მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
"პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს სპეცსამსახურების სახელით ავიწროებენ" - 28 იანვარი 2017

"მეც ადამიანი ვარ, სიცოცხლის, ნორმალური ცხოვრების უფლება მაქვს... ასევე თავისუფლად მუშაობისა და ოჯახის შენახვის საშუალება უნდა მქონდეს"

ufleba.ge

"ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებით, აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღალარლის, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, საქართველოს სპეცსამსახურების სახელით უთვალთვალებენ და ავიწროებენ. არასამთავრობო ორგანიზაციისვე ცნობით, ბოლო თვეების განმავლობაში დაშგინ აღალარლის ორჯერ დაურეკა მობილურ ტელეფონზე გაურკვეველმა პირმა და მოსთხოვა თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა, გასაუბრების მიზნით. 

"პირველი ზარის დროს უცნობმა განაცხადა, რომ იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მეორე ჯერზე კი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო.

"ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას" გამოხატავს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთან სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით განხორციელებული კომუნიკაციის თაობაზე, რაც გამოკვეთილად ატარებს უკანონო თვალთვალისა და დევნის ხასიათს. 

შემაშფოთებელია, რომ ზარები განხორციელდა დაშიფრული მობილური ნომრიდან და შეუძლებელია დადგენა, ნამდვილად შსს-ს ან სუს-ის წარმომადგენელი იყო დაინტერესებული შეხვედრით, თუ სხვა პირები, რომლებსაც შესაძლოა, კანონსაწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებდეთ.

დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის "მუსავათის" წევრი. იგი წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. 2013 წელს, სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტების მსგავსად, აღალარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წაუყენა დაუსაბუთებელი ბრალი - გადასახადებისგან თავის არიდება. 

2014 წელს დაშგინ აღალარლი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

2014 წელს დაშგინ აღალარლიმ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, რაზეც 2 წლის შემდეგ, სამინისტროსგან დაუსაბუთებელი უარი მიიღო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაშგინ აღალარლიმ სამინისტროს უარი ადმინისტრაციული წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. 

ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ წამებას და პოლიტიკურ დევნას. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დღემდე არ მიუნიჭებია ლტოლვილის სტატუსი დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისვის. ამავე დროს, პოლიტიკური დევნილის მიმართ არ წყდება დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. 

"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სახელით დაუკავშირდნენ დაშგინ აღალარლის. 

ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ყველა საფრთხე, რაც კი შეიძლება ემუქრებოდეს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს და მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება", -ნათქვამია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" განცხადებაში.

საქართველოში პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელ დაშქინ აღალარლის ვესაუბრებით:

- ბატონო დაშქინ, რა მიზეზების გამო მოითხოვეთ საქართველოში პოლიტიკური თავშესაფარი?

- ჩემ ქვეყანაში მდევნიდნენ. რაღაც ფალსიფიცირებული ბრალდებები წამიყენეს, რომლის განხოცრიელებაც მე არაფრით შემეძლო. 

როდესაც თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოვკვეთე, სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე დამაპატიმრეს. ამიხსნეს, რომ ეს სწორედ აზერბაიჯანის მოთხოვნით მოხდა. 

ამის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს განცხადებით მივმართე და ვთხოვე, რომ ჩემთვის პოლიტიკური თავშესაფარი მოეცა. აქედან მოყოლებული სამი წელი გადის და ეს სტატუსი მიღებული არ მაქვს. 

ვაცხადებ, რომ მე აზერბაიჯანში დაბრუნება არ შემიძლია და ამიტომ საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ვითხოვ.

- რატომ არ შეგიძლიათ სამშობლოში დაბრუნება, პოტენციურად იქ რა პრობლემები შეგექმნებათ?

- აზერბაიჯანის ხელისუფლება ცალსახად პოლიტიკური მრწამსის გამო მდევნის. ისინი არაერთხელ შეეცადნენ, რომ დავეპატიმრებინე. ქვეყნიდან ამიტომ წამოვედი. როდესაც ოპოზიციური პოლიტიკური მოქმედებები გავაძლიერეთ, მათ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემ წინააღმდეგ და ძებნა გამოაცხადეს. 

თურქეთში ყოფნისას, როდესაც იქაური ტელევიზიით აზერბაიჯანის ხელისუფლება გავაკრიტიკე, კერძოდ, ბრალი დავდე მძიმე დანაშაულობებში, კორუფციაში, მონოპოლიაში, ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაში, კონსტიტუციის დარღვევაში და ა.შ. მათ გადაწყვიტეს, რომ ან დავედუმებინე, ან დავეპატიმრებინე. 

ამის გამო საქმე აღძრეს და ჩემ დასაპატიმრებლად ინტერპოლს მიმართეს. ამიტომ არანაირი შესაძლებლობა არ მაქვს, რომ სამშობლოში დავბრუნდე.

- კონკრეტულად რას გულისხმობთ, როდესაც აზერბაიჯანში ხელისუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდებაზე და მისთანა ბრალდებებზე საუბრობთ?

- საერთოდ, 1993 წლის შემდეგ აზერბაიჯანში კანონიერი, ღია და დემოკრატიული არჩევნები არ ყოფილა. ხელისუფლების წარმომადგენლები, როგორც ჰეიდარ, ასევე ილჰამ ალიევის დროს არჩევნებს ყოველთვის აგებდნენ, მათ რეალურად ხალხის მხარდაჭერა არ აქვთ. 

ამის შემდეგ რაღაც პროტოლოკებს ავსებდნენ, თავიანთთვის სასურველ პროცენტებს იწერდნენ (95, 98%) და, თითქოსდა, ასეთი დიდი უპირატესობით იგებდნენ არჩევნებს. ახლა რასაც ვამბობ, ყველა საერთაშორისო დოკუმენტში დადასტურებულია.

ხოლო მიმდინარე 2017 წელს, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის ეუთომ აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები საერთოდ არ აღიარა. ამიტომ მივიჩნევთ, რომ აზერბაიჯანში ხელისუფლება არა დემოკრატიული არჩევნებით, არამედ რაღაც არაკონსტიტუციური გზებით ყალიბდება. რეალურად, ეს ძალაუფლების ხელში ჩაგდებაა, მეტი არაფერი.

- თურქეთში ყოფნისას რა პრობლემები შეგექმნათ?

- სტამბოლის პოლიციამ თვითონ მაიძულა, რომ თურქეთიდან წამოვსულიყავი. მათ მითხრეს, რომ აზერბაიჯანი თქვენ გადაცემას ითხოვსო, -  ჩვენ ვიცით, რომ ეს საქმე პოლიტიკურია, არ გვსურს დეპორტაცია, მაგრამ თუ ამის შემდეგაც თურქეთში გაჩერდებით, ჩვენ ადრე თუ გვიან იძულებეული გავხდებით დაგაპატიმროთ და გადაგცეთ, ამიტომ გთხოვთ, ჩვენი ქვეყანა დატოვეთო. 

მოკლედ, მაიძულეს, რომ ეს ქვეყანა დამეტოვებინა.

- სარფში გადმოსვლისას რა ბრალდება წაგიყენეს?

- ქართულ მხარეს საზღვარზე რამე განმარტება არ მოუცია, მაგრამ დაპატიმრების მერე ამიხსნეს, რომ ეს ჩვენ აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხოვნით გავაკეთეთო. 

- რით იყო ეს ნაბიჯი დასაბუთებული?

- არაფრით არ აუხსნიათ. როდესაც ადგილზე მაკავებდნენ, გაეროს წარმომადგენელი მოვითხოვე და მათ ავუხსენი, რომ ეს პოლიტიკური საქმეა. მაგრამ თარჯიმნის გარდა არავინ მოიყვანეს. 

მერე განმიმარტეს, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ცალკეული ადამიანების დაკავებაზე პროტოკოლი მოქმედებს და სწორედ ამ საფუძველზე სამი თვით დამაპატიმრეს. 

როგორც აღვნიშნე, თავდაპირველად საქართველოს პრეზიდენტს მივმართე. შემდეგ ჩემი საქმით უკვე დაინტერესდნენ, როგორც ქართული (ადამიანის უფლებათა ცენტრი), ისე საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე აზერბაიჯანის პოლიტიკური პარტიები და აგვისტოს ბოლოს უკვე პატიმრობიდან გამათავისუფლეს.

- გათავისუფლების მერე დევნილთა სამინისტროს მიმართეთ, რით ახსნეს უარი თქვენთვის პოლიტიკური სტატუსის მონიჭებაზე?

- აგერ ხელთ მაქვს მათ მიერ გაცემული დოკუმენტი. პირველ პუნქტში დაწერეს, რომ ისინი აღიარებენ საქმის პოლიტიკურობას, - საერთაშორისო პროტოკოლებით, ჟენევის კონვენციით უფლება მაქვს მოვითხოვო პოლიტიკური თავშესაფარი. მაგრამ ქვეყნის, ანუ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უარი მითხეს თავშესაფრის მონიჭებაზე. 

- ამის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართეთ...

- დიახ, მათ განიხილეს საქმე, ყველა შესაბამისი დოკუმენტი შეისწავლეს. სხვათა შორის, ერთი დახურული სხდომა გამართეს და გადაწყვიტეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააკმაყოფილოს ჩემი თხოვნა და მომცეს პოლიტიკური თავშესაფარი. 

- ამის შემდეგ რა პროცესები განვითარდა?

- ვფიქრობ, რომ ხელისუფლების ჩარევა მოხდა. ზუსტად შვიდთვენახევარი გადაწყვეტილებას ვერ იღებდნენ, რომ მათივე სასამართლო გადაწყვეტილება სამინისტროში გაეგზავნათ. ამ დროის გასვლის შემდეგ, როგორც იქნა გაგზავნეს აღსასრულებლად, ხოლო დევნილთა სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება ამჯერად სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნა.  

ხაზს ვუსვამ, საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება მიღებისთანავე უნდა გადაეგზავნა და ამას, რეალურად, 7,5 თვის განმავლობაში არ აკეთებდნენ. საბოლოოდ, ოკუპირებული ტერიტორიების სამინისტრომ გადაწყვეტილების აპელაცია მოახდინა.

- ამ აპელაციას რით ხსნიან?

- ჯერჯერობით, მათ მიერ სააპელაციო სასამართლოში გადაგზავნილი დოკუმენტი არ მაქვს, ამიტომ არ ვიცი მასში რა დაწერეს. ვფიქრობ იმასვე დაწერდნენ, რაც ადრე დაწერეს. 

- რას უკავშირებთ ასეთ დამოკიდებულებას, როდესაც დევნილთა სამინისტროს არ სურს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება?

- ჩანს, რომ საქართველოს ხელისუფალნი ამ საკითხში (როგორც ჩემთან, ასევე სხვა მსგავს საქმეებთან მიმართებაში) აზერბაიჯანის ხელისუფლების ნებას ემორჩილებიან. ამას უფრო აკეთებენ, ვიდრე კანონის, საერთაშორისო პროტოკოლებს დაცვას, რომლებსაც მათ ხელი მოაწერეს. 

ანუ საქართველოს ხელისუფლება ამ საკითხში მჭიდროდ მეგობრობს და თანამშრომლობს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და არც სურს მას აწყენინოს.

- მაგრამ ეს საერთაშორისო სამართლის ნორმებთან თანხმობაში როგორ მოდის?

- აღნიშნულ ნორმებს ეწინააღმდეგება, მაგრამ აზერბაიჯანი საქართველოსგან ითხოვს, რომ მის მოქალაქეებს თბილისმა პოლიტიკური თავშესაფარი არ მისცეს; და საქართველო ჯერჯერობით ამას ითვალისწინებს. 

- ამ ფონზე, საქართველოში გემუქრებათ თუ არა რამე საფრთხე?

- განსაკუთრებულ საფრთხეს მე საქართველოში ვერ ვგრძნობ. მაგრამ როგორც აღვნიშნეთ, არის გარკვეული ნიუანსები, რომლებიც ჩემთან მიმართებაში ხდება და ეს მაშფოთებს.

- შეგიძლიათ გვითხრათ, ვინ არიან ეს ადამიანები, ვინც გირეკავენ და თქვენთან შეხვედრებს ითხოვენ?

- სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანების გამორკვევისთვის ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს მივმართეთ, - როგორც შსს-ს, უსაფრთხოების სამსახურს, ასევე იუსტიციის მინისტრს, ომბუდსმენს და დღემდე პასუხი არ მიგვიღია. ჩვენც ძალიან გვაინტერესებს, ვინ არიან ეს ადამიანები. 

მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ ადამიანების დარეკვებისა და დაბარების შესახებ აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგელებმაც იციან. ამიტომ აქ მთავარი საფრთხე ისაა, რომ, ალბათ, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურთან თანამშრომლობს. 

- შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალს რაში ხედავთ?

- როდესაც ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტს მივმართავდი, მივიჩნევდი, რომ ეს ნორმალური, კანონიერი უფლებაა, შეესაბამება საერთაშორისო ნორმებს, საქართველოს კანონებს... საქართველო აზერბაიჯანს ესაზღვრება, აქ მეგობარი ხალხები ცხოვრობენ და ძალიან მსურდა, რომ საქართველოში მეცხოვრა. 

მაგრამ თუკი მთავრობას არ სურს, რომ მის ტერიტორიაზე ვიცხოვრო, მაშინ ჩემი დოკუმენტები უნდა დაებრუნებინათ და ეთქვათ, რომ გთხოვთ, ჩვენი ქვეყნიდან გაემგზავრეთო. 

ეს დოკუმენტები დღემდე არ დამიბრუნეს და ჩემს მიმართვაზეც პასუხს არ მცემენ. მივიჩნევ, რომ ამ სიტუაციიდან ყველაზე გონივრული გამოსავალი ის არის, საქართველომ შეასრულოს, როგორც თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე საერთაშორისო კანომდებლობა და ჩემი უფლება, რომ მეც ადამიანი ვარ, სიცოცხლის, ნორმალური ცხოვრების უფლება მაქვს... ასევე თავისუფლად მუშაობისა და ოჯახის შენახვის საშუალება უნდა მქონდეს. 

ამ დროისთვის, ყველა ეს ნორმალური, ადამიანური შესაძლებლობა წართმეული მაქვს. ჩემი ყველა უფლება ამ მხრივ დარღვეულია.

- სამომავლოდ რას ფიქრობთ, საქართველოში დარჩენას თუ აზერბაიჯანში დაბრუნებას, რა გეგმები გაქვთ?

- სანამ აზერბაიჯანში მოქმედი ხელისუფლებაა, ქვეყანაში დაბრუნებას, უბრალოდ, ვერ შევძლებ. საქართველოში დარჩენა ძალიან მინდა, მაგრამ არ ვიცი შემდგომში რა მოხდება. საქართველო შეასრულებს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილებას, ან რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააპელაციო სასამართლო. 

თუკი იძულებული გავხდები, რასაკვირველია, ქვეყანას დავტოვებ. მაგრამ ამ დროისთვის ჩემი დოკუმენტები თან არ მაქვს და ის უნდა დამიბრუნონ. 

ძალიან ვიმედოვნებ კანონიერებაზე, მართლმსაჯულებაზე და ჰუმანიტარულ პასუხისმგებლობაზე, რათა საქართველოს ხელისუფლებამ ბოლოს და ბოლოს ცნოს ჩემი ადამიანური უფლებები.          

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია