მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გია ხუხაშვილი: არჩევნების ეს შედეგები დემოკრატიული განვითარებისთვის სახარბიელო არ არის - 13 ოქტომბერი 2016

„ქართული ოცნების ამომრჩევლის აბსოლუტურმა რაოდენობამ იკლო და ნაციონალური მოძრაობისას მოიმატა, ამას მოხერხება უნდოდა“

myrights.ge

ნეგატიური კამპანია ვნახეთ. ანუ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან სახლში დაეტოვებინა, ან ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შიშით ისევ მისთვის მიეცა ხმა. ანუ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უთხრა, რომ ნუ იქნები შუაშისტი, რადგან დღეს არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის; კეთილი მე ვარ, ბოროტი ნაციონალური მოძრაობაა, ამიტომ ან სახლში დაეტიე, ან თუ მაინცდამაინც არჩევნებზე წახვალ, ხმა მე მომეცი, რადგან სხვა შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, - მგელი მოვა და შეგჭამთო“, - აცხადებსქრონიკა პლუსთანინტერვიუში ექსპერტი გია ხუხაშვილი.

- ბატონო გია, როგორ აფასებთ საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში შექმნილ ახალ რეალობას?

გია ხუხაშვილი:

- შედეგების დრამატიზებასაც არ დავიწყებ, მაგრამ არჩევნების ეს შედეგები დემოკრატიული განვითარებისთვის სახარბიელო არ არის. ბევრად უფრო კარგი იქნებოდა, რომ ჯანსაღი, კონკურენტული კამპანიის პირობებში ჩვენ მიგვეღო მრავალპოლუსიანი, ანუ მულტიპარტიული პარლამენტი, რისი ყველა სიმპტომიც წინასწარი მოცემულობით გვქონდა.

ჩვენ ვიცოდით, რომ არჩევნებზე დაახლოებით 60% აპირებდა წასვლას და აქედან 35%, ანუ მესამედზე მეტი თავის არჩევანში ჩამოყალიბებული არ იყო. ეს იყო ამომრჩეველი, რომელსაც არც ქართლი ოცნება მოსწონდა და არც ნაციონალური მოძრაობა. და ეს კამპანია პოზიტიურ გზავნილზე რომ შემდგარიყო, სავარაუდოდ, ეს ამომრჩეველი დანარჩენ პოლიტიკურ ელიტაზე გადანაწილდებოდა და ჩვენ მულტიპარტიულ პარლამენტს მივიღებდით, სადაც გადამწყვეტი უმრავლესობა არავის არ ექნებოდა.

ამის ნაცვლად ნეგატიური კამპანია ვნახეთ. ანუ ქართულმა ოცნებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ან სახლში დაეტოვებინა, ან ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შიშით ისევ მისთვის მიეცა ხმა. ანუ გადაუწყვეტელ ამომრჩეველს უთხრა, რომ ნუ იქნები შუაშისტი, რადგან დღეს არის ბრძოლა ბოროტსა და კეთილს შორის; კეთილი მე ვარ, ბოროტი ნაციონალური მოძრაობაა, ამიტომ ან სახლში დაეტიე, ან თუ მაინცდამაინც არჩევნებზე წახვალ, ხმა მე მომეცი, რადგან სხვა შემთხვევაში ნაციონალური მოძრაობა დაბრუნდება, - მგელი მოვა და შეგჭამთო.

ეს იყო ამ არჩევნების კონცეფცია და საბოლოო ჯამში მივიღეთ სურათი, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის 60%-დან 10 პროცენტი სახლში დარჩა და 10%-მა სავარაუდოდ მიშას დაბრუნების შიშით (ის ხან გვირაბიდან მოდიოდა და ხან ზღვა უნდა გადმოეცურა) სტაბილურობას, ანუ ქართულ ოცნებას მისცა ხმა. რეალურად, ასეთი სურათი მივიღეთ.

დღეს პოლიტიკა ფაქტობრივად ორპოლუსიანი დარჩა. ეს რაღაც არაჯანსაღ ვითარებაში მოხდა. რადგან ჩვენ ამას უკვე ოთხი წელი ვუყურებდით და ქვეყანა ვერ ვითარდებოდა, დღესაც იგივე კონფიგურაცია მივიღეთ.

იმის ნაცვლად, რომ ნაციონალური მოძრაობა დასუსტებულიყო, თითქოს მთელი აქცენტები ამაზე იყო გაკეთებული (ანუ მის დანაშაულზე საუბარი), ეს პარტია საგრძნობლად მოღონიერდა. ანუ თუ წინა ორ არჩევნებზე დაახლოებით სამასი ათასამდე ამომრჩეველი ჰყავდა ნაციონალურ მოძრაობას, დღეს 490 ათასზე მეტი ჰყავს.

ფაქტობრივად, თუ ჩვენ არჩევნების მიმდინარეობას გავაანალიზებთ, ქართული ოცნების ამომრჩევლის აბსოლუტურმა რაოდენობამ იკლო და ნაციონალური მოძრაობისას მოიმატა. ამას მოხერხება უნდოდა.

ეს ყველაფერი ამ ნეგატიური კამპანიის კონტექსტში მიდიოდა.

საბოლოო შედეგი (თუ ჩვენ ძალაუფლების თვალსაზრისით ვიმსჯელებთ), რასაკვირველია, ეს ქართული ოცნებისთვის კარგი მდგომარეობაა (მე ვსაუბრობ ნეგატიურ მხარეებზე). ისინი სავარაუდოდ მიიიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. ამასაც ძალიან დრამარტულად არ ვუყურებ, რადგან ქართული ოცნება ჯერ ფორმირებული რეჟიმი არ არის.

აქედან გამომდინარე, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ მათ შესახებ ძნელი იქნება იმ ცნობილი ფორმულის გამოყენება, რომ ძალაუფლება რყვნის და აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. ანუ მათთან მიმართებაში ეს ფორმულა არ იმუშავებს და ისინი არ შეეცდებიან ამ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას. მე ამის იმედი მაქვს.

ეს რთულია, რადგან ხელისუფლებით ტკბობა, მითუმეტეს გამოუცდელი პოლიტიკოსებისთვის ძალიან დიდი სატყუარაა. მაგრამ ჯერჯერობით იმედი მაინც არის, რომ მოვლენები ამ მიმართულებით არ განვითარდება.

გაითვალისწინებენ სხვების შეცდომებს, რომ ამ ქვეყანაში რეჟიმი მაინცდამაინც არ უყვართ და საბოლოო ჯამში რაც უნდა დიდი ძალაუფლება გქნდეს, მისი ბოროტად გამოყენება ცუდად მთავრდება.

კიდევ ერთი ფაქტორი უნდა გაითვალისწინონ, რომ მიუხედავად დიდი ძალაუფლებისა, ისინი საბოლო ჯამში ამ ქვეყნის ამომრჩევლის 30%-ზე ნაკლებმა აირჩია. ესეც აუცილებლად გასათვალისწინებელია, ანუ მათ მაღალი სახალხი ლეგიტიმაცია არ აქვთ.

შესაბამისად, საზოგადოება, ხალხი მათდამი საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი და ხელისუფლების უზურპაციის შემთხვევაში, დღეს თუ არა ხვალ სერიოზული კრიზისის ფორმირება არის მოსალოდნელი.

აი ამ ფაქტორების გათვალისწინებით მე მაინც პესიმისტი არ ვიქნებოდი, უფრო ოპტიმისტურად შევხედავდი პროცესებს. თუმცა სასურველი იქნებოდა, რომ ჩვენ მრავალპარტიული პარლამენტი მიგვეღო.

თვითონ ნაციონალური მოძრაობის გამარჯვება თავიდანვე ილუზია იყო და ამაზე ჩვენ პრინციპში ყოველთვის ვსაუბრობდით. მას გამარჯვების პოტენციალი არ ჰქონდა. მაგრამ მისი ეს შედეგი, რომ ელექტორალური ზრდის ტენდენცია აქვს, ეს ჩემთვის სიურპრიზი იყო.

ანუ ჩემთვის ქართული ოცნების გამარჯვება იმდენად სიურპრიზი არ ყოფილა, რამდენადაც ის, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ამ ორი წლის განმავლობაში თავისი ამომრჩევლის რაოდენობა ფაქტობრივად გააორმაგაა. ეს როგორც ჩანს უფრო ქართული ოცნების დამსახურებაა, ვიდრე ნაციონალური მოძრაობის.

- „ნაციონალური მოძრაობაბოიკოტზე რომ უარს ამბობს და ბრძოლას აგრძელებს, ეს რაზე მეტყველებს?

- ვფიქრობ, რომ ეს მაინც სწორი გადაწყვეტილებაა. რასაკვირველია, მათ პოლიტიკური მანევრი ჰქონდათ და ეს დღესაც გრძელდება. პრინციპში, მათ არც გამოუცხადებიათ, რომ შედიან პარლამენტში, ეს განცხადება საკმოდ ბუნდოვანი იყო.

ვფიქრობ, ისინი ახლა შეეცდებიან, რომ რაღაც მიმართულებით გარანტიები მიიღონ. რადგან ახლა ორი ვარიანტია, - ერთი, ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის სხვადახვა მეთოდებით დახრჩობას გააგრძელებს, ანუ პარლამენტში შესვლა მათი პოლიტიკური მკვლელობის მხოლოდ გადავადება იქნება.

ამ შეთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას მანევრი სჭირდება, - თუ მაინც უნდა დავმარცხდე, პოლიტიკურად მოვკვდე, სჯობს გმირულად მოვკვდე, კრიზისში ახლავე ფორსირებულად შევიდე, ვიდრე ნელ-ნელა მომახრჩონო.

შესაბამისად, წესით უნდა მოითხოვონ გარანტიები იმისთვის, რომ რაღაც პოლიტიკური სივრცე მათ დარჩებათ. პრინციპში ყველა ლოგიკით რაღაც ტიპის წინასწარი კონსულტაციები უნდა გაიმართოს ამ ორ პოლუსს შორის.

თუმცა არ ვიცი პოლიტიკური მოლაპარაკების უნარიანი მეორე მხრიდან ვინ იქნება. აქედან გამომდინარე, აქ სიტუაციის პროგნოზირება გამიჭირდება.

პირობითად, ორი მანევრი აქვს ნაცმოძრაობს. ერთი სააკაშვილის, კრიზისისკენ სიარულის, ანუ ფორსირებული მოკლე გზაა. და პირობითად ბოკერიას გზა 2020 წლის დედლაინით. ვფიქრობ, რომ თუ პოლიტიკური ფუნქციონირების საკმარისი გარანტიები იქნება, ეს მეორე გზა უფრო სოლიდურად გამოიყურება. რადგან თუ პირველი გზით ივლიან, ეს ამ ვითარებაში ძალიან ხელოვნული იქნება. ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია ნამდვილად არ არის. გაუჭირდებათ სერიოზული კრიზისის ფორმირება.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ასევე სამოქალაქო სექტორმა და ყველამ ფაქტობრივად არჩევნების შედეგები აღიარა, დღეს ტოტალურ გაყალბებაზე საუბარი ჩემი აზრით საკმაოდ ხელოვნურ სახეს იძენს. თუ კიდევ რაღაც არ მოხდა მეორე ტურების მსვლელობის პერიოდში.

შეიძლება თეორიულად ვივარაუდოთ, მეორე ტურების მსვლელობის დროს რეალურად ისეთი ინციდენტები მოხდეს, რაც კრიზისის ბაზისს შექმნის. დღეს სააკაშვილის რევოლუციური გზის გამოცხადება სათუოდ გამოიყურება, რადგან ხელოვნური იქნებოდა ეს ყველაფერი. ასე რომ, ასეთი ვითარება გვაქვს. ახლა არაფერი ისეთი განსაკუთრებული არ ხდება.

ასევე ვფიქრობ, რომ ქართული ოცნების გარკვეულ ამორჩეველს უკვე დღეს იმედგაცრუება აქვს დაწყებული. ეს უკვე არჩევნებიდან მომდევნო დღეებში ხდება, რაც პარადოქსია. თითქოს ქართულმა ოცნებამ დიდი უპირატესობით მოიგო, მაგრამ მეორე მხრივ მისი ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი ორიენტირებული იყო ნაციონალური მოძრაობის დასჯაზე. ანუ ოცნებამ ანტინაციონალური მოძრაობის კამპანიიდან გამომდინარე საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები მიიღო. ან ამ ადამიანებს განცდა ჰქონდათ, რომ მეორე დღიდან ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური გასამართლება დაიწყებოდა.

მაგრამ დღეს მივიღეთ კონფიგურაცია, რომ ნაციონალური მოძრაობა პრაქტიკულად ხელშეუხებელია. ანუ იმუნიტეტი შეიძინა ნაციონალურმა მოძრაობამ, რადგან ნახევარი მილიონი ადამიანი ეს ცოტა არ არის. დღეს მისი პოლიტიკური განადგურება პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა.

აქედან გამომდინარე, ეს ფრუსტრაცია ქართული ოცნების ამომრჩევლის საკმაოდ დიდ ნაწილს დაემართებაანუ ისინი თავს გადაგდებულად იგრძნობენ და განცდა გაუჩნდებათ, რომ ისინი უბრალოდ წინასაარჩევნო მანიპულაციების ობიიექტები გახდნენ და მეტი არაფერი.

ანუ დღეს ბევრი ფაქტორი მოქმედებს. და ჩვენ მაინც უკეთესი მომავლის იმედით უნდა ვიყოთ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოაჩინა ამ ყველაფერმა, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ხელისუფლებიან-ოპოზიციანად ძალიან ღრმა კრიზისშია. და ფაქტობრივად ჩვენ არ გვყავს პოლიტიკური ელიტა, რომელსაც შეუძლია ღირსეულად უპასუხოს სერიოზულ სახელმწიფოებრივ გამოწვევებს.

ამიტომ დღის წესრიგში დგება სრულიად ახალი, უკვე პროფესიული პოლიტიკურ ელიტის ფორმირება და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წიაღიდან ასეთი ელიტა წამოვა. 2020 წლისთვის ჩვენ შეიძლება ვიხილოთ უკვე სრულიად ახალი ძალები, რობლებიც მანამდე უკვე ძალაუფლების გადასაბარებლად მოემზადებიან.

ამ მხრივ მე სიმართლე გითხრათ ვერ ვხედავ დიდ, ნათელ პერსპექტივას ვერც ქართული ოცნების და ვერც ნაციონალური მოძრაობის რიგებში. დღეს საზოგადოებაში სრულიად ახალ ელიტაზეა მოთხოვნილება. და ასეთ ელიტას დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად შექმნის.     

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია