მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საფინანსო კომპანია საქართველოს“ დაზარალებული მეანაბრეები სამართალს ითხოვენ - 22 მარტი 2017

„დამფუძნებელს ლობისტი ჰყავდა, წარმოუდგენელია ადამიანმა 30 მილიონი მოიპაროს ან სახელმწიფომ ისე მოაპარინოს, რომ ამას კონტროლი არავინ გაუწიოს“

ufleba.ge

საფინანსო კომპანიასაქართველოსდაზარალებული მეანაბრეები საპროტესტო აქციებს მართავენ და შეტანილი თანხების ანაზღაურებას ითხოვენ. ეროვნული ბანკის წინ ერთ-ერთი ბოლო აქცია საყვირების ფონზე მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეებმა ეროვნულ ბანკს ფინანსური პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდეს.

„ufleba.geერთ-ერთ დაზარალებულს, ანა ძნელაძეს ესაუბრება.

- ქალბატონო ანა, როგორ დაზარალდითსაფინანსო კომპანია საქართველოსმხრიდან?

- საფინანსო კომპანიამ უკვე სექტემბერში ვეღარ შეძლო ძირის თანხებისა და პროცენტების გაცემა. მართალი გითხრათ, ჩემ ხელშეკრულებას იანვრამდე ვადა არ გასდიოდა, მაგრამ ყოველთვიურ პროცენტს ვეღარ ვიღებდით. ამაზე არაერთმა პიროვნებამ ფინანსურ პოლიციაში წერილი შეიტანა, რომელსაც ძირის თანხის გატანა უწევდა და ვერ გაიტანა.

შესაბამისად, კონკრეტულ პიროვნებებთან (მათ შორის, მერაბ ფერაძესთან) მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო.

- რატომ ვერ ასრულებდა კომპანია აღებულ ვალდებულებებს?

- რადგან ეროვნულმა ბანკმა უკვე შეზღუდვები დაუწესა. ეროვნულმა ბანკმა 14 აპრილს გააფრთხილა, უნდოდათ, რომ კვალიფიციურ სუბიექტად გამოეცხადებინათ, კომპანიისგან დაუყოვნებლივ საბუთებს ითხოვდნენ, თუმცა მათ ეს მოთხოვნა არ შეასრულეს. ეროვნულმა ბანკმა მხოლოდ ცხრა თვის შემდეგ, ანუ სექტემბერში კვალიფიციურ სუბიექტად ცნო.

ცხრა თვის განმავლობაში, ამ კომპანიაში არაერთი მეანაბრე შევიდა და თანხები შეიტანა. ეროვნულ ბანკს წინა წლებში კვალიფიციურ სუბიექტად რომ ეცნო (ამის გაკეთება უკვე 2013 წელს შეეძლოთ), ბევრი დაზარალებული ამ სიტუაციას გადავურჩებოდით. ამ პერიოდშიც კი, 2016 წლის აპრილიდან სექტემბრამდე კომპანიამ ქმედებები დააგვიანა, რის შედეგად ათასობით ადამიანი დაზარალდა

- ეროვნული ბანკის მხრიდან ასეთ ნაბიჯებს რით ხსნით?

- თავის დროზე, 2013 წელს პრეზიდენტი ქადაგიძე იყო, თუ არ ვცდები, ის თანამდებობაზე 2016 წლის თებერვლამდე რჩებოდა. როგორც კი სათავეში გვენეტაძე მოვიდა, პრინციპში, მან კანონიერი მოქმედება დაიწყო. ეს კომპანია კვალიფიციურ სუბიექტად უნდა ეცნოთ, რადგან 120 მილიონ დოლარზე გადიოდა. ეს ის თანხაა, როცა არათუ კვაფიციური სუბიექტის, შეიძლებოდა ბანკის წოდებაც მიენიჭებინათ.

ეს ჯერ კიდევ 2013 წელს უნდა გაეკეთებინათ, როდესაც იქ 400 კაცზე მეტი იყო, 5 მილიონზე მეტი ბრუნვა ჰქონდა და მაინც არ ცნეს. ამაზე ეროვნულ ბანკში გვიპასუხეს, რომ არაერთგზის მიმართეს ფინანსურ პოლიციას, სთხოვეს კომპანიაში შესულიყვნენ და გამოძიება ჩაეტარებინათ, თუ რამდენად კანონიერი ქმედებები ხორციელდებოდა.

მაგრამ კომპანიაში არც ფინანსური პოლიცია არ შევიდა. ეს 2013 და 2015 წელს ხდება. მაშინ ფინანსური პოლიცია რომ შესულიყო, აღმოაჩენდნენ იმას, რაც დღეს ნახეს და ყველასთვის ცნობილია.

ვინმე მერაბ ფერაძეს კომპანიიდან თანხები გაჰქონდა და აქ მილიონებზეა საუბარი (10, 20 მილიონი), ეს ხდებოდა ყოველგვარი უზრუნველყოფის, პროცენტის გარეშე. ეს უკვე 2013 წლიდან ხდებოდა.

რადგან ეროვნულ ბანკს ეჭვი გაუჩნდა, რომ კომპანიაში შეიძლებოდა არაკანონიერი ქმედებები ყოფილიყო, შეეძლო თვითონვე ეცნო კვალიფიციურ სუბიექტად და გარკვეული აკრძალვები დაეწესებინა, მაგრამ ეს არ გააკეთა. მიმართა ფინანსურ პოლიციას, რომელიც იქ არ შევიდა და ბუღალტერია არ შეამოწმა.

ანალოგიური გამეორდა 2015 წელსაც, არცერთმა უწყებამ თავისი ფუნქცია არ შეასრულა და დღეს სახეზე 2648 დაზარალებული მეანაბრე ვართ. ამასთან, უკვე ცხრა გარდაცვილილი გვყავს.

- ფინანსური პოლიცია რატომ არ დგამდა ნაბიჯებს?

- ამაზე ზედამხედველობა ეროვნულ ბანკს ჰქონდა. ფინანსურ პოლიციას შეუძლია გამოძიება ჩაატაროს, მაგრამ ზედამხედველობის უფლებები მხოლოდ ეროვნულ ბანს გააჩნია. საქმე ისაა, 2012 წელს 48 პრიმა მუხლი რომ მიიღეს, ზუსტად ამ მუხლის საშუალებით ეროვნულ ბანკს საშუალება ჰქონდა, რომ 400 ადამიანზე ზევით ან 5 მილიონზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანია კონტროლქვეშ მოექცია და ეს არ გააკეთეს.

ყველაზე ცუდი ის არის, რომ არამარტო პრიმა მუხლი არ აამუშავეს (ვერ აამუშავებენ, რადგან ამის არანაირი მექანიზმი არ აქვთ), ეროვნულ ბანკს ასევე არ აქვს უწყება, რომელიც გამოიძიებს რომელიმე შეპესე ან ორგანიზაცია რამხელა ბრუნვაზე გადის, ან რამდენი მეანაბრე ჰყავს. კანონი არსებობს, მაგრამ ამის ასამუშავებელი მექანიზმი არ არის.

მათ 2012-13 წლებში კანონპროექტი უნდა შეემუშავებინათ, პარლამენტში შეეთავაზებინათ, რომელიც ამას დაამტკიცებდა. შეეძლოთ ამის გაკეთება და ჩვენი გადარჩენა...

- ფინანსურ პოლიციას გამოძიების ნაწილში მაინც დავალება არ უნდა შეესრულებინა?

- რასაკვირველია, ფინანსური პოლიციის წერილობითი პასუხი არ გვაქვს, ზეპირსიტყვიერად ამბობენ, რომ ამაზე ზედამხედველობა ჩვენ არ გვეკუთვნოდაო; შეგვეძლო გამოძიება გვეწარმოებინა, 2013 წელს რომ შევსულიყავით, კომპანიის საქმიანობა გაგვეჩერებინა, მაშინ პროცენტებს იხდიდნენ და მეანაბრეები უკმაყოფილო იქნებოდნენ, რომ ჩვენ ეს კომპანია დავახურინეთო; ახლა თუ 2648 მეანაბრე ხართ, მაშინ ალბათ  500 მეანაბრე იქნებოდა და ეს ხალხი უმაყოფილო გვეყოლებოდაო; მაშინ ხომ ეს შპს კომპანია საქართველო არაფერს არღვევდა, პროცენტებსა და ძირის თანხებსაც კანონიერად იხდიდნენ, საქმიანობა რატომ გაგვეჩერებინაო.

ეროვნულ ბანკს კი შეეძლო ზედამხედველობა გაეწია.

მანდ კიდევ რაშია საქმე, არის მონიტორინგის სამსახური და როდესაც ვინმეს 10 ათასზე ზემოთ თანხა შეაქვს ან გადარიცხვა კეთდება, ყოველთვის ამას ამოწმებენ, რომ ფულის გათეთრება არ მოხდეს. ამ კომპანიაში 300, 400 ათასი შედიოდა და ამის მონიტორინგს არავინ აკეთებდა. არავინ იცის, ეს რეალურად სუფთა თუ ჭუჭყიანი თანხაა. ცრუ მეანაბრეებია თუ რეალურ მეანაბრეებთან გვაქვს საქმე. ან თუნდაც ამ ფულის წარმომავლობას როგორ დაამტკიცებენ ეს მეანაბრეები, რომლებიც ძალიან დიდ თანხებზე საუბრობენ.

შესაბამისად, ეროვნული ბანკი არის უწყება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მარეგულირებელია. ამ კონკრეტულმა უწყებამ პასუხისმგებლობა არ აიღო, აირიდა ერთადერთი იმის გამო, რომ ეს იყო შეპესე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება. 120 მილიონზე ზემოთ ბანკი უნდა გაეხადათ (ეს 15 მილიონს ზემოთაც შეეძლოთ) და ესეც არ გააკეთეს. საქმე არ გამოიძიეს, საერთოდ არ დაინტერესებულან აღნიშნული კომპანიით.

ქადაგიძის წასვლის შემდეგ, გვენეტაძემ უკვე გაფრთხილება დაიწყო. მართალია, 14 აპრილს პირველი გაფრთხილება მისცა, ამის შემდეგ 19 სექტემბამდე არაფერი არ გააკეთეს, გარდა იმისა, რომ ისევ გაფრთხილებას იძლეოდნენ. აპრილის ბოლოსთვის მაინც შეზღუდვა რომ დაეწესებინათ, დაახლოებით ათასი ადამიანი (ვინც ამის შემდეგ შეიტანა ანაბარი) მაინც გადარჩებოდა.

- აპრილის შემდეგ კომპანია ეროვნულ ბანკში ამ საბუთებს რატომ არ წარადგენდა?

- თვითონ დამფუძნებელი მერაბ ფერაძე (სისხლის სამართლის საქმეა აღძრული) რომ თაღლითია, ეს ცალსახაა. ეს ჩანს საქმეში და არ უარვყოფთ, რომ ფერაძემ პასუხისმგებლობის გარკვეული წილი უნდა იკისროს. ეს თანხებთან და სასჯელთან მიმართებაშიც ეკისრება. მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანების გადმოსახედიდან მას ლობისტი ჰყავდა. დღეს წარმოუდგენელია ადამიანმა 30 მილიონი მოიპაროს ან მოაპარინოს სახელმწიფომ ისე, რომ ამას კონტროლი არ გაუწიონ. შესაბამისად, მას ვიღაც მფარველობდა, ამის იმედად ყველანაირად კანონს არღვევდა.

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეროვნული ბანკი აცხადებს, ჩვენ მერაბ ფერაძემ მოგვატყუაო. საქმე რაში იყო, ფერაძეს ორი საფინანსო კომპანია საქართველო ჰქონდა. ეროვნული ბანკი გაფრთხილებას იმ კომპანიას უგზავნიდა, რომელიც 2008 წელს ჩამოაყალიბა და 2012 წელს მან ფორმალურად საქმიანობა შეწყვიტა. იქ არცერთი მეანაბრე არ იყო. შეზღუდვაც კი, რომელიც ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს დაუწესა, ეს ძველ კომპანიაზე გაუკეთა. როგორც აღვნიშნე, იქ ერთი მეანაბრეც არ არსებობდა.

შესაბამისად, ფერაძე ამბობს, რომ მე კანონი არ დამირღვევია, თქვენ სადაც ხართ 2648 მეანაბრე, იმაზე ეროვნულ ბანკს არანაირი გაფრთხილება არ განუხორციელებიაო. როცა ეროვნულ ბანკთან აღნისნული შეკითხვით მივედით, წარმომადგენელი შეგვხვდა და ასეთი რაღაც გვითხრა, რომ ჩვენთვის სიურპრიზი იყო, ორი საფინანსო კომპანია საქართველო რომ არსებობდაო.

ეს აღმოშფოთებელი ამბავია, რადგან უწყებისთვის, რომელზეც ქვეყნის ფინანსური სტაბილურობა არის დამოკიდებული, სიურპრიზია ის, თუ რამდენი საფინანსო კომპანია არსებობს ქვეყანაში, ან საერთოდ რა ბრუნვაზე გადის აღნიშნული კომპანია.

რეალურად, თაღლითს მისცეს საშუალება, რომ ცხრა წელი ემუშავა და ხალხი გაეკოტრებინა. ამაზე ვსაუბრობთ, თუ რომელმა უწყებამ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა. არ დაგავიწყდეთ, რომ ფერაძე რუსეთის მოქალაქეა. 2010 წელს ქალაქ ორენბურგში მსგავს თაღლითობაზე პროცესი ჰქონდა აღძრული და იქ მოიგეს. დღეს საქართველოში ჩამოდის იგივენაირ ბიზნესს აკეთებინებენ, - არავინ აკონტროლებს, არც უშიშროება, არც ეროვნული ბანკი, არც ფინანსური პოლიცია...

ამის გამო ხალი ქუჩაშია, სახლ-კარის თანხის გარეშე და ამდენი კიდევ გარდაცვლილი გვყავს.

- საჩივარი კიდევ ვის წინააღმდეგ შეიტანეთ?

- ასევე სისხლის სამრთლის საქმე აღძრულია დირექტორ თამაზ ლობჟანიძეზე და ახლა საქმეშე ჩაება თამარ მეტრეველი, რომელიც მერაბ ფერაძის მეუღლეა  და ამ კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია.

სამწუხაროდ, კომპანიას და ფერაძეს მხოლოდ 12,5 მილიონი აქვს ქონების სახით მოძიებული და ზარალი 76 მილიონი ლარია.

ფერაძე ახლა დაპატიმრებულია, ორთვინი წინასწარი პატიმრობა აქვს მისჯილი. 2-ში სასამართლო პროცესია, უკვე არსებითი განხილვა უნდა დაიწყოს. მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ დღეს კონკრეტული ადამიანები ასეთებს მუშაობის უფლებას აძლევენ.

მაშინ ნებისმიერს შეუძლია ადგეს, გახსნას რაღაც მაღაზია, 30 მილიონი მოიპაროს და ამას არავინ აკონტროლებს.

- ვისზე მიანიშნებთ, როცალობისტებზესაუბრობთ?

- ამ მომენტისთვის ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ ვინ შეიძლება იყოს მისი ლობისტი. მაგრამ ასევე გვინდა იცოდეთ, რომ მოგების გადასახადი, 5% ბიუჯეტში შეგვქონდა ამ ცხრა წლის განმავლობაში, ამ ხუთ პროცენტს სწორედ სახელმწიფო გვიქვითავდა. ამ შემთხვევაში სახელმწიფოც უკვე პასუხისმგებელია, რომ ჩვენი გაცემული თანხები, ის 5% მაინც დააბრუნოს.

ქადაგიძეზე გარკვეული ეჭვი გვაქვს, რადგან 9 წელი ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იყო და მისი წასვლის შემდეგ უფლება აღარ მისცეს ფერაძეს, რომ ასეთი თაღლითური გზით ემოქმედა და ხალხი გაეძარცვა.

თუმცა იმასაც აღვნიშნავ, რომ გვენეტაძეს იმ თვეების მანძილზე, აპრილიდან სექტემბრამდე პასუხისმგებლობა ნამდვილად ეკისრება. მარტო გაფრთხილებებით შეიზღუდა თავი და ისიც შემთხვევით თუ სპეციალურად გაფრთხილება სხვა კომპანიას მისცეს (სხვა კომპანია აიყვანეს კვალიფიციურ სუბიექტად), როცა იქ მეანაბრეები არ იყვნენ.

- დაახლოებით რა მოცულობის თანხები არის შეტანილი?

- მთლიანობაში 76 მილიონი ლარია. ეს თანხები დაახლოებით ათასიდან 700 ათასამდე მერყეობს.

- გამოსავალი სად არის, თქვენი ხედვით, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების ანაზღაურება?

სახელმწიფოს ნება თუ იქნება, რომ ხალხს დაეხმაროს, ძალიან ადვილად შეიძლება ფუნქციისა და პასუხისმგებლობის გადანაწილება. ფერაძის ქონება რაც კი გამოვა, რა თქმა უნდა, ხალხის ინტერესების დაცვით უნდა გაიყიდოს და თანხა პროპორციულად დარიგდეს. ან ეს ქონება მეანაბრეებს უნდა გადაეცეს. ეს ნაწილია, რაც ხალხის ზარალს ვერ აანაზღაურებს

ასევე როგორც აღვნიშნე, ცხრა წლის განმავლობაში თითოეული მეანაბრე ხუთ პროცენტს ვიხდიდით, სახელმწიფო ვალდებულია ამ ადამიანებს ეს თანხა დაუბრუნოს. კიდევ ეროვნული ბანკია, რომელსაც არანაირად პასუხისმგებლობა არ ეხსნება. სწორედ დაგვიანებული ქმედებების გამო, ის დარჩენილი თანხა ეროვნული ბანკისგან უნდა შეივსოს.

- საპროტესტო აქციებს თუ მოყვება რამე რეაგირება?

- ნოემბერში ეროვნული ბანკის წარმომადგენელთან რამდენჯერმე შეხვედრა გვქონდა. მას შემდეგ აღარ გამოგვეხმაურნენ. გვინდოდა, რომ პირადად კობა გვენეტაძეს რამე სახის კომენტარი გაეკეთებინა. სამწუხაროდ, თავს არიდებს. ალბათ, იმიტომ, რომ მამამისიც ჩვენი მეანაბრეა, აღნიშნული კომპანიისგან დაზარალებულია. ალათ, რცხვენია და ვერანაირ კომენტარს ვერ აკეთებს.

ამ ეტაპზე პარლამენტარ მამუკა მდინარაძესთან გვაქვს გარკვეული მოლაპარაკებები. ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას საპარლამენტო კომისია, ეროვნული ბანკის უკანონო ქმედებებს გამოიძიებს. ეს აუცილებელია, რადგან პარლამენტი ერთადერთი ორგანოა, რომელსაც ეროვნული ბანკი ექვემდებარება და მის წინაშე ანგარიშვალდებულია.

პარლამენტს ნამდვილად შეუძლია საგამოძიებო კომისია შექმნას, გამოიძიოს ეს ფაქტები და შესაბამისი დასკვნაც დადოს.               

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია