მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
სამხედრო პოლიციიდან გათავისუფლებული თანამშრომლები სამსახურში აღდგენას ითხოვენ - 07 თებერვალი 2017

„საჯარო სამსახურის შესახებ კანონი უბრალოდ თავზე დაიმხეს, ასე უცებ რეორგანიზაციის ჩატარება და ერთ კვირაში სამსახურებიდან ხალხის გამოყრა წამოუდგენელი ამბავია“

ufleba.ge

საბიუჯეტო სახსრების ოპტიმიზაციის ერთ-ერთი უპირველესიმსხვერპლისამხედრო პოლიციის თანამშრომლები გახდნენ. დაახლოებით 140 კაცი იანვრიდან კადრების განკარგულებაში გადაიყვანეს და თებერვლის ბოლოდან მათ უმუშევრობა ემუქრება. პოლიციელები ხელისუფლების დამოკიდებულებით შეურაცხყოფილი არიან და უფლებების აღსადგენად სასამართლოს მიმართავენ

ქრონიკა პლუსისამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონიდან ერთ-ერთ დათხოვნილს, შოთა მათითაიშვილს ესაუბრება:

- სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის, მეორე ასეულის საქმის მწარმოებლად ვმუშობდი. ჩვენი ცალკეული ქვედანაყოფი ტერიტორიულად ორთაჭალაში, გვარდიის დეპარტამენტის გვერდით ვიყავით.

5 დეკემბერს შემთხვევით გავიგეთ, რომ სამოქალაქო შტატები, სამოქალაქო პოლიციის ოფიცრის ადგილები უნდა გაეუქმებინათ. ანუ ჩვენი შტატები აღარ იქნებოდა და უკვე ბრძანებას ველოდებოდით.

- შტატები რასთან დაკავშირებით გაუქმდებოდა?

- ამაზე საერთოდ არაფერს ამბობდნენ. როგორც ბოლო განცხადებები ვნახეთ, საუბარია რაღაც ოპტიმიზაციაზე და .. ზუსტად 21 დეკემბერი იყო, ჩვენმა მეთაურმა, მამუკა ამაშუკელმა მოგვაწყო და გამოგვიცხადა, რომ ბრძანება უკვე მოსულია, კადრების განკარგულებაში გადასულები ხართ, თქვენი შტატები გაუქმდა და სამსახურიდან თავისუფალი ხართი. წამოვედით სახლში.

ჩვენთან ერთად სამსახურიდან სამხედრო ოფიცრებიც გაათავისუფლეს (როგორც გავიგეთ, კაპიტნების ნაწილს კომპენსაცია მისცეს). ისეთი ხალხი გაუშვეს, ვისაც აკადემია აქვს დამთავრებული და თავისი სამხედრო კოდი აქვს მინიჭებული. არავინ არ იცის, ეს ხალხი რა კრიტერიუმით გაუშვეს. რა თქმა უნდა, ზოგი დატოვეს. ესენი რა კრიტერიუმებით დატოვეს, სხვები სახლში რატომ გაუშვეს, ამის შესახებაც არაფერი ვიცით.

ასე უცებ ჩვენ ყველას შტატები გაგვიუქმეს და სამსახურები დაგვატოვებინეს.

- ბრძანების წაკითხვისას, იქვე ადგილზე რაიმე ახსნა-განმარტება ხომ არ მოგითხოვიათ?

- ამაზე რეალური პასუხი არავის ჰქონდა. მეთაურის განცხადებით, ეს გენერალური შტაბიდან წამოსული ბრძანება იყო, რაც ადგილზე შეასრულეს კიდეც. ჩვენ რაღას ვიტყოდით, როცა უკვე არაფერს აზრი არ ჰქონდა.

უბრალოდ, გავაპროტესტეთ, ეს ყველაფერი უცებ რატომ მოხდა, წინასწარ რატომ არ გაგვაფრთხილეთ, რომ რეორგანიზაცია უნდა ჩატარებულიყოო. რადგან ეს სულ შემთხვევით მოხდა, ჰაერიდან იყო ეს ყველაფერი წამოსული.

- რა პასუხი მიიღეთ?

- არაფერი, ისევ და ისევ ბრძანება გენშტაბიდან არის წამოსული და ჩვენ შევასრულეთო. კადრებში გადაგვიყვანეს

- ამ შემთხვევაში, კადრებში გადაყვანა რას გულისხმობს?

- იანვარ-თებერვალში კადრების განკარგულებაში ვართ. იანვრის ხელფასს ჩვეულებრივად სრულად ჩაგვირიცხავენ, ხოლო თებერვლის დაახლოებით ნახევარს და მერე მორჩა, თავდაცვის სამინისტროდან სრულიად გათავისუფლებული ვიქნებით. კი აცხადებენ, რომ ვინც კომპენსაცია არ მიიღო, სამსახურში დაინიშნებიანო, მაგრამ ამაში ძალიან დიდი ეჭვი გვეპარება, ეს სისულელე და ფარსია, მეტი არაფერი.

- ასე რატომ ფიქრობთ?

- ვისაც პატრონი ჰყავდა, უკვე ნიშნავენ სხვადასხვა განყოფილებებში, მაგალითად, ოპერატიულში და არიან ასეთები. ვინცუპატრონოებივიყავით, ასევე დავრჩით, არც არავის იმედი არ გვაქვს. ამიტომ არ მჯერა, რომ სამსახურში დამაბრუნებენ, იმედიც არ მაქვს.

რახან ამდენი გააკეთეს, წინასწარ არ გაგვაფრთხილეს და ასე ერთი ხელის მოსმით გამოგვყარეს (საახალწლოდ ასეთი .. საჩუქარი გაგვიკეთეს), იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ესენი ისევ სამსახურებში დაგვნიშნავენ. ვითომ კადრების განკარგულებაში ვართ, რეალურად გარეთ ვრჩებით.

- რას აპირებთ?

- გვნიდა, რომ სასამართლოს მივმართოთ. ამის შემდეგ ვნახოთ, პროცესები როგორ დაიწყება და წარიმართება. ჩვენი იურისტები მოვნახეთ, ვიწყებთ უკვე, სარჩელი უნდა შევიტანოთ და პროცესებს გავყვებით.

ექვსი წელი სამხედრო პოლიციაში ვმსახურობდი. როდესაც დავინიშნე, სავალდებულო წოდება რიგითი მქონდა. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ხელმძღვანელობას ჩემი მუშაობა მოეწონა, სამოქალაქო შტატზე გადამიყვანეს. ეს ადგილი ადრე კაპიტნის შტატი იყო. მაშინ პატრულის სამმართველოში შევდიოდით.

დაახლოებით ორი წლის წინ ბატალიონად გადაგვაკეთეს, ეს ჩვენი აღმოსავლეთ დანაყოფი შეიქმნა. შემდეგ მე ისევ გადმომიყვანეს, სამოქალაქო, კაპრალ-სპეციალისტის შტატზე დამნიშნეს. კაპიტნის შტატზე აღარ, რადგან ერთ-ერთი ასეულის საქმის მწარმოებელი ვიყავი.

ახლა მინისტრის განცხადებაში მოვისმინე, სამსახურიდან კაპიტნის შტატზე ვინც იყო ისინი დავითხოვეთო. ამ დროს ჩემთან ერთად თანამდებობაზე ასევე სხვა სხვა კაპრალ-სპეციალისტები იყვნენ და ისინიც გაუშვეს. ანუ არ განასხვავეს, თანამშრომელი რამდენი წელი მუშაობდა, რა სპეციალობა, რა გამოცდილება ჰქონდა დაგროვილი, დარწმუნებული ვარ, პირად საქმეებსაც არ გადახედეს. რადგან ისეთი კატეგორია გაგვიშვეს, ვისაც პირადი საქმე სუფთად გვქონდა. არც საყვედური მიგვიღია, არც ახსნა-განმარტება დაგვიწერია და მადლობების მეტი არაფერი გვქონია.

ამიტომ გასაშვები ხალხი რა კრიტერიუმებით შეარჩიეს, ესეც არ ვიცით.

- სასამრთლო გზით რის მიღწევას ცდილობთ?

- გვინდა, რომ ჩვენ სამსახურებში დავბრუნდეთ, რადგან არასამართლიანად გამოგვიშვეს. მივიჩნევთ, რომ ამ გადაწვეტილებასთან სამართალს არაფერი საერთო არ აქვს, ძალიან ბევრი ნიუანსი არის დარღვეული.

სამომავლოდ, რასაკვირველია, სამსახურში აღდგენას ვითხოვთ. აღმოსავლეთ ბატალიონში, როგორც მოგახსენეთ, შტატი გააუქმეს და იგივე თანამდებობაზე დაბრუნება ვერ მოხერხდება. მაგრამ დეპარტამენტში, სამსახურში დაგვაბრუნონ და მერე გადაწყვიტონ, ეს კონკრეტულად სად და როგორ განხორციელდება.

- რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ სასამართლო თქვენს აღნიშნულ მოთხოვნას გაიზიარებს?

- რატომღაც გვგონია, რომ სასამართლომ ჩვენი არგუმენტები უნდა გაიზიაროს. რადგან კანონი საჯარო სამსახურის შესახებ უბრალოდ თავზე დაიმხეს. ასე უცებ რეორგანიზაციის ჩატარება და ერთ კვირაში სამსახურებიდან ხალხის გაყრა, წამოუდგენელი ამბავია.

მე როგორც ვიცი, რამდენიმე თვით ადრე მაინც უნდა მოგვაწერინონ ხელი რაიმე დოკუმენტზე და გაგვაცნონ რეალობა, რომ შესაძლოა რეორგანიზაცია ჩატარდეს; რომ ამის შემდეგ თქვენ კადრების განკარგულებაში გადახვალთ და მერე ან დაინიშნებით ან არაო. იმედიანად ვართ განწყობილი.

არიან თანამშრომლები, რომლებიც ბიულეტენზე იყვნენ გასულები, გუშინ დახურა ეს ბიულეტენი და სამსახუიდან მაინც გაუშვეს. და ეს აშკარა დარღვევაა. როდესაც თანამშრომელი ბიულეტენზე არის გასული, მას კადრების განკარგულებაში ვერ გადაიყვან. ფაქტია, რომ ეს ბიულეტენი გუშინ დახურა. ამიტომ სასამართლო ხელისუფლების იმედი გვაქვს, რომ სიმართლის მხარეს დადგება.

- სხვა სტრუქტურებისთვის ხომ არ მიგიმართავთ?

- სახალხო დამცველის ოფისში ვიყავით, საჯარო მოსამსახურეების უფლებების დამცველთან, დავით ნემსაძესთან. გვიპასუხეს, რომ ყველაფერი დარღვევებით არის გაკეთებული და სასამართლოს მიმართეთო. ანუ იგივე გვითხრეს.

ჩვენი იურისტები გვყავს და, შესაბამისად, ჩავაყენეთ საქმის კურსში. გამოვითხოვეთ დანიშვნისა და გათავისუფლების თაობაზე ჩვენი ბრძანებები და შეგვაქვს სარჩელი სასამართლოში.

ხაზს ვუსვამთ, რომ ოპტიმიზაცია უნდა განხორციელებულიყო არა ჩვენი სამსახურიდან გაშვებით, არამედ ამისთვის სხვა ხარჯები უნდა შეემოკლებინათ. პატივცემულები ბოლო მოდელის ლექსუსის ჯიპებით რომ დაბრძანდებიან, ჯერ ამდენ პრემიებსა და საწვავს რომ ითვისებენ, ცოტა ისე გაეკეთებინათ, რომ ეს სამსახურიდან გაყრა ჩვენ არ შეგვხებოდა. ამისთვის სხვა ხარჯები შეემცირებინათ და უფრო საკუთარი დანახარჯები მოეკლოთ. რათა ამდენი, ათასობით ადამიანი უმუშევარი არ დავრჩენილიყავით.

სამხედრო პოლიციაში ეს პროცესი ჩვენ შეგვეხო, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ხალხის გათავისუფლება მთელ შეიარაღებულ ძალებში მიმდინარეობს. ზოგადად, თავდაცვის უწყებაში ხალხის სამსახურებიდან ასე უაზროდ გაყრა ხდება და ეს ყველაფერი ძალიან არასამართლიანად მიმაჩნია.

სასამართლოს ჩვენი კუთხით მივმართავთ და ვნახოთ, იქ როგორ განვითარდება პროცესები.

- ფიქრობთ, რომ თავიანთი თანამდებობრივი ხარჯები არ შეიმცირეს ამ ოპტიმიზაციის პროცესში?

- რასაკვირველია, საკუთარი თავისთვის არავის არაფერი შეუმცირებია. ეს ჯოხი ისევ იმ ხალხზე გადატეხეს, ვინც დღე და ღამე ვშრომობდით. მე პირადად როგორც მოგახსენეთ ექვსი წელია ვმუშაობ და ჩემი საქმე ფორმაა. დამთავრებული მაქვს იურიდიული ფაკულტეტი, ბაკალავრის ხარისხი მაქვს, ჩემი საქმე სამხედრო ფორმაა. ახლა რომ ასე უცერემონიოდ გამომიშვეს, მათ ვეკითხები, სად წავიდე? მეტი ხელობა არ მაქვს.

ასევე ჩემთან ერთად გათავისუფლებული უფროსი ლეიტენატები, კაპიტნები, ბიჭები არიან, რომლებიც ათი წელია მუშობენ, ჩვენი ყველას საქმე სამხედრო ფორმაში ყოფნაა. მეტი ხელობა არ გვაქვს, არ ვართ მჭედლები, ხუროები, სხვა საქმე არ ვიცით,

უბრალოდ, როდესაც სახელმწიფო ასეთ ნაბიჯს დგამ, რაღაც ალტერნატიული ხომ უნდა შემოგვთავაზო? თავდაცვის სამინისტროს კუთხით, ნებისმიერ ადგილას ხომ შეიძლება რაღაც შეოგვთავაზო? ამ დროს არანაირ ალტერნატივზე საუბარი არ ყოფილა. ასე ერთი ხელის მოსმით სამსახურიდან გამოგვყარეს და გვეუბნებიან, რომ კადრების განკარგულებაში ხართო.

კი ბატონო, ვართ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ორი თვე ისე გავა, რომ არავის არსად დაგვნიშნავენ, თუ ვინმე პატრონი არ გამოვნახეთ. მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, როცა .. უპატრონოები ვართ.

- ამ საკითხზე მინისტრთან რამე სახის კონტაქტი ხომ არ გქონიათ?

- 5 დეკემბერს ყური რომ მოვკარი ჩვენი სამსახურებრივი შტატები უქმდებოდა, პირადად მე წერილი მივწერე. მეუღლე ძალიან მძიმედ მყავს, ხუთჯერ აქვს ხერხემლის ოპერაცია გაკეთებული ამ ექიმების დაუდევრობის გამო. პირადად მივმართე მინისტრს თხოვნით, რომ გთხოვთ ამ მდგომარეობაში მყოფს სამსახური შემინარჩუნოთო.

ამ წერილმა თავდაცვის სამინისტრო მოიარა. მოადგილეს, გენშტაბის უფროსს გაუგზავნეს, მერე ისევ დეპარტამენტის უფროსს დააწერეს, მან მოადგილეს და ისიც ჩვენ, აღმოსავლეთ ბატალიონს გადმოგვაწერეს. ამ ბატალიონში ეს შტატები თუ უქმდებოდა, ჩვენ ვინ დაგვნიშნავდა?

ამათ ისევ უკან, დეპარტამენტში გადაუგზავნეს, როგორც ხდება ხოლმე, საქმე ჩამოწერეს და ურნაში გადაუძახეს. შესაბამისად, წრეზე იტრიალა განცხადებამ და არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

ჩვენთან არიან ოთხი, ხუთშვილიანი თანამშრომლები, არ ვიცი, ზოგს მეუღლე დაღუპული ჰყავს, იმ კაცს დარჩა მარტო შვილებზე საზრუნავი... ვერ ვხვდები, ასე ერთი ხელის მოსმით რა გააკეთეს, ეს ხომ არანაირ კანონიერ თუ მორალურ ფარგლებში არ ჯდება.

წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე გავეფრთხილებინეთ მაინც, რაღაც სხვა სამსახურს მოვნახავდით. დღევანდელ დროში ხომ სამსახურის პოვნა ძალინ გართულებულია. უბალოდ, მოვემზადებოდით მაინც. ახლა კი საახალწლოდ სტრესი მივიღეთ, ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს.

ჩვენ უბრალოდ თავს ძალიან შეურაცხყოფილად ვგრძნობთ, რადგან ასეთი დამოკიდებულების ღირსი ნამდვილად არ ვიყავით. წლებია აქ ვმუშაობთ და ჩვენი ძალა და ღონე ამ სამხედრო პოლიციას შევალიეთ. ამიტომ არ ვიცი მათი მხრიდან ეს საქციელი რას მივაწერო. სრული მარაზმი და დანაშაულია, რაც მათ ჩაიდინეს.

ამიტომ იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მაინც თავის სიმაღლეზე დადგება. იურისტებიც გვეუბნებიან, რომ საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა. ჩვენი გათავისუფლების მუხლები რომ წამოვიღეთ, სრული დარღვევაა. ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ, რადგან წუთში ჩვენი უფლებები ფეხქვეშ გათელილია.

მე პირადად ძალიან შეურაცხყოფილი ვარ, რადგან ასე გამაგდეს. არც გასაუბრება ჩაუტარებიათ ჩენთვის, არც ტესტირება, არაფერი არ ყოფილა და ისე გამოგვყარეს სამსახურებიდან. სამხედრო პოლიციელს რომ ასე მოექცევი, სხვას რა ბედი ელოდება?

ამ მარაზმს მთელ შეიარაღებულ ძალებში აქვს ადგილი. გმირ ბიჭებს, ომის მონაწილეებს აგდებან დაკავებული თანამდებობებიდან. რაც შეეხება .. ოპტიმიზაციას, ქამრები თვითონ შემოიჭირონ და ჩვენ ხარჯზე ნუ გადააქვთ ეს ყველაფერი, თორემ ძალიან ცუდად შემოუტრიალდებათ.

ჩვენი მეორე რესპონდენტიც ანალოგიურ მდგომარეობაშია, მას გარკვეული მიზეზების გამო ვინაობის დასახელება არ სურს:

- მეც სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის საპატრულო ასეულის უფროსი პატრული, უფროსი ლეიტენანტი ვიყავი. ჩემი ფუნქცია იყო სამხედრო ნაწილების კონტროლ-პატრულირება ქალაქის ტერიტორიაზე, თავდაცვის სამინისტროზე რიცხული ავტომანქანების კონტროლი, საბუთების შემოწმება, მათი ესკორტირება, ვინც თავდაცვის სამინისტროს ესტუმრებოდა. ასევე სამხედრო კოლონების, ტექნიკის გაცილება, ზოგადად, სამხედრო კონტროლი.

ერთ დღესაც, ჩემმა თანამშრომელმა დამირეკა და მითხრა, რომ სავარაუდოდ ჩვენი შტატები უქმდებოდა. ამაზე კოლეგამ დამირეკა და არა რომელიმე ხელმძღვანელმა პირმა.

მეორე დღეს სამსახურში მივედით, გადავწყვიტეთ, რომ მეთაურთან ავსაულიყავით. მაშინ გახდა ჩემთვის ცნობილი უფროსობისგან, რომ ჩვენი შტატები რამდენიმე დღეში გაუქმდებოდა. ეს იყო და ეს.

21 დეკემბერს წინასაახალწლოდ მოგვაწყვეს და გვითხრეს, რომ აღარ ვართ სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, - დამთავრდა ჩვენი კარიერა, შეგვეძლო ფორმა გაგვეხადა, საბუთები ჩაგვებარებინა და ..    

- გადაწყვეტილებას სამსახურიდან დათხოვნის შესახებ  თქვენი მხრიდან რამე პროტესტი არ მოყოლია?

- არა, რადგან კადრების განკარგულებაში ვართ და თუ ბევრსვიყვირებთ“, სავარაუდოდ, იმ ერთი თვის ხელფასსაც დავკარგავთ. კონკრეტულად ეს არავის უთქვამს, მაგრამ ამაზე გარკვეული მინიშნებაც იყო გაკეთებული.

ავიღებთ იმ ერთი თვის ხელფასს, გავა ეს პერიოდი და ამით ყველაფერი დამთავრდება. ანუ არავის ალტერნატიული გზა არ შემოუთავაზებია. უბრალოდ, გვითხრეს, რომ მორჩა, თქვენ აღარ ხართ სამხედრო პოლიციის თანამშრომლებიო.

დაახლოებით წელიწადნახევრის წინ ვიყავით კადრების განკარგულებაში, როდესაც ჩვენმა სამსახურმა სახელი შეიცვალა, ბატალიონი გავხდით. გადაგვიყვანეს კადრების განკარგულებაში და გვითხრეს, რომ იქნება ოთხი ეტაპი. თუ ამ ოთხ ეტაპს წარმატებით გაივლით, ჩაირიცხებით და ღირსეული თანამშრომლები იქნებითო. თუ ვერ გაივლით, მაშინ მოთხოვნებსაც ვერ დააკმაყოფილებთო.

ჩვენ ამისთვის მოვემზადეთ, დრო გვქონდა, ჩავაბარეთ. მანამდე შესაბამისი კურსებიც გავიარეთ და სამუშაოზე დავინიშნეთ. ასე ჰაერზე არ მივსულვართ და ჩვენი სამსახურში მიღება ნეპოტიზმის ნიშნით არ მომხდარა.

ახლა კი გვითხრეს, რომ თქვენ აღარ ხართო სამხედრო პოლიციის თანამშრომლებიო. შესაბამისად, ჩვენი პერსპექტივაც ბუნდოვანია. რაიმე დაპირება რომ ყოფილიყო, კიდევ იმედი გვექნებოდა. თავიდან მოვემზადებოდით და ყველაფერს ვიზამდით, რომ ჩვენი თავი უფრო წარმოგვეჩინა.

მაგრამ არავის მადლობაც არ მოუხდია ჩვენთვის. მარტო ბატალიონის მეთაური კი არაა, არის დეპარტამენტი, მას ჰყავს ხელმძღვანელი, მოადგილეები... ერთი ადამიანი მაინც უნდა მოსულიყო და ეთქვა, რომ რა ვქნათ,, გიშვებთ, ასე მოხდაო. მადლობა მაინც გადაეხადათ, რომ ხალხი ამდენი წლებია სამსახურს სწირავს.

ჩვენ ავაწყვეთ ეს სამსახური, ეს ბატალიონი. მთელი თვენახევარი გარეთ ვიდექით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. მანქანებში გვეძინა. ხის ქვემოთ იყო ჩვენი ოთახი, მოსასვენებელიც, სამუშაოც და ყველაფერიც. ამაზე არ ვწუწუნებდით, რადგან ეს ქვეყანას, ჩვენ გვჭირდებოდა, იქ ერთმანეთის გვერდით ვიდექით. მერე შენობაში სადაც შევედით, ჩვენივე ხელებით დავასუფთავეთ. მოკლედ, სამსახური ფეხზე დავაყენეთ, იმ ხელმძღვანელობას გვერდსი დავუდექით. იმ დროებამ ასე მოითხოვა.

წვიმა იყო თუ ქარი, ჩვენი ადგილი იმ ერთი ხის ქვეშ იყო, რომელიც მერე გაპუტეს კიდეც. მის ქვემოთ ვიჯექით, რადგან გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამსახური და აქ მარტო ხელფასი არ ყოფილა. ხელფასიც მნიშვნელოვანია, მაგრამ იმ პირობებში ადამიანი მარტო ხელფასის გამო ვერ გაძლებდა.

სამსახური აქამდე მოვიყვანეთ, ცოტა აეწყო, ამ დროს ადგნენ და გამოგვიშვეს.

- თქვენ ვის მიმართეთ?

- როგორც უკვე აღინიშნა, ერთდ იურისტებთან ვიყავით და სასამართლოს მივმართავთ.

- რას იმედოვნებთ?

- როგორც ვიცით, მთელ ამ პროცესს თავისი საფეხურები აქვს. სამსახურიდან გაშვებისას ადრევე გაფრთხილება უნდა იყოს. ამაზე დეტალურად ვერ მოგახსენებთ და ეს უფრო უკეთესად იურისტებმა იციან. წერილობით უნდა მოხდეს ამის გაცნობა, ხელმოწერით უნდა დავადასტუროთ და ბევრი სხვა ნიუანსია, რომელიც სწორად გაკეთებული არ აქვთ.

ბიჭებს მისცეს კომპენსაცია და ღმერთმა შეარგოთ, ხუთი და იმდენი მისცეს, მაგრამ ჩვენც ხომ ადამიანები ვართ? ისე გამოვიდა, რომ სამხედროები სამხედროები არიან და ჩვენ არაფერს წარმოავადგენთ. ჩვენც გვყავს ოჯახები, პრობლემები გვაქვს და ამ დროს მადლობის სათქმელადაც კი არავინ შეგვხვდა. საყვედური მაინც ეთქვათ, უვრაგისები ხართ და სასახურიდან ამიტომ გიშვებთო, - ესეც არ ყოფილა.

კადრების განკარგულებაში პირველ თვეს ჩვეულებრივ ხელფასს ვიღებთ, რასაც ვიღებდით, მეორე თვეში, როგორც ვიცი, 19 დღის ფულს მოგვცემენ და ამით ყველაფერი დამთავრდება.

ჩვენი მიზანი სამამართლოს გზით სამსახურში აღდგენაა. ჩვენ აქ ბანკებიდან და სხვა სამსახურებიდან არ მოვსულვართ. როდესაც 21 წლის გავხდი და ფორმა ჩავიცვი, დღემდე მეცვა და საკუთარი თავი სხვანაირად არ წარმომიდგენია. უბრალოდ, ახალგაზრდა ბიჭები ვართ და კარიერა ერთი ხელის მოსმით დაგვინგრიეს. ახლა, 40-50 წლის რომ ვიყო, უკვე პენსიაზე გავიდოდი და ვიტყოდი, რომ კაი, ასაკი ხელს აღარ მიწყობს-მეთქი. მაგრამ ყველაფერს ახლა ვიწყებთ, რამდემიმე წელია ეტაპობრივად წინ მივდივართ და უნდა განვვითარებულიყავით.

სპეციალური კურსები გაგვატარეს, მაშინ რატომ გვატარებდნენ, ჩვენ განათლებაზე ფულს რატომ ხარჯავდნენ?

მინისტრი ჩვენთან არც ყოფილა, არც მოუკითხავს სამხედრო პოლიციის ბატალიონები საერთოდ სად დგას. შემთხვევა იყო, ერთ-ერთი მოადგილე შარშან ახალ წელზე მივიდა, ეგონა, რომ სხვაგან იყო მისული და სამხედრო პოლიციაში აღმოჩნდა. ესეც არ იცოდა. ისიც თქვა, რომ ამ შენობაში კარგი საშინელებათა ფილმის გადაღება შეიძლებაო. დაგვცინა, შეურაცხყოფა მოგვაყენა, ხოლო ჩვენ დღემდე ადგილზე ვიყავით, ვითმენდით და საქმეს ვაკეთებდით, რადგან გვიყვარს ეს, სხვაგან თავი ვერ წარმოგვიდგენია. ჩვენი მოწოდება ეს არის.

კაცს შეეშინდა, ისეთ შენობში იყო მოსული. ხოლო ჩვენ ამ შენობაში გვეძინა, საქმეს ვაკეთებდით. სამსახურში რომ დროს ვატარებდით, ამდენი მშობლიურ სახლში არ გაგვიტარებია. დამატებით საათებშიც ვმუშაობდით და ყველა ხელმძღვანელობას გვერდში ვედექით. რომელიმეს რომ საყვედური გვქონოდა, საქმე ვერ გაგვეკეთებინა, კიდევ ვიტყოდით, რომ არ შეგვიძლია აქ მუშაობა და პროტესტსაც ვერ გამოვთქვამდით. მაგრამ როცა პირად საქმეში მხოლოდ მადლობები გაქვს და სამსახურებრივ მოვალეობასაც კარგად ასრულებ...

გასაგებია, რომ რეორგანიზაცია მოხდა, მაგრამ ხომ შეიძლება ეს სამართლიანობის ფარგლებში მოხდეს ან ჩვენი ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინონ? აგერ შოთას მეუღლე ცუდად ჰყავს, 5 ოპერაცია აქვს გაკეთებული, ერთადერთი შემოსავლის წყარო მისი სამსახური იყო. პირნათლად ასრულებდა თავის მოვალეობას, თორემ ისე ჰაიჰარად ჩვენთან ხელფასს არავინ იღებდა.

უბრალოდ, ეს გადაწყვეტილება ყველას ცუდად შემოუბრუნდება, რადგან ასეულობით ადამიანის ოჯახი ლუკმა-პურის გარეშე დატოვეს. მათ შვილებს თოვლის ბაბუამ ალბათ ბევრი საჩუქარი მიუტანა, ამ ხალხის შვილებს კი არაფერი ერგოთ. ბანკის ვალები ყველას აქვს და არაფერი, ერთ მშვენიერ დღესაც იღვიძებ და ფიქრობ, შვილს სახლში პური საიდან მივუტანო, სხვაზე კამფეტზე, შოკოლადზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია. ამ ყველაფერს არ ფიქრობენ და ასეთი ნაბიჯები ყველას ძალიან ცუდად დაუბრუნდება.

ამასთან, ჩვენთან ერთად არსებობს დანაყოფი, დასავლეთ მიმართულების ბატალიონი, იქაც ანალოგიური რამ განახორციელეს. არავის არაფერი უთხრეს, ჩვეულებრივად, იქიდინაც 40 თანამშრომელი სახლში გაუშვეს. აღმოსავლეთ ბატალიონიდან კი 100 კაცი გაგვიშვეს. ყველა მზად არის ხმამაღალი პროტესტი გამოთქვას, არავის არ ეშინია. კადრების ვადა როცა გავა და არაფერი, სასამართლო გზასაც შედეგი თუ არ მოყვება, მერე უკვე სხვადასხვა ზომებს მივმართავთ.    

ამ თემაზე კომენტარისთვის, „ქრონიკა პლუსი“ თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა. მათგან ასეთი შინაარსის განმარტება მივიღეთ: 

- სტრუქტურული რეორგანიზაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ბატალიონის საქმის მწარმოებლის, შოთა მათითაიშვილის მიერ გამოთქმულ ბრალდებებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ  შოთა მათითაიშვილი სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონში  საქმის მწარმოებლად მუშაობდა, რომელიც ამჟამად იმყოფება კადრების განკარგულებაში.

აღნიშნული რეორგანიზაცია შეეხო სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ და დასავლეთ ბატალიონებს.

ფუნქციურად სამხედრო პოლიციის ბატალიონებს უძლიერდებათ სამხედრო ფუნქციები და მათი დანიშნულება არ შემოიფარგლება მხოლოდ პატრულირების განხორციელებითა და მართლწესრიგის დაცვის ღონისძიებებით. არამედ დაემატება მობილურობის მხარდაჭერის რეკოგნოსცირების, უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ლტოლვილთა ნაკადისა და ტყვეთა დაცვის კონტროლის ფუნქციები, რაც თავისთავად მოითხოვს სამხედრო ელემენტებს.

შესაბამისად, ბატალიონებში გაუქმდა ეგრეთ წოდებული ვარსკვლავიანი თანამდებობები, სადაც შეიძლებოდა დანიშნულიყო როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო ან სპეციალური წოდების მატარებელი პირები და საშტატო ერთეული ჩანაცვლებულ იქნა სამხედრო საშტატო ერთეულით, ერთადერთი სამოქალაქო შტატი არის იურისტის შტატი.

ასევე საპატრულო ასეულები და მასში შემავალი საპატრულო ჯგუფები შეიცვალა სამხედრო პოლიციის ასეულებით და გადავიდა ასეულებში შემავალი ოცეულების სისტემაზე, რამაც გამოიწვია ბატალიონებში ოფიცერთა გაზრდილი რაოდენობების შემცირება (საპატრულო ჯგუფებში თითქმის ნახევარი ოფიცრის შტატი იყო).

ყოველივე ზემოაღნიშნული ღონისძიებების მიზანი იყო, ბატალიონებში სამხედრო კომპონენტების გაზრდა, რაც განაპირობებს სამხედრო შესაძლებლობების გაძლიერებას სამხედრო პოლიციის ბატალიონებში.

რაც შეეხება კომპენსაციების გაცემისა და რეორგანიზაციის შედეგს, მოგახსენებთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რეორგანიზაციის შედეგად კადრების განკარგულებში გადავიდა სამხედრო  პირების შემდეგი რაოდენობა:  76 ოფიცერი და  88 კაპრალ-სერჟანტი.  209 ოფიცერმა კი ერთჯერადი გასასვლელი დახმარებით, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა შეიარაღებული ძალები. მათზე გასაცემი კომპენსაციის მთლიანმა თანხამ 5 197 500 ლარი შეადგინა. ხოლო კომპენსაციების განაკვეთი განისაზღვრა წოდებების მიხედვით:

• ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი - 10 ათასი ლარი.

• კაპიტანი - 14 ათასი ლარი

• მაიორი - 18 ათასი ლარი

• ვიცე-პოლკოვნიკი - 23 ათასი ლარი

• პოლკოვნიკი - 29 ათასი ლარი.

ოპტიმიზაცია შეეხო ძირითადად სამოქალაქო პირებს, რომელთა რაოდენობაც შეარაღებულ ძალებში 4870 იყო. მათგან ე.წ. „ვარსკვლავიან“ შტატზე (საშტატო ერთეული, რომელიც იძლევა პირის სამხედრო წოდებით, სპეციალური წოდებით ან სამოქალაქო პირად (მოხელედ) დანიშვნის შესაძლებლობას) დანიშნული 3181 პირი და 1689 შტატგარეშე მოსამსახურე. ამ დროისთვის კადრების განკარგულებაში 502 სამოქალაქო პირია გადასული.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის პროცესი 2016 წლის სექტემბრიდან დაიწყო. სამინისტროს ახალმა ხელმძღვანელობამ მოსვლისთანავე შეიმუშავა სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმა.  

რეფორმის მიზანი,  ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან  გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით,  ნატოსთან თავსებადი, თავდაცვისუნარიანი  შეიარაღებული ძალების შექმნა და  სრულყოფაა, რაც  უწყებაში ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის, ბიუროკრატიული აპარატის შემცირების, დუბლირებული ფუნქციების აღმოფხვრის და უფუნქციო საშტატო ერთულების  გაუქმების  გზით უნდა განხორციელდეს. 

ოპტიმიზაციის პროცესი თავდაცვის სამინისტროში მმართველი რგოლიდან დაიწყო, რაც მრჩეველთა ინსტიტუტის გაუქმებაში გამოიხატა. შედეგად, მხოლოდ ამ გადაწყვეტილებით, დაიზოგა 389 556 ლარი, რომელიც მინისტრის და მისი მოადგილეების  10  მრჩევლის წლიურ ანაზღაურებას შეადგენდა.  მრჩევლების შტატი გაუქმდა გენერალურ შტაბსა და ქვესტრუქტურებშიც. მთლიანობაში დაიზოგა 1 მილიონ ლარზე მეტი.

2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს  670  მილიონიან ბიუჯეტში  67%  მხოლოდ სახელფასო და სოციალურ ხარჯებზე მოდიოდა,  ხოლო 33 %  ტექნიკის,  ტყვია-წამლის და სხვა საჭიროებებზე იყო გათვლილი, რაც  არასაკმარისი და გაუმართლებელი მიდგომაა, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც ნატოს სტანდარტით, ბიუჯეტში სახელფასო და ადმინისტრაციული ხარჯი 50-დან 53 %-მდე განისაზღვრება. შესაბამისად, სტრატეგიული პარტნიორებისა და ექსპერტების ყველა რეკომენდაცია, თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად, სწორედ ბიუჯეტის დაბალანსების და ეფექტურად განკარგვის საკითხს ეხება.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია