მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ აჭიანურებს სასამართლო "პანორამა თბილისთან" დაკავშირებული სარჩელის განხილვას? - 27 დეკემბერი 2016

"დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, შემსრულებელი ხელისუფლება; ანუ ხელისუფლება თვითონ არის მძევალი ბიძინა ივანიშვილისა, რიგი მიზეზების გამო"

ufleba.ge

7 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ პროექტ „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა დროში ჭიანურდება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს სარჩელი, რომელიც მიმართულია იმ საკანონმდებლო რეგულაციების გაუქმებისაკენ, რომელმაც შესაძლებელი გახადა თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვის გაცემა, თუმცა მეორე თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის განხილვა გადადებულია განუსაზღვრელი ვადით, სხდომის სავარაუდო თარიღის შესახებ რაიმე ინფორმაციის მოსარჩელეთათვის მიწოდების გარეშე.

„მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საქმისწარმოების ასეთი ფორმით გაჭიანურება არ ემსახურება მართლმსაჯულებისა და საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის ინტერესებს. გარდა ამისა, საქმის პოლიტიკური სენსიტიურობა და მის მიმართ არსებული დიდი საზოგადოებრივი ინტერესი კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს პასუხისმგებლობას გაჭიანურების გარეშე, დროულად და ეფექტურად განიხილოს აღნიშნული საქმე და გამოიტანოს გადაწყვეტილება. 

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ სასამართლოს, დროში გაჭიანურების გარეშე ჩანიშნოს სასამართლო სხდომა და აღნიშნული საქმის განხილვა და გადაწყვეტა განახორციელოს ეფექტურად, კანონით დადგენილ ვადებში”, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ, "ინიციატივა საჯარო სივრცისათვის", "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMჩ)"; "აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო"; "მწვანე ალტერნატივა"; "მწვანე მუშტი"; "პარტიზანული მებაღეობა" და "თბილისის ჰამქარი".

ამ თემაზე "ufleba.ge" ორგანიზაცია „თბილისის ჰამქრის“ თავმჯდომარეს, ცირა ელისაშვილს ესაუბრება:

- ქალბატონო ცირა, რატომ აჭიანურებს სასამართლო „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვას, მიზეზებს რაში ხედავთ?

- გადადების ოფიციალური ახსნა ის არის, რომ სასამართლოში ძალიან ბევრი საქმე არის შესული. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პროექტთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს (პრიორიტეტული საქმეების სასწრაფო წესით განხილვის თვალსაზრისით), პანორამა ერთ-ერთი ის საქმე უნდა იყოს, რომლის გაჭიანურება ასე ხელოვნურად არ უნდა მოხდეს. 

საქმე ისაა, რომ ჩვენ არც ვადა ვიცით, თუ როდის შეიძლება ჩაინიშნოს ეს პროცესი. და არც ამ მოლოდინის ხანგრძლივობასთან დაკავშირებით გვაქვს რაიმე ინფორმაცია.

- რა მიზნების მიღწევას ისახავს აღნიშნული სარჩელი?

- როდესაც საქმე კულტურულ მემკვიდრეობას ეხება, ყველა სახის დოკუმენტაცია შეთანხმებულია და საზოგადოების ნაწილი რაიმე სახის პროექტის წინააღმდეგია, რჩება ორი გზა, - ეს არის სამოქალაქო აქტივიზმი და, მეორე, ამ საქმის სასამართლო, ანუ სამართლებრივ ჭრილში გადატანა. 

ჩვენ ამ ორივე გზას ვიყენებთ, როგორც სამოქალაქო აქტივიზმს, ასევე სასამართლოს გზას. მიუხედავ იმისა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში და ასეთი პროექტის მიმართ მთავრობის ლოიალობის გათვალისწინებით, ძალიან ძნელია დადებით შედეგს ველოდოთ. 

უბრალოდ, უკვე კონფრონტაციის გზა თუ არა, სხვა გზა არ არსებობს. ყველანაირად ვცდილობთ, რომ ჩვენი მოქმედებები სამართლებრივი ჩარჩოს მიღმა არ იყოს.

- რატომ აქვს საქმეს პოლიტიკური სენსიტიურობა და დიდი საზოგადოებრივი ინტერესი?

-ამას ერთადერთი ახსნა აქვს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვინ არის დამკვეთი და ვინ  შემსრულებელი. დამკვეთი ბიძინა ივანიშვილია, შემსრულებელი ხელისუფლება. ანუ ხელისუფლება თვითონ არის მძევალი ბიძინა ივანიშვილისა, რიგი მიზეზების გამო.

აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, ასეთი ვითარებაა, რომ დროდადრო ეს ადამიანი რა სურვილსაც გამოთქვამს თბილისთან მიმართებაში (და არა მხოლოდ დედაქალაქთან მიმართებაში), მერე ყველა ეს სურვილი საკანონმდებლო დონეზე აისახება. ზოგჯერ კანონზე მორგებით, ზოგჯერ ამ კანონის დარღვევით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ მისი სურვილები რეალობად იქცეს.

- ასეთი ტიპის შეთანხმებული მოქმედება რა შედეგებს იწვევს დედაქალაქში და, საერთოდ, ქვეყნის მასშტაბით?

- ზოგადად, ეს ქაოტური ურბანული განაშენიანების გაგრძელებაა, ეს არის კანონდარღვევა, როდესაც ვაშენებ იქ, სადაც კანომდებლობა ამას კრძალავს. ეს არის კანონის უგუვლებელყოფა, როდესაც არ ვაღიარებთ, რომ ლადშაფტის დაცვის ზონა კონკრეტულ რეგულაციას გულისხმობს და, მიუხედავად ამისა, ზუსტად ამ ზონაში ვაშენებთ.

ეს არის საერთაშორისო, ამ შემთხვევაში იუნესკოს ფაქტორის უგულვებელყოფა. ვინაიდან თბილისი სწორედ იმ საზღვრებში, რა საზღვრებშიც ახლა ხორციელდება პანორამა თბილისის მშენებლობა, სამი ლოკაციაზე იუნესკოს ძეგლთა ნუსხაში არის წარდგენილი. გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, მიღებული არ არის, ჩვენ წინასწარ სიაში ვართ. და ასეთი პროექტის განხოციელება იმის საფუძველი იქნება, რომ ჩვენ იუნესკოდან უარი მივიღოთ.

ამასთან დაკავშირებით, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორი არაერთხელ ვაკეთებდით საპროტესტო განცხადებებს.  ჩვენი ეს პოზიცია შარშან ძალიან ავტორიტეტულმა, მსოფლიო დონის თორმეტმა ორგანიზაციამ გაამყარა. მათ ჩვენ ხელისუფლებას ღია წერილით მიმართეს და უთხრეს, რომ ამ პროექტის განხორციელებისგან თავი შეეკავებინა; რადგან ეს პროექტი იუნესკოში თბილისის მიღების საკითხს დაასამარებდა. 

- რატომ არ არის ამ ტიპის არგუმენტები საკმარისი ხელისუფლებისთვის და დამკვეთისთვის?

- ეს, ალბათ, უფრო რიტორიკული შეკითხვაა, რომელზეც პასუხი ნამდვილად არ მაქვს. არამარტო დღევანდელი, არც ერთი ხელისუფლება არ ყოფილა მოწოდებული იმისკენ, რომ როდესაც დღის წესრიგში საზოგადოებრივი და კერძო ინტერესი დგება, რომელიმე მათგანს მაინც საკითხი საზოგადოებრივი ინტერესის სასარგებლოდ რომ გადაეწყვიტა.

- რა ვადებში უნდა მოხდეს საქმეზე გადაწყვეტილების მიღება?

- სამწუხაროდ, სასამართლოს თვალსაზრისით ეს ვადა განუსაზღვრელია. ამიტომ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ მოლოდინის რეჟიმში ვიყოთ. თუმცა ჩვენი მხრიდან ეს თემა კვლავ აქტუალურად რჩება, ვაგრძელებთი ირიბი ზეწოლის მოხდენას ამ პროცესების ინიცირებაზე. 

ჩვენ არ გამოვრიცხავთ თემის დღის წესრიგში დაყენებას იმ თვალსაზრისით, რომ შეიძლება ისევ საპროტესტო აქციები გავმართოთ; ისევ მივმართოთ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს, რომ მათ თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ. და ამ თვალსაზრისით მედიისგან დიდი მხარდაჭერა იქნება საჭირო, რომ ეს თემა ადეკვატურად იყოს განხილული.

- გამოსავალი სად არის, რა უნდა გაკეთეს იმისთვის, რომ თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში ამგვარი ფართო მასშტაბის მშენებლობის ნებართვები აღარ გაიცეს?

- ეს კომპლექსური პრობლემა, რომელიც განათლების ხაზზე გადის. არის საკითხი, სადაც უნდა დაიხვეწოს კანონმდებლობა. პოლიტიკური ნების არარსებობის ფონზე ძალიან, რთული ვითარებაა შექმნილი. ეს არის კანონმდებლობა, რომელიც ერთმანეთს ეწინააღმდეგება; ასევე ზონალური თვალსაზრისით კოეფიციენტების გაყიდვის პრობლემა, ურბანული პოლიტიკის არქონის საკითხი და ა.შ. 

ამიტომ ეს არ არის ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება აი ასე ერთი ხელაღებით აღმოიფხვრას. მაგრამ, რასაკვირველია, ამ ყველაფერთან დაკავშირებით უნდა იყოს ფხიზელი დაკვირვების პროცესი. და სამოქალაქო საზოგადოების როლი სწორედ ის არის, რომ ზოგადად მოსახლეობას მივაწოდოთ კომპეტენტური ინფორმცია არსებული პრობლემების შესახებ. 

იმის მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობას ესმის თუ არა ეს კონკრეტული საკითხი, უნდა მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა არის კარგი, რა ცუდი, რა შეიძლება გაკეთდეს ურბანული განვითარების თვალსაზრისით და რა არ შეიძლება გაკეთდეს ამ მიმართულებით.

- ამ ფონზე, მთლიანად ქართული საზოგადოების აქტივობა რამდენად ძლიერი და საკმარისია?

- ეს აქტივობა არასოდეს საკმარისი არ ყოფილა იქიდან გამომდინარე, რა შედეგებიც ჩვენ მივიღეთ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას აქვს მნიშვნელობა, საზოგადოებრივ აქტივიზმს; რადგან ეს აქტივიზმი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ ვერ შევინარჩუნებდით გუდიაშვილის მოედანს, მიუხედავად დანაკლისებისა, რომლებიც განხორციელდა.

ეს აქტივიზმი რომ არ ყოფილიყო, დღეს დანგრეული იქნებოდა "იმელის" შენობა; 

აქტივის გარეშე, ალბათ, უკვე აშენებული იქნებოდა ვაკის პარკში სასტუმრო და ა.შ.

ამიტომ ამ აქტივიზმს დიდი მნიშვნელობა აქვს. მთავარი ისაა, რომ ეს აქტივიზმი ფრაგმენტული არ უნდა იყოს. ანუ მას პერმანენტული სახე უნდა ჰქონდეს, რის საფუძველსაც, სამწუხაროდ, გვაძლევს ხელისუფლება, იმდენად უკვე ახალ-ახალ და შეთანხმებულ პროექტებს გვთავაზობს.

ამიტომ დრო და დრო, როდესაც ჩვენ არჩევნებზე მივდივრთ და ხმას ვაძლევთ ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიას, უნდა დავფიქრდეთ, ეს პარტია შედეგის თვალსაზრისით რას მოგვიტანს.

სამწუხაროა, რომ თითოეულ ამ ჩვენ ხმას სწორად არ ვიყენებთ, რაც, საბოლოო ჯამში, ქალაქის ნეგატიურ განვითარებაზე აისახება.

"ქრონიკა პლუსი" შეგახსენებთ, რომ "ინიციატივა საჯარო სივრცისთვის" სამართლებრივ კვლევაში საუბარია იმ სამართლებრივ ხარვეზებსა და პროცესებზე, რომლის მეშვეობითაც, შესაძლებელი გახდა თბილისის კულტურული მემკვიდრეობის მკაცრი დაცვის ზონაში პროექტ „პანორამა თბილისის“ მშენებლობის ნებართვების გაცემა:

- თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან 2009 წლიდან დღემდე უგულებელყოფილია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დამდგენი დოკუმენტი;

- 2009 და 2014 წლებში მიღებულ თბილისის არც ერთ გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა თბილისისათვის დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონის – თბილისის ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა;

- იმ ფაქტმა, რომ თბილისის გენერალურ გეგმაზე არ განხორციელდა ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის ასახვა, ქალაქის მუნიციპალიტეტს მისცა საშუალება, მშენებლობები დაეშვა განაშენიანებისათვის კანონით აკრძალულ ზონებში;

- ისტორიული დაცვის ზოგადი ზონის გაუჩინარების შედეგად, გენერალურ გეგმებში ამ ტერიტორიებზე დარჩენილი ფუნქციური ზონები ზედმეტი დაბრკოლების გარეშე ხდებოდა ქალაქის მუნიციპალური ორგანოების ცვლის ობიექტი. დადგენილი ზონების უგულებელყოფით, ქალაქის მუნიციპალურმა ორგანოებმა მიიღეს დაცვის ზონისგან თავისუფალი ტერიტორიები, სადაც დასაშვები გახდა მასშტაბური მშენებლობები;

ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონის შესაბამისი რეჟიმებით დადგენილი რეგულირების თავიდან აცილებითაა გაცემული მშენებლობის ნებართვები პროექტისათვის "პანორამა თბილისი".

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია