მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დიმიტრი შაშკინი: უკვე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ომის შემთხვევაში ამ ობიექტის განადგურება პირველივე წამებში არ მოხდება - 10 აგვისტო 2016

თავდაცვის სამინისტროდან გამოთხოვილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს

myrights.ge

გენერალ კალანდაძის განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებიდან გასაიდუმლოებული მასალების გამომზეურება მოხდა, ფართო განხილვები მოყვა. ახალი მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. თავის მხრივ პროკურატურაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე თავდაცვის სამინისტროდან გადაგზავნილი მასალების შესწავლა მიმდინარეობს.

„აღნიშნულ ფაქტზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექცია აწარმოებდა სამსახურებრივ შემოწმებას. ვინაიდან პროკურატურა არცერთ სამსახურებრივ შემოწმებას არ ზედამხედველობს, შესაბამისად არ გვქონდა ინფორმაცია. მედიით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პროკურატურა დაინტერესდა საკითხით და გამოითხოვა თავდაცვის სამინისტროს ხელთ არსებული მასალები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მასალების შესწავლა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა უფროსმა, გენერალმა გიგი კალანდაძემ გადაცემა „პოსტსკრიპტუმს“ სკანდალური ინტერვიუ მისცა. კალანდაძის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ტერიტორიაზე აშენებული საიდუმლო სამხედრო ობიექტების კოორდინატები და მთელი ინფორმაცია, მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.

საუბარია, იმ საცეცხლე წერტილებზე და ცენტრალური მართვის შტაბზე, რომელსაც რუსული აგრესიის შემთხვევაში, საქართველო მტრისაგან უნდა დაეცვა.

გასაიდუმლოებული ობიექტების და მთელი სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღჭურვა, ასობით მილიონი ლარი დაჯდა, მაგრამ ირკვევა, რომ მას ფასი თითქმის აღარ აქვს, რადგან მიწისქვეშ გაშენებული თავდაცვის მთელი სისტემა უკვე გაშიფრულია.

ტრისტან წითელაშვილი, რომელზეც გენერალური კალანდაძე საუბრობს, ყოფილი სამხედროა. 

პოლკოვნიკი წითელაშვილი, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დააკავეს და სამშობლოს ღალატისთვის პატიმრობა მიუსაჯეს. 2013 წლის იანვარში, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მან ციხე დატოვა. 

კალანდაძის მტკიცებით წითელაშვილი, საცეცხლე წერტილებზე მინდია ჯანელიძის მინისტრობის დროს დანიშნულმა, გენინსპექციის თანამშრომელმა გოდერძი ორმოცაძემ შეიყვანა, რომელმაც საიდუმლო ბაზაზე შესვლა სამსახურეობრივი საშვით შეძლო.

არსებული ინფორმაციით საიდუმლო ობიექტები წითელაშვილმა ფირზე გადაიღო. გადაღების დროს წითელაშვილს ხელი სამხედროებმა შეუშალეს, თუმცა უშედეგოდ. სამხედროებმა კალანდაძის ინფორმაცით, მიაწოდეს ინფორმაცია ზემდგომებს, თუმცა მინისტრმა საბოლოოდ აღნიშნულის გამოძიება არ დაიწყო, რის გამოც კალანდაძე ჯანელიძეს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში სდებს ბრალს. ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.  

პოლკოვნიკი ტრისტან წითელაშვილი საიდუმლო სამხედრო ბაზაზე ყოფნას უარყოფს. მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს გენინსპექციის დახმარებით „ჩვეულებრივ ბაზაზე“ იმყოფებოდა. წითელაშვილი აღნიშნავს, რომ მას ობიექტზე შესვლაში სოსო ხორბალაძე დაეხმარა. მისივე მტკიცებით, ბაზაზე ფოტო-ვიდეო არ გადაუღია.

„ეს არის ჩვეულებრივი ობიექტი. არ არის სამხედრო გასაიდუმლოებული ბაზა. ეს არის ობიექტი, სადაც მუშაობდნენ სხვადასხვა ტენდერში გამარჯვებული კომპანიები. მინდია ჯანელიძესთან გენინსპექციის მეშვეობით მქონდა კომუნიკაცია. ვაწვდიდი ინფორმაციას, ვაძლევდი დოკუმენტებს და გენინსპექციის ხელმძღვანელობა ამის შესახებ ახსენებდა თავდაცვის მინისტრს. იმ ობიექტზე, სადაც ვიყავი, ნებართვა არ მჭირდებოდა. გვქონდა სიტყვიერი შეთანხმება, რომ შეგვემოწმებინა გადამალული ტექნიკა, რომელიც მოპარული ჰქონდა გენერალ კალანდაძეს“, - ამბობს წითელაშვილი.

ამ პრობლემატიკაზე „ქრონიკა პლუსი“ ყოფილ თავდაცვის მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრება:

- ბატონო დიმიტრი, თავდაცვის სამინისტრომ მთავარ პროკურატურას უწყებიდან საიდუმლო ინფორმაციის გაცემის საკითხთან დაკავშირებული მასალები გადაუგზავნა. ამ ისტორიამ თქვენ რა შთაბეჭდილება დაგიტოვათ?

- ძალიან მძიმე სიტუაციაა. რაზეც გენერალმა კალანდაძემ ისაუბრა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ძალიან მძიმე დანაშაულია. ეს საიდუმლო ობიექტებზე არასათანადო პირების  არამარტო შეშვებას, არამედ იქ გადაღებას, აღწერას და ა.შ. ეხება. 

არსებობს სხვადასხვა საიდუმლო ობიექტები, რომლებიც ქვეყნისთვის, ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვან თავდაცვის რესურსს წარმოადგენს. საერთოდ, რაც გენერალმა კალანდაძემ თქვა (რაზეც უპირველესად იყო აქცენტი), ეს ობიექტი ე.წ. სათადარიგო მართვის ცენტრია. ანუ ნებისმიერი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროსთვის, ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეს სათადარიგო მართვის ცენტრები, რომელიც საბრძოლო მოქმედებების შემთხვევაში იქნება გამოყენებული.

ომის პერიოდში, განსაკუთრებით 21-ე საუკუნეში საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგე მთავარ აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ წყობიდან გამოიყვანოს თავისი მოწინააღმდეგის მართვის შესაძლებლობები. ანუ მოგეხენებათ, რომ ჯარი სხვადასხვა ქვედანაყოფებისგან შედგება. როგორი მაგარიც არ უნდა იყოს ჯარისკაცი, ქვეყანას როგორი ძლიერი შეიარაღებაც არ უნდა ჰქონდეს, თუ ამ ძალების მართვა ფერხდება, წარმატების მიღწევა შეუძლებელია. 

ზუსტად ამისთვის, 2008 წლის შემდეგ საქართველოში დაიწყო სპეციალური ობიექტების მშენებლობა, რომლის მეშვეობით საბრძოლო მოქმედებების პერიოდში შეიარაღებული ძალების მართვა შესაძლებელი იქნებოდა; როდესაც ცნობილი მართვის ცენტრები (შესაძლოა) განადგურებული იქნებოდა. 

ამ ობიექტების მთავარი ფასი და ღირებულება ის იყო, რომ მოწინააღმდეგემ არ იცოდა, სად იყო ის განლაგებული. ამ ობიექტების მშენებლობაზე ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, ჩვენ ათობით მილიონ ლარზე ვსაუბრობთ. 21-ე საუკუნის ტექნოლოგიებზე ვლაპარაკობთ, რომლითაც ახლა ეს ობიექტები აშენდა. ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ფუნდამენტზეა რეალურად საუბარი.

მაგრამ თუ ამ ობიექტზე არასათანადო პირების შეღწევა მოხდა (და ნებისმიერი ქვეყნის დაზვერვა ძალიან ბევრს გადაიხდიდა, რომ მოწინააღმდეგის სათადარიგო მართვის ცენტრები მისთვის ცნობილი ყოფილიყო), ამ ობიექტის ფასი ნულის ტოლი ხდება. 

ამიტომ ჩათვალეთ, რომ ათული მილიონობით ლარი წყალში გადაყრილია. ასევე წყალში გადაყრილია მთელი წლები, რაც ამის გაკეთებას დასჭირდა. ერთი ასეთი ობიექტის მშენებლობას მინიმუმ სამი წელი სჭირდება. 

კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს სახლის აშენება არ არის. ეს სახელმწიფო საიდუმლოებით დაცული ობიექტების მშენებლობაა, რომელშიც 21-ე საუკუნის ტექნოლოგიები გამოიყენება. თუ ამის გაცემა მოხდა, ამ ობიექტების ადგილსამყოფლის, შიგნით თუ როგორ არის დაცული, რა იარაღისგან არის დაცული და ა.შ. ჩათვალეთ, რომ წლები, რაც მის მშენებლობას დასჭირდა, წყალში არის გადაყრილი და ის ფულიც წყალს გატანებულია. 

- ბრძანეთ, რომ ასეთ ობიექტებზე არასათანადო პირები არ უნდა მოხვდნენ; ამ ბოლო შემთხვევაში, დასახელებული პირის იქ მოხვედრა ყოვლად დაუშვებელი იყო?

- რასაკვირველია, ეს ადამიანი, რომელზეც არის საუბარი, ჩვეულებრივი იაფფასიანი რუსული აგენტია. რომელიც თავისი პრორუსულობით გამოირჩოდა და რასთან დაკავშირებითაც სასჯელს იხდიდა. მან 2008 წლის ომის დროს ღალატი ჩაიდინა, როდესაც ჩვენ მოწინააღმდეგეს ჩვენი ქვედანაყოფების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა. 

მე მიკვირს, რომ ბევრ ადამიანს ძალიან მოკლე მეხსიერება აქვს. მაგალითად, როდესაც  დაღუპულ ჯარისკაცებზე ვსაუბრობთ, რატომღაც ბევრ ადამიანს ავიწყდება, რომ ბევრი ჩვენი ჯარისკაცი დაიღუპა დაბომბვის დროს; როდესაც რუსული თვითმფრინავი ზუსტად გავიდა იმ პერიმეტრზე, სადაც ჩვენი ქვედანაყოფი იყო; რომელიც ერთი ტყის მასივიდან მეორე ტყის მასივში გადადიოდა. ამისთვის ქვედანაყოფს წუთები სჭირდებოდა. მაგრამ ზუსტად იმ მომენტში, აღნიშნულ პერიმეტრზე გავიდა რუსული ბომბდამშენი და ზუსტად იმ მომენტშივე დაბომბა ნაწილები და დაიღუპნენ ჩვენი ჯარისკაცები. 

ნებისმიერი სამხედრო ექსპერტი თქვენ გეტყვით, რომ ამის შემთხვევითობა გამორიცხულია. რადგან 21-ე საუკუნეში თვითმფრინავი ტაქსი არ არის. ანუ ისე არ არის, რომ ვიღაც რუსი მფრინავი მიფრინავდა, ქვემოთ გაიხედა, დაინახა ჯარი და დაბომბა. ის ძალიან მაღალი სიჩქარით მიფრინავს და, ბუნებრივია, რომ ჩვენ არანაირ შემთხვევითობასთან საქმე არ გვაქვს. 

თვითმფრინავი გაიყვანეს კონკრეტულ პერიმეტრზე, იმ კონკრეტულ წუთსა და წამს, როდესაც ჩვენი შეიარაღებული ძალები გადაადგილდებოდა. და ეს თვითმფრინავი გაიყვანეს კონკრეტულმა ადამიანებმა, რომლებიც ჩვენ შეიარაღებულ ძალებში იყვნენ და რუსეთის ფედერაციის ჩვეულებრივ ჯაშუშებს წამოადგენდნენ. 

ამისთვის ისინი სასჯელს იხდიდნენ. მაგრამ ახალმა ხელისუფლებამ ეს ხალხი ციხიდან გაუშვა. და ახლა ისინი დარბიან და კიდევ ამ ქვეყნის არევა უნდათ. და კიდევ უნდათ, რომ ჩვენი ქვეყანა ისევ რუსულ იმპერიაში შეთხარონ.

- თავდაცვის სამინისტროს, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ წინასწარი მოკვლევით საქმე გვაქვს გადაცდომასთან და არა დანაშულთან, რეალურად რასთან გვაქვს შეხება?

- რაზეც გენერალი კალანდაძე აცხადებდა, აქ საუბარი იმაზეა, რომ ეს ადამიანი ორ ობიექტზე იყო. ერთი, თბილისის თავდაცვის წრის ზოლში და მეორე, მართვის ცენტრში იყო შესული. ორივე ეს ობიექტი სახელმწიფო საიდუმლოთი არის დაცული.

გადაცდომა იცით რა არის? სანაპიროზე თავდაცვის სამინისტროა, იქ რომ ადამიანი მოვიდეს (რომელზეც გამოწერეს საშვი), შევიდა უწყებაში და მერე გამოსვლისას დააგვიანა. აი ეს არის გადაცდომა. როდესაც ის სამინისტროდან, მაგალითად, ექვს საათზე უნდა გამოსულიყო და შვიდის ათ წუთზე გამოვიდა. ტუალეტში შევიდა და ათი წუთით დაგვიანებით გამოვიდა. ეს შეიძლება გადაცდომა იყოს.

მაგრამ, როდესაც მე, თავდაცვის მინისტრი შევდიოდი ღამით, არა მინისტრის მანქანით, დაცვის გარეშე, სამხედრო პირებთან ერთად, რომლებსაც ასევე სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ, რომ არავის აზრადაც არ მოსვლოდა, რომ ეს სახელმწიფო საიდუმლო სამხედრო ობიექტია, - იქ ასეთი ტიპის შეყვანა დანაშაულია, მეტი არაფერი. ეს სახელმწიფო ღალატია. 

ადამიანი ციხეში იმის გამო იჯდა, რომ სასამართლოს მიერ სახელმწიფო ღალატში იყო ბრალდებული. ასეთ ობიექტზე მისი შეყვანა არ არის გადაცდომა, ეს დანაშაულია. 

- ასეთი ფაქტი სახელმწიფო უწყებამ რატომ დაუშვა?

- ეს პროკურატურის საქმეა, რომ მოტივი გაარკვიოს. ხაზს ვუსვამ, ეს ტურისტული ობიექტი არ არის. ვიმეორებ, მთელი სამი წლის განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ობიექტის მშენებლობა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ. ობიექტს თანამედროვე დაცვის სისტემები აქვს და ეს არ არის ტურისტული სივრცე, რომ იქ რაღაც დაათვალიერო. 

ანუ ტერიტორიაზე შეყვანით ამ ადამიანს მისცეს არამარტო კოორდინატები ამ ობიექტის, არამედ შიგნიდან იცის თუ როგორ არის ის დაცული.  

მოდით, უკვე სამხედრო ენით ვისაუბროთ, - თუ ადამიანმა იცის, სად არის ეს ობიექტი, როგორ არის დაცული, მას შეუძლია უკვე ჩვენ მოწინააღმდეგს მისცეს ყველანაირი ინფორმაცია, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ობიექტის განადგურება. 

გავა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მაგრამ ამ ობიექტის გამოყენება უკვე შეუძლებელია. ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. მაგრამ დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს, დარწმუნებული ვარ, ამას ცოტა დრო დასჭირდება.

ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ამ ობიექტის გამოყენება უკვე აბსოლუტურად შეუძლებელია. ის უზარმაზარი ფული, რომელიც ამ ობიექტის მშენებლობაზე არის დახარჯული, ის სამი წელი, რომლიც მის მშენებლობას დასჭირდა, მთლიანად წყალში ჩაყრილია. რადგან უკვე არანაირი გარანტია არ არსებობს, რომ ომის შემთხვევაში ამ ობიექტის განადგურება პირველივე წამებში არ მოხდება. 

- პროკურატურის მხრიდან ამაზე რა ტიპის რეაგირება უნდა იყოს?

- სამწუხაროდ, ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ პრობლემა აღმოიფხვრას. ეს ვერ აღმოიფხვრება და ამას გულხდილად გეტყვით. აქ პრობლემის ამოძირკვაზე საუბარი არ არის, მორჩა, მატარებელი წავიდა. ჩვენ დავკარგეთ სამი წელი, დავკარგთ უმნიშვნელოვანესი ობიექტი. 

როგორც ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის სისტემაში ამ ობიექტს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ეკავა. ჩათვალეთ, რომ ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ფუნდამენტი იყო. 

ახლა საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზეა, რომ დაისაჯნონ ის ადამიანები, რომლებმაც ქვეყანას ამხელა ზიანი მიაყენეს.

სამწუხაროდ, ბევრს არ ესმის ამ საკითხის მნიშვნელობა, ვისაც თავდაცვასთან შეხება არ აქვს. ეს იყო ყველაზე დაცული, ყველაზე ძვირადღირებული ობიექტი საქართველოში და ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის.

- შეძლებს პროკურატურა, ხელისუფლება ამ პრობლემატიკაზე შესაბამისი რეაგირების მიცემას?

- დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ მოხდება. რადგან, როგორც გითხარით, მხოლოდ დრო ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს.

- ქვეყანას რა გზები რჩება, რომ ასეთ რეალობაში თავდაცვისუნარიანობა კიდევ უფრო არ დაზარალდესს?

- ოთხი წელი, რაც ეს ხელისუფლება სათავეშია, გაჩერდა თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა, უარი ითქვა ამერიკიდან ახალი ვეტმფრენების და ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების შემოტანაზე. ობამა-სააკაშვილის ხელშეკრულებით, ჩვენ უფასოდ გვაძლევდნენ ვეტმფრენებსაც და  ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსაც.

ამის ნაცვლად, ჩვენ ვიყიდეთ ახალი რადარები საფრანგეთიდან, ამაზე ძალიან ბევრი ფული დავხარჯეთ, რასაც ამერიკელები უფასოდ გვაძლევდნენ. მაგრამ მხოლოდ რადარები ვიყიდეთ. ჩვენ არ მოგვყიდეს და არ ვიყიდეთ რაკეტები. 

ანუ ახლა, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ რუსული თვითმფრინავი რომ შემოფრინდეს დასაბომბად, ამ მთავრობის ლოგიკით, ჩვენ რადარებით უნდა ვუყუროთ, როგორ დაბომბავენ ჩვენ ტერიტორიას. 

მაგრამ იქ კონკრეტულად ჰოკის სისტემის რაკეტები იყო, რომელზეც მოლაპარაკებას მე ვაწარმოებდი. ეს სახელმწიფო საიდუმლო არ არის, ობამა-სააკაშვილის მიღწეული შეთანხმება იყო, რომელიც ჰილარი კლინტონმა საქართველოში დაადასტურა. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან ამ იარაღის მიღებაზე ჩვენ უარი ვთქვით.

ამის შემდეგ ქვეყანაში გაუქმდა რეზერვი. ანუ ჩვენ დღეს არც რეზერვი გვყავს თავდაცვის სისტემაში და ხიდაშელმა თავისი ბოლო ბრძანებით წვევამდელების ინსტიტუტიც გააუქმა. რაც ნიშნავს, რომ შეიარაღებულ ძალებს, უკვე ცოცხალი ძალის თვალსაზრისით სერიოზული ზიანი მიადგა. 

განადგურებულია ის სპეციალური წერტილები, რომელიც თუკი რუსეთი საქართველოში შეიჭრებოდა, პარტიზანული ბრძოლისთვის იყო გათვალისწინებული. სადაც ჩვენი სპეცდანიშნულების ძალებისთვის იარაღი ინახებოდა. ახლა ეს ყველაფერი განდგურებულია. 

რა თავდაცვისუნარიანობაზე გვაქვს ახლა საუბარი? ჯარი არის დემორალიზებული, პარალიზებული, ამას უვიცობას არ დავარქმევ, ეს შეგნებული მავნებლობაა, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ხდება. 

- თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელძღვანელობას როგორ შეაფასებთ?

- ჩემი პოზიცია ძალიან მარტივია, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა ვინ იქნება ხელმძღვანელი, სანამ ქვეყნის სტრატეგია და პოლიტიკა იგივე იქნება, რასაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავთ. რა მნიშვნელობა აქვს პეტრე იქნება თუ პავლე, არანაირი. სანამ პოლიტიკა, მთავრობა არ შიცვლება, სანამ არაფორმალური ლიდერობა-მმართველობა არ შეწყდება ამ ქვეყანაში, არავითარი მიშვნელობა არ აქვს, მინისტრი ვინ იქნება. 

ჩვენ ვნახეთ პროდასავლელი მინისტრებიც ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ვნახეთ უშიშროების წარმომადგენლები სამინისტროში, მაგრამ, ცხადია, შედეგი ერთი და იგივეა. ბრჭყალებში პროდასავლურმა ალასანიამ უარი თქვა საქართველოში ამერიკული სისტემების შემოყვანაზე, გააჩერა თბილისის თავდაცვის წრის მშენებლობა. ბრჭყალებში პროდასავლელმა ხიდაშელმა გააუქმა წვევამდელების მექანიზმი ქვეყანაში, აქედან გამომდინარე, რა მნიშვნელობა აქვს ვინ იქნება მინისტრი?              

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია