მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი მენაღარიშვილი: პენსის ვიზიტმა უნდა განგვიმტკიცოს იმედი, რომ ქვეყნის ტეიტორიული მთლიანობა აღდგება და ქვეყანა ნატოს წევრი იქნება - 18 აგვისტო 2017

„ხედავთ, რომ რუსეთს პრაქტიკულად პასუხი არ გააჩნია ამერიკულ სანქციებზე, რეალურად არაფერი სამაგიერო ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია“

ufleba.ge

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირადად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და აშშ-ის ადმინისტრაციას ხმამაღალი და მკაფიო მხარდაჭერისთვის დიდ მადლობას უხდის. მთავრობის მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია, როდესაც პირველი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ასეთ მკაფიო მხარდაჭერას უცხადებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საგარეო პრიორიტეტულ მისწრაფებებს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ქართველი ხალხისა და რა თქმა უნდა, ყველა ჩვენგანის სახელით მადლობა გადავუხადო პირადად ბატონ ვიცე-პრეზიდენტს და ამერიკის ადმინისტრაციას ასეთი ხმამაღალი მხარდაჭერისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ ჩვენი ხელისუფლების მოსვლის დღიდან ჩვენს მიერ გამოცხადებული სამი მთავარი პრიორიტეტი - უსაფრთხოება და სტაბილურობა; რა თქმა უნდა, დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; ჩვენი ეკონომიკური განვითარება, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა  მოიტანოს თითოეული მოქალაქისთვის კეთილდღეობა, არის ასე პოზიტიურად შეფასებული. ეს პირველ რიგში არის კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა და კიდევ უფრო მეტი შთაგონება იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ გამთლიანებამდე, რა თქმა უნდა მშვიდობიანად და კიდევ უფრო თანმიმდევრულად განვახორციელოთ ჩვენი პრიორიტეტები, რათა ჩვენი ქვეყნისთვის მოვიტანოთ კეთილდღეობა“, - აცხადებს კვირიკაშვილი.

პრემიერის შეფასებით, ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მიერ ასეთი მაღალი ტრიბუნიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხმამაღალი, მკაფიო მხარდაჭერა.

„რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ასევე არის დიდი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ მაქსიმალურად მეტი ძალისხმევა დავხარჯოთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებისთვის და იმ პრობლემების მშვიდობიანად მოგვარებისთვის, რომელიც დღეს ჩვენს ქვეყანას ასე აწუხებს. ბატონმა ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამერიკისთვის საინტერესო ხდება საქართველოს მეშვეობით ჩვენს რეგიონში ეკონომიკური დამკვიდრება. სწორედ ამ ვიზიტის დროს მოეწერა ხელი ძალიან მსხვილ ამერიკულ კომპანია სსა მერინ-სა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც ეს კომპანია შემოდის საქართველოში არა მხოლოდ ახალი პორტის ოპერატორად, არამედ ასევე ინვესტორად. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვაგრძოთ ჩვენი ძალისხმევა ამ მიმართულებით, რომ რაც შეიძლება მეტი დასავლური მსხვილი კომპანია იყოს წარმოდგენილი საქართველოში", - აღნიშნავს პრემიერი. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. 

პაიკლ პენსის აღმოსავლეთ ევროპული ტურნეს პარალელურად, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აქტს ხელი მოაწერა. რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ სანქციებს ჯერ წარმომადგენელთა პალატამ, შემდეგ კი სენატმა ხმათა უმრავლესობით დაუჭირა მხარი. აქტის ასამოქმედებლად ბოლო ნაბიჯი აშშ-ის პრეზიდენტის ხელმოწერა იყო. 

დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილ კანონში საქართველო ექვსჯერ არის ნახსენები. რუსეთს შეერთებული შტატები, საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გამო, დამატებით შეზღუდვებს აკისრებს. სანქციების შესახებ კანონში დეტალურად არის გაწერილი მოსკოვის ყველა ის ქმედება, რომელიც საერთაშორისო სამართლის დარღვევად შეფასდა, მათ შორის შეერთებული შტატების წინააღმდეგ კიბერთავდასხმები და საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ხელყოფა.

კონგრესის ორივე პალატის მიერ დამტკიცებული კანონი ავალდებულებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისკენ მოუწოდოს. იმ ქვეყნების მხარდასაჭერად კი, რომლებიც ევროპასა და ევრაზიაში რუსული გავლენის წინაშე დაუცველები არიან, ასევე რომლებიც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების პროცესში მონაწილეობენ, შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან 2018-19 წლებში 250 მილიონი დოლარი გამოიყოფა.

ამ დოკუმენტის ხელმოწერის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტს, კონგრესის თანხმობის გარეშე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმება აღარ შეუძლია.

ამ ფონზე, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას დღეს, 8 აგვისტოს გეგმავს. ხანმოკლე ვიზიტის ფარგლებში პუტინი რაულ ხაჯიმბას შეხვდება.

რუსეთის პრეზიდენტი დეფაქტო აფხაზეთში რუსეთ-საქართველოს 2008 წლის საომარი კონფლიქტიდან ზუსტად 9 წლის თავზე ჩადის. ბოლოს ის აფხაზეთში 2013 წელს იყო. მაშინ პუტინი ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. ქართული მხარე პუტინის ამ ნაბიჯს პროვოკაციულს უწოდებს.

მიმდინარე პროცესებზე „ქრონიკა პლუსი“ ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტოლოგ ირაკლი მენაღარიშვილს ესაუბრება. 

- ბატონო ირაკლი, როგორც აფასებთ აშშ ვიცე-პრეზიდენტის, მაიკლ პენსის საქართველოში ვიზიტს, რა მთავარ მომენტებს გამოყოფდით?

- თავისთავად, ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა და ასევე საგულისხმოა პერიოდი, როდესაც ეს ღონისძიება შედგა. იცით, რომ ახლანდელი დროება საკმაოდ მღელვარე და გაურკვევლობით აღსავსეა. ბევრი შეკითხვა იყო და ჯერ კიდევ არის იმ თემაზე, თუ როგორია და როგორი იქნება ამერიკის დღევანდელი ადმინისტრაციის მიდგომები პრინციპული საკითხებისადმი. 

ერთი მხრივ, რუსეთი დასავლეთთან უმწვავეს დაპირისპირებაშია და, მეორე მხრივ, ცდილობს დასავლეთში განხეთქილების შეტანით თავისი საქმე გააკეთოს. და ამ პირობებში, როდესაც კორეით დაწყებული და სირიით დასრულებული უამრავი მძიმე პროცესი მიმდინარეობს, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი მოდის ევროპაში და ამას სამ კონკრეტულ მისამართზე აკეთებს. ეს უკვე თავისთავად სერიოზული მესიჯია, რომლის შინაარსში მგონი ეჭვი არავის შეპარვია. 

ამან ზოგი გაახარა, ზოგი გააღიზიანა, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ უყურებს ამ მესიჯს, რომელიც პენსმა შეერთებული შტატებიდან ჩამოიტანა. 

მეორე, რასაკვირველია, მნიშვნელოვანი იყო, რომ ბატონი პენსის ვიზიტი დაემთხვა ჩვენი უსაფრთხოებისთვის მეტად მნიშვნელოვან, ამასთან ძალიან მგრძნობიარე ფაქტს, როგორიც მრავალეროვნული ერთობლივი წვრთნაა და რომელიც საქართველოში ტარდება. 

რა თქმა უნდა, ეს ვიზიტი სამხედრო სწავლების გამო არ დაგეგმილა. ეს წვრთნა დიდი ხნის წინ იყო დაპროგრამებული, მაგრამ მოდით ასე ვთქვათ, ეს დამთხვევა სიმბოლური გახდა და სიტყვები, რომლითაც ბატონმა პენსმა წვრთნებში მონაწილე ამერიკელ სამხედროებს მიმართა, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ.

ყველაფერთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს ბატონი პენსის ვიზიტის დასასრული და მის მიერ გამოხატული მზაობა ახალი ნაბიჯების გადასადგელად... ამის შემდეგ ამერიკის კონგრესმა აიძულა თავისი პრეზიდენტი, რომ დათანხმებოდა კონგრესის გადაწყვეტილებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების თაობაზე. 

მოკლედ, უამრავი მგრძნობიარე ნერვი საქართველოსთვის ერთბაშად მოძრაობაში მოვიდა და ამის გამო გვმართებს კეთილგონიერებაც, საკმარისი აქტიურობაც; რათა ერთი მხრივ ხელიდან არ გავუშვათ ის პოტენციური შესაძლებლობა, რომელიც გვეძლევა, და, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, მინიმალური შეცდომის უფლებაც არ გვაქვს, რადგან საქმე ძალიან დელიკატურ თემებს ეხება. 

ეს ვიზიტი ჩემში დაახლოებით ასეთ ასოციაციებს წარმოშობს.

- ვიცე-პრეზიდენტის მიერ ჩამოტანილი მესიჯები ახსენეთ, რა არის მთავარი გზავნილები და ამას ჩვენთვის რა შედეგები ექნება?

- პირველი მესიჯი ის არის, რომ მიუხედავად მითქმა-მოთქმისა და უამრავი ეჭვისა (რომელიც ბუნებრივია, რომ თავის დროზე გაჩნდა), მან განაცხადა, რომ ამერიკა თავის მეგობრებს რთულ პირობებში არ მიატოვებს, ჩვენ თქვენ გვერდით ვართო. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს მიერ გაწეული სამუშაო (90-იანი წლებიდან ჩვენი პარტნიორობის ფორმირების, დღეს გაღრმავების და ბოლოს ძალიან მნიშვნელოვან სფეროებში მისი გამტკიცების და გააქტიურების გათვალისწინებით) ჩვენი პარტნიორებისგან შესაბამის შეფასებას იღებს. 

მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ხვალიდან შეუძლია აღარ იფიქროს თავის უსაფრთხოებაზე. მსოფლიოში სიტუაცია ყოველთვის რთული იყო და დღესაც ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ეს შეიძლება ასე მარტივად წარმოვიდგინოთ. მაგრამ ის, რომ მსოფლიოს ყველაზე მძლავრმა სახელმწიფომ და დღეისთვის მისმა ერთ-ერთმა წამყვანმა  ხელმძღვანელმა ჩვენდამი გამოკვეთილი მხარდაჭერა გამოხატა, ეს უკვე პრინციპული მნიშვნელობისაა. ეს პირველი გზავნილი.

მეორე მესიჯი არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ იყო მთელი აღმოსავლეთ ევროპისთვის და, მათ შორის, ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისთვისაც; რომლითაც პენსმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა და ა.შ.

მესამე, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც მე მაგალითად ყურადღებას მივაქცევდი და ეს მკაფიოდ უნდა დავინახოთ, ის გახლავთ, რომ საქართველოს ამერიკის ადმინისტრაცია განიხილავს არა როგორც მხოლოდ დახმარების ობიექტს, არამედ როგორც თანამებრძოლს ძალიან პრინციპულ, მსოფლიოში ტერორიზმთან ბრძოლაში. ეს არის ხაზგასმული მადლიერების სიტყვები იმ მსხვერპლისთვის, რაც საქართველომ ამ გზაზე გაიღო, იმ საქმისთვის, რასაც საქართველო აკეთებს და იმედი, რომ ჩვენ ერთად ვიქნებით. ეს ყველაფერი კი ბევრს ნიშნავს.

- რამდენად მოსალოდნელია პროცესების დაქარება ნატოში ინტეგრაციის გზაზე?

- ამაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ეს ის თემაა, სადაც ზედმეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს და არ უნდა ველოდოთ, რომ, როგორც იტყვიან, რაიმე ერთი ღამის განმავლობაში გადაწყდება. ყველამ ვიცით, აქ რა სირთულეები და პრობლემებია. ვიცით, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემა და თან ეს არამარტო ჩვენ, ყველას კარგად მოეხსენება. და გასაგებია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ვექტორი სწორედ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე გადის. 

შესაბამისად, ამას დროც სჭირდება, შესაბამისი ნაბიჯები და ჩვენი დასავლელი მეგობრების, უპირველესად, ამერიკელი სტრატეგიული პარტნიორების მაქსიმალური ძალისხმევაც. თუ ამ ყველაფრის გათვალისწინებით შევხედავთ ამ პროცესს, რა თქმა უნდა, ვიცე-პრეზიდენტ პენსის ვიზიტმა დიახაც უნდა განგვიმტკიცოს იმის იმედი, რომ ქვეყნის ტეიტორიული მთლიანობა აღდგება და ქვეყანა ნატოს წევრი იქნება.

- პუტინის დაგეგმილი ვიზიტი სოხუმში არის თუ არა ერთგვარი საპასუხო ქმედება და კიდევ რას უნდა ველოდოთ ოკუპანტი ქვეყნის მხრიდან?

- რა თქმა უნდა, ეს ამაზე გათვლილი ქმედებაა. ახლა ასეთი რამ წარმოიდგინეთ, რომ  აქ მარტო პენსის ვიზიტზე არ არის საუბარი, აქცენტი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებაზე და ამერიკის მიერ გამოცხადებულ სანქციებზეა. თქვენ ყველა ხედავთ, რომ რუსეთს პრაქტიკულად პასუხი არ გააჩნია ამერიკულ სანქციებზე. მას რეალურად არაფერი სამაგიერო ნაბიჯის გადადგმა არ შეუძლია. პუტინმა სულ რომ დაითხოვოს მთელი დიპლომატიური პერსონალი შეერთებული შტატებისა რუსეთიდან, ეს მაინც სიმბოლური ჟესტი იქნება და არა ადეკვატური პასუხი; არც სარკისებური და არც არაპირდაპირი, ირიბი ნაბიჯების შანსი რუსეთს არ აქვს. 

ამიტომ ის იძულებულია წავიდეს ისეთ, მე ვიტყოდი, არაცივილიზებულ ნაბიჯზე, როგორიც რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტია მეზობელი სახელმწიფოს, მის მიერვე ოკუპირებულ პროვინციაში. საკუთარ თავს არ უნდა აკადროს ღირსეულმა პოლიტიკოსმა, მაგრამ როცა გამოსავალი არ გაქვს, ეტყობა უკვე ამაზეც მიდიხარ. ეს მიმართულია თავის შიდა აუდიტორიაზე, ვისაც ეს მესიჯი ეკუთვნის... თორემ სხვა სფაროში ეს არავისთვის რაიმე სერიოზულ ნაბიჯს არ წარმოადგენს. ხოლო შიდა უდიტორიისთვის ასეთი მესიჯია, რომ აი ასეთი თამამი პრეზიდენტი ჰყავს რუსეთს და მისთ. 

რა ვქნათ, ამისთვის მხოლოდ შეგვიძლია მივუსამძიმროთ რუსეთის საზოგადოებას. 

- და მაინც, მიდის თუ არა პროცესები რუსეთ-ამერიკას შორის მორიგი ცივი ომისკენ?

- ამაზე უკვე ბევრი მოსაზრება გამოითქვა და ყველას თავისი საფუძველი აქვს. მე მაგალითად მგონია, მიუხედავად იმისა, რომ ის ტერმინი, ცივი ომი, მაშინ სრულიად კონკრეტულ პირობებში შეიქმნა და იმ პირობებიდან ახლა ბევრი რამ არ არსებობს, ძირითადი ნიშნები მაინც სახეზეა. ეს არის დაპირისპირება, რომელიც ასე მარტივად არ გადაწყდება და რომელმაც უკვე შეიძინა თითქმის ყველაზე საშიში და მიუღებელი კომპონენტი ცივი ომის, როგორიც გამალებული შეიარაღებაა. 

რუსეთის ბიუჯეტი უკვე ძალიან მნიშვნელოვნად სწორედ შეიარაღების შეძენაზე არის ორიენტირებული. ამერიკაც და მთლიანად დასავლეთიც აძლიერებს თავის სამხედრო ძალას. ასევე ის დაპირისპირება რაიმე ერთადერთი იდელოგიური კომპონენტის გამოკლებით, პრაქტიკულად, ცივი ომის ყველა ნიშანს შეიცავს. 

- ამ სიტუაციაში საქართველოსთვის გამოსავალი რა არის, ზემოთ კეთილგონიერება ახსენეთ, რასაც ქართულმა მხარემ უნდა მიმართოს...

- გამოსავალი ის გახლავთ, რომ ვიყოთ ურყევი და მტკიცე ჩვენი სტრატეგიული არჩევანის რეალიზაციაში. ამავე დროს, არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით ბზარების გაჩენის მსურველებმა რაიმე წარმატებას მიაღწიონ. ასეთები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ სამწუხაროდ არიან.

და მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, ყველა ნაბიჯი უნდა გადაიდგას კარგად გააზრების, განსჯის შემდეგ და, ასევე ვიტყოდი, რომ ეს განსჯა და გააზრება არ უნდა იქცეს საქმის იმგვარად გარჩევად, როგორც ზოგჯერ ბაზარზე ფასებს არჩევენ ხოლმე; ხვდებით რასაც ვგულისხმობ. სამწუხაროდ, ეს ბოლო პერიოდის ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებას რაღაც უსიამოვნო ნიშნად დასჩემდა.

დიახაც გვმართებს კამათი, ეს საჭიროა და იმიტომ, დიახაც ამ კამათსა და დისკუსიას უნდა დაეფუძნოს გონივრული გადაწყვეტილებების შერჩევა, მაგრამ ამ ყველაფერმა არ უნდა დააზიანოს ჩვენი საზოგადოების ერთიანობა და როგორც ქვეყნის პოლიტიკურ პროცესს, ასევე პოლიტიკურ კლასს ავტორიტეტი არ უნდა შეულახოს, მათ შორის არც ჩვენი მეზობლების თვალში.

- დღევანდელი ხელისუფლება ამ მხრივ რამდენად ახერხებს სწორი პოლიტიკის წარმართვას?

- ვფიქრობ, ჯერჯერობით ამას ახერხებს.       

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია