მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ დატოვა სასამართლომ ძალაში ჩაბუქისთვის ლტოლვილთა სამინისტროს უარი? - 06 დეკემბერი 2017

„ჩაბუქი ფოსტას წინ დახვდება თუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ხელი როგორ უნდა შეუშალოს?“

ufleba.ge

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დემირელის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატების საჩივარი, რომელიც ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტროს სამართლებრივი აქტის გაუქმებას შეეხებოდა. დაცვის მხარემ მისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე ლტოლვილთა სამინისტროს უარი გაასაჩივრა. მოსარჩელეებს მიაჩნდათ, რომ სამინისტრომ სრულყოფილად არ შეისწავლა ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრების საქმის გარემოებები და დაუსაბუთებელი და კანონსაწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთის მხარის მოთხოვნით, 24 მაისს საქართველოში დააკავეს. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, 7 ივლისს კი დევნილთა სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 

ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმე პოლიტიკური ხასიათისაა. ადვოკატის მტკიცებით, ჩაბუქის საკითხი განიხილებოდა თურქეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე და სამწუხაროა, რომ საქართველო არ არის მზად ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება. 

ადვოკატის განცხადებით, დაცვის მხარე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ხატია არდაზიშვილის დღევანდელ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს: 

„სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა ჩვენი სასამართლო მზად სწორი გადაწყვეტილების მისაღებად. ჩვენ აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში და თუ საქართველოს სასამართლოებში ვერ მივაღწევთ სამართალს, მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს“. 

ამის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და დემირელის სახელობის კოლეჯის მენეჯერ მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა 24 თებერვლამდე გაუხანგრძლივა. 

მოსამართლემ სარეზოლუციო ნაწილის წარდგენისას განმარტა, რომ დაცვის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი ახალი გარემოება და კვლავ სახეზეა ის საფრთხეები, რომელზე დაყრდნობითაც მუსტაფა ემრე ჩაბუქს თავდაპირველად შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა. 

როგორც ადვოკატებმა პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადეს, ისინი მოსამართლის გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. აღნიშნულ პროცესზე ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქს სამთვიანი წინასწარი საექსტრადიციო პატიმრობა გახანგრძლივებულიყო. ადვოკატები პროკურატურის პოზიციას არ დაეთანხმნენ ადვოკატები და მათ სასამართლოს 10 000 ლარის ოდენობით გირაო შესთავაზეს. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატს, ვახტანგ კვიჟინაძეს ესაუბრება:

- ბატონო ვახტანგ, რა მიზეზით მიიღო საქალაქო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება, როცა ჩაბუქისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე სამინისტროს უარი ძალაში დატოვა?

- ჩემთვის წარმოუდგენელია საქალაქო სასამართლომ ეს რის საფუძველზე გააკეთა, რადგან, ჯერჯერობით, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ მაქვს. ნამდვილად ვერ გეტყვით, თავში რა მოუვიდათ, მხოლოდ რეზოლუციაში თქვეს, რომ ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილება ძალაში დარჩეს და არ დაკმაყოფილდეს. თუმცა შემიძლია გითხრათ ჩვენი მოთხოვნა რას ეფუძნებოდა.

- მითხარით...

- ჩვენი მოთხოვნა ეფუძნებოდა არსებულ რეალურ მდგომარეობას, რომელიც ამჟამად თურქეთის რესპუბლიკაშია. რასაკვირველია, ეს პირველ რიგში ე.წ. გიულენისტების ისტერიული დევნაა. 

მეორე, ეს არის წამება და არაადამიანური მოპყრობა, რომელსაც მათ წინააღმდეგ ადგილი აქვს. ეს განსაკუთრებით ამ ნიშნით დაკავებული პირების წინააღმდეგ ხდება, როდესაც უამრავი ადამიანი, ყოველგვარი სამართლიანი სასამართლოს, ასევე სათანადო მოპყრობის გარეშე ამ წუთში ციხეებში იმყოფება.

სწორედ ეს არის და ჩვენ  ჟენევის 1947 წლის კონვენციის საფუძველზე ვითხოვდით, რომ აქ, რა თქმა უნდა, წამებისა და არადამიანური მოპყრობის რისკია. 

მესამე ისაა, რომ აღნიშნული პიროვნების მიმართ მართლმსაჯულება პოლიტიკური ნიშნითაა, რადგან აბსოლუტურად დაუსაბუთებელი ბრალია გადმოგზავნილი, რომელიც თურქეთში რაიმე ქმედებას კი არ ეფუძნება. ამას უკვე ვერაფრით იტყოდნენ, რადგან უკვე ორი წელიწადია იქ აღარ ყოფილა.  

საქართველოში სკოლის ერთი დამფუძნებელი მეორე დამფუძნებელზე რაღაცას ყიდდა და ჩაბუქმა ეს იცოდა, ეს არის და ეს. ამიტომ არ ვიცით ამ ადამიანისგან რა უნდათ. მესაკუთრე, მფლობელი ეს არ არის, ერთი ჩვეულებრივი დაქირავებული თანამშრომელი იყო. ერთი მესაკუთრე მერეზე რაღაც წილს ყიდდა, ამან უბრალოდ აიღო ეს დოკუმენტი და რეესტრში წაიღო. სულ ეს არის, რაც ამ ადამიანს ბრალის სახით წარდგენილი აქვს და თურმე ამიტომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრია. სულ ეს არის, რაც ამ საქმესთან დაკავშირებით შემიძლია გითხრათ. 

- თქვენი კოლეგის, სოსო ბარათაშვილის მტკიცებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საკითხი განიხილებოდა თურქეთისა და საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირების შეხვედრაზე და „სამწუხაროა, რომ საქართველო არ არის მზად ამგვარ საკითხებზე მიიღოს ობიექტური გადაწყვეტილება“, შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რაზეა საუბარი?

- ამასთან დაკავშირებით კომენტარს მე ვერ გავაკეთებ. სოსო ბარათაშვილი ამაზე ამომწურავად ისაუბრებდა და თემაზე იმას იტყოდა, რასაც საჭიროდ ჩათვლიდა... ვერ ვისაუბრებ, რადგან საქმის კურსში არ ვარ.

- საქალაქო სასამართლომ სამთვიანი საექსტრადიციო პატიმრობა გაახანგრძლივა, ეს რასთან არის დაკავშირებული?

- მათი პოზიცია ასეთია, რომ საქმის მასალების განხილვა ვერ მოესწრო. რატომ და რისთვის ვერ მოესწრო, ეს ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია. აქ მეორე საკითხი ისაა, რომ პატიმრობის საფუძველი, ფაქტობრივად, არ არის. 

საერთოდ, აღკვეთი ღონიძიების შეფარდების დროს, რასაკვირველია, ითვალისწინებენ არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს (რომელიც, ფაქტობრივად, არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება), არამედ, უპირველეს ყოვლისა, პიროვნების მახასიათებელს. ეს ადამიანი არის პედაგოგი, ოჯახთან, შვილებთან ერთად ცხოვრობს და ვერანაირად ხელს ვერ შეუშლის თურქეთის რესპუბლიკიდან მტკიცებულებების მიღებასა და დამუშავებას. ან როგორ უნდა შეუშალოს, რა, ფოსტას წინ დახვდება თუ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებს ჩაბუქმა ხელი როგორ უნდა შეუშალოს? ეს ხომ ოფიციალურ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლაა.

და კიდევ, ჩაბუქი ამ ქვეყნიდან მიმალვას არ აპირებს. ამ ქვეყანაში ცხოვრებას აპირებს, რომ ლტოლვილის სტატუსი მიიღოს. ამდენი ხნის განმავლობაში მუშაობდა, აქ ოჯახთან ერთად ცხოვრება სურს. შესაბამისად, მისი მიმალვის საფრთხეც აბსოლუტურად დაუსაბუთებელია. 

თავისივე სახლში დააკავეს აღნიშნული პიროვნება და არანაირი მიმალვას, წინააღმდეგობის გაწევას და ა.შ. ადგილი არ ჰქონია. ამაზე მეტს ნამდვილად ვერაფერს გეტყვით, თუ რის საფუძველზე და რატომ ეფარდება ამ ადამიანს პატიმრობა. 

უბრალოდ, ერთს დავამატებ, რომ ეს სკოლები საქართველოში მთელ თაობებს ზრდიდნენ, მათ სკოლის სტანდარტი დაამკვიდრეს და სწორედ ამ სკოლებში დაიწყო მუშაობა ჩაბუქმა. თავიდან იყო მასწავლებელი და მხოლოდ შემდეგ მენეჯერი გახდა. ეს არის და ეს. მასწავლებლად მოღვაწეობის 15-წლიანი სტაჟი აქვს, სახელმწიფო ორგანოებთან მხოლოდ წარმატებული ურთიერთობა ჰქონდა, - ჯილდოები და ყველაფერი კარგი აქვს მიღებული. ამის სანაცვლოდ ეს პიროვნება უკვე შვიდი თვეა ციხეში გასტუმრებული ჰყავთ.

- ადვოკატები რას აპირებთ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით?

- საექსტადიციოსთან თუ ადმინისტრაციულთან, პრინციპში, განსხვავება არ არის, ჩვენ ორივე საქმეზე ამოვწურავთ ჩვენ ხელთ არსებულ შესაძლებლობებს, რასაკვირველია, ყველა ინსტანციის სასმართლოში გავასაჩივრებთ და ბოლომდე მივიყვანთ. 

თავის დროზე, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ვარიანტიც განხილული და განხორციელებული იქნება.     

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია