მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ლაშა კილაძე: ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია ერთადერთი და უალტერნატივო მიმართულებაა - 11 აგვისტო 2017

„განისაზღვრება და ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება პირადი მოხმარების ფენომენი და კომერციული ინტერესები, ასევე განსაზღვრული იქნება მინიმალური, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობა, ეს გაცილებით რეალური რიცხვებით მოხდება, ვიდრე დღემდე ხდებოდა“ 

ufleba.ge

საქართველოში დრომოჭმული ნარკოპოლიტიკა ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. საკანონმდებლო პაკეტი, რომლის მიზანს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია წარმოადგენს, პარლამენტში ინიცირებულია. შემუშავებული ცვლილებების ავტორი „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმაა“ და უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებმა წარადგინეს. პარლამენტს განსახილველად წარედგინა „სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ სრულად ახალი კანონი, ასევე რვა სხვადასხვა კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი. 

საკანონმდებლო პაკეტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყება.

მომხმარებლების მიმართ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას  მიესალმება საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

„მომხმარებლების მიმართ იგეგმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. ჩვენ მივესალმებით ასეთ ცვლილებებს. უბრალოდ როდესაც არის საუბარი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით, უნდა გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. კერძოდ, პირველ რიგში ის, როგორ განვიხილავთ ნარკომომხმარებლებს – ისინი არიან დამნაშავეები თუ სჭირდებათ დახმარება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ ის განცდა, რომელიც არის საზოგადოებაში, რომ დღევანდელ ნარკოპოლიტიკას იყენებენ რეპრესიული მექანიზმებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნარკომომხმარებლებისთვის კანონმდებლობა იყოს ლიბერალური, ხოლო მკაცრი ნარკოდილერებთან და გამსაღებლებთან მიმართებაში“,- აცხადებს პრეზიდენტის პრესსპიკერი ეკა მიშველაძე.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ გენერალურ დირექტორს, ლაშა კილაძეს ესაუბრება:

- ზოგადად, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულება ერთადერთი და უალტერნატივოა. დღევანდელ მოცემულობაში ეს, უბრალოდ, აუცილებელია. ინიცირებული კანონპროექტის ნიუანსებს დაწვრილებით არ ვიცნობ, თუმცა ლიბერალიზაციის, მინიმალური ოდენობების თემა, რომელიც ამ კანონპროექტის ფარგლებშიც განიხილებოდა, რასაკვირველია, აუცილებელია და ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურია. 

- ამ ლიბერალიზაციას რა შედეგები ექნება?

- შედეგი ის იქნება, რომ, როგორც მინიმუმი, განისაზღვრება და ერთმანეთისგან გამიჯნული იქნება პირადი მოხმარების ფენომენი და კომერციული ინტერესები, ვთქვათ, ამ გაყიდვასთან დაკავშირებით. ასევე განსაზღვრული იქნება მინიმალური ოდენობა, დიდი ოდენობა და განსაკუთრებით დიდი ოდენობა. ეს გაცილებით რეალური რიცხვებით მოხდება, ვიდრე ეს დღემდე ხდებოდა. 

უნდა გითხრათ, რომ დღესაც ზოგიერთი ნარკოტიკის მინიმალური ოდენობა საერთოდ არ არის განსაზღვრული და უმცირესი, მიკროსკოპული ოდენობაც კი ავტომატურად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დადგომას ითვალისწინებს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ არის რეალური და ვალიდური მიდგომა. 

ამიტომ, ზოგადად, ლიბერალიზაცია ერთმნიშვნელოვნად კარგი, დადებითი მომენტია, მაგრამ პარალელურად აუცილებელია ძალიან დიდი საგანმანათლებლო და პრევენციული აქტივობა. ეს პირველ რიგში სახელმწიფოს მხრიდან უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხმარების განსაკუთრებით დიდი ტემპებით ზრდა არ მოხდეს; არ მოხდეს ამის პოპულარიზაცია, მოსახლეობაში აგრესიული აგიტაცია, პირველ რიგში ეს ახალგაზრდა თაობას ეხება. და ამ ყველაფერში აუცილებლად რისკის ფაქტორების გათვალისწინება და ამ რისკების სათანადო პრევენცია უნდა განხორციელდეს. 

მოკლედ, კანონმდებლობის ლიბერალიზაცია ცალმხრივი რეაქტიული პროცესი კი არ უნდა იყოს, არამედ, რაც უფრო მასთან თანმდევი და პროაქტიური ნაბიჯები გადაიდგმება, მით უკეთესი იქნება. 

- ლიბერალიზაციის პირობებში ნარკომოხმარების ზრდის შესაძლებლობას მაინც არ გამორიცხავთ?

- ნამდვილად არ გამოვრიცხავ და გარკვეულ ეტაპზე მოხმარების ზრდა იქნება. და სწორედ იმისთვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რისკია, საჭიროა ის შემაკავებელი მექანიზმები, რაზეც წეღენ გესაუბრეთ. კერძოდ პრევენციული, სწორად დაგეგმილი ღონისძიებების  განხორციელება, პრევენციული და საგანმანათლებლო კამპანია, რომელიც ძალიან ადრეული ასაკიდან უნდა განხორციელდეს. ეს არის ცხოვრების ჯანსაღი წესის აგიტაცია და ნარკოტიკების მიერ მიყენებული ზიანის სრული მასშტაბურობით გაცნობა საქართველოს მოსახლეობისთვის. 

წინააღმდეგ შემთხვევაში, ლიბერალიზაციის პროცესი, ზოგადად, უარყოფითი შედეგების მომტანი იქნება, რაც მოხმარების ზრდის ტენდენციას უკავშირდება. ამით ახალს არაფერს ვამბობ, ეს ძალიან მარტივი ჭეშმარიტებაა. 

თუ არ იქნება შემაკავებელი მექანიზმები, რასაკვირველია, ლიბერალიზაცია მოხმარების ზრდას გამოიწვევს. 

- განათლებისა და პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობა გაიმეორეთ, ამ მიმართულებით რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

- ეს ყველაფერი კანონმდებლობაში ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრული უნდა იყოს. სადღეისოდ, კანონმდებლობაში ეს მუხლი კი არის, მაგრამ ძალიან ხშირად მისი იგნორირება ხდება, რაც ნარკოტიკების მიღების პროპაგანდის მხრივ პასუხისმგებლობის განმტკიცებას შეეხება. 

ერთმნიშვნელოვნად უნდა დაისვას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიაში ჩართული, გამსაღებელი ორგანიზაციების მიმართ; ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს განსაზღვრული (და ეს ძალიან მოლკე დროში უნდა მოხდეს) სტრუქტურა, რომელიც ქვეყანაში ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე პასუხისმგებელი იქნება.

ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ეს არ შეიძლება არასამთავრობო სექტორი იყოს. ეს უნდა იყოს კონკრეტული სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მთელ ამ პროცესს დაგეგმავს, განახორციელებს, მეთვალყურეობას, მონიტორინგს გაუწევს, კვლევებს გააკეთებს, ამ პრევენციულ კამპანიას დაგეგმავს, საგანმანათლებლო აქტივობებს განახორციელებს საბავშვო ბაღიდან, ადრეული ასაკიდან დაწყებული... 

მოსახლეობას სრულყოფილი ინფორმაცია ექნება იმის თაობაზე, თუ რაოდენ მავნებელია ნებისმიერი ეგრეთ წოდებული მსუბუქი ნარკოტიკიც ადამიანის ორგანიზმისთვის და ეს არა ერთჯერადი, კონკრეტული კამპანიური სახით, არამედ პერმანენტულად გაკეთდება. ანუ დროში გაწელილი და მოსახლეობის სხვადასხვა ფენებში გავრცელებული კამპანია იქნება. 

ამის მერე ჩვენ რასაკვირველია შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ადამიანს  სრულყოფილი ინფორმაცია აქვს იმაზე, თუ რაოდენ დიდი ზიანის შემცველი იქნება ნარკოტიკების მოხმარება. მიხედავად ამისა, თუ ამ არჩევანს შეგნებულად აკეთებს, მაშინ რა თქმა უნდა სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა ამ ადამიანს სამედიცინო სერვისები შესთავაზოს. 

პირველ რიგში კი, მკურნალობა დასჯის ნაცვლად, რადგან მოხმარება თუ საზოგადოებრივად სხვა საშიშ ქმედებას არ უკავშირდება, ჩემი ღრმა რწმენით თავისთავად აღარ არის კრიმინალური აქტი. მას შემდეგ რაც უკვე ადამიანი კონკრეტულ მიმართულებას აირჩევს, სახელმწიფომ მას ადეკვატური სახელმწიფო სამედიცინო სერვისები უნდა შესთავაზოს, სამკურნალო პროფილაქტიკური ღონისძიებების სახით. 

- უშუალოდ ჯანდაცვის მიმართულებით რა არის გასაუმჯობესებელი, რომ არსებული მდგომარეობა შემსუბუქდეს?

- ჩვენ ვისაუბრეთ პრევენციულ ღონისძიებებზე. ასევე უნდა უნდა გითხრათ, რომ უკვე პირველი ივლისიდან ჩანაცვლებითი თერაპიის სერვისის მიღება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასო გახდა და ამ მხრივ ფინანსური ხელმისაწვდომობა გაიზრდება. ჩვენ იმას ველოდებით, რომ ამ პროგრამაში მეტი ადამიანი ჩაერთვება და, შესაბამისად, ნაკლები იქნება ქუჩის ნარკოტიკების მოხმარების ტენდენცია.

გარდა ამისა, სამედიცინო სერვისების დამატებით მიწოდების კუთხით კარგი იქნება ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ხანგრძლივი კურსი, რომელიც რასაკვირველია ფინანსურად ძალიან ტევადი სფეროა, რეალურად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ვფიქრობ მოვიდა დრო, როდესაც სახელმწიფომ უკვე შეიძლება ამაზე იზრუნოს. 

უკვე ყველა ეტაპი, - ამბულატორიული, ნარკოლოგიური დახმარების, ჩანაცვლებითი თერაპიის დახმარების და სტაციონალური დეტოქსიკაციის კურსი, - უკვე სრულად არის მოცული სახელმწიფოს მიერ, სრულად ფინანსდება და კარგი იქნებოდა თუ შემდგომი ნაბიჯები ფსიქოსოციალური  რეაბილიტაციის გაძლიერებისა და ამ კომპონენტის სრულყოფის მხრივ გადაიდგმებოდა. 

- ბოლოს, დღევანდელ ნარკპოლიტიკაში თქვენთვის რა არის მიუღებელი, იგივე სამართლადამცავი სტრუქტურების დამოკიდებულებას ვგულისხმობ მომხმარებლების მიმართ...

- ალბათ, ამ მხრივ სამართალდამცავი სტრუქტურების კომპეტენციები გასამიჯნი იქნება. რასაკვირველია, ეს ჩემი სფერო არ არის და ამაზე დაწვრილებით კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. ზოგადად კი, მიზეზ-შედეგობრივად ცოტა პრობლემურად ვხედავ ამ ორ სტრუქტურას, - ნარკოპოლიტიკას და სამართალდამცავი ორგანოების ტაქტიკას. 

ამიტომ ლიბერალიზაციის კუთხით არჩეული მიმართულება ერთმნიშვნელოვნად სწორია. დღეს ნარკოპოლიტიკა ლიბერალიზაციას საჭიროებს, ნარკოპოლიტიკის ვექტორი უნდა გადაიხაროს პიროვნული უფლებებისა და თავისუფლებების მიმართულებით. 

თუმცა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია დაცული იყოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ინტერესები ამ კუთხით, რისი კონკრეტული მაგალითიც შეიძლება ეს პრევენციული და საგანმანათლებლო აქტივობები იყოს, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ.     

„ქრონიკა პლუსი“ შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები რეპრესიული ნარკოპოლიტიკისა და პოლიციის სისტემის რეფორმას მოითხოვენ. კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ და „საქართველოს ნარკოპოლიტიკის ეროვნული პლატფორმამ“ ამ შინაარსის განცხადება გაავრცელეს:

- წლების განმავლობაში სამართალდამცავი სისტემის უმთავრეს გამოწვევას პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების შემთხვევები, ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება წარმოადგენდა. ამასთან, გავრცელებული პრაქტიკა იყო ნარკოტიკული დანაშაულის გამოყენებით არასასურველი პირების იზოლაცია, რაც გასულ წლებში სისტემურ სახეს ატარებდა. სამწუხაროდ, ნარკოტიკული ნივთიერებების შესაძლო ჩადებაზე საუბარი ბოლო თვეების განმავლობაში კვლავ აქტუალური გახდა. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკის პირობებში შემუშავებული და დღესაც მოქმედი რეპრესიული ნარკოპოლიტიკა კომფორტულ სივრცეს ქმნის პოლიციისა და პროკურატურისთვის, განახორციელონ მოქალაქეებზე სხვადასხვა ტიპის ზეწოლა, იძულება და სხვა არაკანონიერი მიზნები.

სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გატარებულა ადეკვატური ზომები, იმისთვის, რომ სამართალდამცავ უწყებაში არსებული დაუსჯელობის სინდრომი აღმოფხვრილიყო და სათანადო რეაგირება მოჰყოლოდა პოლიციელთა მხრიდან ჩადენილ  გადაცდომებს. ხელისუფლება ამ მომენტამდე არ თანხმდება რეალურად დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნას. სასამართლოს მხრიდან მისთვის დაკისრებული მაკონტროლებლის ფუნქციის არასათანადოდ შესრულება კი პირდაპირ ახალისებს ისეთ მავნე პრაქტიკებს, როგორიცაა მტკიცებულებების ფალსიფიკაცია, ადამიანის უფლებათა უსაფუძვლო შეზღუდვა და სხვა.

ბოლო საქმეებში მხოლოდ მძლავრი საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ გახდა შესაძლებელი  პროკურატურას  დაეწყო გამოძიება პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ მართლმსაჯულების ორგანოები გამართულად ვერ ფუნქციონირებს და მათი მოქმედება დიდწილად ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ და საზოგადოებრივ განწყობებზეა დამოკიდებული. ეს კი გამორიცხავს საზოგადოების რწმენას ქვეყანაში სამართლის უზენაესობის არსებობის მიმართ.

ამ ფონზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული კომპლექსური პრობლემები მხოლოდ კონკრეტული პოლიციელების ერთეულ გადაცდომებამდე და პასუხისმგებლობამდე არ იყოს დაყვანილი. ასევე საჭიროა საკითხების გააზრებისას სათაანდო ყურადღება მიექცეს როგორც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, ისე სამართალდამცავი და მართლმსაჯულების ორგანოების რეფორმირების აუცილებლობას. ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის შესახებ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები კონკრეტულ სამართლებრივ რეფორმებში დროულად უნდა გამოიხატოს, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლების საპასუხო ნაბიჯები მხოლოდ ნარკოპოლიტიკის ცვლილებით არ შემოიფარგლოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია:

მოხდეს პრობლემის ადეკვატური გააზრება და მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებმა სწორი შეფასება მისცენ პრობლემას, რომელიც სცილდება ნარკოპოლიტიკას და სისტემური მიზეზები გააჩნია;

განხორციელდეს სასამართლოს ძირეული რეფორმა და ჩამოყალიბდეს პოლიტიკური ჯგუფების, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამართალდამცავი ორგანოებისგან თავისუფალი, ძლიერი და კომპეტენტური სასამართლო კორპუსი;.

გატარდეს ძირეული რეფორმა სამართალდამცავ სისტემაში, რომლის მიზანიც იქნება თანამედროვე პოლიციის ჩამოყალიბება, სადაც მინიმუმამდე იქნება დაყვანილი არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების რისკები სამართალდამცავთა მხრიდან;

განხორციელდეს არსებული რეპრესიული ნარკოპოლიტიკის საფუძვლიანი გადახედვა, რომლის შედეგადაც ძირითადი აქცენტები მოქალაქეთა დასჯიდან და იზოლაციიდან, გადავა საჭიროების მქონე ადამიანების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე;

შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი, რომელიც იქნება უფლებამოსილი, აწარმოოს გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დანაშაულის ფაქტებზე.  

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია