მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პროფკავშირი: საქართველოს ფოსტა მენეჯმენტის არაკვალიფიციური, თვითნებური, გაუმართლებელი ქმედებების გამო ზარალდება - 15 მარტი 2017

„ყველა ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგიდან“ არიან, მადლიერების ნიშნად ხელისუფლებამ გუნცაძე რკინიგზაში და ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტაში დანიშნა“

ufleba.ge

რა პრეტენზიები აქვს კავშირგაბმულობის პროფკავშირს შპს „საქართველოს ფოსტის“ ხელძღვანელობასთან, რატომ მოინდომა ახალმა დირექტორმა (2012 წლის არჩევნების მერე დანიშნულმა) ლევან ჩიკვაიძემ თანამშრომლების უმეტესობის სამუშაოდან გაშვება, სისტემიდან 150 კაცის დათხოვნით რა ოდენობის ზარალი განიცადა ბიუჯეტმა, რატომ ამბობს დირექტორი, რომ სასამართლოს მიერ აღდგენილ თანამშრომელს მაინც არ დააბრუნებს ფოსტაში, კომპენსაციების გაცემასთან დაკავშირებით რა პოზიცია დაიკავა მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ქუმსიშვილმა, რატომ არის ლევან ჩიკვაიძე ერთდროულად „საქართველოს ფოსტის“, ლატარიის კომპანიის და  შპს „ექსპრესის“ დირექტორი, რატომ იღებენ ფოსტის დირექტორატის წარმომადგენლები  ხელფასზე ოთხჯერ აღმატებულ პრემიას, ამ და სხვა კითხებით „ufleba.ge-მ“ „კავშირგაბმულობის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარეს, სულიკო მაშიას მიმართა:

- საქართველოს ფოსტასთან დაკავშირებით ჩვენ, პროფესიულ კავშირს და იქ დასაქმებულ ათასობით ადამიანს სამართლიანობს დაცვის კუთხით ძალიან სერიოზული პრეტენზიები გვაქვს. ძირითადი დარღვევები 2012 წლის 19 ნოემბრიდან დაიწყო, როცა ფოსტის გენერალურ დირექტორად ლევან ჩიკვაიძე დაინიშნა. ამ დღიდან მოყოლებული მან იქ მომუშავეთა უმრავლესობის სამუშაოდან გათავისუფლება მოინდომა. 

პროფკავშირებთან გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების თანახმად, საქართველოს ფოსტაში დასაქმებულ ყველა ადამიანს უვადო და გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა. 

ჩიკვაიძემ თვითნებურად, კანონდარღვევით, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ამ ადამიანებს უვადო შრომითი ხელშეკრულება შეუწყვიტა და ერთთვიან, დამამცირებელ შრომით ხელშეკრულებაზე გადაიყვანა. ნათელი იყო, რომ ამ ერთი თვის გასვლის შემდეგ მათ სამუშაოდან გაათავისუფლებდნენ. იმ ერთთვიან ფულად კომპენსაციასაც არ მისცემდნენ (ხელფასის კომპენსაციას), რაც იმ დროს მოქმედი შრომითი კოდექსით იყო გათვალისწინებული. 

არც მალავდა, ეს იმიტომ უნდოდა, რომ აღნიშნული ფულადი კომპენსაცია არ მიეცა. ჩვენ ვუთხარით, - იცით რა, თქვენ დაზოგავთ რაღაც გარკვეულ თანხას, მაგრამ ამაზე ბევრად მეტს გადაიხდით, რადგან ადამიანების ასეთი სახით სამუშაოდან გათავისუფლება კანონის დარღვევა იქნებაო. 

მოკლედ, ასე გვიპასუხა, - მე ამერიკაში მაქვს დამთავრებული, თვითონ იურისტი ვარო და ა.შ. მაინც გაათავისუფლა. პირველი ტალღაზე 50 ადამიანი, მერე კიდევ 50 და სულ ექვასასამდე ადამიანის გაშვება უნდოდა. 150 გაუშვა, რადგან ჩვენ წინააღმდეობა გავუწიეთ. გაიმართა საპროტესტო აქციები ფოსტის შენობის წინ, მერე ნახეს, რომ მათი სამუშაოდან გაშვება ცოტა რთულდება და, მოდი, ყველას ტესტირება ჩავუტაროთო. 

წინა დღით უთხრეს, რომ ხვალ უნდა მოხვიდეთ აგრარულ უნივერსიტეტში და იქ ტესტირება უნდა ჩატარდესო. არც იცოდნენ, საერთოდ რაზე უნდა ჩაეტარებინათ ეს გამოცდა. იქაც მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქცია გაიმართა, მედიით გაშუქდა, მაგრამ ახალი დირექტორი თავისას აგრძელებდა. 

თანამშრომლების ნაწილი, 150 ადამიანი სამუშაოდან რომ გაუშვეს, ჩვენი წევრები არიან. მათ ვუხსნიდით, რომ დათხოვნა არაკანონიერია, რა თქა უნდა, მათ მაგივრად სარჩელის შეტანის უფლება არ გვქონდა. ავუხსენით, - თუ თქვენ მოინდომებთ, რომ სასამართლოში სარჩელი შეიტანოთ, ჩვენი მოვალეობაცაა, რომ ამის შედგენასა და შემდგომ დაცვაში მოგეხმაროთო. 

თავისთავად, ეს გავაკეთეთ კიდეც. ამ ადამიანებმა სასამართლოს მიმართეს. 150 კაცი იყო გათავისუფლებული, მაგრამ სასამართლოს 65-მა მიმართა. იმ პერიოდში ნაწილს ნდობა საერთოდ არ ჰქონდა, რომ პროცესის მოგება შეიძლებოდა. რეალურად, ეს მარტო საქართველოს ფოსტის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, რადგან ეს კომპანია სახელმწიფოს მმართველობაში იყო. 

მოკლედ, ვინც მოინდომა, დაიწყო მათი სასამართლო პროცესები. ისიც მართალია, რომ განხილვები ძალიან ჭიანურდება და დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. ზოგი სამ წელს უნდება, სანამ სამივე ინსტანციას გაივლის. აქედან 38-მა ადამიანმა პროცესი მოიგო, ვისთანაც საქმე დასრულებულია და სასამართლო გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული. ამ 38 ადამიანზე საქართველოს ფოსტის მიერ უკვე 900 ათას ლარზე მეტია გადახდილი. იმ 25 სარჩელის მოგების შემთხვევაში, დამატებით ალბათ 200-300 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ.

როგორც სასამართლო, ასევე ჩვენ მოპასუხეს ვეუბნებოდით, რომ ამ ადამიანებს მოურიგდითო. მოსამართლე ყველა სხდომაზე ვალდებლია ამ მოწოდებით მიმართოს. თან პრეცედენტი არსებობს, ამაზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებია და იქნებ მოურიგდეთ, რომ ნაკლები გახდეს საჭროო. არა და არა, არცერთ შემთხვევაში ამაზე არ წამოვიდნენ.

ფოსტის დირექტორმა განაცხადა კიდეც, რომ სასამართლო თუ აღადგენს ამ ადამინებს სამსახურში, მე მაინც საქართველოს ფოსტაში არ ვამუშავებო. მართლაც ასე მოხდა, აქედან 18-მა ადამიანმა ხელმეორედ მიმართა სასამართლოს და მათი ნაწილი უკვე ხელმეორედ დაკმაყოფილებულია. სასამართლომ მათზე ისევ სამსახურში აღდგენა გამოიტანა, რადგან სრულიად აშკარაა, რომ სამსახურიდან დარღვევებით იყვნენ გაშვებული. 

- ამ 18-დან ხელმეორედ აღდგენილი რამდენია?

- მათთან დაკავშირებით საქმეები სასამართლო ინსტანციებში გრძელდება. ორზე უკვე გამოტანილია გადაწყვეტილება ხელმეორედ სამსახურში აღდგებაზე და ამას იძულებითი გაცდენის ანაზღაურებაც აუცილებლად მოყვება, ეს აუცილებელი პირობაა.

აქ ყველაზე საინტერესო და შემაშფოთებელი რა არის. ეს ხომ პროცესია, უკვე მეოთხე წელია გრძელდება, ამ ხნის განმავლობაში ჩვენ სამივე პრემიერ-მინისტრს არაერთხელ მივმართეთ, ასევე ეკონომიკის მინისტრებს, სახელმწიფო ქონების პრივატიზების სამსახურის უფროს, ეკა სისაურს და ყველა დანარჩენ სახელისუფლებო ორგანოს.

ვეუბნებით, რომ ამით საქართველოს ფოსტა ზარალდება, მენეჯმენტის ასეთი არაკვალიფიციური, თვითნებური, გაუმართლებელი ქმედებების გამო და რაღაც ზომები მიიღეთო. 

- რას გპასუხობენ?

- ვიყავით ახლანდელ ფინანსთან მინისტრ ქუმსიშვილთან, მაშინ კვირიკაშვილის პირველი მოადგილე იყო ეკონომიკის სამინისტროში. პროფკავშირების ხელმძღვანელობა ვიყავით მასთან შეხვედრაზე და ფოსტის დირექტორიც დაძახებული გახლდათ. ვეკითხებით, თუ რატომ გაათავისუფლეს ეს ადამიანები. 

- როგორ, სწორად მოიქცა მენეჯმენტი, რომ მათზე კომპენსაცია არ გადაიხადაო, - გვიპასუხა.

ისე, წარმოდგენა რომ გვქონდეს, აღნიშნული კომპენსაცია იმ დროს რომ გადაეხადათ, სულ შეიძლება 50 ათასი ლარის ყოფილიყო. ეს მთლიანად გათავისუფლებულ ადამიანებზე რომ გაეშვათ. ახლა გამოვიდა, რომ უკვე მილიონზე მეტი უნდა გადაუხარდონ, როცა 900 ათასზე მეტი უკვე გადახდილია. 

თავისთავად ეს წაქეზება, აუცილებელი ზომების მიუღებლობაა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ვალდებული არიან, რომ რაღაც ზომები მიეღოთ. ან მორიგებაზე ეთქვათ რამე, რომ აი ამდენით ზარალდება ფოსტა, შეუთანხმდით ამ ადამიანებს და ა.შ. ამით გაცილებით ნაკლები თანხა დაიხარჯებოდა, მაგრამ არა, ასე არ მოქცეულან. 

თვითონ ჩიკვაიძეც გვეუბნებოდა, - თქვენ აბა რას ელოდებოდით, ქუმსიშვილს, ეკონომიკის მინისტრს თუ პრემიერს რომ მიმართავთ, ამით რას ელოდებით, რა, მე დასჯიან თუ რას იზამენ, ეს თქვენი ილუზიააო.

ჩვენ ვცდილობთ, რომ პირველ რიგში ადამიანის უფლებები დავიცვათ. მეორეც (რაც მთავარია), იქ დასაქმებული ადამიანები ამას რომ ხედავენ, პირდაპირ გვეუბნებიან, - რა სამართლიანობის აღდგენა, ყველაფერი პირიქით ხდებაო.

ზოგი ჩვენი ქმედების გამო უკმაყოფილოა, რომ ამით ვზარალდებით და რაც გვაქვს, ამ სამუშაოსაც დავკარგავთო. ასე დაშინებული არიან და ეს მიუღებელი პროცესი დღემდე გრძელდება. 

-კომპანიის ადმინისტრაციის მხრიდან ასეთ დამოკიდებულებას რას უკავშირებთ?

- ეს არის თვითნებობა, მართვაში არაკომპეტენტურობა და არაკვალიფიციურობა. სხვა ახსნა აქ როგორ შეიძლება? აშკარაა, რომ ზარალია და როცა ეს 50 ათასისაა, გაჩერდი მაინც და რეალური გამოსავალი ეძებე. არა, პირიქით, დაპირისპირების რეჟიმში შედიოდნენ ამ ადამიანებთან. ჯერ ერთი, რა უფლება აქვს დირექტორია თუ სხვა ვინმე, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულოს, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. 

კიდევ იცოდა, რომ ხელისუფლებიდან მთელ ამ პროცესს არავითარი რეაგირება არ მოყვებოდა. მართლაც ასეა, ხომ გეუბნებით, მეოთხე წელია საქართველოში სახელისუფლებო ორგანო არ არსებობს, რომელსაც ამ საკითხების გადაწყვეტა ხელეწიფება. პრობლემას არ წყვეტენ და კითხვა ისმის, რატომ?

ისიც ცხადია, რომ ესენი ყველა ორგანიზაცია „ამომრჩეველთა ლიგიდან“ არიან. ჰოდა, მადლიერების ნიშნად, ხელისუფლებამ გუნცაძე რკინიგზაში და ჩიკვაიძე საქართველოს ფოსტაში დანიშნა. ორივე ამ ლიგის წარმომადგენელია, 2012 წლის არჩევნებამდე რომ აქტიურობდა. ახლა თქვენ რომ გადახედოთ გინდა რკინიგზაში და გინდა საქართველოს ფოსტაში, უამრავი იმდროინდელი ამომრჩეველთა ლიგის წევრი მუშაობს. 

რა თქმა უნდა, ჩვენ დასაქმების წინააღმდეგი არ ვართ, რაც შეიძლება მეტი აიყვანონ სამსახურში, გინდ ამომრჩეველთა ლიგიდან იყოს, გინდაც სხვა ორგანიზაციიდან. მაგრამ იქ ვინც მუშაობს, რატომ უნდა დავჩაგროთ, გავათავისუფლოთ, არსებობის წყარო შევუწყვიტოთ და ა.შ.

- აბა, ჩვენ აქ ფოსტიდან ძალიან ბევრი ადამიანი იმიტომ უნდა გავათავისუფლოთ, რომ ესენი ზონდერები არიანო, - ამბობდნენ.

ვეუბნებოდით, - კი მაგრამ, ვინ არის აქედან ზონდერი? კი ბატონო, შეიძლება, არ უარვყოფთ, რომ იქ ვინმე შეიძლება ზონდერი ყოფილიყო, მაგრამ უბრალო ფოსტალიონი, კურიერი ან ოპერატორია ზონდერი? ის რა ზონდერია და სამსახურიდან რატომ ათავისუფლებ? თუ ვინმე გასაშვებია, ჯერ გამოიძიე და მერე გაათავისუფლე. 

აგერ უკვე სამსახურში აღდგენილი და თანხაგადახდილი თანამშრომლების სია გვაქვს. 25 სარჩელი კიდევ განხილვაშია, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი მალე დასრულდება. ეს ერთი ასპექტია, რაც ამ არაკანონიერ გათავისუფლებას და ზარალს ეხება.

ახლა მეორე თემაზე გეტყვით. ადრე ამ სფეროს მხოლოდ საქართველოს ფოსტა ემსახურებოდა. 2011 წლიდან საქართველოს ფოსტას საქართველოს ლატარიის კომპანია (70% სახელმწიფო წილი ფოსტას გადასცეს) და ასევე გადაზიდვების კომპანია შპს „ექსპრესი“  შეუერთეს. ძალიან საინტერესოა, რომ ეს კომპანიები ფინანსურად შპს საქართველოს ფოსტაში შედიან,  დაქვემდებარებაში და მასთან ანგარიშვალდებული არიან.

ამ სამივე კომპანიაში დირექტორი ერთი ადამიანი, ლევან ჩიკვაიძეა. ჩვენ ვამბობთ, რომ ასე არ შეიძლება იყოს და რატომ არ შეიძლება, - ეს პირდაპირი ინტერესთა კონფლიქტია. ვთქვათ, რომელიმე ამ შპს-ში რაღაც დარღვევა რომ მოხდეს, საქართველოს ფოსტის დირექტორმა რეაგირება უნდა მოახდინოს, აღკვეთოს და ა.შ. მაგრამ ამას როგორ მოახდენს, როცა იქაც დირექტორი თვითონაა? 

ჩვენ ეს არაერთხელ ვუთხარით როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე პირად შეხვედრაზე სახელმწიფო ქონების ეროვნულისააგენტოს თავმჯდომარეს, ეკა სისაურს. ვეუბნებით, რომ არ შეიძლება ამის გაკეთება. ჯერ გაიკვირვა, ეს მართალიაო? მერე კი თქვეს, რომ ეგრეა, ეს ხომ სახელმწიფო სამსახური არაა და ინტერესთა კონფლიქტიც არ არისო. 

ამ ფონზე, არაერთი დარღვევა იყო ლატარიის კომპანიში. სკანდალი ჯეკპოტის გათამაშებაში, საკმაოდ დიდ თანხებზე იყო საუბარი. ყველაზე დიდი შემთხვევა საგადასახადო კუთხითაა, კერძოდ, შემოსავლების სამსახურის 200 მილიონის დავალიანება აქვთ, რაც ღია მედიაწყაროებით ვიცით. 

ჩვენ ერთხელ გადავაცილეთ დეკლარაციის წარდგენა და უცბად დაგვაჯარიმეს, პროფკავშირების ანგარიშს ყადაღა დაადეს. იქ ამხელა თანხებზე საუბარი, გადასახადელია და არავითარ ზომებს არ იღებენ. 

ჩიკვაიძე ამბობს, რომ ეს მთლიანად ჩვენი დავალიანება არ არის, მე რომ მოვედი, 50 მილიონის დავალიანება იყოო, - მაგრამ ამას კიდევ 200 მილიონი დაემატა.

თანამდებობების შეთავსებას რაც შეეხება, ჩვენ მაკონტროლებელ ორგანოებს პირდაპირ ვუთხარით, რომ თქვენ ამ უმოქმედობით შექმნილ სიტუაციას ხელს უწყობთო. ყურებსაც არ იბერტყავენ.

ახლა მესამე საკითხი. მოსვლის დღიდან დირექტორატს (ოთხი თუ ხუთი დირექტორი ჰყავდა) ხელფასებზე ყოველთვიური პრემიები დაუნიშნეს. არ გინდათ იმ პრემიების ოდენობა იცოდეთ? ე.ი. მათ ხელფასს ოთხჯერ აღემატება. ამას თვითონ დირექტორებზე გეუბნებით და არა ჩიკვაიძეზე. მისი ანაზღაურება ცნობილია, 141 ათასი ლარის შემოსავალი აქვს წელიწადში, თვითომ ფოსტიდან პრემიას არ იღებდა. მაგრამ თავის დირექტორატში ყველას დაუნიშნა პრემიები, რომელიც მათ დიდ ხელფასს ოთხჯერ აღემატებოდა. 

ამაზე არაერთი პუბლიკაცია, სატელევიზიო გადაცემა გვქონდა. სტუდია „მონიტორმა“ ფილმი გააკეთა. უჩივლეს, არასწორი ინფორმაცია გამოაქვეყნეთო. ინტერვიუში ვამბობ, რომ ყოველთვიურად 12 ათასი ლარი აქვთ აღებული. ერთ-ერთმა ფინანსურმა დირექტორმა იჩივლა. ჩვენთან მოვიდნენ, დავაზუსტეთ და 12 ათასი არა, 11 ათას შვიდასი ყოფილა. ამ პრემიებს ორი წლის განმავლობაში იღებდნენ. ახლა მას ხელფასზე დანამატი დაარქვეს და მიღებას აგრძელებენ. 

უშუალოდ მათი მმართველი სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოა. სისაურს ვეუბნებით, რომ ქალბატონო ეკატერინე, ჩვენ დასაქმებულებს, საზოგადოებას გვაინტერსებს, რაში იღებენ ეს დირექტორები ამხელა პრემიებს, თან სისტემატურად?

ალბათ, კარგად რომ მუშაობენ, პრემიას ამის გამო იღებენო. 

ეს ხომ აბსურდია? იქვე ვუთხარით, - თქვენ რას ამბობთ, თუ ესენი ცუდად იმუშავებენ, მხოლოდ ხელფასს აიღებენ და თუ კარგად, ხელფასის ოთხმაგი პრემია უნდა აიღონო? ეს ხომ არ შეიძლება. პრემია კარგ სამუშაოზე უნდა მისცე, მაგრამ დირექტორი ისედაც ვალდებულია, რომ კარგად, გონივრულად მართოს კომპანია. ხოლო პრემია უნდა მისცე კურიერს, თუ ათი წერილის მაგივრად ოც წერილს ჩააბარებს. არა ისე, რომ დირექტორებმა მიიღონ მუდმივად ეს პრემიები.

ყველა ამ ქმედების გამო, არავითარი პროფესიული დიალოგი არ არის, პროფკომიტეტის თავმჯდომარე გამოაძევეს ფოსტის შენობიდან, შეუწყვიტეს ყველანაირი წყარო. მუშაკებზე ზეწოლას ახდენენ და თვითონ ყვითელი პროფკავშირი ჩამოაყალიბეს. შრომის კოდექსის უხეში დარღვევები ხდება. 

ამ ყველაფრის გამო, ბოლო დროს ეს კომპანია, საქართველოს ფოსტა ორჯერ მოხვდა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მოხსენებაში, როგორც ადამიანის უფლებების დამრღვევი კომპანია. 

ვეუბნებით, რომ თქვენ, ხელისუფლება, ვალდებული ხართ, რომ ამის წინააღმდეგ ზომები მიიღოთ, რადგან ჯერ ფინანსურად და ასევე სახელმწიფოს იმიჯს აზარალებთ. სასიამოვნოა ასეთი რამ? ამაზე არავითარი რეაგირება არ არის. ასევე ეს ყველაფერი სახალხო დამცველის ანგარიშში მოხვდა.

- გამოსავალს სად ხედავთ?

- პირველი რაც უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, ეკონომიკის სამინისტრომ, უნდა განიხილოს ლევან ჩიკვაიძის საკითხი, დაკავებულ თანამდებობას შეესაბამება თუ არა, აზარალებს თუ არა კომპანიას. თუ აზარალებს, ხომ უნდა მიიღოს სახელმწიფომ ზომები, რომ ეს ზარალი აღკვეთოს? ეს ერთი, რომელიც შეეხება თუნდაც სასამართლო განხილვებს, ზარალის გადახდას.

მეორე, სასწრაფო წესით უნდა განიხილონ მისი სამი დირექტორობის საკითხი.  ერთიმეორეზე ანგარიშვალდებული და დაქვემდებარებული კომპანიების დირექტორად შეიძლება მისი მუშაობა, თუ არ შეიძლება.

და მესამე, უნდა განიხილონ ეს გაცემული თანხები პრემირებაზე, დანამატებზე და ა.შ. რამდენად კანონიერია. ახლა ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლების სტრუქტურებში, იგივე  მერიაში პრემიებსაც იღებენ, დანამატებსაც, მაგრამ იცით რა არის, ხომ არ შეიძლება ეს პროცესი მუდმივად ასე გაგრძელდეს? ეს რაღაც ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული. პრემია შეიძლება ადამიანს ერთი ხელფასის ოდენობით მისცე, თუ ამას გონივრულად მიუდგები და არა ისე, რომ რამდენიც მოგესურვება იმდენი აიღო. 

ისინი იძახიან, რომ ეს „შეპესეა“ და ასე ამიტომ არისო. რას ქვია „შეპესეა“, სახელმწიფოს წილია ეს მოგება, პრემიები, სასამართლო დავებზე გადასახადები და ა.შ. ეს მოგებას, ესე იგი სახელმწიფოსა და მის ბიუჯეტს აკლდება. ამიტომ შესაბამისმა მესვეურებმა ეს საკითხი უნდა განიხილონ და საჭირო ზომები მიიღონ.

ერთს დავამატებდი, ჩვენი ქმედებების გამო საქმე ეკონომიკის სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურში განსახილველად გადაცემულია. უკვე ნახევარი წელია არავითარ ზომებს არ იღებენ. დუმილი გრძელდება და ჩვენ, საზოგადოება ვიძახით, როდემდე? რაც მთავარია, რა დამსახურების გამო პატიობენ ამ დირექტორს აღნიშნულ არაკანონიერ ქმედებებს. 

ჩვენ დასახელებულ პრობლემებზე "საქართველოს ფოსტის" ადმინისტრაციას მივმართეთ, საიდანაც პასუხი არ მიგვიღია. 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია