მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირებაზე კონტროლს გააქტიურებს - 28 დეკემბერი 2016

"პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ადამიანები არჩევანს სწორად ვერ აკეთებენ, აღნიშნული პრობლემა შეიძლება მომხმარებლის ჯანმრთელობაზეც აისახოს"

ufleba.ge

სურსათის ეროვნული სააგენტო პურის ეტიკეტირების კონტროლს ააქტიურებს. როგორც უწყება განმარტავს, სავალდებულოა ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ. მათივე განმარტებით, ამ საკითხზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" პურის მწარმოებლებთან შეხვედრა გაიმართა. 

"სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ბიზნესოპერატორებს პურის უვნებლობის, ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. აღინიშნა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო პურის უვნებლობასა და ეტიკეტირების წესის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს ააქტიურებს. სავალდებულოა ეტიკეტზე დატანილი იყოს სრულყოფილი ინფორმაცია ინგრედიენტების და საკვები დანამატების შესახებ", - აცხადებენ უწყებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის ზურაბ ჩეკურაშვილის თქმით, პურის, როგორც პირველადი მოხმარების სურსათის მიმართ საზოგადოების ინტერესი მაღალია და მნიშვნელოვანია, მომხმარებელს ჰქონდეს უტყუარი ინფორმაცია. 

"მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ბიზნესოპერატორების ინფორმირებულობის გაზრდა სააგენტოს პრიორიტეტებია. შესაბამისად, სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ბიზნესსექტორთან და მათ პერიოდულად მიეწოდებათ ინფორმაცია უვნებლობის სტანდარტების სავალდებულო მოთხოვნებზე. პარალელურად მომხმარებლის უფლებებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, სააგენტო განაგრძობს სამომხმარებლო ბაზრის კონტროლს", - ამბობს ჩეკურაშვილი. 

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურპროდუქტების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს როგორც წარმოების, ასევე რეალიზაციის ეტაპზე. ყოველწლიურად ტარდება ბიზნესოპერატორების ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება და მონიტორინგი (ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა). 

2015-2016 წლებში დოკუმენტურად შემოწმდა 219 ბიზნედოპერატორი (მ.შ. 28 – 2015 წელს, 191 – 2016 წელს). ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის დაჯარიმდა 19 ბიზნესოპერატორი. 

პურის მწარმოებლებთან გამართულ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს, პურის მწარმოებელთა კავშირის, მეხორბლეთა ასოციაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

შეხვედრა "ბომონდ გარდენში" ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროექტის მხარდაჭერით ჩატარდა. 

სურსათის ეროვნული სააგენტო პურისა და პურ-პროდუქტების ბიზნესოპერატორების კონტროლს განაგრძობს და მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 15-01.

ამ თემაზე "ქრონიკა პლუსი" "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" ხელმძღვანელს, მადონა კოიძეს ესაუბრება:

- არსებობს მითქმა-მოთქმა ჭვავის პურის გაყიდვასთან დაკავშირებით. საქართველოს კანონმდებლობით, მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერი პროდუქციის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია მიიღოს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოს გააზრებული არჩევანი. 

რეალურად, ჩვენ გვაქვს პრობლემები და ამის შესახებ საზოგადოება ღიად საუბრობს. პრობლემა მარტო ის არ არის, რომ ადამიანები არჩევანს სწორად ვერ აკეთებენ, აღნიშნული პრობლემა შეიძლება მომხმარებლის ჯანმრთელობაზეც აისახოს. ანუ იმას ვგულისხმობთ, რომ თუკი ჭვავის პური შეფერილია (თეთრი პურის სახით შეღებილია) და მომხმარებელს სათანადო ინფორმაცია არ აქვს საკვებდანამატების შესახებ (ხოლო მისი ჯანმრთელობისთვის სავალდებულო იყოს არა თეთრის, არამედ ჭვავის პურის მიღება), ამ შემთხვევაში შეიძლება მომხმარებლის ჯანმრთელობს საფრთხე დაემუქროს. 

აქედან გამომდინარე, სავალდებულოა გავითვალისწინოთ, რომ მომხმარებელი სრულყოფილად ინფორმირებული იყოს და მან გააკეთოს თავისუფალი არჩევანი; მეორე, - მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს და, მესამე, - მომხმარებელმა არ მიიღოს ეკონომიკური ზარალი. 

მოქალაქეს აქვს უფლება იცოდეს, რას ყიდულობს და რაში იხდის ფულს. ამისთვის  ეტიკეტირების შესახებ კანონი უნდა გამკაცრდეს, რათა ადამიანი მოტყუებული არ იყოს და მიიღოს ის დეკლარირებული ინფორმაცია, რომელიც მის შიგთავსს შეესაბამება. ანუ ყველა ინგრედიენტი, რომელიც პროდუქტში გამოყენებული იქნება, ეტიკეტზე აისახოს.

იცით რა, ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს. ჩვენ ანალოგიური გამოწვევები რძის პროდუქტებთან დაკავშირებით გვქონდა, მაგრამ გატარებული ღონისძიებების შემდეგ ფასები არ შეცვლილა. ამას ბიზნესასოციაცების წარმომადგენლები ერთ-ერთი არგუმენტით ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ეს შეიძლებოდა ფასნამატზე ასახულიყო, პროდუქცია გაძვირებულიყო და დარგი ვერ განვითარებულიყო. 

მაგრამ დარგი ჩვეულებრივად განვითარდა. ოღონდ ისეთი ცვლილება მოხდა, რომ დღეს ქვეყანაში ძალიამ ბევრმა საწარმომ უარი თქვა მსგავსი პროდუქციის წარმოებაზე. სრულად გადავიდნენ ეტიკეტთან მიმართებაში ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაზე და ისინი მომხმარებელს არ ატყუებენ. სადღეისოდ რძის პროდუქტის ეტიკეტზე მითითებული ინფორმაცია შიგთავსს შეესაბამება.

აქედან გამომდინარე, აღნიშნულ სფეროში მომხმარებელი დაცულია. მეორე ეტაპი ის არის, რომ ჩვენ პურთან მიმართებაშიც იგივეს გაკეთებას და არსებული ბაზრის დალაგებას ვცდილობთ. შედეგად, მომხმარებელი ამ სფეროშიც დაცული იქნება. 

ეტაპობრივად ხორცპროდუქტებთან დაკავშირებით იგივე ხდება და ხორცის ეტიკეტირებაც იგეგმება.

ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ქვეყანაში არსებობდეს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც დაცული იქნება ბიზნესიც და მომხმარებელიც; რათა არ მოტყუვდეს არც ბიზნესი და არც მომხმარებელი. 

ჩვენ ქვეყანაში ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი გარემოს არსებობით ორივე მხარე მოგებული იქნება. ამიტომ ეს ძალიან კარგი წამოწყებაა და, რასაკვირველია, ორივე ხელით მივესალმები და მხარს ვუჭერ.

- ჭვავის პური ახსენეთ, მაინც რამდენად ხშირია მისი ამ სახით გასაღება?

- სოციალურ ქსელში ძალიან ხშირად გავრცელებულა მსგავსი სურათები და კადრები, ამის ინიციატორი თვითონ მომხმარებელი არის ხოლმე. ამიტომ ეტიკეტირების გამკაცრება უკვე საზოგადოების მაღალმა სამომხმარებლო დონემ მოითხოვა.

უფრო სწორად, გამკაცრება ცუდი და შეიძლება შეცდომაში შემყვანი სიტყვაც კი იყოს. რეალურად, ეს არის ეტიკეტირების სრულყოფაში მოყვანა. ბიზნესოპერატორმა მომხმარებელს რომ არ უნდა მოატყუოს, ეს გამკაცრება არ არის, ეს არის ვალდებულება და, ფაქტობრივად, ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი ბერკეტია. 

აქედან გამომდინარე, თუკი იარსებებს ისეთი პროდუქტი, როგორიც დღემდე არსებობდა, ეს უკვე პრობლემას შექმნის. მაგალითად, წერია, - 0 ნული პროცენტის, საფუარის გარეშე პური და ა.შ. ხშირ შემთხვევაში ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მსგავი შემთხვევები ნამდვილად არის, მაგრამ ხშირად ამას, უბრალოდ, სარეკლამოდ გამოიყენებენ ხოლმე. 

ან როგორც აღვნიშნეთ, აწერია, რომ ჭვავის პურია და, რეალურად, სხვადასახვა ტიპის საღებავებით შეღებილი, თეთრი ფქვილისგან დამზადებული პური და საკვებდანამატებია, რომელიც გემოვნურ თვისებებს ცვლის და მომხმარებელი შეცდომაში შეყავს. მომხმარებელს ჰგონია, რომ ყიდულობს ჭვავის პურს და სინამდვილეში ჩვეულებრივად შეფერილ, საკვებდნამატებით გაჯერებულ თეთრ პურს ყიდულობს, რის შესახებაც ის ინფორმირებული არ არის. 

თან ამ გზით დარგი არ ვითარდება. ქვეყანაში ჭვავის პურის არსებობაც რისკის ქვეშ დგას, რადგან ძალიან ცოტა რაოდენობით შემოდის. ქართველი ადამიანი კი ნამდვილად იმის ღირსია, რომ აქ მრავალფეროვნება არსებობდეს. საუბარია სხვადასხვა გემოვნურ თვისებებზე, რაც აქვს ჭვავის პურს, იგივე თეთრ პურს, სხვადასხვა ხარისხისა და ტექნოლოგიით დამზადებულ პურს, - აღნიშნული ასორტიმენტი სრულყოფილი უნდა იყოს. 

ეს ყველაფერი უნდა კეთდებოდეს პურის სხვადსხვა ტექნოლოგიებითა და ფქვილის გამოყენებით და არა რაღაც საკვებდანამატებისა და მომხმარებლის მოტყუების ხარჯზე. დროა ეს სფეროც სრულად მოვაწესრიგოთ, ჩვენი მოქალაქეები ამას ნამდვილად იმსახურებენ.   

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია