მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სოსო ცინცაძე: 26 წელია ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხი ბრბოდ აქციოს - 28 სექტემბერი 2016

„ქართველმა ბიზნესმენებმა თავისი სხეულიდან მონა ვერ გამოდევნეს, ყველა მმართველ პარტიას ფეხქვეშ ეგებებიან“

myrights.ge

მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესისთვის რა ნიშნები არის დამახასიათებელი, "მეორე უკიდურესობაში გადავარდნა" "ქართულ ოცნებას" რა შედეგებს მოუტანს, რით არის გამოწვეული, რომ ამ არჩევნებზე პარტიებმა საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად გამოკვეთეს, რამდენად დამაჯერებლად ახერხებენ პარტიები მთავარი სათქმელის ამომრჩევლებამდე მიტანას, საზოგადოებას რა სურს მიიღოს პოლიტიკური ელიტისგან, რა უნდა გააკეთოს თავად ხალხმა "კარგი ცხოვრების" მიღწევისთვის, რამდენად აუცილებელია .. მშვიდობის მემორანდუმთან შეერთება, რომელიცქართულმა ოცნებამწარმოადგინა, როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ, რა ძალებს აქვთ იქ მოხვედრის რეალური პერსპქტივა, იქნება თუ არა ეს საარჩევნო პროცესი პროგრესის მომტანი ქვეყნის განვითარების გზაზე?

"ქრონიკა პლუსი" წინასაარჩევნო პროცესსა და პერსპექტივაზე, პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრება:

- ბატონო სოსო, მიმდინარე წინასაარჩევნო პროცესიდან რა დანახასიათებელ ნიშნებს გამოარჩევდით?

- ერთ სიახლეს გამოვარჩევდი, რომ არცერთ წინა არჩევნებში არათუ მთავარ, ერთ-ერთ პრიორიტეტად საგარეო-პოლიტიკური ვექტორი არ ყოფილა. პირველი კენჭისყრაა, როდესაც რამდენიმე ძალა გამოიკვეთა, რომელიც საგარეო-პოლიტიკურ მიმართულებაში სიმპატია-ანტიპატიებს აფიქსირებს. .. რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციით დაწყებული (მისი სამხედრო ბაზების მოხრეებიც კი გვხვდებიან) და პირდაპირ აშშ- ჯარის შემოყვანის მხარდამჭერებიც არიან.

ასეთი რამ ადრე არ ყოფილა. წინასაარჩევნო კამპანიაში, ვთქვათ პარტიის საარჩევნო პროგრამაში, საჯარო განცხადებებში ეს ნათლად არ ასახულა. ქართულ ოცნებას რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების დაპირება ჰქონდა, ოღონდ ეს ლოზუნგი დაკონკრეტებული არ ყოფილა.

შემდეგი ის არის, რომ აგერ უკვე ორი კვირა დარჩა და წინასაარჩევნო კამპანია ძალზედ მშვიდად, მდორედ, ყოველგვარი ხმაურის გარეშე მიმდინარეობს, თუ რამდენიმე ხულიგნურ ექსცესს არ ჩავთვლით. ეს წმინდა ხულიგნური გამოვლინებებია და მხოლოდ ის არის დასანანი, რომ კანონის მთელი სიმკაცრით არ აღიკვეთა. ის, რომ გამოძიება დაიწყო, ჩემთვის, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობისთვის არაფერს არ ნიშნავს. რადგან ჩვენ ეს ტერმინი, მიმდინარეობს გამოძიება, უკვე წლები გვესმის, - იწყება და უსასრულო პროცესი გრძელდება.

ისევე, როგორც ნატოში შესვლის პროცესი დაიწყო და კარებზე კაკუნი უსასრულოდ გრძელდება

კიდევ იმას, რომ ქართული ოცნება წინასაარჩევნო დაპირებებში ძალიან ფრთხილია. ოცნება ამ თვალსაზრისით ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში გადავარდა. 2012 არჩევნებში ყველაფერს პირდებოდა, წინასწარვე შეუსრულებელს და ახლა საერთოდ არაფერს პირდება. გარდა ზოგადი ცნებებისა, როგორიცაა კეთილდღეობა, სწრაფი განვითარება და ყველასთვის კარგი ცხოვრება.

ბევრი წვრილმანის ფონზე, მე ძირითადად ამ მომენტებს გამოვყოფდი.

- "მეორე უკიდურესობაში გადავარდნა" "ქართულ ოცნებას" არჩევნებზე რა შედეგებს მოუტანს?

- შედეგი წინასწარვე გარკვეულია, რადგან, პრაქტიკულად, ქართველ ამომრჩევლებს ალტერნატივა არ გააჩნიათ. ძალზედ არათანასწორუფლებიანი სასტარტო გარემო იყო შექმნილი. იმით დაიწყო, რომ რაღაც სატელევიზიო დაფინანსება ჩამოაჭრეს, მერე სხვა პრობლემებიც იყო და, ამის შედეგად, წინასაარჩევო პროცესი არათანაბარი რესურსებით მიმდინარეობს.

ეს მახინჯი ფორმაა და ძალიან ცუდ დასკვნებზე მიგვანიშნებს. როდესაც, ვთქვათ, მმართველ პარტიას  მილიონობით შემომწირველი აქვს და სხვა პარტიები რაღაც ათასებს თუ ითვლიან. დემოკრატიულ ქვეყნებში ასე არ ხდება.

მაგალითად, იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში ტრამპისა და კლინტონის შემოწირულობები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. ადრეც, როდესაც მმართველი პარტიის წარმომადგენელი, ვთქვათ პრეზიდენტი მეორე ვადით კენჭყს იყრიდა (მაგალითად, ბუში), კონკურენტი დიდად არ ჩამორჩებოდა. ეს დემოკრატიაა, რადგან ოპოზიციას არ ეშინია. საერთოდ არ ეშინია ალტერნატიული კანდიდატის მომხრე ბიზნესმენს.

ვინ არიან მსოფლიოში ძირითადი სპონსორები? ისინი ბიზნესმენები არიან. მათ არ ეშინიათ, - თუ ჩვენი ფავორიტი დამარცხდება, მერე კონკურენტი ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით დედას მიტირებსო. ჩვენთან ეს რეალობა რაზე მიგვანიშნებს? ის, ვინც ოცნებას მილიონები შესწირა, ყველა იდეოლოგიურად მისი მოხრეა? არა, ასე სულაც არ არის.

ასევე, ელემენტარულად, იმასაც ვერ ვიტყვით, რომ დღეს ამ მხრივ ქვეყანაში დიდი შიში არსებობს. მაგრამ ცუდი ის არის, რომ თვითონ ქართველმა ბიზნესმენებმა თავისი სხეულიდან მონა ვერ გამოდევნეს. ისინი თვითონ ბუნებით მონები არიან, ყველა მმართველ პარტიას ფეხქვეშ ეგებებიან. კი, ოცნებას თავისუფლება უწერია, მაგრამ დღეს ხალხი შინაგანად თავისუფალი არ არის.

თუმცა ვიმეორებ, ჩემი დაკვირვებით, დღეს ბიზნესმენს არანაირი დიდი საფრთხე არ ემუქრება, ვთქვათ, ოცნების ნაცვლად პატრიოტთა ალიანსს ან ბურჯანაძეს რომ დაეხმაროს, ნაციონალურ მოძრაობას აქ სპეციალურად არ ვახსენებ. მაგრამ ყველა ბიზნესმენში, დიდსა თუ პატარაში მონა ზის შიგნით სხეულში და ეს უკვე საზოგადოების, დემოკრატიის  ძალიან დაბალ დონეზე მეტყველებს.

- ამ არჩევნებზე პარტიებმა საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტები მეტ-ნაკლებად რომ გამოკვეთეს, ეს რით არის განპირობებული?

- ტენდენცია მხოლოდ ნატოს მიმართ იმედგაცრუებით არის გამოწვეული. პროდასავლური კურსის დეფოლტია, ამას სხვას ვერაფერს ვუწოდებთ. ხომ ხედავთ, რაღაც კუდმოკვეთილი, სასაცილო ასოცირების ხელშეკრულება გვაქვს და ვითომ უვიზო რეჟიმის პერსპექტივა, რომელიც ისევ სადღაც ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის გადაწიეს, არჩევნების შემდეგი პერიოდისთვის.

ეს მაშინ, როდესაც ევროპის კარი მილიონობით ისლამისტისთვის ღიაა. ძირითადად ეს მომენტია. იმედგაცრუებაა, რომ ნატოში შესვლის პერსპექტივები ნულს უახლოვდება. ახლა არ მიგვიღეს და ოდესღაც მიგვიღებენო, - მაგრამ ამ საუბარში თაობები იცვლებიან. საქართველო რეალურად ცაიტნოტშია, მონტენეგრო არ არის, რომელსაც არსაიდან არავინ ემუქრება. მონტენეგროს შეეძლო კიდევ ასი წელი დალოდებოდა, როდის მიიღებდნენ ნატოში. მისი საფრთხე ნულის ტოლი იყო.

ხოლო საქართველო სულ ცივი ომის ზღვარზეა მეზობელ რუსეთთან. ამიტომ საქართველო ან სასწრაფოდ ნატოში უნდა მიიღონ, ან ქვეყანამ იზრუნოს იმაზე, რაც ქართულ ოცნებას პროგრამაში ჯერ კიდევ 2012 წელს ჰქონდა. ანუ ეს რუსეთთან ურთიეთობის ნორმალიზაციაა. აღნიშნული პოლიტიკა ცხოვრებაში რეალურად უნდა გატარდეს, ამის წინაპირობა არის.

- რამდენად დამაჯერებლად ახერხებენ პარტიები მთავარი სათქმელის ამომრჩევლებამდე მიტანას?

- მაინცდამაინც ვერ ახერხებენ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ საკუთარი აზრის ხალხამდე მიტანის მთავარ საშუალებად ტელევიზია იქცა, ამ მხრივაც რესურსი შეზღუდულია. რადგან სარეკლამო დროის საყიდლად ფანტასტიკური თანხებია საჭირო. თორემ უფასო სარეკლამო დრო მინიმალურია. რაღაც წამებია და ისიც ადრე ოთხ-ხუთ პარტიაზე იყო და ახლა, თუ არ ვცდები, თორმეტ პარტიაზე არის გადანაწილებული. პრაქტიკულად, დრო არ დარჩა რეკლამისთვის.

ამიტომ ვისაც ბევრი ფული აქვს, ის მეტ დროს ყიდულობს რეკლამებისთვის და აქ უკვე, რასაკვირველია, უკეთეს პირობებშია.

- ამ საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას რა სურს მიიღოს პოლიტიკური ელიტისგან?

- საქართველოში საზოგადოება, როგორც ასეთი სრული დემოკრატიული დატვირთვით არ არსებობს. უკვე 26 წელია ყველა ხელისუფლება ცდილობს, რომ ხალხი ბრბოდ აქციოს. ყველა ხელისუფლებას მოსწონს, როდესაც ბრბო გამოდის და ხან ზვიადის, ხან ედუარდს, ხან მიშას, მერე კი ბიძინა-ბიძინას გაჰყვირის. ეს ხალხი არ არის, ეს ბრბოა. ხალხი დემოკრატიულ ქვეყნებში არსად არ გამოდის და ვთქვათ არ ყვირის ბარაკ, ბარაკს, ან რუზველტზე და დეგოლზეც ასე არავინ გაჰკიოდა, - შარლ, შარლ, საფრანგეთში არავის უყვირია.

ეს დემოკრატიული პრინციპი არ არის. ამიტომ რა სურს საზოგადოებას? ჩვენ ხალხს ერთი რამ სურს, კარგი ცხოვრება, მაგრამ როგორ, ეს თვითონც არ იცის. უბრალოდ, კარგი ცხოვრება უნდა, - დიდი პენსიები, სამუშაო ადგილები, მშვიდი, ნორმალური ცხოვრება, უფასო სწავლა ან ხელმისაწვდომი განათლება და მისთ.

მაგრამ საკითხავია, როგორ ეს ყველაფერი? აი, მთავრობამ რომ კითხოს, როგორ ეს ყველაფერი, ვერ ეტყვის, რადგანეს ეს თვითონც არ იცის. ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა და მორჩა. აი ხოში აქვს ასეთი, რომ კარგად იცხოვროს, მაგრამ ამისთვის თვითონ არაფრის გაკეთება არ უნდა.

- რა უნდა გააკეთოს ხალხმა ამ "კარგი ცხოვრების" მიღწევისთვის?

- რა უნდა გააკეთოს და პოლიტიკური კულტურა აიმაღლოს. ამაზე იფიქროს და არავის იმის უფლება არ მისცეს, რომ ბრბოდ აქციოს. აი ეს უნდა გააკეთოს. მაგრამ ამისთვის განათლება, პოლიტიკური კულტურის ამაღლებაა საჭირო. ამისთვის შენ პარლამენტში არ უნდა გყავდნენ სპორტსმენები, ბუღალტრები (ბუღალტერი კიდევ კარგია, ფულს მაინც ითვლის), რეჟისორები, მსახიობები, ფეხბურთელები... უნდა გყავდეს სპეციალისტები, მაღალი პოლიტიკური კულტურის მქონე ადამიანები. თავისი საქმის მცოდნე, პროფესიონალები უნდა გყავდეს.

ერთი მითხარით რომელიმე დემოკრატიული ქვეყანა, სადაც ერთი სპორტსმენი მაინც არის პარლმენტის წევრი. სადაც ვთქვათ ერთი ყოფილი მსახიობი, მომღერალი, რეჟისორია, სად არის? ის კი არა, მწერალი არსად არ არის, ვთქვათ ისეთი ინტელექტუალური პიროვნება, როგორიც მწერალია. თვითონაც ეს არასოდეს აზრად არ მოუვა.

თქვენ როგორ გგონიათ, ბალზაკს ან ჰიუგოს ოდესმე აზრად მოუვიდოდა, რომ რომელიღაც წარმომაგენლობით ორგანოში ყოფილიყო? არასოდეს. ეს არის და ეს. ამიტომ საზოგადოების აღზრდა ცოტა სხვანაირად ხდება.

როდესაც შენ განათლების მინისტრად ოთხი წლის მანძილზე ბუღალტერი გეყოლება და ყურადღებას არ აქცევ ამ სისტემას მთლიანდ როგორ ანგრევს, ხალხმა, საზოგადოებან რა უნდა გაკეთოს?

- რამდენად აუცილებელია .. მშვიდობის მემორანდუმთან შეერთება, რომეკიცქართულმა ოცნებამწარმოადგინა?

- მემორანდუმი ჩვეულებრივი პიარქაციაა, მას ვინ უყურებს? ადრე მემორანდუმებიც იყო, ხატზე დაფიცებებიც და .. აგერ საგურამოში, წიწამურზე იფიცებოდნენ, მთაწმინდაზე ადიოდნენ, წინა არჩევნებზე დაგავიწდათ? პანთეონთან იფიცებოდნენ და ..

დემოკრატიულ ქვეყნებში არანაირი მემორანდუმები არ იწერება, იქ თამაშის წესები ერთხელ და სამუდამოდ გაწერილია. იქ ასე არ ხდება, რომ ცესკო პარტიას არჩევნებიდან ხსნის და მას სასამრთლო აღადგენს. ახლა მითხარით, როგორ უნდა ენდო ამ ცესკოს მიერ ჩატარებულ არჩევნებს, რომელმაც ისიც კი ვერ გაარკვია, თოფაძის პარტიამ ექვს საათამდე შეიტანა ის სიები, თუ ექვსის მერე? საათი არ ჰქონდათ იმ დალოცვილებს

ათიათასდოლარიანი საათი უკეთია ზოგიერთს და საათს ნორმალურად ვერ დახედეს? ცესკო, რომელიც ზუსტად საათსაც კი ვერ აფიქსირებს, არჩევნები როგორ უნდა გააკონტროლოს, კანონიერი იყო თუ უკანონო.

- როგორი პარლამენტი შეიძლება მივიღოთ, რა ძალებს აქვთ იქ მოხვედრის რეალური პერსპქტივა?

- ისეთი გვეყოლება, როგორიც ყოველთვის გვყავდა, არც უკეთესი და არც უარესი, ჩვეულებრივი, ქართული საფირმო პარლამენტი გვეყოლება; სადაც 150 კაცში კანონშემოქმედებითი ადამიანი სამი-ოთხი შეიძლება იყოს.

მაგალითად, გამსახურდიას დროს მხოლოდ ერთი იყო, ჯონი ხეცურიანი კანონების წერით მოკვდა. ჯონი წერდა, თუმცა ის მაშინ პარლამენტის წევრი არ იყო. შემდეგ შევარდნაძის დროს, ყველაზე მეტი ინტელექტუალი იყო იმ პირველ სამწლიან პარლამენტში. რომან მიმინოშვილი, თენგიზ ბუაჩიძე, ნამდვილი ინტელექტუალები იყვნენ.

შემდეგ მიშას დროს კანონებს თავისუფლების ინსტიტუტი წერდა. ახლა არ ვიცი ვინ წერს. ამ ოთხი წლის განმავლობაში ამას ვინ აკეთებდა, ვერ გეტყვით. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იყო, მაგრამ მას იქ კანონს არავინ დააწერინებდა. კანონები რეალურად სადღაც სხვაგან იწერებოდა.

ახლაც, ალბათ, ასეთივე სიტუაცია იქნება. აგერ საარჩევნო სიებს გადახედეთ და ნახავთ, იქ რამდენი ადამიანია, რომელსაც შეიძლება კანონის დაწერია მივანდოთ; რომლითაც მილიონობით ადამიანმა უნდა შემდეგ იცხოვროს.

- მომავალი კოალიციური მთავრობა როგორ წარმოგიდგენიათ?

- არავითარი კოალიცია არ იქნება. კოალიცია კი არა, ქართული ოცნების ახლანდელი მიზანი საკონსტიტუციო უმრავლესობაა, რომელ კოალიციაზე ვსაუბრობთ, ეს გამორიცხულია. ამასთან, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის იმ დონის პოლიტიკური კულტურა, რომ კოალიციური მთავრობა იყოს.

თავის დროზე რუზველტმა, რომელიც თავისი გავლენით ლამის იმპერატორად იყო აღიარებული, მთავრობაში მინისტრებად რესპუბლიკელები მიიწვია. რადგან ორპარტიული სისტემა ყოველთვის უფრო მდგრადია, ორპარტიული კოალიციური მთავრობა; როდესაც გენერალურ ხაზში, მიზანში ერთობაა და კამათი მხოლოდ ამ ერთობის რეალიზაციის მექანიზმზეა.

აქ სათავეში ოპოზიცია რომც მოვიდეს, არავის, არცერთს ხელისუფლებას არ გაუყოფს. არც მმართველი პარტია ხელისუფლებას არავის გადაუნაწილებს. ასეთი პოლიტიკური და პრაგმატული დიდსულოვნება (მე არ ვგულისხმობ რელიგიურ დიდსულოვნებას) საქართველოსთვის დღეს უცხო ხილია.

ისინი, რასაც არჩევნებში მიიღებენ, აქედან ერთ ნამცეცსაც არავის დაუთმობენ. ამიტომაც ასეთი ხელჩართული ბრძოლაა ყველა არჩევნების წინ, აგერ უკვე კამპანია ფინიშის სწორზე არის გასული.

- იქნება თუ არა ეს საარჩევნო პროცესი გარკვეული პროგრესის მომტანი ქვეყნის განვითარების გზაზე?

- გააჩნია რომელ განვითარებას გულისხმობთ. თუ დიალექტიკის პრინციპებით ვიმსჯელებთ (ხელისუფლებისგან, პარტიებისგან დამოუკიდებლად), ყოველ არჩევნებში ისეთი საზოგადოებაც კი, რომელიც ზოგადი განათლებით ძალიან დაბალ დონეზეა (როგორიც დღეს ქართული საზოგადოებაა) რაღაცას სწავლობს. ამიტომ რაღაც მცირე, მინიმალური პროგრესი უკვე თავისთავად იქნება და ამას ობიექტური მიზეზები აქვს.

მაგრამ ეს არავის დამსახურება არ იქნება და ნურავინ ამას საკუთარ აქტივში ნუ ჩაითვლის. ნურც ოპოზიცია და ნურც მმართველი პარტია.

ეს პროცესი უკვე ავტომატურ რეჟიმში მიმდინარეობს. ისევე, როგორც წინა კაცი უკანასთვის ხიდია. ყოველი ახალი არჩევნები თანდათანობით ნელ-ნელა თვით ორწიგნწაუკითხავ ქსენია დიასახლისსაც რაღაც დასკვნებისკენ უბიძგებს.               

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია