მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
რატომ ეწინააღმდეგებიან სვანეთში „მესტიაჭალა ჰესის“ მშენებლობას? - 18 დეკემბერი 2017

„მესტიის ზემოთ ბუნება დაამახინჯეს, ეს იყო ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა, ღირსშესანიშნაობა, სადაც ნებისმიერ ოჯახს შეეძლო ტურისტი წაეყვანა და 50, 100 ლარი ამ ერთ გასეირნებაში გაეკეთებინა“

ufleba.ge

მესტიაში, „მესტიაჭალა ჰესის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ორგანიზირებით საპროტესტო აქციები გაიმართა მოწოდებით, - „შეწყდეს სვანეთში ჰესების მშენებლობა და ინდუსტრიული მასშტაბებით ოქროს წარმოება“. ადგილობრივების თქმით, ჰესების მშენებლობა დარღვევით მიმდინარეობს, რამაც ეკოსისტემას სახე შეუცვალა. მუშებს სამუშაოების გაგრძელების საშუალება არ მისცეს, ამჟამად პროცესი შეჩერებულია.  

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ „სვანეთის ახალგაზრდული მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს,  დავით გულბანს ესაუბრება.

-  მოგეხსენებათ, რომ სვანეთი სპეციფიკური რეგიონია, სადაც გარდა წიაღისეულისა, ბევრი სხვა ფასეულობა არის თავმოყრილი. აქ იგულისხმება კულტურული მემკვიდრეობა, უნიკალური ბუნება, არქიტექტურა, სვანური ენა, ფერწერა და ა.შ. ანუ ის ყველაფერი, რაც კულტურული პლასტისთვის არის დამახასიათებელი, სვანეთში ამის სრული კომპლექსი არის მოცემული. 

როდესაც მეორე მხარეს, ვთქვათ, ოქროს წარმოებას ვავითარებთ, ამ შემთხვევაში შეგვიძლია ვნახოთ მაგალითი, თუ რას ჰგავს კაზრეთი. ანალოგიის სვანეთში გადმოტანა სრული კატასტროფაა, რაც მთლიანად ეკოსისტემას დაანგრევს. საკმარისია ერთ რომელიმე ლოკაციაზე მსგავსი წარმოება გაკეთდეს, რომ უარყოფითი შედეგი არ დააყოვნებს. 

რაც შეეხება ჰესებს. დღეს, თანამედროვე მსოფლიომ უარი განაცხადა კაშხალურ ჰესებზე ისეთ ადგილებში, სადაც სპეციფიკური უბნებია, როგორიც ამ შემთხვევაში სვანეთია. ძალიან ბევრი სხვა ალტერნატიული საშუალებაა, რითაც ენერგეტიკის განვითარება შეიძლება. 

თან სახელმწიფოში ამ საკითხზე გაორება შეინიშნება. ერთი მხრივ, სახელმწიფო თითქოსდა ტურისტულ მიმართულებას ავითარებს, რაშიც საკმაოდ დიდი კაპიტალი, სახელმწიფოს ფული ჩაიდო, საბაგირო გზები გაკეთდა, ინფრასტრუქტურა განვითარდა, გზები დაიგო ა.შ. ამავდროულად, ადგილობრივმა მოსახლეობამაც საკმაოდ დიდი ფინანსური დანახარჯი გაწია ამ ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, - მესტიაში, მით უმეტეს უშგულში საოჯახო ტიპის სასტუმრო თითქმის ყველას აქვს გაკეთებული.

გამოდის, რომ ეს ორი კომპლექსური მიმართულება ერთმანეთთან თანხვედრაში ვერ მოდის, ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ამიტომ სახელმწიფოს კონკრეტულ შეკითხვას ვუსვამთ, - ჯერ გაგვაგებინეთ რა გინდათ, ან ერთ მხარეს მივდივართ, ან მეორე მხარეს. თუ ვთქვათ და ჩამოყალიბდით, მაშინ ჩვენი პირობებიც უნდა გაითვალისწინოთ. აქ გუშინ არ მოვსულვართ, ამ ხეობაში ათასწლეულებია ვცხოვრობთ და მკვიდრი მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე გადაწყვეტილება არ უნდა მიიღონ. 

გამოვა, როგორც თავის დროზე ამერიკელებმა ინდიელები რეზერვაციაში გაასახლეს, ისე უნდა გაგვასახლონ სადღაც. დღეს მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტები აღარ არის და იმედია ჩვენც ცივილიზებული სამყაროსკენ მივილტვით. 

ასევე მოგეხსენებათ, რომ არაერთი ჰესის მიმართულებით (მაგალითად, ლარსი ჰესი), იგივე დევდორაკზე მეწყერი სამჯერ ჩამოწვა. როცა ეუბნებოდნენ, სახიფათოა, არ ააშენოთო, არ დაიჯერეს. ერთხელ ჩამოწვა, რვა ადამიანი დაიღუპა, მეორეჯერ სამი და მესამეჯერ რომ ჩამოწვა, ყველაფერი ისე ძირიანად მოთხარა, რომ ამას საერთოდ შეეშვნენ. 

აჭარაში გვირაბები გააკეთეს და ერთი ჩამოენგრათ. ბოლოს ამის აღიარება მოუწიათ. მეორე გვირაბმა წყალი გააპარა. ანუ კლდეში ამ გვირაბში წყალი რომ გაუშვეს, პლასტებიდან ამოხეთქა. ასე რომ, ბევრი კითხვის ნიშანია. 

ახლა ერთ-ერთ მდინარეზე, მესტიაჭალაზე მშენებლობას რომ აპირებენ, უაღრესად აგრესიული მდინარეა. ძალიან ღვარცოფულია, სერიოზული მოვარდნა იცის და უსაშველოდ დიდი კალაპოტი აქვს. ეს კალაპოტი ინერტული მასალით ამოვსებულია. ამ მდინარეს უზარმაზარი ლოდები აქვს წამოღებული. ვიღაცას რომ გათვლა აქვს, აქ ამას ასე და ისე გავაკათებო, რეალურად, ეს ადგილი უამრავი რისკის მატარებელია.

ამას პლუს, მესტიის ზემოთ ბუნება დაამახინჯეს. ეს იყო ერთ-ერთი ულამაზესი ხეობა, ღირსშესანიშნაობა, სადაც ნებისმიერ ოჯახს შეეძლო ტურისტი წაეყვანა და 50, 100 ლარი ამ ერთ გასეირნებაში გაეკეთებინა. პრაქტიკულად, ეს სივრცე უკვე აღარ არსებობს. ბევრი ასეთი კითხვაა, რომელზეც მოსახლეობას საკუთარი განცდები, კითხვები აქვს, რომელზეც პასუხები უნდა გაეცეს. ჩვენი პროტესტის მიზეზიც ეს არის. 

-    დღეს „მესტიაჭალაზე“ რა მდგომარეობაა?

- ეს ჰესი წინასაარჩევნო პერიოდში ძალზედ ცბიერად შემოაცურეს. მოსახლეობის ჯანსაღი ნაწილის (რომელიც პროცესებში ჩართული იყო და გარკვეული ხედვები ჰქონდა) ყურადღების ქვეშ ვერ მოხვდა. ვიწრო წრეში, ადმინისტრაციული წარმომადგენლების მონაწილეობით ფორმალური შეხვედრა ჩატარდა მოსახლეობასთან. იქ აბსოლუტურად სხვა მონახაზი იყო წარმოდგენილი, ძალიან მცირე დიამეტრის მილებზე იყო საუბარი. კონკრეულად ვერ გეტყვით რამხელაზე, მაგრამ ახლანდელი მილები 2,10 მეტრის სიმაღლისაა. ანუ უზარმაზარი მილებია და, პრაქტიკულად, მთელი მდინარის რესურსი ამაში უნდა წავიდეს. მერე მყინვარებთან არიან ძალიან ღრმად შესულები. ანუ სავარაუდოდ ბევრი გადაცდენა აქვთ.

ჩვენ უკვე სპეციალისტებთან კონსულტაცია გვაქვს, მათთან ერთად კითხვარს ვაყალიბებთ. ამას ორი მიმართულებით ვაგზავნით. ერთი კომპანიასთან, რომ სრული დოკუმენტაცია წარმოადგინოს. და მეორე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს ვუსვამთ შეკითხვას, თუ რის საფუძველზე, რა კვალიფიკაციისა და ცოდნის საფუძველზე მოახდინეს აღნიშნული პროექტის შეფასება. ანუ რამდენად კომპეტენტურები არიან ამ საკითხში, ვინ ესწრებოდა ამ კომპეტენტური ადამიანებიდან და მათი მხრიდან რა კითხვები იქნა დასმული. ამ მიმართულებითაც აქტიურ მუშაობას ვგეგმავთ. 

- ამ ეტაპზე მშენელობა გაჩერებულია?

- დიახ, მშენებლობა გაჩერებულია, რადგან ჩვენ ოთხი დღის განმავლობაში ბლოკირებული გვქონდა. მერე კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად შევთანხმდით, რომ საკონსერვაციო სამუშაოებს შეასრულებდნენ მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით. იქ ღრმა თხრილებია, მათი შემორაგვა მოხდებოდა, რაღაც კონკრეტული ლოკაციებია, სადაც ღვარცოფული კედლის დამაგრება უნდა ყოფილიყო. ისევ და ისევ მოსახლეობის უსაფრთხოების თვალსაზრისით, რაღაც სამუშაოებს დავთანხმდით. შემდგომ უკვე შევხედავთ. ისინი გაზაფხულიდან აპირებენ გაგრძელებას. გეგმით მუშაობა თვის ბილომდე ჰქონდათ გათვალისწინებული, მაგრამ ამის საშუალება არ მივეცით. ცოტა ამინდიც მოგვეშველა, თოვლი მოვიდა და კიდევ უფრო უჭირთ.  

- სამუშაოებს რომელი კომპანია აწარმოებს?

- ვინც აშენებს „სინერჯი ჯგუფია“, ჩემი ინფორმაციით, ამაში საქართველოს ბანკის დაინტერესებაცაა. 50-მეგავატიანი ჰესი უნდა გაკეთდეს, ორეტაპიანია. ანუ ეს მესტიაჭალა 2-ია, ამის ქვემოთ კიდევ სამი კასკადის ტიპაჟის უნდა გაკეთდეს. მაგრამ მოსახლეობა ამის უფლებას არ მივცემთ. 

„სინერჯი ჯგუფის“ გარდა, იქ ბევრი ქვეკონტრაქტორი ჰყავთ, თურქი შემდუღებლები და ა.შ. მშენებლების ძირითადი ნაწილი თურქები არიან. ამ კომპანიას რაღაც ობიექტები თბილისშიც აქვს.

- რამდენჯერმე ახსენეთ ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების პრობლემა, თუ ეს პროექტი განხორციელდა, რა კონკრეტულ გართულებას გამოიწვევს?

- როგორც მოგახსენეთ, დევოდარკმა ჰესი უკვე სამჯერ დაანგრია. ამ შემთხვევაშიც არავინ იცის, რა შეიძლება მოყვეს ამ ყველაფერს, რამდენად მდგრადია, რამდენად სწორად არის შერჩეული ლოკაციები და სხვ. იმ შემთხვევაში, თუ თუ მდინარემ მისი მწყობრიდან გამოყვანა მოახერხა, ამან შეიძლება დიდი ღვარცოფული მასის ერთბაშად დაგროვება გამოიწვიოს. როგორც ეს, მაგალითად, მდინარე ვერაზე მოხდა. გახსოვთ, რომ იქ კლდის დიდი მასა ჩამოწვა, ეს წყალი დაგროვდა, მერე ერთბაშად მოზვავდა და ლამის მთელი თბილისი წამოიღო. 

დაახლოებით, ანალოგიური საფრთხის ქვეშ შეიძლება აქაც დავდგეთ. ჩვენ დარგის სპეციალისტები არ ვართ, მაგრამ მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფებით და მათი შეფასებები ვიცით. ვთანამშრომლობთ მწვანე ალტერნატივასთან, რომელიც ჰესებთან მიმართებაში აქტიურად ჩართულია. მათგან გარკვეული ინფორმაცია გვაქვს, თუ რა საფრთხის მატარებელი შეიძლება იყოს მსგავს მდინარეებზე ჰესების გაკეთება.

- თქვენს პროტესტზე ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რა რეაგირებაა?

- ადგილობრივმა მერმა ჩვენთან მოსვლა არ იკადრა, რაც საზოგადოების წინაშე მის დაბალ პასუხისმგებლობაზე მეტყველებს. რადგან ამ თემაზე ერთი ადამიანის პროტესტიც ანგარიშგასაწევია. რადგან ხელფასს ეს საზოგადოება უხდის, მან მოსახლეობის აზრი უნდა გაითვალისწინოს. 

ბრალდებები წამოვიდა, რომ ჩვენ პოლიტიკურად მართულები ვართ, ანგაჟირებულები, საკუთარი ინტერესები გვაქვს და ა.შ. მოკლედ, ძალიან ბანალური და პრიმიტიული ბრალდებებია. როგორც ხდება ხოლმე, კუდიანეზე ნადირობა დაიწყეს. მაგრამ ჩვენ ვამბობთ, თუ რამე სათქმელი გაქვთ, კონკრეტული ფაქტები დაასახელეთ, თუ არადა, საზოგადოების შეცდობაში შეყვანისგან თავი შეიკავეთ. 

ცენტრალურ ხელისუფლებასთნ ჯერჯერობით წერილს ვამზადებთ, სადაც რაც გითხარით, ეს ყველაფერი ფორმულირებული იქნება. ამას საინიციატივო ჯგუფის ხელმოწერა ექნება და მათგან საბოლოო პასუხს ველოდებით, რათა ვიცოდეთ ხედვა, თუ საით მივდივართ. ეს, ზოგადად, სვანეთის მიმართულებას ეხება. სამომავლო გეგმებსაც მათი პასუხის შესაბამისად დავგეგმავთ. 

- ოქროს წარმოებასაც შევეხოთ, ამ მხრიდ ადგილზე რა მდგომარეობაა?

- არის ასეთი სოფელი იელი, სადა ოქრო ძველი, გარეცხვის წესით მოიპოვება. როგორც არგონავტების დროს ცხვრის ტყავით ხდებოდა (პირობითად რომ წარმოვიდგინოთ), ასეთი ტექნოლოგიით ოჯახები ადგილზე მოიპოვებენ. იქ შესული იყო ჩინური კომპანია, რომელმაც რამდენიმე დღეში ლანდშაფტი კატასტროფულად გაანადგურა.

ამას ძალიან მკაცრი რეაგირება მოყვა. სვანეთის თემებისგან შეიკრიბნენ მამაკაცები და ეს ე.წ. ინვესტორი ძალით გააგდეს. მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერი მსგავსი ჩარევა, სადაც ასე უზარმაზარი ტექნიკა და შემდგომ კიდევ ქიმიური ნივთიერებები იქნება გამოყენებული (როდესაც ეკოლოგიური ნორმები დაცული არ იქნება), ასეთივე უმკაცრეს რეაქციას გამოიწვევს. 

ამის მაგალითია კომპანია „არემჯი გოლდი“, რომელსაც ბუნებაზე დაახლოებით ერთი მილიარდის ზიანი აქვს მიყენებული, ეს გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ დათვლილია და ამაზე ხმამაღლაც არ ლაპარაკობენ. ნამდვილად არ გვინდა, რომ მსგავსი კარიერული და ნებისმიერი სხვა ინდუსტრიული წარმოება განვითარდეს სვანეთში და აქაური ეკოლოგია მსგავსი კატასტროფის წინაშე დადგეს. 

- სოფელ იელში ეს ფაქტი როდის მოხდა?

- დაახლოებით, სამი თვის წინანდელია.

- ეს ჩინური კომპანია ვინ შემოიყვანა?

- ადგილობრივს ლიცენზია ნაყიდი ჰქონდა და შემდგომ ამ ძველი ლიცენზიის საფუძველზე  ვიღაც ინვესტორები მონახა. ყველსგან დაუკითხავად ესენი შემოვიდნენ და ის პრეცედენტი მოხდა, რაზეც ზემოთ მოგახსენეთ. 

ვიმეორებ, სახელმწიფო სწორ პრიორიტეტებს არ სვამს და მოსახლეობის ინტერესებს არ ითვალისწინებს. სამწუხაროდ, გლობალურ ეკონომიკას ბუღალტრები გეგმავენ. რადგან აქ არ არის გათვლილი კულტურული მემკვიდრეობა, ნებისმიერი ფასეულობა, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს. მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ მოდით რამით ბიუჯეტი შევავსოთო. 

ათასწლეულებია აქ ვცხოვრობთ და ნამდვილად არ ვაპირებთ, რამდენიმე ბუღალტრის გულისთვის ჩვენი ხეობა პრაქტიკულად ჩერნობილად გადავაქციოთ. ეს კუთხე ჰესების ბუდეებად ვერ იქცევა, ასე რატომ უნდა მოხდეს? სახელმწიფოს, ელემენტარულად, ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტი არ გააჩნია, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს აღწერილი, რამდენი ენერგია გვჭირდება, რა რესურსი გაგვაჩნია და ა.შ. ძალიან ბევრ რამეზე პასუხი არ არსებობს. 

მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ჩვენ ინვესტორი და ბევრი დენი გვჭირდებაო. რატომ გვჭირდება, რას მოგვიტანს ეს ბევრი დენი? რა შეიძლება მოვიმოქმედოთ, რომ ცოტა ეკონომიაზე გადავიდეთ და მისთ. მსგავსი მიდგომები არ არსებობს. ამიტომ ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს მავნებლობაა და ამას არ დავუშვებთ.      

- ოქროს მოპოვებასთან დაკავშირებით რამე მსგავსი ნაბიჯის გადადგმა ხომ არ იგეგმება?

- დადასტურებული ინფორმაცია არ მაქვს. მაგრამ ახლა ნესკრაჰესის მიმართულებითაც იგივეზეა საუბარი, რომ უფრო მეტი ინტერესი ოქროს წარმობაზეა. ეს ჯერჯერობით ჭორებია, რასაც ვერ დავეყრდნობით. წინასწარი ინფორმაცია გვაქვს, რომ სხვადასხვა მიმართულებებზე ინტერესებია. გეოლოგიური რუკები არსებობს და, შესაბამისად, ინვესტორებს სურთ, რომ აქ შემოვიდნენ. ვიცით, რომ მათი შემოსვლა ხეობის დასასრულს უტოლდება, ამიტომ განვითარებისთვის სხვა, ჰარმონიულ გზებს ვეძებთ. 

კონფონტაცია თვითმიზანი არ არის. ჩვენი მიზანია ჰარმონიული განვითრების ის გზა მოინახოს, რომელიც ხეობას შეგვინარჩუნებს და უნიკალური კუთხე სვანეთი თავის არსებობას ამაყად გააგრძელებს. ეს არის და ეს. 

- გამოსავალთან დაკავშირებით კიდევ რას დაამატებთ?

- დღეს მსოფლიოს კულტურულ ტურიზმში მილიარდნახევარი ადამიანი ბრუნავს. ეს, პირობითად რომ წარმოვიდგინოთ, მსოფლიოს 25%-ია. ანუ კულტურული ტურიზმი ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანია. ამაზე დგას ეგვიპტე, სხვა ქვეყნები, რომლებსაც ბევრი სხვა შემოსავალი არ გააჩნიათ. სვანეთში ერთი ჩაგე იუნესკოს ნომინანტია. იგივე სვანური უნიკალური ენაა, რომელსაც ასევე გაფრთხილება სჭირდება. სამწუხაროდ, იუნესკომ მეგრული და სვანური ენები მოკვდავ ენათა ნუსხაში შეიყვანა. ამ ტენდენციით თუ გაგრძელდება, 50 წელიწადში ეს ენებე არსებობას შეწყვეტს. 

ამიტომ სახელმწიფოს ვთავაზობთ, რომ მოდით გათვლები უფრო თანამედროვე ღირებულებებზე გავაკეთოთ. უფრო ჰარმონიული გზით წავიდეთ და განვითარება ისეთ სახეობებს მივცეთ, როგორიცაა ეკოტურიზმი, აგროტურიზმი, სამთო-სათხილამურო კურორტები კეთდება, ექსტრემალური ტურიზმი, მოლაშქრეობა, მთაში ხეტიალი ვისაც უყვარს და ა.შ. ანუ ძალიან ბევრი ფორმატია, რომელიც საბოლოო ჯამში ძალიან სტაბილური ფინანსების შემომტანია. 

ვთქვათ, ოცი წლის მერე საბადო ამოილევა და ის რესურსი აღარ იარსებებს, მაგრამ ეს იქნება და იქნება. რაც უფრო დაძველდება, ბაზარზე მისი ფასი მით უფრო მოიმატებს. ნებისმიერი ბუნებრივი წიაღისეული რესურსი ან გამოლევადია, ან გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთ ზიანს გაყენებს, რომ ამას ვეღარ აანაზღაურებ. ამიტომ ვამბობთ, რომ ეს შესაძლებლობები არსებობს და მოდით ამ გზით წავიდეთ. ჩვენ მხოლოდ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად ვართ. სახელმწიფო ძალადობრივად არ უნდა მოიქცეს, რადგან ხალხის მიერ არჩეულები რიან და მის ნებას უნდა ემსახურებოდნენ. ვიმედოვნებთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება.  

 

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია