მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ არასახელებენ პარტიები სამოქმედო კონცეფციებს? - 01 აგვისტო 2016

"ქართველები იქამდე არ მისულან, რომ ადამიანები შეფასებული იყვნენ თავიანთი პროფესიული ნიჭით ან პროგრამებით, ამას არც პოლიტიკურ პარტიებს სთხოვენ"

myrights.ge

საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია სულ უფრო ხურდება. პარტიები კანდიდატებს ასახელებენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. 8 ოქტომბრამდე ბევრი დრო არ არის დარჩენილი.

ექსპერტები პარტიების პროგრამებისა და კონცეფციების არარსებობაზე ამახვილებენ ყურადღებას. მათივე შეფასებით, დასახელებულმა კანდიდატებმა, ჯერჯერობით, ისიც არ იციან, რა პოლიტიკის გატარება მოუწევთ საზოგადოების მხრიდან ნდობის გამოცხადების შემთხვევაში. პოლიტოლოგები სწორი საარჩევნო კამპანიის წარმართვის შემთხვევაში, უფრო დაბალანსებული პარლამენტის ჩამოყალიბებას პროგნოზირებენ. 

"ქრონიკა პლუსი" ექსპერტ დემურ გიორხელიძეს ესაუბრება:

- ბატონო დემურ, როგორ შეაფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს?

- სიმართლე გითხრათ, ხისტი პოზიცია მქონდა, რომ ამ არჩევნების შესახებ შეფასება არ გამეკეთებინა. არსებული სიტუაცია რაიმე განსაკუთრებული ანალიზის კეთების საშუალებას ნამდვილად არ გვაძლევს. ვფიქრობ, რომ დღეს განსაკუთრებული არაფერი ხდება.

- რა შეგიძლიათ თქვათ "ქართული ოცნების" მიერ დასახელებულ კანდიდატებზე, ე.წ. თხუთმეტეულზე და, ასევე, იმერეთის რეგიონის მაჟორიტარებზე?

- ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან მათ თითქმის არ ვიცნობ. საერთო მიდგობით რომ შევხედოთ, ვფიქრობ, ყველა პარტიას ცოტა გაუგებარი კრიტერიუმები აქვს თავისი კანდიდატურების წარდგენაში. ყველაფერი ჩაკეტილ წრეში რჩება და ეს კარგს არაფერს მოასწავებს. ეს შეფასება ყველას ერთნაირად ეხება.

- რამდენად ხდება პარტიების მხრიდან პროგრამების, კონცეფციების წარდგენა?

- ქართველები იქამდე არ მისულან, რომ ადამიანები შეფასებული იყვნენ თავიანთი პროფესიული ნიჭით ან პროგრამებით. ამას არც პოლიტიკურ პარტიებს არავინ სთხოვს. აქ ან უყვართ, ან არა, ან მოსწონთ ბელადი, ან არ მოსწონთ, ამიტომ დასახელებულ ნიშნულამდე ჯერ მივსულვართ. 

არჩევანი იმის მიხედვით არ კეთდება თუ როგორ გადაჭრის პოლიტიკური პარტია ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ პრობლემებს. აქ უკვე 26 წელია პიროვნებების დოღი და ჭაობიანი სიტუაციაა. 

ასე რომ, ვფიქრობ, დღეს ამ კუთხით სერიოზული პორობლემები გვაქვს. სერიოზული, პროფესიულ დონეზე, შესაბამისი მსოფლმხედველობრივი დოქტრინებით დამაგრებული მიდგომები არ გვხვდება.  

- რა ძალებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის რეალური შანსები?

- თუ ქართველი ხალხი რაღაც განსაკუთრებული აფექტის მდგომარეობაში არ ჩავარდება (რაც მას ახასიათებს და ეს გასულმა ხუთმა არჩევნებმა გვაბახა), მეექვსე არჩევნებზე თუ იგივე ამბები არ მოხდა, მაშინ გაცილებით დაბალანსებული მდგომარეობა უნდა შეიქმნას. თუ საზოგადოება ისევ აფექტის მდგომარეობაში იმოქმედებს, შეიძლება ძალიან ცუდი რამ მოხდეს, ნაბიჯი უკან იქნება გადადგმული. 

ამ დროს უკან გზა არ არის, იქით მიბრუნება, უბრალოდ, შეუძლებელია. ამიტომ ხალხს თუ ელემენტარული გონიერება აღმოაჩნდება, ვფიქრობ, რომ გაცილებით უკეთესი ძალთა განლაგება უნდა მივიღოთ. მე აქ პოლიტიკურ ბალანსს ვგულისხმობ.

- მეტი პარტიების მოხვედრას და დაბალანსებას უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში?

- დიახ, მე არ ვფიქრობ, რომ ვიღაც ისე დომინირებული უნდა იყოს, რომ ლამის საკონსტიტუციო უმრავლესობა გააჩნდეს. 

რამაზ საყვარელიძე პოლიტოლოგი

- ბატონო რამაზ, რა ნიშნებს გამოყოფთ პარტიების წინასაარჩევნო კამპანიიდან?

- ალბათ, ძნელია ადამიანს ასეთ თემაზე მსჯელობის დროს მეტისმეტი ობიექტურობის პრეტენზია გქონდეს. რადგან თითოეული პარტია ისე წარმართავს წინასაარჩევნო კამპანიას, როგორც ეს შეუძლია. მოგეხსენებათ, აქ ბევრი ფაქტორია, საარჩევნო კამპანიის დაფინანსებიდან დაწყებული, იდეოლოგიით დამთავრებული.

ჯერჯერობით, ჩემთვის თვალში საცემი (ვიმეორებ, რომ აქ ობიექტური ვერავინ იქნება) ის არის, რომ კონცეფიები არ ჩანს. პარადოქსული სიტუაცია შეიქმნა, დასახელდა კანდიდატები, რომლებმაც ამათუიმ პარტიის პოლიტიკა უნდა გაატარონ და, ამ დროს, აღნიშნულ პარტიებს თავიანთი კონცეფციები არ წარმოუდგენიათ. 

ასე რომ, რომელი პოლიტიკის გამტარებლები არიან, ალბათ, ეს ჯერ მათმა კანდიდატებმაც არ იციან.

ეს დაახლოებით იგივეა, ადამიანი დანიშნო თუნდაც დირექტორად, ოღონდ არ უთხრა რა დაწესებულებაში ნიშნავ და მერე კითხვა გაჩნდეს, ეს კაცი გამოდგება თუ არაო. თუ კონცეფცია არ არის, თუ რა რისკენ აპირებენ წასვლას ეს პარტიები, გამოადგებათ თუ არა ესა თუ ის კანდიდატი, ძალიან ძნელი სათქმელია.

ერთადერთი ის არის, (ალბათ, ეს არის ყურადღების ცენტრში) გამოდგებიან თუ არა კანდიდატები თავიანთი ცნობადობის მიხედვით. ამ მხრივ, ყველა პარტია მეტ-ნაკლებად ცდილობს შემოიკრიბოს სახეები, რომლებიც ამომრჩევლებს, თავისთავად, რაღაცას ეუბნებიან. 

ანუ თვითონ ეს სახეები პარტიათა პროგრამის როლში გამოდიან. მაგრამ ვიმეორებ, პროგრამები საჭიროა და ასეთი პროგრამები ჯერ არ ჩანს. ეს ერთ-ერთ საკვანძო და საინტერესო საკითხად მიმაჩნია მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში.

- რომელ პარტიებს გამოყოფთ, რომლებსაც კონცეფცია-პროგრამები არ აქვთ წარმოდგენილი და ამ პრობლემას რას უკავშირებთ?

- ვერც ერთს ვერ გამოვყოფ, რადგან არც ოცნება-ნაციონალებს და არც სხვა პარტიებს, ჯერჯერობით, თავიანთი პლატფორმა არ წარმოუდგენიათ. ამ პირობებში, როგორ უნდა გამოყო რომელიმე? როგორიც კანდიდატების წარდგენაა, ასევე ოფიციალურად პლატფორმების წარდგენაც უნდა მომხდარიყო.

ახლა რაც შეეხება მიზეზებს, ვერ ვიტყოდი, რომ ამ მდგომარეობის მიზეზი თვითონ პოლიტიკურ პარტიებში უნდა ვეძებოთ. იმისდა მიხედვით თუ რა აჟიოტაჟი გამოიწვიეს პარტიების კანდიდატებმა საზოგადოებაში, ესე იგი მიზეზი საზოგადოებაშია. და ამ პარტიებმა, უბრალოდ, იგრძნეს, რომ საზოგადოებას ძირითადად სახეები აინტერესებს და არა კონცეფციები.

ამდენად, პარტიებმა, უბრალოდ (როგორც ამას ყოველთვის გააკეთებს ნებისმიერი პარტია), ანგარიში გაუწიეს საზოგადოების აზრს. ამ საკითხში დამნაშავე საზოგადოებაა, რადგან უპირველესად ის არის გულგრილი პოლიტიკური ორგანიზაციების კონცეფციების მიმართ, რაც შემდეგ პარტიებს გადაედება ხოლმე.

- როდესაც არ ხდება კონცეფციების, პროგრამების წარდგენა, ეს საარჩევნო პროცესის, ქვეყნის განვითარებას რამდენად წაადგება?

- ჩვენ შევეჩვიეთ ამ სიტვას (ქვეყნის განვითარებას), მაგრამ, რეალურად, არჩევნების წინ ყველა ქვეყანაში პოლიტიკური პარტია თუ პოლიტიკოსი იმაზე ფიქრობს, როგორ მივიდეს საარჩევნო ფინიშთან. ქვეყანას რა გამოადგება და რა არა, ამაზე ძირითადად ფიქრობენ მას შემდეგ, როცა უკვე ამ ფინიშთან მივლენ და საჭის დაუფლებას შეძლებენ. 

რასაკვირველია, ყველა პარტია, დღეს თუ ხვალ, რა კონცეფციასაც წარმოაყენებს, იტყვის, რომ ეს ქვეყნისთვის საჭირო და აუცილებელი კონცეფციაა. მაგრამ პარტიებს იმაში ნუ გავამტყუნებთ, თუ ისინი პრიორიტეტს საარჩევნო პროცესის პრობლემებს ანიჭებენ. ისინი ამ პროცესში, შეჯიბრში ჩართული არიან და, ისევე, როგორც სპორცმენს შეჯიბრების წინ არ ვეკითხებით, ზოგადად, სპორტის განვითარებას რა გამოადგებაო (რადგან ეს კითხვა ცოტა უადგილო იქნებოდა), ასევე პარტიასაც ასეთი ზოგადი კითხვა არ უნდა დავუსვათ.

მით უმეტეს, თუ თვითონ საზოგადოებას არ აინტერესებს, რა გამოადგება ამ ქვეყანას. მხოლოდ იმას უყურებს, ვინ ვის გვერდით დადგა საარჩევნო პროცესში. ჩვენც ხომ საზოგადოების ინტერესის რეალურად ასეთი სურათი გვაქვს.

- გვერდით დგომას რაც შეეხება, "ქართული ოცნების" დასახელებული კანდიდატების მიმართ რა შეიძლება ითქვას, ვგულისხმობ "თხუთმეტეულსა" და რეგიონულ მაჟორიტარებს, რომლებიც აქამდე დასახელდნენ...

- წინა ფრაგმენტში უკვე გვქონდა ამაზე საუბარი, თუ რამდენად პასუხობს ეს არსებულ მოთხოვნებს. ძნელია ილაპარაკო ადამიანი რამდენად პასუხობს წაყენებულ მოთხოვნებს (რომ ქვეყანას ამათუიმ მიმართულებით წაიყვანს), როცა ჯერ ეს მიმართულებაც არ ვიცით. 

რა შეეხება კონკრეტულ ადამიანებს, ქართულ საზოგადოებაში ბევრი პარადოქსული ვერსია გავრცელდა. მაგალითად, ის, რომ ეს სახეები გამოუცდელია. კი მაგრამ, როცა გამოცდილი სახეები დასახელდა, მაგალითად, ქუთაისში, იქ კრიტიკა იყო, რომ ეს სახე შევარდნაძისდროინდელია და სხვ.

ასეთი, პეპელავ, ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდები სიტუაცია გვაქვს და, ამ ფონზე, ალბათ, აზრის გამოთქმასაც აზრი ეკარგება. 

ზოგადად, მიმაჩნია, რომ რაც მეტი ახალგაზრდა შემოაბიჯებს ქართულ პოლიტიკაში (ოღონდ იმ პროპორციით, როდესაც ჭაღარა და არაჭაღარა დაახლოებით თანაბარი რაოდენობისაა) ეს მით უკეთესია, რადგან საზოგადოება შედგება ახალგაზრდებისგან და ასაკოვანი ადამიანებისგანაც. საზოგადოების ეს განაწილებაც პარლამენტმა უნდა ასახოს. 

ახალგაზრდები გაბედულები არიან, ხოლო ასაკიანები ფრთხილები. და ყველა პოლიტიკა სასურველია ამ გაბედულებისა და სიფრთხილის სინთეზი იყოს. 

- ე.წ. წამყვანი პარტიების გარდა, კიდევ რა ძალებს აქვთ პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივები?

- ძალიან ბევრ ძალას აქვს ახალ პარლამენტში მოხვედრის შანსი, გააჩნია როგორი იქნება მათი საარჩევნო კამპანია. პრაქტიკულად, თანაბარ შანსებზე შეგვიძლია ვისაუბროთ. 

ჩვენ იმედი ვიქონიოთ, რომ საარჩევნო კამპანია უფრო დინამიური გახდება უახლოეს ხანებში და, ამდენად, ბევრი ის პრიობლემა, რაზედაც ახლა ვლაპარაკობთ მოიხსნება.  მოსახლეობისთვის უფრო თვალსაჩინო იქნება, რას უყრიან კენჭს.

ვვარაუდობ, რომ მოსახლეობისთვის ასეთი საინტერესო შეთავაზებები, პრაქტიკულად, ყველა პარტიას აქვს. მოახერხებენ თუ რა ისინი თავიანთი შეთავაზებების ამომრჩევლამდე მიტანას, ეს უკვე  პარტიის საარჩევნო კამპანიის საქმეა.     

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია