მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
8 ოქტომბერი - რა სურს პოლიტიკურ ელიტას და რა სურს საზოგადოებას - 06 სექტემბერი 2016

"ქვეყანაში დამღუპველი სტაგნაცია უნდა დასრულდეს და ახალი პერსპექტივები გაჩნდეს"

myrights.ge

8 ოქტობერს საქართველოში მორიგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. რეალობა ისეთია, რომ კაციშვილი ვერ გაიგებს, კენჭისყრა რა შედეგებით დასრულდება. მმართველობის ოთხ წლისთავზე მარიონეტული ხელისუფლების რეიტინგი გაცამტვერებულია. მეორე მხრივ, პოლიტიკური ოპოზიციისადმი ნდობის ხარისხიც აღმატებული არ არის.   

სახელისუფლებო თუ ოპოზიციური პარტიები ცდილობენ ამომრჩეველს საკუთარი სიყვარული დაუმტკიცონ და ამ გზით პარლამენტში და შემდგომ მთავრობაში ადგილები გაინაღდონ. ხალხის მოლოდინი კი რამენაირად დუხჭირი ყოფისგან თავის დაღწევაა. 

სხვადასხვა წარმოშობის „ისტები“ თუ „იზმები“ აქტუალობას კარგავს, რადგან დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლისთავზე ე.წ. საშუალო სტატისტიკური მოქალაქისთვის ამ ქვეყანაში არსებობა, ლამის, შეუძლებელია. აღარაფერს ვამბობთ მილიონზე მეტ ადამიანზე, რომელიც ე.წ. სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, თუ ამას ცხოვრება ჰქვია. 

დღევანდელი საქართველოს რეალური სურათი ეს არის და ტელევიზიიდან მომდინარე მჩქეფარე ზღაპრებით ადამიანების გულს ვერ მოიგებ. დამღუპველი სტაგნაცია უნდა დასრულდეს და ახალი პერსპექტივები გაჩნდეს. თორემ წყალსაც წაუღია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო და მთავრობა, რომლის წევრებიც დღე და ღამე იმაზე ფიქრობენ და ოცნებობენ, თუ როგორ და რა გზით გაზიდონ სახლში მეტი და მეტი, სანამ დამსახურებულ პანჩურს არ მიიღებენ ერთ ადგილას.  

მოკლედ ვთქვათ, საიდან მოვდივართ და სად ვართ. ნულოვანი პრეტენზია გვაქვს მემატიანეობაზე, მაგრამ გარკვეული შტრიხების ასახვას მაინც შევეცადოთ. 

დამოუკიდებელი საქართველო (რა მაგარი ცნებაა და რამდენ უკუღმართობა-უბედურებას იტევს) ჩემ „თვალწინ გაიზარდა“, თუ ამას გაზრდა ჰქვია. სასწავლებელში 1991-ში ჩავირიცხე, მაგრამ სწავლა ვერ იწყებოდა. პოლიტბიუროს წევრებმა ე.წ. „გეკაჩეპე“ გამოაცხადეს და ახლადგამომცხვარ სტუდენტებს ყამირ მიწებზე კარტოფილის ასაღებად გაგდებას გვიპირებდნენ. გადატრიალება ჩაფლავდა და სწავლა, როგორც იქნა, 22 ნოემბერს იწყება. 

იმ დროიდან მახსენდება თბილისური პერმანენტული მიტინგები, ცალკე ოპოზიციის, ცალკე ხელისუფლების მხარდამჭერების, ძირითადად, შუახნის ქალბატონების აქტიური მონაწილეობით. მუდმივად დენთის სუნი ჰეარში, დავები ყოველ ფეხის ნაბიჯზე, მათ შორის უნივერსიტეტის წინ, ეზოში, კიბეებზე და ა.შ. სადაც კარგად მახსოვს, ერთი და იგივე უცნაური ტიპები აქტიურობდნენ. 

მერე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანზე“ მატარებელი არ ჩერდება და გზას აგრძელებს. ვიგებთ, რომ ზემოთ ომი დაიწყო. დეკემბრის შუა რიცხვებში სასტიკად გაუბედურებულ-დანგრეულია რუსთაველი. „დემოკრატიამ გაიმარჯვა“. ხალხის მიერ 97%-ით არჩეული პრეზიდენტი განდევნილია, სამხედრო საბჭო მართავს ქვეყანას. ბედის ირონიაა, პირველი აქტი პრესის თავისუფლებას ეხება. 

პატარა ქვეყანა გაყინულ-გაპარტახებულია, აქ პასუხისმგებელი არავინაა, ყველა თვისას „უბერავს“. შუქი არა, წყალი არა, გაყინული აუდიტორიები, სწავლის ხარისხი ნული. უკვე დამხობილ-კანონიერი ხელისუფლების აქტივობა, ქუჩებში მიტინგების დახვრეტები, საშინელებათა თეატრი თამაშდება. 

ქვეყანას შიდა დაპირისპირება ჯიჯგნის და ერთ-ერთ გამოსავალს აფხაზეთში შესვლაში ხედავენ. ფსოუს წყლის დალევა წარმატებით ვერ სრულდება. მოსკოვის დირიჟორობით იწყება მორიგი სასტიკი ომი, რომლის მიზანიც რაც შეიძლება მეტი ქართველის, აფხაზის, კავკასიელის ამოჟუჟვაა. ამ დროს, თბილისი თვითონაც სულს ღაფავს, შუქი არა, წყალი არა, გაზი არა, პური არა... ხალხი მთელი ღამით სამჯერ უნდა მივიდეს მაღაზიაში, რომ დილით პური არსებობისა მისცენ, ერთხელ თუ გააცდენს, იმასაც არ მისცემენ. 

უცბად გამდიდრებული „ელიტა“ დღე და ღამე ღრეობს რესტორნებში, ხალხი კი შიმშილს  ებრძვის, ვის აინტერესებს შენი აფხაზეთი, გულანთებული ბიჭებისა და გოგონების გარდა? ყველაფერი ლოგიკურად სრულდება, თბილისური სიძულვილი მოწამლულ აფხაზურს აწყდება და, როგორც მოსალოდნელია, კრემლი სასწორის პინას სეპარატისებისკენ ხრის. 

ომიდან ქვეყანა კიდევ უფრო გაპარტახებული გამოდის. პერსპექტივა ნული, სახელები იცვლება, შინაარსი არა. თითქოს პატარა პლუსები ჩანს, ნავთობსადენი, გაზსადენი, დასავლური ინტერესების შემოსვლა კავკასიაში, მაგრამ კორუფცია ხრავს ყველას და ყველაფერს. ვისაც კი რაიმე საშუალება აქვს, ქვეყნიდან გარბის. ვინც რჩება, არსებობისთვის იბრძის და ეს არ მთავრდება. 

უკვე 21-საუკუნეა და ქვეყანაში ელემენტარული პირობები, დენი, წყალი, გაზი ისევ არ არის. დენი ქუჩის გამანათებელი ე.წ. სვეტილნიკებიდან შემოგვყავს სიცოცხლისთვის რისკის ფასად. ეს დენი დაღამებიდან 12 საათამდე მაინც უნდა იყოს, მაგრამ ხშირად ესეც არ არის. 

ასე ცხოვრება შუძლებელი ხდება და „ვარდების რევოლუცია“ თავის საქმეს აკეთებს. იწყება რეფორმები, წარმოუდგენელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. ეს ყველაფერი კარგად პიარდება კიდეც. კომუნალური პრობლემები გვარდება. სახელმწიფო უწყებები გამართულად მუშობენ, კორუფციას ბოლო ეღება, ნაბიჯი უზარმაზარია. ლეგენდები დადის პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველოში გაკეთებულ რეფორმებზე...

მაგრამ რევოლუცია მსხვერპლს მოითხოვს და ამას ეწირებიან უდანაშაულო ადამიანები. რაოდენ „ბრალიანიც“ არ უნდა ყოფილიყო ვინმე, მისთვის სიცოცხლის წართმევის უფლება არც ერთ სხვა ადამიანს არ ჰქონდა, მით უმეტეს სახელმწიფოს, მთელი თავისი სადამსჯელო მანქანით. 

მოლაშვილი, გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე... ყველა წარმატებას ფასი ეკარგება და ფერმკრთალდება, როცა ქვეყანაში ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელება. ციხეში არსებული მდგომარეობა, სისტემური დანაშაული, რომელმაც იგივე სისტემას საბოლოოდ „დედა უტირა“. ყველა წარმატება გაფერკმრთალებულია. არადა რამდენი კარგი რამ გაკეთდა, ნუთუ ამისთვის საკუთარ მოქალაქეებზე გადავლა აუცილებელი იყო? 

მერე იყო რუსულ-ოსურ აშკარა პროვოკაციაზე წარმოგება და მორიგი ომი, რომლის დაწყება და დამთავრება ერთი დიდი კითხვის ნიშანი იყო. შევარდნაძის სასტიკი გაკვეთილი ვერ იქნა გათვალისწინებული, სააკაშვილმა ხელისუფლების შენარჩუნება მაინც ვერ მოახერხა. კიდევ ერთი წაგებული ომი, რუსების დირიჟორობითა და ახლა უკვე ღია მონაწილეობით ახალი დაკარგული ტერიტორიები. 

ზღვარგადასული სიძულვილი პოლიოტიკურ ძალებს შორის, საზოგადოებაში ერთმანეთის მიუღებლობა. "ჩვენ ხომ ერთმანეთს ვჭამთ და აფხაზებს, ოსებს რაღას ვუზამთ?" 

ოპოზიციის ლიდერის გამოჩენა, ბიძინა ივანიშვილი, რომელიც თავიდანვე უსტარით იწყებს მოსახლეობასთან საუბარს. დაპირება, რომ მიშას გააგდებს და თვითონ მოვა. ამ დროისთვის ნაციონალების ხელისუფლება ისედაც მორყეულია, ძლიერი ლიდერის საჭიროებაა და ისიც ჩანს.

ბიძინას ამერიკული დაცვა, ჯერარნახული დაპირებები, ყველა დაპირების გაცემა, რასაც კი ადამიანის ტვინი მოიფიქრებს... ხალხის რწმენა, რომ ადამიანის უფლებები აღარ შეილახება და ეკონომიკა, სოციალური ცხოვრება ბევრად გაუმჯობესდება. ხალხი რიგში დგას, დევნილები, იპოთეკარები, საბანკო სესხებისგან დატანჯულები და ათასი სხვა, ვისაც მილიარდერ ივანიშვილის იმედი აქვს. 

დაპირებაც იცოცხლე - იაფი, უფასო ფული, უამრავი საწარმო, სოლარიუმები ურეკში, ყველა ოჯახში... რა ჩამოთვლის ამ ყველაფერს. და ხალხიც შემართულია. 80-იანი წლების ბოლოდან რუსთაველზე ასეთი ხალხმრავალი მიტინგი არავის ჩაუტარებია. ბიძინა არჩევნებს იგებს. მაგრამ ფეხებზე იკიდებს საკუთარ დაპირებებს. ერთი წელი რის ვაი-ვაგლახით გაყავს და ხელისუფლებას ღარიბაშვილს აბარებს. ოცნებას მიშვებული ხალხი კითხულობს, - მდიდარი ავირჩიეთ, იქნებ ცოტას გვიშველოს და დღისით-მზისით ღარიბაშვილი შემოგვტენაო. 

არჩევნებამდე გაცებული დაპირებებიდან მაქსიმუმ 10-15% სრულდება, ხალხი მალე ხვდება, რომ უნამუსოდ მოტყუებულია. ბიძინა ამერიკულ დაცვას სახლში უშვებს და ევრაზიული კავშირის ავ-კარგზე იწყებს საუბარს. ახლა მხოლოდ სატელევიზიო ეთერითა და პრესკონფერენციებით ესაუბრება მოსახლეობას. მთავრობის რეიტინგი მისი წასვლის მერე კიდევ უფრო გაცამტვერებულია. ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა კიდევ უფრო მცირდება, ვინც დასაქმებულია აქედან ლამის 70-80 ნეპოტიზმის ნიშნით. ლარი დევალვირებულია, საწამოები არ გახსნილა, პირიქით, მცირე ობიექტები პანტაპუნტით იხურება. 

უფასო ფული კი არა, ცოტა ნორმალურ სესხს ბანკებიც არ გასცემენ და ხალხი კერძო საფინანსოებს აწყდება, მათ ვიწრო ყულფში თავს ყოფს. ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება. ქვეყნიდან გამქცევების რაოდენობა კიდევ უფრო მატულობს. „მარჩენალს“ რეალობისთვის თვალებში ჩახედვა არ სურს, მაძღარს ყველა ასეთ ყოფაში ეგონაო. 

მთავრობისადმი ნდობა კრიტიკულ ზღვარამდეა მისული. ხალხი მთავრობას დაპირებებს ახენებს და ვინც ეს თავის დროზე გულუხვად გასცა, ახლა ჩირგვებშია ღრმად დამალულია. ის აწი მრავალწლოვან ხეზე და მისი გადანერგვის ტექნოლოგიაზე ნერვიულობს, იქვე ახლოს სოფლელები სოლარიუმების მშენებლობას ამოდ ელოდებიან. 

ქვეყანაში იქმნება ძირმომპალი არაფორმალური მმართველობა, რომლის შინაარსი ამ ქვეყნისთვის და მისი მოსახლეობისთვის ღრმად შეუარცხმყოფელი ხდება. ლამის ერთადერთი ნათელი წერტილი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაა, მაგრამ მედიკამენტებზე ფასების მუდმივი ზრდის პირობებში, მისი ნაყოფიც მთლად გემრიელად ვერ გამოიყურება. 

იცვლება პრემირი, მაგრამ შედეგი ნულის ტოლია, არაფრისმთქმელი სიტყვების რახარუხი. ოთხი წლის თავზე ქვეყანა კიდევ უფრო გაღარიბებულ-დაბეჩავებულია. 

პოზიცია ასეთია, - სააკაშვილის ხელისუფლება ადამიანის უფლებებში მიქარავდა, მაგრამ აი საქმეს რაც შეეხება, ისინი ამას აკეთებდნენ და ამათთან განსხვავება ცა და დედამიწააო. მართლაც ასე ჩანს, წინა ხელისუფლების ნაბიჯებთან, კონკრეტულ რეფორმებთან შედარებით ესენი წყალწაღებულ უსაქმურებად გამიყურებიან და საშველი არც აქვთ. ამის დამადასტურებელი ფაქტები იმდენია, ამის ჩამოთვლას აზრი არ აქვს, ყველა საკუთარ ტყავზე ამჩნევს. 

მდგომარეობა ისეთია, რომ არსებული ხელისუფლება მართვის სადავეების შენარჩუნებას ერთი რეჟისორის (რომელიც თავის დროზე ყველა რეჟიმს წარმატებით ერგებოდა) მხატვრული ფილმით ცდილობს. ეს ხდება პრინციპით, - ჩვენ შეიძლება მთლად კარგები ვერ ვიყოთ, მაგრამ ნახეთ, სხვები ჩვენზე უარესები არიანო. რას მოიტანს ასეთი მცდელობა, ესეც 8 ოქტომბერს გამოჩნდება. 

ასეთი პოზიცია ყალიბდება, ჩამოაცილე წინა ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა სფეროში დარღვევები და ნორმალური მთავრობა გამოდის. ესენი კი ღმერთს არ უქნია და რაც უფრო მალე მოშორდენიან, მით უკეთესი იქნებაო. 

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, სისტემური დარღვევა-დანაშული აღარ არის, მაგრამ ცალკეული შემთხვევები დღესაც დიდ კითხვის ნიშნებს სვამს. ბოლო ასეთი სამტერდიელი დემურ სტურუას ტრაგედიაა, როცა ახალგაზრდა კაცი ისევ უსახო სახელმწიფო აპარატს ეწირება. ასეთი შემთხვევები კი, მომავალი ხელისუფლებისთვის ჭკუის სასწავლებელი უნდა გახდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ერთი და იგივე მახიჯ წრეზე სიარულს ვერ ავცდებით. 

ამ ქვეყანაში ყველაზე მთავარი, ადამიანის უფლებები ხელშეუვალად დაცული უნდა იყოს და სახელმწიფო აპარატს მკაცრად განსაზღვრული უფლება-მოვალეობები ჰქონდეს. სხვა პირობებში, არც ევროპა გვიშველის და ბოლომდე ველურებად დავრჩებით. საით გვექნება პერსპექტივა ასეთ რეალობაში, ესეც ყველასთვის ცხადი ამბავია, რადგან ჩრდილოეთით მობინადრე ეშმაკს არ სძინავს. 

და კიდევ, ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ერთხელ და სამუდამოდ მკაცრად განსაზღვრული უფლება-მოვალეობები უნდა ჰქონდეთ. დაუშვებელია 21-22 წლის ბიჭების ისეთი ინსტრუმენტებით აღჭურვა, რითაც სხვასაც დაღუპავენ და ამით საკუთარ თავსაც სამუდამო განაჩენს გამოუტანენ.  

მთლიანობაში, ფორმულა ასეთია, ქვეყანას სჭირდება ძლიერი, საქმეზე, რეფორმებზე, ადამიანების კეთილდღობაზე ორიენტირებული ხელისუფლება, ოღონდ ერთი პირობით - ეს ყველაფერი ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანებისთვის, მათი ოჯახებისთვის, შვილებისთვის, პენსიონერებისთვის კეთდება და არა რაღაც ეფემერული იდეებისთვის, როგორ კაშკაშადაც არ უნდა გამოიყურებოდეს ის. მომავალ ხელისუფლებაში, თუნდაც ნაციონალების საქმისკაცობა და ოცნების მცირე წარმატება ადამიანის უფლებების სფეროში უნდა გაერთიანდეს ახალი სიმაღლეების დასაპყრობად. 

ოკუპირებლ ქვეყანას უფლება არ აქვს ერთ დახურულ წრეზე იტრიალოს. ვინც არ უნდა მოვიდეს სათავეში, სწრაფი დემოკრატიული განვითარება აუცილებელია, რათა ქვეყნის (ჩვენს თანამემამულეებთან) გაერთიანების რეალური პერსპექტივები გავაჩინოთ. ერთი ადგილის ტკეპნის უფლება არ გვაქვს. არადა, ბოლო ოთხი წელია, ამასაც არ ვაკეთებთ, ლამის ყველა მიმართულებით უკან მივდივართ და 8 ოქტომბერს ეს უნდა დასრულდეს. 

ქვეყანას ახალი სისხლი სჭირდება, ძველებიდან ამ სიოს ვინც ალღოს ვერ აუღებს, ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდება. ეს ქვეყანა ბევრად უკეთეს ხელისუფლებას და, საერთოდ, უკეთეს ცხოვრებას იმსახურებს. 8 ოქტომბერი კიდევ ერთი ტესტის ჩაბარებაა, ჩვენი საზოგადოების თითოეულმა წევრმა ეს უნდა გაითვალისწინოს. უნდა აირჩიოს და მკაცრად მოსთხოვოს, გამოსავალი მხოლოდ ეს არის. 

და ბოლოს, გერმანულმა კომპანია GFK-მ ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით მორიგი სოციოლოგიური კვლევის შედეგები წარმოადგინა. 

კითხვაზე: თუ ჩავთვლით, რომ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობთ, რომელ პარტიას მიცემდით ხმას, შედეგები ასე გადანაწილდა:

"ქართული ოცნება"- 25.8%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა"- 25.5%; "სახელმწიფო ხალხისთვის - პაატა ბურჭულაძე"- 6.9%; "ლეიბორისტული პარტია" - 3.7%; "თავისუფალი დემოკრატები - ირაკლი ალასანია"- 2.9%; "პატრიოტთა ალიანსი - ირმა ინაშვილი" - 1.6%; "ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა" - 1.4%; "რესპუბლიკური პარტია" - 0.5%; "პოლიტიკური ცენტრი გირჩი"- 0.4%; "ახალი საქართველო - გიორგი ვაშაძე" - 0.4%; 

არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას გამოკითხულთა 3.0%; ჩატარებული გამოკითხვისას პასუხზე უარი განაცხადა 7.7%-მა; კატეგორია "მიჭირს პასუხის გაცემა/ჯერ არ გადამიწყვეტია" აირჩია 19.0%-მა;

კვლევა 2-18 აგვისტოს ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს წესით მთელი საქართველოს მასშტაბით 2200 ადამიანი გამოიკითხა. 

გამოკითხვის შედეგებს კვლევის დამკვეთი - ტელეკომპანია "რუსთავი 2" აქვეყნებს. ამავე არხის ინფორმაციით, გერმანულ-ამერიკული კომპანიის მიერ ჩატარებული კვლევის ცდომილების ზღვარი 2.1%-ია.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია