მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ნინო ჩხობაძე: სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანთან მიმართებაში სწორედაც რომ რისკების შემცირებაა - 09 ივნისი 2017

ufleba.ge

უკვე მაისის ბოლოა და გარეთ ისეთი ამინდი დგას, რომ რაღაც ვერ არის ჩვენი დედა-ბუნების თავს. სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თბილისში ამ ოდენობის ნალექი, უბრალოდ, არ მახსოვს (თუ ვცდები, მომიტევეთ). აპრილ-მაისში ასეთი სიგრილე (თუ სიცივე), ცოტა არ იყოს, ძნელად აღსაქმელია. ხოლო ღამის საათებში ისე ცივა, თითქოს კალენდარზე მარტის „ნასესხებს“ აჩვენებდეს. 

დღეს უკვე მთელი კაცობრიობა დედამიწაზე მიმდინარე გლობალური დათბობის მძიმე შედეგებზე საუბრობს. მყინვარების დნობის პროცესს წინ ვერავინ უდგება. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციები ამ ყველაფრის რადიკალურად შემობრუნების კი არა, უფრო მასთან შეგუების აუცილებლობაზე ამახვილებენ ყურადღებას. 

მსოფლიო პროცესი თავის უარყოფით კვალს, ბუნებრივია, საქართველოზეც ტოვებს. ბოლო ათწლეულების მზარდი სტიქიები სწორედ ამაზე მეტყველებს. რიკოთის უღელტეხილზე დატრიალებული ტრაგედია, დევდორაკის ჩამოწოლა, ვერის ხეობის „წარღვნა“, ბუნების ანომალიები, რომელიც ადამიანებს და მათ მეურნეობას მუდმივად ემუქრება... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. დროა, განგაშის ზარები შემოვკრათ, არსებულ რეალობას თვალებში ჩავხედოთ და გამოსავლის გზებზეც ვიმუშაოთ.

„ქრონიკა პლუსის“ პირველი რესპონდენტი ა/ო „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ დამფუძნებელი ნინო ჩხობაძე, უპირველესად, საქართველოსთვის დამახასიათებელ რისკ-ფაქტორებზე გვესაუბრება:   

- ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერები, ღვარცოფები საქართველოსთვის დამახასიათებელია და ბევრ ადგილას ხდება. მთიანი ქვეყანა ვართ და, შესაბამისად, ეს საფრთხეები გვაქვს. ამას ემატება, რომ კლიმატის ცვლილების შედეგად დღისით უფრო მაღალი და ღამით ძალიან დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. სეზონისგან დამოუკიდებლად ასეთი მკვეთრი ტემპერატურული სხვაობა ნიადაგების გამოფიტვას და ეროზიას იწვევს. ესეც დამატებითი რისკ-ფაქტორია.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელ საქართველოში მეწყრული პროცესები გააქტიურებულია. გარე ფაქტორებიდან დაემატა ის, რაც ადამიანმა გამოიწვია, - ტყეების ჭრა, სხვა ქმედებები, რასაც ვაკეთებთ. ეს არის გზების არასწორი დაგება, გაყვანა, არასწორი სამშენებლო სამუშოები, რაც რისკებს ზრდის.

მეორე, ანთროპოგენული რისკებია. ამ მხრივ, ძველი ქარხნებიდან ზოგი დღესაც მუშაობს და ზოგი არა. ბოლომდე მათი ინვენტარიზაცია არავის გაუკეთებია, - არის თუ არა იქ სახიფათო ნივთიერებები, რამე რისკი ავარიისა და დარღვევის შემთხვევაში. მაგალითად, ისეთ ადგილებში, როგორიც გვაქვს ცაისში, სვანეთში, ლენტეხის მუნიციპალიტეტში. 

მაგალითად, ეს არის ძველი, შენახული დარიშხანი, ასევე ბევრი საწყობი, რომელთა შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს; რადგან ეს კერძო ხელში არის მოხვედრილი. აქა თუ იქ რისკი ჩნდება, რომ შეიძლება ეს ნივთიერებები წყალმა გამორეცხოს. მიტოვებული საწყობიდან ვინმემ ეს მიგდებული ნივთიერება გაიტანოს და... სერიოზული მოწამვლა საბოლოო ჯამში ტექნოგენურ კატასტროფას ნიშნავს. ქვეყანაში მსგავსი ტიპის რისკები საკმაოდ ბლომად არის აღრიცხული. 

„დავასუფთავოთ საქართველო“ კამპანიის პროცესში ჩვენმა პარტნიორმა ორგანიზაციამ, „ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“, მხოლოდ ქლორთან დაკავშირებით ქიმიური ნივთიერებები აღრიცხა. ეს სადაც კი გააკეთეს, შედეგი საკმაოდ სახიფათო აღმოჩნდა. ამ თვალსაზრისით საკმაოდ დიდი რისკის ქვეშ ვიმყოფებით. ამ შემთხვევაში რუქის დატანა და ჩვენება მიზანშეწონილი არ არის. გარე საფრთხე იმდენად ბევრია, რომ ჯობს ეს უბრალოდ აღრიცხული იყოს და სახელმწიფომ ნელ-ნელა ქმედებები განახორციელოს, რათა ამ ქლორის შემცველი ნივთიერებების ნეიტრალიზაცია მოვახერხოთ. 

მაგრამ რისკების მატარებელი სხვა ნივთიერებებიცაა. როგორც გითხარით, ძველი მიტოვებული საწარმოები ბევრ შემთხვევაში ბოლომდე აღრიცხული არც არის. პერმანენტულად ინფორმაცია ჩნდება, რომ ვთქვათ ამ ტერიტორიაზე ახალი მეპატრონე შევიდა, რაღაც ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინა, - არ იცის, რა წარმოშობისაა და სად წაიღოს. 

საუკეთესო ვითარებაა, როდესაც ადამიანი სახელმწიფოს მიმართავს და სთხოვს,რომ ამ ნივთიერების ლიკვიდაცია მოახდინოს. ცუდი ის არის, რომ ძალიან ძალიან ბევრ შემთხვევაში მეპატრონეები ამაზე აქცენტს არ აკეთებენ და ამ ნივთიერებებს უბრალოდ ყრიან ჩვეულებრივ ნაგავასყრელებზე, რაც ასევე ძალიან სახიფათო გზაა.

ამას უკვე მოქმედ საწარმოებზე ავარიები ემატება, ეს ზალპური გაშვება თუ ჩაშვება იქნება. ეს განსაკუთრებით სამთო-გამამდიდრებელ საწარმოებში, მაგალითად ჭიათურა-ზესტაფონში დიდი რისკის მატარებელია და შემთხვევითი არ არის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ საწარმოს გარემოსდაცვითი მმართველი დაუნიშნა. 

ეს ზუსტად იმისთვის არის, რომ ლიკვიდაცია მოახერხოს თუ შეამციროს ის რისკი, რაც ამ საწარმოების მუშობამ შეიძლება გამოიწვიოს.

ასეთივე რისკის მატარებელია სხვა ტიპის სამთო საწარმოები. მათ ნაწილს რისკების შემცირების გეგმები საერთოდ არ აქვს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქმედებაა, რაც გარემოს დაცვის სამინისტრომ უნდა განახორციელოს. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი მოქმედი თუ არამოქმედი საწარმოები კარგად შეფასებული იყოს და მეპატრონებმა სერიოზული ინვენტარიზაცია გააკეთონ, ხომ არ აქვთ შიგნით რისკის მატარებელი ნივთიერებები. ეს არის რისკები, რასაც შეიძლება ქვეყანაში ჰქონდეს ადგილი. 

გამოსავალი სად არის, სახელმწიფომ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ეს რისკები მაქსიმალურად შემცირებული იყოს? ნინო ჩხობაძის თქმით, სახელმწიფომ ამ გზაზე ერთი ნაბიჯი უკვე გადადგა როდესაც ბუნებრივ კატასტროფებთან დაკავშირებით სპეციალური შეფასება გააკეთა. მისივე განმარტებით, ეს მაშინ მოხდა, როდესაც ბუნებრივი კატასტროფის შედეგად დევდორაკი ჩამოიშალა და 13 ივნისის შემდეგ შუა ქალაქში წყალდიდობის და ექსტრემალური მდგომარეობის შედეგად ბევრი ადამიანი დაგვეღუპა: 

- ამ სიტუაციაში ზუსტად ასეთი შეფასება და პრევენციული სისტემა გაკეთდა. გაფრთხილების სისტემა დაინერგა როგორც დევდორაკზე, ასევე წყნეთის მიმართულებით. ეს სისტემები რამდენად გამართულია, ამაზე პასუხს ვერ მოგცემთ, ანუ ამ მომენტისთვის მაქსიმუმი გაკეთებული არის თუ არა. 

ყველა შემთხვევაში, ეს დამაწყნარებელი არ არის. ვფიქრობ, რომ ყველა პოტენციურ ტერიტორიაზე, სადაც კი მეწყერის ჩამოსვლის სერიოზული საშიშროება გვაქვს, ყველგან ასეთი პრევენციული სისტემები უნდა იყოს შექმნილი. 

აქვე უფლება არ მაქვს არ ვახსენო ის მოვლენაა, რასაც მაღალი ძაბვის დენის გატარებასთან დაკავშირებით ფასანაურის მოსახლეობა აპროტესტებს. ტერიტორიაა, სადაც ანძის დადგმას აპირებენ, თვითონ ფასანაურს როგორც ტრაგედიის ადგილი ისე ახსოვს. თუ არ მეშლება, სამოციან წლებში იქ რამდენიმე ოჯახი დაიღუპა, რადგან ძალიან დიდი მეწყერი ჩამოწვა.

რეალურად, ეს ეროზირებული ფერდია და მოსახლეობა მას საკუთარი ძალებით ამაგრებდა. რგავდა ხეს, აშენებდა ტყეს და, საერთოდ, ამ მონაკვეთს ტაბუ დაადეს. მათ აქაურობა ხატის ტყედ აქციეს, ეს არ გაითვალისწინეს და მშენებლობა დაიწყეს, რაც, რასაკვირველია, რისკის გამომწვევია. მით უფრო, რომ გაფრთილებულიც იყვნენ, რომ აქ ძლიან მძიმე გეოლოგიური პროცესი შეიძლება წარმოიქმნას. 

ამ შემთხვევაში არასამთავრობოების განცხადება მზადდება, რომელიც ამბობს, რომ ასეთი ტიპის პროექტები რისკ-ფაქტორებზე ზედმიწევნით უნდა იყოს შემოწმებული და ნებისმიერი ადამიანისთვის ეს რისკი მაქსიმალურად მოცილებული უნდა იყოს. 

მეორე პრევენციაა, რომ დოკუმენტების შესაბამისი განახლება მოხდეს, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული გეგმა დაიდოს, თუ საქართველოში როგორი გაფთხილების სისტემები იქნება დანერგილი. 

რაც შეეხება ტექნოგენურ კატასტროფებს, აქაც მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობის გაფრთხილების სისტემა არსებობდეს. მნიშვნელოვანია გარკვეული პასუხისმგებლობა საწარმოებს იმაში დაეკისროს, რომ მმართველობის ქვეშ არსებულ ტერიტორიაზე თვითონვე პასუხისმგებელი იყოს. აქაც პოტენციური რისკების შემცირებასთან დაკავშირებით, გარკვეული ინვენტარიზაციის სისტემა უნდა შემოვიდეს. ეს ხანგრძლივი მოქმედების გეგმის მომზადებაა, როგორც აღვნიშნე, ასეთი გეგმა იყო, კიდევ რაღაც არსებობს, მაგრამ ამ ყველაფერს აუცილებლად განახლება სჭირდება. 

კიდევ ერთ ფაქტორზე, რადიაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არ მითქვამს და ამასაც კონკრეტული გეგმები სჭირდება. ასე რომ, სამუაშო ძალიან ბევრია. არამარტო გეგმები, მათი განხორციელების კონკრეტული გზებიც დასახული უნდა იყოს. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ადამიანთან მიმართებაში სწორედაც რომ რისკების შემცირებაა. 

რაში მდგომარეობს მთელ ამ პროცესში საზოგადოების, სამოქალაქო სექტორის ადგილი და როლი? ქალბატონი ნინოს თქმით, ეს მდგომარეობს გაფრთხილებაში, საზოგადოების გამოფხიზლებაში და, მეორე მხრივ, მოსახლეობის აღშფოთებისა თუ შეშფოთების მთავრობამდე მიტანაში:

- მეორე მხრივ, ეს პრევენციული ღონისძიებების გატარებაა თვითონ მოსახლეობასთან მიმართებაში. ანუ რაღაცები თვითონ მოსახლეობამ არ უნდა გამოიწვიოს, ამ თვალსაზრისით საზოგადოება კარგად გათვითცნობიერებული უნდა იყოს.

აქ მარტივ რაღაცას ვიტყვი. კატასტროფული მოვლენა შეიძლება თუნდაც ხანძრიდან გამომდინარე განვითარდეს. ასეთი ტრაგედია ბათუმში გვქონდა. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ დაწესებულებას ევუაკუაციის გეგმა არც გააჩნია, თუ როგორ უნდა მოხდეს შენობიდან ადამიანების დაცლა იმ შემთხვევაში, როცა ხანძარი ან სხვა რაღაც მოხდა. ესეც ერთ-ერთი პრევენციული ღონისძიებაა, რომელიც ქვეყანაში უნდა გვქონდეს.

ქალაქგეგმარების საკითხში არსებულ რისკებზე საუბრისას, ურბანისტი ზურაბ ბაქრაძე ამბობს, რომ დაგეგმვის ინსტრუმენტებითაც ამ საფრთხეების თავიდან არიდება შესაძლებელია. მისივე თქმით, სწორი დაგეგმის შემთხვევაში, მაგალითად, ვერეს ხეობაში გვირაბების ადგილი არ იქნებოდა: 

- გვაქვს მდინარეები, რომლებსაც ღვარცოფული თვისებები აქვთ. ამის მაგალითი ვერეს ხეობაა, წავკისის წყალი, რომელიც გუბდება და ა.შ. ახლა, სწორი დაგეგმვის შემთხვევაში, თუნდაც საბჭოეთის დროს ვერეს ხეობაში გვირაბებს ხომ არ გააკეთებდნენ? ვაკე-საბურთალოს გზა, გმირთა მოედანი სულ გვირაბებია. წინა ხელისუფლებამ კიდევ სხვა გვირაბები დაუმატა. დღევანდელმა ხელისუფლებამ დანგრეული ისევ აღადგინა. 

ამის მაგივრად, გონივრული დაგეგმვით ამ წყალს გვირაბებისგან მაქსიმალურად გაათავისუფლებდნენ. მთელ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონად აქცევდნენ, ისეთ ნაპირებს გაუკეთებდნენ, რომელიც ადიდებისას ნაპირებზე საფეხურებრივად გადმოსვლას უზრუნველყოფდა. ეს ან მთლიანად სარეკრეაციო სივრცე იქნებოდა, ან კიდევ რისკები და საფრთხეები მინიმუმამდე იქნებოდა დაყვანილი. 

ეს ერთ-ერთი მაგალითია, როდესაც დაგეგმვის ინსტრუმენტებით სავსებით შესაძლებელია ამ საფრთხეების შემცირება. 

კიდევ გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებული პრობლემა გვაქვს. არ ვიცი ამ საკითხს განიხილავთ თუ არა, მაგრამ ეს ჩვენი საზოგადოებისთვის რეალური საფრთხეა, რაც ჰაერის დაბინძურებით და ხმაურით არის გამოწვეული. ესენი იწვევენ ისეთ დავადებებს, რომელიც მერე ძალიან რთულად სამკურნალოა. დაგეგმვის თვალსაზრისით, ამის საწინააღმდეგოდ რეალური ღონიძიებების გატარებაც შესაძლებელია.    

რაც შეეხება უშუალოდ მშენებლობებს, მრავალსართულიან კორპუსებს, ეს პროცესი შესაძლო რისკებისგან რამდენად დაზღეულია? ზურაბ ბაქრაძის თქმით, ამ მშენებლობებს შორის თუნდაც დაშორებების რეგულაციები ისეთი უნდა იყოს, რომ ღმერთმა არ ქნას და ერთის დანგრევის შემთხვევში მეორეც მას არ მიყვეს: 

- თორემ საკუთრივ შენობა დაინგრევა თუ არა, ეს უკვა საინჟინრო-გეოლოგიური საკითხია. თუ ობიექტი სოლიდურად დაგეგმილი და აშენებული იქნება, იმ მოთხოვნებსაც გაუძლებს, რაც წაყენებული აქვს მიწისძრის, ქარის და მისთ. შემთხვევაში.

ზოგადად, მაღალი შენობის აგება შეიძლება, თუ შესაბამის საძირკველს გაუკეთებ და ყველაფერი სწორად გაანგარიშებული იქნება. მაგრამ აქაც, როდესაც დაგეგმვის საკითხებს ვეხებით, ზემოაღნიშნული დაშორებების ფაქტორი შემოდის. ისეთ დაშორებას უნდა ითვალისწინებდეს, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ერთი სახლის მეორეზე მინგრევის შესაძლებლობას. 

ხელისუფლებას აღნიშნული წესების დაცვის აუცილებლობა რამდენად გააზრებული აქვს? ბაქრაძის შეფასებით, მთავრობას ეს პრობლემატიკა საკმარისად გაცნობიერებული არ აქვს: 

- ისინი მშენებლობიდან როგორც მენაშენისთის, ინვესტორისთის, ასევე ხაზინისთვის  მაქსიმალური მოგების მიღებაზე არიან ორიენტირებულები. პრიორიტეტების სიაში აღნიშნულ მიდგომას პირველი ადგილი აქვს. რაც უფრო მეტი შემოსავალი შემოვა, მით უფრო ხელს უწყობენ აღნიშნულ მშენებლობას. ყველა დანარჩენი, დაგეგმვის, უსაფრთხოების, მშენებლობის ნორმები მეორე პლანზე არის გადატანილი. 

ამის მაგალითია დაშორების ის სამარცხვინო ნორმები, რომელიც სახეზეა. არცერთ სოლიდურ ქვეყანაში ასეთ ნორმა არ იარსებებდა და ჩვენთან, სამწუხაროდ, არსებობს. რადგან ეს სახლების უფრო მჭიდროდ აგების საშუალებას იძლევა და მერე ამ სიმახინჯისგან რა გამოვა, უკვე აღარავის აინტერესებს. ნაგებობის პროექტირებისას და მშენებლობისას რაღაც შეცდომა რომ მოხდეს, შენობა შეიძლება დაინგრეს. ან სახანძრო ნორმები კარგად არ იყოს დაცული, დაიწვას და ახლოს მდებარე შენობებიც ამისგან დაზიანდება, - დაინგრევა და  დაიწვება. მოკლედ, ნორმების უგულვებელყოფა ან ცუდი ნორმების არსებობა თავის თავში გარკვეულ საფრთხეებს შეიცავს.      

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრს, გიორგი გაჩეჩილაძეს ვკითხეთ, თუ  რა პრევენციულ ნაბიჯებს მიმართავს ქართული სახელმწიფო არსებული რისკების შესამცირებლად თუ აღმოსაფხვრელად. დეპუტატმაც საუბარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი კატასტროფების რისკ-ფაქტორების კლასიფიკაციით დაიწყო:  

- ეს რამდენიმე ფაქტორისგან შედგება. უპირველესად, პრობლემა იმაშია, რომ საქართველო მთიანი რეგიონია, ტერიტორიის ორი მესამედი მთას წარმოადგენს და ამიტომ ნებისმიერ ცვლილებებთან მიმართებაში მოწყვლადია. ეს სერიოზული პრობლემაა.

ამავე დროს, ჩვენ გვაქვს 26 ათასი მდინარე, თავისი ხეობებით, რომელშიც ხშირად წყალდიდობებია. მეწყრული პროცესები და სხვადასხვა ღვარცოფული მოვლენები ვითარდება. 

საქართველოში მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა ასეთი რისკის ზონაში ცხოვრობს. დაახლოებით, 3 ათასამდე დასახლებული პუნქტია (ეს ოფიციალური მონაცემები გახლავთ), რომელიც ასეთი რისკის ზონაშია. ამიტომ, ბუნებრივია, რომ ძალიან სერიოზული პრევენციული ზომები არის მისაღები. თუმცა მასშტაბი იმხელაა, რომ ეს პრევენცია ძნელად გასაკეთებელია. 

მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერს გლობალური დათბობის პროცესი ემატება, რომელიც საქართველოშიც რთულად აისახება. მარტო კავკასიონის ჩრდილოეთ და უფრო სამხრეთ მყინვარებს რომ დააკვირდეთ, მათი ფართობი სწორედ გლობალური დათბობის გამო ძალიან შემცირდა საქართველოში. ეს პერსპექტივაში სერიოზული პრობლემების მომცველია. 

განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში ჩვენი კავკასიონის სამხრეთ ფერდობის მდინარეები ძირითადად მყინვარული ნადნობი წლებით იკვებებიან. ამან პერსპექტივაში აღმოსავლეთ საქართველოში შეიძლება გარკვეული დეფეციტიც შექმნას სოფლის მეურნეობისთვის. 

ის, რომ პრობლემა სერიოზულია, ეს სხვათა შორის ოფიციალურ კვლევებშიც ასახულია. მაგალითად, 1995-დან 2010 წლის ჩათვლით, ეკოლოგიური კატასტროფების რიცხვი 8 ათასზე მეტი იყო. აქედან ღვარცოფი დაახლოებით 2 ათასამდე იყო, მეწყერი დაახლოებით 6 ათასამდე და ა.შ. 

იცით, რომ ქვეყანას დიდი რაოდენობით ეკომიგრანტი გვყავს. დაახლოებით 50 ათასი ოჯახია, რასაკვირველია, კომუნისტების პერიოდიდან მოყოლებული. ეს ეკომიგრანტები სხვადასხვა რეგიონებში ჩასახლებული გვყავს. მოგეხსენებათ, ეს დაკავშირებულია როგორც აჭარაში მეწყრულ პროცესებთან, ასევე სხვადასხვა პრობლემებთან ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში. ზარალი საკმაოდ სერიოზულია, მილიარდებს აღწევს და, ბუნებრივია, ეს სერიოზული გამოწვევაა.  

ამას გარდა, გლობალური დათბობის შედეგებიც აშკარად არის გამოხატული. ამასთან დაკავშირებით ასევე ოფიციალური კვლევები არსებობს. მაგალითად, საქართველოში გვალვიანი პერიოდების ხანგრძლივობა (თუ დიდი გვალვა იქნებოდა), დაახლოებით, 50 ან 55 დღე გრძელდებოდა. ბოლო 15 წლის განმავლობაში კიდევ ეს ხანგრძლივობა დაახლოებით 70-75 დღემდე გაიზარდა.  

აქ მთავარი კიდევ ის არის, რომ თუ დიდი გვალვები 15-20 წელიწადში აღინიშნებოდა, ახლა უკვე 6-7 წელიწადში ერთხელ არის. ხომ წარმოგიდგენიათ რამდენად სერიოზული პრობლემაა ეს ჩვენი აგრარული სექტორისთვის. და ამას დამატებით წყალი სჭირდება, განსაკუთრებით აღნიშნული გვალვების პერიოდში.

ძალიან გააქტიურებულია ძლიერი ქარები. ალბათ, თქვენც აკვირდებით, მედიაშიც ხშირად არის გადმოცემა, რომ ისეთი ქარებია, რაც საქართველოში არასდროს ყოფილა, რომელიც ყველაფერს ანგრევს. ესეც შესწავლილია. ძლიერი ქარების, ქარიშხლები 30 მეტრ-წამის ზევით განმეორებადობა, სიხშირე, 1980 წლიდან ხუთჯერ გაიზარდა. 

ასეთივე  რთული მდგომარეობაა ტემპერატურასთან დაკავშირებით. ბოლო 15 წლის განმავლობში დასავლეთ საქართველოში დაახლოებით 0,3 მეათედი გრადუსით აიწია საშუალო წლიურმა ტემპერატურამ და აღმოსავლეთ საქართველოში 0,6 მეათედი გრადუსით. ეს ძალიან დიდი სხვაობაა და თქვენ აკვირდებით, თუ როგორ შეიცვალა საქართველოში კლიმატი. ჩვენ ფაქტობრივად გაზაფხულის სეზონი აღარ გვაქვს, ან ძალიან მოკლეა და პირდაპირ ზამთრიდან ზაფხულში გადავდივართ. 

აქ სხვათა შორის პროგნოზებიც არის გაკეთებული. თუ ეს გლობალური დათბობის პროცესი არ შეჩერდა, დასავლეთ საქართველოში უკვე 2100 წლისთვის დაახლოებით 3,5 გრადუსით იქნება მომატებული საშუალო წლიური ტემპერატურა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ეს 4 გრადუსით მოხდება, რაც, ალბათ, ხვდებით, რომ კატასტროფაა.

ასევე მძიმე მდგომარეობა იქნება ზღვის სანაპირო ზოლშიც. ფოთსა და ბათუმში ძლიერი შტორმების რიცხვი სამჯერ გაიზრდა. ეს 5-7 ბალიანი ღელვებია, წარმოგიდგენიათ, რაზეა აქ საუბარი. 

მოკლედ, დედამიწაზე მიმდინარე გლობალური პროცესები საქართველოშიც ასახულია. ეს ჩვენში განსაკუთრებით მძიმედ არის ასახული, რადგან მთიანი, მოწყვლადი რეგიონი ვართ და მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ მაღალმთიან რეგიონებშია განლაგებული. 

ამასთან, ბრძოლის მექანიზმებზე საუბრისას გია გაჩეჩილაძე ამბობს, რომ პრობლემატიკის გლობალური ხასიათიდან გამომდინარე ეს ცოტა რთული საქმეა. თუმცა მისივე თქმით,  როგორც იქნა საერთაშორისო თანამეგობრობამ პასუხისმგებლობა აიღო და კოორდინირებულად მოქმედებაზე პარიზში გარკვეულ შეთანხმებებს მიაღწია.

- ადრე ამას რუსეთი, ჩინეთი და აშშ არ თანხმებოდნენ, რომ ატმოფეროში ე.წ. სათბური გაზების გაფრქვევა შეემცირებინათ. რადგან ეს ორგანულ საწვავთან არის დაკავშირებული და ეს განსაკუთრებით მტკივნეული შეზღუდვები რუსეთისთვის იქნებოდა. მოგეხსენებათ, რუსეთი ნავთობსა და გაზზე დამოკიდებულია. 

ამ ქვეყნებშიც იმდენად რთული მდგომარეობა შეიქმნა, რომ ისინი იძულებული გახდნენ ახალ დეკლარაციას დათანხმებოდნენ. რომლის მიღებითაც, 2000-იანების შუა პერიოდისთვის დაახლოებით 2 გრადუსზე მეტით არ უნდა აიწიოს ატმოსფეროს ტემპერატურამ. აი ასეთი მდგომარეობაა, იმაზეც კი მოხარული არიან, რომ ორ გრადუსზე მეტად არ აიწიოს ტემპერატურამ, - კარგი იქნება, თუ ამ ზრდას 1,5-მდე შევაჩერებთო. 

რასაკვირველია, პარიზის დეკლარაციას საქართველოც შეუერთდა. პრემიერ მინისტრი იმყოფებოდა, მერე გაეროს ტრიბუნაზეც გამოვიდა და თქვა, რომ საქართველო მწვანე ეკონომიკის მიმართულებით განვითარდება, რაც მისასალმებელია. 

რაც შეეხება უშუალოდ ქვეყანაში არსებულ საკითხებს, გაჩეჩილაძის თქმით, ჩვენი დაცვის ერთ-ერთი სერიოზული მექანიზმი ტყეები გახლავთ, - რადგან საქართველოს ტყიანობა 40%-ია, აქედან უდიდესი ნაწილი, თითქმის 97% სწორედ ფერდობებზე არის განლაგებული. მისივე თქმით, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტყის, როგორც პროფილაქტიკური საშუალების შენარჩუნებას იმისთვის, რომ ღვარცოფები, წყალდიდობები, მეწყერები ნაკლებად ინტენსიური იყოს: 

- ამიტომაც არის, რომ ჩვენ ახალ  ტყის კოდექსზე ვმუშაობთ. იმედი გვაქვს, რომ კოდექსის მიღებით მინიმუმამდე დავიყვანთ ტყეში უკანონო ჭრებს და სხვა მიუღებელ ნაბიჯებს. რასაკვირველია, ეს საკმარისი არ იქნება. კონცეპტუალური თვალსაზრისით საჭიროა, რომ მოსახლეობამ ალტერნატიული ენერგეტიკული წყარო მიიღოს. საკმაოდ სერიოზული ნაწილი ისევ გათბობისთვის და საჭმლის მოსამზადებლად (სხვათა შორის, ზამთარ-ზაფხულს) იყენებს. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა ტყეზე.

რეგიონებში მიმდინარე გაზიფიკაცია (დაახლოებით 70%-ს გადააჭარბა) კარგი პროცესია, რადგან ამით ტყეს ნაკლები ჯაფა დააწყვება. რეალურად, ტყეები თუ შევინარჩუნეთ (განსაკუთრებით საშუალო და მაღალმთიან ზონაში), ბუნებრივია, რომ ამ პროცესების მინიმუმამდე დაყვანა შესაძლებელი იქნება.

ამას გარდა, საერთაშორისო ხელშეკრულებები, სხვათა შორის ასოცირების ხელშეკრულება (რომელსაც შევუერთდით და ევროკავშირის ასოცირებული წევრი ვართ) იმას გვავალდებულებს, რომ გარემოზე ზეწოლა შევამციროთ. ეს მათი მხრიდან პირდაპირი მოთხოვნაა. ასოცირების ხელშეკრულების გეგმაში ერთ-ერთი დიდი ნაწილი სწორედ ეკოლოგიურ საკითხს უჭირავს. 

ამასთან დაკავშირებით ჩვენ ასევე რამდენიმე კანონი მივიღეთ. ამ მხრივ წელს ძალიან მნიშვნელოვანი, გარემოზე ზემოქმედების შეფასების კანონი მივიღეთ, რომლის მიხედვით, ფაქტობრივად, ყველა სამეურნეო მსხვილი პროექტი, მათ შორის სახელმწიფო პროგრამებიც კი წინასწარ გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაექვემდებარება. ანუ ეს ყველაფერი ეკოლოგიური თვალსაზრისით შეფასებული იქნება. 

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც უკვე შემოდგომიდან ძალაში შევა. ყველა პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას აუცილებლად გაივლის. თუ ვერ გაივლის, ის პროექტი ვერ განხორციელდება, კანონში პირდაპირ ასე წერია. 

ასევე ე.წ. ადაპტაციის პროგრამებია, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს, რომ მოსალოდნელი ცვლილებების პირობებში ყველა მოწყვლადი რეგიონისთვის ადაპტაციის პროგრამები გააკეთოს. პროგნოზი უნდა გაკეთდეს ასეთი ცვლილებების პირობებში იქ რა მოხდება და რა ადაპტაციის პროგამები შეიძლება ქვეყანას წინასწარ მომზადებული ჰქონდეს, რომ იქ რაღაც დიდი უბედურება არ დატრიალდეს. 

მოკლედ, ძალიან სერიოზული პრობლემატიკაა, რომელსაც დიდი სახსრები სჭირდება. ახლა უზარმაზარი საერთაშორისო მწვანე ფონდი იქმნება. თუ არ ვცდები, მასში 200 მილიარდი არის აკუმულირებული და ამ ადაპტაციის პროგრამებზე გათვალისწინებული იქნება.  

პარლამენტის წევრს ოპტიმიზმის საფუძველი აქვს, რადგან დღეს რეალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის მსოფლიო ერთიანდება. თუ რატომ დათანხმდნენ დიდი ქვეყნები, ამის მიზეზად გაჩეჩილაძეს მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის პროგნოზი მოყავს, რომ დედამიწაზე საშუალო ტემპერატურამ შეიძლება მთელი 4 გრადუსით აიწიოს, თუ ამის წინააღმდეგ ბრძოლა ახლავე არ დავიწყეთ: 

- ეს 4 გრადუსი კატასტროფას ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ რეგიონებში, სადაც ისედაც წყალთან დაკავშირებით პრობლემებია, გვალვების სიხშირე გაიზრდება. მოიმატებს შიმშილი, ამას მოყვება მიგრაციები და არა იმ ოდენებით, რაც დღევანდელი ომების შედეგადაა. მილიონობით ადამიანის მიგრაცია მოხდება სხვადასხვა ქვეყანაში; რადგან ვინც გადარჩება, შეეცდება, რომ ახალი საარსებო წყარო იშოვოს. ეს სავსებით ბუნებრივი პროცესია. 

გარდა ამისა, ოკეანის დონის აწევის პრობლემაა. ოკეანისა და ზღვების პირას განლაგებული ქვეყნების დატბორვის პრობლემაა და სხვა უამრავი რაღაც, რაც კაცობრიობას გლობალური კატასტროფის წინაშე აყეებს. ამიტომ საკითხზე ამ დღეებშიც სერიოზული პოლიტიკური დიალოგი მიმდინარეობს.     

თავის დროზე, აინშტაინს ჰკითხეს, თქვენი პროგნოზით მესამე მსოფლიო ომი როგორი იქნებაო. პასუხი ასეთი იყო, - მესამეზე ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ ადამიანმა ცხოვრება ასე თუ გააგრძელა, მეოთხე მსოფლიო ომი მშვილდ-ისრებით წარიმართებაო... 

ადამიანები თუ არ გამოვხიზლდებით და გარემოს, ბუნებას სათანადოდ არ მოვუვლით, კატასტროფა გარდაუვალი იქნება. უკვე დღეს ანომალიური პროცესები (მეწყერები, ღვარცოფები, არნახული ნალექები, გვალვები, ყოვლისწამლეკავი ქარები და ა.შ.) ისე მომატებულია, რომ ამის ცხადად დასანახად და გასააზრებლად შორს წასვლაც აღარ გვჭირდება.           

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია