მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
ირაკლი მაჭარაშვილი: გამხმარი ხეები ძალიან ხანძარშაშიშ ვითარებას ქმნის და მომავალშიც შეიძლება ეს ხანძრები მოხდეს - 21 აგვისტო 2017

„დაახლოებით 70 ათასამდე ხე გამოიტანეს, მაგრამ ეს მცირე პროცენტია იმისა, რაც რეალურად დაზიანებულია, თქვენ რომ კოჯრისკენ, წყნეთისკენ წახვიდეთ, სულ ასეთი ვითარება შეგხვდებათ“

ufleba.ge

თბილისის მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი, გოგა წერეთელი აცხადებს, რომ მთაწმინდაზე ხანძრის შედეგად 200-მდე ხე, ბუჩქები და ბალახია დამწვარი. როგორც წერეთელი აღნიშნავს, თბილისის მერიის თანამშრომლები, გარემოს დაცვის სააგენტოს, სატყეო დეპარტამენტის, ასევე თბილისის ბოტანიკური ბაღის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე იმყოფებოდნენ და ტერიტორია დაათვალიერეს. 

„მეწყერის საშიშროება არ არის, მაგრამ მომავალ კვირაში ალბათ სპეციალისტების რეკომენდაციებს მივიღებთ, შევისწავლით და შესაბამისად გადავწყვეტთ, თუ რა შეიძლება განხორციელდეს აღნიშნულ ტერიტორიაზე და რა შემდგომი ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას. პირველადი დათვალიერებით 200-მდე ხე არის დამწვარი, ბალახი და ბუჩქები. ხეებს შორის რამდენიმე გამხმარიც იყო. გამწვანების კუთხით ღონისძიებებს მას შემდეგ დავგეგმავთ, რაც რეკომენდაციებს მივიღებთ. მომავალ კვირაში სპეციალისტებთან ამ საკითხზე კიდევ ერთი შეხვედრა გვექნება“, - ამბობს წერეთელი.

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი 8 აგვისტოს გვიან ღამით გაჩნდა, რის შედეგად 2 ჰექტარ ტერიტორიაზე 200-მდე ძირი ხე დაიწვა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივის“ ხელმძღვანელს, ირაკლი მაჭარაშვილს ესაუბრება;

- მთაწმინდაზე მომხდარი ხანძრის შედეგების შეფასება გამიჭირდება, რადგან ზუსტად არ ვიცი, რა ფართობი, მცენარეები და ა.შ.დაიწვა. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რა ხე არის დამწვარი, რა ზომის, რა სახეობის, რა დაქანებაზეა ეს ყველაფერი და ა.შ. სამწუხაროდ, ამ წუთში ამაზე პასუხი არ მაქვს.

- საერთოდ, დედაქალაქის გამწვანებულ ფერდობებზე რა მდგომარეობა და გამოწვევები გვაქვს?

- ეს ფერდობები საბჭოთა პერიოდში გაშენდა. მანამდე, მეცხრამეტე საუკუნეში და კიდევ უფრო ადრე (განსაკუთრებით კი, მე-19 საუკუნეში და მე-20-ის დასაწყისში) ეს ფერდობები ბუნებრივი მცენარეულობებით რითაც დაფარული იყო, მთლიანად გაიჩეხა. ეს იმის გამო მოხდა, რომ თბილისში მცირე მრეწველობა არსებობდა, მჭედლებს, ოქრომჭედლებს ეს ნახშირი სჭირდებოდათ. ასევე გარკვეულწილად მოსახლეობაც იყენებდა.

ასე რომ, ფაქტობრივად, ბუნებრივი მცენარეულობა მთლიანად გაჩეხილი იყო. ამან ის შედგები გამოიწვია, რომ თბილისში ფერდობებიდან წვიმა ნიაღვრად მოდიოდა და სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა. სწორედ, პირველ რიგში, ამ ღვარცოფების, ნიაღვრების შესაჩერებლად, საბჭოთა პერიოდში ამ ხეების გაშენება დაიწყეს. 

როგორც გითხარით, ფერდობებზე ხეების გაჩეხის გამო, ნიაღვრები იქ არსებულ ნიადაგის ფენას საერთოდ რეცხავენ და მერე იქ მცენარეების გახარება ძნელია. ამიტომ იქ ნიადაგის შეტანა ხდებოდა, კლდეების აფეთქებც კი და ასე ირგვებოდა ხეები.

ძირითადად, დარგულია შავი ფიჭვი, რომელიც ადგილობრივი სახეობა არ არის. როგორც წესი, ასეთი არაადგილობრივი სახეობების დარგვა მიღებული არ არის, რადგან მას დიდი დრო არ უწერია. ამ შავ ფიჭვს კიდევ თავისი დრო გაუვიდა და ხმობის პერიოდი დაიწყო. 

ეს ხმობის პერიოდი რამდენიმე ფაქტორის გამო დაიწყო. ჯერ ერთი, ის, რომ როგორც გითხარით, ეს შავი ფიჭვისთვის ბუნებრივი საბინადრო გარემო არ იყო. მეორე, მას დროც გაუვიდა, თავის ასაკს მიაღწია. 

პრობლემა ისიც არის, რომ თავიდან ეს ხეები ძალიან ახლო-ახლოს ირგვება და მერე ყოველწლიურად გამოხშირვა და შესაბამისი მოვლა სჭირდება, რაც ჩვენ პირობებში პრინციპში არ ხდებოდა. ამას საბჭოთა პერიოდში არ აკეთებდნენ და ახლა მით უმეტეს ეს სამუშაოები არ ტარდება. 

ამიტომ ეს ხეები უმეტესწილად გადამხმარია, დიდი რაოდენობა დაზიანებულია, მოჭრას და გატანას საჭიროებს. ეს კი სათანადოდ არ კეთდება. კი ბატონო, გამხმარი ხეების რაღაც რაოდენობა გაიტანა გამწვანების სამსახურმა, მაგრამ ეს საკმარისი მოცულობის სამუშაო არ არის. 

ამ დროს გამხმარი ხეები ადგილზე ძალიან ხანძარშაშიშ ვითარებას ქმნის და მომავალშიც შეიძლება ეს ხანძრები მოხდეს. ამიტომ დაუყოვნებლივ საჭიროა (და ამას ხშირად ვეუბნებით მერის გამწვანების სამსახურს), რომ მერიამ მიიღოს საგანგებო ღონისძიებები, - რაც შეიძლება მოკლე დროში მოიჭრას ეს ფიჭვები და გატანილ იქნას ტერიტორიიდან.

მის ადგილზე უნდა დაირგოს სხვა ფოთლოვანი სახეობები, ასევე ბუნებრივ აღდგენა-განახლებას მაქსიმალურად ხელი უნდა შეეწყოს. 

რეალურად, ეს არ კეთდება. თვითონაც აღიარებენ, რომ ამ საქმისთვის შეიძლება ჯარის ნაწილების გამოყენება საჭირო იყოსო; იმდენად მასშტაბური საქმიანობა არის გასაწევი. ამიტომ ეს მეტად პრობლემური საკითხია. 

თბილისის მერია ჯარს ვერ გამოიყენებს ამ საქმესი, ამ გადაწყვეტილებას უმაღლესი მთავარსარდალი სჭირდება. 

მოკლედ, ასეთი ვითარებისთვის კანონმდებლობა ამბობს, რომ უნდა გამოცხადდეს საგანგებო ვითარება. ამის გამოცხადება რატომღაც არ უნდათ. აგერ ცეცხლის ჩაქრობის დროსაც შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა არ სურთ. ვერც ასაბუთებენ, თუ ამას რატომ არ აკეთებენ. რომ ეკითხები, რატომ არ აკეთებთო, გვეუბნებიან, - ფული არ გვაქვს და ხალხიც არ გვყოფნისო. 

- მაშინ ამ შემთხვევაში გამოაცხადეთ საგანგებო ვითარება და სამხედრო ძალები გამოიყენეთ, - ამაზეც პასუხი არ აქვთ, თუ რატომ არ სურთ ამის კეთება. 

- ანუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და ჯარის გამოყენებს იგივე გამხმარი ხეების გამოხშირვისთვის აუცილებელია?

- რა თქმა უნდა, ეს ხეები უნდა მოიჭრას და ეგრევე ადგილიდან გამოტანილი იქნას. თორემ ადგილზე ძალიან ხანძარსაშიში ვითარებაა და ამ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. 

- იგივე კუსტბის ფერდობზე ამისთვის გარკვეული სამუშაოები ჩატარდა...

- რასაკვირველია, ეს საკმარისი არ არის და ამას თვითონვე აღიარებენ კიდეც. როგორც ვიცი, აღნიშნულ პროცესში დაახლოებით 70 ათასამდე ხე გამოიტანეს, მაგრამ ეს მცირე პროცენტია იმისა, რაც რეალურად დაზიანებულია. თქვენ რომ კოჯრისკენ, წყნეთისკენ წახვიდეთ, სულ ასეთი ვითარება შეგხვდებათ. 

ზოგადად, ყველგან ასეთი ტენდენცია მიმდინარეობს და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის ღონისძიებები ტარდება. და ამ გზაზე ერთ-ერთი ღონისძიება ის არის, რომ ხელოვნური წიწვოვანები ნელ-ნელა  ფოთლოვანი ტყით ჩაანაცვლონ. რადგან ფოთლოვანი ტყე ჯერ ერთი ხანძრისადმი გამძლეა და, მეორეც, ფოთლოვანი ხე უფრო მეტ ჟანგბადს გამოყოფს და მეტ ნახშირორჟანგს შთანთქავს. 

- კონკრეტულად მთაწმინდაზე 200-მდე ხის განადგურება ადგილზე რამე მეწყრულ საშიშროებას ხომ არ გამოიწვევს?

- ადგილზე უნახავად ასეთი დასკვნის კეთება შეუძლებელია. გააჩნია, როგორ იყო ეს ხეები ერთმანეთთან განლაგებული, რამდენად დაქანებული ფერდობია, იმ ადგილზე წარმოიშობა თუ არა წყლის ნაკადები წვიმის დროს ა.შ. ანუ ბევრი ისეთი ფაქტორია, რაზეც საუბარი ადგილზე ნახვის გარეშე შეუძლებელია. 

- ქალაქის მერია ასეთი ტიპის გამოწვევებზე რამდენად ადეკვატურ რეაგირებას ახდენს, თქვენი დაკვირვება როგორია?

- ადეკვატური რეაგირება რომ მომხდარიყო, იმას გააკთებდნენ, რაზეც უკვე მოგახსენეთ. ანუ საგანგებო ვითარებას გამოაცხადებდნენ, ან საჭირო თანხები გამოიძებნებოდა ამ პრობლემების გადასაწყვეტად. ამის მაგივრად თბილისის მერია თანხებს რაღაც სისულელეში ხარჯავს. 

მაგალითად, გამწვანების ეგიდით თანხა იხარჯება ისეთი სკვერების თავიდან გაკეთებაში, რომლებიც ისედაც კარგი სკვერებია. დაახლოებით, 150 ათასი ლარი დაიხარჯა ვაჟა-ფშაველაზე, ოვალურ სკვერზე, რომელიც ისედაც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სკვერი იყო თბილისში. იქ ძალიან ბევრი ვარდის ბუჩქი იყო. ადგნენ, მოთხარეს ეს ვარდების ბუჩქები და რაღაც ძვირფასი ზეთისხილის ხეები დარგეს, ისიც მცირე რაოდენობით. ეს 150 ათასი ლარი დაჯდა და ახლა იქურობა ლამის სასაფლაოს დაემსგავსა. 

რაც მთავარია, ამით არცერთი კვადრატული მეტრი გამწვანების არ შემატებია. თან ტერიტორია ისეთ ადგილასაა, სადაც ადამიანი ფეხით ვერ მიდის. ანუ მას რეკრეაციული დანიშნულება არ აქვს, ადამიანი ფეხით ვერ გაივლის, გარშემო ძალიან დიდი მოძრაობაა, გადასავლელიც არ აქვს. 

იგივე სისულელეში დაიხარჯა ფული, სააკაძის ძეგლის  გარშემო რომ სკვერია. ანუ იქ ადამიანი არ დადის, ადგილს რეკრეაციული ღირებულება არ აქვს... და მერე იტყვიან, რომ ფული აღარ გვყოფნისო. თუ ასეთ რაღაცებში დახარჯავ, ბუნებრივია, ფული არ გექნება. 

უამრავი ფული იხარჯება გამწვანებაში და ამ დროს სარეკრეაციო ტერიტორიას ერთი კვადრატული მეტრი არ შემატებია. რადგან გამწვანებაზე ძალიან არასწორ და არადეკვატურ ღონისძიებებს ატარებენ.

- რა სწორი ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმ ფონზე, როცა ვიცით, რომ დედაქალაქში გამწვანების მხრივ კატასტროფული მდგომარეობა გვაქვს?

- პირველ რიგში, ის უნდა გაკეთდეს, რომ აიკრძალოს ნებისმიერი მშენებლობა ან მსგავსი ქმედება, რომელიც მწვანე ნარგავების შემცირებისკენ არის მიმართული. გინდა ეს კერძო ფართობი იყოს და გინდა საჯარო სივრცე. შეწყდეს ყოველგვარი ასეთი ფართობის პრივატიზება (ნებისმიერი პირობით) გამწვანებულ ტერიტორიაზე, რადგან ამას მოყვება მხოლოდ ერთადერთი შედეგი - გაჩეხვა და იქ რაღაცების გაშენება.

დაწესდეს ლიმიტები, თუ კერძო ტერიტორიაზეც რამდენის შენება შეეძლება ადამიანს. მაგალითად, კერძო ტერიტორიაზეც ადამიანს არ უნდა შეეძლოს, რომ ეს სივრცე მთლიანად ნაგებობებად გადააქციოს. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს პარკების მშენებლობის დროს მიწის დაფარვა მოპირკეთებით (მარმარილო და ა.შ). ეს ფულის კეთების მეტი არაფერია და არავის სჭირდება მარმარილოთი და გრანიტით დაფარული პარკები. 

ეს თანხები უნდა მოხმარდეს არსებული დაზიანებული ხეების გაჯანსაღებას, მათ ახლებით ჩანაცვლებას და სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, ახალი სარეკრეაციო ზონები უნდა შეიქმნას. და არა ისე, რომ სადღაც ისედაც კარგი გამწვანებული ტერიტორიაა, უბრალოდ, ფულის საკეთებლად თავიდან გამოაცხადებენ ტენდერს და გადათხრიან იქაურობას. ამისგან ხეირი არ საზოგადოებას აქვს და არც არავის.

- კუსტბის ფერდობს ვაკის პარკს უერთებენ... 

- ესეც ხალხის მოტყუებაა, რადგან არაფერი არ შეუერთდება. მარტივად შეგიძლიათ შეხედოთ ტერიტორიას, რომელზეც საუბარია, რამდენი იყო ვაკის პარკი, ახლა რამდენი არის დარჩენილი და ა.შ. 

ამიტომ ეს უბრალოდ ხალხის მოტყუება და სინამდვილეში არაფერი მნიშვნელოვანი გამწვნებული ტერიტორია არ ემატება. ამას ის ხალხი აცხადებს, ვისაც თავისივე მიერ გაკეთებულ რუკაში ჩახედული არ აქვს.

- გულისხმობთ, რომ ეს ფერდობი ისედაც ეკუთვნოდა აღიშნულ ტერიტორიას?

- ოდესღაც ეკუთვნოდა და დღეს იმის ძალიან მცირე ნაწილზე მიდის საუბარი. თან კუსტბამდე კი არა, ამ სივრცეში ძალიან მცირე ტერიტორია ხვდება, ამიტომ არის ეს განცხადება სიცრუე. 

როგორც ჩანს, რაღაც ტერიტორიის კიდევ ვიღაც კერძო მესაკუთრეეებზე გაცემას აპირებენ და ახლა პიარისთვის იძახიან, რომ ვითომ მცირე ნაწილს სარეკრეაციო ზონას ვაძლევთო. რეალობა ასეთია და აჯობებს ამ მხრივ ტყუილებს თავი დაანებონ. 

- ადგილობრივ არჩევნებზე ვინმეს ხომ არ უწერთ მხარს?

- ჯერჯერობით, არანაირი პრიორიტეტი არ გვაქვს ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშრებით. მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ ვისაც აქამდე არაფერი გაუკეთებია, ის ამის შემდეგაც სასიკეთოს არაფერს გააკეთებს. მაგალითად კალაძე, კაცი ვიცე-პრემიერი იყო და არაფერი გაუკეთებია ამ მიმართულებით და ახალ დაპირებებს იძლევა, რასაც, ბუნებრივია, არ გააკეთებს. 

ასევე, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა თავი იმით ისახელეს, რომ თავის დროზე ტყე და გამწვანება არ დატოვეს, ახლა კი პროგრამაში აქვთ ეს გამწვანება. ამიტომ მათი იმედიც არ მაქვს.

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია