მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ნოდია: ნიჰილიზმი პოლიტიკოსებისადმი და, ზოგადად, პოლიტიკური კლასის მიმართ დაძლეული არ არის - 14 სექტემბერი 2016

„გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მაინც ორი ძირითადი მოთამაშისგან ერთ-ერთს ირჩევს“

myrights.ge

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე თვეზე ნაკლები არის დარჩენილი. ამომრჩეველი ტელეეკრანებიდან ნაირნაირ დაპირებებს ისმენს, მაგრამ მის მიმართ დიდ ენთუზიაზმს არ იჩენს. განვლილი წლების განმავლობაში კარგი ცხოვრების დაპირება ბევრი იყო, ნათქვამი სიტყვის რეალურ შესრულებაზე რა მოგახსენოთ. 

ამის პირდაპირი შედეგია, რომ ქართველი ამომრჩევლის უდიდეს ნაწილს ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, ვის უნდა მისცეს ხმა ოქტომბრის კენჭისყრაზე. იმდენად ძლიერია ნიჰილისტური დამოკიდებულება სამამულო პოლიტიკოსებისა და, ზოგადად, პოლიტიკური ელიტის მიმართ. ალბათ, კიდევ ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის ჩატეხილი ხიდი აღდგეს. 

პარტიები უკვე კარდაკარ სიარულსა და მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებზე არიან გადასულები. „ქართული ოცნებისა“ და „ნაცინალური მოძრაობის“ გარდა, ერთდროულად რამდენიმე პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ეს ის კენჭისყრაა, სადაც ვერავინ იტყვის, პროცესი რა შედეგებით დასრულდება.

„ქრონიკა პლუსი“ მიმდინარე საარჩევნო პროცესზე „მშვიდობისა და დემოკრატიის კავკასიური ინსტიტუტის“ ხელმძღვანელს, ექსპერტ გია ნოდიას ესაუბრება:

- ბატონო გია, როგორ შეაფასებთ მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესს, რა დამახასიათებელ ნიშნებს გამოყოფდით?

- ორიგინალური არ ვიქნები და ერთი ნიშანი ისაა, რომ, რეალურად, განსაკუთრებით მაღალია გადაუწყვეტელ ამომრჩეველთა რაოდენობა. ეს ქართველი ელექტორატისთვის ყოველთვის დამახასიათებელი იყო, რომ ხშირად ხალხი ბოლო მომენტში იღებდა გადაწყვეტილებას. მაგრამ წელს აღნიშნული ნიშანი უფრო გამოკვეთილია. ეს, ალბათ, დღვანდელობის მთავარი მომენტია.

ეს გადაუწყვეტლობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი მხრივ ორი ლიდერი არის გამოკვეთილი, მაგრამ ამ ლიდერებს მაღალი ნეგატიური რეიტინგიც აქვთ. ანუ ბევრი ამომრჩეველია, რომელსაც მათთვის ხმის მიცემა არ უნდა. 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ჩვენთვის უფრო დამახასიათებელია, რომ ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მაინც ორი ძირითადი მოთამაშისგან ერთ-ერთს ირჩევს. ასევე გვაქვს 2003 წლის გამოცდილება, როდესაც ხმები ბევრ პარტიაზე უფრო თანაბრად განაწილდა. ასე რომ, ძნელია ამ თვალსაზრისითაც ვიწინასწარმეტყველოთ.

ანუ, საბოლოოდ, ხალხი მაინც ამ ორ პარტიაზე დაფიქსირდება (ქართულ ოცნება-ნაციონალურ მოძრაობაზე), თუ ხმები უფრო მეტად გაიყოფა. თითქოს, ბოლო გამოკითხვები ისეა, რომ ეს მესამე ძალები მაინცდამაინც კარგ შედეგებს ვერ აჩვენებენ. პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ალასანია, პატრიოტთა ალიანსი და ა.შ. მაგრამ მაინც ამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გათვალისწინებით, აღნიშნულ გამოკითხვებზე დაყრდნობა ძალიან ძნელია. 

- პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ახსენეთ, რა ხდება აღნიშნული პარტიის გარშემო, თქვენ როგორ ფიქრობთ?

- პაატა ბურჭულაძის მხრიდან ძალიან პარადოქსული ქცევა იყო იმ თვალსაზრისით, რომ მან ჯერ შექმნა თავისი პარტია, მოძრაობა და შემდეგ ბევრი ადამიანი, ვინც ამ პარტიაში იყო გვერდზე გაწია და, ფაქტობრივად, იმ სხვა პარტიების ლოკომოტივი გახდა - გირჩის, ვაშაძის, ახალი მემარჯვენეების.

მისთვის ეს თითქოს მომგებიანი არ უნდა ყოფილიყო. მომგებიანი იყო პირველი ვარიანტი. და შეიძლება ეს ყველაფერი წამგებიანი აღმოჩნდეს მისივე რეიტინგისთვის. როგორც ჩანს, ხალხს ის უფრო მოსწონდა, როგორც არაპოლიტიკური, ასეთი გამოცდილების არმქონე პირი და ა.შ. რომ ასეთი ხალხი მის პარტიაში უფრო მეტი იქნებოდა. 

მაგრამ ამ სიტუაციაში რაც ასახსნელად შეიძლება გამოგვადგეს, ისაა, რომ ბურჭულაძეს ფინანსურად გაუჭირდა და ამ პარტიებმა რაღაც თანხა შემოუტანეს, მათ უკან რაღაც ფინანსური რესურსი იყო წარმოდგენილი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს მისი ძირითადი მოტივი ყოფილიყო, რატომაც შეცვალა სტრატეგია ზაფხულის განმავლობაში. 

მაგრამ მეც მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი მისთვის პოპულარობის თვალსაზრისით მომგებიანი ნაბიჯი არ იყო.

- ამ ეტაპზე პარტიები (მათ შორის ოცნება-ნაციონალები) რამდენად კარგად ახერხებენ საკუთარი პოზიციების ამომრჩევლებამდე მიტანას?

- მაინცდამაინც ვერ ახერხებენ, რადგან ეს ნიჰილიზმი პოლიტიკოსებისადმი და, ზოგადად, პოლიტიკური კლასის მიმართ დაძლეული არ არის. ასე რომ, რომ მოეხერხებინათ და უფრო წარამატებული ყოფილიყვნენ, მაშინ უფრო მკაფიო სურათი გვექნებოდა იმ თვალსაზრისით, თუ ვინ ვის უჭერს მხარს. 

- რა სურს საზოგადოებას, რომ დღეს მიიღოს პოლიტიკოსებისგან, პოლიტიკური ელიტისგან?

- მე არ მგონია, რომ თვითონ საზოგადოება ამაში ჩამოყალიბებული იყოს. ცხადია, რომ ხალხს კარგი ცხოვრება უნდა; და რაღაცნაირად იმას შეჩვეულია, რომ ვიღაც მოვა და ამ კარგ ცხოვრებას უზრუნველყოფს. სწორედ ამ განწყობით ხმა მისცა ელექტორატმა ქართულ ოცნებას. ხალხში ერთგვარი სასწაულის მოლოდინი მაინც არის. 

დღეს საზოგადოება ამ სასწაულის, იმედის თვალსაზრისით, რაღაცნაირად იმედგაცრუებულია. ძირითადი მოთამაშეები მაინც ისინი არიან, ვინც უკვე ყოფილან ხელისუფლებაში და, როგორც ჩანს, მოსახლეობის დიდ ნაწილი მთლიანად არცერთით კმაყოფილი არ არის. 

მაგრამ რაკი ამომრჩევლის დიდი ნაწილი შეჩვეული არ არის იმაზე ფიქრს, რომ როგორ, რა მეთოდებით უნდა მიაღწიოს ქვეყანამ პროგრესს (უბრლოდ, ენდობიან, რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი მოვა ხელისუფლებაში და ყველა პრობლემას გადაწყვეტს), თვითონ მოსახლეობა ნაკლებად ჩართულია იმაში, თუ რა მეთოდებით უნდა გაუმჯობესდეს ქვეყანაში ცხოვრება. 

და ამის გამო, თვითონ ხალხსაც, საზოგადოებასაც არ აქვს მკაფიო წარმოდგენა იმაზე, თუ რა სურს პრინციპში პოლიტიკოსებისგან. გარდა იმ ძალიან ზოგადი დამოკიდებულებისა, რომ აი პოლიტიკოსები უნდა ზრუნავდნენ ხალხზე და და რაღაც პრობლემებს წყვეტდნენ.

- როგორ, რა გზით უნდა იყოს საზოგადოება აქტიურად ჩართული აღნიშნულ პროცესში?

- ცხადია, ახალი ველოსიპედის გამოგონება ამ თვალსაზრისით საჭირო არ არის. ამის ყველაზე კარგი მეთოდი ფართო გაგებით სამოქალაქო საზოგადოებაა. ანუ თვითონ არსებულ პოლიტიკურ პარტიებში უნდა აქტიურობდეს ამომრჩეველი. იმ პარტიებში, რომლებიც მისთვის უფრო საინტერესო და მისაღებია. და არა მაინცდამაინც იმ მოტივით, რომ მერე იმ პარტიის მეშვეობით რაღაც თანამდებობას მიიღებს. არამედ იმ აზრით, რომ საზოგადოებას, ამომრჩეველს რაღაც რომ უნდა, იმ პარტიის პროგრამასა და მოქმედებებზე რაღაც გავლენა მოახდინოს.

მეორე მხრივ, რასაც სამოქალაქო ასოციციები ჰქვია, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციებს ვუწოდებთ. საქართველოში ისინი ძირითადად არიან პროფესიონალები, რომლებიც ამაში გრანტებს იღებენ და რაღაც საქმეებს აკეთებენ. შეიძლება ხშირად კარგ საქმეებსაც აკეთებენ. 

მაგრამ ამ საქმეებში ფართო საზოგადოება ან არ არის ჩართული, ან ეს ნაკლებად არის გამოხატული. ამიტომ იქ, სადაც ვამბობთ, რომ საზოგადოება შედარებით უფრო ჩართულია, ეს სწორედ ამის მეშვებოთ არის ჩართული, ანუ პარტიებში, სამოქალაქო ასოციაციებში ან რაღაც მოძრაობებში მონაწილეობით. 

უბრალოდ, თუ სახლში ზიხარ და ელოდები, რომ შენთან პარტია როდის მოვა და თვალებში როდის ჩაგხედავს, რასაკვირველია, ეს პროცესში ეფექტური მონაწილეობა არ არის. 

- ზემოთ სასწაულის მოლოდინი ახსენეთ, დღეს „ქართული ოცნების“ ლოზუნგი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე მომავალი ოთხი წლის განმავლობაში რამდენად დამაჯერებლად ჟღერს?

- საერთოდ, ოცნებას ამ თვალსაზრისით საკმაოდ გაჭირვება აქვს. რადგან მას ძალიან დიდი და ამბიციური დაპირებები ჰქონდა და, ამასთანავე, ძალიან კონკრეტულიც. ამბობდა, რომ ამას, ამას და ამას ვიზამო. მართალია, თვითონ ოცნების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ყველა ეს დაპირებები შევასრულეთო, მაგრამ ხალხს ასე არ ჰგონია; მოსახლეობა არ მიიჩნევს, რომ მათ ეს დანაპირებები შეასრულეს.

ახლა მათი დანაპირები გაცილებით უფრო აბსტრაქტული და ზოგადია. სწრაფი განვითარება ზოგადი ნათქვამია, მხოლოდ სიტყვებია. და რაღაც გაგებით მათი ახლანდელი უფრო ზოგადი დაპირებები (რასაც ისინი იძლევიან), უფრო იმას ემსგავსება, რისთვისაც ნაციონალურ მოძრაობას აქტიურად აკრიტიკიებდნენ. 

ვთქვათ, იმით ამაყობენ, რომ ქვეყანაში ბევრი ტურისტი შემოდის. რაც ძალიან კარგია, მაგრამ მანამდე დასცინოდნენ ნაციონალურ მოძრაობას, - ამ ტურიზმით ქვეყანას ხომ ვერ ავაყვავებთო. ან პრემიერი კვირიკაშვილი იმაზე საუბრობს, რომ ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი იქნება, რაღაც გზების მშენებლობა და სხვ. 

სწორედ ამაზე აკეთებდა აქცენტს ნაციონალური მოძრაობა და მერე მას ეუბნებოდნენ, - ასფალტი ვჭამოთო და ა.შ.

ანუ რაღაც ორიგინალური და ახალი იდეები ქართული ოცნების მხრიდან არ მოდის. ის იდეები, რომლებიც ხალხს გაუქარწყლებდა იმ იმედგაცრუებას, რაც მან 2012 წლის შემდეგ მიიღო.

- ამ ეტაპზე რომელ პოლიტიკურ ძალებს აქვთ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მოხვედრის შანსი და როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?

- ცალსახად შეგვიძლია ამ ორ ძალაზე ვთქვათ, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. კიდევ რამდენიმეა, რომელთაგან რეალურად ყველას აქვს შანსი. ეს არის პაატა ბურჭულაძის გაერთიანება სახელმწიფო ხალხისათვის, ირაკლი ალასანიას თავისუფალი დემოკრატები, პატრიოტთა ალიანსი. შედარებით მეტი შანსი, ალბათ, ამ სამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აქვს. 

ასევე ლეიბორისტებსა და ნინო ბურჯანაძესაც აქვთ შანსები. დანარჩენებს, მგონია, რომ უფრო ნაკლებად აქვთ პარლამენტში მოხვედრის პერსპექტივები. მაგრამ როგორც ვთქვი, ძალიან ძნელია დღევანდელ რეალობაში წინასწარმეტყველება.

არ არის გამორიცხული, რომ ჩამოთვლილთაგან ყველა მოხვდეს ქვეყნის პარლამენტში. ესეც სავსებით შესაძლებელია და ძალიან ჭრელი პარლამენტი მივიღოთ. ასევე შეიძლება ორი ან სამი პარტია მოხვდეს, ესეც გამორიცხული არ არის. დღეს ამის ცალსახად თქმა ძალიან რთულია. 

- ასევე შეგვიძლია 8 ოქტომბრის შემდეგ კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობაზე ვისაუბროთ?

-  რასაკვირველია. ცხადია, რომ ასე თუ ისე პატიოსანი არჩევნების შემთხვევაში, ვერავინ ვერ მოიგებს დიდი უპირატესობით, 50%-ზე მეტს ვერ დააგროვებს არჩევნების პროპორციულ ნაწილში. პარტიებს, რომლებსაც გამარჯვების იმედი აქვთ, უფრო მეტად ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობაშიც მაჟორიტარების ხარჯზე გამარჯვების იმედი აქვთ. 

მაგრამ ამ იმედმა შეიძლება არ გაამართლოს. ასე რომ, სავსებით შესაძლებელია საჭირო იყოს კოალიციური მთავრობის შექმნა. და არ გამოვრიცხავ, რომ რეალურად, ეს ძალიან რთული პროცესი იყოს. რადგან წინასაარჩევნოდ პარტიები ძალიან მკვეთრად უპირისპირდებიან ერთმანეთს. არა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება, არამედ ყველა ყველასგან ცდილობს მაქსიმალურ დისტანცირებას. 

ეს მესამე პარტიები ცდილობენ, რომ ორივესგან, ნაციონალური მოძრაობისგანაც დისტანცირებული იყვნენ და ქართული ოცნებისგანაც. მაგრამ კოალიცია იმას ნიშნვს, რომ ისინი ან ქართულ ოცნებასთან უნდა შევიდნენ კოალიციაში, ან ნაციონალურ მოძრაობასთან. და ამიტომ ჩემი აზრით,  მერე გაჭირდება კოალიციის შექმნა.

- მიმდინარე საარჩევნო პროცესი იქნება თუ არა პროგესული ნაბიჯი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე?

- ეს უნდა ვნახაოთ. კი, რა თქმა უნდა, შეიძლება პროგრესი აღმოჩნდეს, მაგრამ ჯერ ნაადრევია ამაზე საუბარი. რადგან უკვე არსებობს ძალადობის ძალიან ბევრი ფაქტი ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ყოველ შემთხვევაში, ბევრი ჩივილია განხორციელებულ ზეწოლაზე, კანდიდატებისა თუ ამომრჩევლების მიმართ, მოსყიდვაზე და ა.შ. 

ასეთი ტიპის პრობლემები არის და თან საკმაოდ სერიოზული გამოწვევებია. ასე რომ, ამის შესახებ რაიმის ცალსახად თქმა ჯერჯერობით ნაადრევია.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია