მთავარი ჩვენს შესახებსაიტის რუკაკონტაქტი
 
„საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ინფორმირებული არ არის“ - 21 დეკემბერი 2017

„გადაწყვეტილების დიდი ნაწილი დაუსაბუთებელია და კანონის მოთხოვნებს აცდენილია, ეს განსაკუთრებით ზონალურ ცვლილებებს და კოეფიციენტების მატებას ეხება“

ufleba.ge

ორგანიზაციამ „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ ანგარიშის პრეზენტაცია და საჯარო დისკუსია გამართა თემაზე - „საჯარო ინტერესი თბილისის ურბანულ პოლიტიკაში“. მიწვევის მიუხედავად, დედაქალაქის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვედრაზე არ მისულან. როგორც ჩანს, ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების პრობლემები მათთვის კვლავ მეორეხარისხოვანია. 

ამ თემაზე „ქრონიკა პლუსი“ ორგანიზაცია „ინიციატივა საჯარო სივრცისათვის“ დამფუძნებელს, პროექტის მენეჯერ ანანო ცინცაბაძეს ესაუბრება.

- შვიდი თვის განმავლობაში მუნიციპალური ორგანოების მუშაობის პრაქტიკა ვიკვლიეთ. პირველი, ქალაქგეგმარებასა და განაშენიანებაზე გადაწყვეტილების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ასპექტია. მეორე, ამ ნაბიჯების დასაბუთებულობის ასპექტი და მესამე, - საჯარო ინტერესის გავლენა ამ გადაწყვეტილებებზე. ანუ რამდენად იყო გათვალისწინებული აქ საჯარო ინტერესი და თუ იყო, ეს საბოლოო შედეგზე როგორ გავლენს ახდენდა.

კვლევის შედეგად საკმაოდ მძიმე აღმოჩენებია იმ თვალსაზრისით, რომ, როგორც წესი, საზოგადოება ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების სფეროში არ არის ინფორმირებული კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, რომლის მიღებასაც მუნიციპალიტეტი, მერია და საკრებულო გეგმავს.

მეორე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რომ გადაწყვეტილების დიდი ნაწილი დაუსაბუთებელია და კანონის მოთხოვნებს აცდენილია. ეს განსაკუთრებით ზონალურ ცვლილებებს და კოეფიციენტების მატებას ეხება. როგორც წესი, გადაწყვეტილება მხოლოდ შედეგს მოიცავს და არ არის მითითება ფაქტორებზე, რაც ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დადებოდა. ანუ, აღნიშნული გადაწყვეტილებები დასაბუთებული არ არის.

მესამე აღმოჩენაა, რომ საზოგადოებრივი, ანუ საჯარო ინტერესი მუნიციპალიტეტისთვის პრიორიტეტული არ არის. აქაც მუნიციპალური გადაწყვეტილება პრიორიტეტს კერძო ინტერესს ანიჭებს და საჯარო ინტერესზე მსჯელობა პროცესიდან საერთოდ გამოტოვებულია.

ამ აღმოჩენების გათვალისწინებით, ჩვენ კონკრეტული და უფრო ზოგადი ხასიათის რეკომენდაციები გვაქვს. ეს ბოლო რეკომენდაციები პირველ რიგში იმას ეხება, რომ მუნიციპალიტეტმა საზოგადოება გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროაქტიურად უნდა ჩართოს. ამ პროცესში იდენტიფიცირება უნდა გაუკეთოს იმ საზოგადოებრივ ჯგუფებს, რომლებიც შეიძლება ამ გადაწყვეტილებამ დააზარალოს. აუცილებლად მოიწვიოს სხდომები, მათ აზრი კითხოს და მათი პოზიციები გაითვალისწინოს.

მეორე, მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა, რომ კანონმა უნდა შეზღუდოს და დააკონკრეტოს ის პირობები, რაშიც შეიძლება ზონალური ცვლილებებისა და კოეფიციენტების მატების განხორციელება. ასეთი პირობები მხოლოდ და მხოლოდ საგამონაკლისო წესს დაუკავშიროს. დღეს ამაზე ძალიან ფართო ჩანაწერი გვაქვს და ადმინსტრაციულ ორგანოებს შეუძლიათ ნებისმიერ შემთხვევაში წესად აქციონ ეს ზონალური ცვლილებები.

ჩვენი მოთხოვნაა, კანონმა ეს პირობები იმდენად შეზღუდოს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში შეეძლოთ კოეფიციენტების მატება ან ზონის შეცვლა.

მესამე რეკომენდაციაა, რომ გადაწყვეტილებები კანონთან შესაბამისად დაასაბუთონ. ყველა ამ ნაბიჯს მოყვებოდეს შესაბამისი არგუმენტაცია, რომელიც აღწერს პროცესს, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, - რა ფაქტორებს ეფუძნება, როგორ აწონეს კერძო და საჯარო ინტერესებს შორის კონფლიქტი, რა დააპირისპირეს და უპირატესად რა მიიჩნიეს. ეს ყველაფერი ნარატიულად იყოს გადმოცემული.

მეოთხე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რომ კანონში კონკრეტულად იდენტიფიცირებული საჯარო ინტერესი, როგორიცაა ქალაქის ეკოლოგია, განაშენიანება, სამეზობლო თემების ინტერესები, კულტურული მემკვიდრეობა, - ეს ფაქტორები მუნიციპალურმა ორგანოებმა გადაწყვეტილებების მიღების დროს მსჯელობაში შემოიყვანონ, მათი მნიშვნელობა გაითვალისწინონ და თუ ეს კერძო ინტერესს აღემატება, უნდა დადგეს ამ კერძო ინტერესის შეწყვეტის საკითხი და პრიორიტეტი საჯარო ინტერესს მიენიჭოს. 

- რით არის ეს პრობლემები გამოწვეული, რას უკავშირებთ?

- უპირველესად, ჩვენ კანონმდებლობა ვიკვლიეთ და, როგორც გითხარით, მასში რეალურად მოცემული გვაქვს მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილების დასაბუთების პირობები, საბაზისო მექანიზმები იმისთვის, რომ საზოგადოება ჩართული იყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში (ასევე გადაწყვეტილება იყოს დასაბუთებული). ის, რომ კანონი ყოველ ჯერზე ირღვევა, ეს პოლიტიკური ნების ბრალია და პრობლემებს სწორედ ამას ვუკავშირებთ. 

კვლევის მიხედვით, კანონი იმიტომ ირღვევა, რომ უპირველესი პრიორიტეტი კერძო ინტერესს მიენიჭოს, ამ შემთხვევაში დეველოპერების ინტერესს ვგულისხმობ. ამდენად, ამას ჩვენი საკანონმდებლო მოცემულობები ვერ შველის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური ნება გაძლიერდეს საჯარო ინტერესის სასარგებლოდ. 

რაც შეეხება ზონალურ ცვლილებებს, ორი აზრი არ არის, რომ საგამონაკლისოდ გათვალისწინებული ზონალური ცვლილებების წესად ქცევაც იმ მიზნით ხორციელდება, რომ უფრო მეტად ისარგებლონ დეველოპერებმა და ასეთ გადაწყვეტილებებზე ხელი უფრო მარტივად მიუწვდებოდეთ. 

მართალია, კანონი რაღაც საბაზისო მოთხოვნებს აქაც აყენებს, მაგრამ ვფიქრობთ, რომ ეს მოთხოვნები საკმარისი არ არის. ამიტომ აქ კანონთანაც პრობლემა გვაქვს. უნდ გამკაცრდეს ეს მოთხოვნები და იმგვარად დადგეს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს არ შეეძლოთ ყოველ ჯერზე  ზონალური ცვლილებებისა და კოეფიციენტების მატების განხორციელება. მაგრამ პოლიტიკური ნების გარეშე აქაც ვერ გადავრჩებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პოლიტიკური ნება იყოს და ადმინისტრაციულმა ორგანოებმა საჯარო ინტერესზე იმსჯელონ. დააბალანსონ კერძო, საჯარო ინტერესები და მხოლოდ ასეთი დაბალანსების შედეგად მიიღონ გადაწყვეტილება. ანუ დარწმუნდნენ, რომ მათი გადაწყვეტილებით საჯარო ინტერესს ზიანი არ ადგება.

ერთი სიტყვით თუ გიპასუხებთ, პოლიტიკური ნება ყველაზე მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორია და ჩვენ იმაზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებული, დეველოპერის ინტერესი რამდენად დაემთხვევა საჯარო ინტერესს. როგორც წესი, ორი მნიშვნელოვანი ინტერესი ერთმანეთთან კონფლიქტში მოდის და ჩვენ დამოკიდებული უნდა ვიყოთ ობიექტურ და სამართლიან სახელმწიფოზე, რომელიც საჯარო ინტერესის მნიშვნელობას სწორად შეაფასებს და ამის შედეგად მიიღებს გადაწყვეტილებას. 

- ქალაქგეგმარებისა და განაშენიანების პროცესში კიდევ რა კონკრეტულ პრობლემებს გამოყოფთ?

- ეს არის ეკოლოგიური პრობლემები, ქაოტური განაშენიანება და კულტურული მემკვიდრეობის მასიური ხელყოფა. ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ამას მეოთხე პრობლემას ქუდად დავამატებდი, რომელიც სამივეს ეხება, - სრულიად უგულვებელყოფილია სამეზობლო თემების ინტერესი. 

მაგალითისთვის, თუ თქვენი საცხოვრისის ირგვლივ კონკრეტული საჯრო სივრცეა, რომლითაც თქვენ ყოველდღე სარგებლობთ (პარკი იქნება თუ სკვერი), იქ განაშენიანებისას  მნიშვნელოვანია, რომ ამის მომხმარებლის, ანუ თქვენი ინტერესიც გათვალისწინებული იყოს. უბრალოდ, ამ პარკში კორპუსი ისე არ ჩაიდგას, რომ თქვენი პოზიცია გადაწყვეტილების მიღების პროცესში არსად ფიგურირებდეს. 

არადა, ამაზე მსჯელობა საერთოდ არ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რადგან ეს მნისვნელოვანი საჯარო ინტერესი გამოტოვებულია, ყველაზე დიდი ზიანი სწორედ ამას ადგება. ეს რეალობა ქალაქის იერსახეზე და მცხოვრებლების ყოველდღიურ ყოფაზე პირდაპირ აისახება. 

ჩვენ ვცხოვრობთ ეკოლოგიურად ძალიან მძიმე გარემოში, სადაც არ გვაქვს საჯარო სივრცეები, გნებავთ სარეკრეაციო და გნებავთ უფრო პოლიტიკური მიზნებისთვისაც.  ისტორიული მეხსიერებისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობა ყოველდღიურად ასევე ხელყოფილია. ამას იწვევს სწორედ ის ზონალური და კოეფიციენტის ცვლილებები, რომელიც ასეთ მასიურ პრაქტიკად არის გადაქცეული. ეს ქალაქს პირდაპირი შედეგის სახით ეტყობა. 

- დედაქალაქის რომელ უბნებში უფრო იგრძნობა ეს პრობლემური რეალობა?

- ვერ გამოვყოფთ, რადგან ეს პრობლემურია როგორც ცენტრისთვის, ასევე პერიფერიული უბნებისთვისაც. ბუნებრივია, რომ დეველოპერების ინტერესები უფრო ცენტრის გარშემო ტრიალებს. განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, თბილისის ისტორიულ ნაწილში ასეთი კომერციული ინტერესი იკვეთება. ამიტომ თბილისის ისტორიულ ნაწილს ეს განსაკუთრებით მძიმედ ეტყობა.

ეს არ ნიშნავს, რომ პერიფერიული უბნები უფრო ნაკლებად ზიანდება ასეთი პოლიტიკის შედეგად. თუ კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება არ ხდება, საჯარო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებები იქაც პრობლემაა, ასევე სამეზობლო თემების ინტერესის გამოტოვება და კვლევაში მაგალითად მოყვანილი გვაქვს ვარკეთილის პარკის შემთხვევა, გლდანის პარკის, საბურთალოს შემთხვევები, რომელიც მაინცდამაინც თბილისის ისტორიულ ნაწილს არ უკავშირდება, მაგრამ ანალოგიურად განიცდის ქალაქის ხარვეზიანი პოლიტიკის შედეგებს.

განსაკუთრებით მძიმე თბილისის ისტორიული ნაწილის მდგომარეობაა. გარდა იმისა, რომ იქ სამეზობლო თემების ინტერესი დგას, ასევე მთლიანად საზოგადოების ინტერესია, რომ კულტურული მემკვიდრეობა დაცული იყოს, რაც ძალიან მძიმედ ილახება.

- თქვენ შეხვედრას ხელისუფლების წარმომადგენლები თუ ესწრებოდნენ და მათი პოზიცია როგორია?

- მოსაწვევები გავგზავნეთ მერიაში, საკრებულოში. უფრო მეტიც, მერიისგან მივიღეთ წერილობითი დადასტურება, რომ ისინი ამ შეხვედრაზე მოვიდოდნენ. სამწუხაროდ, დისკუსიაზე არავინ არ გამოცხადდა. ანუ მოწვევა ცალკე არქიტექტურის სამსახურს გავუგზავნეთ, მერიის აპარატს, ცალკე საკრებულოს ურბანულ კომისიას და, ზოგადად, საკრებულოს. საკრებულოსგან წერილობითი დასტური არ გვქონია, მაგრამ მოსაწვევი მიიღეს. მერიისგან დასტურიც გვქონდა, მაგრამ, სამწუხაროდ, პრეზენტაციაზე არავინ გამოჩენილა. არანაირი განმარტებაც არ ყოფილა. 

როგორც წესი, ეს პრობლემა გვაქვს არამარტო საჯარო დისკუსიების დროს, არამედ მაგალითად, მედიაშიც. როდესაც ჩვენ ქალაქის ამათუიმ აქტუალურ საკითხზე სალაპარაკოდ მივდივართ, თავად ჟურნალისტები გულისტკივილს გამოხატავენ, რომ მუნიციპალური ორგანოებიდან თითქმის არასდროს მოდიან. სულ ორი შემთხვევა მახსენდება, როცა მედიაში ისინი სალაპარაკოდ მოვიდნენ. ორივე შემთხვევაში ძალიან მწვავე პრობლემა იდგა, რომლის მიმართაც მაღალი საჯარო ინტერესი იყო. სხვა შემთხვევაში სისტემატური ამბავია, რომ ადმინისტრაციული ორგანოები ამ თემებზე საპასუხოდ არ მოდიან.

- აქედან გამომდინარე, რამდენად გაქვთ მოლოდინი, რომ დედაქალაქის ახალი ხელისუფლება მეტ პასუხისმგებლობას გამოიჩენს?

-  ეს შეგვიძლია დავაფუძნოთ იმ განცხადებებს, რასაც ქალაქის ახალი მერი ბოლო პერიოდში აკეთებს. მაგალითად, მან გამოაცხადა, რომ ზონალურ საბჭოს აუქმებს. მან სწორედ განაშენიანებასთან მიმართებაში ეს ერთ-ერთი პირველი და ხმაურიანი განცხადება გააკეთა. მიმაჩნია, პრობლემების იდენტიფიცირების გარეშე ასეთი განცხადება იმას ნიშნავს, რომ თბილისის მერიას უკვე ზედაპირული დამოკიდებულება აქვს იმ სისტემურ ცვლილებებზე, რომელიც საჭიროა. 

თავისთავად, ზონალური საბჭო ძალიან მძიმე გადაწყვეტილებების ავტორი იყო, მაგრამ მათი ეს გადაწყვეტილებები, როგორც ადმინისტრაციული აქტები, არ ფორმდებოდა. საბჭოს გადაწყვეტილებებს სავალდებულო ფორმა არ ჰქონდა. ასეთ ძალას მათ არქიტექტურის სამსახური აძლევდა. ის ფაქტი, რომ არქიტექტურის სამსახურში მნიშვნელოვან და საჭირო სისტემურ ცვლილებებზე არ საუბრობს ქალაქის მერი, ასევე არ აკეთებს პრობლემების იდენტიფიცირებას, თავისთავად მიანიშნებს, რომ ეს განცხადებაც (ზონალურ საბჭოზე) ყბადაღებულ პიარს ემსახურებოდა და არა რეალურ სისტემურ ცვლილებებს. ამიტომ მაინცდამაინც დიდი იმედები და მოლოდინები არ გვაქვს.

- მაშინ გამოსავალს რაში ხედავთ პრობლემების შესამცირებლად?

- ორი მიმართულებით ვმუშაობთ, ერთი სამართლებრივი მიმართულებაა, როდესაც ვცდილობთ პოლიტიკური ფორუმები და სამართლებრივი მექანიზმები გამოვიყენოთ პრობლემების იდენტიფიცირებისთვის  და სამართლებრივად ვიბრძოლოთ. ეს დროში  გაწელილი მექანიზმებია, - გნებავთ ადმინისტრაციული და გნებავთ სასამართლო პროცედურები. ამ სპეციფიკურ საქმეებზე დრო ცუდად მოქმედებს. რაც უფრო დიდხანს იწელება დროში სამართლებრივი მექანიზმი, თუ განაშენიანებაზეა საუბარი, შეიძლება ეს მშენებლობა დასრულდეს და ჩვენ სამაღტლებრივ წარმოებებში ამდენი დრო და ენერგია ტყუილად დაგვეხარჯოს. 

მეორე მექნიზმი, რითაც ვიბრძვით, თვითონ პარლამენტში ან საკრებულოში კანონმდებლობის გაუმჯობესებაა. არაერთი ხარვეზიანი კანონის გამოსწორებას ვლობირებთ და მედია ამ სფეროში ჩვენი პარტნიორია. ვცდილობთ, რომ პრობლემის აქტუალობა საზოგადოებას სწორედ მედიის საშუალებით შევატყობინოთ. 

და მესამე, ეს არის აქტივისტური ღონისძიებები, როდესაც ამათუიმ თემის გვერდში დგომით ჩვენ ვაპროტესტებთ კონკრეტულ განაშენიენებას და მძიმე პოლიტიკის სხვა შედეგს ქალაქზე. აქაც ვცდილობთ, რომ საზოგადოებრივი აზრი გააქტიურდეს და ადამიანებმა ქალაქის პოლიტიკაში ცვლილებები მოითხოვონ. აი ეს სამი მექანიზმი გვაქვს ხელში. ვერ გეტყვით, რომ აქედან ჯერჯერობით რომელიმე ასი პროცენტით ეფექტური იყოს, მაგრამ, სამწუხაროდ, უკეთესი მექანიზმი არ არსებობს.             

პოპულარული სტატიები
რა განაპირობებს ახალგაზრდებში უმუშევრობის და პასიურობის პრობლემას
გენდერული თანასწორობა რეგიონებში - ქალების ჩართულობა საქმისთვის გადამწყვეტია 
რა მნიშვნელობა აქვს ოზონის შრეს და რას ვაკეთებთ მის დასაცავად? 
 
ვიდეოები
გამოკითხვა
 


სპონსორები

2024 ყველა უფლება დაცულია