მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
გიორგი ბარამიძე: არამარტო ძალადობის, არამედ გაყალბების ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს - 20 ოქტომბერი 2016

„ბიძინა ივანიშვილის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა“

myrights.ge

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიფეისბუქისგვერდზე წერს: „მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას“. სააკაშვილი მადლობას უხდის ყველა აქტივისტს, „ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინედ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“.

მგონი, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ადამიანი, ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველა რეგიონში დავამტკიცებდით მასობრივ გაყალბებას. მარტო აჭარაში გაუქმებული (ესე იგი ამომრჩევლების მოპარული) 25 ათასი ბიულეტენი რამდენს ნიშნავს. ახლაც არ არის დაკარგული შანსი ფაქტების უკეთესი ანალიზი მოვახდინოთ და როდესაც ამის დრო მოვა, არჩევნების მოპარვისთვის პასუხი ვაგებინოთ ამ დიდი აფიორის დამგეგმავებსა და ძირითად განმახორციელებლებს. მადლობელი ვარ ყველა აქტივისტის, ვინც მიუხედავად ზეწოლისა, გულმოდგინედ აგროვებს ამ მტკიცებულებებს“, - ამბობს სააკაშვილი.

ქრონიკა პლუსი“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწარმომადგენელს, გიორგი ბარამიძეს ესაუბრება.

- ბატონო გიორგი, როგორ აფასებთ 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს და მასზე დაფიქსირებულ წინასწარ შედეგებს?

- საარჩევნო პროცესი ცუდად წარიმართა. მას ახლდა დაუსჯელი ძალადობა, ხელისუფლების მხრიდან შუღლის გაღვივება, შურისძიები ატმოსფერო, რაც ასევე დაუსჯელი კორცხელით, გივი თარგამაძის წინააღმდეგ ტერაქტით დაგვირგვინდა; რომელზეც პრემიერ-მინისტრმა სრულიად გაუგებარი მიზეზებით მინიშნება ისევ ჩვენზე გააკეთა, - ვიღაც დეპუტატის მანდატს ვერ ამოეფარება და მეორეს უცხოეთის მოქალაქეობა არ უშველისო. სულელი არავინაა და ნათელია პრემიერი ვისზე ლაპარაკობდა. ამიტომ ეს რაღაც სრულიად უზნეო მინიშნება-მითითებები იყო.

მერე ხელისუფლების მიერ გავრცელებული ჭორებიც მოვისმინეთ, რომ გივი თარგამაძე საერთოდ არ იჯდა იმ მანქანაში და სხვ.

შემდეგ, უკვე 8 ოქტომბერს ჩვენებმა სხვადასხვა სახის კარუსელების დარღვევები აღმოაჩინეს. აი ამ ატმოსფეროში მივიღეთ ის, რაც მივიღეთ.

- უშუალოდ კენჭისყრის ასეთ შედეგებს რამდენად ელოდებოდით?

- ნამდვილად არ ველოდებოდი, რადგან ვგეგმავდით გამარჯვებას. ამას გულწრფელად ვამბობ იქიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ თვალყურს ვადევნებდით. ჩვენი პარტიის ყველა მაჟორიტარი კანდიდატი კარდაკარის კამპანიას ახორციელებდა. მე პირადად 7 ათასზე მეტ ოჯახში დავაკაკუნე, უმეტესობა ადგილზე დამხვდა, ვესაუბრე და ძალიან კარგი განწყობა იყო საზოგადოებაში.

ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი არამარტო უბრალოდ გვიღიმოდა და თავაზიანად გვეპყრობოდა, არამედ წარმატებას გვისურვებდა და გვეუბნებოდა, რომ ხმას გაძლევთო. ეს ჩემთვის ნამდვილად შეუსაბამოა იმ შედეგთან, რაც დაიდო.

კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს ყველაფერი გასაგებია, რაც შექმნილმა ატმოსფეროც მოიტანა. ძალიან ბევრი ადამიანი ამ ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა. ძალიან ბევრმა ხმა საერთოდ ვერ მისცა - სამხედროებმა, პოლიციელებმა. და როგორც გითხარით, არამარტო ძალადობის, არამედ გაყალბების ძალიან ბევრი ფაქტი გვაქვს.

- რამდენად შესაძლებელია, რომ ეს რეალობა არჩევნების მეორე ტურში შეიცვალოს?

- შესაძლებელია შეიცვალოს, თუ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც არამარტო ნაციონალურ მოძრაობას უჭერს მხარს, არამედ, უბრალოდ, მოქალაქეობრივად მაღალი შეგნება აქვს, გააქტიურდება. სრულადაც აუცილებელი არ არის ჩვენი პარტიის მხარდამჭერი იყოს. უბრალოდ ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელში საკონსტიტუციო უმრავლესობა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ძალიან დიდი პრობლემაა; ეს თითოეული ჩვენი თანამოქალაქისთვის პრობლემაა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ეკონომიკური, სოციალური თვალსაზრისით.

თუნდაც იქიდან გამომდინარე, რომ ოთხი წლის განმავლობაში ქვეყანა ზრდის ნაცვლად 2 მილიარდი დოლარით გაღარიბდა (ეს ციფრებია, რომელსაც ვერავინ გაექცევა). ვისაც ეს ესმის, თუ დაირაზმება და არჩევნებზე მოვა, შესაძლებელია ჩვენმა კანდიდატებმა გაიმარჯვონ. მალე მეორე ტურებია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხმის მიცემის დასრულების შემდეგ, ზოგიერთი ერთმანეთთან საქმის გარჩევის ნაცვლად, მტკიცებულებების სისტემატიზაციით რომ დაკავებულიყო, ყველგან დავამტკიცებდით გაყალბებას; ეთანხმებით თუ არა ექსპრეზდენტის ამ მოსაზრებას?

- ვეთანხმები, რომ მეტი მტკიცებულებების მოპოვებისთვის მეტი საშუალება რომ გვქონოდა, საზოგადოებას უფრო თვალნათელი სურათი ექნებოდა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენი დარღვევები მოხდა არჩევნებზე; იმის დასადასტურებლად, რომ ეს კენჭისყრა ხალხის ნების გამომხატველი არ არის და ეს არ არის თავისუფალ ვითარებაში თავისუფალი აზრის გამომხატველი არჩევანი. ეს უნდა მომხდარიყო, რაც სამწუხაროდ არ მოხდა.

პირველ ნაწილშიც ვეთანხმები, რომ ყველა ორგანიზაციაში არის აზრთა სხვადასხვაობა (არც ეს დამალულა) და ბევრმა, ჩემი აზრით, ზედმეტი დრო და ენერგია დახარჯა შიდა კინკლაობაზე, რაც ასევე მიუღებელია.

- საუბარია პრეზიდენტის საყოველთაო არჩევნების გაუქმებაზე და მისი პარლამენტის მხრიდან არჩევაზე. ასეთი ტიპის რეფორმები ქვეყანას რას მოუტანს?

- ეს იდეაც ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის პირადი სურვილებიდან, რომ ყველა და ყველაფერი გააკონტროლოს. რადგან მან ნახა, რომ მის მიერ შერჩეულმა და ხელდასმულმა მარგველაშვილმა არ გაუმართა (ანუ მისი მონა არ გახდა, რაზეც განაწყენებულია და ამას არც მალავს).

უბრალოდ, ამ ადამიანს მიაჩნია რომ ეს ქცვეყანა მისი შეპესეა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაა, საწარმოა და, შესაბამისად, ამ პრინციპიდან გამომდინარე მოქმედებს.

ახლა მას ძალაუფლების სრულად ხელში ჩაგდების შანსი აქვს და თუ ეს ძალაუფლება მოიპოვა, როგორც უნდა ისე დაჭრრის და გაკერავს.

- უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპის საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას ქართულმა დელეგაციამ მხარი რომ არ დაუჭირა, ეს რაზე მიმანიშნებელია?

- იმის მიმანიშნებელია, რასაც ჩვენ ვამბობთ. ეს ადამიანები უპრინციპო და არაპატრიოტულ პოლიტიკას ატარებენ; რეალურად, „დათვს ბაბაია დაუძახეპრინციპით მოქმედებენ. ამიტომ  ყველა მიმართულებით ვაგებთ და ყველა მიმართულებით ჩვენი პოზიციები დაკარგულია.

როდესაც სტრატეგიულ პარტნიორს, რომელიც შენ დღეშია და შენნაირი პრობლემა აქვს, გვერდში არ უდგახარ, ნათელია, რომ ამით თვითიზოლაცია ხდება. რაც, უპირველესად, ოკუპანტი ქვეყნის ინტერესშია.

ხშირად მითქვამს, ჩემთვის სულერთია ბიძინა ივანიშვილს სადღაც წინასწარი მოლაპარაკება აქვს და მისი „ფე-ეს-ბეს-თან“ თანამშრომლობაზე სადმე კარტოთეკაში საბუთი დევს თუ არა, რეალურად, რასაც ის აკეთებს, ჩემი აზრით, პირდაპირ პუტინის გეგმის შესრულებაა ამ ქვეყანაში.       

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია