებია, რადგან სესხებს დოლარებში გასცემენ, რომ რაღაც კატეგორიის საქონელს ძველი ინერციით მხოლოდ დოლარზე ყიდიან და ასე შემდეგ.  

რომ არა სესხების დოლარიზაცია, ლარის გაუფასურება მტკივნეული არც იქნებოდაო, უყვართ ხოლმე თქმა. ვის რაში აინტერესებს გაცვლის კურსი, თუ ფასები არ იზრდებაო.  დოლარში კრედიტების მომსახურება გაუძვირდათ და ამან შექმნა მძიმე ვითარებაო. ეს სიტყვები ხელისუფლების მხრიდან თავის მართლებაცაა და შეფარული საყვედურიც.   სწორია ყველაფერი, მაგრამ არასწორია ვიღაცაზე  გადაბრალებაა.

ყველას ახსოვს ივანიშვილის განცხადება, რომ ხალხი ცუდად იქცევა, აჟიოტაჟს აჰყვა, რომ   როცა კრედიტებს იღებს და მისი მომსახურება გაუძვირდა, ამაზე ადრე უნდა ეფიქრა, რომ კერძო ბანკირი უნდა აეყვანათ და ასე შემდეგ. 

აგერ, სულ ახლახან, მოვისმინეთ ეკონომიკის  მინისტრის გულუბრყვილო მოწოდება, რომ დოლარი იყიდონ მხოლოდ მაშინ, როცა ეს სჭირდებათ. მაგრამ რა ქნას ადამიანმა, როცა მართლა არ სჭირდება, მაგრამ მაინც რომ ყიდულობს, რათა  თავისი ლარში არსებული მწირი დანაზოგები არ გაუფასურდეს?  

რა თქმა უნდა, აჟიოტაჟურო მოთხოვნა და ვალუტის პანიკური შეძენა ცუდად მოქმედებს ბაზარზე, იწვევს მკვეთრს რყევებს როგორც ერთი, ასევე მეორე მიმართულებით, მაგრამ არასერიოზულია, რომ ხალს უსაყვედურო ამის გამო. ისინი რისკებს აზღვევენ ვალუტის შეძენით, მათ შორის ხელისუფლებისადმი უნდობლობით გამოწვეულს.  

ამიტომ მინისტრის მხრიდან ფიზიკური თუ იურიდიული პირების დანამუსება,  რომ დოლარები მაშინ შეიძინონ, როცა სჭირდებათ, სერიოზულად არ გამოიყურება. ასეთ ქმედებებს  ვერსად გაექცევი, თუ არ არის ნდობა მონეტარული და ფისკალური ხელისუფლებისადმი და სტაბილური გარემო. 

- რატომ გამოიტანა ეს საკითხი  პირველ პლანზე ასე ხაზგასმულად ეროვნული ბანკის პრეზიდენმა? ფაქტობრივად, მან მოახდინა  მთავარი მიზნის, ფასების სტაბილურობის ჩანაცვლება დედოლარიზაციის იდეით. და საერთოდ, იყო თუ არა დროული ეს, როცა სხვა უამრავი პრობლემებია?

- სამწუხაროდ, პრობლემა იმაშია, რომ ეს არ იყო მხოლოდ ზოგადი განცხადება. აქ საუბარია  იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს. მაგალითად, ითქვა, რომ უნდა აიკრძალოს გარკვეული სახის სესხების გაცემა უცხოურ ვალუტაში, რაც თქვენც სწორად შენიშნეთ ზემოთ და რაც არ არის კარგი მესიჯი. მომხმარებლები მიეჩვია არჩევანის თავისუფლებას და სუბიექტურად რომელიღაც სფეროსათვის ან კლიენტებისათვის იმის  დადგენა, თუ რომელ ვალუტაში აიღოს სესხი, არასწორია.

- ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამას ურჩევს სავალუტო ფონდიც...

- დამოუკიდებელი საქართველოს საბანკო პრაქტიკაში არასდროს მომხდარა ასეთი შეზღუდვა და ამას ძალიან ცუდად მიიღებს მომხმარებელი. თანაც, ის, თუ რომელ სფეროს შეეზღუდოს უცხოურ ვალუტაზე წვდომა, ამას ეროვნული ბანკის ან მთავრობის ჩინოვნიკებზე უკეთ ბაზარი განსაზღვრავს. არა მგონია, რომ ეს ფონდის დაჟინებული მოთხოვნა იყოს. ფონდის მართლაც კარგი რჩევების იგნორირებას ახდენდს საქართველოს ხელისუფლება და თუ ამ წვრილმანზე თვალს დახუჭავს, არაფერი დაშავდება.  

აგერ, ფონდის პროგრამის მესამე მიმოხილვა არის მთავრობის მხრიდან ხელმოუწერელი, რაც იწვევს ევროკავშირის  50 მილიონი ევროს ოდენობის გრანტის შეჩერებას  და პრობლემებს ქმნის საგარეო დაფინანსების მიღებაშიც. 

ახლა  სწორედ ეროვნული ბანკის წინააღმდეგ მთავრობის და ივანიშვილის შეთქმულების უარყოფით შედეგს ვიმკით, როცა საბანკო ზედამხედველობა ჩამოაცილეს ეროვნულ ბანკს მათი პოლიტიკური მიზნების დასაკმაყოფილებლად. საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოშია გაყინული. მთავრობა მიხვდა, რომ არ გაუვიდა ეს ავანტურა და ახლა თავად ეხვეწება საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ კვლავ დააბრუნოს ზედამხედველობის სამსახური ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, ანუ არაკონსტიტუციურად იქნას აღიარებული ის, რაც მათი ხელდასმით საპარლამენტო უმრავლესობამ ჩაიდინა.

რაც შეეხება კითხვას იმის შესახებ, რომ რომ ბინები, მანქანები და სხვა მსხვილი ქონება უნდა გაიყიდოს მხოლოდ ლარში, თქვენვე სწორად შენიშნეთ, რომ ეს ისედაც არის კანონის მოთხოვნა.  ლარი ქვეყნის შიგნით არის ერთადერთი კანონიერი გადახის საშუალება. თუ ანგარიშსწორება ხდება ორ სუბიექტს შორის, იქ დღესაც მხოლოდ ლარი მონაწილეობს. 

სხვა საკითხია, როცა მაგალითად, მანქანას ვყიდულობ ნაღდი ფულით, კონტრაქტში ვუთითებ ფასს ლარში, ხოლო სინამდვილეში ხელზე  ვაძლევ დოლარს. ეს როგორ უნდა აიკრძალო? ერთადერთი გზაა, აიკრძალოს რაღაც სახის საქონელზე ნაღდი ფულით ანგარისწორება და იგი მოხდეს მხოლოდ ბანკების მეშვეობით. ეს იდეა ოცი წელია ჰაერში ტრიალებს და კიდევ კარგი, არავის მოუვიდა აზრად მისი ხორცშესხმა. ყოველი მსგავსი სახის შეზღუდვები გვაბრუნებს შავი ბაზრის ეკონომიკისაკენ.

- თქვენ ლამის ეთადერთი იყავით ამ  რამდენიმე თვის წინ, რომელმაც  არ მოიწონეთ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის ასეთი მკვეთრი შერბილება და მაშინაც კი, როცა ლარი 2,12-ამდე გამყარდა და ყველა მეტს მოელოდა,  მისი კვლავ გაუფასურება იწინასწარმეტყველეთ. ეს მოსაზრება ჩვენი გაზეთისათვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუშიც გამოხატეთ. ფაქტობრივად, ის რაც ჩვენს დიალოგში მაშინ ითქვა, ყველაფერი ახდა. რა გაძლევდათ ამის საფუძველს. იყო თუ არა ლარის გაუფასურებაში ეროვნული ბანკის მაშინ მიღებული გადაწყვეტილებების როლი?

- ნაწილობრივ კი, მაგრამ არა როგორც ძირითადი მიზეზი. ლარის კურსის ცვლილებაზე მთავარი გავლენა მიმდინარე ანგარიშის დეფიცტის ზრდამ მოახდინა. ერთ-ერთი, მაგრამ ასევე  არამთავარი მიზეზი  ბიუჯეტის არათანაბარზომიერი ხარჯვაც იყო. ათი დღის წინ 309 მილიონ ლარს მიაღწია ძველი ნაშთებიდან დეფიციტურმა ხარჯვამ, ანუ ფული არ შემოდის დროულად დაგეგმილი ოდენობით(მათ შორის, უცხოური წყაროებიდან), გასაცემს კი მაინც გასცემენ.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას მონეტარული პოლიტიკის შერბილების შესახებ,  მაშინ ეროვნული ბანკმა ერთბაშად, ერთ დღეში აამოქმედა თავის არსენალში მყოფი ყველა თითქმის ყველა ბერკეტი: რეფინანსირების განაკვეთი  8-დან 7.5%-მდე შეამცირა, ლარით მოზიდულ სახსრებზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნების ნორმა 10%-დან 7%-მდე დაწია, უცხოური ვალუტით მოზიდულ სახსრებზე კი 15%-დან 20%-ამდე გაზარდა. გარდა ამისა ინტენსიურად იყენებდა ინტერვენციებს, ყიდულობდა რა უცხოურ ვალუტას ბირჟაზე. 

ბოლო პერიოდში ამ ინსტრუმენტებს  ეროვნული ბანკი ძალიან იშვიათად იყენებდა. როგორც წესი,  მაგ. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებით შემოიფარგლებოდა. 

ასეთი მკვეთრი  ცვლილებები მონეტარულ პოლიტიკაში, ახალი ცხოვრების დაწყების სიგნალი იყო. ეს ნიშნავდა, რომ დამთავრდა რაღაც პერიოდი და იწყება ახალი. გამოცხადდა, რომ ომი დამთავრდა, მაგრამ დაავიწყდათ ეთქვათ, რომ გვეშინოდეს მშვიდობის.

ფაქტობრივად, ეს იყო მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან რბილზე გადასვლა. არადა, მანამდე სულ ორიოდე თვის წინ, ლარის კურსი 2.39-დან 2.5-მდე დაეცა და  ვერავინ იფიქრებდა, რომ მონეტარული პოლიტიკა შემსუბუქდებოდა უახლოეს მომავალში. უფრო პირიქით ელოდნენ. რა შეიძლება შეცვლილიყო ფუნდამენტურად ამ ორ თვეში? არსებითად არაფერი. 

მოკლევადიან პერიოდში აღინიშნა დადებითი ძვრები მიმდინარე ანგარიშის ბალანსში, რამაც ლარი გაამყარა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი პოლიტიკის კორექტირებისათვის. შეიძლება ეს ნაბიჯ-ნაბიჯ მომხდარიყო. თუნდაც, დაეწყოთ რეფინანსირების განაკვეთის ნელ-ნელა შემცირებით, პარალელურად მოზომილი ინტერვენციებიც შეიძლებოდა, რადგან სწრაფად დაიწყო ლარმა გამყარება და მკვეთრი ცვლილებები იწვევდა დაბნეულობას, დაძაბულობას ბაზარზე და  რაც სწორად გააკეთა მაშინ კიდევაც ეროვნულმა ბანკმა.  

ეგონათ,  რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა. ასე არ იყო და ნაჩქარევად მიმაჩნია ასეთი გადაწყვეტილება.  

- რატომ მიგაჩნიათ, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის შეცვლა მისი შერბილების მიმართულებით არის  არადროული? 

- იმიტომ, რომ რაიმე განსაკუთრებული დადებითი ცვლილებები არ შეიმჩნევა არც საგარეო ვაჭრობაში და არც მიმდინარე ანგარიშის კომპონენტებში. ტურიზმიდან შემოსავალი კი მატულობს, მაგრამ მოსალოდნელზე ნაკლებად. სტაბილიზება არის მყიფე. სიფრთხილეა საჭირო. 

გარდა ამისა,  ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება ცუდ სიგნალს აძლევს მთავრობასაც და ნაცვლად მომჭირნე საბიუჯეტო პოლიტიკის გატარებისა, აიმედებს დეფიციტური ხარჯვის უვნებლობაში. ცოტა ხნის წინათ მთავრობა 300-400 მილიონი ლარის ოდენობის სეკვესტრზე ლაპარაკობდა, ახლა ყველას დაავიწყდა ეს თემა. ვინ შეეხება ხარჯებს წინასაარჩევნოდ. 

ეკონომიკური ზრდის წახალისება შემდგომი ეტაპია, რაზეც საუბრობს ეროვნული ბანკი. ჯერ სტაბილიზაცია-ფისკალური, მონეტარული და მერე ფიქრი წახალისებაზე, მერე საუბარი დედოლარიზაციაზე და სხვა თემებზე. 

ბანკების მიერ მოზიდული სახსრების დარეზერვების ნორმებში ცვლილება ეროვნული ბანკის მიერ მაშინ დედოლარიზაციის პროცესის გააქტიურების აუცილებლობით იყო გამოცხადებული. ასე რომ, გვენეტაძის ამასწინანდელი ნათქვამი არ არის მხოლოდ სიტყვა, ეს საქმეში გადაიზარდა.  

უკეთესი იყო, როგორც აღვნიშნე,  ეროვნულ ბანკს რეფინანსირების  განაკვეთის შემცირებით დაეწყო და ამით ზომიერი სიგნალი მიეცა ბაზრისათვის. მაგრამ როცა სერიოზული კორექტირება ხდება მოზიდული სახსრების „გაყინვის“ ( უცხოურ ვალუტაში მოზიდულზე) თუ „გალღობის“(ეროვნულ ვალუტაში მოზიდულზე), დასასაბუთებელია მისი მოსალოდნელი ეფექტი. ამ გადაწყვეტილების მიზანია ლარით დოლარის გარკვეული მოცულობით ჩანაცვლება. ამიტომაა, რომ  ლარზე მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა  10-დან 7 პროცენტამდე მცირდება, ხოლო დოლარზე, პირიქით, 15 პროცენტის ნაცვლად მოზიდული თანხის 20 პროცენტი ეყინება. 

გარდა სხვა შედეგებისა, ეს კომერციულ ბანკებს გაუძვირებს უცხოური ვალუტის მოზიდვის ხარჯებს, რაც ან სესხის საპროცენტო განაკვეთის ზრდაში აისახება, ან მეანაბრეებისთვის გასაცემი საპროცენტო თანხის შემცირებაში, ან ორივეში ერთად. კომერციულმა ბანკებმა უკვე დაწიეს ანაბარზე დასარიცხი პროცენტი. ეს საკუთარ თავზე გამოვცადე ორიოდე დღის წინ.

შეიძლება დავასკვნათ, რომ  დედოლარიზაცია არის ხანგრძლივი პროცესი. მისი 15 პროცენტით შემცირებას თითქმის 15 წლი მოვანდომეთ. შემდეგ ლარი გაუფასურდა და პროცესი უკუღმა შეტრიალდა. ამჟამად,  ჩვენ ანაბრების 70 პროცენტს დოლარში ვინახავთ, ბანკები კი სესხების 65 პროცენტს გასცემენ ასევე დოლარში. სასურველ შედეგს   მხოლოდ ნორმატივის ცვლილებით ან ადმინისტრაციული შეზღუდვებით ვერ მიაღწევ. 

უცხოური ვალუტის ლარში გადატანისათვის ამჟამად არ არსებობს არც ეკონომიკური და არც ფსიქოლოგიური ფონი. კომერციულ ბანკებს დიდძალი კრედიტები აქვთ აღებული  საზღვარგარეთიდან  და კვლავ დასჭირდებათ საერთაშორისო ბაზრებიდან რესურსების მოზიდვა. ეს ნაბიჯი არ შეუწყობს ხელს ვალუტის შემოტანას. ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული უცხოურ  ვალუტაში დარეზერვების ცვლილება ამ ვალის აღების შეზღუდვასაც ემსახურება. ეს ზოგადად კარგია, მაგრამ დღეს სხვა ამოცანის წინაშე ვიმყოფებით. როცა ექსპორტი ერთი მილიარდითაა შემცირებული, ჰაერივით გვჭირდება ინვესტიციები, მათ შორის საბანკო სფეროში. 

და ბოლოს, რადგან მთელი საუბარი ბანკებს შეეხო, არ შემიძლია გულისტკივილით  არ აღვნიშნო ის ფაქტი, რომ HშBჩ-ის შემდეგ საქართველოს ფრანგული „სოსიეტე ჟენერალეც“ ტოვებს. ჩვენი საბანკო სისტემა დარჩება მსოფლიო ბრენდების გარეშე. 

ამაზე გული ორმაგად მწყდება, რადგან ეს ბანკები საქართველოში ჩემი ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის დროს შემოვიდნენ...

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია