მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
დაზარალებული: სამი წლის წინ ვეუბნებოდით, ჩვენი საქმე გამოიძიეთ, ანალოგიურად სხვა არ გამწარდესო - 12 დეკემბერი 2017

„ჩვენ ვართ დაზარალებულები და პასუხს მოვითხოვთ კითხვაზე, თუ რა დაემართათ ჩვენს შვილებს“

ufleba.ge

2015 წლის 10 მაისს, გამთენიისას, ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სასტუმროში ხანძარი გაჩნდა. ამ დროს სასტუმროში იმყოფებოდნენ რუსთავის ქორეოგრაფიული ანსამბლ „სიხარული-2-ის“ წევრები, მათ შორის, არასრულწლოვნები, რომელთაგანაც სამი ადგილზე დაიღუპა. ქობულეთის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა და მაშველებმა ალმოდებული შენობიდან 45 ადამიანი, მათ შორის 30 მოზარდი, გამოიყვანეს. საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში დაინიშნა სხვადასხვა სახის კომპლექსური ექსპერტიზა.

„ქრონიკა პლუსს“ ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვის დედა, მაია ხვიჩია დაუკავშირდა.

- ჯერ საქმე გამოძიებული არ არის და სასამართლო პროცესები მიმდინარეობს. არანაირი მტკიცებულება არ დევს იმისა, რომ ხანძარი კონდიციონერისგან ან თუნდაც ელექტროსადენებისგან გაჩნდა. წელიწადში ორი, მაქსიმუმ სამი პროცესი იმართება. ისიც ვიღაც მეორად მოწმეს გამოიძახებენ ხოლმე, რადგან იქ ძირითადი მოწმე არავინ მოდის. 

წლების განმავლობაში სულ ამას ვეუბნებოდით, - სხვებიც რომ ანალოგიურად არ დაზარალდნენ, სხვების მშობლებიც ჩვენსავით არ გამწარდნენ, მიაქციეთ ამ პრობლემას ყურადღება, საქმე კეთილსინდისიერად გამოიძიეთ და გვითხარით, იქ ბოლოს და ბოლოს რა მოხდა. შავით თეთრზე დაგვიწერეთ, რომ ხანძარი ამ კონკრეტულ დროს მოხდა, ამ დროს სახანძრო მოვიდა და ა.შ. აი ამას დღემდე ვერ გვეუბნებიან. 

რეალურად, მთელი ხუთტომეული შეთითხნილი საქმეა, რომელიც დაჩის ზღაპრებივითაა აგებული. დღემდე ეს ყველაფერი ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა. სასამართლო პროცესი კი, ივნისის მერე აღარ ჩატარებულა, მოსამართლე გამოცვალეს და შედეგი ნულია. უკვე ექვსი თვეა მოსამართლე საქმეს ეცნობა. პროკურორს ვურეკავთ და გვემალება, არანაირი კომუნიკაცია არ არის. გამოდიან და დაზარალებულების გვერდით ვართო, დაზარალებულების კი არა, თავიანთი ტყავის გვერდით არიან. ეს ყველაფერი უპირველესად აჭარის პროკურატურის ბრალია. 

სამი წლის წინ ვეუბნებოდით, რომ ჩვენი საქმე გამოიძიეთ, ანალოგიურად სხვა არ გამწარდესო, აი შედეგიც ხომ ყველამ ვნახეთ? კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ აჭარის პროკურატურისა და მთავრობის წარმომადგენლები მიხვდნენ, რას ნიშნავს ადამიანების გამწარება. 

- პროკურორი ვინ არის?

- აბილარ ჭირღვავა, რომელიც გამწარებულ მშობლებს ელემენტარული პასუხის ღირსადაც არ თვლის. როცა გირეკავენ და ყურმილს არ იღებ, ამას რა ჰქვია, თქვენ მითხარით.

- საგამოძიებო მასალებში მაინც რა დევს?

- იმით დავიწყოთ, რომ მასში ძირითადი მტკიცებულებები არ უდევთ. იმას ვერ ადასტურებენ, რომ ხანძარი სადენებმა გამოიწვია. მოპირისპირე მხარემ ალტერნატიული პოზიცია დაუდო და სადენები საერთოდ გამოირიცხა. მოწმეებმა განაცხადეს (ეს პირველ ჩვენებებში დევს), რომ რვა-რვა ჭიქა სასმელი დალიეს, საქმეში ესეც არ უდევთ. 

საქმე ჩვეულებრივმა ადამიანმაც რომ ნახოს, მიხვდება, ვიღაც დაჯდა და დაწერა, იქ დაახლოებით რა შეიძლებოდა მომხდარიყო. უბედური შემთხვევა მოხდა, მაგრამ ეს სახლის მეპატრონეს როდის გააგებინეს (გვიან გაიგო, რადგან მანამდე ეძინა), შემდეგ დენი როდის გამორთეს და ა.შ. არ განიხილება ეს ძირითადი საკითხებია, რაზეც შეიძლება ადამიანი დაეყრდნოს. რაღაც კატასტროფულს არაფერს ვითხოვთ, გვითხრან რა მოხდა.

საერთოდ, არცერთი ჩვენება სხვა ჩვენებას არ ემთხვევა. საქმეში ასი კაცის ჩვენებაა და ყველა ერთი და იგივე ხაზს მიყვება. 

- და რა ფიქსირდება?

- ჩვენება აღებული აქვთ ადამიანისგან, რომელიც შემთხვევის ადგილიდან ასი მეტრის დაშორებით ცხოვრობდა, ზოგი ამ დროს ტაქსაობდა და ა.შ. ანუ გაიგეს ხანძრის ამბავი, მივიდნენ და ნახეს ეს ხანძარი, ესაა და ეს. მაგრამ კამერების ჩანაწერები საქმიდან საერთოდ გაქრა. რომ მოვითხოვეთ, გვითხრეს არ არსებობსო. რეალურად, იქ კამერები იყო.

- საქმის სათანადო გამოძიება რატომ არ ტარდება?

- თუ ამ ხალხს ლიცენზია ჰქონდა, რომ ეს შენობა სასტუმროც ყოფილიყო და საცხოვრებელიც, ვიღაცამ ხომ ამის ნებართვა მისცა? საქმის შეკერვაზე იმიტომ ვსაუბრობთ, რომ არ აწყობდათ სწორედ მაღალჩინოსნებიდან ვინმეს პასუხისმგებლობა დამდგარიყო. 

ერთ-ერთი ბავშვის და იმ ოთახში უნდა ყოფილიყოო, შემდეგ თქვეს, რომ ხანძრის შესახებ მან გაიგო და ყველას გაგვაგებინაო. ფაქტი კი ისაა, რომ ის სასტუმროში საერთოდ არ იმყოფებოდა. გარეთ იყო გასული და შემდეგ მოვიდა, როცა სასტუმროს მესამე სართული უკვე აღარ იყო. ეს გამოძიებას რაში სჭირდებოდა? საქმეს თავიდან უნდა მიყოლოდნენ, ვინ სად იყო, ვინ პირველმა გაიგო და ა.შ.

ამბობდნენ, რომ ვითომ ყველაფერი წამებში მოხდა და ვერაფერი მოასწრესო, რაც სიცრუეა.   თვითონ მასწავლებლების ჩვენებებიდან გამომდინარე, ეს არანაირ წამებში არ მომხდარა, არც ხანძარი მისდევდათ ფეხებში. შეეძლოთ რაღაც მაინც მოემოქმედებინათ, რანაირი დაბნეულებიც არ უნდა ყოფილიყვნენ, რაღაც მაინც გაეკეთებინათ. ფაქტობრივად, არავის არაფერი გაუკეთებია, ჩამოვიდნენ და ქვემოდან ყურება დაიწყეს. 

შემდეგ არ არიან მოწმეები, რომლებმაც ბოლოს ბავშვები ოთახში ნახეს. ეს აწგარდაცვლილი ზაზა ართმელაძის შეკითხვაც იყო სასამართლო პროცესზე, - დარწმუნებული ხართ, რომ ბავშვები ოთახში იმყოფებოდნენო. ამაზე პროკურორმა აცილება მისცა და მოსამართლე დაეთანხმა. ანუ ძირითად კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია. 

- გამოსავალს რაში ხედავთ?

- ჩვენ დაზარალებულადაც არ ვართ ცნობილი, დაზარალებულების თანამემკვიდრეები ვართ. მშობლებმა ამაზეც ყურადღება უნდა გაამახვილონ. რეალურად, არანაირი შეკითხვის დასმის უფლება არ გვაქვს, გასაჩივრების უფლება და ა.შ.

გვინდოდა, რომ ეს საქმე დაეხურათ და ახალი აღგვეძრა, რათა რეალურად გაგვეგო იქ რა მოხდა. რადგან საქმეს ხელოვნურად აჭიანურებენ, სურთ ასე გაწელონ და მერე, ალბათ, ხანდაზმულობას მიაწერენ და დახურავენ. 

ამიტომ გვინდა საქმე იმ მუხლით აღიძრას, რომელსაც ვითხოვთ.  ჩვენ ვართ დაზარალებულები და პასუხს მოვითხოვთ კითხვაზე, თუ რა დაემართათ ჩვენს შვილებს. და თუ პედაგოგის პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება, ხასანა რატომაა დამნაშავე? ჩვენ შვილები ხასანასთვის არ ჩაგვიბარებია, ასევე 13 მშობელი ახლდათ. 

მოკლედ, სრული ქაოსი და გაურკვევლობაა. ამიტომ გამოძიების ბოლომდე მიყვანას მოვითხოვთ. არაერთი მოწმე მივუთითეთ, ვინც ამტკიცებდა, რომ ხანძარი მაშინ გაჩნდა, როცა ოთხს თხუთმეტი აკლდა. მოვითხოვეთ, ერთი პიროვნების სატელეფონო ჩანაწერი ამოეღოთ, მერე დაეკითხათ, მაგრამ ყველა მოწმე დაშინებულია. არავის აძლევენ უფლებას, რომ სიმართლე თქვას. 

გაუბედურებულმა, მაშინ ეკლესიაში მოსულ პრემიერ ღარიბაშვილს შევეხვეწე, რომ საქმე გამოეძიებინათ. უსუფაშვილიც შეგვპირდა, რომ ყველაფერს გამოვიძიებთ, ასე და ისე ვიზამთო. დღემდე არცერთი მთავრობის წევრი ამ საქმით არ დაინტერესებულა. ვისთან არ იყავით, პრემიერი, პრეზიდენტი და ა.შ. რომელ სასამართლოზეა საუბარი, როცა ჩვენ დაზარალებულებს არაფერს არ გვეკითხებიან.      

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია