მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
პრობლემური ნარკომომხმარებლების რაოდენობით საქართველო მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს - 09 ივნისი 2017

„ორკვირიანი, სტაციონარული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ ადამიანს გარეთ ვაგდებთ, იმ გარემოში ვაბრუნებთ, საიდანაც ასეთი პრობლემებით დახუნძლული ჩვენთან მოვიდა“ 

ufleba.ge

საქართველოში წარმოებული ნარკოპოლიტიკა უფრო მომხმარებლების დასჯაზეა ორიენტირებული, ვიდრე მათ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზე. ხელისუფლების მხრიდან ხისტი ნაბიჯების მიუხედავად, ქვეყანა ნარკოტიკების გავრცელების მიხედვით ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაზე იმყოფება. ფაქტია, რომ მკაცრ პოლიტიკას სასურველი შედეგი არ მოაქვს და, როგორც მინიმუმი, მომხმარებელი ციხეში არ უნდა იჯდეს, ერთ უბედურებას ზემოდან მეორეც არ უნდა ემატებოდეს.   

საზოგადოება, სამოქალაქო სექტორი გამოსავლის ძიებაშია. რამდენიმე დღის წინ,  სასტუმრო „ჰოლდეი ინ-ში“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელმა და ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელმა, საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმის მხარდაჭერით მრგვალი მაგიდა გამართეს სახელწოდებით „ჰუმანური ნარკოპოლიტიკა - ხელმისაწვდომი ჯანდაცვა“. ღონისძიება გლობალური ფონდისა და ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროექტების მხარდაჭერით ხორციელდება.

„მსოფლიოში დაგროვილი ცოდნა და განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ცალსახად მეტყველებს, რომ სადამსჯელო ღონისძიებებთან შედარებით დახმარების და ზრუნვის პროგრამები გაცილებით ეფექტურია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემების მქონე ადამიანების და მთლიანად საზოგადოების ჯანმრთელობის და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად. 

საქართველოში ბოლო წლებში გარკვეული დადებითი ძვრები აღინიშნება ნარკოლოგიური სერვისების მიწოდების კუთხით. გაიზარდა მკურნალობის და პირველადი რეაბილიტაციის სახელმწიფო დაფინანსება, რამაც შესაძლებელი გახადა ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მქონე მეტი ადამიანის ჩართვა მკურნალობაში. გაიზარდა ზიანის შემცირების პროგრამების დაფარვა, რაც აისახა ქვეყანაში აივ/შიდსის ახალ შემთხვევებს შორის  ნარკოტიკების ინექციური მოხმარებით განპირობებული შემთხვევების წილის შემცირებაში. 

მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ, ფოკუსი ნარკოპოლიტიკის რეპრესიულ შემადგენელზე და ძალოვან ღონისძიებებზე გამოყოფილი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოცულობა, განაპირობებს მკვეთრ დისბალანსს ანტინარკოტიკული პოლიტიკის სადამსჯელო და ზრუნვის/დახმარების ვექტორებს შორის. ნარკოტიკების პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა საქართველოში იზრდება. ამ მაჩვენებელით (50,000, ზრდასრული მოსახლეობის 2.02%) ჩვენი ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს. მკურნალობის საჭიროების მქონე ადამიანების მხოლოდ 10%-ს აქვს შესაძლებლობა ჩაერთოს სამკურნალო პროგრამებში. წამალდამოკიდებულების მკურნალობის საკვანძო ელემენტი, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, ჩანასახოვან მდგომარეობაშია. ქვეყანაში  არ არსებობს არც ერთი სრულფასოვანი რეზიდენტული სარეაბილიტაციო დაწესებულება. არ არსებობს პაციენტების სტაციონარული მკურნალობის შემდგომი მოვლისა, თუ რეინტეგრაციის ინსტიტუციური მექანიზმები“, - აცხადებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები.  

შეხვედრაზე მონაწილეებმა  ქვეყანაში წამალდამოკიდებულების სრულფასოვანი მკურნალობისთვის აუცილებელი სამედიცინო და ფსიქო-სოციალური სერვისების შექმნა/გაფართოვების და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხები განიხილეს. მრგვალი მაგიდა ასევე  ხელს შეუწყობს სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაღრმავებას.

„ქრონიკა პლუსი“ ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის თავმჯდომარეს, დავით ოთიაშვილს ესაუბრება.

-  საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკის არაეფექტურობაზე საუბარი დიდი ხანია მიმდინარეობს. აქ საუბარია როგორც კანონმდებლობაზე, ასევე იმ დახმარების სისტემაზე, რომელიც დღეს ფუნქციონირებს. 

კანომდებლობასთან დაკავშირებული პრობლემები (ძალიან მოკლედ თუ ვიტყვით) ის არის, რომ კანონები და საკანონმდებლო აღსრულების  პრაქტიკა  მეტწილად სადამსჯელო ზომების გატარებაზე არის ორიენტირებული. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმ ადამიანებზე, რომლებიც შეიძლება მოიხმარდნენ ნარკოტიკს და არცერთ შემთხვევაში არ იყვნენ ჩართული ვაჭრობაში. ანუ არ ვსაუბრობთ კანონმდებლობაზე, რომელიც ითვალისწინებს დევნას და მკაცრ დასჯას დილერების, გამსაღებლების და ა.შ. 

ჩვენ ვამბობთ, რომ არასწორი მიდგომაა, როდესაც დევნიან და სჯიან მომხმარებელს, ვინც არ არის ჩართული ნარკოტიკების გასაღებაში. მივიჩნევთ, რომ მხოლოდ დასჯაზე ორიენტირებული მიდგომა ვერ იძლევა იმ მოსალოდნელ შედეგს, რისთვისაც ეს კანონმდებლობა ხორციელდება. ანუ ამ მიდგომის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ ადამიანებს დასჯის შიში უბიძგებს, რომ მოხმარება შეწყვიტონ; ხოლო ვისაც ეს ჯერ არ დაუწყია, ასევე უბიძგებს, რომ არც კი დაიწყოს მისი გამოყენება.

სამწუხაროდ, საქართველო ამდაგვარი არაეფექტიანი მიდგომის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია.  ნარკოტიკების გავრცელების მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. აქ მოხმარების ქვეშ ინექციური ნარკოტიკების რეგულარულ გამოყენებას ვგულისხმობ. 

თუნდაც ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან ხისტი და მკაცრი ნარკოპოლიტიკის განხორციელებამ შედეგად ვერ მოგვიტანა ის, რომ საქართველოში ნარკომომხმარებელი შემცირებულიყოს. პირიქით, არსებული მონაცემები მეტყველებს, რომ ამ ადამიანთა რიცხვი იზრდება.

ამიტომ ხელისუფლებას მიდგომებში ცვლილებას ვთავაზობთ. ვამბობთ, რომ ამ ადამიანებს, ვინც მოიხმარა და სამართლებრივი პრობლემები შეექმნა, არა დამატებითი სასჯელი, არამედ რეალური დახმარება უნდა შესთავაზო. ამ დახმარებაში, უპირველესად, სარეაბილიტაციო მიდგომები იგულისხმება.

ზუსტად ამ დახმარებისა და ზრუნვის მიმართულებას ეძღვნებოდა ჩვენი შეხვედრა, მრგვალი მაგიდა, რომელიც შედგა. მასში დარგში მომუშავე სპეციალისტები და ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. განვიხილეთ პრომლემები, რომელიც ამ მხრივ საქართველოში არსებობს და ასევე ვიმსჯელეთ იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რაც ყველამ ერთობლივად უნდა გადავდგათ. 

კერძოდ, დახმარების სერვისების სისტემა რეალურად უნდა ახერხებდეს ადამიანებისთვის სიკეთის მოტანას და მათ პრობლემების დაძლევაში დაეხმაროს.

- პირველ რიგში, ვთქვათ, თუ როგორი რეალობა გვაქვს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის საკითხში...

- უკვე აღვნიშნე, რომ ნარკოტიკების მოხმარების გავრცელებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ჩვენ დაახლოებით 50 ათას ადამიანზე ვსაუბრობთ, რომელსაც შეიძლება მკურალობა, სხვადასხვა სახის დახმარება სჭირდებოდეს. 

ამ ფონზე, თუ მკურნალობის დაფარვის მაჩვენებლებს გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ წლის განმავლობაში ჩვენ 5 ათასზე ცოტა მეტი ადამიანის მკურნალობას ვახერხებთ. ანუ არ ძალგვიძს, რომ ადამიანების უდიდეს უმრავლესობას, ვისაც მკურნალობა სჭირდება, ეს სერვისები მივაწოდოთ. ამიტომ ეს ძალიან დაბალი მაჩვენებელია. ასეთი დაბალი ხელმისაწვდომობის პირობებში რთულია რადიკალური გაუმჯობესების იმედი გქონდეს.

მაგალითისთვის, განვითარებულ ქვეყნებში მკურნალობის დაფარვის ეს მაჩვენებელი 50-60%-ს აღემატება და 70%-ს უახლოვდება ხოლმე. ბუნებრივია, ჩვენ იმდენი რესურსი არ გაგვაჩნია, რომ შევედაროთ და შევეჯიბროთ აღნიშნულ განვითარებულ ქვეყნებს. თუმცა ასეთი დაფარვა ჩვენნაირი ქვეყნებისთვისაც კი ძალიან დაბალი მაჩვენებელია. 

დაფარვისა, ანუ ჯანდაცვის, მკურნალობის ხელმისაწვდომობის გარდა, პრობლემები არსებობს ამ მკურნალობის ხარისხთან დაკავშირებით, იმ პროგრამებთან დაკავშირებით, რასაც ვაწვდით. რა იგულისხმება მკურნალობის არასახარბიელო ხარისხში? 

მაგალითისთვის, დეტოქსიკაციის მომენტი ავიღოთ, ანუ როდესაც წამალდამოკიდებულ ადამიანს კლინიკაში ორი კვირის განმავლობაში ვაწვენთ, მედიკამენტებით მკურნალობას ვუტარებთ, ვცდილობთ, რომ ნარკოტიკის მიმართ ფიზიკური დამოკიდებულება მოვუხსნათ... 

სამწუხაროდ, საქართველოს პირობებში, ამ ორკვირიანი, სტაციონარული პერიოდის შემდეგ, ჩვენ ამ ადამიანს გარეთ ვაგდებთ. იმ გარემოში ვაბრუნებთ, საიდანაც ასეთი პრობლემებით დახუნძლული ჩვენთან მოვიდა. 

საქართველოში არ ფუნქციონირებს და ვერ ტარდება მკურნალობის პროცესის საკვანძო და გადამწყვეტი კომპონენტი, რომელსაც ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჰქვია. ანუ როდესაც ეს ყველაფერი არ არსებობს, თვითონ მკურნალობის პროცესი, მისი ეფექტიანობა  დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. 

რეალურად, ჩვენ ვიწყებთ მკურნალობას, საწყის პროცესს ვუტარებთ, ფიზიკურ დამოკიდებულებას ვუხსნით და, ამავდრულად, ვერ ვახერხებთ, რომ ფსიქოლოგიური დამოკიდებულების მოხსნაში სათანადოდ გვერდში დავუდგეთ, მართვაში შევეშველოთ და ამით მის ინტეგრაციას და რესოციალიზაციას ხელი შევუწყოთ.

გარდა ამისა, ხარისხთან მიმართებაში არის სხვა ნაკლოვანებებიც. 

- რაც შეეხება ხელისუფლებისადმი თქვენ შეთავაზებას?

- ნარკოტიკების ეროვნული პლატფორმა დღეს ხელისუფლებას ორი დიდი პაკეტით მიმართავს. ერთი მხრივ, ეს საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივაა და აქ რამდენიმე კანონში გასატარებელ ცვლილებებზეა საუბარი. ამ ცვლილებების არსი ისეთი გარემოს შექმნაა, სადაც ნარკოტიკების მომხმარებელ ადამიანს ჩვენ ციხეში კი არ ჩავსვამთ, არამედ სადღაც რეალური დახმარების მისაღებად გავუშვებთ. მოკლედ რომ ვთქვათ, იციციატივა ამაში მდგომარეობს.

ამასთან, ბუნებრივია, მხოლოდ კანონების შეცვლა საკმარისი არ არის. პარალელურად, ჩვენ სერვისების განვითარების გარდამავალ კონცეფციას ვთავაზობთ; რომელიც აღწერს  სისტემას, ინფრასტრუქტურას, რომელიც კანონების შეცვლის შემდეგ მზად უნდა დავახვედროთ ამ ადამიანებს, ვისაც დახმარების სერვისებში გადავამისამართებთ. 

ჩვენი კონცეფცია ძალიან დეტალურად, ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერს დღეს არარსებულ, მაგრამ საჭირო კომპონენტებს. ანუ როგორი ინტერვენციები უნდა დაემატოს არსებულ კლინიკებს, რამდენი და რა სახის ახალი დიდი დაწესებულებები უნდა გავხსნათ; აღწერილი გვაქვს რა თანხები დასჭირდება აღნიშნული ინფრასტრუქტურის შექმნას. ისიც გვაქვს გაწერილი, თუ რამდენი სპეციალისტის ახალი მიმართულებით გადამზადება იქნება საჭირო, ყველა ეს ნაბიჯი ასევე გაანგარიშებული გვაქვს. ანუ რა დაუჯდება სახელმწიფოს ამ რეფორმების რეალურ ცხოვრებაში გატარება. 

მივიჩნევთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენ პირობებზე საუკეთესოდ მორგებული კონცეფციაა. მსურს ხაზი გავუსვა, რომ ამ კონცეფიის და გეგმის შემუშავეში დარგში მომუშავე სპეციალისტთა დიდმა უმრავლესობამ მონაწილეობა მიიღო. ეს ძალიან ბევრი გამოცდილი და კვალიფიცირებული ადამიანის ერთობლივი პოზიცია და ნამუშევარია.

ვთვლით, რომ ამ რეფორმების გატარების შემდეგ (ორივე მიმართულებს ვგულისხმობთ, საკანონმდებლოს და სერვისების განვითარებას) ბევრ დადებით შედეგს მივიღებთ. 

მაგალითისთვის, როდესაც გაცილებით მეტი ადამიანი მკურნალობაში ჩართული იქნება, ეს საქართველოში პრობლემური მომხმარებლების რაოდენობას შეამცირებს. ჩვენ მოვახერხებთ და ნარკოტიკების დოზის გადაჭარბებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდება. მოვახერხებთ შევამციროთ ინფექციური დაავადებების გავრცელების მაჩვენებელი. აქ საუბარია იმ დაავადებებზე, რომლებიც სისხლით ვრცელდება და ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები ერთ-ერთი ყველაზე დიდი სარისკო ჯგუფია ამდაგვარი ინფექციების გავრცელების თვალსაზრისით, - ძირითადად, აივ შიდსი და ცე ჰეპატიტი.

ასევე მივიჩნევთ, ეს ცვლილებები ჯამში იმას გამოიწვევს, რომ დღევანდელი პოლიციური რესურსების უზარმაზარი ნაწილი (რომელიც ამ ადამიანების დევნა, დაკავება, დასჯაზე მიმართულია, ისევ მათ ვგულისხობ, ვინც მოიხმარს და ნარკოტიკების გასაღებაში არ არიან ჩართული), არაეფექტურად დახარჯული და გაფლანგული რესურსი ახალ პირობებში ორგანიზებულ დანაშაულზე, საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველი დანაშაულის წინააღმდეგ იყოს გადამისართებული. რაც მთლიანობაში საზოგადოებისთვის დადებითი შედეგის მომტანი იქნება. 

- მაინც რა დაუჯდება სახელმწიფოს ამ სასიკეთო ცვლილებების განხორციელება?

- როგორც აღვნიშნე, ჩვენ სერვისების რეფორმების კონცეფცია გავაკეთეთ. მათ შორის გათვალისწინებულია ადამიანური რესურსები, გადამზადება, ტრენინგები, რამდენიმე ახალი დიდი სტრუქტურის ჩამოყალიბება და ამუშავება.

ჩვენი დათვლებით, ახლებური კომპონენტების ამუშავება სახელმწიფოს წელიწადში დაახლოებით 2,5 მილიონი ლარი დაუჯება. ოღონდ ხაზი უნდა გავუსვა, რომ ამაში პაციენტების ახალი ნაკადების მკურნალობის ღირებულება არ შედის. რეალურად, აქ ინფრასტრუქტურის ამოქმედებაზე ვსაუბრობთ. ამის მერე რომ ვთქვათ, ეს ინფრასტრუქტურა 5 ათას ახალ პაციენტს მიიღებს და გაატარებსო, ბუნებრივია, ამ სერვისის მიწოდება აღნიშნულ ხარჯში არ შედის. 

- როგორია ამ საკითხში ხელისუფლების პოზიცია და რას ელით?

- ჩვენ, ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიასთან ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. ამ ინიციატივის ავტორი პრაქტიკულად კი არის ჩვენი პლატფორმა, მაგრამ ინიცირებას ფორმალურად პარლამენტართა ჯგუფი მოახდენს, მათ შორის ჯანდაცვის კომიტეტის წევრები იქნებიან. 

ამ თვალსაზრისით მხარდამჭერთა დიდი ჯგუფი გვყავს, რომელშიც ღიად აფიქსირებენ ჩვენდამი თანადგომას. თავად პარლამენტარები ამ ინიციატივების ღია მხარდაჭერით გამოდიან. ძალიან სასიხარულოა, რომ წინა წლებთან შედარებით ამ ჯგუფის აქტივობა  უკვე თვალსაჩინოა. მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არიან. ისინი ამას ახერხებენ, ჩვენთან ღიად თანამშრომლობენ და მხარს გვიჭერენ.

ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამე გარანტიებზე შეიძლება იყოს საუბარი. არიან ოპონენტები, მათ შორის პარლამენტში და აღმასრულებელ ხელისუფლებაში. ძირითადი ოპონირება ტრადიციულად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან მოდის. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ეთანხმება ჩვენ პროექტს. ისინი თვლიან, რომ ამდაგვარი რეფორმის განხორციელებას ბევრი არასასურველი შედეგი შეიძლება მოყვეს. 

აქაც ვცდილობთ მათ დავუსაბუთოთ, რომ ამდაგვრ სიფრთხილეს და შიშებს საფუძველი არ აქვს.

ასევე პარლამენტში არის დეპუტატთა გარკვეული რაოდენობა, ვინც არ ერიდება პოზიციის დაფიქსირებას, რომელიც თავის მხრივ შსს-ს პოზიციას არ ემთხვევა. აქაც უმრავლესობის წევრ პარლამენტარებზეა საუბარი. წინა წლებში ჩვენ ასეთი ვითარება არ გვქონია. ამიტომ უფრო იმედიანად ვართ განწყობილი, ვიდრე წინა მცდელობების შემთხვევაში.      

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია