მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ზურაბ სიხარულიძე: პროფესიულ საქმიანობას მიზღუდავენ, მე და ჩემი გუნდი სრულ ტერორში ვართ - 07 მარტი 2017

"სახელმწიფო გარკვეულ სერვისებს პირდაპირი წესით ვერ ყიდის და ტენდერში ისეთ პირობებს დებს, რომ ეს მხოლოდ ერთ დაწესებულებაზე არის მორგებული"

ufleba.ge

"მე ავირჩიე ეს მთავრობა იმიტომ, რომ წინა მთავრობის დროს ვიყავი სრულიად დაუცველი, მდევნიდნენ და არასტაბილურობის შეგრძნება მქონდა! ახლა მიზღუდავენ პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობას 2015 წლის დეკემბრიდან. მე და ჩემი გუნდი სრულ ტერორში ვართ, არ დარჩა შეზღუდვა, რომელიც არ დაგვიწესეს. პერმანენტულად შემოწმების რეჟიმში ვართ! ახლაც შემიზღუდეს პროფესიული საქმიანობა და ისევ წნეხის ქვეშ ვართ, ვინაიდან გაურკვეველი პროფესიის ადამიანები მართავენ დღეს დარგს და მეუბენებიან, შენთან რატომ მოდის პაციენტიო! 25 წელი ამ დარგში ვარ, უმრავი ადამიანის ისტორიამ გაიარა ჩემ თვალწინ! მინდა ვიმუშაო, მეტი არაფერს ვითხოვ! სულ სტრესში და გაურკვევლობაში ვარ მეც და ჩემი გუნდიც! მინდა სტაბილურობის და დაცულობის განცდა! თუ არ ვარგივარ, თუ ვაშავებ რამეს, თუ ჩემი ცოდნა და გამოცდიელბა არავის სჭირდება, მითხრან პირდაპირ. ასე ნელ-ნელა რატომ გვაწვალებენ და დამთავრდება ეს წამებაც! საქართველოს მთავრობა | Gოვერნმენტ ოფ Gეორგია მომეცით უფლება შევასრულო ჩემი პროფესიული მოვალეობა მშვიდ და სტაბილურ გარემოში ან საერთოდ ამიკრძალეთ მაშინ!", - წერს ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე "სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე

ამ თემაზექრონიკა პლუსისამედიცინო ცენტრ "ურანტის" ხელმძღვანელს, ზურაბ სიხარულიძეს ესაუბრება:

- ბატონო ზურაბ, რა ფორმით გიზღუდავენ პროფესიული საქმიანობას?

- სახელმწიფო გარკვეულ სერვისებს პირდაპირი წესით ვერ ყიდის და ტენდერში ისეთ პირობებს დებს, რომ ეს მხოლოდ ერთ დაწესებულებაზე არის მორგებული. ეს არის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, რომელიც წლებია სახელმწიფო "შეპესეა" 100%-იანი წილით. ეს დაწესებულება, სხვადასხვა მიზეზების გამო, სკანდალში ბევრჯერ მოხვდა.

რეალურად, ჩვენ ამ დაწესებულების ქვეკონტრაქტორი ვართ და ყველანაირად გვიზღუდავს საქმიანობას; მიზანმიმართულად მივყავართ გაკოტრებისკენ, რადგან ჩვენ კერძო დაწესებულება ვარეთ. ამის შემდეგ დარჩება ერთადერთი მონოპოლია, რომელიც ნარკოლოგიაში ამ სერვისებს განახორციელებს.

- მსგავსი პოლიტიკის გატარებისას ხელისუფლების მოტივაცია რა არის?

- სახელმწიფო იძახის, რომ არაფერ შუაშია, - სერვისი გავყიდე, ამან იყიდა და ის მისი პრეროგატივააო. ამაში არ ვერევი, მხოლოდ გავყიდეო. მაგრამ ისე გაყიდა, რომ ვერავინ იყიდდა, მის (ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი) გარდა.

შესაბამისად, რამდენიმე წელია (2014-დან) ერთ სახელმწიფო დაწესებულებაზე მორგებულ ტენდერს აცხადებს, რომელსაც ის დაწესებულება პირდაპირ ყიდულობს, ყოველგვარი პრობლემის გარეშე.

- უფრო გასაგებ ენაზე ეს რას ნიშნავს?

- სახელმწიფოს გარკვეული ჩინოვნიკები დაინტერესებული არიან, რომ ამ დაწესებულებამ სფერო მთლიანად აკონტროლოს და მასში სხვამ არ ჩაიხედოს. რეალურად, მათ მიერ მიწოდებული სერვისი იყოს გაუმჭვირვალე, ამას სხვა დაწესებულება არ ახორციელებდეს და, შესაბამისად, ყველაფერი მათ ხელში იყოს მოქცეული.

- ამ ჩინოვნიკებზე რა შეგიძლიათ გვითხრათ?

- ეს არის სოციალური მომსახურების სააგენტო სააგენტო და პოლიტიკის დეპარტამენტი. აქაც ზუსტად იგივე ხდება, რაც ფსიქიატრიაში იყო, იგივე პროცესი მიმდინარეობს ნარკოლოგიაშიც.

- და ფსიქიატრიაში რა პროცესი მიმდინარეობს?

- დაფინანსების შემცირების გამო, კერძო კლინიკები დაიხურა. ჩვენ ისედაც მინიმალური დაფინანსებით ვმუშაობთ, პაციენტების 40%- ვემსახურებით და ბიუჯეტიდან სულ 17%-ის დაფინანსება გვაქვს. დანარჩენი 83% იმ ცენტრზე მიდის. არავინ არაა მისი შემმოწმებელი, მომკითხავი, თუ სად მიდის ეს თანხა და როგორ ნაწილდება.

ამ დროს ძირითადი თანხა ადმინისტრაციულ რესურსზე ნაწილდება. ცენტრის სათავეში არიან ყოფილი სამართალდამცველები, ჩინოვნიკები, რომლებიც სამინისტროდან მოხსნეს, ამ ცენტრში დანიშნეს და ..

რეალურად, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის ცენტრი დასაქმების ბიუროდ არის ქცეული.

- თქვენი მხრიდან სამედიცინო მომსახურება როგორია?

- იმისთვის, რომ პაციენტი ჩვენთან არ მოვიდეს, ახლა მაგალითად ლიმიტი დაგვიწესეს და პაციენტების მიღება შეგვიწყვიტეს. ეს ჩემი პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას ნიშნავსეს პაციენტის უფლებების დარღვევაა, რადგან პაციენტს უფლება აქვს სერვისი იქ მიიღოს, სადაც სურს; იმ ექიმთან და იმ დაწესებულებაში, რომელიც აღნიშნულ სერვისს ახორციელებს.

შეგვზღუდეს, მიღება დაგვიხურეს, ახლა სულ 1150 კაცს შეგვიძლია მოვემსახუროთ. რეალურად, კიდევ 1244 კაცი გვყავს. ახლა იძულებული ვართ, რომ ჩვენთან მოსული პაციენტები მათთან გავუშვათ, რომ ქუჩაში არ დარჩნენ. ანუ ამ წუთში რეკრუტის როლს ვასრულებთ. პაციენტი ჩვენთან მოდის, მაგრამ ცხელ ხაზზე რომ რეკავენ, იქ ეუბნებიან, რომ ასეთი გადაწყვეტილებაა მიღებული.

შეგიძლიათ ეს გადაამოწმოთ, ცხელ ხაზზე დაურეკოთ და უთხრათ, რომურანტშიგინდათ ჩანაცვლებით თერაპიაში ჩართვა და გაიგებთ იქ რასაც გეტყვიან.

- პაციენტი თქვენთან მოსვლას რომ ვერ ახერხებს, ეს რა შედეგებს იწვევს?

- ის იქნება გაღიზიანებული და აგრესიული, რადგან, მაგალითად, ლესელიძეზე ცხოვრობს და ცენტრი მასთან ახლოსაა. ან დავუშვათ ეს პაციენტი ჩვენთან წლებია მკურნალობს, მერე უცხოეთში წავიდა და დაბრუნდა, მას ჩვენ ვეღარ ვესახურებით და იძულებულია სხვა დაწესებულებაში წავიდეს.

ისინი ამბობენ, - რა მნიშვნელობა აქვს სად მოვა პაციენტი და სად მიიღებს მომსახურებასო. მაგრამ პაციენტისთვის ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ექიმს მიჩვეულია. ბოლოს და ბოლოს, ადამიანი დალაქს ეჩვევი და ყველგან დაყვები, სადაც დადის. ელემენტარული შედარება რომ გავაკეთოთ.

და ეს ადამიანები ჩვენთან უკვე წლებია დადიან. ესენი გუშინ და დღეს მიღებული პაციენტები არ არიან.

- თქვენი დაკვირვებით, "ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის" სამედიცინო მომსახურება როგორია, ადმინისტრაციული დანახარჯები ახსენეთ...

- შეგიძლიათ იკითხოთ, იქ მედპერსონალს ჩვენებთან შდარებით 40%-ით ნაკლები ხელფასი აქვსრადგან მათი ძირითადი რესურსი ადმინისტრაციის შენახვაზე მიდის. ექიმებს საკმაოდ დაბალი ხელფასი აქვთ. რეგიონებში არის ძალიან მძიმე სიტუაცია და ექიმები სამსახურებს ტოვებენ.

ქობულეთის მაგალითი შემიძლია გითხრათ. ქობულეთში ეს მოვლენები ზუსტად ახლა ხდება, როცა ექიმები განცხადებებს წერენ და მიდიან. ექიმი თბილისიდან ჰყავთ გაგზავნილი, რადგან ადგილობრივ კადრს ასე დაბალ ხელფასზე მუშაობა არ სურს.

ამ მხრივ ძალიან ცუდი სიტუაციაა, რადგან ამ სერვისის ძირითადი მიმწოდებელი სწორედ მედპერსონალია. აქ სხვა დანადგარები არ არსებობს და არც სხვა არანაირი მექანიზმებია. ანუ ეს არის მედპერსონალისა და პაციენტის ურთიერთობა, რაზეც რეალურად აგებულია ეს მომსახურება. ამ სერვისში მთავარი მოქმედი პირი მედპერსონალია. ამ პერსონალს საკმაოდ მძიმე, რისკის შემცველ სამუშაოსთან უწევს შეხება. ნარკოტიკთან აქვს საქმე, საკმაოდ მძიმე დამოკიდებულების მქონე პაციენტებთან და ..

ამ შემთხვევაში მედპერსონალს მოტივაცია თუ არ გაუჩინე, შესაბამისად, მასაც არ ექნება ის მოტივაცია, რომ ამ პაციენტს კარგად მოუაროს. ამიტომ ამ დარგში ჩვენი მთავარი იარაღი პაციენტთან მოპყრობაა, მასთან ისეთი ურთერთობის დამყარებაა, რომ მან ძალიან კარგი სერვისი მიიღოს.

შესაბამისად, ეს ყველაფერი ძალიან რთულდება, როდესაც სამედიცინო პერსონალი ასეთ დღეშია.

- მედპერსონალის აღნიშნული მდგომარება კიდევ რით არის გამოწვეული?

- მისი დაშინებით, 19 რეორგანიზაცია ჩატარდა ბოლო ორი წლის განმავლობაში აღნიშნულ დაწესებულებაში. ესეც საჯარო ინფორმაციაა, როგორც აღვნიშნე, ეს ცენტრი სახელმწიფო "შეპესეა" და შეგიძლიათ მოიკითხოთ. ძალიან მაღალი დონის პროფესიონალმა ექიმებმა, დოქტორებმა, პროფესორებმა ეს დაწესებულება ზუსტად ამ არაადამიანური მოქცევის გამო დატოვეს.

- "ფეისბუქზე" წერთ, რომ პერმანენტულად შემოწმების რეჟიმში იმყოფებით, ეს კონკრეტულად რა ფორმებში გამოიხატება?

- სულ გვიჩივიან, მაგალითად 2015 წლის იანვრიდან, ასევე 2016 წლის იავნარში რომ შემოვიდა ჩვენთან რეგულირების სააგენტო, ეს მათი საჩივრის საფუძველზე მოხდა. მთელი ოთხი თვე გვამოწმებდნენ, რამეს ხომ არ ვაშავებდით. მაგრამ ვერაფერი აღმოაჩინეს, ტექნიკურ შეცდომების გარდა.

მანდ კიდევ ერთ სერიოზული პრობლემას ჰქონდა ადგილი, ეს გლობალური ბიუჯეტის ამბავია და ცოტა შორს წაგვიყვანს...

მაგრამ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენეს. ზაფხულში ხომ ტენდერი საერთოდ არ გამოგვიცხადეს. ზაფხულის მოვლენებზე ჩემს "ფეისბუქს" თვალს თუ გადაავლებთ, მიხვდებით თუ რა მდგომარეობაში ჩაგვაგდეს.

ამაზე საპროტესტო აქციებიც კი მოვაწყვეთ ჯანდაცვის სამინისტროსთან. სანამ ათასი პაციენტი არ მივიდა ჯანდაცვის სამინისტროსთან, მანამდე ზუსტადაც ჩვენი დახურვა უნდოდათ. რეალურად, საშინელ დღეში ჩაგვაგდეს, შეგვიმცირეს ბიუჯეტი, ერთი თვე საერთოდ არაფერი არ გადაგვიხადეს. მოკლედ, ძალიან ცუდ დღეში ვართ აღნიშნული დაწესებულების გამო.

სულ ტერორში, დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ვიმყოფებით, მიუხედავად იმისა, რომ არანაკლებად მაღალხარისხიან სერვისს ვაწვდით, ინვესტიცია გავაკეთეთ, მაინც ყველანაირი შეზღუდვა დაგვიწესეს. რეგიონში პროგრამა არ გაგვახსნევინეს, წაგვართვეს პროგრამა თბილისში...

თავის დროზე ეს სერვისები ჩემი და რამდენიმე ჩემი კოლეგის (რომლებთან ერთად დღეს ერთ გუნდში ვმუშაობთ), ჩვენი ინტელექტუალური რესურსის გამოყენებით გაიხსნა მთელ საქართველოში. ჩვენ ვიყავით, ვინც ეს ყველაფერი გავაკეთეთ, თავისი საკანონმდებლო ბაზიდან დაწყებული დოკუმენტაციით დამთავრებული, ამ პაციენტების მიღებით, ასევე სტაფის ტრენინგებით და ..

გვდევნიან იმიტომ, რომ მათთვის ძალიან ძლიერი კონკურენტები ვართ, პაციენტი ჩვენთან მოდის, საკმაოდ მაღალი დონის სერვისს ვაწოდებთ. ამ დროს ყველანაირ შეზღუდვას გვიწესებენ, რომ ხარისხიანი მომსახურება ვერ მივაწოდოთ.

- ეს პროცესი სადამდე შეიძლება გაგრძელდეს?

- ბოლოს და ბოლოს დაგვხურავენ და ამით ყველაფერი დამთავრდება. ჩვენ ისეთ პირობებს შემოგვთავაზებენ, როგორც ეს ფსიქიატრიაში გაუკეთეს კერძო დაწესებულებებს, ისეთ ბიუჯეტს შემოგვთვავაზებენ, რომ...  ვერ შევდივართ ტენდერში, რადგან წამოყენებული პირობები პირდაპირ აღნიშნულ დაწესებულებაზე არის მორგებული. ვერ ვხვდები, ეს პირდაპირი მიყიდვით რატომ არ ხდება. ალბათ, მაგდენს ვერ ბედავენ, მაგრამ ეს რეალურად პირდაპირი მიყიდვის წესით არის გაკეთებული, ეს ტენდერიც სრულიად ფორმალობაა.

- ხომ არ იცით, ამ საკითხისადმი მინისტრის დამოკიდებულება როგორია?

- ზაფხულში მინისტრი ჩაერია და ჩვენ ზუსტად მისი მეშვეობით გადავრჩით. სამწუხაროდ, ეს დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში არ არისეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, მაგრამ ეს დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს ყველა ყოფილი კადრით არის გავსებული. ყოფილი მაღალჩინოსნებით და ..

- გამოსავალი სად არის, რომ უპირველესად პაციენტების უფლებები დაცული იყოს?

- ამ დარგში ელემენტარული სამართლიანობა უნდა არსებობდეს. ჩვენ რომ ამდენი წლები გვამოწმებენ, ადგნენ და ისინი შეამოწმონ. გამოცხადდეს სამართლიანი ტენდერი და ყველას შეეძლოს მასში მონაწილეობა.

ეს არის ჩვეულებრივი სერვისი, რომელიც სხვა სერვისებისგან არაფრით განსხვავდება. ჩვეულებრივ ნარკოლოგიურ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს ეს სერვისი, თუ ის სრულყოფილია და, ზოგადად, ნარკოდამოკიდებულების მკურნალობასთან დაკავშირებით სერვისს ახორციელებს.

ისე საუბრობენ, რომ თითქოს სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს კონტროლი. მაგრამ რა კონტროლზეა საუბარი, როდესაც ორი წლის განმავლობაში პროგრამის მიხედვით არცერთი შემოწმება იმ დაწესებულებში არ ჩატარებულა. ზოგადად, რა კონტროლზეა საუბარი, როცა პირდაპირ შეკრულები არიან.

ჩვენი დიდი ეჭვი გვაქვს, რომ კორუფციული გარიგებებია მათ დაწესებულებასა და ჯანდაცვის სხვადასხვა დეპარტამენტებს შორის. რადგან ესენი ერთმანეთის ყოფილი თანამშრომლები არიან, რომლებიც ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან. მარტო მათ ეძახიან, მხოლოდ ისინი მონაწილერობენ პროგრამებში და ..

ჩვენ მაგალითად, სამი თვის განმავლობაში ვცდილობდით პოლიტიკის დეპარტამენტთან დაკავშირებას და ვერ დავუკავშირდით. უამრავი წერილი მივწერეთ შეხვედრაზე და პასუხიც კი არ მიგვიღია ამ პოლიტიკის დეპარტამენტიდან. მერე ეს დეპარტამენტი ამბობს, რომ კონსულტაციები გავიარეთო. ვისთან გაიარეს, როცა ჩვენ არანაკლები მიმწოდებელი ვართ და ქვეყანას სერვისის 40%- ვაწვდით. ანუ არ ვართ ის დაწესებულება, სადაც ორ და სამ პაციენტზე შეიძლება იყოს საუბარი. როგორც მძლავრი ორგანიზაცია ვმონაწილეობთ კვლევებშიც, ძალიან დიდი ინსტიტუციებია ჩვენთან ჩართული, შეერთებული შტატების, ევროპის და ..

უნივერსიტეტის ბაზა ვართ, გვაქვს რეზიდენტურა (ყველანაირი პირობებით), ჩვენთან ამ დარგში სამი დოქტორი მუშაობს და .. ანუ ის დაწესებულება არ ვართ, რომელსაც ანგარიში არ უნდა გაუწიონ. სამწუხაროდ, ამ ანგარიშს არ გვიწევენ, რადგან დიდ ეჭვია, რომ ადგილი აქვს რაღაც ფარულ, კულუარულ გარიგებებს და ..

- კიდევ ერთხელ მთავრობას მიმართავთ ამ პრობლემატიკაზე და რა რეაგირებას ელოდებით?

- ველოდებით, რომ მთავრობა ამ საკითხში ჩაერევა. ბოლო ჩვენ კრიზისში (რომელიც 2016 წლის ზაფხულში იყო), მთავრობა რომ არ ჩარეულიყო, ის დაწესებულება, რასაც კი მოისურვებდა, იმას გააკეთებდა.                       

ამ თემაზე საპასუხო კომენტარისთვის, „ქრონიკა პლუსიშპს. ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელს, ლაშა კილაძეს დაუკავშირდა:

- გამიჭირდება ამ ყველაფერზე სერიოზულად გიპასუხოთ, იმდენად აბსურდული დამოკიდებულებაა, რაზეც მითხარით. ძალიან ცუდია, თუ ბატონმა ზურაბმა ამგვარი პოზიცია დააფიქსირა, რადგან ის ამ პროგრამის ქვეკონტრაქტორი და მიმწოდებელი გახლავთ.

აბსოლუტურად გაურკვეველია ის თემა, რაზეც ბრძანებს, რომ თითქოსდა სატენდერო პირობებში კონკრეტული თემები და მოთხოვნები იყოს ჩადებული. ჩვენ ვართ დაწესებულება, რომელიც ამას საქართველოს მასშტაბით თბილისსა და ცხრა ქალაქში ახორციელებს და, მართალი გითხრათ, მიკვირს ამ მხრივ რა კონკრეტულ გარიგებაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ბატონი ზურაბი ან სრულყოფილად ვერ ერკვევა ამ პრობლემებში, ან ცოტა სხვაგვარი დამოკიდებულება აქვს. თუ მართლაც კორუფციული გარიგების შესაძლებლობაზე საუბრობს, ამას დამტკიცება სჭირდება. მისი ორგანიზაცია თვითონ მონაწილეობს ამ პროცესში და თუ ხედავს, რომ რაღაც კორუფციულ გარიგებასთან და საშინელებასთან გვაქვს საქმე, მაშინ, უბრალოდ, ამ პროცესში ჩართული და მონაწილე არ უნდა იყოს.

თუმცა ძალიან ხშირი კომუნიკაცია მაქვს და ამგვარი პოზიცია მას არცერთხელ არ გამოუთქვამს. ამიტომ ცოტა არ იყოს მაკვირვებს მის მიერ გაჟღერებული ასეთი დამოკიდებულება.

ვიმეორებ, რა პროფესიულ შეზღუდვაზეა საუბარი, როცა ბატონი ზურაბი ჩვენი ცენტრის ქვეკონტრაქტორია და თავისი სერვისის მიწოდებას ამ კონტრაქტის პირობებში ახორციელებს, ცენტრთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში. თუ რამე პრეტენზია ჰქონდა ამ პირობებთან დაკავშირებით, ჰქონდა აბსოლუტური უფლებამოსილება არ შემოსულიყო ტენდერში და მასში რომელიმე სხვა ორგანიზაცია გაიმარჯვებდა.

თუ ამ საკითხის მონოპოლიზება ხდება და პრეტენზიები გაქვს, ეს რაღაც ფორმით უნდა წარმოდგენილი გქონდეს.

თუმცა ჩემი, როგორც სპეციალისტის, გენერალური მენეჯერის და სახელმწიფო მოხელის პოზიცია ერთი გახლავთ, რომ ფსიქიატრია და ნარკოტიკზე დამოკიდებული ადამიანის მკურნალობა ბიზნესის წყარო არ უნდა იყოს. ბიზნესი ამ ტიპის ადამიანების პრობლემების მოგვარების საკითხს არ უნდა ეფუძნებოდეს, ეს ჩემი პოზიციაა.

თუმცა იმასაც განვმარტავ, რომ ეს ყველაფერი საქართველოს კანონმდებლობით რეგულირდება.

ახლა თუ იმაზე დავიწყებთ საუბარს, რომ რაღაც კონკრეტული პრობლემებია, კი ბატონო, ავდგეთ და განვსაზღვროთ, რა პრობლემებია და პოტენციურად რა კორუფციულ გარიგებაზე შეიძლება იყოს საუბარი. ეს ან დავადასტუროთ, ან უარვყოთ.

ეს დამოკიდებულება ჩემთვის ძალიან დიდი სიახლე და უსიამოვნებაა. თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ რაღაც კონტექსტურ შეცდომაზე ან ფრაზაზეა აქცენტი. არაბუნებრივია კორუფციაზე საუბრობდე და თან ისწრაფვოდე, რომ პროცესში ქვეკონტრაქტორის სახით ჩართული იყო.

რაც შეეხება ხელფასებს და ექიმების სამსახურიდან წასვლას, ეს აბსოლუტური ტყუილია, არცერთი ექიმი სამსახურს არ ტოვებს. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ნარკოლოგიის კუთხით პაციენტების ხარჯზე გამდიდრების, ბიზნესის კეთების თემა არააქტუალურია, ამიტომ ძალიან ცუდად ჟღერს ეს ყველაფერი.

ჯერ ერთი, ბატონ ზურაბს არავინ ეკითხება, ჩემს თანამშრომელს რამდენი აქვს ხელფასი. სჯობს თავისი თანამშრომლების ხელფასით დაინტერესდეს. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ ცენტრს თბილისის გარდა საქართველოს ცხრა ქალაქში განყოფილებები აქვს და ჩვენი მიზანია არა ის, რომ ექიმებს და მათ შორის ადმინისტრაციას ჰქონდეს უზარმაზარი ხელფასი, არამედ მთავარი პაციენტისთვის სრულყოფილი და ჩამოყალიბებული სერვისის მიწოდებაა.

ამიტომ სჯობს თავისი ხელფასის თაობაზე განაცხადოს და გაასაჯაროოს, ვის რამდენი აქვს და ვინ რა მოგებს იღებს ამ კუთხით, პაციენტების მიერ გადახდილი ფულით და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამის ხარჯზე.

ასე რომ, არცერთი ჩემი თანამშრომლისგან არ მსმენია, რომ მას დაბალი ხელფასი აქვს. თუ ბატონ ზურაბს სხვა ინფორმაცია აქვს, კეთილი ინებოს და რამე მტკიცებულებით დაადასტუროს.

ჩვენი ცენტრი მეთადონით ჩანაცვლების პროგრამის გარდა ახორციელებს ფსიქიატრიულ სერვისსაც, მათ შორის ფსიქიატრიულ ამბულატორიას და ფსიქიატრიულ-სტაციონარულ სერვისსაც. რა თქმა უნდა, ადმინისტრაცია მის ცენტრთან შედარებით უფრო მრავალრიცხოვანი გვყავს, აქ უფრო მეტი ადამიანია ჩართული, ვიდრე ერთი პროგრამის ადმინისტრირების კუთხით. მაგრამ ეს საზომი არ არის, რადგან ბატონი ზურაბი საერთოდ ორ პროგრამას ახორციელებს, ხოლო ჩვენი ცენტრი დაალხოებით სამჯერ-ოთხჯერ უფრო მეტ პროგრამებს ახორციელებს.

ასე რომ, ამ შემთხვევაში შედარება, რბილად რომ ვთქვათ, არარელევანტურია. თუ ბატონ ზურაბს ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც აინტერესებს, შეუძლია მომართოს ცენტრს და შესაბამისი სტრუქტურა ძალიან ნათლად, გამჭვირვალედ გასცემს ამაზე პასუხს. თუ რომელ სერვისში რა უფრო ხარჯთეფექტურია პაციენტის მომსხურების კუთხით და რა ხელფასი აქვს მათ შორის მენეჯმენტს.

ასე რომ, თუ ბატონ ზურაბს ასე სურს, მოდით გავასაჯაროოთ ეს პრობლემა. ავდგეთ და გავასაჯაროოთ ჩვენი ხელფასები და მიღებული ფულადი ბენეფიტები ამ პერიოდის განმავლობაში. არცერთი კუთხით პრობლემა არ გვაქვს.    

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია