მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ხათუნა ლაგაზიძე: სატელიტი პოლიტიკური პარტიები ერთჯერადი გამოყენების ხელსახოცივითაა, გამოგიყენებენ და მერე გვერდზე გაგწევენ - 12 ოქტომბერი 2016

„საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვიდან კონსტიტუციაზე ძალადობამდე ერთი ნაბიჯია“

myrights.ge

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები უკვე გუშინდელი დღეა. ამ დროის მონაცემებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სამი პოლიტიკური ორგანიზაცია  ხვდება - „ქართული ოცნება“, „ნაციონალური მოძრაობადაპატრიოტთა ალიანსი“. ნაციონალები ბოიკოტზე უარს ამბობენ და ბრძოლას აგრძლებენ. ბარიერვერგადალახულ პარტიებში განახლება-გადახალისების პროცესი იწყება

არჩევნების შედეგების შეფასებაქრონიკა პლუსმაპოლიტლოგებს სთხოვა. ჩვენი პირველი რესპონდენტი ხათუნა ლაგაზიძეა:

- ჩემთვის ამ არჩევნების შედეგებში ბევრი რამ მოულოდნელი არ ყოფილა. ერთ ფაქტს გეტყვით, რასაც აქ კონკრეტულად ვგულისხმობ. მე თებერვლიდან სოციოლოგიურ კვლევებზე ხელი მიმიწვდებოდა. ვიცი, რომ დაახლოებით ამ დროიდან მოყოლებული პარტიები აღნიშნულ გამოკითხვებს ატარებდნენ. ყველამ (ამ შემთხვევაში ოცნებასა და ნაციონალებს არ ვგულისხმობ) იცოდა, რომ ბარიერს ვერ ლახავდნენ. გარდა პაატა ბურჭულაძის პარტიისა, რომელსაც სადღაც სექტემბრის დასაწყისის ბოლო კატაკლიზმებამდე ბარიერის გადალახვის შანსი ჰქონდა.

ამიტომ დღეს იმაზე ვიშვიში, რომ თურმე ოცნებისა და ნაციონალების გარდა პარლამენტში ვერავინ მოხვდა, უკვე დაგვიანებულად მიმაჩნია. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველა ხედავდა თავისი პარტიის პერსპექტივას პროცენტებსა და რიცხვებში ასახულს და ვერცერთმა პარტიამ (რომლებიც დღეს გარეთ არიან), საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ამომრჩეველთან საერთო ენის გამონახვა და სწორი კომუნიკაციის ფორმების შერჩევა ვერ შეძლო. მათ ეს რესურსი საკუთარ თავში ვერ მონახეს.

შესაბამისად, მიიღეს ის შედეგი, რაც მიიღეს. ახლა, როცა დიდი პოლიტიკური ბიოგრაფიის პარტია ხარ და თებერვალში, მაისში თუ ივნისში რეიტინგები გაჩვენებს, რომ ბარიერს ვერ ლახავ (და იმასაც გაჩვენებს, თუ რატომ ვერ ლახავ) და შენ თავში ძალას ვერ ნახულობ, რომ მთლიანად ტრანსფორმირდე და შეიცვალო, ეს შენი ბრალია და არა ამომრჩევლების, ალბათ, დამეთანხმებით.

გარდა ამისა, ფუნდამენტური საკითხია, თუ რატომ ვერ შეიცვალნენ ეს პარტიები. ერთია, რომ ისინი საკუთარ თავს ვერ გადაახტებიან და ეს გასაგები ამბავია. მაგრამ ზოგადად, როდესაც პარტიები საარჩევნო კამპანიას გეგმავდნენ, მიზნებში პირველ ნომრად არა ახალი იდეები, პროგრამები, სახეები, კომუნიკაციის ახალი ფორმები ეწერათ, არამედ ის თუ როგორ დაელაებინათ ურთიერთობა მოქმედ ხელისუფლებასთან. ანუ როგორ გამხდარიყვნენ სატელიტი ოპოზიციური პარტიები.

შეიძლება ეს ამა თუ იმ პარტიაში ყველას არ უნდოდა, მაგრამ ძირითადი განწყობები ეს იყო. ანუ პარლამენტში მოსვლის პირველ გზად ისინი სახავდნენ არა ამომრჩევლის გულის მოგებას, მასთან მუშაობას, არამედ ხელისუფლების, ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ქოლგის ქვეს სატელიტად მორგებას.

აქედან გამომდინარე, ამ პარტიებს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თვითცენზურა ჰქონდათ ჩართული. განწყობა ასეთ იყო, აი სადღაც აქცია რომ გავმართოთ, ამას ხელისუფლება როგორ შეხედავსო; ახლა მე რომ მკვეთრი განცხადებით გამოვიდე, ამას მთავრობა როგორ აღიქვამსო და ასე მოვიდნენ დღევანდელ დღემდე.

მერე ბოლოს როცა სიტუაცია ძალიან დაიძაბა და დაინახეს, რომ მათ ამ სატელიტობით შანსი არ ჰქონდათ, ამომრჩევლების საკუთარი პარტიებისკენ და საკუთარი თავისკენ შემობრუნება ვეღარ შეძლეს. ეს ძირითადი დიაგნოზია, რაც ჩვენ დაგვემართა. ანუ მე ახლა იმაზე ვსაუბრობ, თუ რატომ მივიღეთ ორპარტიული პარლამენტი.

პატრიოტთა ალიანსი ბარიერს გადალახავს თუ რა, ისიც ამ რიგში ეწერა. ამ ზღვარს ისიც ვერ ლახავდა. ის, რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება (უკვე მეორე დღეა ორას ხმას ვერ ითვლიან), ერთ რამეს ადასტურებს, რომ აქ ჩვენ საქმე არჩევნების შედეგების დათვლასთან კი არა, ელემენტარულ პოლიტიკურ გარიგებასთან გვაქვს. ანუ აწყობს თუ არა ხელისუფლებას პატრიოტთა ალიანსი იხილოს პარლამენტში. ეს არჩევნების შედეგებთან არანაირ კავშირში არ არის.

უბრალოდ, პატრიოტთა ალიანსმა ნამდვილად მოახერხა ის, რომ ყველა დანარჩენი პარტიისგან განსხვავებით ბარიერთან ყველაზე ახლოს ყოფილიყო.

ის ფორმულა, რომელიც ვთქვი, მეტ-ნაკლებად ყველა პარტიას მოიცავდა. თუ შენ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხარ, პარტიას წარმოადგენ და ქოლგას ეძებ ან ელმავალს, რომელსაც ჩაებები, ამას ამომრჩეველი კარგად ხედავს და არ გამოგყვება. შენ თუ შენი თავის იმედი არ გაქვს, ეს იმედი ამომრჩეველს როგორ ექნება?

ეს ფაქტობრივად არსებული პოლიტიკური სპექტრის დიაგნოზია, რომელმაც საკუთარი თავი ამოწურა. ამას ასე ვუყურებ, რომ ამ თვალსაზრისით ერთი დიდი ეპოქა დამთავრდა. ახლა ჩვენ ვუყურებთ, თუ როგორ ტოვებენ პოლიტიკოსები პარტიას და პოლიტიკურ სცენას. ამით ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი დასრულდა ქართულ პოლიტიკაში. 25-წლიანი ციკლი, რომელიც 80-იანების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში დაიწყო და, როგორ ჩანს, ის პოლიტიკური თაობა ამ ასპარეზს ტოვებს. მათ რესურსი ამოწურეს.

ახლა ვნახოთ, რა ხდება პარლამენტში, სადაც სრული საკონსტიტუციო უმრავლესობით მოდის ხელისუფლება. ამასთან გამკლავებას ეს პოლიტიკური სპექტრი რომ ვერ შეძლებს, ეს ცხადია. რომლებმაც 60, 70 თუ 80 ათასი კაცის მობილიზება ვერ შეძლეს საკუთარი პარტიის მხარდასაჭერად და ბარიერის გადასალახად. ამიტომ ეს თაობა, არსებული პოლიტიკური სპექტრი უძლურია გაუმკლავდეს იმ გამოწვევებს, რომელიც მომავალ ოთხ წელიწადში გველოდება. ისინი ვერ იქნებიან მომავლის პოლიტიკური პარტიები.

დღეს, რეალურად, ქართულ პოლიტიკაში პოლიტიკური ყამირი მივიღეთ. სრული ყამირი, სიცარიელე და ვაკუუმია, რომელიც ვიღაცამ უნდა შეავსოს. ვფირობ, რომ ეს სივრცე აუცილებლად შეივსება ეს ახალი პოლიტიკური თაობისგან მოხდება, რომელიც პოლიტიკაში კომპრომისებისთვის არ შემოვა.

აუცილებელია ახალი თაობა მოვიდეს, ახალი პოლიტიკური რეალობის გასარღვევად, რომელიც პოლიტიკაში მოსვლის გზად და პირველ წესად კომპრომისს არ მიიჩნევს. გაცილებით უფრო მომზადებული, მიზანდასახული, ბრძოლისნუარიანი იქნება და პოლიტიკურ სივრცეში არა ქოლგის საძებნელად, არამედ სიახლის შემოსატანდ, რელურად, ამ ქვეყნის დასავლურ გზაზე დასაყენებლად, მართვის დასავლური სტილის დასამკვიდრებლად შემოვა.

ოღონდ არა ისეთი ინტელექტუალური კლუბების სახით, როგორიც დღეს არსებული პოლიტიკური პარტიებია.

- ლიდერების მხრიდან პარტიების დატოვება ახსენეთ, ესეც იმ საერთო სურათის შედეგია, რაზეც თქვენ გაამახვილეთ ყურადღება?

- რასაკვირველია, ბურჭულაძე აქ საერთოდ კონტექსტიდან ამოვარდნილია. ის ყველაზე დიდი გაუგებრობა იყო ქართულ პოლიტიკაში. თუ ვინმეს ჩაუქროლია, სწორედ მან ჩაიქროლ ამ გაუგებრობაში და გავიდა კიდეც ამ სივრციდან. მასზე ყურადღების შეჩერებაც არ ღირს. მე ვსაუბრობ სტაჟიან პოლიტიკოსებზე.

აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ პოლიტიკოსებს, რომლებმავ ძალიან კარგი როლი დატოვეს უახლესი საქართველოს ისტორიაში. დაწყებული თავდაცვის მინისტრებიდან, დამთავრებული პარლამენტის თავმჯდომარით, დათო უსუფაშვილით. გულწრფელად გული მწყდება, რომ ისინი ქართულ პოლიტიკაში ვერ იქნებიან. ერთი მხრივ, ეს ადამიანები პოლიტიკას ბევრ რამეს სძენდნენ, დავუშვათ უსუფაშვილი-ხიდაშელი იქნებოდა ეს, ალასანია თუ სხვები. მეორე მხრივ, თავად პოლიტიკაც ზრდიდა ამ ადამიანებს. ეს ორმხრივი პროცესი იყი და ქართულ პოლიტიკას ეს ადამიანები ნამდვილად სჭირდებოდა.

მაგრამ ის, რომ დღეს ისინი განზე დარჩნენ, ეს რეალურად არავის ბრალია. ეს იმ დამოკიდებულების ბრალია, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ. ანუ რესპუბლიკელები ბოლო დრომდე კოალიციაში იყვნენ და მოელოდნენ, რომ ისევ ამ კოალიციის ფორმატში შევიდოდნენ პარლამენტში. ალასანიას გუნდში ყველამ იცის როგორი გაორება იყო. ნაწილი ზუსტად იმ გზაზე დადგომას ითხოვდა, რაზეც ახლა ვისაუბრეთ, რომ ქოლგა მოენახათ.

აი ასეთი გაორებაა, როდესაც თვითცენზურა გერთვება, - ვაიმე ახლა იმ ქოლგას არ ეწყინოს, ვინც ჩემი ბედი უნდა გადაწყვიტოსო.

მოდით ძალიან მარტივად ვთქვათ, - როდესაც პოლიტიკური პარტია საკუთარი ბედის გადამწყვეტად არა საკუთარ ამომრჩეველს, არამედ ვიღაცას ზემოთ, სხვა პოლიტიკურ ძალს მიიჩნევს, ამ შემთხვევაში რასაკვირველია ამ პოლიტიკურ ძალას მომავალი არ აქვს.

ზოგადად, სატელიტი პოლიტიკური პარტიები ერთჯერადი გამოყენების ხელსახოცივითაა, ბოდიში მომითხოვია. ეს ყოველთვის უნდა გათვალო, ერთჯერადად გამოგიყენებენ და მერე გვერდზე გაგწევენ.

ამიტომ მათ მკვეთრი, ჩამოყალიბებული საარჩევნო ნიშა არ ჰქონდათ და, შესაბამისად, ბოლომდე ელოდნენ ზემოდან გადაწყვეტილებას. სწორედ ამ გადაწყვეტილების მოლოდინში ვერ ჩამოაყალიბეს პროგრამა, მკვეთრი საარჩევნო სტრატეგია, ტაქტიკა, მესიჯები და .. და იმ რეალობის წინაშე დაგნენ, რაც დღეს სახეზეა.

ვიტყოდი, რომ ეს ერთგვარად ჩემი თაობის ტკივილია. რადგან ეს ადამიანები ამ თაობის გამორჩეული სახეები იყვნენ. თუმცა დღეს რეალობაა, რომელიც დადგა. თავის მხრი, იმასაც ვაჟკაცობა უნდა, რომ სივრცე გაათავისუფლო და გზა ახალ თაობას დაუთმო. თუმცა ეს ახალი თაობა ჯერჯერობით არ ჩანს.

- ალასანიას გადაწყვეტილება, როცა არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ აპირებს, რამდენად სწორია?

- ვფიქრობ, რომ ალასანიას მხრიდან ეს ვაჟკაცური გადაწყვეტილებაა, თუ ადამიანური გაგებით შევაფასებთ. და თუ პოლიტიკური გაგებით შევაფასებთ, ეს სწორი პოლიტიკური ნაბიჯია, რადგან უკვე მერამდენე არჩევნებია, ალასანია დამოუკიდებლად გამარჯვებას ვერ აღწევს. შესაბამისად, ამ ურთულეს სიტუაციაში, როდესაც ქვეყანა დგას საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსული ხელისუფლების წინაშე (რომელსაც ძალიან სერიოზული ბერკეტი სჭირდება დაბალანსებისთვის), ალასანია მიხვდა, რომ მისი ხელმძღვანელობით ეს პარტია ამ ეტაპზე დიდი ცვლილებების, განახლებისა და გამარჯვებების მომტანი ვერ იქნება.

თუმცა ისიც არ გამოვრიცხოთ, რომ ალასანიას პარტიიდან ამ მარცხის შემდეგ ლიდერების ხელისუფლებისკენ დენადობა დაიწყოს. ნებისმიერ შეთხვევაში, ეს სწორი გადაწყვეტილებაა. რამდენჯერმე დამარცხების შემდეგ პარტიის ლიდერი უნდა მიდიოდეს და ადგილს სხვას უთმობდეს.

- „ოცნებასაკონსტიტუციო უმრავლესობაზე საუბრობს, ეს შესაძლო რეალობა რას მოუტანს სახელისუფლებო პარტიას და საერთოდ ქვეყანას?

- ამ ეტაპზე ამაზე საუბარი ცოტა ძნელია, მაგრამ უნდა მოვიშველოთ ჩვენი პოლიტიკური გამოცდილება და, ზოგადად, პოლიტიკური კულტურის ის დონე, რომელიც სამწუხაროდ გვაქვს. არც ერთი და არც მეორე კარგზე არაფერზე მიგვითითებს. ეს რეალობაა. საქართველოში, ამ 25 წლის განმავლობაში რამდენადაც ხელისუფლებას საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, იმდენჯერ კონტროლი დაკარგა საკუთარ თავზე და სხვათა შორის კონსტიტუციაზეც.

საკონსტიტუციო უმრავლესობა ქართული, ძალიან გაუკუღმართებული ტრადიციის მიხედვით კონსტიტუციაზე ძალადობის ტოლფასია. ამის საშიშროება ახლაც რა თქმა უნდა არსებობს. და კიდევ მეორე, საკონსტიტუციო უმრავლესობა ნიშნავს, რომ პარლამენტში წამყვანი პარტია ხარ და ყველა დანარჩენი საპარლამენტო პარტია სუსტია.

მაგრამ, როდესაც გარეთაც საპირწონე არ გაქვს, ეს უკვე ძალიან დიდ საცდურს ქმნის ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომ ამ გზით საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგოს. საკუთარ თავზე კონტროლის დაკარგვიდან კონსტიტუციაზე ძალადობამდე ერთი ნაბიჯია.

სამწუხაროდ, ქართული გამოცდილება იმასაც გვიჩვენებს, რომ ხელისუფლება, რომელიც საკონსტიტუციო უმრავლესობით არის მოსული, კანონს აღარ ემორჩილება. ის ემორჩილება ერთადერთს, საზოგადოების წინაშე შიშს. ანუ მას კანონის შიში და რიდი კი აღარ აქვს, საზოგადოების რიდი და შიში აქვს.

აქედან გამომდინარე, დღეს უკვე ყველაფერი საზოგადოებაზე არის დამოკიდებული. გარკვეულწილად, ჩვენ ვუბრუნდებით პერიოდს, როდესაც 2008 წლის შემდეგ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს რესურსი აღარ ჰქონდათ საზოგადოებრივი მხარდაჭერის მობილიზებისთვის. მაგრამ დღეს გაცილებით რთული სიტუაცია გვაქვს. მაშინ ამ პარტიებს რესურსი ამოწურული არ ჰქონდათ. კი იყვნენ სტაგნაციაში, დაპაუზებულები, დღეს კი ამ პარტიებმა რეალურად რესურსი ამოწურეს. მათ შიგნით კიდევ პერეტრუბაციებს მივიღებთ და როგორ ჩამოიშლებიან, ამ პარტიებიდან რამდენი წავა ხელისუფლებისკენ, ეს კიდევ ახლო მომავლის პროცესია, რომელსაც ყველა ერთად ვიხილავთ.

ამიტომ ვამბობ, რომ დღეს სივრცე ცარიელია, ქართულ პოლიტიკურ ველზე ყამირია. შესაბამისად, ყველაფერი ორ რამეზე იქნება დამოკიდებული. ერთი, ხელისუფლების კეთილგონიერებაზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ხელისუფლება მოთოკოს საკუთარ თავში ეს უკანტროლო ძალაუფლებისა და კონსტიტუციაზე ძალადობის ვნება. რაც მინდა გითხრათ, რომ ურთულესია. რადგან ასეთ რამეს ქვეყნებში ორი რამ აკონტროლებს ხოლმე. დემოკრატიულ ქვეყნებში კანონი და ასწლეულობით ჩამოყალიებული პოლიტიკური კულტურა; და ჩვენი ტიპის ქვეყნებში მხოლოდ საკუთარი საზოგადოების შიში.

ამ მოცემულ შემთხვევაში ხელისუფლებას არც საზოგადოების ეშინია, რადგან საზოგადოებრივი პროტესტის საფუძველი არ აქვს. არც ასწლეულობით ჩამოყალიბებული კულტურა და გამოცდილება გვაქვს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის პირობებში ხელისუფლებამ შეძლოს დემოკრატიული მმართველობა.

ამიტომ ეს ურთულესი გამოწვევაა როგორც ოცნებისთვის, ასევე მთლიანად საქართველოსთვის. მით უმეტეს, ხაზს ვუსვამ იმ პირობებში, როდესაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ყამირია.

მეორე მხრივ, ეს რასაკირველია იმის გარდაუვალ აუცილებლობას აჩენს, რომ ახალი პოლიტიკური ძალები გამოვიდნენ ასპარეზზე. მაგრამ ეს ხანგრძლივი და საკმაო დაბრკოლებებით სავსე პროცესია. და მანამდე ხელისუფლებას გარდა საკუთარი კეთილგონიერებისა, არანარი ბარიერი არ აქვს, რომ კონსტიტუციაზე მოძალადედ არ იქცეს.

- რამდენად არის რესურსი ქართულ პოლიტიკში ახალი ეპოქის დასაწყებად?

- ვფიქრობ, რომ რამდენიმე, ჯანსაღად მოაზროვნე, დაშლილი პარტიებიდან შეიძლება ამის ბაზა იყოს. ასევე ვფქირობ, რომ აქ ძირითადად ახალი თაობა უნდა იყოს წაერმოდგენილი. თაობა, რომელიც 25-წლიანმა გამოცდილებამ იმას არ შეაჩვია, რომ პირველი რიგის ამოცანა პოლიტიკაში კომპრომისია. ეს დამღუპველია, რამაც დღეს ეს პოლიტიკური პარტიები დაღუპა და მათთან ერთად საზოგადოებაც. თუმცა საზოგადოებასთან მიმართებაში ასეთი კატეგორიული მაინც ვერ ვიქნები

კიდევ ერთხელ ვამბობ - როდესაც საარჩევნო კაპანიას იწყებ და ნომერ პირველ ამოცანად სახავ თუ როგორ გამონახო მოკლე გზა ხელისუფლებასთან გარიგებისთვის, ეს თავისთავად ნიშნავს, რომ საკუთარი თავის რწმენა არ გაქვს, როგორ პარტიას, ისე ლიდერებს.

შესაბამისად, თავიდანვე მარცხისთვის განწირული ხარ. ჩვენ ეს მივიღეთ და ეს დიაგნოზია დღევანდელი ქართული პოლიტიკური სივრცისთვის. ამას ყველამ თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ არ გავაანალიზებთ რა და რატომ მოგვივიდა, აუცილებლად ახალ შეცდომებს დავუშვებთ. ახლა ჩვენთვის ყველაზე დამღუპველი სირაქლემას პოზაა.

სამწუხაროა, რომ ამ ყველაფრის შედეგებს საზოგადოება მოიმკის. არასწორია მისკენ ხელის გაშვერა, რომ არჩევნებზე არ გამოვიდა და ვიღაცას ხმები არ მისცა. დიახაც არ გამოვიდა, რადგან მთელ ამ პროცესს ხელის გულზე ხედავდა და არ უნდოდა,რომ ამ პოლიტიკური თამაშის მონაწილე ყოფილიყო. ასე რომ, ამ შედეგში უპირველესი დამნაშავეები პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებმაც აი ეს სამწუხარო გზა აირჩიეს პოლიტიკური მოღვაწეობისთვის.

მიუხედავად ამისა, მათ კიდევ ერთხელ მადლობას ვეუბნები, რადგან თავისი არსებობით ქართულ პოლიტიკაში ბევრი სასიკეთო რამ გააკეთეს. და თუკი რეინკარნაციას შეძლებენ, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება.

რამაზ სყვარელიძე, პოლიტოლოგი:

- არჩევნების ძირითადი შედეგები აღიარებულია. ეს გარკვეულ ეჭვებს ნაციონალებთან იწვევს. აღსანიშნავია, რომ დარღვევის ჩვეული ფაქტები არ ყოფილა და ნაციონალებს გაყალბება რომ ეკისრათ, თავიანთ მაჩვენებელს ცოტა სხვანაირად დაწერდნენ. ხოლო მათი მაჩვენებელი უფრო მაღალია, ვიდრე ეს სოციოლოგიურ მონაცემებში ჩანდა, მათ სოციოლოგიას არ ვგულისხმობ.

ამიტომ გაუგებარია ისინი რისთვის იბრძვიან. აცხადებენ, რომ პირველი ადგილი ჩვენიაო, მაგრამ ეს ადგილი 39%-ით სურთ. რა აზრი აქვს 39%-, როდესაც ამით მთავრობას ვერ დააკომპლექტებენ. ასე რომ, რაღაც სიმბოლურ მომენტებზე აქვთ ბრძოლა გამოცხადებული, თორემ ხელისუფლენბ მათ ხელში არ იქნებოდა. 39%-იც რომ მიეღოთ, ხელისუფლების ოცნებასთან გაყოფა მოუწევდათ.

ამიტომ არარაციონალურია ნაციონალების პოზიცია და, შესაბამისად, მათი ეჭვებიც. დანარჩენი, თითქმის ყველას მიერ პოზიტიური შეფასება გამოთქმულია და სანდოდ მიჩნეულია ის შედეგები, რაც დაიდო.

- არჩევნების შემდეგ სხვა პარტიებში მიმდინარე პროცესები როგორ უნდა განვიხილოთ?

- არჩევნების შედეგების მიხედვით პარტიებში გადაფასება ხდება ხოლმე. უცხოეთში ძალიან ხშირია, პარტია როცა აგებს, მისი ლიდერი თანამდებობას ტოვებს, რადგან თვლის, რომ პარტია სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანა. რაღაც ანალოგიური დამოკიდებულება ამოვიკითხე ალასანიას ნაბიჯსა და გადაწყვეტილებაში

ანალოგიურად, ოღონდ გადადგომა კი არა დაფიქრება და ანალიზია საჭიროო, განაცხადა უსუფაშვილმა და ესეც უდავოა. ყველა პარტია თუ დაფიქრდება, რატომ ვერ მიაღწია მიზანს, ალბათ უფრო უკეთეს პოლიტიკურ ცხოვრებას მივიღებთ სამომავლოდ. ეს ეხება ბარიერვერგადალახულებსაც და იმათაც, ვინც ეს გადალახა. მათ შორის მმართველ პარტიას, რადგან არ მგონია ოცნების ამბიცია 48% ყოფილიყო.

ასე რომ, ყველას აქვს დაფიქრების საბაბი. თუ დაფიქრდებიან, ალბათ, უფრო უკეთესი მდგომარეობა იქნება. ასეთი დაფიქრებისა და განსჯის შედეგად ერთ-ერთი დასკვნა შეიძლება ის იყოს, რომ მათ შორის ლიდერებმა დატოვონ პარტია. უსუფაშვილისთვის ამ დაფიქრების შემდეგ ალბათ ამოცანა დაისმება, რომ უფრო ინტენსიური გახადოს მუშაობა და ის სირთულეები იპოვოს, რომელიც პარტიამ ამ არჩევნებში ვერ დაძლია.         

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია