მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დავით ზურაბიშვილი მუხთარლის საქმეზე: ისედაც სულ ნაცებს აბრალებთ ხოლმე ყველაფერს და რაღა აქ გაიჭედეთ? - 12 ივნისი 2017

„კარგი, დავუშვათ რაღაცას აკეთებენ და სახელმწიფო არ აინტერესებთ, მაგრამ საკუთარი რეპუტაცია მაინც რაღაც დონეზე ხომ უნდა აღელვებდეთ?“

ufleba.ge

„მოკლედ, ძვირფასო ხელისუფლების წარმომადგენლებო. რამდენადაც აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცებაზე ყველანი სასწაულ კომენტარებს აკეთებთ და ერთმანეთს ეჯიბრებით, ვინ უფრო დიდ სისულელეს იტყვის, გადავწყვიტე ცოტა შეგეშველოთ. პირველ ყოვლისა, უნდა გააცნობიეროთ, რომ საქმე ცუდადაა. საზოგადოებრივი აზრი ნამეტნავად მომართულია თქვენს წინააღმდეგ. არავის არ სჯერა, რომ აფგან მუხთარლი თავისით გადაიპარა აზერბაიჯანში უპასპორტოდ.

ამიტომ ეს ვერსია დაივიწყეთ და დაეთანხმეთ თავად დაპატიმრებული ჟურნალისტის ვერსიას. ოღონდ (და მთელი მუღამი ამაშია), იქვე უნდა ითქვას, რომ ის ქართველი პოლიციელები თუ უშიშროების თანამშრომლები, რომლებმაც გატაცება მოაწყვეს, იყვნენ ნაციონალები.

მერე ამას მოაყოლეთ, რომ ნაცები არიან ჩანერგილები პოლიციაში, უშიშროებაში, სასამართლოში, პროკურატურაში და ეწევიან საბოტაჟს. კონკრეტული პიროვნებების დასახელებაც არ გაგიჭირდებათ, ბალი ათ შაურად იპოვით ნაცმოძრაობისდროინდელ კადრებს ყველა უწყებაში.

ამის მერე იჭერთ იმ გამტაცებლებს, რომლებიც აღიარებენ, რომ ჟურნალისტი გაიტაცეს მიხეილ სააკაშვილის დავალებით. პარალელურად, ე. წ. უკრაინულ ვიკილიქსში დააბეჭდინეთ ვითომ სტენოგრაფიული ჩანაწერი იმისა, თუ როგორ გეგმავს ამ პროვოკაციას მიშა ზურაბ ადეიშვილთან ერთად და ამ ამბის პიარსქემაში როგორ რთავს პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებს და „ენჯეოებს“. 

ბოლოს კი, დამაჯერებლობისთვის, რამე რუსულად დაურთეთ, „Женя, машину“ ან რამე ეგეთი. არ გიქნიათ თუ რა, პირველი ხომ არ იქნება? ოღონდ, სადღობელაშვილის ან მჟავანაძის დონის შემსრულებლები არ გინდათ, ცოტა მეტი გადაიხადეთ და ვინმე ისეთს დააწერინეთ, ქვემდებარე შემასმენელში რომ არ ერევა.

ბუნებრივია, ისმის კითხვა: როგორ გინდა მოტაცებაზე ჩასვა ის ხალხი, ვისაც თავად დაავალეთ მოტაცება? მაგრამ არა უშავს. ჩაჯდნენ ცოტა ხნით, აღიარონ დანაშაული, დაადონ ხელი მიშას. თქვენ კი კაი საჭმელ-სასმელი არ მოაკლოთ და შიგადაშიგ ნაშებიც. თუ არ იცით ეგ როგორ კეთდება, გეყოლებათ სამსახურში გადმობირებულები გირგვლიანის მკვლელების მომსახურე პერსონალიდან და ისინი გასწავლიან.

პარალელურად, სასურველია ბიძინა ივანიშვილი გამოვიდეს, სასტიკად დაგმოს ნაციონალური მოძრაობა და კიდევ ერთხელ გაახსენოს ხალხს, რა ხდებოდა მათი მმართველობის პერიოდში. 

ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით დააფინანსეთ „ასავალ-დასავალის“ სპეციალური, მილიონიანტირაჟიანი გამოშვება, რომელიც მთლიანად მიეძღვნება ნაცებისა და მათთან შეკრული პროდასავლელი მოღალატეების მავნებლურ საქმიანობას; გოგა ხაინდრავამ კი სასწრაფოდ დაიწყოს ჰეროკრატიის მეორე სეზონზე მუშაობა (სათაურით ჰეროკრატია 2: საბოტაჟი), სადაც მოქმედება წარიმართება უკვე ჩვენ დროში და ნაჩვენები იქნება ნაცების ძირგამომთხრელი საქმიანობა იატაკქვეშეთიდან და ა. შ. და ა. შ. კიდევ ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს.

მოკლედ, ისევ და ისევ ავადსახსენებელ კოჰაბიტაციას უნდა დაბრალდეს ყველაფერი. მართალია აქ არის ერთი პატარა სირთულე: პროდასავლური პარტია ხელისუფლებაში აღარ დაგრჩათ და „ქართუ ბანკის“ კრედიტ-ოფიცრებს ხომ ვერ აჰკიდებთ კოჰაბიტაციის თავსმოხვევას? თუმცა, ერთხანს ნაციონალების გინება გადაფარავს ამას და ამასობაში ან ვირი ან ვირის პატრონიც, ჯეკ...

აი, ასეა საჭირო მოქმედება. უბრალოდ გასაკვირია, აქამდე როგორ არ მოგივიდათ ეს თავში? ისედაც სულ ნაცებს აბრალებთ ხოლმე ყველაფერს და რაღა აქ გაიჭედეთ? თუმცა, არა უშავს, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.

პ.ს. კასრების კადრების საერთო-სახალხო ჩვენება აღარ გინდათ. ტეხავს მაინც, ვერ გაგვიგებენ ევროპაში.

რავა ყველაფერი მე უნდა გასწავლოთ?“, - აი ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გარშემო დატრიალებულ მოვლენებს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დედაქალაქის წევრი დავით ზურაბიშვილი. ამ შინაარსის პოსტს ის  სოციალურ ქსელში აქვეყნებს. 

„ქრონიკა პლუსი“ სწორედ დავით ზურაბიშვილს ესაუბრება. 

- ბატონო დავით, რამ გამოიწვია აფგან მუხთარლის ირგვლივ დატრიალებული პროცესები?

- ცალსახაა, რომ სრულიად აღმაშფოთებელ ფაქტთან გვაქვს საქმე. რასაკვირველია, ეს მთლიანად საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა. 

თეორიულადაც კი მხოლოდ ორი ვარიანტია, - ან ჩვენი ხელისუფლება, სპეცსამსახურები ჩაერია და მათი ხელშეწყობით მუხთარლი აზერბაიჯანში გადაიყვანეს, ან მთავრობა საქმის კურში არ იყო და ვიღაცებმა ისე გადაიყვანეს, მოიტაცეს. 

კიდევ ერთ ვარიანტს კი აბსოლუტურად გამოვრიცხავ (რადგან ამაზე მსჯელობა არასერიოზული და სასაცილოა), რომ ეს ადამიანი თავისით წავიდა, ჩუმად გადაიპარა და მერე იქ დააკავეს. ანუ ოფიციალური ვერსია, რასაც გვთავაზობენ, არანაირ ლოგიკაში არ ჯდება.

მოკლედ, ზემოთა ვარიანტებია და ორივე შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. რაც შეეხება ამ ფაქტზე თვითონ მთავრობის რეაქციას, კომენტარებს და იმას, საითკენაც მიყავთ საქმე, ეს ყველაფერი პირველი ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. თვითონვე პროცესში უშალოდ რომ ჩართული არიან, ამაზე მიუთითებს. ანუ ყველანაირად ადასტურებენ, მტკიცებულებებს ახვავებენ, რომ ზუსტადაც დაინტერესებული, ჩარეული არიან და ახლა რაღაცნაირად გამოძრომას ცდილობენ. 

როგორც ჩანს, მომხდარზე ასეთ რეაქციას არ ელოდებოდნენ. ერთი წუთით რომ საკითხის მორალურ მხარეს თავი დავანებოთ... 

სრულიად ამორალურია ეს ამბავი, როდესაც შენთან შემოფარებულ ადამიანს მათ გადასცემ, ვინც ამ ხალხს პოლიტიკური შეხედულებების გამო გამოექცა. ამას ჩვენ ქვეყნის ძირითადი კანონი, კონსტიტუციაც კი ძალიან მკაფიოდ და მკაცრად გვიკრძალავს, რომ არ შეიძლება პოლიტიკური დევნა თუ ადამიანის გადაცემა. 

მაგრამ წმინდა პრაგმატულად რა რეაქციასაც ავლენენ, ეს ხელისუფლებისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის იმდენად დამაზარალებელია, პირდაპირ არც კი ვიცი, რაღა ვიფიქრო ხოლმე. 

ისინი ამ ყველაფერს მთლად კარგად ვერ აცნობიერებენ. კარგი, დავუშვათ რაღაცას აკეთებენ და სახელმწიფო არ აინტერესებთ, მაგრამ საკუთარი რეპუტაცია მაინც რაღაც დონეზე ხომ უნდა აღელვებდეთ? რაღაც არ ეტყობა, რომ ასეა მათ შემთხვევაში.

- მომხდარზე კონკრეტული პასუხისმგებლობა ვის მოედანზეა?

- ამაზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს. ჯერ კიდევ 2010 წელს ტაჯიკ ოპოზიციონერთან დაკავშირებით მსგავსი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ეს კაცი რუსეთიდან ასეთი მეთოდებით გაიტაცეს და მერე სასამართლოში რომ იჩივლეს, ამაში სწორედ რუსეთი დაადანაშაულეს. როდესაც დაზარალებულმა განაცხადა, რომ რუსეთში გაიტაცეს და მერე ტაჯიკეთს გადასცეს, ამის საწინააღმდეგოდ რუსეთის ხელისუფლებამ ვერაფერი წარმოადგინა. 

სასამართლომ მტკიცებულების ტვირთი მაშინვე რუსეთზე გადაიტანა და თქვა, - შენ უნდა დაამტკიცო, რომ ეს საქციელი არ ჩაგიდენია. მან კი არ უნდა ამტკიცოს, რომ შენ გადაიყვანე, არამედ ეს შენ უნდა დაადასტურო. ვერ დაამტკიცეს და ამის გამო გაამტყუნეს კიდეც, შედეგად რუსეთს კომპენსაციის გადახდა დააკისრეს.

ამ ადამიანის სასწრაფოდ გათავისუფლება თუ არ მოხდა, დიდი ეჭვი მაქვს, რომ მსგავსი პროცესი საქართველოს შემთხვევაშიც გამეორდება. ანუ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უკვე სასამართლოს მეშვეობით კომპენსაციის გადახდა დაეკისრება, რადგან ამ სიტუაციაში დამნაშავედ გამოცხადებული იქნება.

პრეცენდენტი არსებობს, ასე მოხდება და მსგავსი დამოკიდებულება სწორიც არის. რადგან ეს შენი პასუხისმგებლობაა, შენ უნდა დაამტკიცო, როდესაც დაპატიმრებული, მისი ოჯახი, ადვოკატი ცალსახად ამბობენ, რომ გატაცება მოხდა. ეს ქართულად მოლაპარაკე, ფორმაში ჩაცმულმა ადამიანებმა გააკეთეს... 

და შენ თუ უტყუარ მტკიცებულებებს არ წარმოადგენ, რომ ასე არ ყოფილა, რასაკვირველია, საერთაშორისო სასამართლოს, საზოგადოების მხრიდან საქართველოს ხელისუფლება დადანაშაულებული იქნება და ეს სავსებით სამართლიანად მოხდება.

- საერთაშორისო სასამართლოს შესაძლო გადაწყვეტილებამდე, თვითონ ხელისუფლების შიგნით ამაზე ვინ უნდა აგოს პასუხი?

- ეს სისტემური ამბავია და, ზოგადად, მთელი მთავრობა პასუხისმგებელია. პირველ რიგში, რა თქმა უნდა პრემიერ-მინისტრი. უფრო კონკრეტულად, ძალოვანი უწყების ხელმძღვანელები, უშიშროების უფროსი და შინაგან საქმეთა მინისტრი. 

მაგრამ ჩვენ ისიც ვიცით, რომ რეალური ძალაუფლების ცენტრი აქ კი არა, გარეთაა. ეს ამბები სხვაგან უფრო წყდება არაფორმალურ ვითარებაში, - ვინ არის მოსახსნელი, ვინ დასანიშნი და ა.შ. როგორც ჩანს, ამ სხვა ადგილას ჯერ არაფერი გადაწყვეტილი არ არის და პროცესიც თვითდინებაზეა მიშვებული. 

- რა უნდა გაკეთდეს, რომ ქვეყანაში მსგავსი ფაქტები არ გამეორდეს?

- ამ თვალსაზრისით ხელისუფლებისგან დიდი მოლოდინი არ მაქვს, რომ მსგავს გამოცდილებას სათანადოდ გაითვალისწინებს. ერთადერთი, ხელისუფლებამ ასეთი რაღაცები რომ ვერ გაბედოს, ჩვენ არ უნდა გვეშინოდეს, პროტესტი გამოვხატოთ და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს.

ამიტომ ერთადერთი გამოსავალი სამოქალაქო ატივიზმია, პოლიტიკური ძალების, ოპოზიციის  ჩართულობა და მთლიანად საზოგადოების აქტიურობაა, რათა ხელისუფლებაზე აქტიური კონტროლი განხორციელდეს. 

- საკონსტიტუციო რეფორმის მიმართ „რესპუბლიკელების“ დამოკიდებულება როგორია, განსაკუთრებით პრეზიდენტის არჩევის ნაწილში...

- როდესაც საქართველოს პრეზიდენტი, პრაქტიკულად, დამოუკიდებელი მოთამაშეა და ყველა სხვა მმართველობით რგოლში ქართული ოცნება და ბიძინა ივანიშვილია წარმოდგენილი, ასეთ სიტუაციაში პრეზიდენტის არჩევის განსხვავებულ წესზე მსჯელობაც კი არ უნდა იყოს. 

რასაკვირველია, ამ სიტუაციაში პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრის წესით არჩეული უნდა იყოს და მას მაღალი სახალხო ლეგიტიმაცია ჰქონდეს. ჩვენ თუ საპარლამენტო რესპუბლიკაზე ვსაუბრობთ, ასეთ რესპუბლიკაში მთავარი ხელისუფლების განაწილების პრინციპია და არა ის, თუ პრეზიდენტი როგორ აირჩევა.

- რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარული სისტემის კვლავ შენარჩუნებაზე მიდის საუბარი...

- ამაზე ჩვენი პოზიცია დიდი ხანია ცნობლია. ჯერ კიდევ უმრავლესობაში რომ ვიყავით,  რესპუბიკელებს პოზიცია გვქონდა შემუშავებული, რომელიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას გულისხმობდა. ოღონდ, ეს ცოტა მოგვიანებით ძალაში უნდა შესულიყო, ანუ შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის. 

თითქოს ამაზე თავიდან ქართული ოცნება თანახმა იყო, მერე აღარ დათანხმდა და დაიწუნა. ჩვენ კი პრინციპულად პროპორციული სისტემის მომხრე ვართ.

- მთავარი აუდიტორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე დამოკიდებულება როგორია?

- რა უნდა გითხრათ, სახელმწიფო მოხელეზე ადრე ნასამართლევი გენერალური პროკურორი ძალადობს და ამ დროს მთელი მთავრობა უკანასკნელის დაცვას ცდილობს. არაფერს იშურებენ, რომ ეს ქურდობაზე ნასამართლევი ყოფილი პროკურორი საქმიდან რამენაირად გამოაძვრინონ; რომელზეც ძალიან დიდი ეჭვია, რომ რეალურად პროკურატურისა და პოლიციის არაფორმალური ხელმძღვანელია, - აქ რაზეღა უნდა ვილაპარაკოთ?

რასაკვირველია, ეს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის სერიოზული დარტყმის მიყენებაა.

- დედაქალაქის მერი მომავალ მთავარ აუდიტორად განიხილება...

- როგორი ხელმძღვანელი იყო, კი ვნახეთ, ფაქტობრივად, მკვდარი ქალაქის მერი, რომელიც რეალურად დედაქალაქში არაფერს   წყვეტდა. რასაც ეტყოდნენ, იმას აკეთებდა, - ასეთივე აუდიტორი იქნება. 

თვითონ ხელისუფლების ვიწრო ინტერესი, რომ ყველგან მონამორჩილი უნდათ, ამ მხრივ ძალიანაც გამართლებულია. რადგან იქაც მონამორჩილი იქნება და რასაც სუსი, ბიძინა ივანიშვილი თუ სხვა ეტყვის, იმასვე გააკეთებს. ამ მხრივ, მათთვის ძალიანაც კარგი კანდიდატურაა. 

მეორე მხრივ, სამსახურის განვითარებაზე თუ ვმსჯელობთ, ნარმანიას კვალიფიკაციის პრობლემა კი არა, პოლიტიკური ნების პრობლემა აქვს და დამოუკიდებლად მოქმედება უბრალოდ არ შეუძლია. ხელისუფლება კი არანაირად არ შეეცდება ისეთი ვინმეს დანიშვნას, ვინც მისი მონამორჩილი არ იქნება. თორემ ნარმანია იქბება იქ, თუ სხვა ვინმე, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. შეიძლება სხვა გვარის ვინმე იყოს დანიშნული, ოღონდ ისეთივე თვისებების მქონე, როფგრიც ნარმანიაა.

- საარჩევნოდ „თავისუფალ დემოკრატებთან“ გაერთიანების საფუძველი რა გახდა?

- ჩვენ ვცდილობთ იმ ძალების კონსოლიდირება  მოვახდინოთ, ვინც ოპოზიციაშია და ვისაც არც წარსულში დაბრუნება უნდა. ვცდილობთ ძალისხმევა გავაერთიანოთ, ჩვენ გაერთიანებაში ძალიან ბევრი ის ადამიანი შემოვიყვანოთ, ვინც პარტიის წევრი არ არის, მაგრამ ქვეყანაზე გული შესტკივა, ქალაქის მმართველობაში, მის პრობლემებზე ჭკუა ეკითხება. ეს განსაკუთრებით თბილისის არჩევნებს ეხება. 

ასე რომ, რაც უფრო კონსოლიდირება მოხდება, მეტად დავუპირისპირდებით ხელისუფლებას, შევძლებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან არჩევნებში სერიოზული დარტყმა მივაყენოთ ხელისუფლებას, მით უფრო უკეთესი იქნება. 

ღირებულებით სიბრტყეში ერთმანეთის მსგავსი, ლიბერალური პარტიები ვართ (ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებული), დიდი ხნის პარტნიორული ურთიერთობები გვაკავშირებს, კარად გვესმის ერთმანეთის და ვფიქრობ ასეთ სერიოზულ, კრიტიკულ მონენტში არჩევნებისთის სერიოზული დამატება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გაერთიანებული ბრძოლა ქვეყანასაც წაადგება.

- მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თუ მიღებულია?

- რა თქმა უნდა, მერობის კანდიდატი გვეყოლება. კონკრეტულად ვინ და როგორ იქნება, ამის თაობაზე მალე შეიტყობთ.

- რას ელოდებით არჩევნებზე?

- სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებისგან ტრადიციულად ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას, რაღაც კორცხელისმაგვარი სიტუაციების კიდევ ერთხელ გამოჩარხვას და ყველანაირად შეეცდებიან, რომ ადმინსტრაციული რესურსის დახმარებით რაღაცნაირად ეს გამარჯვება უზრუნველყონ. ვიმედოვნებ, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების საშუალება არ მიეცემა.    

 

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია