მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„დევნილებს საარჩევნო უფლება უნდა დაუბრუნდეთ“ - 09 სექტემბერი 2016

„დღეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭო არის უმოქმედო, კორუფციის, კოლაბორაციონიზმის, ნეპოტიზმისა და სეპარატიზმის ჭაობში ჩაფლული სახელისუფლებო სტრუქტურა, რომელიც უნდა განახლდეს და გაცოცხლდეს“

myrights.ge

აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭო გარკვეული მიზეზების გამო დღემდე არ გადარჩეულა. წლების განმავლობაში ამის ერთ-ერთ მთავარი არგუმენტი მოსახლეობის დევნილობა და საკუთარ მიწა-წყალზე დაბრუნების აუცილებლობა იყო. ყველა ახალი მთავრობა მოკლე ხანში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პირობას იძლეოდა, რაც არ სრულდებოდა. ამასობაში ორ ათეულ წელზე მეტი გავიდა. დღეს აფხაზური საზოგადოების ნაწილი ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს არჩევნების ჩატარებას მოითხოვს, რათა დევნილებს რეალური საარჩევნო უფლება დაუბრუნდეთ.    

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ აფხაზთა კრების წარმომადგენელს, მოძრაობა „დაბრუნების“ ხელმძღვანელს, მალხაზ პატარაიას ესაუბრება:

- ბატონო მალხაზ, როგორია თქვენი პოზიცია აფხაზეთის ლეგიტიმური უმაღლესი საბჭოს არჩევნებთან დაკავშირებით?

- აფხაზთა კრების (რომელშიც 35 ორგანიზაცია შედის) პოზიციაა, რომ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობით არჩევნები უნდა გაიმართოს და დევნილებს საარჩევნო უფლება უნდა დაუბრუნდეთ. 

სადღეისოდ, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არის 22 დეპუტატი, რომელიც 24 წლის განმავლობაში არ გადარჩეულა. და ჩვენ ვითხოვთ, რომ ამ შემადგენლობის გადახალისება მოხდეს, რამდენადაც თვითონ უმაღლეს საბჭოს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრია. ეს არის დევნილი საზოგადოების შენარჩუნების ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, ოკუპაციისა და გენოციდის მსხვერპლის წარმომადგენლობა და ორგანო, სადაც, პრაქტიკულად, აფხაზური ელიტის ფორმირება უნდა მოხდეს. 

აფხაზეთში მარტო ჩვენი დაბრუნების ამოცანა არ დგას, შემდგომში მართვის ამოცანაც დგას და, ამდენად, ახალი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ელიტის ფორმირება სწორედ აღნიშნულ სტრუქტურებში უნდა მოხდეს.

დღეს ეს არის უმოქმედო, კორუფციის, კოლაბორაციონიზმის, ნეპოტიზმისა და, როგორც ბოლო მოვლენებმა გვიჩვენა, სეპარატიზმის ჭაობში ჩაფლული სახელისუფლებო სტრუქტურები, რომელიც უნდა განახლდეს და გაცოცხლდეს. 

- სეპარატიზმის ჭაობში ჩაფლულობაში რას გულისხმობთ?

- იმას ვგულისხმობ, რომ პირველი, საქართველოს ხელისუფლებისგან დაუკითხავად, რეალურად, დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. დღემდე, ოთხი წელია ჰყავთ მთავრობა, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ასევე აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებული არ არის. ვახტანგ ყოლბაია და მისი მთავრობა მაქვს მხედველობაში. 

მეორე ის, რომ სულ რამდენიმე თვის წინ, მათ აფხაზეთის კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი გააჟღერეს, რომელიც ცენტრალურ ხელისუფლებასთან ჰორიზონტალური კავშირების წყვეტას ითვალისწინებდა. 

რაზეც ჩვენ და შემდგომში მთელმა საზოგადოებამ რეაგირება მოახდინა და ამ ეტაპზე ეს საფრთხე აცილებულ იქნა. ეს ყველაფერი პრეზიდენტისა და სახელისუფლებო შტოების რეაგირების შემდეგ მოხდა. როგორც მოგახსენეთ, ამ ეტაპზე საფრთხე აცილებულია. ალბათ, გახსოვთ მთელი ეს პერიპეტიები.

- ყოლბაიას ცენტრალურ ხელისუფლებასთან თქვენ მიერ ხსენებული დამოკიდებულების მიზეზი რა არის?

- თავის დროზე, საქართველოს წინანდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მას უარი უთხრა, მისი კანდიდატურა არ შეითანხმა სწორედ ამ კოლაბორაციონიზმის მოტივით. იმდენად, რამდენადაც ის ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენელი იყო. 

- დღევანდელ ხელისუფლებასთან, მთავრობის თავმჯდომარესთან დამოკიდებულება როგორია?

- მისი კანდიდატურა დღესაც შეთანხმებული არ არის. ის დროებით მოვალეობის შემსრულებელია. სანამდე შეიძლება იყოს სახელმწიფო მოხელე მოვალეობის შემსრულებელი? შეიძლება ეს მთელი ოთხი წელი გრძელდებოდეს? 

თავის დროზე მას ქვეყნის პრეზიდენტის მხრიდან უარი ეთქვა და, მაინც, უმაღლესმა საბჭომ ის მოვალეობის შემსრულებლად განამწესა. ამით დაიწყო ეს დაუმორჩილებლობა და იმით დამთავრდა, რასაც თავის დროზე ვლადისლავ არძინბა აკეთებდა. თავიდან ცენტრალური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა დაიწყო და შემდეგ საკანონმდებლო სივრციდან გავიდა. 

დიახ, ამათაც ასე გააკეთეს. ყოლბიას ინიცირებით ცენტრალურ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს და სულ რამდენიმე თვის წინ ამ სამართლებრივი სივრციდან საერთოდ გასვლა სცადეს. საუბარია საქართველოს სამართლებრივ სივრცეზე. მათ გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთის კონსტიტუციიდან ამოეღოთ ის დებულებები, რომელიც განსაზღვრავდა ვერტიკალურ ბმას ცენტრალურ ხელისუფლებასთან. 

- სადამდე შეიძლება წავიდეს ეს პროცესი?

- პროცესი, როგორც გითხარით, ამჟამად გაჩერებულია. მაგრამ თუ მივუშვებთ, შეიძლება იქამდე წავიდეს, რომ აქ, თბილისში, ფაქტობრივად, დამოუკიდებლობა გამოგვიცხადონ. 

- რაც შეეხება არჩევნებს, აფხაზეთის ლეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს კენჭისყრა საერთო-ეროვნულ არჩევნებთან უნდა გაიმართოს თუ ცალკე?

- ბევრი ვარიანტი არის, შეიძლება საერთო არჩევნებთან ერთად ჩატარდეს და შეიძლება ცალკედაც. იმის მიხედვით, თუ როგორ გადაწყვეტს ამ საკითხს ზოგადად პოლიტიკური სპექტრი. საერთო-ეროვნული კონსენსუსის გარეშე ამ საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია და, საკითხავია, ამას სახელმწიფო როგორ გადაწყვეტს. 

არც ისე ძვირი ჯდება ეს არჩევნები, თუ ცალკე გაიმართება. თუ რომელიმე სერთო არჩევნებს დაემთხვა, მაშინ გაცილებით ნაკლები დაჯდება ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა აქ ფინანსური საკითხი რა მოსატანია. 

ყოველწლიურად, ფაქტობრივად, ჰაერში ვუშვებთ 14 მილიონ ლარს, ჩვენი გადასახადების გადამხდელების ჯიბიდან, რომელიც აფხაზეთის ბიუჯეტის სახით იხარჯება. აი, ამ აფხაზეთის ხელისუფლათა, მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრების პირადი ინტერესებისა და მათივე ოჯახის წევრების ინტერესთა შესაბამისად. და რა დევნილთა რეალური ინტერესების გათვალისწინებით.

რაც შეეხება ზოგადად ლეგიტიმურობის საკითხს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭო, როგორც სტრუქტურა ლეგიტიმურია. მაგრამ იმის გამო, რომ პერიოდულად გადარჩეული არ არის და  ამომრჩევლის რეალური მანდატი არ აქვს, ამიტომ არსებული შემადგენლობა ლეგიტიმური არ არის. 

ამდენად, შემადგენლობა უნდა გადავირჩიოთ, როგორც ეს ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ხდება. თუნდაც არაცივილიზებულში, სადაც რეალურად ან ფორმალურად მაინც არსებობს წარმომადგენლობითი ორგანოები. 

- მანამდე, საერთო არჩევნებში, იგივე საპარლამენტო, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დევნილი მოსახლეობის ხმა და ინტერსები რამდენად აისახება?

- მოგეხსენებათ, რომ დევნილები პირდაპირი არჩევის უფლებას მოკლებული არიან, რამდენადაც მათ თავისი ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოები არ აქვთ. და გარდა ამისა, ისინი თავიანთ მაჟორიტარებს არ ირჩევენ. ამას პლუს აგერ აქვთ ავტონომიის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც ასევე არჩევითი არ არის. 

აქედან გამომდინარე, პირდაპირ და უშუალოდ მათ წარმომადგენელი არც ერთ ორგანოში არ ჰყავთ. თუმცა ისინი, ზოგადად, არჩევნებში მონაწილეობენ. ვთქვათ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ეს იქნება თბილისში, ჩხოროწყუში, ზესტაფონში თუ სხვაგან. მაგრამ, როგორც ამ ტერიტორიის ამომრჩეველი და არა როგორც აფხაზეთის ამომრჩეველი. 

- ამ მხრივ, დევნილი მოსახლეობის დღევანდელი საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა რამდენად დამაკმაყოფილებელია?

- დევნილებს უფლება ბოლომდე უზრუნველყოფილი არ აქვთ, მაგრამ არსებულ ჩარჩოებში გარკვეული აქტივობა არის. მოგახსენებთ, რომ ჩვენი გაერთიანება, აფხაზთა კრება საკმაოდ მრავალრიცხოვანია, ორგანიზაციებისა და წევრების თვალსაზრისით. როდესაც ჩვენ მივდივართ და ვხვდებით ადამიანებს, ვესაუბრებით აღნიშნულ საკითხებზე, ისინი ძალიან პოზიტიურად ეხმაურებიან აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს არჩევნების იდეას.

ამდენად, საზოგადოებრივ-პოლიტიკური აქტივობა საკმაოდ პოზიტიურია. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მათ უფლება არ აქვთ, ამ თვალსაზრისით საკითხი პრობლემატურია. და ჩვენ ახლა ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება მეტად მივაწოდოთ ხმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სპექტრს და ქართულ პოლიტიკურ ელიტას, რომ ამ თვალაზრისით ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარღვევა მოხდეს და დევნილები აქტიურად შემოვიდნენ პოლიტიკურ პროცესში.

- თქვით, რომ ადგილებზე ხვდებით დევნილებს, თქვენ გაერთიანებაში ბევრი ორგანიზაცია შემოდის, ამ ეტაპზე რა კონკრეტული გამოწვევების წინაშე დგას დევნილი მოსახლეობა, რა არის მთავარი სატკივარი?

- დევნილთა მთავარი სატკივარი სახლში დაბრუნებაა. ეს დამოკიდებულება როგორიც აქამდე იყო, ასეთადვე რჩება, ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და საკუთარ სახლებში დაბრუნება. 

- ამ მხრივ რა ეტაპზე ვიმყოფებით, დევნილები, მთლიანად საზოგადოება, ქვეყნის ხელისუფლება...

-  ამ ეტაპზე სტაგნაციის მდგომარეობაში ვიმყოფებით. ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული მიმართულებით არაფერი კეთდება. პირიქით, ვითარება შეიძლება ითქვას, რომ კიდევ უფრო გაუარესდა. 

- ამის მიზეზს რაში ხედავთ?

- მიზეზს იმაში ვხედავ, რომ დღეს საქართველოს პრორუსული ხელისუფლება ჰყავს. 

- ამას რით ადასტურებთ?

- შეგვიძლია დავადასტუროთ მთელი რიგი ქმედებებით, რომელიც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სახეზეა ამ ხელისუფლების მხრიდან. დაწყებული პირველივე განცხადებით, როცა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსული არ იყვნენ - თითქოს 2008 წელს ომი ჩვენ დავიწყეთ. აი ეს სრულიად დამღუპველი, რეალობასთან შეუსაბამო და სამართლებივ საფუძველს მოკლებული განცხადება და ამის მერე კიდევ ძალიან ბევრი განცხადება და ქმედება იყო. 

ვთქვათ, ასეთია საერთაშორისო ასპარეზზე დეოკუპაციის საკითხის ფაქტობრივად მოხსნა. ამის თაობაზე უკვე აღარაფერი ისმის. სახეზეა უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით მეტად სამარცხვინო პოზიცია. ასევე კოსოვოსთან დაკავშირებით გაჟღერებული პოზიცია. თუ გახსოვთ, ყოფილი პრემიერ-მინისტრის ერთი განცხადება იყო, რომ კოსოვოს მოდელი შეიძლება მისაღები იყოსო. ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება რატომაც არაო და ა.შ. სამარცხვინო მონაწილეობა სოჭის ოლიმპიადაზე და მისთ. 

ასევე თუ გახსოვთ ღარიბაშვილის განცხადება იმის თაობაზე, რომ 25 წელია აფხაზები თვითგამორკვევისთვის იბრძვიანო და ა.შ.

- გამოსავალი სად არის, რომ ამ საკითხში ახალი პერსპექტივები გაჩნდეს?

- გამოსავალი ის არის, რომ საქართველოს ახლანდელ არჩევნებში პროდასავლურმა ძალებმა გაიმარჯვონ; და არ მივცეთ საშუალება ქართულ ოცნებას და სხვა პრორუსულ ძალებს დააკომპლექტონ პარლამენტში და, შესაბამისად, ხელისუფლებაში უმრავლესობა. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან დიდი საფრთხე ელის არათუ ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ მთლიანად საქართველოს სახელმწიფოებრიობას.

- გალის ქართული მოსახლეობაზე რამდენად ახერხებს საერთო-ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?

- გალის მოსახლეობის რეალურ მდგომარეობაზე ბევრჯერ გავამახვილეთ ყურადღება. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას, ბუნებრივია, ვინც ამ დროისთვის ქვეყნის აქეთა ტერიტორიაზეა, იღებს კენჭისყრაში მონაწილეობას. მაგრამ არც თუ ისე დიდი რაოდენობა გადმოდის ოკუპირებული ტერიტორიიდან, გასაგები მიზეზების გამო. 

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ე.წ. ხელისუფლებას რა დამოკიდებულება აქვს თბილისის არჩევნების მიმართ?

- საოკუპაციო ხელისუფლების დამოკიდებულება ისეთია, როგორც მეზობელი სახელმწიფოს არჩევნებისადმი.  

- ამ მხრივ, ისინი გალის მოსახლეობის აქტივობას როგორ უყურებენ?

- ამ თვალსაზრისით რაღაც განსაკუთრებულ ზომებს არ მიმართავენ. რასაკვირველია, ხელშეშლა არის. თუ გახსოვთ, იყო ცნობილი ხურჩის ეპიზოდი, როდესაც იქიდან გადმოსულ დევნილებს ცეცხლი გაუხსნეს. ეს ე.წ. აფხაზური მხრიდან მოხდა. 

მაგრამ ამ საკითხში სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირი დამოკიდებულებაა. იქიდან გამომდინარე, თუ რა ამოცანა დგას საოკუპაციო რეჟიმის წინაშე. ეს რეჟიმი პერიოდულად ხან მკაცრია, ხან შედარებით ლმობიერი. თორემ, ზოგადად, ეს დიდი საკონცენტრაციო ბანაკის რეჟიმია, ჩვენ მას საბჭოთა ბანაკების სისტემას, გულაგს ვადარებთ იმას, რაც ახლა რეალურად გალის რაიონში ხდება.

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია